რომანი და დეტექტივი

დედა–დედინაცვალი

№45

ავტორი: ნია დვალი 20:00 15.11

რომანი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #44 (1244)

***

მართალია, ოლიკო სულმოუთქმელად ელოდა, როდის შესთავაზებდა ილია მასთან გადასვლას, მაგრამ, როდესაც ამ ფაქტის წინაშე დადგა, უჩვეულოდ აღელდა. წამოწითლდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, უხერხულად მოძრაობდა, რაზეც ილიას ეღიმებოდა.

– ასაღელვებელი არაფერია, ამ შაბათ-კვირას ეს ამბავი მოვაგვაროთ. მე გამოგივლი და შენი ნივთები წავიღოთ... ნუ, ტანსაცმელი, – ოლიკომ თავი დაუქნია ილიას, იმიტომ რომ ხმის ამოღების ძალა, უბრალოდ, არ ჰქონდა.

ოლიკო შაბათს, დილით, ადრე ადგა, თუმცა ყველაფერი უკვე ჩალაგებული ჰქონდა. ღელავდა, იმიტომ რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა, რასაც ამდენი ხანია, ელოდა და რაზეც უდიდეს იმედებს ამყარებდა. მალიმალ უყურებდა საათს: ილიას ელოდებოდა. მაინც ვერ მოითმინა და დაურეკა:

– მალე მოხვალ? თითქმის ყველაფერი გავამზადე და უკვე შეგვიძლია... – ოლიკო თან ოთახებში დადიოდა და სუნთქვა უჭირდა, მაგრამ ილიამ შეაწყვეტინა...

ილიას არასდროს დაუმალავს, რომ ქალიშვილი ჰყავდა პირველი ქორწინებიდან. ოლიკომ დეტალები არ იცოდა, მაგრამ იცოდა, რომ გოგონა მამასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა და როდესაც ილიამ პირველად გააცნო მარიკუნას ოლიკო, ქალი მიხვდა, რომ მამა ქალიშვილს აღმერთებდა და ნებისმიერ ახირებას უსრულებდა. ამან ოლიკო ცოტა დაძაბა, თუმცა თავს იმშვიდებდა, რადგან გოგონას დედა არ ჰყავს, ბუნებრივია, მამა დედაც იყოს და მამაცო. მეორე მხრივ, ილიას არ უნდოდა ოლიკოს დაკარგვა, იმიტომ რომ ამ ქალთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა, რაც არასდროს უგრძნია თავის პირველ ცოლთან.

– რამე მოხდა? გადაიფიქრე? – ოლიკო შეეცადა, მეორე სიტყვა მხიარულად ეთქვა, მაგრამ არ გამოუვიდა.

– რა თქმა უნდა, არა. მე შენ ძალიან მიყვარხარ და დიდ პატივსაც გცემ, როგორც ადამიანს და მინდა, რომ ერთი ოჯახი გავხდეთ. უბრალოდ, მინდოდა, მეკითხა, შენ ხომ არ გადაიფიქრე. ხომ იცი, რომ ქალიშვილი მყავს...

სიჩუმემ დაისადგურა – ილია ოლიკოს პასუხს ელოდებოდა, ოლიკო კი ცდილობდა, მიმხვდარიყო, რატომ დაუსვა ილიამ ეს შეკითხვა მაინცდამაინც ახლა.

– ნუ ხარ ჩუმად, – დუმილი პირველმა ილიამ დაარღვია.

– ვერ ვხვდები, გადაწყვიტე, დამშორდე? თუ ფიქრობ, რომ შენი ქალიშვილი გადამაფიქრებინებს, ცდები, – ილოკოს ხმა უკანკალებდა, – მე შენ მიყვარხარ. მომეცი საშუალება, უკეთ გავიცნო მარიკუნა და ყველაფერი კარგად იქნება.

– მაშინ ორივენი მოვდივართ შენს წამოსაყვანად, – რიხიანად უთხრა ილიამ ოლიკოს და როგორც კი მობილური გათიშა, ქალიშვილის ოთახში შევიდა:

– მარიკუნა, შენ უკვე დიდი გოგო ხარ. მალე სკოლაში უნდა წახვიდე და ამიტომ მნიშვნელოვან თემაზე უნდა დაგელაპარაკო და გოგონა მუხლებზე დაისვა.

– მე უკვე დიდი ვარ და გისმენ, – მარიკუნამ თავისი წყლიანი, შავი თვალები მიაპყრო მამას.

– გახსოვს, მე რომ ოლიკო გაგაცანი? ერთად ვისეირნეთ იმ დღეს ზოოპარკში, მერე კინოში წავედით, ის ფილმი ძალიან მოგეწონა.

– მახსოვს, მერე?

– ოლიკოც ჩვენთან ერთად იცხოვრებს.

– რატომ იცხოვრებს? მე, შენ და ბებია კარგად ვართ.

– კარგად ვართ, მაგრამ ბებია ბაბუასთან უნდა წავიდეს, ტირის ბაბუა, მარტოა, მე და შენ ორნი ვართ და ოლიკო გემრიელ საჭმელებს გაგიკეთებს. გეთამაშება, მე რომ სამსახურში ვიქნები. მოდი, ვცადოთ, მოვიდეს ოლიკო. ვიცი, რომ ძალიან მოგეწონება.

გოგონა ჯერ დუმდა, შემდეგ კი დაეთანხმა:

– ვცადოთ.

ილია და მარიკუნა ოლიკოსთან მივიდნენ და ერთად ჩამოზიდეს ბარგი. როდესაც სახლში მივიდნენ, მარიკუნამ საწყალი სახით შეხედა მამას:

– მამიკო.

– რა იყო, საყვარელო?

– შენ ხომ მეუბნებოდი, რომ ყოველ შაბათ-კვირას პარკში ვისეირნებდით. ახლა შაბათია და ჩვენ არ ვსეირნობთ, – მერე ოლიკოს მიუბრუნდა, – შენ გამო მამიკომ მომატყუა.

– არ მოუტყუებიხარ, – ოლიკო გოგონას დამშვიდებას შეეცადა, – წინასწარ ხომ არ იცოდა, რომ დღეს ეს მოხდებოდა?!

მაგრამ ბავშვმა ისეთი ზიზღით შეხედა, რომ ოლიკოს გული შეეკუმშა.

– მამიკო, მამიკო, მე და შენ წავიდეთ პარკში, ძალიან გთხოვ, გემუდარები. ცოტა ხნით მაინც. ცოტას ვითამაშებ და ამოვიდეთ.

– ვერასდროს ვერაფერზე გეუბნები უარს. კარგი, წავიდეთ, – გოგონა მამას ყელზე შემოეხვია.

– ოლი, შენ ხომ მოახერხებ მარტო? – ჰკითხა ილიამ ოლიკოს.

– რა თქმა უნდა, პატარა ქალბატონის სიტყვა კანონია, – ოლიკომ გაიღიმა, მაგრამ ნათლად იგრძნო, რომ ბავშვთან დამეგობრება ასე იოლი არ იქნებოდა.

ოლიკომ მაშინვე შენიშნა, რომ პატარა გოგონა ილიას ისე ათამაშებდა, როგორც მოესურვებოდა, ატყუებდა, მანიპულირებდა და აშკარად მტრულად იყო განწყობილი ოლიკოსადმი.

„ჯერ მხოლოდ 5 წლისაა და რომ გაიზრდება, მერე რა მოხდება?“ – ფიქრობდა თავისთვის, მაგრამ არაფერს იმჩნევდა.

***

ამასობაში ორი წელიც გავიდა.

– მარიკუნა, არ ისაუზმებ? – სამზარეულოდან გასძახა ოლიკომ გოგონას, – მოდი ჩქარა, თორემ სკოლაში დაგვაგვიანდება.

– არ მინდა ჭამა, – ბურდღუნითა და უკმაყოფილო სახით შევიდა მარიკუნა სამზარეულოში, – მე მარტო მამიკოს ვუჯერებ. შენ დედაჩემი არ ხარ.

– დედაშენი არ ვარ, მართალი ხარ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ არაფერი მოგაკლდეს და ყველანი კარგად ვიყოთ. მითხარი, რა გავაკეთო, რა გესიამოვნება? ხომ ხედავ, როგორ ვცდილობ, გასიამოვნო? – დაუყვავა ოლიკომ ბავშვს.

– სკოლაში მაგვიანდება, – შეუღრინა ბავშვმა და სამზარეულოდან გავიდა. ოლიკო უკან გაჰყვა. მთელი გზა არც ერთს ხმა არ ამოუღია. ორივენი ფიქრობდნენ.

„ჰო, დედამისი არ ვარ, მაგრამ ნუთუ ვერ ხედავს, როგორ მიყვარს და როგორ ვზრუნავ მასზე?! ილიაც ბრაზდება ჩემზე, რომ მარიკუნა ჩემით უკმაყოფილოა. არცერთხელ ჩემ მხარეს არ დამდგარა, არც კი აინტერესებს, რატომ მეჩხუბება ბავშვი, – ფიქრობდა ოლიკო, – თითქოს ილიაც შეიცვალა. საერთოდაც, რას ვაკეთებ ამ სახლში?! ხომ არ ჯობია, თავი დავანებო იმის მტკიცებას, რომ ორივე მიყვარს და წავიდე?!“

„ვერ ვიტან ამ ქალს, ვერ ვიტან! ნეტავ გაქრებოდეს და მე, მამიკო და ბებია ისევ ერთად ვიცხოვრებდეთ! მამიკო სულ ამას უჯერებს“, – პატარა გოგონა მტრულად გახედავდა ხოლმე ოლიკოს, – ძალიანაც კარგი, რომ უკვე ვიცი კითხვა და უჯრაში ვნახე თინა ბებოს დაწერილი მისამართი, სადაც ჩემი დედიკო ცხოვრობს. ჩემი დედიკო იმიტომ არ მოდის, რომ აქ ეს ქალია. ამიტომ მე წავალ ჩემს დედიკოსთან. სახლში მოვიყვან და სამივენი ერთად ვიცხოვრებთ.

მარიკუნა ერთი კვირის განმავლობაში ამუშავებდა გეგმას, როგორ ენახა დედა. მობილურ ტელეფონში დაადგინა, თუ როგორ მისულიყო მასთან. ოლიკოს კი ჯიბეებიდან ფული ამოაცალა. ხურდებს იღებდა და 10 ლარამდე მოაგროვა.

– მარიკუნა, დღეს სკოლიდან ჯული ბებო გამოგიყვანს, თავისი შვილიშვილიც უნდა გამოიყვანოს და სახლში ერთად წამოხვალთ.

– კარგი, – უთხრა ბავშვმა და ისე გადავიდა მანქანიდან, რომ ოლიკოსთვის არც კი შეუხედავს.

„წაეთრევა და მაშინვე ჩემს დედიკოსთან წავალ“, – გაიფიქრა ბავშვმა, კიბეზე რომ ავიდა, დაიმალა. შემდეგ გამოვიდა, შეათვალიერა გარემო, რათა დარწმუნებული, რომ ოლიკო წავიდა. სკოლის ეზოდან გამოვიდა და ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდა.

სახლს ადვილად მიაგნო, გამვლელებმა მიასწავლეს. მესამე სართულზე ფეხით ავიდა და კარზე დააკაკუნა. გული ისე უცემდა, ეგონა, საცაა, ამომივარდებაო.

კარი ძალიან შემაშინებელი გარეგნობის კაცმა გააღო და მარიკუნამ უცებ უკან დაიხია.

– ვინ ხარ? – ჰკითხა ბავშვს.

– მე მარიკუნა ვარ, ინგასთან მოვედი. ინგა კონცელიძესთან.

– შემო, – უცნაური გარეგნობის კაცი ოთახში შევიდა, კარი კი ღია დატოვა. მარიკუნამ გაუბედავად შეაბიჯა ბინაში და შემოსასვლელში დადგა.

ოთახიდან ერთხანს უცნაური ხმები გამოდიოდა. რაღაცები იატაკზე ცვიოდა, თითქოს სკამებსაც გადააადგილებდნენ. როგორც იქნა, ოთახიდან გამოვიდა ქალი, რომელიც ძალიან ჰგავდა იმ კაცს, რომელმაც მარიკუნამ კარი გაუღო გამხდარი იყო, თვალის ამოშავებული უპეებითა და დიდი ზომის დახვრეტილი ზედატანი ეცვა.

გოგონამ უნებლიეთ ისევ უკან გადადგა ნაბიჯი – ამის დანახვას არ ელოდა.

– შენ მეძებ? ვინ ხარ? რა გინდა? – ჰკითხა ბავშვს და დაამთქნარა.

– მე მარიკუნა ვარ, – ჩაილაპარაკა გოგონამ.

– რომელი მარიკუნა? – ჰკითხა თმაგაწეწეილმა ქალმა გოგონას და ამჯერად ამოაქარვა.

– შენი შვილი, – ისევ ჩაილაპარაკა გოგონამ.

– ვაა, რამხელა გაზრდილხარ. – უსიამოვნო ხმით გაიცინა ინგამ, – ყოჩაღ შენ. შემოდი ოთახში, მანდ რატომ დგახარ?

გოგონა გაუბედავად დაიძრა ადგილიდან. ინგამ ბავშვი ჭუჭყიან სავარძელზე დასვა და თვითონ მეორე ოთახში გავიდა.

– შენ აქ დამელოდე. მალე მოვალ.

მარიკუნამ ოთახს მოავლო თვალი და კიდევ უფრო დაითრგუნა: ირგვლივ უწესრიგობა და სიბინძურე სუფევდა. ტანსაცმელი და ნივთები იყო მიმოყრილი, იატაკიც გაშავებულიყო. მეზობელი ოთახიდან ლაპარაკის ხმა ისმოდა, მაგრამ მარიკუნა სიტყვებს ვერ არჩევდა. შიგადაშიგ ყვიროდნენ კიდეც და გოგონას ძალიან შეეშინდა. ამიტომ ადგა და გადაწყვიტა, მეორე ოთახში შეეხედა, სადაც დედამისი შევიდა. კარს მიაწვა, მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა.

ამ დროს კი ოლიკო ოთახიდან ოთახში დარბოდა, სრულ პანიკას მოეცვა, ვინაიდან მეზობელმა უთხრა, რომ დღეს მარიკუნა სკოლაში არ ყოფილა.

– სად უნდა იყოს?! სად უნდა წასულიყო? – ხმამაღლა ყვიროდა გამწარებული ქალი და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა სახეზე. ბავშვის ოთახში შევარდა, იმ იმედით, რომ იქ რამეს ნახავდა, – ყველა ნივთი ადგილზეა, ყულაბაც ხელუხლებელი!

ბოლოს მარიკუნას სამეცადინო მაგიდას მივარდა და უჯრები ამოყარა. ყველაფერი ამოატრიალა, პატარა ზარდახშაც გახსნა და ქაღალდის ნაგლეჯი იპოვა, რომელზეც მისამართი ეწერა და ოლიკომ მეექვსე გრძნობით იგრძნო, სად შეიძლებოდა, ყოფილიყო ბავშვი.

– რა თქმა უნდა, დედამისის საძებნელად წავიდა. ღმერთო, რა საშინელებაა, – წამოიძახა ხმამაღლა და მაშინვე ილიას დაურეკა. ხაზი დაკავებული იყო, ოლიკო გაუჩერებლად რეკავდა, მაგრამ ილია არ პასუხობდა...

***

– რატომ მირეკავ ან ჩემი ტელეფონის ნომერი საიდან გაიგე? – ილიას არ ესიამოვნა ყოფილი ცოლის ხმის გაგონება.

– ამჯერად მომისმენ, თუ გინდა, რომ ქალიშვილი ოდესმე ნახო.

– ისევ კაიფში ხარ?! რა სისულელეებს ბოდავ!

– არაფერსაც არ ვბოდავ. შენი ბინა გადმომიფორმე, დღესვე! დღეს საღამოსვე დაცალე და ბავშვს დაგიბრუნებ, თუ არადა ცხოვრებაში ვერასდროს ნახავ, – ქირქილებდა ინგა.

– არ გაბედო და ბავშვს რამე არ დაუშავო, თორემ ჩემი ხელით მიგახრჩობ, – ილია გაცეცხლდა.

– მორჩი, რა! დროზე წადი იუსტიციაში და გოგოს წაიყვან. ნუ მეკაცები! თუ პოლიციას მოიყვან, შენს თავს დააბრალე. საღამომდე გელოდები, – ეს თქვა ინგამ, ტელეფონი გათიშა და გამორთო.

ილია გახევებული ჩაჯდა სავარძელში, წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ინგა სრულ ჭკუაზე არ იყო, ამიტომ თავისუფლად შეიძლებოდა, ბავშვისთვის რამე ევნო. ბინის გადაფორმება ყველაზე ნაკლებ პრობლემად მიაჩნდა, მაგრამ დღესვე რომ არ მიეცა ბანკს?! ფიქრები ისეთი სისწრფით უტრიალებდა თავში, რომ ყურადღების კონცენტრირებას ვერ ახერხებდა.

ოლიკო კი ინგას სახლისკენ მიჰქროდა და სახლს რომ მიუახლოვდა, დაინახა, რომ ატირებულ მარიკუნას ვიღაც კაცები მანქანაში სვამდნენ.

– ოთხნი არიან, არა უშავს, უკან გავყვები და პოლიციასაც გამოვიძახებ. ოლიკო მანქანას აედევნა. მანქანა თბილისს გასცდა და ჩამონგრეულ სახლთან გაჩერდა. ერთი კაცი გადავიდა და ბავშვი სახლისკენ წაიყვანა. შემდეგ მანქანა დაიძრა და წავიდა. ოლიკომ ტელეფონი ამოიღო და ილიას დაურეკა:

– ვიცი, სადაც მიიყვანეს ბავშვი, ჩაგიგდებ ადგილმდებარეობას. მე აქ ვარ. პოლიციაშიც დარეკე სასწრაფოდ. ერთი კაცი დარჩა. დანარჩენები წავიდნენ.

– ოლი, არაფერი მოიმოქმედო. დამელოდე. მე მალე მოვალ. გესმის ჩემი? – ყვიროდა ილია ტელეფონში და, თან, მანქანისკენ გარბოდა.

– ესე იგი, ერთი დარჩა, ერთს კი მოვერევი, – გაიფიქრა ოლიკომ და გარშემო მიმოიხედა. მიწაზე ხის სქელი, დიდი ტოტი ეგდო. აიღო, ხელში კარგად მოიმარჯვა და ფეხაკრეფით მიუახლოვდა სახლს. ჯერ ფანჯარაში შეიხედა, საიდანაც სინათლე გამოდიოდა. მარიკუნა სკამზე იჯდა მოკუნტული, საფრთხობელასავით კაცი კი ცდილობდა, ღუმელი აენთო.

ოლიკო კარს მიუახლოვდა და დააკაკუნა. თავად კი დაიმალა. კაცმა გამოიხედა, ვერავინ რომ ვერ დაინახა, შებრუნდა. ოლიკომ ისევ დააკაკუნა და დაიმალა. კაცი ისევ გამოვიდა, ამჯერად კარს მოშორდა, ოლიკომ იმარჯვა და თავში ხის მორი ჩაარტყა. შემდეგ სახლში შევარდა:

– მარიკუნა, სად ხარ, მარიკუნა?!

– დედა, დედა, აქ ვარ, მე ვიცოდი, რომ შენ მოხვიდოდი. ისე შემეშინდა. ძალიან შემეშინდა, მაგრამ ვიცოდი, რომ შენ მიპოვიდი, აუცილებლად მიპოვიდი.

პატარა გოგონა მთელი ტანით მიეკრო ოლიკოს. ოლიკომ ჩაიმუხლა და ბავშვი ჩაიხუტა. გოგონა კიდევ რაღაცებს ამბობდა, მაგრამ ქალს აღარაფერი ესმოდა. ეხუტებოდა და იმეორებდა:

– ჩემი პატარა გოგო, ჩემი პატარა გოგო...

სახლი მანქანის ფარებმა გაანათა და ოთახში ილია და პოლიციელები შემოცვივდნენ. ოლიკო და მარიკუნა იატაკზე ისხდნენ ერთმანეთს გადახვეულები, იქვე კი ხის ტოტი ეგდო. ილიამ ამოისუნთქა და ადგომაში დაეხმარა.

– ხომ არაფერი დაგიშავეს? – ილია ხან მარიკუნას ათვალიერებვდა, ხან – ოლიკოს.

– არა, მამიკო, ჩვენ კარგად ვართ. დედიკომ გადამარჩინა, – მარიკუნამ ოლიკოს შეხედა, რომელსაც ბედნიერებისგან გაცისკროვნებულ სახეზე ისევ ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა