რომანი და დეტექტივი

დედის გათვლა

№13

ავტორი: ნია დვალი 20:00 05.04

მოთხრობა
დაკოპირებულია

ლერი ნერვულად ათამაშებდა თითებს ძვირად ღირებული ქეისის ზედაპირზე. რეისი იგვიანებდა და მხოლოდ იმის შესახებ ფიქრობდა, რამდენი ხნით გადაიდებოდა ფრენა. მოგზაურობა უყვარდა, თუმცა მივლინებებს მოგზაურობებს ვერ დაარქმევდი, მაგრამ ლერი იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომლებსაც აქვთ უნარი, ყველაფერი სასიკეთოდ აღიქვან, რომ გუნება-განწყობილება არ გაიფუჭონ. ამიტომ, ეს გაუთავებელი მივლინებები, თუმცა თავად იყო შეფი, მისთვის პატარ-პატარა მოგზაურობები იყო. საკმაოდ კომფორტულად იჯდა კაფეში, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ გადაუღებლად წვიმდა. მაინც ამძიმებდა დროის ასე ფუჭად ფლანგვა. მით უმეტეს, რომ მიუნჰენში მისი ამჟამინდელი ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რაც ამინდმა გადაავადა, საკითხავი მხოლოდ ის იყო, რამდენი ხნით. ფინჯანი გვერდით მისწია და გონებაში კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი კონტრაქტს, რომელიც უკვე ზეპირად იცოდა. ამით ცოტა დრო მოკლა, მერე ისევ წვიმას გახედა.

ახლა ფიქრებით თავის ცოლს გადასწვდა: მისი ქცევა ამ ბოლო დროს უცნაურად ეჩვენებოდა. ქეთი თითქოს თავის თავს არ ჰგავდა. გაუთავებლად და გაუგებრად ლაპარაკობდა დედამისის ავადმყოფობის შესახებ, რომელიც სულ ახლახან გადმოიყვანეს საცხოვრებლად თავიანთი სახლის გვერდით, იმიტომ რომ ამ დრომდე უარს ამბობდა არათუ შვილთან და სიძესთან, არამედ მათ სიახლოვეს ცხოვრებაზეც კი. ნინელის არაფრის დიდებით არ უნდოდა თავისი პროვინციული ქალაქიდან გადმოსვლა, ჩემი ეზოს გარეშე მოვკვდებიო. ლერის ხშირად გაეფიქრებოდა ხოლმე: „შვილს ვერ ნახულობს და არ კვდება და ყვავილების უნახაობა რატომ მოკლავს?“ – ოღონდ, ცხადია, ეს ხმამაღლა არასდროს უთქვამს, იმიტომ რომ ქეთის განაწყენება არ უნდოდა.

საბოლოოდ, შვილმა ნინელი დაითანხმა და ლერიმ მას პატარა ეზოიანი სახლიც უყიდა, დამხმარე ქალიც დაუქირავა. ლერის სიდედრის გარეგნობით თუ ვიმსჯელებდით, ჯანმრთელობის პრობლემები არ უნდა ჰქონოდა, ამიტომ ლერის გაუკვირდა, როდესაც დღეს დილით, გამოფრენამდე ქეთიმ მასთან ეს საუბარი წამოიწყო.

– ლერი, ალბათ, ცოტა ხანს დედასთან მომიწევს გადასვლა, დაიჟინა, ქუთაისში უნდა ჩავიტარო გამოკვლევებიო.

– ქუთაისში რატომ? იქიდან აქ მოდიან და თქვენ იქით მიდიხართ? – გულწრფელად გაუკვირდა ლერის.

– ხომ იცი, როგორია?! დაიჟინა, იქ ნაცნობ ექიმთან უნდა მივიდეო. წინააღმდეგი ხომ არ იქნები? – მუდარით შეხედა ქეთიმ ქმარს და პატარა ფაიფურის ფიგურა ხელში ნერვულად აათამაშა.

ლერი აკვირდებოდა ცოლის ნატიფ თითებს და არაფერს პასუხობდა. უცებ ქეთის თითები გაეშალა, ფიგურა წკრიალით დაეცა იატაკს და ფაიფურის უამრავ ნაწილაკად დაიმსხვრა. ქეთი შეკრთა და უცებ ტირილი აუვარდა.

– ქეთუსია, რატომ ტირი?! ახალს ჩამოგიტან. ზუსტად მახსოვს, სად ვიყიდე, - ლერი ცოლთან მივიდა და მის გვერდით დაჯდა.

– ვიცი, მადლობა, მაგრამ სხვა რამ მაწუხებს. იქნებ დედაჩემს რაღაც ცუდი სჭირს და ვერ ვუშველით? – ქეთიმ ტირილს უმატა.

– ყველაფერს დავძლევთ, ნუ ნერვიულობ... აქ არ გამოვა, სხვაგან წავიყვანთ.

ლერი დილის მოგონებებიდან ქალის ხმამ გამოაფხიზლა, რომელმაც მგზავრებს ამცნო, რომ რეისი 926 ოთხი საათით გადაიდო. ლერიმ საათს დახედა და გაიფიქრა:

– მოვასწრებ სახლში მისვლას და ქეთისაც გავამხნევებ.

მძღოლთან დარეკვა გადაიფიქრა, იმიტომ რომ უფრო მეტი ხანი დასჭირდებოდა აეროპორტში მისასვლელად და ამიტომ ტაქსისკენ გაეშურა.

როდესაც სახლს მიუახლოვდა, შორიდანვე შეამჩნია ნაცნობი სილუეტი, აშკარად ქეთი იყო, საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა, პალტო გახსნილი ჰქონდა, ბერეტი რაღაცნაირად მოღრეცილად ეხურა და არეული ნაბიჯით მიდიოდა, თითქმის მირბოდა. აწვიმდა და არც ქოლგა ეჭირა. ლერიმ თავი ხელში აიყვანა, იმიტომ რომ გულში უსიამოვნო ეჭვმა გაჰკრა და ტაქსის მძღოლს უთხრა:

– გაჩერდი და ნელი სვლით, აი, იმ ყვითელპალტოიან ქალს გაჰყევი.

თავად კი შეეცადა, ისე დამჯდარიყო, რომ, თუ ქეთი მოიხედავდა, ვერ დაენახა. ქეთიმ, მართლაც, მოიხედა, მაგრამ უაზრო და გაყინული მზერა ჰქონდა. ერთ ხანს ლერი შეშფოთდა კიდეც:

– იქნებ დედამისს დაემართა რამე?!

ამ ეჭვში დიდხანს არ დარჩენილა, სიდედრის ტელეფონის ნომერი აკრიფა, ქალბატონმა ნინელიმ საკმაოდ მხნე ხმით უპასუხა. რადგან ფარული ნომრით დარეკა, ლერის ხმა არ ამოუღია და ტელეფონი გათიშა.

– დედამისთან არ მიდის, – დაასკვნა ლერიმ, თვითონაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ გრძნობდა, რომ ხდებოდა რაღაც, რის შესახებაც მან არაფერი იცოდა. ისევ ტელეფონი აიღო.

– გუგა, რეისი გადაიდო და კიდევ კარგი, რომ გადაიდო, ჩემი სიდედრი ძალიან ცუდად გახდა. შენ ყველაფერი იცი ამ კონტრაქტის შესახებ. დათოს უთხარი, ჩემი ბილეთები შენზე გადმოაფორმოს... ნაცნობი ჰყავს და არ გაუჭირდება. შენ კი მანქანაში ჩაჯექი, გზადაგზა გეტყვი, სად უნდა მოხვიდე, რომ საბუთები გადმოგცე... ძალიან კარგი, თუ ყველაფრის მეორე პირი გაქვს. რეისი სამ საათშია. მოასწრებ. პრემიას გამოგიწერ.

ლერიმ ტელეფონი გათიშა და მთელი ყურადღება ისევ თავისი ცოლის სილუეტს მიაპყრო. ლერი გრძნობდა, რომ ცოლისთვის არ უნდა დაეძახა, რომელიც ისევ სწრაფი ნაბიჯით სადღაც მიდიოდა. ლერიმ გადაწყვიტა, გაერკვია, რა ხდებოდა მის თავს.

***

საბალეტო სკოლის ზღურბლი ქეთიმ 4 წლის ასაკში გადააბიჯა. ნინელიმ საკმაოდ გვიან გააჩინა შვილი და მისი დაბადებიდან ოცნებობდა, როდის შეიყვანდა ბალეტზე. ამიტომ გულისფანცქალით ელოდა კომისიის ვერდიქტს.

როდესაც ქეთი სამშობიაროდან გამოჰყავდა, ექთანმა ბავშვი გახსნა და დედას შეახედა. ნინელიმ გაიკვირვა, ბავშვი ჭიაყელასავით იკლაკნებოდა და თავისდაუნებურად თქვა:

– რას ჰგავს? – რაზეც ექთანმა გაგულისებულმა უპასუხა:

– რას ამბობ, ნახე, როგორი კიდურები აქვს? ულამაზესი და გრძელი.

ნინელის არაფერი უთქვამს, მაგრამ გულში ვერაფრით ეთანხმებოდა ექთანს, იმიტომ რომ ვერაფერს მშვენიერს ვერ ხედავდა თავისი შვილის პატარა სხეულში, რომელიც ჩონჩხს უფრო ჰგავდა ოდნავ ხორცშესხმულს.

სამშობიაროდან სახლში დაბრუნებულებს არავინ დახვედრიათ და ნინელიმ სევდიანად მოავლო თვალი თავის სახლს, შემდეგ ქალშვილს დახედა, რომელსაც ტკბილად ეძინა და თავისთვის გაიღიმა:

– მაინც გამიმართლა, 40 წლის ასაკში პირველად დავორსულდი. მარტო არ დავბერდები.

შემდეგ ბავშვი აიყვანა, ლოგინზე დააწვინა და სამზარეულოში გავიდა. სიარული უჭირდა. ამიტომ წინასწარვე შეუთანხმდა მეზობელს, რომ ბავშვის მოვლაში დახმარებოდა. ნინელის ფული არ უჭირდა, იმიტომ რომ კარგი ბუღალტერი იყო, რეგიონში კი კარგი ბუღალტერი ფასობს. ამიტომ ნინელის საქმე თავზე საყრელად ჰქონდა, შესაბამისად, ფულიც.

ნელის არც დაუკაკუნებია, ისე შეაღო კარი:

– მომასწარით. სახლში მინდოდა, დაგხვედროდით. სად არის გოგო?

ნინელიმ ანიშნა, სძინავსო და საწოლისკენ მიუთითა. ნელი მიუახლოვდა ლოგინს:

– ფუ, რა ცუდი ხარ, – ჩაილაპარაკა და ისევ ნინელისთან გავიდა. სკამზე ჩამოჯდა, თვალები მოჭუტა და ჰკითხა:

– არ იტყვი, ვინაა მამა?

– რატომ უნდა ვთქვა? – არ სწყენია ნინელის, – ვისი რა საქმეა?

ნელიმ უკან დაიხია:

– არავისი. ისე ვიკითხე. მითხარი, მე რა გავაკეთო, შენ კი დაისვენე...

ახლა კი, იმ დღიდან ოთხი წლის შემდეგ, ნინელი კარის ჭუჭრუტანას იყო მიციებული და თვალს ადევნებდა, რა ხდებოდა შესარჩევ დარბაზში:

ერთი შუა ხნის ქალბატონი და ორი ახალგაზრდა ქალი წინა პლანზე წამოწეულ მაგიდებთან ისხდნენ. ცოტა ხანში ქეთიც გამოვიდა. მშობლები გადაწყვეტილებას ელოდნენ. ქეთი შეაქეს, მაგრამ ნინელის არ დაუმალეს, რომ ბავშვის ფიზიკური პარამეტრები არ შეესაბამებოდა მომავალი ბალერინას პარამეტრებს.

– თქვენს გოგონას მარჯვენა ფეხის პრობლემა აქვს, ყოველდღიურობაში პრობლემას არ შეუქმნის, მაგრამ ბალერინობა არ გამოუვა, ყველა პას ვერ შეასრულებს, რაც პრობლემაა, – ასაკოვანმა ქალმა კიდევ რამდენიმე უცხოტერმინიანი ფრაზა უთხრა ნინელის, საიდანაც მან ვერაფერი გაიგო, იმას გარდა, რომ მისი შვილი ვერასდროს გახდებოდა ცნობილი ბალერინა.

არადა დედა შვილს ბავშვობიდანვე მკაცრად ზრდიდა: არ აძლევდა უფლებას, ეჭამა ტკბილეული, ნამცხვარსა და შოკოლადზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, აიძულებდა, ბევრი ერბინა და ესეირნა, რომ წონაში არ მოემატა და მოესმინა კლასიკური მუსიკისთვის, რაც პატარა ბავშვისთვის, მართლაც, მძიმე ტვირთი იყო, მაგრამ ნინელის ეს არაფრად მიაჩნდა, ვინაიდან ის ამ დროს ოცნებობდა, როგორ გახდებოდა მისი შვილი მსოფლიოში აღიარებული პრიმა-ბალერინა, იმოგზაურებდა სხვადასხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ნინელისთან ერთად, რომელიც შვილის დიდების სხივებში ინებივრებდა. მაგრამ ნინელის ოცნებებს ცივი წყალი გადაესხა, ამიტომ ხასიათი გაუფუჭდა, თუმცა იხტიბარი მაინც არ გაიტეხა.

ნინელი არ აპირებდა, უარი ეთქვა თავის ოცნებებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც მოხუცმა ქალმა მისი შვილი დაიწუნა. მან ქეთი სამეჯლისო ცეკვების წრეზე მიიყვანა – ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ფულს უკავშირდებოდა, თუ იხდი, წრეზე სიარულს არავინ დაგიშლის. თან, იქ ქეთი არავის დაუწუნია.

გოგონას კი მართლაც აღმოაჩნდა სამეჯლისო ცეკვების ნიჭი. ყველაფერი გამოსდიოდა. პროვინციული ქალაქის სამეჯლისო ცეკვების წრეზე ვარსკვლავებს არ ზრდიდნენ და არც დიდი სცენისთვის ამზადებდნენ. მაგრამ მასწავლებელი იყო საოცრად დახვეწილი და პროფესიონალი, ამიტომ ის ქეთის დახვეწილსა და გრაციოზულ მოძრაობებს, მუსიკის აყოლას ასწავლიდა. ქეთი, რომელიც ნამდვილ ფერიას ჰგავდა, ამ გაკვეთილებს ნამდვილ ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავდა და რაც უფრო იზრდებოდა, მით მეტად უგებდა დედამისს, ვინც მას ბავშვობაში ტკბილეულის ჭამას უკრძალავდა და მისი მადლიერი იყო.

ნამდვილი ზღაპარი კი პრინცის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ ქეთისაც შეურჩია პედაგოგმა შესაფერისი „პრინცი“ – ლადო. ისინი საუკეთესოები იყვნენ, ყველა მათზე ლაპარაკობდა და ცოტ-ცოტაობით მათი შურდათ კიდეც, განსაკუთრებით, გოგონებს, იმიტომ რომ ბიჭები სამეჯლისო ცეკვებზე დიდი იშვიათობა იყო, ლადოსნაირი – მით უმეტეს. ქეთი და ლადო ზედმეტად კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს ცეკვისას და ზედმეტად მოხდენილად დასრიალებდნენ საცეკვაო მოედანზე.

ამასობაში ისინი დამეგობრდნენ და თუმცა სხვადასხვა სკოლაში სწავლობდნენ, გაკვეთილებს ერთად ამზადებდნენ. მათმა მშობლებმაც გაიცნეს ერთმანეთი და ეს ნაცნობობა ნინელის შემთხვევით არ გაუბამს ლადოს დედასთან.

– რაღაც ძალიან დაუახლოვდი ეთერს, – ნელიმ შეაპარასავით ნინელის.

– რისი თქმაც გინდა, პირდაპირ მითხარი, – შეუღრინა ნინელიმ, მით უფრო, რომ საკმაოდ უხეში ქალი იყო.

– რისი თქმაც მინდოდა, გითხარი, – არ შეეპუა ნელიც.

– უნდა დავუახლოვდე, აბა, არ უნდა დავუახლოვდე?! ქეთი მისი შვილისთვის კი არ გამიჩენია და ამდენი მიწვალია?!

– რას ამბობ? – შეიცხადა ნელიმ, – ბავშვები მეგობრობენ. თან, რა დროს მაგათი ისაა...

– რა ისააა?! რას მიედმოედები? – გაბრაზდა ნინელი, მაინც ფრთხილად უნდა ვიყო. ქეთი ჩემი ინვესტიციაა და სარფიანად უნდა დავაბანდო. შეხედე, რა ლამაზია?!

ნელიმ არაფერი უთხრა ნინელის, იმიტომ რომ ქეთი მისთვის მის ხელში გაზრდილი ბავშვი იყო და ნივთად არ აღიქვამდა. ამიტომ თავისთვის გაიფიქრა: „რა კაპუეტივით დედა ერგო ამ გოგოს“.

ნინელი ქეთის არაფერს აკლებდა და არც მოაკლებდა, ვინაიდან ამის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ მაინც ათი ყური და თვალი ჰქონდა გამოსხმული, რომ რამე არ გამოჰპარვოდა, თუმცა ქეთი ჯერ მხოლოდ 13 წლის იყო. თუ ქეთის ცნობილ ბალერინად გახდომა არ ეწერა, ნინელის მისი მომგებიანად გათხოვება უნდოდა, რომ, თუ შვილის დიდების სხივებში არა, მომავალი სიძის ქონებაში ენებივრა. ამ როლისთვის კი ლადო ნამდვილად ვერ გამოდგებოდა.

***

ნინელი ოთახში ქარიშხალივით დაჰქროდა და ყვიროდა, ქეთი კი სკამზე იჯდა თავჩაქინდრული:

– როგორ? როგორ? რა უტვინო ხარ? მთელი შენი კარიერა, მთელი შენი ცხოვრება შეაგდე სასწორზე. არა, დაინგრიე! დაინგრიე და რისთვის?! რისთვის?! ღმერთო, რატომ დამსაჯე ასე?! ხომ შეიძლებოდა, მეც ნორმალური შვილი მყოლოდა, როგორც... – აქ ნინელი გაჩუმდა, იმიტომ რომ უცებ ვერ მოიფიქრა, ვის ჰყავდა „ნორმალური“ შვილი, მაგრამ მაშინვე განაგრძო, – და ვისთან?! ვისთან?! ვიღაც მოცეკვავე პიჟონთან! – ნინელის უნდოდა, ქეთი ეცემა, დაესისხლიანებინა, ეტკინა მისთვის, მაგრამ იცოდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მაგრამ თავს ძლივს იკავებდა. თან, ცდილობდა, ხმამაღლა არ ეყვირა, რომ მეზობლებს არ გაეგონათ. ბრაზმა ისე მოიცვა, რომ ჭურჭლის მსხვრევა დაიწყო. რამაც ცოტა დაამშვიდა და გამოსავლის ძიებას შეუდგა.

– წავალთ და აბორტს გაიკეთებ. აბა, ტანს ხომ არ გაიფუჭებ ამ ვიღაც ნაბიჭვრის გამო?! – ნინელის ისევ წამოუარა ბრაზმა.

სინამდვილეში ნინელი ქეთიზე კი არ დარდობდა, არამედ თავის ოცნებებზე, რომლებიც თვალსა და ხელს შუა ემსხვრეოდა. მათ ბზარი პირველად ხომ მაშინ გაუჩნდა, როდესაც ქეთი ბალერინობისთვის დაიწუნეს, ახლა კი სრულიად გაქრობა ეწერათ.

– არა, ამას არ დავუშვებ, – შეპყრობილივით იმეორებდა ნინელი და თან ჭიქაში დამამშვიდებელ წვეთებს ისხამდა, ვინაიდან ხვდებოდა, რომ ამ მდგომარეობაში რაციონალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, მაგრამ რა რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მიეღო, როდესაც არასრულწლოვანს, მით უმეტეს, რომ ნაყოფი უკვე დიდი იყო, აბორტს არავინ გაუკეთებდა. მხოლოდ არალეგალურად თუ დათანხმდებოდა ვინმე, მაგრამ გართულების რისკიც იყო და ნინელის, თუმცა ძალიან იყო გაბრაზებული შვილზე, მისი ჯანმრთელობა მაინც აღელვებდა. გულახდილები თუ ვიქნებით, უფრო სიცოცხლე, მხოლოდ ცოცხალი ქეთი გამოდგებოდა ინვესტიციისთვის.

ქეთი გაუნძრევლად იჯდა სკამზე და ისევ სლუკუნებდა, ოღონდ არა იმიტომ, რომ დედამისი ყვიროდა და ეჩხუბებოდა, ლადოს რეაქციის გამო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი