რომანი და დეტექტივი

დრო უკან არ იხვევა

№43

ავტორი: ნინო მდივანი 20:00 03.11

დრო უკან არ იხვევა
დაკოპირებულია

ნათიამ ლეპტოპი გახსნა და ამოიოხრა. იმიტომ ამოიოხრა, რომ იმ ქოუჩთან (ეს სიტყვაც ძალიან ესასაცილოებოდა) არანაირი პროგრამის გავლა არ უნდოდა, მაგრამ მეგობარს ხათრი ვერ გაუტეხა, იმიტომ რომ ორი მეგობრის დასწრების შემთხვევაში გადასახადი ნახევრდებოდა, ანუ ორი ერთის ფასად გამოდიოდა. მეტიც, სამი მეგობრის შემთხვევაში – სამჯერ მცირდებოდა, მაგრამ მესამე საერთო მეგობარი ვერ დაიყოლიეს. იმიტომ რომ ანა კერკეტი კაკალი იყო და არა იმიტომ, რომ მართლაც კერკეტი კაკალი იყო, უბრალოდ, საკუთარ თავზე იმდენად დიდი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ვიღაც ქოუჩს არც ფულს გადაუხდიდა და არც ჭკუას დაარიგებინებდა.

ანას ამგვარი დამოკიდებულება ადამიანებისადმი ნათიას ყოველთვის ახალისებდა, ვინაიდან კარგად ხედავდა, რომ ამ თვისების გამო ანა ბევრს კარგავდა. ამ თვისებას კი, არც მეტი, არც ნაკლები, ამპარტავნება ერქვა, მაგრამ, ალბათ, ყველა მეტ-ნაკლებად ამპარტავანია და იქნებ ნათიასაც სწორედ ამპარტავნება არ აძლევდა საშუალებას, რომ სიმართლე ეთქვა მეგობრისთვის, ვინ იცის, როგორ გამოსდგომოდა მეგობრის თვალით საკუთარი თავის დანახვა ანას. მაგრამ ნათია დუმდა და მხოლოდ იღიმებოდა.

მოკლედ, ანამ თავი შორს დაიჭირა ლანას შეთავაზებისგან და, მეტიც, ნათიასაც გაუბრაზდა, თუ ქოუჩი გინდა, აქ არ ვარო?!

ცხადია, ნათიამ აუხსნა, რომ ლანას არ გაუტეხა ხათრი და, თან, თანხა არც ისე ბევრი იყო გადასახდელი.

მოკლედ, ნათია ოხრავდა, მაგრამ რას ოხრავდა. ბოლოს, სახე გაისწორა, ღიმილი შეიფინა და კამერაც ჩართო. „ზუმში“ უკვე ყველანი შეგროვილიყვნენ. ნათია ახალს არაფერს არც ისმენდა და არც კითხულობდა, ამიტომ ხმას, ძირითადად, არც იღებდა, სამაგიეროდ, ლანა აქტიურობდა და შეიძლება, ითქვას, სწორადაც იქცეოდა, ვინაიდან, როგორც ნათიას მოეჩვენა, ტრიბუნა მიეცა და თავის წარმოჩენის შესაძლებლობაც.

ჯგუფში მხოლოდ ქალები იყვნენ, სხვადასხვა ასაკის, მაგრამ მაინც ქალები: ზოგს ქმართან ჰქონდა პრობლემა, ზოგს – დედასთან, ზოგს – დედამთილთან, ზოგს – შეყვარებულთან, ზოგსაც – საკუთარ თავთან და დაუსრულებლად ჰყვებოდნენ თავიანთ ამბებს. ნათიას ლამის თავი გასკდომოდა ამ, მისი აზრით, სისულელეების მოსმენით, მაგრამ ვერც გამოსვლას ახერხებდა და ვერც დარჩენას.

რატომ ვერ ახერხებდა? იმიტომ რომ ყოველი სესიის შემდეგ ლანა ურეკავდა და აგულიანებდა, შემდეგში უფრო აქტიური იყავიო. ამიტომ იმ დღეს ისე გაილექსა, რომ საკუთარ თავს ვერ ცნობდა, რაზეც თვითონვე ეცინებოდა.

– რადგან დღეს ნათია ყველაზე აქტიურია, – მოულოდნელად ქოუჩმა ნათიას მიმართა, – ვკითხოთ, რას შეცვლიდი შენს წარსულში, სად დაბრუნდებოდი, დროის უკან გადახვევა რომ შეგეძლოს?

ნათია დაიბნა, იმიტომ რომ პერსონალურ შეკითხვას არ ელოდა; ერთია, როდესაც რაღაცას, რაც ენაზე მოგადგება, უმიზნოდ ლაყბობ და მეორე, როდესაც კონკრეტულ კითხვას უნდა გასცე პასუხი.

– მე?

– შენ, შენ, – ნათიას ლანას მხიარული ხმაც შემოემა. ამან ცოტა გააღიზიანა, ამიტომ მაშინვე უპასუხა:

– არაფერს.

– ყველაფერი მოგწონს შენს წარსულში? – ახლა უკვე მეორე შეკითხვა დაუსვა ქოუჩმა.

– არა, ყველაფერი არ მომწონს. ალბათ, არ მომწონს, მაგრამ ძლივს გამოვიარე, რაც გამოვიარე და თავიდან დაწყება არ მინდა.

– თავიდან დაწყებაზე არც ვამბობ, რას შეცვლიდი? – გაიმეორა შეკითხვა ქოუჩმა.

– არაფერს შევცვლიდი, – ნათიამ უცებ მოიწყინა და სურვილი გაუჩნდა, პირში მიეხალა ყველასთვის, რასაც მათზე ფიქრობდა: რომ თავს იტყუებდნენ და ფულს იხდიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი მნიშვნელოვანება ეგრძნოთ, მაშინ, როდესაც არავის არავის პრობლემები არ აინტერესებდა, ყველა თავის ჯერს ელოდა, რომ საკუთარი ეთქვა. ხოლო ქოუჩი ცდილობდა, უფრო დაემძიმებინა თითოეულის პრობლემა, რომ ინდივიდუალურ სესიაზე დაეყოლიებინა და უფრო მეტი ფული აეღო.

– რატომაც არა? – გაიფიქრა ნათიამ თავისთვის: თუ ადამიანი მოწადინებულია, ფული გადაიხადოს, უნდა გადაახდევინო, რაც შეიძლება, ბევრი და ქოუჩი თამარისადმი ერთგვარი სიმპათიაც კი იგრძნო. უყვარდა მოხერხებული და ალღოიანი ადამიანები. თუმცა, თავად არ უყვარდა ადამიანების გაბრიყვება, იქნებ უყვარდა კიდეც, მაგრამ ეშინოდა. რის ეშინოდა? შეიძლება, ღმერთის რისხვის და იქნებ ჩვენ კეთილობას იმიტომ ვთამაშობთ ხოლმე, რომ შიში გვაიძულებს, დასჯის შიში და არა გულიდან წამოსული სიკეთე.

– მე მეგონა, ცოტა განვიტვირთებოდი და აქ უარესად დავმძიმდი, – ეს სიტყვები ნათიამ უნებლიეთ ხმამაღლა თქვა და ჯგუფში სიჩუმემ დაისადგურა.

ნათია შეეცადა უხერხულობის გაფანტვას:

– სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი და წამომცდა. გამახსენდა, იმას შევცვლიდი, რომ გავხდებოდი ბუღალტერი და ბევრი ფული მექნებოდა, – უცებ მონახა გამოსავალი.

ყველას სიცილი აუტყდა და დაძაბულობაც განიმუხტა.

– არც ახლაა გვიან, – შეაგულიანა ლანამ და სხვებმაც მხარი აუბეს.

– ჰოდა, დღეს საღამოსვე მოვნახავ კურსებს და ჩავეწერები, – გამხიარულდა ნათიაც და თავი, მართლაც, ხალისიანად იგრძნო. სესია დამთავრდა. ნათიამ თავისი ლეპტოპი დახურა, ჩანთაში ჩაიდო და მობილურ ტელეფონს დახედა, ზარი გამორთული ჰქონდა:

– ვერ გადავეჩვიე ამ ეტიკეტის დაცვას, – გაეცინა თავის თავზე, – მეც ახლა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეებს არ ვწყვეტდე ხოლმე, – და ისევ ამოიოხრა. არავის ჰქონდა დარეკილი. არც არავის ზარს ელოდა. უფრო ზუსტად, ელოდა, რომ მარიტა დაურეკავდა. მარიტას ზარს ყოველთვის ელოდა, რაღაცნაირად ლოდინის იქით, როდესაც საკუთარ თავსაც არ უტყდები ხოლმე, რომ ელოდები.

მარიტა კი ჩვეულებრივი შვილი იყო, რომელიც გაიზარდა და დედა აღარ სჭირდებოდა. სჭირდებოდა ცუდი ნათქვამია, რომლისთვისაც დედა აღარ იყო საჭიროება, იმიტომ რომ თავისუფლებით ტკბებოდა. ნათიაც ცდილობდა, მიეცა შვილისთვის თავისუფლებით ტკბობის საშუალება და უფლება, იმიტომ რომ თავად იმდენად დაიმძიმა თავი ვალდებულებებით, რომ ვერასდროს დატკბა ვერანაირი თავისუფლებით.

– დავიმძიმე თუ დამამძიმეს? – პირველად დაუსვა ეს შეკითხვა თავის თავს და თავადვე გასცა პასუხი, – დამამძიმეს.

და ნათიასაც ეგონა, რომ ყველას ვალი ჰქონდა და უნდა გადაეხადა, მშობლების, რომ გაზარდეს; ბებია-ბაბუის, რომ იტოვებდნენ და ესიყვარულებოდნენ; მეგობრების, რადგან ემეგობრებოდნენ; ნათესავების, რადგან ენათესავებოდნენ; მეზობლების, რადგან ემეზობლებოდნენ; თანამშრომლების, რადგან ეთანამშრომლებოდნენ. მეტიც, ნათია დარწმუნებული იყო, რომ ქუჩაში გამვლელების ვალიც კი ჰქონდა, იმიტომ რომ ისინი ქუჩაში გამვლელები იყვნენ, თავად კი მანქანით დადიოდა. ყოფილი ქმრის მიმართაც კი დამნაშავედ გრძნობდა თავს. შეიძლება, იმიტომ რომ დედამისი ყოველთვის ახსენებდა, როგორ გააუბედურე ის ბიჭიო. ნათია ხეირიანად ვერ ხვდებოდა, რით გააუბედურა, მაგრამ, რადგან დედა ასე ეუბნებოდა, ესე იგი, ასე იქნებოდა.

კიდევ ერთხელ დახედა ტელეფონს და რაღაც წამს გაიფიქრა:

– მე ხომ არ დავურეკო? – მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა და ტელეფონიც შეინახა. პალტო მოიცვა და სამსახურიდან გავიდა. სამსახურიდან ყოველთვის ბოლოს მიდიოდა, როცა ყველა უკვე წასული იყო. იქნებ სიჩუმე სიამოვნებდა ან იქნებ იქ წასვლაც არ უნდოდა, სადაც მიდიოდა. ყოველ საღამოს კი, სამსახურის შემდეგ, სახლში მიდიოდა.

***

– მოვედი, ჩემი ბიჭი როგორ იქცეოდა დღეს? – ნათიამ კარი გააღო თუ არა, ბავშვი გამოიქცა და ყელზე მოეხვია.

– ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ კარგად იქცეოდი, ამიტომ შენთან საჩუქრები გამომატანა, – და ნათიამ ქაღალდის პარკიდან საჩუქრების ამოლაგება დაიწყო.

პატარა ბიჭუნას თვალები აუციმციმდა და კიდევ ერთხელ მოეხვია დედას ყელზე.

– ძალიან კარგად იქცეოდა, ყველაფერი მიირთვა, ტელეფონითაც მხოლოდ ერთ საათს ითამაშა, – ძიძამ ნათიას ანგარიში ჩააბარა, – ცოტა ხანში ჩაის დალევს ბუტერბროდთან ერთად და მზადაა.

– წადი, ქეთი, ახლა მე მივხედავ, – უთხრა ნათიამ ძიძას.

– რამე მაინც მიირთვი, ცოტა დაისვენე და წავალ, – შესთავაზა ძიძამ.

– არა, წადი, მე და ჩემი ბიჭი ვითამაშებთ, დიდი ბიჭია უკვე და დედას არ შეაწუხებს. მადლობა, ჩემო გოგო, შხაპს მივიღებ და წადი, ხვალ გელოდებით.

ნათიამ გამოიცვალა, აბაზანაში შევიდა და თვალები დახუჭა. შეეცადა, წყლის ჭავლი კისერზე მოხვედროდა, რომ მოდუნებულიყო. წყლის სიცხელემ სისხლძარღევებში სასიამოვნოდ დაუარა და შეაჟრჟოლა.

ხალათი მოისხა და გამოვიდა. მისი შვილი და ძიძა ფაზლზე ისხდნენ და სახლს აშენებდნენ. პატარა ბიჭუნას ხვეული თმა ჰქონდა, უწვრილესად დახვეული და აპრეხილი ცხვირი. ნათიას, რატომღაც, სჯეროდა, რომ ძალიან ჰგავდა ტომ სოიერს, უბრალოდ, ჭორფლები არ ეყარა ლოყებზე. ეღიმებოდა, როდესაც უყურებდა, რა გულმოდგინედ აშენებდა სახლს. მერე წამოდგა და დაინახა, რომ ქეთის მისთვის ვახშამი გაემზადებინა.

„არ დაველოდები რამაზს“, – გაიფიქრა ნათიამ, ბავშვს კი ხმამაღლა უთხრა:

– მოდი, ქეთი გავაცილოთ.

პატარა ბიჭუნა წამოხტა და ძიძას ჩაეხვია. ნათიამ კარი დაკეტა და ტელეფონი აიღო, ნომრის აკრეფა ვერ მოასწრო, რომ რამაზის ზარიც შემოვიდა: „20 წუთში სახლში ვარ. რამე მოვიტანო?“

„გელოდებით. შენი თავი მოიყვანე. მიყვარხარ!“

ნათიამ ისე გათიშა ტელეფონი, რომ სახიდან ღიმილი არ მოშორებია.

– ჩემმა ბიჭმა ითამაშოს, მე საჭმელს შევჭამ, მალე მამიკოც მოვა...

– მარიტა? – იკითხა პატარამ.

– მარიტაც მალე მოვა, ალბათ. მარიტა დიდი გოგოა უკვე და თავის ამხანაგებთან ერთად დადის, – აუხსნა დედამ შვილს.

ნათია დანაყრდა. მაგიდა განაახლა. აბაზანის ხალათი გამოიცვალა და სახლის აბრეშუმის ხალათი ჩაიცვა, ფეხები თავის ფუმფულა, პატარაქუსლიან სახლის ქოშებში გაუყარა და სარკეში თავი შეითვალიერა. სუნამო არ უპკურებია, იმიტომ რომ რამაზს არ უყვარდა უცხო, ხელოვნური სურნელები, რაოდენ სასიამოვნოც უნდა ყოფილიყო, თუმცა, სუნამოებს ყოველთვის ჩუქნიდა, ოღონდ აფრთხილებდა, სახლში რომ მოვალ, შენის გარდა არანაირი სურნელი არ აგდიოდესო. ამიტომ ნათია ტანსაც ბავშვის საპნით იბანდა, რომ მის სხეულს საკუთარის გარდა არანაირი სურნელი არ შერეოდა.

ზუსტად 20 წუთში კარზე ზარიც დაირეკა. პატარა ბიჭუნა პირველი გავარდა კარისკენ. მამამ აიტაცა და ჰაერში ააბურთავა. შემდეგ ნათიას აკოცა, თვალებით უთხრა, რა ლამაზი ხარო და ხელების დასაბანად შევიდა.

– ახლა შენ და მამიკომ მიირთვით ერთად. შენც შედი და ხელები დაიბანე.

ბიჭუნა მამას შეჰყვა აბაზანაში და ამასობაში ნათიას ტელეფონმაც დარეკა.

– კარგი, დარჩი, ოღონდ დამირეკე ხოლმე და თავს გაუფრთხილდი.. ვიცი, რომ პატარა აღარ ხარ, უბრალოდ, თავს გაუფრთხილდი... შენი ძმა გელოდება... ვეტყვი. – ნათიამ ტელეფონი გათიშა და მამა-შვილს გასძახა:

– მარიტა იყო, დღეს მეგობართან რჩება!

პატარა ბიჭი მაშინვე გამოვარდა აბაზანიდან:

– დედა, გადაუღე სურათი სახლს, მე რომ ავაშენე და გაუგზავნე.

ნათიამ თავი დაუქნია. ტელეფონი ისევ ამოიღო და ფოტო გადაიღო.

– შენმა დაიკომ მითხრა, შაბათს ზოოპარკში წავიყვანო, – ბავშვს სახე გაებადრა და გაშლილ მაგიდასთან, სკამზე დაჯდა.

მამამისის წინ იჯდა და ზუსტად მისი ასლი იყო. ნათია ვერ ხვდებოდა, მამა-შვილი გარეგნობით ჰგავდა ერთმანეთს თუ შვილმა, უბრალოდ, მამის ჩვევები აითვისა და იმიტომ დაემსგავსა. ცდილობდა, თავისით ეჭამა, ნათია რომ შეშველებას ცდილობდა, რამაზი თვალით ანიშნებდა, დააცადეო.

– მამიკო. შენი ბიჭი ისე გაიზარდა, რომ დღეს მარტო დაიძინებს თავის ოთახში, – უთხრა ნათიამ რამაზს. პატარა ბიჭს სახე შეეცვალა და მამამისს მუდარით შეხედა.

– მარიტაც რომ იქნება სახლში, მაშინ დაიძინებს მარტო, – თქვა მამამ და შვილმა მადლიერებით გადახედა მას და პატარა ხელებით გახარებულმა ტაში შემოჰკრა.

მამამ შვილი დასაძინებლად წაიყვანა, ნათიამ კი სახლის მილაგება დაიწყო. მერე სავარძელში ჩაჯდა და სიჩუმეს უსმენდა. მისმა ტელეფონმა დაიწკრიალა:

– კარგად ვარ, დე!

ნათიას შორიდან ესმოდა, როგორ უყვებოდა რამაზი შვილს ზღაპარს და თავადაც თვალები მიელულა. ეს ნათიას სამოთხე იყო.

***

ნათიამ გასაღები გადაატრიალა და სიბნელეში შეაბიჯა. გათბობა ჩართული ჰქონდა, მაგრამ მოეჩვენა, რომ სახლში ციოდა. აივანზე გავიდა და ტემპერატურას აუწია. მაცივარი გამოაღო და ისევ დახურა – თითქოს შიოდა, მაგრამ ჭამა ეზარებოდა. სავარძელში ჩაჯდა და სიჩუმე მძიმედ აწვა მხრებზე. მისმა ტელეფონმაც დარეკა: ერთი სული ჰქონდა, დაეხედა, მარიტას ზარს ელოდებოდა, მაგრამ ხელში დედამისი შერჩა:

– რატომ არ დამირეკე დღეს?

– ახლა ვაპირებდი, დამასწარი, – უთხრა ნათიამ, – მამა როგორაა?

– შენ მხოლოდ მამაშენი გაინტერესებს. მარიტა სადაა?

„დაიწყო დაკითხვა“, – გაიფიქრა ნათიამ, მაგრამ დედამისს ტკბილად უპასუხა, – მალე მოვა, ველოდები.

– რა გულბრყვილო ხარ ამხელა ქალი ან მე რას მატყუებ?! ვერ ხედავ, რომ ხელიდან მიგდის?! არაფრად გაგდებს?! მე რომ ასე მექცევი, იმიტომაც გექცევა შენი შვილი, როგორც გექცევა, – დედამისმა უცერემონიოდ გაუთიშა ტელეფონი. ნათიამ არ იცოდა, რატომ ექცეოდა ცუდად დედამისს და არც ის, რატომ ფიქრობდა დედამისი, რომ მარიტა ექცეოდა ნათიას ცუდად. გონებაში ის საბედისწერო კითხვა ამოუტივტივდა: რას შეცვლიდა თავის წარსულში?

არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთებდა აბორტს და აუცილებლად გაჰყვებოდა ცოლად რამაზს. დედამისს გულყრებიც რომ დამართოდა, მამამისს კი არასდროს გაეცა მისთვის ხმა. ახლა უკვე იცოდა ნათიამ, რომ თავისი სამოთხე ყველაზე ძვირად უღირდა, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლიდა: მისი სამოთხის კარი საფუძვლიანად იყო გადარაზული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი