რომანი და დეტექტივი

დედა-დედინაცვალი

№49

ავტორი: ნია დვალი 20:00 15.12, 2023 წელი

დედა-დედინაცვალი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #44-48 (1196)

***

იკა სამზარეულოში შევიდა, მანამდე კი ბებიამისის ოთახში შეიარა. შეამოწმა, თუ ეძინა. ლიანას ოდნავ ღია ჰქონდა პირი და სუსტად ხვრინავდა. ლიკა წუხელ ღამით სახლში არ მოსულა და ამიტომ იკამ შემოსასვლელი კარი შიგნიდან ჩაკეტა. სამზარეულოს მაგიდის ქვემოთ შეძვრა და მარცხენა ბოლო კუთხეში მოსასმენი დაამაგრა. შემდეგ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი სამზარეულოს: მეორე ადგილსაც ეძებდა, რომ არც ერთი სიტყვა არ გამოჰპაროდა, რასაც დედამისი და ბებიამისი ამ სამზარეულოში იტყოდნენ. მეორე სამალავსაც იოლად მიაგნო და ამის შემდეგ ჩართო ჩაიდანი. მერე გადაიფიქრა და ცივი ყავა მოიმზადა. მაკოსთვის არ გაუმხელია, რის გაკეთებასაც გეგმავდა, ვინაიდან იცოდა, რომ მაკო წინააღმდეგი იქნებოდა.

ცოტა ხანში ნამძინარევი მაკოც გამოვიდა:

– ასე ადრე რატომ ადექი, დღეს ხომ შაბათია?

– გამეღვიძა. დღეს აგარაკზე ავიდეთ, – იკამ წინადადების დასრულება ვერ მოასწრო, რომ თავზე ლიანა წამოადგათ:

– რომელ აგარაკზე მიდიხართ?

– რომელზე და ჩვენსაზე.

– ვერ წახვალთ. – კატეგორიული ტონით თქვა ლიანამ.

– რატომ ვერ წავალთ? – გაუკვირდა იკას.

– იმიტომ რომ გავაქირავე, არ გითხარი?

– როდის გააქირავე?

– არ მითქვამს შენთვის?! მეორე თვე იქნება. სახლში რემონტი აქვთ და სანამ დასრულდება, იცხოვრებენ. მერე ახვალთ. ახლა – ვერა.

– მეორე, პატარა სახლში ავალთ, – არ შეეპუა იკა.

– უხერხულია, ვერ ახვალთ, – ისევ კატეგორიულად უპასუხა ლიანამ.

– შენ დამიშლი? – გაეცინა იკას და ლიანა მიხვდა, რომ გადაამლაშა.

– არა, არ გიშლი. ადით, კარგი, – უცებ მოულბა შვილიშვილს და მერე მაკოს მიუბრუნდა: დედაშენი და ბებიაშენი რატომ არ მოდიან სტუმრად?

– იმიტომ რომ არავინ პატიჟებს, – მაკოს ნაცვლად იკამ უპასუხა ბებიამისს.

– რა დაპატიჟება უნდათ, – შეცბა ლიანა.

– მოკლედ, წავედით ჩვენ, – იკამ მაკოს ხელი მოხვია და გავიდნენ. ლიანამ მაშინვე ტელეფონი ამოიღო:

– როდის მოხვალ? ეგ ამბავი სასწრაფოდ უნდა გადავწყვიტოთ, მალე მოდი. წავიდნენ ესენი. იქ ავიდნენ... როგორ და აი, ასე. მე როგორ დავაკავებდი?! შენს შვილს არ იცნობ?! ცოტაც და სკანდალს მოაწყობდა. გელოდები. ჩქარა მოდი!

ლიანას თავისი დისთვისაც უნდოდა, დაერეკა, მაგრამ იფიქრა, ტელეფონით თქმა არ ღირსო და გადაიფიქრა. მობილურის დადებას აპირებდა, მაგრამ ტელეფონმა დარეკა: დიახ, ვყიდით. ჩემს შვილს დაურეკეთ. გიკარნახებთ ნომერს.

ლიანამ ტელეფონი გათიშა და ტელევიზორი ჩართო...

***

– დარწმუნებული ხარ, რომ არ გატყუებს? – ეჭვი ღრღნიდა ლიანას.

– რას ამბობ?! – ლიკამ თვალები ისე გადმოქაჩა, გეგონებოდა, ამოუცვივდებაო, – ძალიან მოგებიანი საქმეა, ამიტომ ფულის უმეტესი ნაწილის ჩადება მოგვიწევს, რომ უცებ გვქონდეს მოგება.

ლიანა ბიზნესში ვერ ერკვეოდა და ცოტა მშიშარაც იყო, თუმცა, მაგალითად, არაფრის ეშინოდა, როდესაც მისი ქმარი სპირტსა და შაქარზე დამზადებული ღვინის გასაღებით გამდიდრდა და პროვინციელი ლიანა თბილისში, მთაწმინდაზე დასახლდა. ახლა კი შიშს ვერ ერეოდა, თუმცა იმის კი სჯეროდა, რომ მისი შვილი საკუთარ თავს ცარიელ-ტარიელს არ დატოვებდა. აგარაკს საკმაოდ დიდ თანხად ჰყიდიდნენ,

– მირიანს ვენდობი ან რაში სჭირდება ჩემი მოტყუება?! მასთან მინდა გადასვლა, მაგრამ ვერ ვახერხებ, ინტერესთა კონფლიქტია. ეს გომბიო მიშლის ხელს. მირიანმა მითხრა, იქნებ დავიყოლიო, სხვაგან გადაყვანაზეო, თუ სხვა დეპარტამენტში გადაიყვანენ, მე მირიანთან ვიმუშავებ. უფრო წამეხმარება. მაგრამ ეს ხელს მიშლის ძალიან. ან ამ იკას როგორ არ მობეზრდა?! ან თვითონ თავმოყვარეობა არ აქვს?! ძაღლივით ვექცევით და მაინც არ მიდის თავის სახლში.

– აბა?! – კვერს უკრავდა ლიანა თავის ქალიშვილს და არც კი ახსოვდა, რა კარგად ცხოვრობდა იკასთან და მაკოსთან ერთად. ახლა ლიანას მთელი არსება ლიკათი იყო მოცული და ვერც კი ხვდებოდა, რომ შვილი, უბრალოდ, იყენებდა. ლიანას დახმარების გარეშე აგარაკიდან ერთი აგურიც კი არ შეხვდებოდა, არათუ 180 000 დოლარი, რომლის მიცემასაც მირიანისთვის აპირებდა, როგორც მირიანი არწმუნებდა, საკმაოდ მოგებიან ბიზნესში დასაბანდებლად. მაგრამ ლიკას იმ ოქროსკბილიანი შავი კაცის იმედიც ჰქონდა, რომ მაკოს შვილი არ ეყოლებოდა და იკასაც მალე დაანებებდა თავს ან იკა დაანებებდა თავს.

რა თქმა უნდა, ლიანასგან განსხვავებით, ლიკამ იცოდა, რომ მისი შვილი ნარკოტიკებს ეძალებოდა, მაგრამ ის აღარ იცოდა, რომ, რაც მაკოსთან დაიწყო ურთიერთობა, იკა მხოლოდ მაკოს უჯერებდა და სწორედ ლიკას გადმოსვლის შემდეგ დაუბრუნდა ისევ ნარკოტიკს. თუმცა, რომც სცოდნოდა, ეს ლიკასთვის მაინც არაფერს შეცვლიდა, იმიტომ რომ ლიკას საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი აინტერესებდა. თან, დარწმუნებული იყო, რომ მირიანი მასზე ჭკუას კარგავდა, იმდენადაც კი, რომ ერთი-ორჯერ მის ცოლთან ერთადაც კი მოხვდა სუფრაზე და ისე შინაურულად გაუბა საუბარი, თითქოს მის ქმართან ერთად მხოლოდ კამათელს თუ აგორებდნენ მეგობრულად.

***

– რა უტიფარი ქალია, დეიკო, – მირიანის ცოლის დაქალი აღშფოთებას ვერ მალავდა და მარცხენა ხელის არათითზე ბეჭედს აწვალებდა, სპეციალურად ვაკვირდებოდი, როგორ მოიქცეოდა. ვითომც არაფერი, ისე გაგიბა საუბარი.

– მერე რა?! მაგისთანები დასტა-დასტა ჰყავს, – მშვიდად პასუხობდა დეიკო, ანუ მირიანის ცოლი თავის დაქალს.

– და შენ ასე მშვიდად ხარ?

– ასაღელვებელი რა მაქვს? – გულწრფელად გაუკვირდა დეიკოს.

– როგორ თუ რა?! – კიდევ უფრო აღშფოთდა მისი დაქალი.

– მთელი მისი ბიზნესები ჩემს სახელზეა, უძრავ-მოძრავი ქონებაც. როგორც კაცი, კარგა ხანია, არ მომწონს. დავისვენე, აღარ მაწუხებს თავისი პირუტყვული გამოხდომებით, – დეიკო კმაყოფილი სახით აქანავებდა ფეხს.

– შენი ვერაფერი გავიგე.

– რა ვერ გაიგე?! გაერთოს, მე რას მაკლებს, რო?! ახლა ფულსაც გამოართმევს, პრობლემები გვაქვს ერთ ობიექტზე. ბანკიდან ფულის გამოტანას დრო დასჭირდება, თან, ბევრი ვალი გვაქვს და იმდენს აღარ მოგვცემენ, რამდენიც გვჭირდება.

– და იმას ფული საიდან აქვს?

– რაღაც აგარაკი ჰქონიათ და ყიდის. ეს ისაა, რაც ახლა გვჭირდება. ყავას დალევ?

– არა. და მერე? ფულს აღარ დაუბრუნებს? – დაინტერესდა დაქალი.

– აბა, მე რა ვიცი?! მაგათ იციან თავიანთი საქმის. – გულგრილად უპასუხა დეიკომ.

– მე მაინც ფრთხილად ვიქნებოდი შენს ადგილას, რომ მოგთხოვოს თავისი ქონება, ცარიელზე არ დარჩე.

– მამაჩემი მკვდარი კი არ არის? – დეიკომ ქედმაღლურად გადახედა თავის დაქალს და ისიც მაშინვე დაეთანხმა, – ან ჩემი ძმა?! იმ შალავამ იფიქროს, რომ გაფცქვნის მირიანი, – დეიკომ ისე უსიამოვნოდ გაიცინა, რომ მის დაქალსაც კი შეაჟრჟოლა.

***

– ამ ბოლო დროს სულ ცუდ ხასიათზე ხარ, სადმე გავიდეთ ან ვინმე დავპატიჟოთ, – მაკოს არ მოსწონდა, რომ იკამ სულ უფრო და უფრო მოუხშირა ნარკოტიკების მიღებას, – არასდროს აღარ ხარ ფხიზელი.

იკა ხმას არ სცემდა. ნარკოტიკები მისთვის ყველაზე საიმედო თავშესაფრად იქცა, თითქოს ხედავდა, როგორ დასცინოდნენ ძმაკაცები, იმიტომ რომ უკვე ყველამ იცოდა, რომ დედამისი ნიკას მამის საყვარელი იყო. თან, ნიკასი რცხვენოდა კიდეც, იმიტომ რომ დედამისს იცნობდა. მათთან სახლშიც იყო ნამყოფი. ამიტომ ლიკა კიდევ უფრო შესძულდა და მისი სიძულვილი ლიანასაც გადასწვდა, ვინაიდან გრძნობდა, რომ ლიანამ ყველაფერი იცოდა და შვილს აქეზებდა.

იკა მიხვდა, რომ ლიანასთვისაც კი პირველ ადგილას არ იყო და თავი ყველასგან მიტოვებულად იგრძნო. მაკოს სიყვარულშიც შეეპარა ეჭვი, იმიტომ რომ მაკო ძალიან ლამაზი იყო. და, რადგან შეეპარა, ცდილობდა, მაკოსთვისაც გაეფუჭებინა ხოლმე ხასიათი. სულ აკრიტიკებდა, ხან რას უწუნებდა და ხან – რას. თან, მაკო ყოველთვის სწორად იქცეოდა და იკას ესეც აღიზიანებდა. მაკო პასუხებს არ სცემდა იკას დედასა და ბებიას, არ იმჩნევდა, ისინი თავისთვის რომ იმზადებდნენ საჭმელს და მხოლოდ იკას სთავაზობდნენ, მაკოს კარადაში რომ იქექებოდნენ და უკითხავად იღებდნენ მაკოს ტანსაცმელს. შეუძლებელი იყო, ეს ვინმეს აეტანა, ამიტომ იკას ეჭვი გაუჩნდა, რომ მაკოსაც რაღაც უნდოდა მისგან.

იმას კი ვეღარ არკვევდა, რა უნდა ნდომებოდა მაკოს სრულიად უსარგებლო იკასგან, რომელიც დღემდე ბებიას ბიჭი იყო და იმასაც ვერ ახერხებდა, თავისი ცოლი დაეცვა. იმის შემდეგაც კი, დედამისისა და ბებიამისის საუბარი რომ მოისმინა.

მაგრამ ის საუბარი მაკოს არ მოუსმენია, ამიტომ იკა მშვიდად იყო. საკუთარი თავი დააჯერა, რომ დედამისსა და ლიანას არაფერზე ულაპარაკიათ. ერთი ის იყო, რომ სრულიად უსარგებლოდ და ყველასგან მიტოვებულად გრძნობდა თავს. ნიკასთან მეგობრობა კი დღითი დღე უჭირდა. იმის გათვალისწინებითაც, რომ ნიკა და იკა ერთად მუშაობდნენ და ნიკას სახის დანახვა იკას მუდმივად ახსენებდა, რომ თითქოს სამარცხვინო ბოძზე იყო გაკრული და ყველა მისკენ იშვერდა თითებს.

საძინებელში წამოწვა და თვალები დახუჭა. ნაბიჯების ხმით მიხვდა, რომ მაკო მოვიდა. იგრძნო, როგორ გაიხადა ფეხსაცმელი, ჩამოკიდა პიჯაკი და სააბაზანოში შევიდა. რატომღაც ნებისმიერი ხმა მკაფიოდ ესმოდა.

– გინდა, მოგეხმარო? – ჰკითხა ვიღაცას მაკომ და იკას გაახსენდა, რომ მისი უმცროსი და შევიდა სააბაზანოში. ნინიცა 8 წლის იყო, მაგრამ თავისით იბანდა, დილაობით საუზმესაც თავად იმზადებდა, იმიტომ რომ დედამისსაც ეძინა და ბებიამისსაც და სკოლაშიც თავისით მიდიოდა, თუმცა ყოველდღე იგვიანებდა, იმიტომ რომ არავინ აღვიძებდა და ყოველ დილით ჩაეძინებოდა ხოლმე. მაშინ ეღვიძებოდა, როდესაც დედამისის მაღვიძარა რეკავდა და ამიტომ სკოლაში ყოველთვის მეორე გაკვეთილზე მიდიოდა. კისერი თითქმის ყოველთვის უფრო მუქი ჰქონდა, ვიდრე სხეულის დანარჩენი ნაწილები, იმიტომ რომ მარტო კარგად ვერ იხეხავდა.

– ეტყობა, ბანს, – გაიფიქრა იკამ და, რატომღაც, მაკო შესძულდა. იმიტომ რომ მაკოს არსებობა ისეთის, როგორიც იყო, იკას ნათლად აჩვენებდა, როგორები იყვნენ სხვები.

– როგორი ლამაზი გოგო ხარ, – მაკო ნინიცას ეფერებოდა, გინდა, რამე გაგიმზადო? რასაც მეტყვი.

იკა ახლა უკვე გაბრაზდა. თავის დაზეც კი იეჭვიანა.

– ჩემთან კი არ შემოვიდა?! – ამიტომ ლოგინიდან წამოდგა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და ისევ დაწვა. თვითონაც ვერ მიხვდა, როგორ ჩაეძინა. რომ გაეღვიძა, ირგვლივ სრული სიჩუმე და სიბნელე იყო. ჯერ ლოგინზე მოძებნა მაკო, რომ ვერ იპოვა, მერე ჩამრთველი მოძებნა და შუქი აანთო.

მაკო სავარძელში იჯდა და ჩაცმულს ეძინა. შუქის ანთებამ გამოაღვიძა.

– რატომ არ დაწექი? – ჰკითხა იკამ.

– ვფიქრობდი და ჩამეძინა. – უპასუხა მაკომ.

– რაზე ფიქრობდი?

– ჩვენზე.

– მერე?

– მოვისმინე ის ჩანაწერი, – იკა უცებ ვერ მიხვდა, რაზე ლაპარაკობდა მაკო, მაგრამ მაკო მაინც განაგრძობდა, – არაფერს ეტყვი?

– ვის?

– ვის და დედაშენს და ბებიაშენს! – საკმაოდ ხმამაღლა უთხრა მაკომ.

– რა უნდა ვუთხრა?! – გაიკვირვა იკამ.

– არ დამიცავ? ასე მშვიდად გაატარებ, როგორ მიპირებს დედაშენი სამსახურიდან გამოგდებას და ამ სახლიდან გაგდებას? ყველაფერი უნდა, რომ გაგიყიდოს, თუ გგონია, რომ მირიანს ეგ სჭირდება?! ფულს სცინცლავს, – მაკო ვეღარ ჩერდებოდა.

– დაუკრეფავში გადადიხარ, – იკა ლოგინიდან წამოდგა.

– მე გადავდივარ დაუკრეფავში?! და დედაშენი და ბებიაშენი დაკრეფილში არიან?! როდემდე იჯდები და იკაიფებ?! თუმცა არა, რა ჩემი საქმეა, როდემდე და სად იჯდები. მე მივდივარ. არ გამომყვე. საერთოდ აღარ გაიხსენო, რომ მიცნობდი. ის ჩანაწერი გადავწერე და ყველას მოვასმენინებ, თუ რამეს ისეთს გააკეთებ, რაც მე არ მომეწონება. დედაშენს კი უთხარი, რომ ქსელში გავუშვებ მაგ ჩანაწერს, თუ ის და მისი საყვარელი თავს არ დამანებებენ.

იკამ ახლაღა დანახა, რომ მაკოს ორი ჩემოდანი ედგა სავარძლის გვერდით. მაკო ადგა, ჩემოდნებს ხელი მოჰკიდა, იატაკზე გააგორა და ოთახიდან გავიდა. კარი საკმაოდ ხმაურით მიიკეტა. იკამ შარვლის ჯიბიდან ცელოფნის პარკი ამოიღო, ენაზე თეთრი კრისტალები დაიყარა და დაწვა.

მაკომ კარი გამოიჯახუნა. შემდეგ პირისახით კარისკენ შეტრიალდა და, რატომღაც, ხმამაღლა თქვა:

– რაც ჩემთვის იფიქრეთ, მე მისურვეთ და გამიკეთეთ, ყველაფერი უკან მოგივიდეთ! – ორივე ჩემოდანს ხელი მოჰკიდა და კიბეებზე ჩააგორა.

ასეთ დროს სახლში მისვლა არ უნდოდა, არც არავის ნახვა, ამიტომ სასტუმროში წავიდა. ორივე ჩემოდანი აიტანა და მკვდარივით დაეძინა. რომ გამოეღვიძა უკვე საღამო იყო. ძალიან შიოდა, ბებიამისის გაკეთებული ხარჩო და ღომი მოენატრა და დედამისის ჩუმი სიცილი.

– ხომ არ მომკლავენ? გამლანძღავენ ამ უარეს შემთხვევაში, გამომაგდებენ, – გაიფიქრა ხმამაღლა. ბევრი არ უფიქრია, თმა ხელით შეისწორა, ტანსაცმელიც ხელებით მიისწორ–მოისწორა, კბილები გამოიხეხა და ნომრიდან გავიდა.

სახლის კარი ღია იყო. ჩამოწია სახელური და თავისით გაიღო. მისაღები ოთახიდან საუბრისა და სიცილის ხმები გამოდიოდა. მაკო შევიდა. იას სახე გაებადრა. თამარმაც მოიხედა:

– ეს მაკოა, – წარუდგინა შვილი უცნობ მამაკაცს, რომელიც სუფრასთან იჯდა.

მამაკაცი წამოდგა და ხელი გაუწოდა.

– ზაზა.

მაკომ ხელი ჩამოართვა და დედამისმა, ვითომც არაფერი მომხდარაო, უთხრა:

– ხელები დაიბანე და შემოგვიერთდი. შენი საყვარელი ხარჩო და ღომია, ბებიაშენმა მოამზადა. გელოდებოდით...

მაკო ხელების დასაბანად გავიდა და თავისთვის გაიფიქრა: „რა კარგია სახლში და მე რატომ მეძინა ამდენ ხანს?!“

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი