რომანი და დეტექტივი

დედა-დედინაცვალი

№46

ავტორი: ნია დვალი 20:00 24.11, 2023 წელი

დედა-დედინაცვალი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #44-45 (1193)

***

ლიანამ თავი დაუქნია შვილს, თუმცა გულმა უგრძნო, რომ კარგი არაფერი მოხდებოდა, მაგრამ უარს ვერ ეტყოდა.

ლიკა სამზარეულოში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, ლიანა ჭურჭელს ალაგებდა. ბედნიერების შეგრძნება თითქოს სადღაც აუორთქლდა. არ იცოდა, იკას რა რეაქცია ექნებოდა, დედამისს რომ დაინახავდა, იმიტომ რომ საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა დედა–შვილს. უფრო სწორად არც არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ. იკა ლიანამ და მისმა ქმარმა გაზარდეს. მათთან ცხოვრობდა. ლიკა შვილს იშვიათად ნახულობდა და ისიც – უფრო ზრდილობის გამო. მას შემდეგ კი, რაც მამამისმა თავისი ქონება ანდერძით მას კი არა, შვილიშვილს, იკას დაუტოვა, ლიკა კიდევ უფრო გაცივდა შვილისადმი და, რა თქმა უნდა, მამისადმიც, ოღონდ მამისადმი არ გამოუმჟღავნებია, სანამ თორნიკე ფეხზე დადიოდა, როდესაც ავად გახდა, არც კი უნახავს, ისე გარდაიცვალა.

გარდაცვალების დღესვე უთხრა ლიანას, რომ, თუ ანდერძს გამოაჩენდა, ლიანას სამუდამოდ მიატოვებდა. სიმართლე რომ ვთქვათ, ლიანა არც აპირებდა ანდერძის გამოჩენას, იმიტომ რომ არც იკას ენდობოდა და არც თავის შვილს, თუმცა, შვილშვილზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. იმდენადაც კი, რომ თავისი წრეგადასული მზრუნველობით სრულად უმაქნის პარაზიტად აქცია. მას არავინ უყვარდა, ალბათ, არც საკუთარი თავი, იმიტომ რომ ის არ უყვარდა დედას, ყოველ შემთხვევაში, იკას ასე ეგონა. უყვარდა თუ არა ლიკას თავისი შვილი? ეს ლიკამაც არ იცოდა, იმიტომ რომ იმ ასაკში, როდესაც ის დედა გახდა, შეიძლება, დედობრივი ინსტინქტი არც ჰქონდა ჩამოყალიბებული, ვინაიდან თავადაც ჯერ მხოლოდ ბავშვური ინსტინქტებით მოქმედებდა. იქნებ არც მოქმედებდა, იმიტომ რომ ბავშვური ინსტინქტები, სავარაუდოდ, გამორიცხავს, სექსუალურ ინსტინქტებს. ასე იყო თუ ისე, ამას ჩვენ მაინც ვეღარ გავიგებთ, მით უმეტეს, რომ ყველა ისე ცხოვრობს, როგორც შეუძლია, როგორც იცის და როგორც ჰგონია, რომ სწორია.

ლიკა ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ იკას ლიანა მიხედავდა, ამიტომ მას შეეძლო, არ მისულიყო შვილის სანახავად მაშინაც კი, როდესაც ის ავად იყო ან რამე შეემთხვეოდა. ბუნებრივია, იკითხავთ, როგორი დედა იყო ლიკა თავისი ორი გოგონასთვის, რომლებიც მეორე ქორწინებიდან ჰყავდა?!

არც არანაირი, იმიტომ რომ, თუმცა ლიანა ყველას უყვებოდა ამბებს, როგორ უვლიდა ლიკა მარტო თავის ორ შვილს. ლიკას შვილებს, სინამდვილეში, ლიკას ქმარი და დედამთილი ზრდიდნენ, მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ გოგონები ნამდვილად ლიკამ გააჩინა.

საერთოდ, ძალიან საინტერესო ოჯახი იყო, ვინაიდან, მაგალითად, ლიანას დიდად გულზე არ ეხატებოდა თავისი უფროსი შვილიშვილი გოგონა – სოფიო. რატომ? იმიტომ რომ ის თავის მამას ჰგავდა, ანუ ძვალმსხვილი და ხორცბევრი იყო, ლიანას კი ლამაზი ადამიანებისადმი მიუწევდა გული. განა სულიერად ლამაზებისადმი? ლიანა მხოლოდ ფიზიკურ სილამაზეს აღიარებდა: ლიკასაც ამიტომ პატიობდა ყველაფერს, იკაც ამიტომ უყვარდა გამორჩეულად, მათი გარეგნობა არათუ სავსებით აკმაყოფილებდა, არამედ მისთვის ერთგვარი სიამაყის საგანიც იყო, თუმცა რა საამაყოა ცარიელი გარეგნობა, ამაზე ლიანა, დარწმუნებული ვარ, არასდროს დაფიქრებულა.

– სამი დაიწყო უკვე. არ მოდიან, ნეტავ? – ლიკამ ტელეფონს დახედა, აშკარად ეძინებოდა.

– არ ვიცი. ხომ არ დავურეკავ?! – იუარა ლიანამ.

– დაურეკე, ჰკითხე, დაველოდოთ თუ არა, – აძალებდა ლიკა. მაგრამ ლიანა არც მალავდა, რომ დარეკვას არ აპირებდა, ვინაიდან არც ის იცოდა, რა რეაქცია ექნებოდა იკას, დედამისს რომ დაინახავდა.

***

– დედა მოვიდა? – ბავშვმა თვალები გაახილა და დაბალი ხმით იკითხა.

– გზაშია, მალე მოვა, შენ დაისვენე, – ლიანამ შვილიშვილს თავზე ხელი გადაუსვა.

– სანამ შემიყვანენ, მოვა?

– აუცილებლად მოვა, უკვე გზაშია, მაგრამ ექიმი ვერ დაელოდება, იმიტომ რომ ცუდად არ გახდე. თვალებს რომ გაახელ, უკვე არც არაფერი გეტკინება და შენი დედიკოც აქ იქნება, – ლიანა შვილიშვილს ეფერებოდა და ატყუებდა, ვინაიდან ვერაფრით დაიყოლია ლიკა, რომ საავადმყოფოში მოსულიყო. ახალი წლის ღამე ახლოვდებოდა და ლიკა მეგობრებთან ერთად ბაკურიანში წავიდა. ლიანას არც თხოვნამ გაჭრა და არც მუქარამ.

– კარგი, რა, დედა, ვერ დავბრუნდები! ან რით უნდა წამოვიდე?! ფეხით?! შენ ხომ ხარ მანდ? – ლიკა გაღიზიანებული ხმით ელაპარაკებოდა დედამისს, მაგრამ ტელეფონს ვერც უთიშავდა, იმიტომ რომ მამამისის ეშინოდა. თუ თორნიკე გაბრაზდებოდა, ლიკას დასჯიდა, რაც მეტად არასასიამოვნო შეიძლებოდა, ყოფილიყო მისთვის. დღე დღეზე კი სამსახურის დაწყებას ელოდა, რომელსაც მამამისი დაჰპირდა.

– გთხოვ, მამას არაფერი უთხრა. უთხარი, რომ უკვე ჩასული ვიყავი და გზა მოიყინა, – ლიანა ხვდებოდა, რომ ლიკას ვერ დაიყოლიებდა, ამიტომ ცდილობდა, არ გაბრაზებულიყო, თუმცა გულს უკლავდა იმის დანახვა, თუ როგორ ელოდებოდა იკა დედას.

– კარგი, ოღონდ ბოლოჯერ გაფარებ ხელს. მეტი ასე აღარ მოიქცე.

– მიყვარხარ. ყველაზე კარგი დედა ხარ, – ლიკამ ხალისიანად გათიშა ტელეფონი.

– დედიკომ გადმოგცა, მიყვარხარო და ჩემს ბიჭს აკოცე ჩემ მაგივრადო, – ლიანა ბავშვის საწოლს მიუახლოვდა და თავზე ხელი გადაუსვა,

***

– ეს აქ რას აკეთებს? – ლიანა მოულოდნელობისგან შეხტა იკას ხმის გაგონებაზე:

– როგორ შემაშინე! მოხვედით?

– ეს აქ რას აკეთებს? – გაიმეორა იკამ შეკითხვა.

– ვინ? – გაიკვირვა ლიანამ.

– შენი შვილი, – იკას გაბრაზებული ხმა ჰქონდა.

– არაფერს, მოსალოცად მოვიდა. გელოდებოდათ და მერე გავუშალე, ეძინებოდა. რომელი საათია? – ლიანამ ტელეფონის ძებნა დაიწყო.

– ვინმემ დაპატიჟა?! – იკა გაბრაზებული იყო.

– ეს მისი სახლიცაა, ისევე, როგორც შენი, – უპასუხა ლიანამ შვილიშვილს.

– აქამდე მისი სახლი არ იყო? ახლა გახდა?

– ყოველთვის იყო. მაკო სადაა? გამოვალ. მოდი, მოგილოცო, როგორ გამახარეთ, რომ იცოდეთ?! – ლიანა წამოდგა და შვილიშვილს გადაეხვია.

– ეს ხვალ ხომ წავა? – არ ეშვებოდა იკა ბებიამისს.

– არ ვიცი, ალბათ, წავა, აბა, ხომ არ დარჩება? – ლიანა იტყუებოდა, რომ როგორმე შვილიშვილი დაემშვიდებინა:

– ისე, რას გიშლის? იყოს. რა პრობლემაა?

– პრობლემაა! – იკა შეტრიალდა, თვალები ავად აუბრიალდა და ლიანას ოთახიდან გავიდა.

– მთავარია, არ იჩხუბონ, – გაიფიქრა ლიანამ, ხალათი მოისხა და საძინებლიდან ისიც გავიდა. წყლის ხმაზე მიხვდა, რომ მაკო სააბაზანოში იყო. იკა სამზარეულოში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.

– რატომ არაფერი მითხარი? ან მე რატომ არ წამიყვანე? – ვითომ საყვედურნარევი ხმით უთხრა შვილიშვილს, – გშია?

იკამ თავი გააქნია.

– უცებ გადავწყვიტე და ვერ მოვიფიქრე.

– მაკოს დედა იყო? – დაინტერესდა ლიანა. იკამ ისევ თავი გააქნია უარის ნიშნად.

– არ უნდა გავიცნოთ უკვე ერთმანეთი? – ლიანას შეკითხვები არ უმთავრდებოდა.

იკამ არაფერი უპასუხა. ამასობაში სააბაზანოს კარის ხმაც გაისმა და სამზარეულოში მაკო შემოვიდა. მაშინვე ლიანას გადაეხვია:

– აუ, მეც არ ვიცოდი, თორემ წაგიყვანდი, – მაკო ძალიან უშუალო, მე ვიტყოდი, უცერემონიო ადამიანი იყო, ყველას შენობით ელაპარაკებოდა და, მით უმეტეს, ლიანას, ვისთან ერთადაც აგერ უკვე ექვსი თვეა, ცხოვრობდა.

– დედაშენმა იცის? – ახლა მაკოსთან დააზუსტა ლიანამ.

– არა, არ მითქვამს.

– რომ გაბრაზდეს?

– დედაჩემი სულ გაბრაზებულია, – მაკომ გაიცინა და იკას გადახედა: დავიძინოთ? – იკა წამოდგა და უკან გაჰყვა.

– ჯერჯერობით გადავრჩით, – თავისთვის ჩაილაპარაკა ლიანამ, ლიკას გახედა, მას მშვიდად და განცხრომით ეძინა და თავის საძინებელში შევიდა.

***

– როგორ მოხდა, რომ დარეკე? – თამარმა ოდნავ ირონიული ტონით უპასუხა შვილს.

– აი, მოხდა, რა, – მაკოს გულგრილი ხმა ჰქონდა, – იკამ ხელი მთხოვა.

– გილოცავ, – და მაკო მიხვდა, რომ დედამისმა უკვე იცოდა, – რამე რომ იყოს, არ გამაცნობ?

– კი, გაგაცნობ. მამამისმა თქვა, რაღაც ქორწილივით უნდა გადავიხადოთო და შენ და ბებიაჩემი ხვალ, საღამოს 8 საათზე მოდით. ჩაგიგდებ, სად.

– კარგი, – თამარმა ტელეფონი ისე გათიშა, რომ შვილს არც დამშვიდობებია, იმიტომ რომ არ უნდოდა, რამე უხეშად ან საწყენად ეთქვა.

– რაო? – მაკოს ბებია, თამარის დედამთილი თვალმოუშორებლად უყურებდა რძალს.

– ხვალ, საღამოს, სადღაც დაგვპატიჟა.

– ხომ წავალთ? – შიშნარევი ხმით ჰკითხა დედამთილმა რძალს.

– მე რომ მკითხო, არ უნდა წავიდეთ.

– წავიდეთ, გთხოვ, ახალგაზრდაა ჯერ, ეშლება რაღაცები, მამა არ ჰყავს გვერდით.

– ლამის მთელი საქართველო უმამოდ იზრდება. ამას ჰყავდა მაინც, – თამარი გაცეცხლებული იყო, მაგრამ თავის შეკავებას ცდილობდა, თუმცა ენას ბოლომდე ვერ იმორჩილებდა:

– იცოდე მაინც, იმ ბიჭის დედა ვინაა და რა არის?!

– მერე შვილის რა ბრალია, თამარ? – არ დაეთანხმა დედამთილი.

– ბრალი არ არის, უბრალოდ ისეთივე იქნება, თუ ისეთივე არ იქნება, კომპლექსიანი იქნება, ეს უარესია. გული მიგრძნობს, რომ ვერ დამთავრდება ეს ამბავი კარგად.

– ნუ თარსავ ბავშვს, გთხოვ, – იას, თამარის დედამთილს, ისეთი გასაწყლებული გამომეტყველება ჰქონდა, რომ თამარს შეეცოდა:

– არ ვთარსავ, უბრალოდ, ნაწყენი ვარ.

– ვიცი, მეც ნაწყენი ვარ, მაგრამ რას ვიზამთ?! შვილები ასე იქცევიან ხოლმე. წავიდეთ ხვალ, მაკოს გაუხარდება.

***

– რას იტყვი? – ჰკითხა იამ რძალს, როდესაც რესტორნიდან გამოვიდნენ.

– არაფერს, – უხალისოდ უპასუხა თამარმა.

– ყოჩაღ, თავი კარგად გეჭირა, მე მამამისი მომეწონა, ბებიამისიც, დედამისსაც არა უშავს, მამამისის ცოლიც...

– მე გამიკვირდა, დედამისის ქმარი რომ არ იყო, – თქვა თამარმა და დედამთილის თვალებს რომ წააწყდა, დააყოლა, – მართლა გამიკვირდა. უხერხული იყო, თუ არ დაპატიჟეს.

რძალმა და დედამთილმა ერთმანეთს გადახედეს და ორივეს სიცილი აუტყდა.

– ჩვენ არ დავპატიჟოთ? – უცებ შეწყვიტა სიცილი იამ.

– არა, არ ვაპირებ.

– უხერხულია, მათ ხომ დაგვპატიჟეს?! – არ ეშვებოდა დედამთილი.

– შეხედე, რა ხდება: წავიდა, ექვსი თვე ცხოვრობდა, არც კი მოდიოდა ჩვენთან, არ რეკავდა, ამბავს არ კითხულობდა, ხომ წარმოგიდგენია, ჩვენზე რა წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ?! მე სულ არ მაინტერესებს მათი წარმოდგენები ჩვენზე, მაგრამ ზედმეტი მგონია, რომ ახლა ჩვენ დავპატიჟოთ. ჩვენზე აზრი უკვე შეიქმნეს და ფაქტია, საერთოდ არ გვცემენ პატივს, იმიტომ რომ მაკო არ გვცემს პატივს და ეს დაინახეს ამ ექვსი თვის განმავლობაში. ასე რომ... – თამარმა ხელი ჩაიქნია.

ია ჩაფიქრდა.

– მგონი, მართალი ხარ.

თამარის ტელეფონმა დარეკა. თამარმა დახედა და ხმა გამოურთო.

– რატომ არ პასუხობ? – შეეკითხა დედამთილი.

– მერე გადავურეკავ, – ნაჩქარევად უპასუხა თამარმა და ვითომ გზას დააცქერდა.

– მაკოზე ლაპარაკობ და შენ როდის მოიყვან სტუმრად?

– ვის? – გაიკვირვა თამარმა.

– მე შეიძლება, დავბერდი, მაგრამ ტვინი ცოტა კიდევ მიმუშავებს. შენ გგონია, ვერ ვხვდები ვერაფერს? – თამარი აილეწა.

– იცი, რა მომეწონა შენში, პირველად რომ დაგინახე? – ღიმილით გახედა იამ თავის რძალს და არც დალოდებია პასუხს, ისე განაგრძო:

– მაშინაც გაწითლდი და ეს თვისება დღემდე მოგყვება. ესე იგი, პატარა ბავშვი, რომელიც შენშია, ისეთივე ხალასია, როგორიც იყო, – ია ისევ იღიმებოდა, თამარი კი უფრო და უფრო წითლდებოდა, იმიტომ რომ ძალიან ერიდებოდა ამ უკეთილშობილესი ქალის, რომელსაც შვილი მოუკვდა და, არასდროს მოუხვევია თავზე თავისი დარდი არავისთვის. პირიქით, სიმშვიდეს ასხივებდა და სადაც ია იყო, ყოველთვის ხალისი და მშვიდობა მყარდებოდა. თამარს უკვირდა, როგორ ახერხებდა ამას ია, მაგრამ ია იმასაც ახერხებდა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ თავის რძალთან ეცხოვრა. თამარს ცრემლებით დაენამა თვალები. გაახსენდა, რომ სწორედ იამ შემოაბრუნა სიცოცხლისკენ და თამარს უფრო სჭირდებოდა ია გვერდით, ვიდრე იას – თამარი.

– მე არასდროს შემხვედრია შენნაირი ადამიანი, – გულწრფელად უთხრა თამარმა დედამთილს.

– ნუ აჭარბებ, – ხელი აიქნია იამ და გაიცინა, – და ნუ ტირი, თუ შეიძლება. სადღესასწაულო სუფრიდან მოვდივართ, რა დროს ტირილია, ადამიანო?! უნდა ვიცინოთ, ლაშაც გვიყურებს და უხარია.

თამარი ხმას არ იღებდა.

– ლაშა შენ ცუდად მოგექცა და მე მინდა, რომ ბედნიერი იყო. აუცილებლად უნდა იყო ბედნიერი. თუ შენ არ იქნები ბედნიერი, ვერც შენი შვილი გაბედნიერდება. ხომ ხედავ, ჩვენ დიდად არაფრად გვთვლის. მე მალე წავალ ამ ქვეყნიდან, მაგრამ შენ?! შენ რა უნდა ქნა?! სულ მარტო დარჩები. მაგრამ აი, ქმარი თუ გეყოლება, ყველა იძულებული გახდება, ანგარიში გაგიწიოს.

თამარი ისევ არ იღებდა ხმას, იმიტომ რომ ყურებს არ უჯერებდა.

– ამიტომ, მოიყვანე სახლში, გავიცნოთ ერთმანეთი, ვისაუბროთ, – ია სივრცეს მიშტერებოდა, თითქოს იქაც ვიღაცას ელაპარაკებაო, – იმაში კი გეთანხმები, ისე მოვიქცეთ, როგორც გადაწყვეტ. თუ ფიქრობ, რომ მაკო არასწორად მოიქცა, არ დავპატიჟოთ. ზედმეტად თავი არ გამოვიდოთ. დავჭირდებით და თავისი ფეხით მოვა.

იამ ისე ოსტატურად შეცვალა საუბრის თემა, რომ თამარს უხერხულობა გაუქრა და თავი პატარა გოგოდ იგრძნო, რომელიც უფროსებმა დანაშაულზე წაასწრეს, მაგრამ არ შეიმჩნიეს და შეაქეს, იმ იმედით, რომ მომავალში გამოსწორდებოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა