რომანი და დეტექტივი

დედის მსხვერპლი

№17

ავტორი: ნია დვალი 20:00 05.05, 2023 წელი

დედის მსხვერპლი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #13-16 (1164)

– ნუ გეშინია, არ მოკვდები, ყველას მოინელებ, მაგრამ შენ არ მოკვდები, – იას გაუკვირდა, როგორ თქვა ის, რის თქმაც ამდენი ხანია, უნდოდა.

– გესმის, რას მეუბნება ეს უმადური? – შესტირა დალიმ იოსებს, – და ეს მას შემდეგ, რაც მე მისთვის გავაკეთე.

– რა გააკეთე?! ყველა ზრდის თავის შვილს და ამაში გასაკვირი არაფერია.

– დიახ, თავის შვილს ზრდის, – ჩაილაპარალა დალიმ.

– შენ რატომ მობრძანდი? – ია ახლა უკვე ნოდოს მიუბრუნდა, – აქედან ვერაფერს წაიღებ, რადგან არ გეყო იმდენი კაცობა, ყველაფერი გეთქვა, ყველაფერი გადაწყდება კანონიერად. კანონით, ყველაფერი ჩემს სახელზეა. შენს ნივთებს, როგორც რქიანი ცოლი, არ გაძლევ, წადი და მიჩივლე. ახლა აქედან გამასწარი, სანამ პოლიციას დავურეკე!

– როგორ იქცევი? ეს მე მომკლავს, იოსებ და შენი ბრალი იქნება, – დალი ისევ დივანზე მიესვენა.

– ამ ქალთან როგორ იცხოვრე ამდენ ხანს? – ახლა მამამისს მიუბრუნდა ია, – ამ საშინელ ქალთან როგორ იცხოვრე, მამა?!

იოსები უხერხულად იღიმებოდა და იას სიყვარულით უყურებდა, მაგრამ არაფერს ამბობდა.

– დედა, მე აღარ მინდა შენთან ურთიერთობა, ყველაფერს გაგიკეთებ, არაფერი მოგაკლდება, მაგრამ შენი დანახვა აღარ მინდა!

– რას ჰქვია, არ გინდა? – უცებ გამოცოცხლდა დალი.

– რას და ამას. არ მინდა!

– მე შენ გაგზარდე, შენ ვალ...

– ძაღლიც ზრდის ლეკვებს. ვალდებულებებს შევასრულებ, მაგრამ ამით დასრულდება ყველაფერი. ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. მამაჩემს ვნახავ, თუ უნდა ჩემი ნახვა. შენ – არა. და მორჩი ჩემით მანიპულაციას!

– შენც დაბერდები, – ჩაისისინა დალიმ.

– აუცილებლად, თუ შენ აღარ გნახავ და არ მოგაშხამინებ ცხოვრებას, მაგრამ ვერაფრით დავბერდები, თუ შენ ისევ იქნები ჩემს ცხოვრებაში.

დალი ამას არ ელოდა და სახეზე ერთიანად წამოჭარხლდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა.

ნოდო კუთხეში იდგა და ადგილიდან არ იძვროდა. ხან იას უყურებდა, ხან – სიდედრს. ია ახლა მას მივარდა:

– ვერ გაიგონე, რა გითხარი? წადი აქედან და აღარ დამენახვო! არც შენი ნახვა მინდა.

– არც მე მინდა შენი ნახვა! – ნოდოს საკმაოდ მტკიცე ხმა ჰქონდა და სულაც არ ეტყობოდა უხერხულობა.

– ჰოდა, წადი. ერთი აზრი გვქონია. მართლა დავურეკავ პოლიციას და აქედან პოლიციის ძალით გაგაგდებ.

ნოდო ერთ ხანს ადგილზე იდგა, შემდეგ დალისკენ გაიხედა, თითქოს მისგან მხარდაჭერას ელოდებაო, მაგრამ დალიმ თვალები აარიდა. ამიტომ ერთხანს იწრიალა ადგილზე და გავიდა.

ოთახში სამნი დარჩნენ: ია და მისი მშობლები. ხმას არც ერთი არ იღებდა.

დალის ცუდად მყოფის აღარაფერი ეტყობოდა, თუმცა კრინტს არც ის ძრავდა, ბოლოს ისევ მან დაარღვია სიჩუმე:

– მესმის, რომ ცუდად მოუვიდა ნოდოს და ჩემზე იყარე ჯავრი, მაგრამ არა უშავს. ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი დალაგდება. მე და მამაშენი თქვენთან გადმოვალთ...

იამ წინადადების დასრულება არ აცალა:

– არ გესმის, რა ვთქვი?! არ მინდა შენი დანახვა, ყველაფერში ერევი, ტვინს ბურღავ, ბურღავ, ისე აუტანლად, რომ ოღონდ გაჩუმდე და ყველაფერს ვაკეთებ. შენ არ შემატენე ამ კაცს?! რა კონცერტები მოაწყვე, ჩემი სიკვდილი გინდაო... მე თვითონ ბებია ვარ უკვე, დამანებე თავი, ახლა მაინც დამანებე თავი! – ია უკვე ყვიროდა.

– წარმოგიდგენია, რას მაკადრებს, იოსებ? წარმოგიდგენია? – და დალიმ გულზე იტაცა ხელი.

– შენისთანებს გული არ უსკდებათ, ნუ გეშინია, – ამის გაგონებაზე დალიმ, თითქოს წითელი ნაჭერი აუფრიალესო, იფეთქა:

– ვისი შვილიც ხარ, ისეთი გამოხვედი, არამი იყოს შენზე ჩემი ამაგი, ძმრად ამოგდინდა, – ოთახში შემაწუხებელმა სიჩუმემ დაისადგურა. ეკაც კი გამოვიდა თავისი საძინებლიდან.

ია მამამისს მიუბრუნდა:

– რას ამბობს, მამა, ეს ქალი? – იოსები ერთიანად გაფითრდა, მაგრამ დუმდა.

იამ შეკითხვა გაუმეორა:

– მე თქვენი შვილი არ ვარ? სულ ვგრძნობდი ამას.

– რა სისულელეს ამბობ, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილი ხარ, – იოსები იას უყურებდა და ია ხედავდა, რომ მამამისის თვალები ჰქონდა.

– და თუ თქვენი შვილი ვარ, მაშინ რა თქვა ამ ქალმა? – იამ თითი დალისკენ გაიშვირა.

– იოსებ, მივდივართ! – მბრძანებლური ტონით წარმოთქვა დალიმ და წამოდგა.

– შენ სადაც გინდა, წადი, მაგრამ მამაჩემი არსადაც არ წამოვა.

– წამოვა! – გაიმეორა დალიმ და უცებ ბრახუნის ხმა გაისმა.

***

– აზრი აღარ აქვს გადაყვანას... – ახალგაზრდა თეთრხალათიანმა მამაკაცმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.

იას მამამისის ხელი ეჭირა და არ უშვებდა. ვერც ტიროდა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. დალი ერთხანს ეცადა, მიუხედავად მომხდარისა, თავისზე გადაეტანა ყურადღება, მაგრამ ია ყურადღებას არ აქცევდა და თავისდა სამარცხვინოდ, ფიქრობდა, რომ ერჩივნა, მამამისის ნაცვლად იმ დივანზე დედამისი წოლილიყო...

***

ია უცებ საშინელ სიზმარში აღმოჩნდა და გრძნობდა, რომ მთავარი სიზმარი ისევ წინ ელოდა. მაგრამ არ ჩქარობდა. იოსები დაასაფლავეს, დალის მხოლოდ სხვების დასანახავად სცემდა ხმას, როდესაც მარტო რჩებოდნენ, თითქოს ვერ ამჩნევდა მის არსებობას. ია, როგორც იქნა, გამოუტყდა თავის თავს, რომ დედამისი არ უყვარდა. უფრო იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მისთვის თავის მოწონებას ცდილობდა, დალი კი იათი მუდამ უკმაყოფილი იყო, სულ შენიშვნებს აძლევდა. ია ვერც იხსენებდა, რომ ოდესმე გულიანად მოფერებოდა, განსხვავებით მამისგან...

– იქნებ მართლა არ ვარ მათი შვილი? მაგრამ დალის ეკა რომ უყვარს?! – თავისთვის ფიქრობდა ია და პასუხებს ვერ პოულობდა.

ეკა ცოტა ხნით დალისთან გადავიდა, რა თქმა უნდა, დაჩისთან ერთად და დალიმ კიდევ ერთხელ იზეიმა გამარჯვება, იმით, რომ ია მარტო დატოვა.

იას არ ეშინოდა, მეტიც, ერთგვარად კმაყოფილიც კი იყო, რომ მარტო დარჩა – მომხდარს ეგუებოდა და ცდილობდა, მიეღო, როგორც მოცემულობა.

იმ დღეს ბებიამისის სახლში გადაწყვიტა მისვლა. კარგ ხანია, არ მისულიყო. კარი ჭრიალით გაიღო. იქაურობა მტვრით იყო სავსე. იამ ფანჯრები გააღო და მზის სხივებში მტვრის წვრილ-წვრილი ნაწილაკები ათამაშდა. ია სკამზე დაჯდა, ბებიამისის გადიდებული ფოტოს წინ. მარიამი იღიმებოდა. იამაც გაუღიმა და ასე ზეზეურად დაიძინა.

***

რომ გამოეღვიძა, მზე ისე აღარ ჭრიდა თვალს. ტელეფონს დახედა: საღამოს ექვსი საათი იყო.

– რამ დამაძინა? როდის იყო, დღისით ვიძინებდი? – გაუკვირდა თავისი თავის და იმ სიმძიმის, რომელიც გულზე აწვა. თითქოს გული კი არა, ქვა ედო მკერდში. ხელ–ფეხიც გაყინული ჰქონდა. სააბაზანოში შევიდა, სახეზე წყალს შევისხამო, მაგრამ სარკე აღარ ეკიდა. ისევ ოთახში შებრუნდა. ტელეფონი ამოიღო და ეკრანზე ზუკას სურათს დახედა. ცრემლები თავისით წამოუვიდა. უკვე შვიდი თვე გავიდა, რაც ზუკა აღარ იყო და ნეკამ არ იცოდა, როგორ ეცხოვრა. დასაფლავების შემდეგ მის სასაფლაოზეც კი არ ყოფილა. არ შეეძლო იქ მისვლა, იმიტომ რომ იქ, მიწის რამდენიმეტრიანი ფენის ქვეშ მისი საყვარელი სხეული იხრწნებოდა. ცრემლები თვალებიდან ღაპაღუპით ჩამისდიოდა და სახეს უწვავდა. ზუკა ძველ სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელსაც ბეტონის ძველი, დაბალი ღობისმაგვარით იყო შემოსაზღვრული. დასაფლავების დღეს ნეკა ბურანში იყო, ამიტომ გვერდითა საფლავის ქვაზე დაწერილი გვარი დაიმახსოვრა: ჯამასპიშვილი, რომ იოლად მიეგნო. ძალიან მოუნდა სასაფლაოზე წასვლა. თითქოს ზუკა ეძახდა. ტელეფონში მოძებნა სახელი „ჯონი“ და დარეკა.

– ჯონი, ნეკა ვარ. სასაფლაოზე მინდა წასვლა, მაგრამ მგონია, რომ ვერ მივაგნებ... არა, ხვალ არ მინდა, ახლა მინდა. კარგი, თუ ვერ მივაგენი, დაგირეკავ...

ნეკამ კარი გაიხურა და წავიდა. დიდხანს იარა საბურთალოს სასაფლაოზე, მაგრამ საფლავს ვერ მიაგნო, ამიტომ ისევ ჯონის დაურეკა:

– გარეთ გადი და გალავანს იქით რამდენიმე ახალი საფლავია. ერთ–ერთი ახლა კეთდება. აი, იმ საფლავიდან გადმოხედე გალავანს, გადმოითვალე სამი რიგი, ზუსტად იმ საფლავის გასწვრივაა, – აუხსნა ჯონიმ, მაგრამ დიდი ხანია, ვერავინ მივიდა, ზუკას ცოლს მანქანა არ ჰყავს და შეიძლება, დასალაგებელი იყოს, – ნეკა ვერ მიხვდა, რა საჭირო იყო ზუკას ცოლის ხსენება, მაგრამ არაფერი უთქვამს.

ისე მოიქცა, როგორც ჯონიმ უთხრა. გადათვალა სამი რიგი და თვალში მოხვდა ჩამონგრეული ბეტონი და აბიბინებული გამხმარი ბალახი. ზუსტად ამ დროს ჯონიმ დაურეკა:

– იპოვე?

– მგონი, კი, მაგრამ ეს უპატრონო საფლავია, – უთხრა ნეკამ.

– არა, დიდი ხანია, არავინ ყოფილა... თუ რამე დაგჭირდა, დარეკე, – ჯონიმ ტელეფონი გათიშა.

ნეკას გულისცემა გაუხშირდა. გალავანს ისევ მოუარა და საფლავის ძებნა დაიწყო. მართლაც აღმოჩნდა საფლავზე, რომელიც უპატრონოს ჰგავდა, სარეველები ისე იყო მოდებული, ბეტონი კი კიდევ უფრო ჩამონგრეულიყო. ნეკას მაინც იმედი ჰქონდა, რომ სხვა საფლავთან მივიდა და გაახსენდა, რომ მეზობელი საფლავის მიცვალებულის გვარი დაიმახსოვრა – ჯამასპიშვილი.

ეჭვი აღარ ჰქონდა, ის მიტოვებული საფლავი ზუკასი იყო. ნეკას ღონე გამოეცალა და ტირილი დაიწყო. თანდათან უმატებდა და ბოლოს მოთქმაზე გადავიდა. შეეცადა, ბალახები ამოეთხარა, მაგრამ ხელები დაუსისხლიანდა, თუმცა ტკივილს ვერ გრძნობდა. ტირილით რომ დაიღალა, ისევ ტელეფონი ამოიღო.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი