რომანი და დეტექტივი

დიასახლისის ამბოხი

№29

ავტორი: ნია დვალი 20:00 29.07, 2022 წელი

დიასახლისის ამბოხი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #28(1124)

მაიას ელდა ეცა და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ამ კვირა დღის უქმედ გამოცხადება ჩაეშალა, იმიტომაც, რომ მისი აზრი არავის აინტერესებდა.

– მეც ავდგები და გამზადებულ საჭმელს გამოვიძახებ.

– შენ უკვე საკუთარ თავს ელაპარაკები? – მაიას მარიკა წამოდგომოდა თავზე, – მაჭამე რამე, ვკვდები, ისე მშია.

– მიდი და ჭამე?! ღამის კლუბებში სასიარულოდ დიდი ხარ, როცა გშია – პატარა?!

– დედა ხარ და გევალება, – დარწმუნებით უთხრა მარიკამ.

– შენ თვითონ მიხედე თავს და ჩათვალე, რომ ცუდი დედა გყავს, არ გაგიმართლა, – მაიამ შვილს გაუღიმა.

– რამე დალიე? – ეჭვით შეხედა მარიკამ.

– არა, ფხიზელი ვარ და რომ შეჭამ, აალაგე მაგიდა, ჭურჭელიც გარეცხე. შენს რჩევას ვითვალისწინებ დღეიდან და აღარც ვალაგებ სხვის ნაგავს, აღარც საჭმელს ვუმზადებ არავის და აღარც ვურეცხავ, – მაია სამზარეულოდან გავიდა და თავის საძინებელში შევიდა.

– ამან სულ გაუტია, – თავისთვის ჩაილაპარაკა მარიკამ და მაცივარში შეიხედა.

მაია კი საძინებელში შევიდა, წამოწვა და ცდილობდა, ნერვებს არ აჰყოლოდა – ბიძინას ნახვა არ უნდოდა, უფრო ზუსტად, სუფრის გაშლა ეზარებოდა, ღიმილ–ღიმილით სტუმრებთან სიარული, მათი მომსახურება და ამის შემდეგ – ჭურჭლის დარეცხვა-მილაგება. პირველად დაუსვა თავის თავს შეკითხვა:

– რატომ არ მყავს დამხმარე ქალი?!

ვაჟას მსუყე შემოსავლი ჰქონდა და თავისუფლად შეეძლო ცოლის შრომის შემსუბუქება, მაგრამ იმ ყაიდის მამაკაცებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც თვლიან, რომ ცოლმა უნდა იტრიალოს სამზარეულოში და მოუაროს ქმარსა და შვილს. მაგრამ ასე, ხომ, ვაჟა ფიქრობდა და თავად მაიას რატომ არასდროს მოსვლია თავში აზრად, რომ ქმრისთვის დამხმარე ქალის დაქირვება მოეთხოვა?! ახლა, ხომ, ყველა, ვისაც ამის საშუალება აქვს, ასე იქცევა?! – მაია გაოგნებული იყო საკუთარი სიბეცით და იმით, რომ არავის არასდროს უწევდა წინააღმდეგობას. მოირგო რუხი თაგუნიას როლი და ზედმიწევნით მუყაითად ასრულებდა.

– მთელი ცხოვრება გავატარე ცოცხით, ნუ – იყოს, მტვერსასრუტი და მტვრის ტილოთი ხელში, – მაიას გაეცინა: სულ ახლახან ახლებური ტილოები შეიძინა და გულმოდგინედ აპრიალებდა ხოლმე აკრილის სამზარეულოსა და საშხაპე მინის კაბინასა და ფანჯრებს. საერთოდაც, არც ერთი ინოვაცია არ გამოეპარებოდა, თუ ის სახლსა და დისახლისობას ეხებოდა. „ფეისბუქზე“ გაწევრიანდა ჯგუფში „ყველაფერი – სახლისთვის“ და დიდი ინტერესით ეცნობოდა დალაგებისა და საჭმლის მომზადების ახალ–ახალ მეთოდებს. არა მხოლოდ ეცნობოდა, თავადაც მისდევდა ამ ორივე მიმართულებას.

– რესტორანი ხომ არ გამეხსნა? – ჰკითხა საკუთრ თავს და ვაჟას სახე წარმოიდგინა, ამას რომ შესთავაზებდა.

– ტელეფონზე ლაპარაკობ? – მარიკა უცერემონიოდ შევიდა მშობლების საძინებელში.

– ვთქვათ, ვლაპარაკობ, უნდა ჩამეჭრა? – შეუბღვირა მაიამ.

– ვიცოდი, რომ არ ლაპარაკობდი, ტელეფონი სამზარეულოში დაგრჩა, – უთხრა მარიკამ, ტელეფონი ლოგინზე დაუგდო და სარკესთან ჩამოჯდა.

– თუ იცოდი, რას მეკითხებოდი?!

– დღეს რომ თეონასთან დავრჩე, შეიძლება? – შეეკითხა მარიკა.

– მამაშენს უთხარი.

– უარს მეტყვის, შენ უთხარი, – სთხოვა მარიკამ.

– არა, შენ თვითონ უთხარი, მე არაფერსაც არ ვეტყვი. თვითონ გაარკვიეთ ერთმანეთთან ურთიერთობა.

– თუ დამეხმარები, რაღაცას გეტყვი, დაგაინტერესებს, – ეშმაკურად გაუღიმა მარიკამ.

– ბაზარში ვართ?!

– საბაზრო ეკონომიკაა დღეს, – სერიოზული ხმით უთხრა მარიკამ დედამისს.

– არ მაინტერესებს, რის თქმას აპირებ.

– მგონია, რომ დაგაინტერესებს. არ შეგიმჩნევია, რომ შენი ქმარი სულ თან დაატარებს ტელეფონს?! ტუალეტშიც კი შეაქვს და პაროლი უყენია, – მარიკამ დედამისის დაინტრიგება სცადა – უცნაური არ არის?

– შენც ტელეფონით დაიარები ტუალეტში და პაროლი გიყენია, – მშვიდად უპასუხა მაიამ.

– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ მინდა, ნახოთ ის, რაც არ უნდა ნახოთ, ანუ რასაც გიმალავთ.

მაიას უსიამოვნოდ გაკენწლა გულში, მაგრამ არ შეიმჩნია: არ მაინტერესებს. გინდა თეონასთან წასვლა? უთხარი მამაშენს, – მაია დარწმუნებული იყო, რომ ვაჟა არ დათანხმდებოდა.

– კარგი, იმედი მაქვს, ვაჟა შენზე უკეთ ერკვევა საბაზრო ეკონომიკაში. ქალური სოლიდარობის ამბავში შენ პირველს შემოგთავაზე, თორემ ამ საქონელს უფრო სარფიანად ვაჟას მივყიდი, – მარიკამ ქედმაღლურად გადახედა დედამისს და საძინებლიდან გავიდა,

– ტუტუცი გოგო, – გიფიქრა მაიამ.

და დაიწყო ფიქრი, როგორ გაეიოლებინა საქმე.

– როგორ და, გამოვიძახებ მზა საჭმელს, აი, ამასწინათ დალი რომ მეუბნებოდა, ყოველდღე ვიწერო, და თუ რამე არ მომეწონა, საერთოდაც, ერთჯერადი ჭურჭლით გავშლი სუფრას, – მაია ოინბაზობის ხასიათზე დადგა. ამიტომ ბევრი არ უფიქრია და ტელეფონს დასწვდა, რომელიც შვილმა შემოუტანა:

– ვაჟა, ფული მჭირდება, რომ კარგი სუფრა გავშალო... პროდუქტები? არ ვაპირებ ახლა ქურასთან ტრიალს, ან ფულს გამომიგზვნი, ან რესტორანში ივახშმეთ შენ და ბიძინამ... რაა?! ოთხნი? ააა, მაშინ უფრო ბევრი ფული დამჭირდება. მოიფიქრე და მაცნობე ან პირდაპირ ჩამირიცხე, – ვაჟას რაღაცის თქმა კიდევ უნდოდა, მაგრამ მაიამ არ დააცალა და ტელეფონი გაუთიშა. რა თქმა უნდა, ვაჟამ დარეკა, მაგრამ მაიამ არ აიღო. ცოტა ხანში საძინებელში მარიკა შემოვარდა: დაურეკე შენს ქმარს ან ტელეფონი აიღე, მე ნუ მაწუხებთ.

მაიამ ტელეფონს უპასუხა. ვაჟა ყვიროდა, ამიტომ მაიამ ტელეფონი თავისი ყურისგან შორს გასწია და როდესაც იქიდან ყვირილის ხმა ჩაჩუმდა, თქვა: გასაგებად გითხარი, ფული მჭირდება, სუფრას კი მე გავაწყობ. ასევე, მჭირდება დამხმარე ქალი, ზოგადად. რამდენიც უნდა იყვირო, ამ აზრს არ შევიცვლი. ჩვენ არ ვიცით, რა უპასუხა ვაჟამ, მაგრამ მაიას პასუხით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ, დაახლოებით, ასეთი რამ: საჭმლის კეთებასა და სახლის დალგებაში ვარგოდი და, თუ ამასაც არ გააკეთებ, არაფერს წარმოადგენო.

მაიას სიმშვიდე არ დაუკარგავს: კარგია, რომ, როგორც იქნა, თქვა სიმართლე.

ტელეფონი ლოგინზე მიაგდო და თვალებზე ცრემლები მოადგა. თუმცა შინაგანი ხმა ეუბნებოდა, რომ, თუ ახლა დათმობდა, მარადიულად დარჩებოდა სახლის სამშვენისად, სახელწოდებით: „ქალი ჩვრით“. ამიტომ თავი დაიმშვიდა და საათს დახედა. პირველი ხდებოდა: ცოტას დავიძინებ... არა, ჯობია, ვაჟას კაბინეტში დავუგებ ლოგინს, მშვენიერი საწოლი დგას და სიმყუდროვეა.

მაშინვე წამოხტა, თეთრეული გამოიღო, ბალიში და საბანიც და კაბინეტისკენ გაემართა. საწოლი დიდი ენთუზიაზმით დააგო. კაბინეტიდან მეტად კმაყოფილი სახით გამობრძანდა და ისევ საძინებელში შევიდა. ტელეფონმა დაიწკმუტუნა – შეტყობინება მოუვიდა ბანკიდან ფულის ჩარიცხვის შესახებ, და მაიამ ცოტა ბოროტი კმაყოფილებით ჩაიცინა.

***

ვაჟა სახლში სტუმრებთან ერთად მოვიდა. მაიამ გაშლილი სუფრა დაახვედრა. სტუმრებს შორის ერთი ქალი იყო, დანარჩენი ორიც უცნობი მამაკაცი და ბიძინა. ბიძინამ მას ყვავილების თაიგული მიართვა, რომელიც დიასახლისმა ლარნაკში მოათავსა და საძინებელში შეიტანა. როგორც ელოდა, მაია მთელი საღამო მიმტანივით ტრიალებდა და ვახშმობის დასრულების შემდეგღა გაახსენდა მარიკა. დაურეკა. შვილმა არ უპასუხა, მაგრამ მცირე ხანში შეტყობინება გამოუგზავნა: „თეოსთან ვარ, მამამ გამომიშვა.“ მაიამ გაკვირვება ვერ მოასწრო, რომ ვაჟამ კიდევ რაღაც დაავალა. მაიას გაახსენდა შვილის ნათქვამი და შეფიქრიანდა. ეჭვიანი არასდროს ყოფილა, იმიტომ რომ თავად არავის ატყუებდა და ამიტომ სჯეროდა, რომ არც მას ატყუებდნენ. ეს ბუნებრივად ხდებოდა, მისდა უნებურად, ისე, რომ მაია არც კი აკვირდებოდა.

– რა შეიძლებოდა, იცოდეს მარიკამ ვაჟაზე, – მაია თავის თავს უსვამდა კითხვას და თუმცა პასუხს ხვდებოდა, საკუთარ თავს არ უტყდებოდა და სხვა ვარიანტებს ეძებდა. ორი უცნობი მამაკაცი და მათი თანხმლები უცნობივე ქალი წავიდნენ, ბიძინა და ვაჟა კი ვერანდაზე გავიდნენ.

– შენც შემოგვიერთდი, – მიიპატიჟა ბიძინამ მაია, მთელი საღამოა, ფეხზე დგახარ, მაგრამ მაიამ პირის გაღებაც ვერ მოასწრო, მის ნაცვლად ვაჟამ უპასუხა: დაღლილია და დაისვენოს, ჩვენს საუბარში მოიწყენს.

თუკი სხვა დროს მაია დაეთანხმებოდა ქმრის მსგავს ინიციატივას, ამჯერად არ დაუთმო: არ ვარ დაღლილი, სიამოვნებით შემოგიერთდებით, ყავასაც მოგიტანთ.

– ყავა არ გვინდა, – ორივეს ნაცვლად უპასუხა ვაჟამ: ჯობია, დაისვენო.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ისეც მაიამ დაარღვია: მართალია, ვაჟა, მადუღარა სამზარეულოშია, ყავაც იქვეა და შაქარიც, ჭიქებიც, ასე რომ, მიხედეთ თავს, მე დავისვენებ, – გაიღიმა და საძინებლისკენ გაემართა, თუმცა მისაღებ ოთახში მაგიდაც ასალაგებელი იყო და სამზარეულოც – გვარიანად მისალაგებელი.

მაია უცებ შემოტრიალდა და ვაჟას მიმართა: დამხმარე ქალი მოვა ხვალ და დაალაგებს, ფული ჩამირიცხე, – მერე მივიდა და ლოყაზე აკოცა.

ვაჟა დაიბნა, მაგრამ არ შეიმჩია.

– შენ კარგი ქმარი დამდგარხარ, ძმაო, – მხარზე ხელი დაჰკრა ბიძინამ: სწორია, იმიტომაც არ ეტყობა ასაკი შენს ცოლს, ვერც იფიქრებ, რომ 40 წლისაა.

ბიძინას ეს შეფასება, რომელიც, მაია არც კი დაფიქრებულა, გულის გასაკეთებლად უთხრა თუ გულწრფელად, დიასახლისს ესიამოვნა, იმდენადაც კი, რომ ოდნავ წამოწითლდა. ვაჟამ შეიფერა შექება და ამიტომ ვერ შეამჩნია ცოლის წამოწითლება.

მაიამ გაიღიმა და გავიდა. თავში მარიკას თეონასთან დარჩენის ამბავიც უტრიალებდა, ვაჟას უტაქტობაც და ბიძინას მოულოდნელი კომპლიმენტიც. ძალიან აფორიაქებული ჩანდა, ბოლოს და ბოლოს, პირველად გაუჩნდა ვაჟასთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილი და არა მხოლოდ გაუჩნდა, არამედ გაუწია კიდეც წინააღმდეგობა. მართალია, ჯერ ბოლომდე ვერა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ბოლომდე მიიყვანდა დაწყებულს, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა: ან რა დაიწყო, ან რა იყო ის ბოლო, სადამდეც მიიყვანდა.

დაღლილსა და ბიძინას სიტყვებით სასიამოვნოდ აღელვებულ მაიას ჩაეძინა. ძილბურანში იგრძნო, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა, მაგრამ გაირინდა. იფიქრა, ვაჟა კიდევ რამეს დამავალებსო. ვაჟამ ხელი შეახო მხარზე, მერე ფეხზე. მაია არ განძრეულა. ბოლოს, ვაჟამ ხმადაბლა დაუძახა: მაია, გძინავს? მაიამ თავი ისევ მოიმძინარა და ვაჟა ოთახიდან გავიდა.

იმდენი ძალა დახარჯა მძინარის როლის თამაშზე, რომ მაია გამოფხიზლდა და ლოგინზე წამოჯდა: ვაჟას ქცევა ეუცნაურა.

– ნეტავ, რატომ ამოწმებდა, მეძინა თუ არა? – მაია საკმაოდ გონიერი ადამიანი იყო, თუ თავს არ ისულელებდა: ან რა უთხრა მარიკამ ისეთი, რომ ვაჟამ ის დატოვა თეონასთან, მარიკას ერთადერთ მეგობართან, ვისთანც ვაჟა ურთიერთობას უშლიდა?!

ადგა და ჩუმად გააღო საძინებლის კარი. მისაღებ ოთახში შუქი ენთო და ისეთივე არეულობა იყო, როგორიც მაიამ დატოვა. ჩამიჩუმი არ ისმოდა.

– ვითომ წავიდნენ სადმე? – გაიფიქრა მაიამ, მაგრამ გზა მაინც ფეხაკრეფით განაგრძო ვერანდისკენ. ვერანდაზე შუქი არ ენთო: ვაჟა ჩააქრობდა, რომ მწერებმა არ შეაწუხონ, გაიფიქრა.

ვერანდას შუქი მისაღები ოთახიდან ეცემოდა, ამიტომ მაიას ჩრდილი აუცილებლად გამოჩნდებოდა

– რა ვქნა? – ანერვიულდა და გამოსავალიც მოძებნა. იატაკზე ჩაიმუხლა და ასე გავიდა სამზარეულოში. სამზარეულოში არც შუქი ენთო და ვერანდიდანაც მშვენივრად ისმოდა ხმა. ჩუმად მიუახლოვდა ვერანდაზე გასასვლელ კარს და ყური მიადო.

მამაკაცები ხმადაბლა საუბრობდნენ, მაგრამ სიტყვების გარჩევა შეიძლებოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი