დედის მსხვერპლი
ავტორი: ნია დვალი 20:00 21.04, 2023 წელი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #13-14 (1162)
***
– დაგვაგვიანდება, ადექი, ამდენ ხანს რატომ გძინავს? – ია უცებ ვერ მიხვდა, სად იყო. ეკა ანჯღრევდა:
– რა უცხოდ მიყურებ? ვერ მცნობ? ხომ კარგად ხარ?
– უცნაური სიზმარი ვნახე. სიზმარში გამეღვიძა, – ია დაბნეული ჩანდა.
– ვინმე ნაშა დაგესიზმრა? – ეკას ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
იამ სახე აარიდა.
– ნუ იცი ამ სისულელეების თქმა! უცებ მოვემზადები. ბავშვი როგორაა?
– კარგად არის, დედა, კარგად! – მიაძახა ეკამ, – დროზე, გაინძერი.
ია ვერ ფხიზლდებოდა, იმიტომ რომ, რაც ნახა, იმას სიზმარს ვერ დაარქმევდა, იმდენად ცხადში ხდებოდა. უფრო ცხადიც კი იყო, ვიდრე დღევანდელი დილა.
– შენ რამე გჭირს და მიმალავ? – ეკამ დედამისს გამომცდელად შეხედა.
– არა, უბრალოდ, უცებ რომ გამაღვიძე, ჯერ კარგად ვერ გამოვფხიზლდი, – ია წამოდგა და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო, თან გამალებით ფიქრობდა:
– ნეკა, ვინაა ნეკა. რატომ ვიყავი ნეკა. ან ის ბიჭი ვინ იყო, ან რა დროს ჩემი ბიჭებია?!
ია თითქოს ისევ გრძნობდა სხეულზე მობჯენილ მზერას და ისევ უნდოდა დაძინება, იმ იმედით, რომ ისევ შეეხებოდა ის თვალები.
ია უცებ მოემზადა. მსუბუქად ისაუზმეს და ეკას მანქანაში ჩასხდნენ.
ია მანქანის ფანჯრიდან გზას ათვალიერებდა. ცაზე უზარმაზარი, თეთრი ღრუბლები ეფინა, მზე უკვე გვარიანად ანათებდა არემარეს და ღრუბლების თეთრ, გაცრეცილ ფენას შორის ეკა ორ მანათობელ წერტილს ხედავდა. უცებ შეეშინდა: „ნეტავ, არ გავაფრენდე“! – და გადაწყვიტა, სინამდვილეში დაბრუნებულიყო.
– რამდენს იღებს? – მოულოდნელად ჰკითხა შვილს.
– მე გპატიჟებ.
იას მეტი ხმა აღარ ამოუღია, გზას უყურებდა, ცისკენ ახედვის ეშინოდა. ამასობაში მაღალგალავნიან სახლსაც მიადგნენ. მანქანიდან გადავიდნენ და ზარი დარეკეს. ალაყაფის რკინის კარი შუა ხნის მამაკაცმა გაუღო. ეკამ რუსულად უთხრა რაღაც, ოღონდ იამ ვერ გაიგონა, რა. მამაკაცმა ხელით ანიშნა ორივეს რამდენიმესაფეხურიანი კიბისკენ და რაღაც კიდევ უთხრა ეკას. იამ ისევ ვერ გაიგონა, რა. მაგრამ კიბისკენ წავიდა და ასვლა რომ დააპირა, ეკამ სახელოზე დაქაჩა:
– ფეხსაცმელები გაიხადე და აქ დატოვე.
იამ გაპროტესტება სცადა, მაგრამ ეკამ თვალები გადაუბრიალა:
– გაიხადე!
– ნეტავ, როდის დაადგინა ამ ბავშვმა, რომ ჩემი უფროსია? – გაიფიქრა იამ და მორჩილად გაიხადა ფეხსაცმელი, რაც გვარიან დისკომფორტს უქმნიდა: ასე ეგონა, გაშიშვლდა, თუმცა ისიც იცოდა, რომ სხვის წესებს პატივი უნდა სცე და, ბოლოს და ბოლოს, ია მოვიდა ამ ადამიანთან სახლში, თან – საკუთარი ნებით.
სახლის კარი რომ შეაღეს. მამაკაცის ხმამ დამტვრეული რუსულით გამოსძახა: მარცხენა კარში.
ია და ეკა ჯარისკაცებივით ერთდროულად მიტრიალდნენ მარცხნისკენ. ოთახი იყო სუფთა, მაგრამ ჭრელი. კედელზე ხალიჩები ეკიდა, თუმცა იატაკი სისუფთავისგან პრიალებდა. ია ქალს ელოდა, ზუსტად ახსოვდა, რომ ეკამ უთხრა, ქალიაო, მაგრამ მათ წინ აშკარად კაცი იჯდა.
კაცმა სათვალის ზემოდან შეათვალიერა ორივე და სკამებისკენ მიუთითა. ეკა იას ხელით წაეხმარა და იმ სკამისკენ უბიძგა, რომელიც მაგიდის მეორე მხარეს, მასპინძლის სკამის პირისპირ იდგა. ია დაჯდა და თავი უხერხულად იგრძნო:
– ამასაც მოვესწარი! აქ რაღა მინდოდა? – მაგრამ უკვე გვიან იყო.
– სახელი, – მოკლედ ჰკითხა კაცმა.
– ია, – მოკლედვე უპასუხა იამ.
კაცმა რაღაცის ბუტბუტი დაიწყო იასთვის უცნობ ენაზე და თან მაგიდაზე გადაშლილ წიგნს ფურცლავდა. მერე უცებ გაჩერდა და ისევ ჰკითხა იას:
– შენი მშობლების შვილი ხარ ნამდვილად?
– ნამდვილად, – შეიცხადა იამ.
კაცმა თავი გადააქნია.
– არ მგონია, – და ისევ განაგრძო ბუტბუტი და წიგნის ფურცვლა. მერე ისევ შეჩერდა და იას ისევ ჰკითხა:
– ვინ მოკვდა, როდესაც დაიბადე?
– ბიძაჩემი, – უპასუხა იამ.
– არა, ქალი მოკვდა, ახალგაზრდა ქალი. გიცავს სულ, გიცავს, – და კაცმა ისევ ფურცვლა-ბუტბუტი გააგრძელა.
იამ დიდხანს იფიქრა, მაგრამ ვერანაირი ახალგაზრდა ქალი ვერ გაიხსენა.
– ვისი სახელი იწყება დ–დან?
– შვილიშვილის, – იას ხმაში შფოთი შეეტყო.
– ახლა სად არის? – დააზუსტა მობუტბუტე კაცმა.
– მეორე ბებიასთან და მამასთან.
– სასწრაფოდ წამოიყვანეთ და აღარ გაუშვათ. არასდროს აღარ გაუშვათ. ბავშვის წართმევა უნდათ, – იას გაეღიმა, მაგრამ არ შეიმჩნია, თვალწინ თავისი უდღეული ნასიძარი წამოუდგა.
კაცმა თითქოს იგრძნო, რომ ია არ უჯერებდა და უთხრა:
– ასე იქნება, თუ გინდა, ნუ დამიჯერებ.
იას სიწითლემ წამოუარა და თავი დახარა: რას წამოვპეტელდი თხასავით ამხელა ქალი.
კაცი ისევ ბუტბუტებდა და წიგნს ფურცლავდა:
– ვიღაცამ დაგწყევლა. ვერ ვხედავ, ჯადოა თუ არა. მაგრამ დაგწყევლა. სასაფლაოზე... – იას უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ არაფერი უთქვამს. კაცი ისევ თვალდახუჭული ფურცლავდა წიგნს:
– ამ ბოლო დროს გული ხომ არ მიგდის ხოლმე?
– კი, გუშინ დავკარგე გონება, – სპონტანურად უპასუხს იამ.
– რა ნახე? – ჰკითხა კაცმა და ისევ სათვალის ზემოდან შეხედა.
იამ მოყოლა დაიწყო. კაცი უსმენდა. მერე წიგნი დახურა და, რატომღაც, ეკას მიუბრუნდა:
– მე არ ვიცი, გამომივა თუ არა მოხსნა, სასაფლაოზეა რაღაც, იმ საფლავს ვერ ვიპოვით, მაგრამ წიგნი მეუბნება, რომ ნაცნობის საფლავია, ახლობლის საფლავი, ძალიან ახლობლის საფლავი. ვინ იქნება? კაცია. ახალგაზრდა კაცის საფლავია.
იამ მხრები აიჩეჩა, გონებაში თვალი გადაავლო თავის გარდაცვლილ ნათესავებს, ახალგაზრდა კაცი ვერავინ აღმოაჩინა ბიძამისის გარდა.
– ბიძაჩემი, გაუბედავად თქვა.
– არ არის ბიძაშენი. ბიძაშენი ნათესავია. ეს ნათესავი არ არის, მაგრამ მეზობელია.
იას ისედაც წესიერად არ ესმოდა კაცის რუსული, ამ ჩახლართულ აზრს კი საერთოდაც ვერ გაუგო თავი და ბოლო.
– უნდა იპოვო აუცილებლად და სანთელი აუნთო და უთხრა, რომ გახსოვს და გიყვარს და გაპატიოს.
– რა უნდა მაპატიოს ან რატომ მიყვარს? – გაუკვირდა იას.
– არ ვიცი, მაგრამ უნდა გაპატიოს, თორემ...
– თორემ რა? – დააზუსტა იამ.
კაცმა არაფერი უპასუხა. პატარა ფურცელი მოხია და არაბულად რაღაც დააწერა. მერე იას გაუწოდა:
– აი, ამას პირველივე სავსემთვარეობაზე დაწვავ, ფერფლს წყალში ჩაყრი და დალევ.
იამ ფურცელი გამოართვა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ მსგავსს არაფერს გააკეთებდა.
– ახლა, თუ რამე გაინტერესებს, მკითხე. – უთხრა კაცმა.
– არაფერი, დიდი მადლობა, – ია წამოდგა.
დედა-შვილი მასპინძელს დაემშვიდობა და სახლიდან გამოვიდნენ.
– დაჩიზე რა თქვა, გაიგონე? – ჰკითხა იამ ეკას.
ეკამ თავი დაუქნია.
– რამდენჯერ გითხარი, რომ ნუ უტოვებ.
– ბავშვი თვითონ გადაწყვეტს, რას გააკეთებს.
– ვინ გადაწყვეტს? სამი წლის დაჩი?! – აფეთქდა ია.
– დიახ, სამი წლის დაჩი.
– თუ არ გჯერა, რას მომიყვანე მაშინ? – შეუტია იამ.
– შენ რას იზამ? ვისზე ლაპარაკობდა, მიხვდი? – კითხვა შეუბრუნა ეკამ.
– აზრზე არ ვარ, – უთხრა იამ და ის-ის იყო, დააპირა, მოეყოლა, რა დაესიზმრა ღამით, მაგრამ გადაიფიქრა. შვილთან მსგავს თემაზე ლაპარაკი ეუხერხულებოდა.
– რა ჯადო, რის ჯადო? რა ბაბუაშენისა და ბებიაშენის შვილი არ ვარ?! – ვერ იყო ეგ კაცი და მე იმ რაღაცას არ დავწვავ და მით უმეტეს, ფერფლიან წყალს არ დავლევ.
– რატომ? – ჰკითხა ეკამ.
– რა, რატომ? აბა, მე რა ვიცი, ზედ რა წერია? თან – არის კი ქაღალდი სუფთა?! – აღშფოთდა ია.
– „არის კი ქაღალდი სუფთა?“ – ეკამ თეატრალურად გაიმეორე დედამისის ნათქვამი: რა ტიპი ხარ, რა... აბა, გული რატომ წაგივიდა?
– რა ვიცი მე. წამივიდა და ისევ მომივიდა. – გაბრაზდა ია, – ჩავიდეთ დროზე და ბავშვი წამოვიყვანოთ, – შესთავაზა შვილს.
– დაანებე თავი იმ ბავშვს, კარგადაა იქ, – არ დაეთანხმა ეკა, – და საერთოდაც, ნუ მერევი ხოლმე, მე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცევი.
– რა თქმა უნდა, შენ გადაწყვეტ, მაგრამ ხმის უფლება მეც ხომ მაქვს? – არ შეეპუა ია.
– არ გაქვს, – მოკლედ უთხრა იას.
– არ მაქვს და ნუ მაქვს, მარიამის სახლში წამიყვანე, რომ ჩავალთ, – იას, რატომღაც, ბებიამისის სახლში მოუნდა მისვლა. მარიამმა ბინა შვილიშვილს დაუტოვა და იას მისი გარდაცვალების შემდეგ იქ არაფერი შეუცვლია. ხანდახან მიდიოდა ხოლმე და იჯდა. მარიამს იხსენებდა: ბებიამისი ძალიან აკლდა და ენატრებოდა.
– იმ ბინას რატომ არ ყიდი ან აქირავებ? – კიდევ ერთხელ ჰკითხა შვილმა.
– არ ვიცი, მენანება. ასე მგონია, მარიამის სურნელი გაქრება.
– კარგი, რა, ის ხომ აღარ არსებობს უკვე?! – არ დაეთანხმა ეკა.
– შეიძლება, აღარ არსებობს, ის სხეული აღარ არსებობს, მაგრამ...
– რა მაგრამ?! რაში სჭირდება სულს ბინა, დედა?! რაში სჭირდება?! არ გადამრიო ახლა?!
– მართალი ხარ, შენ არ გადაირიო ოღონდ და... ისედაც გადარეული ხარ, – იამ გაიცინა.
***
გზაში მარიამის სახლში მისვლა გადაიფიქრა და თავის სახლში წავიდა. არავინ იყო და იამ გადაწყვიტა, დაესვენა, თუმცა იმასაც ვერ იტყოდა, რისგან იყო დაღლილი. უცნაური მარნეულელი კაცისგან წამოღებული ქაღალდის ნაგლეჯი საფერფლეში დაწვა და უნიტაზში ჩაუძახა.
მერე სავარძელში ჩაჯდა და მოდუნდა. ესიამოვნა სიჩუმე და სიმშვიდე, სანამ ეკა დაჩის მოიყვანდა, მაგრამ ამ იდილიამ დიდხანს არ გასტანა. ტელეფონს დახედა – ეკა რეკავდა.
– დედა, შეგიძლია, წახვიდე და დაჩი წამოიყვანო?
– იმ კაცის გლახას რატომ არ მოჰყავს? – იაში ყოფილმა, მაგრამ მაინც სიდედრმა გაიღვიძა.
– აუ, არ ვიცი, შეგიძლია? თუ არ შეგიძლია, დარჩეს ამაღამაც.
ეს გოგო არის პროფესიონალი მანიპულატორი! – თავისთვის გაიფიქრა იამ, მაგრამ ხმამაღლა შვილს დაეთანხმა: კაი, წავალ და მოვიყვან.
წასვლა ეზარებოდა, მაგრამ არც დაჩის დატოვება უნდოდა კიდევ ერთი ღამით, მაგრამ უცებ გადაიფიქრა და ეკას დაურეკა:
– მართალი ხარ, თუ გინდა, დატოვე, შენი შვილია და შენ გადაწყვიტე, – საკუთარი თავისგან ძალიან გაუკვირდა ასეთი სითამამე. სითამამე, იმიტომ რომ დღემდე არასდროს მიუცია თავისი თავისთვის უფლება, საკუთარ ნებაზე მიეშვა ეკა, ანუ დაერთო ნება, წაეტეხა კისერი, რომ ჭკუა ესწავლა.
იამ იცოდა, ვერ დაამტკიცებდა, მაგრამ ზუსტად გრძნობდა, რომ მისი ყოფილი სიძის ოჯახის წევრები დაჩიზე ზემოქმედებას ცდილობდნენ და მათ წინააღმდეგ განაწყობდნენ. იმასაც ხვდებოდა, ამას რომ ეკა გაიგებდა და აუცილებლად გაიგებდა, ადრე თუ გვიან, მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი ქარიშხალი დარტიალდებოდა და, ცხადია, ისევ იას დაბრალდებოდა.
– მაგრამ მე ეს არ მაღელვებს. მაინც მე მაბრალებენ. ჰოდა, ვიქნები ცოტა ხნით ცუდი, სამჯერ თუ გათხოვდა, ამაზეც აგოს პასუხი.
დიახ, რაოდენ უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, ეკა თავისი 27 წლის ასაკში უკვე სამჯერ იყო გათხოვილ–გამოთხოვილი, მაგრამ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდა, ნუმერაციით, მესამე ქმრისგან.
– რა საინტერესოა, ვის ჰგავს, ნეტავ? – გაიფიქრა იამ, – ვინმე გვეყოლებოდა ასეთი დიდი გულის პატრონი, – და თავადვე გაეცინა საკუთარ ფიქრებზე.
მისი ტელეფონი ისევ რეკავდა.
„ეს თუ ეკაა, მოვკლავ“, – გაიფიქრა.
არა, დიკა ურეკავდა:
– როგორ ხარ? მოსაკითხად დაგირეკე.
– კარგად, მშვენივრად ვგრძნობ თავს, – ხალისიანად უპასუხა დიკას, იმიტომ რომ, მართლაც, მშვენივრად გრძნობდა თავს.
– მარტო ხარ. ხომ? შენს სახლთან ვარ, ცოტა ხნით ამოვალ.
– კი, კი, ამოდი, – უთხრა იამ, თავისთვის კი გაიფიქრა, – რა იცის, რომ მარტო ვარ?
რამდენიმე წუთის შემდეგ დიკა უკვე ეკას ალაყაფის კართან იდგა და უხერხულად იშმუშნებოდა. იამ იფიქრა, ალბათ, ვახოსთან იკამათაო, ამიტომ შორიდან მოუარა:
– ვახოსაც უთხარი, შემოვიდეს, უხერხულია.
– მომაკითხავს, როგორც კი დავურეკავ, – უპასუხა დიკამ და ია მიხვდა, რომ დიკასა და ვახოს არ უჩხუბიათ.
– რამეს დალევ? – შესთავაზა სტუმარს.
– წყალს, თუ შეიძლება.
– როგორ არ შეიძლება, – იამ დიკა ვერანდაზე დატოვა და წყლის მოსატანად გავიდა.
დიკა სავარძელში ცმუკავდა, ბოლოს, როგორც ჩანს, მთელი ძალა და სითამამე მოიკრიბა და დაიწყო:
– არ ვიცოდი, როგორ მეთქვა შენთვის, არც ის მინდოდა, სხვას ეთქვა...
– თქვი, გისმენ, – ია იღიმებოდა და მეგობარს უყურებდა. გულში კი ფიქრობდა, რომ, ალბათ, ეკა მეოთხედ გათხოვდა და არ მითხრაო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან