რომანი და დეტექტივი

დედა-დედინაცვალი

№48

ავტორი: ნია დვალი 20:00 08.12, 2023 წელი

დედა-დედინაცვალი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #44-47 (1195)

მე არ ვიცი, ბევრს ეცადნენ თუ ცოტას იკას მამა და მშობლები, რომ იკა მათ დაეტოვებინათ, მაგრამ იკა ისე გაიზარდა, რომ მის ცხოვრებაში არც დედა ყოფილა და არც მამა. ამიტომაც ახლა ორივეს ჯინი სჭირდა, განსაკუთრებით, მამამისის. ამიტომ ორივეს ძაღლებივით ექცეოდა, უფრო ზუსტად, არც არანაირად არ ექცეოდა, უბრალოდ, ადამიანებად არ მიიჩნევდა.

– „ექსტაზი“ მაქვს, სადმე საკაიფო ადგილას წავიდეთ, – იკა მაკოსკენ მიბრუნდა.

– როგორც იტყვი, უპასუხა მაკომ. ახლა არ „ეექსტაზებოდა“, მაგრამ ხვდებოდა, რომ იკას სჭირდებოდა და ამიტომ დათანხმდა. მაკომ არ იცოდა, როგორ დახმარებოდა იკას, რომელიც განიცდიდა, რომ დედამისი და ბებიამისი მაკოს ცუდად ექცეოდნენ, თუმცა იმის შნო არ ჰქონდა, რამე შეეცვალა. ერთხანს ისიც იფიქრა, დედამისთან და ბებიამისთან ხომ არ გადასულიყვნენ საცხოვრებლად, მაგრამ ვერ წყვეტდა, თუმცა თავად დედამისისა და ბებიამისის აზრი ამ საკითხზე არც იცოდა. მეტიც, თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ მათთვის ეკითხა. საერთოდაც, მაკო ამ ორ ადამიანს ადამიანებად, ფაქტობრივად, არც განიხილავდა, იმ თვალსაზრისით, რომ არასდროს დაფიქრებულა, მათ რა უნდოდათ, რა მოსწონდათ, რა არ მოსწონდათ, რა გაუხარდებოდათ და რა ეწყინებოდათ. არადა ლიანასთან და ლიკასთან ერთად ცხოვრება დღითი დღე აუტანელი ხდებოდა. მაგრამ მაკო მაინც მადლიერი იყო, იმიტომ რომ ლიკას უყურებდა და ხვდებოდა, როგორი არ უნდოდა, ყოფილიყო.

მაკომ მანქანა ფიჭვებში გააჩერა და ფანჯარა ჩამოსწია. ჰაერის ნაკადი მძლავრად შემოიჭრა მანქანის სალონში, რომელიც სიგარეტის ბოლით იყო გამოტენილი. იკამ ჯიბიდან პატარა პარკი ამოიღო.

– მე არ მინდა, – უთხრა მაკომ, – თან, ვინმე ხომ უნდა იყოს ფხიზელი?

მაკო მანქანიდან გადავიდა. იკა განზრახ დატოვა მარტო, ოღონდ მანქანიდან შორს არ წასულა, რომ ეკონტროლებინა სიტუაცია. გადაჭრილი ხის კუნძზე ჩამოჯდა. ერთხანს იფიქრა. მერე ტელეფონი ამოიღო და დარეკა:

– როგორ ხართ, გოგოებო? – წარმოთქვა მხიარული ხმით.

– აბა, რის თხოვნას აპირებ? – თამარს სიცილი აუტყდა.

– მოგიკითხეთ, ბებო როგორ არის? – მაკომ არ შეიმჩნია დედამისის ნათქვამი.

– მშვენივრად. მოგიკითხა, – თამარს ხმა დაუსევდიანდა, იმიტომ რომ იას შვილიშვილი ენატრებოდა, მაგრამ მაკოს კარგა ხანია, ისინი არ მოუნახულებია.

– როდის გამოგიაროთ? – ისევ ხალისიანად ჰკითხა მაკომ და თამარი უკვე დარწმუნდა, რომ მაკოს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.

– როცა გინდა, ბებიაშენი სულ სახლშია, ხომ იცი?!

– მინდა, რომ ორივენი იყოთ, – დააზუსტა მაკომ.

– მაშინ... მაშინ... სამუშაო დღეებში ძალიან დაღლილი ვარ. ამ შაბათ–კვირას ქალაქგარეთ მივდივართ. იქით შაბათს იყოს. ჰო, იქით შაბათს. გაწყობს?!

– იქით შაბათს იყოს, – მაკომ ვერ დამალა გაკვირვება, არ ელოდა, თუ დედამისი ასე შორს გადაუწევდა სტუმრობას.

– ბებოს მაინც ვნახავ მანამდე, – უთხრა დედამისს, მაგრამ თამარმა უცებ იუარა:

– რაღაცები ხდება და ამიტომ, როგორც გითხარი, მაშინ მოდი. ასე ჯობია. მოიკითხე იკა და მთელი მისი ჯალაბობა.... – მგონი, გამომივიდა, – თამარმა ცოტა შემცბარმა შეხედა თავის დედამთილს, როდესაც ტელეფონი გათიშა.

– კი მინდა მაგ ტუტუცი გოგოს ნახვა ძალიან, მომენატრა უსაშველოდ, მაგრამ ასე უნდა გეთქვა. ყოჩაღ! – შეაქო დედამთილმა რძალი.

– ეგ მამამისს ჰგავს და სწორად მოიქეცი, იმიტომ რომ გოგოები თავიანთ მამებს ჰგვანან და ბაბუებს მამის მხრიდან. ჩემი ლაშაც მამამისს ჰგავდა, არადა რა კარგი ბავშვი იყო, – იას თვალები აუწყლიანდა.

თამარი ძალიან დიდ პატივს სცემდა იას და, თან, ებრალებოდა, იმიტომ რომ სამართლიანი ქალი იყო და იგლიჯებოდა ამ სამართლიანობასა და შვილის სიყვარულს შორის. როდესაც ლაშამ თამარი დაჭრა, იმიტომ რომ პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, იამ სთხოვა თამარს, არავისთვის ეთქვა და მას შემდეგ რძალს ფარივით ეფარებოდა და დღემდე დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი ავარიაში იმიტომ მოხვდა და გარდაიცვალა, რომ თამარის ცოდვამ უწია.

რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო: ყველა ადამიანი მაშინ ასრულებს თავის ცხოვრებას, როდესაც უნდა დაასრულოს ან იქნებ ია მართალი იყო და უარესი რომ არ ჩაედინა მის შვილს და უფრო ბევრი არ გაეფუჭებინა, იმიტომაც დაასრულა სიცოცხლე ახალგაზრდამ.

თავად ია კი ფიქრებმა გაიტაცა:

– იცოდე, დაგწყევლი და ხმას არასდროს გაგცემ, თუ იმ ბიჭს ცოლად გაჰყვები, – ყურში დედამისის სიტყვები ჩაესმა.

– რას ერჩი? რა დაგიშავა? – ია დღემდე ვერ ხვდებოდა, როგორ გაბედა და შეეპასუხა დედამისს.

– რა დამიშავა?! – გრგვინავდა მარიამი, მთელმა სოფელმა იცის, რა კაცის შვილიცაა.

– და შვილი აგებს პასუხს მამის გამო? – არ ეპუებოდა ია.

– არ აგებს, რა თქმა უნდა, არ აგებს, მაგრამ ესეც იმის ჯიშისაა. გესმის, იმის ჯიშის!

– კარგი, რა, დედა, გთხოვ.

– ნუ მთხოვ! ყველა ამბობს, რომ ქალი მოკლა და ტყეში დამარხა. ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ასეა. ყველამ. იმ კაცს მე არ დავუნათესავდები. ბებიამისი კიდევ, მამამისის დედა, ჩვეულებრივი კუდიანია, იმიტომაც ვერ მიაგნო დღემდე ვერავინ იმ უბედური გოგოს გვამს. იმ ხალხის შთამომავლები უნდა იყვნენ ჩემი შვილიშვილები?! გამორიცხულია! – ია პასუხს აღარ სცემდა დედამისს, მაგრამ მის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა უფრო და უფრო არწმუნებდა, რომ დედამისი ცდებოდა. ამიტომ ბევრი არ უფიქრია და რამდენიმე დღეში გაიპარა.

ახლაც გამოცანად დარჩა იასთვის, როგორ გაბედა ეს, მაგრამ ოთარი მისთვის მთელი სამყარო იყო და ამიტომ ბევრი არც უფიქრია. მერე გაიგო, რომ დედამისმა სახლიდან იას ყველა ნივთი და ტანსაცმელი გამოიტანა, ეზოში დაწვა და ხმამაღლა დაწყევლა.

იმ ამბის შემდეგ ბევრ წყალს არ ჩაუვლია, რომ ია მშობლებთან დაბრუნდა. ოთარმა ის მიატოვა. უფრო ზუსტად, კარტში წააგო ფეხმძიმე ია... მაკო კი საოცრად ჰგავდა ბაბუამისს... კარტის თამაშითაც კი...

და იას ისევ მოგონებები მოეძალა:

– ფული უკან მოიტანე? – ჰკითხა თამარმა მაკოს.

– ჰო, უფასოდ გამიკეთეს ტელეფონი, – სიცილით უთხრა დედამისს მაკომ.

– რატომ? ნაცნობები იყვნენ? – მაგრამ, აბა, საიდან უნდა ჰყოლოდა 12 წლის მაკოს ნაცნობები მობილური ტელეფონის ხელოსნებს შორის?!

– არა, არ ვიცნობდი. რომ მივედი, რიგი იყო და იქვე ვიღაც ორი ტიპი სამკარტა ბურას თამაშობდა, მე ვუყურებდი, მითხრეს, გინდა, გოგონა, თამაშიო? მე თავი დავუქნიე და კარგიო, თუ მოიგებ, უფასოდ გაგიკეთებთ ტელეფონს, თუ წააგებ, ორმაგს გადაიხდიო, – ჰყვებოდა მაკო.

– მერე? – თამარი თვალებგაფართოებული უყურებდა შვილს.

– მერე მოვიგე, – ამაყად უთხრა მაკომ დედამისს, – და უფასოდ გამოკეთეს ტელეფონი.

ამის გაგონებაზე ია დაბარბაცდა. მართალია, მისი რეაქცია გადამეტებული იყო, მაგრამ მთელი ცხოვრება მოჰყვებოდა ის საზარელი ამბავი, რომ ბაბუამისმა ბებიამისი კარტში წააგო. როდესაც მაკო დაიბადა, ღმერთს მადლობა შესწირა, რომ ბიჭი არ იყო, თუმცა მაკოც საკმაოდ რთული ბავშვი იყო, კონფლიქტური და პატარაობიდანვე დიდ პრობლემებს ქმნიდა. ია დარწმუნებული იყო, რომ მაკო ნებისმიერ სიტუაციაში გადარჩებოდა, მაგრამ არა თამარი, ამიტომ ყოველთვის რძლის მხარეს იჭერდა, თითქოს იცავდა თავისი შვილისგან, შვილიშვილისგანაც კი.

– ია, ხომ, კარგად ხარ? – თამარი შეშფოთებული უყურებდა დედამთილს.

– კი. რაღაცები გამახსენდა.

– გინდა, ვეტყვი მაკოს, რომ ხვალ მოვიდეს, გინდა, დღესვე მოვიდეს?

– არა, არ მინდა. სწორად უთხარი. იცოდეს, რომ შეუცვლელი არ არის და ისე ვერ მოვა და წავა, თავად რომ გაუხარდება. პატივი უნდა გვცეს. თუ თვითონ ვერ ხვდება, ჩვენ უნდა მივახვედროთ, იმიტომ რომ ჩვენი ბრალია, თუ ვერ ხვდება.

– მგონია, რომ მთლად კარგად ვერ აქვთ საქმე. არ დარეკავდა, რაღაც რომ არ სჭირდებოდეს, – ჩაილაპარაკა თამარმა.

– დიდი გოგოა უკვე. თუ იმდენი მოახერხა, რომ გათხოვდა, იმასაც მოახერხებს, იცხოვროს.

– ჩვენ ვერ გვეგუებოდა და იმათ როგორ შეეგუება? – არ დაეთანხმა თამარი.

– ხომ ხედავ, ახერხებს?! შენც უნდა მოახერხო რამე.

თამარს გაეღიმა.

– რას იცინი?! უნდა მოახერხო. ახალგაზრდა ხარ და მოახერხებ, მაგრამ, თუ არ მოინდომებ, ვერაფერსაც ვერ მოახერხებ.

თამარმა ისევ გაუღიმა დედამთილს.

***

ლიკა ისეთი აჟიტირებული დაბრუნდა სახლში, რომ ადგილს ვერ პოულობდა. ვიღაცისთვის უნდოდა, მოეყოლა ახალი ამბავი. მაგრამ ვისთვის? ლიანა ამისთვის არ გამოდგებოდა. მერისთვის მოყოლის ვერსია იმთავითვე გამორიცხა. სამზარეულოში მაკო დახვდა. ლიანა უკვე იწვა.

– იკა სად არის? – ჰკითხა მაკოს.

– სძინავს. დაღლილი იყო, – უპასუხა მაკომ უხალისოდ, იმიტომ რომ იკა ცუდად გახდა და მაკომ ძლივს გამოიყვანა მდგომარეობიდან. ახლა თავად ვერ იძინებდა, იმიტომ რომ ძალიან შეეშინდა.

– ასე ადრე როდის იძინებდა? – გაუკვირდა ლიკას.

– ყოველთვის ადრე იძინებს, – იცრუა მაკომ და მხოლოდ იმისთვის, ლიკასთვის ეგრძნობინებინა, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა, მისი შვილი როდის იძინებდა და იღვიძებდა.

– ხომ არ დაგაწინაურეს? – გამომცდელად შეხედა მაკომ დედამთილს, რომელიც მასზე მხოლოდ 13 წლით იყო უფროსი.

– მეტყობა? – კმაყოფილად გაიღიმა ლიკამ.

– ესე იგი, დაგაწინაურეს?!

– უკეთესი, მაგრამ დამაწინაურებენ კიდეც, – უფრო დიდი კმაყოფილებით ჩაილაპარაკა ლიკამ.

– აბა, მოყევი, თუ საიდუმლო არ არის, – მაკო მოხერხებულად დაჯდა და მოსასმენად გაემზადა.

ლიკამ მრავალმნიშვნელოვნად მიაპყრო თვალები ჭერს და საზეიმოდ წარმოთქვა:

– მე და მირიანი ერთად ვართ.

– მირიანი ვინ არის? – იკითხა მაკომ, იმიტომ რომ ვერაფრით წარმოიდგინა, თუ ეს მირიანი ის მირიანი იქნებოდა. რომელი მირიანი? იკას მეგობრის მამა.

– როგორ ვინ არის?! – გაიკვირვა ლიკამ და მაკო მიხვდა, რომ ეს მირიანი სწორედაც რომ ის მირიანი იყო.

– როგორ?! გოგა?! – წამოსცდა მაკოს, იმიტომ რომ ყველამ იცოდა, ლიკა რომ გოგას საყვარელი იყო, შესაბამისად, მაკომაც.

– გოგამ მითხრა, ორივეს მოგვწონხარ და შენ აგვირჩიეო. მე მირიანი ავირჩიე. – ამის გაგონებაზე მაკოს გული მოეწურა, რომ წარმოიდგინა იკას რეაქცია.

– იკამ იცის? – უნებურად იკითხა.

– იკას უნდა შევუთანხმო? – შეურაცხყოფილი ხმით უთხრა ლიკამ.

– არა, მაგრამ ნიკა იკას მეგობარია... – არ მოერიდა მაკო ლიკას სიხარულს.

– ყველა ვიღაცის ვიღაცაა და მერე?! – ლიკას ხმაში გაღიზიანება შეეტყო.

– არაფერი, უბრალოდ ვთქვი. გილოცავ. მაგარი ამბავი მითხარი, – მაკო წამოდგა, – მეც დავწვები, დავიძინებ, ადრე უნდა ავდგე. ლიკამ თავი დაუქნია და თავისთვის გაიფიქრა:

– ეს პატარა წაკლაც რომ მკბენს. ცოტა მაცალე, გაგაპანღურებ აქედან. ჯერ აგარაკი გავაყიდინო ლიანას. ნაბიჭვარკა...

***

ლიკა კმაყოფილი იწვა ლოგინში. ზურგზე უყურებდა მირიანს და ფიქრობდა, – ის გოგა რა დონდლო იყო?!

ამ დროს მირიანი მისკენ გადმობრუნდა და უთხრა:

– გაიარ-გამოიარე, – ლიკა ტანსაცმელს დასწვდა.

– არა, შიშველმა, კარგად უნდა დაგათვალიერო,

ლიკა შეცბა, მაგრამ მირიანმა ხელიც მიაშველა, – ადექი და გაიარ-გამოიარე. ლიკა ადგა და მის წინ დადგა. მირიანმა მუშტრის თვალით აათვალიერ–ჩაათვალიერა:

– მუცელი არ ვარგა, არც ძუძუები, ჩამოწელილია. ტრენაჟორებზე იარე, მერე ვნახოთ, იქნებ ოპერაციაც გაგიკეთო, – ამის გამგონე ლიკა შეცბა, იმიტომ რომ მსგავსი რამ პირველად მოისმინა თავისი მისამართით. თავი დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ქალი ეგონა, თუმცა მირიანმა სრული სიმართლე უთხრა. ლიკა დაკომპლექსდა და თვალი უნებლიეთ მირიანის ღიპისკენ გაექცა. მირიანს არ გამოჰპარვია ლიკას თვალების მოძრაობა და ახარხარდა.

– ხომ არ გეწყინა? – ლიკას ხელი მოჰკიდა და უკან, ლოგინში დააბრუნა, – შენთან ერთი საკითხი მაქვს გადასაწყვეტი, – ერთი კარგი გოგოა, სხვათა შორის, შენი რძლის სამმართველოში მუშაობს, შეიძლება, იცი, შავი, გრძელი თმა აქვს, სამივეს ხომ არ გვეცადა?! – და ისევ ახარხარდა.

ლიკა დაიბნა და აილეწა:

– გეხუმრე, გამოგცადე, – უთხრა მირიანმა, – რომ არ გამიბრაზდე, მითხარი, რა გესიამოვნება და გიყიდი.

საჩუქრის პერსპექტივამ ლიკას გუნება გამოუკეთა, თუმცა გულში პირობა დადო, რომ, რადაც უნდა დასჯდომოდა, მირიანს გაატყავებდა...

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული