რომანი და დეტექტივი

დისკეტა

№6

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.02, 2023 წელი

დისკეტა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #5-7 (1153)

დისკეტის მიღებიდან ათი დღე იყო გასული. რეპორტაჟზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა. ოთარს მორიგი მასალის მონტაჟი დასრულებული ჰქონდა და ისვენებდა, როდესაც მას პროდიუსერმა, როლანდ ბუაძემ დაურეკა.

- გისმენ, რონი, საღამო მშვიდობისა, - უპასუხა პროდიუსერს ოთარმა.

- პრივეტ, ოთო. რას აკეთებ?

- კეთებას მოვრჩი და ვისვენებ. რა ხდება?

- საქმე მაქვს შენთან. მაგრამ ტელეფონით არ ითქმის და შეგიძლია, შემხვდე?

- სახლში ვარ და მოდი, ხომ მანქანით ხარ?

- კი, კარგი, ათ წუთში მანდ ვიქნები. მოვდივარ, - თქვა როლანდმა და ტელეფონი გათიშა.

ათი წუთის შემდეგ პროდიუსერი უკვე ოთარის პირისპირ იჯდა სავარძელში.

- აბა, რა ხდება, რონი, გისმენ, - უთხრა პროდიუსერს ბუთხუზმა და მზერა მიაპყრო.

- ოთო, შეგიძლია მითხრა, რა რეპორტაჟს ამზადებ მომავალი კვირის გადაცემისთვის? - სხაპასხუპით იკითხა ბუაძემ.

- ბომბს, - მოკლედ უპასუხა ბუთხუზმა.

- ეგ ვიცი, დააკონკრეტე პიროვნებების ვინაობა, შინაარსი და ასე შემდეგ. - უფრო სწრაფად მიაყარა როლანდმა.

- რომ მოვიტან, ნახავ, - ღიმილით მიუგო ბუთხუზმა.

- არა, ახლა უნდა ვნახო.

- მოიცა, მოიცა, ასე რატომ აიშალე კუჭი? რა ხდება მითხარი.

- რა ხდება და როგორც შენ მითხარი ამ ათი დღის წინ, რამდენიმე ცნობილ, მდიდარ ქართველზე უტყუარი კომპრომატები მაქვს და ბომბს გავაკეთებო. წეღან კი ფეისზე პირადში ინკოგნიტო შეტყობინება მომივიდა. იქ ეწერა: თუკი პატიოსან ადამიანებზე სიბინძურის თითხვნას თავს არ დაანებებთ, თავებს დაგაყრევინებთო... მოკლედ, კვირის გადაცემაში გასაშვებ მასალაზეა ლაპარაკი, გესმის ახლა? - თქვა ბუაძემ.

ბუთხუზს ირონიულად გაეცინა და პროდიუსერს უთხრა:

- აბა, მაჩვენე ერთი, რა მოგწერეს.

- წამეშალა, - თქვა ბუაძემ და დაამატა - ისეთი აღელვებული ვიყავი, რას ვაკეთებდი არ ვიცოდი.

- ჩემი სამუშაოს შესახებ მარტო მე და შენ ვიცით და სხვამ საიდან გაიგო?

- არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ თუ მასალა არ ვნახე, ისე ეგ რეპორტაჟი არ გავა, - მტკიცედ თქვა ბუაძემ.

- შემაშინე, რა, - ჩაეცინა ბუთხუზს და დააყოლა - ეს ისეთი ბომბია, ნებისმიერი უცხოური ტელეკომპანია დიდ ფულს გადაიხდის მასში. ყოჩაღ, რონი, კარგი იდეა მომაწოდე, ამ მასალას უცხოელებს მივყიდი.

ამ სიტყვების გაგონებაზე როლანდ ბუაძეს ენა ჩაუვარდა, გაფითრდა და ბუთხუზს ენის ბორძიკით უთხრა:

- ოთო, შენ მე არასწორად გამიგე. მე უბრალოდ, მუშა მასალის ნახვა მინდოდა და მეტი არაფერი. ჩვენ ხომ შეთანხმება გვაქვს. კონტრაქტი.

- ჩვენი კონტრაქტი ამის მერე დარღვეულია. ახლა კი აახვიე აქედან - უთხრა პროდიუსერს თვალებანთებულმა ბუთხუზმა და ბუაძე ბინიდან გაისტუმრა.

როლანდი რომ წავიდა, ოთო სავარძელში მოკალათდა და ჩაფიქრდა, ათიოდე წუთის შემდეგ კი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ როლანდს, მაიორი სამსონ ჩქარეული დაუკავშირდა და გარიგება შესთავაზა. ბუთხუზს თავიდანვე გაუჩნდა ეჭვი, რომ ჩქარეულს დისკეტის ხელში ჩაგდება და მისი სარფიანად გაყიდვა სურდა. და, ახალგაზრდა ჟურნალისტი, პრინციპში, არც შემცდარა. ჩქარეულმა ათი დღე იცადა და რადგან ბუთხუზი მას საკონსულტაციოდ არ დაუკავშირდა, თავად დაიწყო მოქმედება. მაიორმა შეიტყო, რომ ბუთხუზი კვირის გადაცემისთვის მასალას ამზადებდა და ასპროცენტიანი სიზუსტით ივარაუდა, რომ ეს იყო დისკეტზე აღბეჭდილი კომპრომატები... დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმე იყო, ათას ოხრობა-მამაძაღლობაში გამოწვრთნილმა მაიორმა მოქმედების გეგმა შეადგინა. შემდეგ კი როლანდ ბუაძეს შეხვდა და უთხრა:

- პროდიუსერი, ბატონი როლანდ ბუაძე ბრძანდებით ხომ?

- დიახ, - მიუგო პროდიუსერმა.

- მე, მაიორი სამსონ ჩქარეული ვარ, ბევრი ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ამიტომ გკითხავთ, გინდათ, ბევრი ფული იშოვოთ?

- გააჩნია, რას ეძახით ბევრ ფულს, - თქვა როლანდმა.

- მილიონ დოლარს.

- რა თქმა უნდა.

- ჰოდა, ყურადღებით მომისმინეთ, თქვენი ჟურნალისტი ოთარ ბუთხუზი მასალას ამზადებს თქვენი ტელევიზიისთვის. მას აქვს დისკეტა, რომელიც მოსკოვიდან გამოუგზავნეს. ამ დისკეტის გამო მოკლეს მილიციის გენერალი - დაწვეს. არიან ადამიანები, რომლებიც ამ დისკეტაში 2 მილიონ დოლარს იხდიან. ერთი მილიონი თქვენ, ერთიც მე, ოღონდ ერთი პირობით, უნდა გაარკვიოთ, ვისზე ამზადებს თქვენი ჟურნალისტი მასალას და ეს მასალა არ გაუშვათ ეთერში. სამაგიეროდ, მილიონ დოლარს მიიღებთ. თანახმა ხართ? - თქვა ჩქარეულმა.

მაიორი ატყუებდა პროდიუსერს და მისთვის კაპიკის გადახდასაც არ აპირებდა. ჩქარეულს სურდა, იმათი ვინაობა გაეგო, ვისზეც ბომბი მზადდებოდა, შემდეგ ამ ადამიანებთან დაკონტაქტებას აპირებდა. მათ ეტყოდა, რომ კომპრომატებით სავსე დისკეტა ჰქონდა და მოუყვებოდა შინაარსს, თან მილიონ დოლარს წინასწარ მოსთხოვდა და დისკეტას შეჰპირდებოდა, ხოლო ფულს რომ აიღებდა, მიიმალებოდა... და, რადგან პირველი ვარიანტი ჩაიფუშა და როლანდმა ჩქარეულს ინფორმაცია ვერ მიუტანა, მაიორი მეორე ვარიანტის განხორციელებას შეუდგა. მან როლანდ ბუაძისგან იცოდა თეასა და ოთოს ურთიერთობის შესახებ. ამიტომ ამ კოზირის გამოყენება სცადა და თეა ქორიძის 5 წლის გოგონა, ემა გაიტაცა...

***

თეა ქორიძე შეშლილივით მიიჭრა ოთარ ბუთხუზთან სახლში და ისტერიკულად უთხრა:

- ემა გაიტაცეს. სულ შენი ბრალია ყველაფერი და სასწრაფოდ დამიბრუნე ჩემი შვილი.

თეა გაჰკიოდა, თან ოთარის მკლავებზე იყო ჩაფრენილი და მთელი ძალით ანჯღრევდა შეყვარებულს.

ოთო ყველაფერს მიხვდა და თეას დამშვილება სცადა. ამ დროს გოგონას ტელეფონმა დარეკა, თეამ დახედა, ოთოს მიაწოდა და უთხრა:

- ისინი რეკავენ, რაც არ უნდა გითხრან, ყველაფერზე დათანხმდი და ჩემი გოგონა დაიხსენი იცოდე, თორემ არ გაცოცხლებ.

ბუთხუზმა ტელეფონს უპასუხა:

- დიახ, გისმენთ.

- მოკლედ ასე, დისკეტას მოიტან, ბავშვს მიიღებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ნაწილ-ნაწილ გამოგიგზავნი. გასაგებია? - თქვა მამაკაცის ბოხმა ხმამ.

- ყველაფერი გასაგებია, თანახმა ვარ, მაგრამ სამი-ოთხი დღე დამჭირდება ამისთვის. დისკეტა საზღვარგარეთაა შენახული და ეს უსაფრთხოების მიზნით გავაკეთე. წავალ, ჩამოვიტან და გადმოგცემთ, სხვაგვარად არაფერი გამოვა. თანახმა ხართ? - თქვა ოთომ.

- შეიძლება, მაგრამ ტყუილს თუ ამბობ, იცოდე, ბავშვს ცოცხალს ვერასდროს ნახავთ. გასაგებია? - თქვა გამტაცებელმა.

- გასაგებია, ოთხი დღის მერე, ამ დროს დამირეკეთ და მისაღებს მიიღებთ, - უთხრა ოთომ გამტაცებელს. შემდეგ თეას მიუბრუნდა:

- ყოველგვარი ისტერიკის გარეშე მომისმინე, - ემას ოთხ დღეში დააბრუნებენ და უნდა გაძლო. მე კი მანამდე აქ არ ვიქნები, იცოდე, უნდა გაძლო და ხმა არ ამოიღო. სახლში იყავი და ბავშვს მოვიყვან.

თეაზე ოთოს სიტყვებმა მაგიურად იმოქმედა. შეყვარებულს ჩაეხუტა და უთხრა:

- კარგი, საყვარელო, ისე მოვიქცევი, როგორც მითხარი.

თეა და ოთო ერთად გავიდნენ სახლიდან, გოგონა ტაქსით სახლში გაემგზავრა. ოთომ კი აეროპორტისკენ აიღო გეზი...

***

გამტაცებელთან საუბრიდან ოთხი დღის შემდეგ, ოთარ ბუთხუზი თეა ქორიძესთან მივიდა და ბინაში რომ მარტო შევიდა, გოგონამ ჰკითხა:

- ემა სადაა?

- წუთი წუთზე მოიყვანენ. შენ კი ერთი მაგარი ყავა გამიკეთე. თავი ისე მტკივა, რომ მისკდება.

თეა სამზარეულოში გავიდა. ოთომ სავარძელში ჩაჯდომა დააპირა, მაგრამ ბინის კარი გაიღო და ოთახში პატარა ემა შევარდა. მას უკან სამი მამაკაცი შემოჰყვა. გოგონა ჯერ ოთოს ჩაეხუტა - შემდეგ კი სამზარეულოში შევარდა და დედამისს ჩამოეკიდე კისერზე. ოთომ მამაკაცებს მზერით ჩამოუარა და წინ მდგომ ილო შანიძეს, იგივე „ბრუსლის“ უთხრა:

- გმადლობთ, რომ გოგონა მოიყვანეთ, ახლა კი ერთი წუთით.

ოთო ტუალეტში შევიდა, საჰაეროდან დისკეტა გამოიღო. „ბრუსლის“ მისცა და უთხრა:

- ასლი გაქვთ. აი ორიგინალი, სხვა დისკეტა არ არსებობს. სანამ სამუდამოდ დავშორდებით ერთმანეთს, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან.

- მკითხე, - მიუგო შანიძემ.

- ჩქარეულს რა ბედი ეწია?

„ბრუსლის“ ჩაეცინა და უთხრა:

- მდინარე მტკვარი კიდევ ორი ცხედრით შეივსო, ერთ-ერთი მაიორია. მეორე კი მილიციის ყოფილი ჯალათი და ბავშვი სწორედ მან მოიტაცა.

- ყველაფერი გასაგებია, ბავშვის დაბრუნებისთვის მადლობა, გავსწორდით.

- ჯერ არა, - უპასუხა „ბრუსლიმ“ ოთოს. შემდეგ თავისი ერთ-ერთი ხელქვეითი მოიხმო, მას შავი ფერის სპორტული ჩანთა გამოართვა. მაგიდაზე დადო და დაამატა - აი, ახლა კი გავსწორდით. მშვიდობით.

„ბრუსლი“ და მისი ხელქვეითები რომ წავიდნენ, ოთომ სპორტული ჩანთა გახსნა და ასდოლარიანი კუპიურების დასტებს მოკრა თვალი. ოთომ ღრმად ამოისუნთქა და თეას უთხრა:

- ჟურნალისტიკის რისკი მაქსიმალურია და მათხოვრულად გიხდიან. შენ რას იტყვი?

- მაინც რას გვთავაზობ?

- მოკლედ, ასე გოგოებო, ჯერ დასასვენებლად გავემგზავრებით და იქიდან რომ დავბრუნდებით, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, - თქვა ოთომ.

- შენი მათხოვრული ხელფასით, ხომ, - გაეცინა თეას.

-საყვარელო, ამჯერად კარგი პრემია მომცეს, - თქვა ოთომ და დოლარებით სავსე ჩანთას ხელი დაჰკრა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა