რომანი და დეტექტივი

დედა-დედინაცვალი

№47

ავტორი: ნია დვალი 20:00 01.12, 2023 წელი

დედა-დედინაცვალი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #44-46 (1194)

***

– უკვე ჩამოხვედით? – ლიანამ კარი გააღო და იკასა და მაკოს ცოტა ნაძალადევად გაუღიმა.

– არა, ისევ იქ ვართ, – იკას არ მოეწონა ბებიამისის ყალბი სიხარული. მაკომ გაოცებულმა გადახედა.

ლიანამ არაფერი შეიმჩნია: კი მაგრამ, ბარგი სადაა? – ამჯერად გულწრფელად იკითხა ლიანამ.

– აერიათ, სხვა რეისზე აიტანეს და საღამოს სახლში მოგვიტანენ.

– ლევანი დაგხვდათ? – დაინტერესდა ლიანა.

– კი, დედაჩემიც, – უპასუხა მაკომ და თან, ფეხსაცმელს იხდიდა.

იკა საპირფარეშოში შევიდა, მაკო – იკასა და თავის საძინებელში და მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მათ საწოლში ლიკას ეძინა. მაკო ისევ უკან გამობრუნდა.

ლიანამ, ვითომც არაფერიო:

– სანამ არ იყავით, ლიკა იძინებდა. ადრე ლიკას ოთახი იყო და უყვარს.

მაკოს არაფერი უპასუხია. არ იცოდა, სად წასულიყო. ერთხანს ოთახის წინ დერეფანში იდგა, შემდეგ კი სამზარეულოში შევიდა. ფიქრობდა, როგორ ეთქვა ეს ამბავი იკასთვის, რომელიც აუცილებლად გაბრაზდებოდა, მაგრამ ლიანამ დაასწრო. შვილიშვილს საპირფარეშოსთან ელოდებოდა და გამოვიდა თუ არა, ხელი მოჰკიდა:

– ახლა არ გაბრაზდე. ლიკა რჩებოდა ჩემთან, ცოტა წნევა მქონდა და თქვენთან წევს, სძინავს, არ გააღვიძო, – იკა სიბრაზისგან აჭარხლდა.

– დასვენება გვინდა, გააღვიძე!

– ლიანას მაგრად ეჭირა შვილიშვილის ხელი:

– არ გააღვიძო, გთხოვ, წუხელ გვიან მოვიდა, გამოიძინოს.

– და სანამ მაგას სძინავს, ჩვენ სამზარეულოში ვისხდეთ? – საკმაოდ ხმამაღლა თქვა იკამ, წნევიანი თუ იყავი და შენთვის რჩებოდა აქ, ღამით სად დაეხეტებოდა?

ლიანა უკან არ იხევდა:

– რაღაც მოხდა კიდევ. არ მინდოდა ასე უცებ თქმა.

იკა ხმას არ იღებდა, თუმცა დაუოკებელ სურვილს გრძნობდა, დედამისი თმით გამოეთრია თავისი საძინებლიდან. ლიკას უკვე ვეღარანაირ როლში ვერ აღიქვამდა: ის მისთვის არც დედა იყო და არც ადამიანი. იმედგაცრუებასაც აქვს თავისი ზღვარი და რაღაც მომენტის შემდეგ ის აგრესიაში გადადის, მანამ, სანამ სრულ გულგრილობად გარდაიქმნება. იკას იმედგაცრუებას ახლა აგრესიის ფორმა ჰქონდა. ხანდახან საკუთარი გამოსახულებაც ეზიზღებოდა სარკეში, იმიტომ რომ იკა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა დედამისს და არ იცოდა, ამისთვის რა მოეხერხებინა.

ლიანამ თითქოს გაიგონა შვილიშვილის ფიქრები და სთხოვა:

– ჩემი ხათრით, ახლა სკანდალი არ მოაწყო. გემრიელი საჭმელები დაგახვედრეთ, შენ რომ გიყვარს. მოდი, სამზარეულოში სუფრას გაგიშლით და მომიყევით, როგორი დრო გაატარეთ.

იკას მაკოსი არ ერიდებოდა, უბრალოდ, თავის სიბრაზეს ვერ ერეოდა და ამას ემატებოდა ისიც, რომ მაკოს დედა მათ დახვდა აეროპორტში და დიდხანს ეხვეწა, მასთან გაევლოთ, თუმცა მაკომ უარი უთხრა.

– გაგვევლო, ნეტავ, მაკო ამ სცენას მაინც არ შეესწრებოდა, – გაიფიქრა იკამ, მაგრამ ახლა ამაზე სინანულს აზრი აღარ ჰქონდა. გაახსენდა, როგორი გულდაწყვეტილი წავიდა მაკოს დედა, მაგრამ არ იმჩნევდა.

მაკოც ზუსტად იმავეს ფიქრობდა სამზარეულოში, მაგრამ დედამისს იკას დედას არ ადარებდა, მაკო დარწმუნებული იყო, რომ დედამისის მოვალეობა მაკოს მომსახურება იყო და ამას ისე იღებდა, როგორც ჩვეულებრივ რამეს. იკას დედას კი, უბრალოდ, არ აქცევდა ყურადღებას, თუმცა გააღიზიანა, მათ საწოლში რომ დაინახა. მაგრამ უფრო იმიტომ, რომ იკა არ გაღიზიანებულიყო და ისევ არ მისძალებოდა ნარკოტიკს და უცებ მაკოს ისევ დედამისი გაახსენდა. „რომ იცოდეს, რა ნარკომანი სიძე შეხვდა?!“ – გაიფიქრა და ამ ფიქრმა გაამხიარულა. უფრო ზუსტად, დედამისის სახე წარმოიდგინა, ამას რომ გაიგებდა.

– მომიყევით, როგორი დრო გაატარეთ? – ლიანამ ლამის ძალით შეიყვანა იკა სამზარეულოში და მაკოს გვერდით დასვა.

– საკაიფო, – უპასუხა მაკომ.

– ძალიან კარგი.

– რას შეჭამთ? – ლიანა არ ჩერდებოდა.

– ჩემი საყვარელი რაღაცები რომ გააკეთე, იმას, – უთხრა იკამ და ჯიქურ შეხედა. ლიანა დაიბნა, იმიტომ რომ კართან ეს ფრაზა სიტყვის მასალად უთხრა, იკა რომ რამენაირად მოეთაფლა, თორემ იკას არც არანაირი საყვარელი კერძები არ ჰქონდა.

– მე არ მშია, მაგრამ დავიძინებდი, აეროპორტში გამთენიისას მივედით, – თქვა მაკომ, – სად შეიძლება, დავიძინო?

ლიანა დაიბნა. იკას სახე დაეძაბა და სკამიდან წამოდგა. ლიანა მიხვდა, სადაც მიდიოდა, მაგრამ შეჩერება არც უცდია, აზრი არ ჰქონდა, თუმცა გულში მაკოზე გაბრაზდა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ მაკომ სპეციალურად იკითხა, სად დავიძინოო, იკა რომ გაებრაზებინა.

ლიანა ათი დღის განმავლობაში მარტო იყო ლიკასთან და იმდენად ესიამოვნა მონატრებული შვილის გვერდით ცხოვრება, რომ ლიკას დიდი ძალისხმევის გაღებაც არ დასჭირვებია, ლიანა გადაებირებინა და მაკოს წინააღმდეგ განეწყო, თუმცა მაკომ ძალიან ბუნებრივად იკითხა, სად დავიძინოო. ის ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვისაც ნებისმიერ ადგილსა და გარემოში შეეძლო, გამოეცხო ძილი, მაგრამ ლიანამ მაკოს ეს ფრაზა დაიმახსოვრა და გულის იმ განყოფილებაში ჩაიწერა, რომლის დევიზიც იყო „ცხოვრება მაკოს გარეშე“.

იკა საკმაოდ მალე დაბრუნდა სამზარეულოში და მაკოს უთხრა: გამოვა ახლა, ლოგინს გამოცვლის და დაწვები.

ლიანა ადგილიდან წამოფრინდა.

– მე გამოვცვლი. რატომ გააღვიძე?! დაღლილი იყო, – მაკოსთვისაც უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ გაახსენდა, რომ იკა ჯერჯერობით არ იზიარებდა ლიკასა და ლიანას დევიზს. მეტიც, არც კი იცოდა მსგავსი დევიზის არსებობის შესახებ.

***

– დაგვაგვიანდება, – იკა მაკოს აჩქარებდა, მაკო კი ცდილობდა, კარადაში თავისი თეთრი ქურთუკი ეპოვა:

– ზუსტად მახსოვს, აქ დავკიდე, თავისით ხომ არ წავიდოდა სადმე? – მაკოც ჩქარობდა და, თან ისიც აინტერესებდა, რა ბედი ეწია მის ქურთუკს.

– სხვა რამე ჩაიცვი, – ისევ აჩქარებდა იკა, – რამდენი რამე გაქვს.

– ეს მინდა, თეთრ შარვალს მოუხდება, – დაიჟინა მაკომ: ლიანა ხომ არ გინახავს ჩემი თეთრი ქურთუკი? – მაკომ იკას ბებიას გასძახა.

ლიანამ პასუხი დააგვიანა და ცოტა ხანში მაკოს ქურთუკით ხელში გამოვიდა:

– ლიკას ისე მოეწონა და გუშინ ავიღეთ, ძალიან მოუხდა... ლიკას ეცვა, – მაკო გაბრაზდა, მაგრამ არ შეიმჩნია.

– ისე უხდება ლიკას, თითქოს მისთვისაა შეკერილიო, – ლიანამ მთელი გული ამოაყოლა ქურთუკს, რომელიც მაკოს გაუწოდა.

მაკოს ქურთუკის ჩაცმის სურვილი გაუქრა და ისევ ბრაზობდა, რადგან მიხვდა, რომ მის არყოფნაში ლიანა და ლიკა მის კარადას ქექავდნენ.

– მეც ძალიან მიხდება. ვეტყვი, სად ვიყიდე და იყიდოს თვითონაც, – მაკოს აღარ უნდოდა ლიკას ნაცვამის ჩაცმა და ამიტომ ლიანას თვალწინ აიღო ქურთუკი და სარეცხის მანქანაში შეაგდო. მანქანაც ჩართო.

ლიანას ფერი ეცვალა:

– რატომ რეცხავ?

– არ მიყვარს, ჩემს ნივთებს რომ სხვები იცვამენ.

ლიანას არაფერი უპასუხია, მაგრამ აშკარად შეურაცხყოფილი დარჩა მაკოს ქცევით.

მაკო და იკა გავიდნენ თუ არა, ლიანამ ტელეფონი ამოიღო და თავის დას დაურეკა:

– ნანა, წარმოგიდგენია, რა გააკეთა? – და ლიანამ დაწვრილებით უამბო თავის დას, თუ როგორ შეაგდო მაკომ გასარეცხად ლიკას ნაცვამი ქურთუკი, რა თქმა უნდა, ის მომენტი, რომ ლიანამ და ლიკამ მაკოს კარადა გადაჩხრიკეს და ქურთუკი თვითნებურად აიღეს, ნებართვაც კი არ ითხოვეს, გამოტოვა და არა იმიტომ, რომ ლიანას და, ნანა ძალიან აღშფოთდებოდა, უბრალოდ, ლიანა დარწმუნებული იყო, რომ თავისი სახლის ნებისმიერი კარადის კარი მისთვის ღია იყო და იქ არსებული ნებისმიერი ნივთიც მას და მის ქალიშვილს ეკუთვნოდა.

***

– გოგა, მეძებდი? – ლიკა თავისი შეფის კაბინეტში შევიდა და კარი მიიხურა.

– კი, კი, მოდი, – დაუძახა გოგამ მოსასვენებელი ოთახიდან, საიდანაც რამდენიმე წამში გამოვიდა, უკან თავისი ბიძაშვილი გამოჰყვა.

ლიკა შეცბასავით, იმიტომ რომ არ ელოდა, თუ თავისი საყვარლის, ანუ, გოგას კაბინეტში გადააწყდებოდა გოგასვე ბიძაშვილს, რომელზეც ლიკას კარგა ხანია, თვალი ჰქონდა დადგმული, მაგრამ გოგას მაღალი თანამდებობა საშუალებას არ აძლევდა, მის ბიძაშვილთანაც გაეჩაღებინა რომანი. თუმცა პარალელური რომანები ლიკასთვის უცხო არასდროს ყოფილა.

– რის შეგეშინდა? – მირიანმა უტიფრად შესცინა ლიკას და ლიკა კიდევ უფრო შეცბა.

– როგორი მორიდებული ყოფილა. ჩემთვის არ გითქვამს, – მირიანმა მოურიდებლად აათვალიერ-ჩაათვალიერა ლიკა.

გოგა იღიმებოდა.

– ხომ ხედავ, შერცხვა. ნუ დააფრთხობ, – უთხრა მირიანს და მერე ლიკას მიუბრუნდა:

– მოდი, დაჯექი. საქმე გვაქვს შენთან, – ამის გაგონებაზე ლიკას უცებ თავში რაღაც აზრმა გაუელვა და ამიტომ სახეზე გაოგნება გამოეხატა.

– ის საქმე არა, შენ რომ ახლა გაიფიქრე, – გოგამ ხმამაღლა გაიცინა, – მოეშვი, არავინ შეგჭამს.

ლიკამ გაღიმება სცადა, თუმცა შეჭმის უარზე არ იყო, მაგრამ საკმაოდ გაქნილი ვინმე გახლდათ და ამიტომ ისევ დაიმორცხვა. სინამდვილეში, ლიკა ხელით გაატყავებდა ნებისმიერს, უტიფარზე უტიფარი ადამიანი იყო, მაგრამ მამაკაცებთან ყოველთვის შაქარყინულივით ტკბებოდა ხოლმე. ახლაც თვალები დახარა და სკამზე მორიდებულად დაჯდა.

– არა, უფრო ახლოს მოდი, – უთხრა გოგამ.

ლიკა უფრო ახლოს მდგომ სკამზე გადაჯდა.

– მირიანს იცნობ, – გოგამ ლაპარაკი დაიწყო და მირიანს გადახედა, რომელიც ნახევრად ადამიანს ჰგავდა: მოსული იყო და ტლანქი. სახეზე ეწერა, რომ მორალური ნორმები არ აწუხებდა, არც პრინციპები და, მით უმეტეს, არც ღირებულებები.

ლიკამ თავი დაუქნია: არათუ იცნობდა მირიანს, მისი უფრო ახლოს გაცნობის სურვილს ძლივს ერეოდა.

– ასეთი ამბავია. შენ ჭკვიანი გოგო ხარ და გაიგებ. ჩვენ ორივეს მოგვწონხარ, მირიანი ჩემი ძმაა, ჰოდა, შენ აირჩიე, – გოგა ლიკას უყურებდა და ისევ იღიმებოდა.

ლიკა ყურებს არ უჯერებდა, ისე იყო გახარებული, მაგრამ მორცხვის პოზა ჰქონდა დაჭერილი და შესანიშნავად ფლობდა საკუთარ თავს ამ პოზაში. ამიტომ დუმდა.

– არ მოგერიდოს. არც ერთს არ გვეწყინება. – გოგა ძალიან მშვიდად ლაპარაკობდა, საქმიანად და ხან ლიკას უყურებდა, ხან – თავის ბიძაშვილს, რომელიც ხარბად ათვალიერებდა ლიკას.

ლიკა ხმას არ იღებდა და როგორც ჩანს, გოგას ეს უკვე მობეზრდა, ისევე, როგორც ლიკა, მით უმეტეს, რომ ლიკას პარალელურად, კიდევ რამდენიმე თანამშრომელ ქალთან ჰქონდა გაჩაღებული რომანი და ერთ-ერთთან ეჩქარებოდა, ამიტომ ცდილობდა, სწრაფად გაეგო, ლიკა ვის აირჩევდა, მიუხედავად იმისა, რომ მასა და მირიანს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ ყველაფერი.

– შენ თუ არ იტყვი, ჩვენ არ დაგაძალებთ. კარგი, არ ამბობ, ნუ ამბობ, – და გოგამ საათზე დაიხედა.

ლიკამ კიდევ უფრო ჩაღუნა თავი და გულში შფოთი შეეპარა, ვაითუ, მირიანმა იფიქროს, არ მომწონსო და მისკენ გაიხედა.

გოგა თითქოს ლიკას თვალების ამ მოძრაობას ელოდაო, ფეხზე წამოდგა:

– გილოცავთ! აბა, თქვენ იცით, – მირიანს თვალი ჩაუკრა და ლიკასკენ გაემართა.

ლიკა ნაჩქარევად წამოდგა. გოგამ მოურიდებლად მიარტყა ხელი საჯდომზე და ოდნავ უჩქმიტა. შემდეგ მირიანს გადაულაპარაკა, – მოგეწონება, მონდომებული გოგოა.

ლიკა იმდენად იყო შეპყრობილი მირიანთან შეხების სურვილით, რომ გოგას ჩქმეტაც კი ესიამოვნა, მხოლოდ იმიტომ, რომ მირიანი უყურებდა ამას.

– აქ ვერ დაგტოვებთ. შენც კარგი კაბინეტი გაქვს, მაგრამ სამსახურში არ გირჩევთ. არ ღირს. აბა, დავიშალეთ! ჯერ შენ გადი, მერე ჩვენ გამოვალთ, – უთხრა გოგამ ლიკას.

ლიკამ კიდევ ერთხელ შეათვალიერა მირიანი, ორივეს გაუღიმა და კაბინეტიდან გავიდა.

– სულზე მომისწარი, ძმა ხარ, – მიუბრუნდა გოგა მირიანს.

მირიანმა ყველა კბილი გამოაჩინა და ცხენივით აჭიხვინდა.

***

იკა უხასიათოდ იყო და მაკომ ეს სიარულის მანერაზევე შეატყო.

– რა მოხდა? – თვალებით ჰკითხა. იკამ არაფერი უპასუხა და მაკოც არ ჩასძიებია:

– გაუნელდება და მეტყვის, – გაიფიქრა თავისთვის და მანქანაში ჩაჯდა.

– სახლში არ წავიდეთ, გავისეირნოთ, – უთხრა იკამ. მაკომ თავი დაუქნია. საერთოდ, არ ეწინააღმდეგებოდა ხოლმე იკას. თან, ახლა ხვდებოდა, თუ რატომ არ უნდოდა იკას სახლში მისვლა. დედამისი თავის მეორე ქმარს გაეყარა და ლიანასთან ისეთი სიამტკბილობა დაამყარა, ერთმანეთს თვალში რომ ჩავარდნოდნენ, ხელს არ ამოისვამდნენ. იკას ეს აღიზიანებდა, რადგან ხვდებოდა, რომ დედამისის გადმოსვლას კარგი არაფერი მოჰყვებოდა. ლიკა რაღაც მიზნით დაბრუნდა და იკას უნდოდა გაეგო, რა იყო ეს მიზანი.

არც დედამისის მისადმი ნათამაშები სიყვარულის სჯეროდა, იმიტომ რომ ლიკას, ფაქტობრივად, არანაირი მონაწილეობა არ მიუღია იკას გაზრდაში. რაც დაიბადა, იკა ლიანას ხედავდა, თუმცა არც მამამისი ახსოვდა თავისი ბავშვობიდან, ოღონდ, რომ არ ახსოვდა, ეს ლიანას „დამსახურება“ იყო, იმიტომ რომ სწორედ ლიანამ არ დაანება შვილიშვილი მამამისის ოჯახს და ყველა ღონე იხმარა, რომ იკა მასთან და მის ქმართან ერთად დარჩენილიყო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული