რომანი და დეტექტივი

დერეფანი

№18

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 14.05, 2022 წელი

დერეფანი
დაკოპირებულია

– გასაგებია, ხომ, მეგობრებო? – იკითხა პეტრო პროკოპენკომ და ოთახში შეკრებილებს სათითაოდ შეავლო თვალი.

ყველამ უხმოდ დაუქნია თავი. პეტრომ კი დაამატა:

– ახლა კი ყველამ დავიძინოთ. უთენია უნდა ავდგეთ და გამოძინება გვჭირდება. აბა, დავიშალოთ. დილამდე!

ოთახში შეკრებილმა ოცივე მამაკაცმა იქაურობა დატოვა. ისინი თავიანთი ოთახებისკენ გაემართნენ. ბოლოს პროკოპენკოც გამოვიდა, ოთახი ჩაკეტა და სარდაფში ჩავიდა, სადაც ხის ყუთებში ჩაწყობილი, 2-2-კილოგრამიანი ოქროს ზოდები იყო შენახული. თითოეულ ყუთში 50 ზოდი იდო. 50 ყუთში განაწილებული ოქროს ზოდების საერთო წონა კი 5 ტონას შეადგენდა. ყუთები „წითელი ჯვრის“ ემბლემებით იყო შენიღბული, თითქოს იქ მედიკამენტები და სხვადასხვა სახის საკვები იყო მოთავსებული. რუსეთ-უკრაინის ომის მეექვსე დღე ილეოდა. კიევი დიდი დარტყმის ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ პრეზიდენტის ბრძანებით, ოქროს მარაგის ნაწილი დედაქალაქიდან უსაფრთხო ადგილზე უნდა გადაეტანათ და ეს მისია უკრაინის უშიშროების სამსახურის პოლკოვნიკს, პეტრო პროკოპენკოს დაევალა. 42 წლის პოლკოვნიკს უზადო რეპუტაცია ჰქონდა. გამოცდილი ოფიცერი და პატიოსანი ადამიანი იყო, ამიტომ ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფალმა სწორედ ის იხმო და უთხრა:

– პეტრო, ბანკის საცავში ხუთი ტონა ოქრო ინახება. ხომ ხედავ, რა მძიმე მდგომარეობაა. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ამიტომ ეს ოქრო შენ პოლონეთის საზღვრამდე უნდა მიიტანო. იქიდან კი ჩვენი მეგობრები საიმედო ადგილზე გადაიტანენ. როგორც საიმედო ადამიანს და გამოცდილ ოფიცერს შეეფერება, ისე უნდა იმოქმედო და დანიშნულების ადგილზე ოქრო ხელუხლებლად მიიტანო.

პროკოპენკომ ყურადღებით მოუსმინა პრეზიდენტს და უთხრა:

– ყველაზე სწრაფი საშუალება, რა თქმა უნდა, თვითმფრინავია, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში მას ვერ გამოვიყენებთ. გამორიცხული არაა, რომ ის ჩამოაგდონ. ამიტომ ტვირთი სახმელეთო გზით უნდა გავიტანოთ, რაც არანაკლებ სარისკოა, რადგან ალყაში ვართ და ის ერთადერთი დერეფანიც კი, რომელიც დროდადრო იხსნება, ფაქტობრივად, უწყვეტი ცეცხლის ქვეშაა.

– გამოდის, რომ საშველი არ ყოფილა, – ნახევრად ხუმრობით თქვა პრეზიდენტმა.

– ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს საშველი უნდა გამოვნახოთ და ერთი იდეა მაქვს, – თქვა პროკოპენკომ.

– თქვი, გისმენ, – მოუთმენლად უთხრა პრეზიდენტმა.

– ეს ყველაფერი წითელი ჯვრის მისიით უნდა შევნიღბოთ. ოქრო ოთხი სატვირთო მანქანით უნდა წავიღოთ. ძარაზე ჯერ იმ ყუთებს მოვათავსებთ, რომლებშიც ოქრო იქნება, ზემოდან კი „წითელჯვრიანი“ – მედიკამენტებითა და საკვებით სავსე ყუთებით შევნიღბავთ. მე და ჩემს ოცეულს „წითელი ჯვრის“ თანამშრომელთა უნიფორმები გვეცმევა და მსუბუქი, უხმო იარაღით აღვიჭურვებით. დაზღვევაზე კი დრონები გვეყოლება და წინასწარ გვეცოდინება, ვინ და რა დაგვხვდება გზაზე, – თქვა პროკოპენკომ.

პრეზიდენტიმა გულდასმით მოუსმინა პოლკოვნიკს და უთხრა:

– ოღონდ აქ ერთი შენიშვნა მაქვს: თქვენს მისიაში არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ უნდა იყოს, ისე არ გამოგვივიდეს, რომ უდანაშაულო ადამიანებს ცოცხალ ფარად ვიყენებთ.

– თავისთავად, ბატონო პრეზიდენტო. მსგავსი რამ აზრადაც კი არ მომსვლია, – თქვა პოლკოვნიკმა და რამდენიმე დეტალის დაზუსტების შემდეგ ოთახი დატოვა.

ოქროს ზოდების განაწილებას ტრანსპორტის მომზადებასა და შენიღბვას ორი დღე დასჭირდა. შემდგომ კი პროკოპენკომ თავისი ოცეული შეკრიბა და მათ ყველაფერი დეტალურად აუწყა. პოლკოვნიკს თავისი მებრძოლები არაერთ მძიმე საქმეში ჰყავდა გამოცდილი, თითოეულ მათგანს ბოლომდე ენდობოდა და რაიმეს დამალვა არც კი უფიქრია. თანაც, ასეთი რამის გაკეთება საფრთხესაც შეიცავდა და პოლკოვნიკს სირცხვილადაც მიაჩნდა კოლეგების წინაშე.

საცავში ჩასულ პროკოპენკოს გაახსენდა პრეზიდენტთან საუბრის დეტალები და გაეღიმა. შემდგომ შენიღბული ყუთები დაათვალიერა და საცავიდან ამოვიდა, თავისი ოთახისკენ გაემართა და ზუსტად შუაღამე შესრულდა, როდესაც დასაძინებლად დაწვა...

***

– ახლა კი წავედი. კიევში გათენებამდე უნდა დავბრუნდე, რომ ეჭვი არ აიღონ ჩემზე. აბა, თქვენ იცით! – თქვა იური ლავრიკმა და ფეხით გაემართა დათოვლილ გზაზე. ღამის წყვდიადში „უაზიკში“ ჩაჯდა და კიევისკენ აიღო გეზი.

ლავრიკი უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიცერი იყო. ის პეტრო პროკოპენკოს ქვედანაყოფში მსახურობდა. ოქროს ზოდების გადატანის ოპერაციაში უნდა მიეღო მონაწილეობა. მას, ისევე როგორც დანარჩენ მის კოლეგებს, პოლკოვნიკი პროკოპენკო სრულად ენდობოდა და ლავრიკმა ამ ოპერაციის შესახებ ყველაფერი იცოდა. უშიშროების კაპიტანი „უაზიკით“ კიევის მახლობელ დაბა ირპენში გაემგზავრა, მამიდაშვილს, ვოვა კრილოვს შეხვდა და ესაუბრა. 31 წლის კრილოვი რუსეთის არმიის მაიორი იყო. სპეცდანიშნულების ქვედანაყოფში მსახურობდა და კიევზე შეტევისთვის ემზადებოდა. როდესაც კრილოვმა ბიძაშვილი გაისტუმრა, სკოლის შენობაში დაბრუნდა, სადაც მისი რაზმი იყო დაბანაკებული. ყაზარმად გადაკეთებულ ერთ-ერთ კლასში შევიდა და ავტომატი კედელზე მიაყუდა.

– რაო, რა უნდოდა შენს ნათესავს? – ჰკითხა ხელქვეითს პოდპოლკოვნიკმა კოზლოვმა, რომელიც ამ „სპეცნაზის“ ყველაზე სისხლიან ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა.

საკლასო ოთახში ქვედანაყოფის სრული შემადგენლობა – თერთმეტივე წევრი იყო შეკრებილი. კრილოვმა ეშმაკურად გადახედა კოლეგებს და მეთაურს უთხრა:

– მეთაურო, დაუჯერებელი რამ უნდა გითხრა და იცოდე, სიმართლეა, მოკლედ, ძალიან მაგარი პონტია...

– რა; კიევის კარს ხომ არ გვიღებს შენი ნათესავი და ხოხოლები ხომ არ გვნებდებიან? – ირონიით ჰკითხა კოზლოვმა. კრილოვმა კი ხელი ჩაიქნია და პოდპოლკოვნიკს უპასუხა:

– კიევის დედაც და იქ ომისაც! მოკლედ, ხვალ დილით 5 საათზე, უფრო სწორად კი, უკვე ამ დილით, უკრაინის უშიშროების ოცეული ხუთ ტონა ოქროს წამოიღებს ჩვენი დერეფნით. მისია „წითელი ჯვრით“ იქნება შენიღბული და მათ მხოლოდ მსუბუქი, უხმო შეიარაღება ექნებათ. თავადაც „წითელი ჯვრის“ უნიფორმებში გამოეწყობიან. მშვიდობიანი მოსახლეობა კი არ ეყოლებათ. ჩვენ მათ ბუჩაში უნდა დავხვდეთ და ოქრო წავართვათ. შემდეგ კი „შავების“ ბანდას გადავცეთ, რომლებიც „ტავარს“ შეინახავენ და ყველაფერი რომ დასრულდება, გავიყოფთ. ყველა თავის სრულ წილს მიიღებს.

პოდპოლკოვნიკმა კოზლოვმა ეჭვის თვალით შეხედა კრილოვს და ჰკითხა:

– ხუმრობ?

– არა. აბსოლუტურ სიმართლეს ვამბობ, – თქვა კრილოვმა.

კოზლოვმა თავი გააქნია და თქვა:

– დაუჯერებელია. რაიმე ხაფანგი და სატყუარა ხომ არაა?

– არანაირი. თავს ვდებ, – მიუგო კრილოვმა და დაამატა, – მე და იურა კარგა ხანია, დიდ საქმეზე ვჩალიჩობდით. საზღვარგარეთ გვინდა დატყდომა და აი, საქმეც გაიჩითა. ასე რომ, ტყუილი გამორიცხულია.

– კრილოვ, იცოდე, საკუთარი თავით აგებ პასუხს, რაიმე რომ ისე არ აღმოჩნდეს, როგორც ამბობ! – უთხრა კოზლოვმა ხელქვეითს.

პოდპოლკოვნიკმა საათს დახედა და თქვა:

– პირველი საათია. ოთხ საათში მისია კიევიდან დაიძვრება და მაქსიმუმ, შვიდ საათზე უკვე ბუჩაში იქნება. ახლა კი დეტალური გეგმა უნდა შევიმუშავოთ და ჩვენი მოქმედებები დავალაგოთ, – კოზლოვმა პაუზა გააკეთა და კრილოვს ჰკითხა

– შავების რაოდენობა რამდენია?

– ექვსნი იქნებიან, ორი „ჯიპით“, – მიუგო კრილოვმა პოლდპოლკოვნიკს.

– უკრაინული სპეცნაზის რაოდენობა?

– მეთაურიანად, ოცდაერთი მებრძოლი.

კოზლოვმა კრილოვს შეხედა და უთხრა:

– მოკლედ, ასე – ბუჩასკენ დავიძვრებით პატრულირების საბაბით, რომ შემდეგ ალიბი გვქონდეს. იქ ჩასაფრებას მოვაწყობთ და საქმეს გავაკეთებთ. ოქროს კი სამი-ოთხი დღით იქაური სუპერმარკეტის სარდაფში დავმალავთ. ხომ გახსოვთ, რაზე ვლაპარაკობ, ორი რიჟა ნაშა რომ ავიყვანეთ და სარდაფში ჩავათრიეთ, აი, იქ... შემდეგ კი „ტავარს“ სატრანსპორტო ვერტმფრენით რუსეთში გადავიტანთ და იქ გავინაწილებთ. ეკიპაჟის უფროსი ჩემი ძველი „პაძელნიკია“ და საქართვლეოში რომ ვომობდით, გორიდან რა აღარ წავიღეთ. გასაგებია?

ხელქვეითებმა მეთაურს უთხრეს, რომ ყველაფერი გასაგები იყო. ნახევარი საათის შემდეგ კი რუსეთის საოკუპაციო არმიის ერთ-ერთი ყველაზე პირსისხლიანი სპეცდანაყოფი ჩასაფრების მოსაწყობად ბუჩისკენ მიემართებოდნენ.

***

– ვახო, მე მგონი, მოდიან, – უთხრა ვახტანგ ქორიძეს დემნა კაკაბაძემ და ღამით ხედვის დურბინდი თვალებთან ახლოს მიიტანა, კარგად დააკვირდა და დააყოლა, – კი, ეგენი არიან.

ქორიძემ კაკაბაძეს ღამით ხედვის ხელსაწყო გამოართვა, „ღამის მგზავრებს“ ყურადღებით დააკვირდა და კაკაბაძეს უთხრა:

– კი. ეგენი არიან. ნეტავ, რა ჩაიფიქრეს? მოემზადეთ! ჯერ ალყაში აიყვანთ და თუკი არ დაგვნებდებიან, აქვე დავადუღოთ.

ვახტანგ ქორიძე უკრაინაში ქართველ პარტიზანთა ქვედანაყოფის უფროსი იყო. მის განკარგულებაში ცამეტი მებრძოლი ირიცხებოდა და ქართველთა თოთხმეტკაციანი შენაერთი შიშის ზარს სცემდა რუს ოკუპანტებს. დემნა კაკაბაძე ამ ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა, 18 წლის ნორჩი წევრი იყო. დემნა ევროპის ორგზის ჩემპიონი იყო ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში და ათლეტურ აღნაგობასთან ერთად არაადამიანურ ძალას ფლობდა. იქიდან გამომდინარე, რომ დემნას სპორტული კარიერა საქართველოში ვერ აეწყო, 16 წლის ჭაბუკი უკრაინაში გაემგზავრა და სწორედ ამ ქვეყნის სახელით გახდა ორჯერ ევროპის ჩემპიონი თანატოლთა შორის. აღსანიშნავია ის, რომ დემნამ ფინალურ ორთაბრძოლაში ორჯერვე თავისი თანამემამულე დაამარცხა. სწორედ ის ყმაწვილი, ვისაც საქართველოს პირველობაზე უსამართლოდ მიანიჭეს გამარჯვება და ვის გამოც დემნა უკრაინაში გადაიხვეწა. თუმცა, ორივე გამარჯვების მერე დემნა თავის თვისტომს გულთბილად ჩაეხუტა, გადაკოცნა და ერთი წამითაც არ უგრძნობინებია მისთვის, რომ მასზე მაღლა იდგა... დემნა კიევის ოლქში, ქალაქ ბუჩაში ცხოვრობდა და უკვე დიდებს შორის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი უკრაინაში შეიჭრა. ქართველი ჭაბუკი უმალვე უკრაინული წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაერთო და ქართველი მეომრის, გამოცდილი ხელმძღვანელის, ვახტანგ ქორიძის პარტიზანულ რაზმში ჩაეწერა, რომელიც მუსრს ავლებდა მომხვდურ მტერს და შიშის ზარს სცემდა მათ. იმ დღეს, როდესაც პოდპოლკოვნიკ სემიონ კოზლოვის ოკუპაციური ქვედანაყოფი ჩასასაფრებლად ბუჩისკენ მიემართებოდა, რათა უკრაინის სახელმწიფოს კუთვნილი ოქრო ხელში ყაჩაღურად ჩაეგდოთ, გზაზე ქორიძის პარტიზანები იყვნენ ჩასაფრებული და იქაურობას ზვერავდნენ. სისხლისმსმელების გადაადგილება პირველად, სწორედ, დემნამ შენიშნა და როდესაც ამაში ქორიძეც დარწმუნდა, თავის მებრძოლებს სრული მზადყოფნისკენ მოუწოდა და მკაცრად გააფრთხილა:

– მშვიდად, ბიჭებო, ესენი ერთი გასროლის გარეშე უნდა დავატყვევოთ და მოემზადეთ!

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი