რომანი და დეტექტივი

დედის მსხვერპლი

№18

ავტორი: ნია დვალი 20:00 12.05, 2023 წელი

დედის მსხვერპლი
დაკოპირებულია

ჯონიმ მაშინვე უთხრა:

– ცუდ მდგომარეობაშია, არა?

– ამას ცუდი მდგომარეობა არ ჰქვია, ეს, უბრალოდ, ბომჟის საფლავია, უპატრონო, – და ნეკამ ისევ ტირილი დაიწყო, – მაგრამ არა უშავს, მე ხვალ მოვალ და გავწმენდ. მერე დაველაპარაკები დამლაგებელს და ის გაწმენდს... და საფლავს არ უკეთებთ?

– როგორ არა, ფულს ელოდებიან...

– შვიდი თვე გავიდა, ჯონი, შვიდი... მოვიფიქრებ რამეს, აუცილებლად მოვიფიქრებ, – შეპყრობილივით იმეორებდა ნეკა.

– იცი, მანდ დასაფლავებულია ზუკას სიმამრი და თაკო და ხშირად დადის მამის სასფლაოზე... – ნეკამ უცებ ვერ გაიაზრა, რა უთხრა ჯონიმ.

– და მერე? თუ ხშირად დადის, აქ რომ ველური ბალახია ამობიბინებული, ვერ დაინახა? – აფეთქდა ნეკა.

– უცებ ამოვიდა, – მორიდებულად უთხრა ჯონიმ.

– ჩვენ ყველას გვაქვს ახლობლების საფლავები და ყველამ იცის, რომ ამხელა და ამდენი ბალახი უცებ არ ამოდის, ეს ხდება იქ, სადაც არავინ დადის და რა უნდა მიქნას თაკოს დამ? სასაფლაოზე მოსვლა ამიკრძალოს?! ან როგორ არ რცხვენიათ, სახელმწიფოსგან ფული რომ აიღეს და დამლაგებლისთვისაც კი დაენანათ დალაგების ფულის მიცემა.

– მე უბრალოდ გითხარი და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ზუკას გადაწყვეტილებას. შენ უყვარდი, მაგრამ მას ჰყავს ცოლი და ორი შვილი, – უტიფრად უთხრა ჯონიმ.

– ჰო, პატივი უნდა ვცეთ და უპატრონოდ მივაგდოთ, – ნეკამ ტელეფონი გაუთიშა. – ეს არაკაციც რომ მე მაყენებს შეურაცხყოფას, შურიანი არაკაცი, – და ტირილს უმატა.

დაღამდა. ნეკა ადგა და უკან მიუბრუნებლად წამოვიდა. მოდიოდა და ფიქრობდა, როგორ ეშველა თავისი ზუკასთვის, თან – ელაპარაკებოდა:

– ამიტომ დამიძახე?! ჩემგან ფულს არ აიღებენ. მათი ნებართვის გარეშე მე ამ საფლავს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არავინ ვარ. შენ მე ვეღარ დამიცავ, ესე იგი, ყველას შეუძლია, შეურაცხყოფა მომაყენოს. მაგრამ გპირდები, რამეს მოვიფიქრებ. აუცილებლად მოვიფიქრებ. ხვალ მოვალ, ჩემი ხელით გავწმენდ და მერე მოვიფიქრებ... – ამ ფიქრებში გართულმა ნეკამ უცებ ფეხი რაღაცას წამოჰკრა და დაეცა.

***

ხმაურზე გამოეღვიძა. მზე ისევ ანათებდა. კედლიდან კი მარიამი უღიმოდა.

– ვინ არის ეს ნეკა? რას გადამეკიდა? – ხმამაღლა თქვა იამ და იატაკიდან წამოდგომა დააპირა. უცებ თვალი მოჰკრა ძველებური მაგიდის ქვეშ ამოდებული ფურცლის ნაკეცს, რომელიც აქამდე არასდროს შეენიშნა. მაგიდის ქვეშ ბოლომდე შეძვრა და ფურცელი გამოაცურა. მაშინვე იცნო ბებიამისის ხელწერა: „იას“.

იამ წერილი გაშალა:

„ჩემო საყვარელო გოგო,

მე არ ვიცი, წაიკითხავ თუ არა ამ წერილს. თუ ღმერთის ნება იქნა, წაიკითხავ. თუ არადა, როცა შევხვდებით, 100 წლის შემდეგ, აქ გეტყვი. ერთი რამ იცოდე, შენ ჩემი ერთადერთი და უსაყვარლესი შვილიშვილი ხარ. ჩემი მზე და სისოცხლის აზრი და უნდა მაპატიო, თუ შეძლებ. უნდა მაპატიო, რომ დედაშენს დაგაშორე. ეგოისტურად გამომივიდა. დალის ძალიან უყვარდა მამაშენი, მაგრამ მამაშენს სხვა უყვარდა. დაქორწინებას აპირებდნენ, იმიტომ რომ ის გოგონა ფეხმძიმედ იყო. მე უდიდესი ბოროტება ჩავიდინე: მივედი და ვუთხარი, რომ იოსები დალიზე აპირებდა დაქორწინებას და მას ატყუებდა. მისი გულუბრყვილობითა და ახალგაზრდობით ვისარგებლე. პატრონიც არავინ ჰყავდა. ბებია ზრდიდა, მშობლები ავარიაში დაეღუპნენ. ობოლი იყო. იმდენი მოვახერხე, რომ მათ ურთიერთობაში ბზარი გავაჩინე. ყველაფერს არ მოგიყვები, მეშინია, რომ არასდროს მაპატიებ.

დედაშენი შენზე მშობიარობისას დაიღუპა. ბავშვი, ანუ შენ წამოვიყვანე და დალისა და იოსებს მივუყვანე. იოსებმა არც კი იცის, რომ მისი შვილი ხარ. ვერ ვუთხარი, ამას ნამდვილად არ მაპატიებდა. მაგრამ შვილივით შეგიყვარა, ჩემმა შვილმა კი ვერ მოახერხა ეს, იმიტომ რომ იცოდა, ვისი შვილიც იყავი სინამდვილეში.

ამ ცოდვის გამო ჯოჯოხეთში მოვხვდები, მაპატიე, თუ შეძლებ და მოძებნე დედაშენის საფლავი. საბურთალოს სასაფლაოზეა: ლალი სიდამონიძე. მიდი სასაფლაოზე და გეტყვიან ადგილს. მისი გარდაცვალების წელი, დღე და რიცხვი იცი, როდესაც შენ დაიბადე.

მიყვარხარ მთელი არსებით, მთელი გულით. მაპატიე, რომ ასეთი უღირსი ქალი აღმოვჩნდი. იგივე სიბოროტე ჩავიდინე, უფრო უარესიც კი, რაც მე გამიკეთეს. და დაიმახსოვრე: რაც უნდა შეგემთხვეს, არ გაბოროტდე. და ძალიან გთხოვ, შეეცადე, მაპატიო.

ბებიაშენი მარიამი“

ია გაოგნებული იჯდა იატაკზე. ყველაფერი თავზე დაემსხვრა. მის გარშემო ყველა იტყუებოდა ან მოტყუებული იყო. თუმცა ერთგვარ სიმსუბუქესაც გრძნობდა, იმიტომ რომ დალი დედამისი არ აღმოჩნდა და იმავდროულად სევდასაც, რომ მამამისი ისე წავიდა ამქვეყნიდან, ვერ გაიგო, რომ ია მისი ღვიძლი შვილი იყო.

– ლალი სიდამონიძე, არ დამავიწყდეს, – იმეორებდა ია, მარტო ვერ წავალ.

ტელეფონი ამოიღო და ეკას დაურეკა: მარიამის სახლში ვარ, აუცილებლად უნდა გამომიარო და კიდევ, ამ სახლს ვყიდი. აქამდეც უნდა გამეყიდა. ჩქარა მოდი!

სანამ შვილს ელოდებოდა, დალი გაახსენდა და შეეცოდა: მთელი ცხოვრება უყურებდა იას, ვინც ყოველწამიერად ახსენდება, რომ თავის ქმარს არ უყვარდა. ია მაინც ძალიან ღელავდა. მარიამზე გაბრაზებული იყო, მაგრამ იცოდა, რომ გაუვლიდა, იმიტომ რომ ბებიაზე შეიძლება, გაბრაზდე, მაგრამ ის მაინც ბებიად რჩება. იამ იცოდა, რომ მარიამს გულით უყვარდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სინდისი ქენჯნიდა.

– აქ სულ მგონია, რომ ჩონჩხები გამოცვივდებიან კარადიდან – ეკა, ჩვეულებისამებრ, ხმაურით შემოვიდა სახლში: სად მივდივართ?

– საბურთალოს სასაფლაოზე.

– და იქ რა გვინდა? ბაბუა ხომ მუხათგვერდშია? – გაიკვირვა ეკამ.

– დედაჩემის, ანუ ბებიაშენის საფლავზე, – სევდიანად თქვა იამ.

– შენ აქ დაბოლდი? – გულწრფელად ჰკითხა ეკამ და იამ წერილი გაუწოდა, – აი, ეს ვიპოვე შემთხვევით.

ეკამ წერილი გამოართვა და წაიკითხა: ესე იგი, ჩვენ, რა, ნაბიჭვრები ვართ?

იას სიცილი აუვარდა:

– გამოუსწორებელი ხარ. ვერ გაიზარდე.

– გამოუსწორებელი ნაბიჭვარი ვარ, – ეკა ისეთ ხმაზე ახარხარდა, ჭერიდან ბათქაში ჩამოცვივდა.

სანამ სასაფლაოზე მივიდნენ, ეკამ ყველაფერი მოაგვარა: გადარეკ–გადმორეკა და საფლავის ადგილმდებარეობა გაიგო. მანამდე ეკლესიაშიც შეიარა და სანთლები იყიდა:

– გახსოვს, რა გითხრა იმ კაცმა, აი, მარნეულელმა, სანთელი აანთე და პატიება სთხოვეო.

– რა სისულელეს ამბობ, მე პატიება რისთვის უნდა ვითხოვო?

– ნუ, კაი, მაშინ, უბრალოდ, სანთელი აანთე, – შესთავაზა ეკამ.

– და ვინ გაგირკვია ასე უცებ ეგ ამბავი? – დაინტერესდა ია.

– ერთია, შენ არ იცნობ, – ეშმაკურად მოწკურა თვალები ეკამ და იამ შეიცხადა:

– კიდევ არ გათხოვდე, თორემ თავს მოვიკლავ!

– რა დროს სიკვდილია, დედა, ისეთი ტემპით ვითარდება პროცესები, არ გამოვრიცხავ, ანდერძით მილიარდი გველოდეს. აი, ნახე, თუ რაღაც ეგეთი არ მოხდეს. მე ნაღდად შენ გამაჩინე?

– კი, ნაღდად მე გაგაჩინე, თორემ აქამდე ასჯერ გაგაგდებდი სახლიდან, ისეთი აუტანელი ხარ.

– მითხარი, რომ საყვარელი გყავდა და მისგან გამაჩინე.

– გეყოფა ახლა, ცოტა სერიოზულად მოიქეცი. მე აქ ასეთი ტრაგედია მაქვს, – იას გული ამოუჯდა.

– ტრაგედია არა! რაც არის, არის, საინტერესო სიუჟეტია. მაინც ვერ შეცვლი, მსუბუქად მიუდექი!

იამ სიყვარულით შეხედა თავის ფუქსავატ შვილს, რომელიც, მიუხედავად მისგან შექმნილი უამრავი პრობლემისა, ყოველთვის უმსუბუქებდა ცხოვრებას.

სასაფლაოს ეკლესიასთან იას და ეკას ვიღაც, იასთვის უცნობი კაცი დახვდათ და საფლავამდე მიაცილა: ერთ ქვაზე ეწერა ლალი სიდამონიძე, მეორეზე – ლანა წერეთელი.

– ოჰო, თავადურიც გვირევია. – წამოძახა ეკამ, მაგრამ იას თვალებს რომ წააწყდა, მაშინვე გაჩუმდა.

– საწყალი დალი, – უცებ თქვა ეკამ.

– რატომ?

– რა რატომ? ნახე, როგორ ჰგავხარ?! – და მართლაც ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქვიდან იყურებოდა, იას გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა...

– ყველაფერი უნდა გავიგოთ, – სევდიანად თქვა იამ.

– ყველაფერს გავიგებ, დე, ყველაფერს... აუ, შეხედე, რა სიმპათიური ტიპია, რატომ აწერია გარდაცვალების თარიღად 1917 წელი?

– ეტყობა, პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა და სიმბოლურად გაუკეთეს საფლავი, – უთხრა იამ შვილს ისე, რომ არც მიუხედავს.

– შეხედე, რა, როგორი სიმპათიურია! – გაუმეორა თხოვნა ეკამ.

იამ მიიხედა და მოულოდნელობისგან შეჰყვირა – ფოტოდან ზუკა უყურებდა.

– ამ კაცის ამბავსაც გაიგებ, ვინაა? – სთხოვა შვილს.

– ამის ძვალიც აღარ იქნება, უკეთესს გიპოვი ცოცხალს, – ეკა იცინოდა, – ყველაფერს გაგიგებ.

იამ სანთელი აიღო, თავისი სიზმრების რაინდს სანთელი აუნთო და ჩაიჩურჩულა: არ ვიცი რისთვის, მაგრამ მაპატიე.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი