რომანი და დეტექტივი

დედა–დედინაცვალი

№44

ავტორი: ნია დვალი 20:00 08.11

დედა-დედინაცვალი
დაკოპირებულია

– მარიკუნა, შენს ოთახში შედი და ითამაშე, კარგი? – სიყვარულით უთხრა ილიამ თავის 5 წლის გოგონას და როდესაც ბავშვი ოთახიდან გავიდა, კარის გასაღებად წავიდა. კართან მისი ყოფილი ცოლი იდგა. ილიამ ბინის კარი ისე გამოიხურა, რომ ბოლომდე არ დაუკეტავს.

– რისთვის მოხვედი? რა სერიოზული სალაპარაკო შეიძლება, გქონდეს ჩემთან? შვილზე მაინც იფიქრე, რას ჰგავხარ? რატომ არცხვენ? – ხმადაბლა, მაგრამ ზიზღნარევი, მტკიცე ხმით უთხრა ილიამ ინგას.

– ოჰ, როგორი მკაცრები ვართ?! – გადაიხარხარა ინგამ, – – იქნებ ქალიშვილის სანახავად მოვედი? – უთხრა ყოფილ ქმარს და უტიფრად გაიწია კარისკენ, რომ ბინაში შესულიყო.

– არ გაბედო, თორემ აღარ გავითვალისწინებ, რომ ქალი ხარ და კიბეებზე დაგაგორებ. ჩაიხედე სარკეში, სანამ აქ მოხვიდოდი?! ბოლოს როდის გაიყნოსე? ერთი საათის წინ? ორი-სამი საათის წინ? ბავშვს აღარ ახსოვხარ. არავინ ხარ მისთვის. თან, ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდით. შენ ფული აიღე და გაქრი.

– როგორი მამიკო გამხდარხარ?! სამაგალითო, – იქედნურად ჩაილაპარაკა ინგამ. შემდეგ წელში გასწორდა, როგორც მოახერხა და განაცხადა:

– ფული მჭირდება.

– და მე რა შუაში ვარ?! – გაიკვირვა ილიამ.

– იმ შუაში ხარ, რომ... ხომ გინდა, ბავშვი არ შევარცხვინო?! ფული მომეცი და ისევ გავქრები.

– ანუ ყოველ ჯერზე, ფული რომ შემოგაკლდება, მოხვალ და მე მოგცემ?! კარგად აგიწყვია ცხოვრება. ადამიანს დაემსგავსე, თავი წესრიგში მოიყვანე და მერე ვილაპარაკოთ.

– აუ, ნუ დაიწყე შენებურად. მართლა მჭირდება ფული... ძალიან. ვალი მაქვს ძალიან სერიოზული ხალხის. მემუქრებიან, თუ არ გადავუხდი... – ინგამ საწყალი სახე მიიღო.

– ბარიგები გეძებენ?! აქ აღარ მოხვიდე. დაივიწყე ამ ბინის მისამართი და ჩვენც. მართლა დაგიშვებ კიბიდან. გაქრი ახლავე!

ინგა დამდუღრულივით გამოვარდა სადარბაზოდან:

– არ გაიხაროს! ძუნწი! ყოველთვის ძუნწი იყო ეს... – და ბილწად შეუკურთხა ყოფილ ქმარს.

***

ილია სახლში შევიდა და სამზარეულოს მაგიდასთან დაჯდა. ცდილობდა, დამშვიდებულიყო. საცხოვრებელი ბინა შეიცვალა, რადგან იცოდა, რომ ინგა თავს არ დაანებებდა. არ უნდოდა, მარიკუნას გული სტკენოდა. გოგონა დედას არასდროს ახსენებდა და ილია დარწმუნებული იყო, რომ ბავშვს აღარ აწუხებდა ის ამბავი, რომ ყველას ჰყავდა დედა, მის გარდა. ინგამ ბავშვის დაბადებიდან ერთ კვირაში განაცხადა, რომ ასეთი ცხოვრება არ შეეძლო, ჩაალაგა თავისი ტანსაცმელი და ნივთები და წავიდა.

ილია მოვლენების ასე განვითარებას არ ელოდა და მომხდარი მისთვის სრული შოკი აღმოჩნდა. ვერც თავის მშობლებს უთხრა ვერაფერი, იმიტომ რომ ისინი შვილს არჩევანს არ უწონებდნენ, ილიას კი მაშინ არაფრის გაგონება არ უნდოდა.

ამიტომ, როდესაც ინგა წავიდა, ილიას მშობლებისთვის არაფერი უთქვამს. მით უმეტეს, რომ რაიონში ცხოვრობდნენ და პირველ ხანს მათთვის სიმართლის დამალვა არ გასჭირვებია. თან, გულის სიღრმეში იმედოვნებდა, რომ ინგას მშობიარობისშემდგომი დეპრესია დაემართა, რომელიც გაუვლიდა, შვილი მაინც მოენატრებოდა და დაბრუნდებოდა. იმდენად იყო დარწმუნებული თავის მოლოდინში, რომ მშობლებიც მოატყუა, თითქოს რამდენიმე თვით უცხოეთში მიდიოდნენ. იძულებული იყო, ტყუილი ეთქვა, ვინაიდან დედამისს შეატყო, რომ მათთან უნდოდა გადასვლა. რაკი ინგას დედა არ ჰყავდა, რძალს რომ მიხმარებოდა.

– რა უნდა დაშავდეს ჩემი ჩამოსვლით? ინგას მივეხმარები, ბავშვის მოვლაშიც, სახლის მოვლაშიც, ცოდვაა, – ილიას დედა ღონეს არ იშურებდა, რომ შვილი დაეყოლიებინა, მაგრამ ილია შეუვალი იყო.

– ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ დამოუკიდებლად ვიცხოვრებდით? დედა, რატომ ართულებ? – დედამისმა ვერაფრით მოახერხა შვილის სიჯიუტის გატეხვა, თუმცა გულს კინაღამ შემოეყარა, რომ გაიგო, რომ რძალსა და შვილს მისი შვილიშვილი რამდენიმე თვით უცხოეთში მიჰყავდათ, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, შეეგუა.

ის პირველი ღამე, როდესაც ილია ჩვილ ბავშვთან ერთად მარტო დარჩა სახლში, არასდროს ავიწყდებოდა: შიშმა შეიპყრო. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა. არც არავისთან დარეკვა არ უნდოდა რჩევისთვის მაინც, იმიტომ რომ მის არჩევანს არავინ იწონებდა და თუმცა დარწმუნებული იყო, საყვედურს არავინ ეტყოდა, მან ხომ იცოდა, რომ გულში ყველა მას ამტყუნებდა?!

ჩვილს ეძინა, თითქოს გრძნობდა მამის შფოთვას და არ აწუხებდა. ილიას ერთ ხანს ეჭვიც კი შეეპარა, რომ მარიკუნა არ სუნთქავდა. ვერც უახლოვდებოდა, რომ გულზე ხელი დაედო მისთვის და გულისცემა გაესინჯა. ერთხანს იწრიალა, შემდეგ კი პაწია ცხვირთან სარკე მიუტანა: სარკე დაიორთქლა და ილიამაც ამოისუნთქა.

ინგას რძე არ ჰქონდა. უფრო ზუსტად, გაიშრო, ამიტომ ილიამ იცოდა, როგორ უნდა მოემზადებინა ხელოვნური საკვები. ყველაფერი გაამზადა და მარიკუნას საწოლთან ჩამოჯდა. ელოდებოდა, როდის გაიღვიძებდა ბავშვი...

***

უკვე მოგვიანებით, ილიამ ნაცნობებისგან შეიტყო, რომ ინგა თავის სახლში, მამასთან და დედინაცვალთან არ დაბრუნებულა. თავის მეგობართან ერთად ცხოვრობდა. დიდხანს იხსენებდა ილია ინგას მეგობარს და, ბოლოს, როგორც იქნა, გაიხსენა საკმაოდ გამომწვევი ჩაცმულობის ახალგაზრდა ქალი – ლალი, რომელიც უცნაურად იქცეოდა მათ ქორწილში. ილიას მაშინვე გაუჩნდა ეჭვი, რომ ლალი ფხიზელი არ იყო, ოღონდ მაშინ ეს ალკოჰოლს დააბრალა...

კიდევ უფრო მოგვიანებით, ილიას ჩააწვეთეს, რომ ინგა ღამის კლუბების ხშირი სტუმარი გამხდარიყო და ილია მაშინვე მიხვდა, რატომ იყო არაფხიზელი ლალი. მართალია, ყველა ერიდებოდა ილიასთან ინგაზე ლაპარაკს, მაგრამ ილიამ მოურიდებლად უთხრა ყველას, რომ ყოფილ ცოლზე საუბარი არ სურდა და, საბოლოოდ, თავის მშობლებსაც უამბო ყველაფერი.

– იმედი მაქვს, ახლა მაინც არ მეტყვი უარს შენთან გადმოსვლაზე, – ილიამ დედამისის ხმაში საყვედურის ნატამალიც კი ვერ შენიშნა, ამიტომ მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა. თინა ლამის ჩაფრინდა შვილთან და უცებ აიღო თავის ხელში საოჯახო საქმეების გაძღოლაც და შვილიშვილზე ზრუნვაც. ილიასაც სხვა რა გზა ჰქონდა, დედას დაემორჩილა.

ერთ დღესაც თინა შვილს საკმაოდ ტრაგიკული გამომეტყველებით შეეგება:

– მარიკუნას რამე დაემართა? – მაშინვე ბავშვის ოთახისკენ გაიქცა ილია, მაგრამ თინამ შეაჩერა.

– არა, ლალა გახსოვს? – ჰკითხა დედამ შვილს ისე, რომ სახიდან ტრაგიკული გამომეტყველება არ მოშორებია.

– არა, არ მახსოვს, – თავი გააქნია ილიამ.

– როგორ არ გახსოვს?! – თინას ტრაგიკულ სახეს უკიდეგანო გაოცების შტრიხებიც შეემატა და გრძელი მონოლოგის წასაკითხად მოემზადა, რომ შვილისთვის ლალა გაეხსენებინა. ილიამ უცებ აუღო ალღო მომხდარს და მაშინვე დაამშვიდა დედამისი.

– როგორ არ მახსოვს. უცებ ვერ გავიხსენე.

– ჰოდა, ძალიან კარგი, რომ გახსოვს... დამირეკა, ძალიან აღელვებული იყო, – თინა შორიდან უვლიდა სათქმელს და ილია უცებ ვერც მიხვდა, რის თქმას აპირებდა დედამისი.

– მოკლედ, ძალიან შემრცხვა, ძალიან შემრცხვა, – თინას თვალზე ცრემლებიც მოადგა.

– დედა, მოკლედ რომ მომიყვე? მშია, – ილიამ გამოცდილი ხერხი იხმარა, რადგან შვილის დაპურება თინასთვის წმიდათაწმიდა საქმე იყო.

– რა თქმა უნდა, ხელები დაიბანე და წამოდი, მარიკუნას სძინავს, ჯერ არ გაიღვიძებს. მე სამზარეულოში გელოდები.

თინას ხმა არ ამოუღია, სანამ შვილი მის მიერ მომზადებულ კერძს მიირთმევდა. საერთოდ არ უყვარდა ჭამის დროს ლაპარაკი, დედამისმა მიაჩვია და თავად თინაც იცავდა ამ წესს, მაგრამ ისე იყო წამოჭარხლებული დაგუბებული ემოციისგან, რომ ილიას შეეცოდა და სთხოვა:

– შეიძლება, მარიკუნამ გაიღვიძოს და ვერ მოვასწროთ, ამიტომ უცებ მომიყევი.

თინა თითქოს ამ შემოთავაზებას ელოდაო და ტყვიამფრქვევივით მიაყარა სიტყვები ერთმანეთს, რომელთა დედააზრი ის იყო, რომ ინგა რაღაც ტაბლეტებს ყლაპავდა თუ რაღაც ფხვნილს იყნოსავდა და საკმაოდ აღვირახსნილ ცხოვრებასაც ეწეოდა.

ილიამ დედამისს მოუსმინა, შემდეგ კი სთხოვა:

– ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ამ თემაზე აღარასდროს არ ვილაპარაკებდით.

– შევთანხმდით, მაგრამ ისე შემრცხვა ლალასი, – არ შეეპუა თინა.

– ლალასი რატომ შეგრცხვა ან ვინმესი რატომ გრცხვენია?! ან ვინმეს აზრი რატომაა მნიშვნელოვანი?! ის შენი ლალა ხვალ სხვა ამბავს გაიგებს და იმაზე იჭორავებს. ეს ამბავი დაავიწყდება. – და ილიას უცებ მართლაც გაახსენდა ლალა, ასაკოვანი ქალი, რომელიც სულ ასეთი იყო, რაც ილიას თავი ახსოვდა, თითქოს უკვე დაბერებული დაიბადაო; გამხდარი, მაღალი, წელში ოდნავ მოხრილი, ცხვირის წვერზე დაკოსებული სათვალით, რომელშიც არასდროს იყურებოდა, მხოლოდ სათვალის ზემოდან ათვალიერებდა ადამიანებს.

– როგორ თუ რატომ შემრცხვა?! ბავშვის დედაა. მარიკუნა გაიზრდება და...

– ქალი, რომლემაც რამდენიმე დღის ჩვილი დატოვა, დედა არ არის. დავხუროთ ეს თემა და ლალასაც უთხარი, რომ მსგავსი რამეები აღარ მოგიყვეს.

თინამ უკმაყოფილო სახე მიიღო, მაგრამ გაჩუმდა.

– მადლობა, ძალიან გემრიელი იყო, – ილიამ დედამისს ლოყაზე აკოცა. ესეც მისი ნაცადი ხერხი იყო, როდესაც დედამისს ისეთ რამეს ეტყოდა, რაც იცოდა, რომ გააბრაზებდა, აუცილებლად მოიქცეოდა ისე, რაც დედამისს სიამოვნებდა.

თინა ამჯერადაც გაიბადრა და სუფრის ალაგებას შეუდგა.

– მე მარიკუნასთან შევალ, წამოვწვები, – თინამ შვილს თავი დაუქნია და კმაყოფილი სახით განაგრძო სამზარეულოში ფუსფუსი.

***

ოლიკო ილიას უკვე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხვდებოდა. მანამდე დალხენილი ცხოვრება არ ჰქონია – აბურდულ-დაბურდული ურთიერთობების გამო. დედამისი მუდმივად უკმაყოფილო იყო, რომ მისი ქალიშვილი ვერაფრით ახერხებდა ნორმალური მეწყვილის შერჩევას. როდესაც ილია გაიცნო, ძალიან ცოტა ხანში მიხვდა, რომ ეს სწორედ ის ადამიანი იყო, ვის გვერდითაც თავს მშვიდადაც გრძნობდა და ვის გვერდით ყოფნაც ძალიან სიამოვნებდა. ილიაც იმავეს გრძნობდა ახალგაზრდა ქალისადმი, მაგრამ ორივემ გადაწყვიტა, რომ არ ეჩქარათ, ამიტომ ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობდნენ.

ილიას დედამისთანაც უნდა მოეგვარებინა პრობლემა, იმიტომ რომ თინა ძალიან შეეჩვია შვილიშვილთან ერთად ცხოვრებას და მისი ქმართან, ანუ ილიას მამასთან საცხოვრებლად დაბრუნება რთული ამბავი იქნებოდა. ილიამ არც ის იცოდა, როგორ ირეაგირებდა ახალ ამბავზე მარიკუნა, რომელიც გაიზარდა და უკვე სკოლისთვისაც ემზადებოდა და ოლიკო მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი.

ილია და ოლიკო საკმაოდ ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, სეირნობდნენ, ვახშმობდნენ და ოლიკო მოთმინებით ელოდა, ბოლოს და ბოლოს, როდის დადგებოდა ის დღე, როდესაც ილია მასთან საცხოვრებლად გადასვლას სთხოვდა. ოღონდ არ იმჩნევდა ამ თავის მოლოდინს, იმიტომ რომ წინა ურთიერთობებმა ასწავლა, როგორ აფუჭებს ყველაფერს სულსწრაფობა და პრეტენზიები.

– თინიკო, – ხანდახან ასეც მიმართავდა ხოლმე ილია დედამისს, – იცოდე, შენი ქმარი სხვა ცოლს გადახვედრებს, სახლში რომ ჩახვალ და სწორიც იქნება.

– მაგდებ? – არ იმჩნევდა იუმორს თინა.

– არა, შენი ოჯახის გადარჩენას ვცდილობ, – უცინოდა შვილი.

– ვიღაც გყავს, ხომ?! აბა, სულ რატომ უნდა იგვიანებდე?! ესე იგი, გყავს, – გამომცდელად უყურებდა თინა შვილს.

– არ უნდა მყავდეს? – კითხვას უბრუნებდა შვილი.

– ახლა ისეთი დროა, მაინც გკითხავ: ქალია თუ კაცი? – და თინას ისეთი ხარხარი აუტყდებოდა ხოლმე თავისსავე ნათქვამზე, რომ, სანამ წყალს არ დალევდა, ვერ სულიერდებოდა. ილიაც იცინოდა.

– შენ რომელი უფრო გესიამოვნებოდა? ვიცი, რომ ძალიან თანამედროვედ აზროვნებ, – აჰყვებოდა დედამისს ილია. თინას სახე უცებ ეცვლებოდა და შვილს თვალებგაფართოებული შესცქეროდა..

– ქალია, ქალია, – ახლა უკვე ილია იცინოდა...

მაგრამ ერთ დღესაც თინამ სერიოზულ კალაპოტში გადაიყვანა საუბარი: ბავშვს როგორ შეეჩვევა, ჯერ ხომ უნდა გააცნო? ვინ არის, სად მუშაობს, – უამრავი კითხვა მიაყარა ილიას.

– დედა, მოვახერხებ რამეს. კარგი ადამიანია ძალიან. ჯერ მარიკუნას დაველაპარაკები.

– მე უცხო ქალთან ჩემს ბავშვს ვერ დავტოვებ, – გაასავსავა ხელები თინამ.

– შენ ჩამოხვალ ხოლმე... – მაგრამ თინას ქვითინის გამო ილიამ ვერ დაასრულა წინადადება:

– რა თქმა უნდა, მე მაშინ ვარ საჭირო, როდესაც შავი საქმეა გასაკეთებელი, მერე უნდა...

– დედა, გეყოფა. რატომ ამბობ ასეთ რამეს? შენ ჩემი საყვარელი დედიკო ხარ, მაგრამ ამხელა კაცი დედასთან ერთად ხომ არ ვიცხოვრებ? თან, ისეთ დედასთან ერთად, რომელსაც ქმარი ჰყავს მიგდებული, – ილიამ მოახერხა დედამისის დაყოლიება, თუმცა თინამ თავისი პირობაც წამოაყენა:

– ბავშვს, სანამ სკოლაში წავა, ჩვენთან წავიყვან, თქვენ ერთმანეთს შეეგუეთ, იცხოვრეთ ერთად და მერე, რა თქმა უნდა, ჩამოვიყვან, – ილია დაეთანხმა დედამისის ვერსიას, თუმცა შესთავაზა:

– ჯერ გავაცნობ და მერე წაიყვანე, – თინა შვილს დაეთანხმა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა