დედა-დედინაცვალი
ავტორი: ნია დვალი 20:00 17.11

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44 (1192)
ლიკა მორიდებული ადამიანი არ იყო, მაგრამ ახლა შეცბა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სხვანაირად წარმოედგინა. რატომღაც ელოდა, რომ ეს შავი, ჯუჯასავით კაცი ეტყოდა, რა საშინელი ვინმე იყო მაკო, როგორ ხლართავდა უამრავ ქსელს, რომ ხელში ჩაეგდო ლიკას ქონება, წაერთმია ლიკასთვის პოტენციური საყვარელი (თავად ლიკამაც რომ არ იცოდა, რიგით რომელი), რომ არ უყვარდა იკა და მისთანანი, მაგრამ ეს კაცი სრულიად საპირისპიროს ამბობდა, რომ, თურმე, მაკოს ლიკა, სულაც, გადადებული ფეხის წვერზე ეკიდა თავისი ბინებიანად. ამან ლიკა კიდევ უფრო გააცეცხლა და მაკოსადმი ზღვარგადასული ზიზღი იგრძნო.
ეს სავსებით ბუნებრივი რეაქციაა, როდესაც უცებ აღმოაჩენ, რომ რა უკეთურობაშიც სხვას სდებ ბრალს, ეს ის უკეთურობებია, რომლებსაც შენ თავად ჩაიდენდი და ჩაიდენ, ამის საშუალება რომ მოგცემოდა, ამიტომ ლიკა გაბრაზებული სახით იჯდა და არაფერს ამბობდა. მერი უხერხულად იღიმებოდა, რაც ლიკას კიდევ უფრო მეტად აღიზიანებდა.
– როგორ მე რა მინდა? – კითხვა შეუბრუნა ლიკამ.
– ჰო, შენ რა გინდა? აბა, მე არაფერი მინდა, – უთხრა კაცმა და ლიკამ დაინახა, როგორ აუკიაფდა თვალებში არც თუ სასიამოვნო ნაპერწკალი. ლიკას ახლა შეეშინდა და შეეშინდა იმის, რომ ამ კაცს თავად ლიკასთვის არ დაეშავებინა რამე. რატომ შეეშინდა? იმიტომ რომ ლიკა აუცილებლად გადაუხდიდა სამაგიეროს ნებისმიერს იმ სიტყვებისა და რეაქციისთვის, რაც თავად თქვა და გამოამჟღავნა, მაგრამ საკმაოდ გაქნილი იყო საიმისოდ, რომ ფირფიტა უცებ შეეცვალა და დამტკბარი ხმით ეთქვა:
– მაინც მეშინია და თავი მინდა დავიზღვიო.
– რის გეშინია? – კაცი თვალებს არ აშორებდა და ლიკას ტანში უსიამოვნოდ ცრიდა.
– მეშინია, რომ ჩემს შვილს თავგზას აუბნევს, მოატყუებს, – კაცი არაფერს პასუხობდა, ისევ თვალებში უყურებდა და ახლა უკვე იღიმებოდა. ლიკამ შეამჩნია, რომ ოქროს კბილი ჰქონდა, რომელიც შავი სანთლის შუქის ფონზე უცნაურად უელავდა და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ის შავი კაცი პირიდან ცეცხლებს აფრქვევდა.
– თქვი, რა გინდა. მე შენ მაგივრად არ ვიტყვი. შენ მოხვედი ჩემთან. ან თქვი, ან წადი და 200 ლარი, აი, იმ ჯამში ჩადე, – უთხრა კაცმა და ახლა უკვე გულიანად გაიცინა და ახლა უკვე ცეცხლის ენებმა გამოყვეს თავი მისი პირიდან.
ლიკას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. გაახსენდა, რომ 200 ლარი უნდა გადაეხადა და თუმცა თავის ფულს არ ხარჯავდა, მაინც დაენანა და ამიტომ ერთბაშად მიაყარა:
– მინდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ.
– იცი, ხომ, თუ არ დაშორდა შენი შვილი, მაშინ ავად გახდება.
– ის გოგო? – ენამ გაუსწრო ლიკას.
– არა, შენი შვილი, – ისევ გამოაჩინა შავმა კაცმა თავისი ოქროს კბილი.
– დაშორდებიან, – დარწმუნებით ჩაილაპარაკა ლიკამ.
– კარგი, მაშინ უნდა მომიტანო... – და კაცმა რაღაც უცნაური ნივთების ჩამოთვლა დაიწყო, მერე უცებ შეჩერდა:
– ის გოგო კუდიანი ქალის შვილშვილია, შეიძლება, დააბრუნოს, თუ გაიგებს.
– ვერ გაიგებს. ვინ უნდა უთხრას? – ისევ დაბეჯითებით უთხრა ლიკამ.
– მე გაგაფრთხილე, – და ოქროსკბილიანმა კაცმა განაგრძო ჩამოთვლა.
ლიკა მანქანაში რომ ჩაჯდა, უკვე კარგ ხასიათზე იყო, მერისაც კი გაეხუმრა, რომელსაც მთელი იმ ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, მიუხედავად იმისა, რომ მის გულში ნამდვილი ქარშხალი ბობოქრობდა. თუმცა ლიკა მისთვის სამყაროს დედოფალი იყო და თავს უბედნიერესად გრძნობდა მის გვერდით, მიხვდა, რომ საკმაოდ უსიამოვნო სცენას შეესწრო. ერთია, ვიღაცას აღმერთებდე, იმიტომ რომ საკუთარი არასრულფასოვნება შენიღბო (და მერე რა, რომ მერიმ არც კი იცოდა, თუ არასრულფასოვნების კომპლექსების მთელი თაიგული აწუხებდა) და მეორე, ბოროტების თანამონაწილე გახდე.
– სახლში მიგიყვანო? – მერისთვის ლიკას ეს შეკითხვა მოულოდნელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ელოდა, სადმე გაივლიდნენ და ყავას დალევდნენ. ეტყობა, სახეზე გაოცება გამოეხატა, რის მიზეზსაც ლიკა მიხვდა, ამიტომ დაუყვავა:
– გოგას დავპირდი, რომ მასთან მივიდოდი, მაგრამ ჩემს ქმარს ვეტყვი, რომ შენთან ერთად ვარ და თუ დაგირეკა, რამე მოიფიქრე, – მერი ისევ გაიბადრა, იმიტომ რომ დედოფლის არა მხოლოდ საიდუმლო იცოდა (არადა ეს „საიდუმლო“ მთელი სამსახურისთვის იყო ცნობილი), არამედ მისი დაცვაც დაევალა. ამიტომ თავი ენერგიულად დაუქნია თანხმობის ნიშნად.
– რა მეშველებოდა უშენოდ, – ლიკამ თითქოს სიყვარულით შეხედა მერის და მერიც ლამის თვალსა და ხელს შუა ჩაადნა.
სინამდვილეში ლიკა დედამისთან მიდიოდა, იმიტომ რომ მაკოს რამე ნივთი უნდა წამოეღო ჩუმად.
***
მერი ფართხაფურთხით შევარდა ლიკას ოთახში:
– გაიგე? ეს ნახე?
– რა უნდა გამეგო? – ვერ მიხვდა ლიკა.
მერიმ მობილური ტელეფონი გაუწოდა და ფოტო გაუდიდა:
– გამორიცხულია! – შეჰყვირა ლიკამ, – როდინდელია?
– ამ წამს დადო, – მერი თავს აქნევდა და სახეზე ერთიანად აჭარხლებულიყო.
ლიკაც წამოწითლდა და ტელეფონი აიღო ხელში, თუმცა მალევე გადაიფიქრა დარეკვა და დივანზე მოისროლა.
– მაშინვე რატომ არ დამირეკე? – მიუბრუნდა მერის.
– ტელეფონით არ მინდოდა მეთქვა და ვნახე თუ არა, მაშინვე შენთან გამოვიქეცი. – მერი ისე გულწრფელად უყურებდა, რომ ლიკას მასზე გული მოულბა.
– ამას არ ველოდი. ეს როგორ გააკეთა. ან დედაჩემმა რატომ არ მითხრა?! მოვკლავ იმ ქალს! – ლიკა ყვიროდა და ოთახში აქეთ-იქით დადიოდა.
– იქნებ არ იცოდა ლიანამ, – გაუბედავად თქვა მერიმ.
– როგორ არ იცოდა? ჩემს ჯინაზე გააკეთა, ჩემს ჯინაზე შეუშვა ის გოგო თავის სახლში! არ ვაპატიებ ამას! იმ კაცს არაფერი სცოდნია... – ახლა ოქროსკბილიან შავ კაცს გადასწვდა ლიკა.
– ძალიან მიქეს, – მხრები აიჩეჩა მერიმ, – აი, ადმინისტრაციაში რომ ქეთი მუშაობდა, მაგის ქმარს ჰყავდა საყვარელი და იმ კაცმა ორ თვეში დააშორა, თუმცა მერე ქეთის ქმარი ავად გახდა და გარდაიცვალა საწყალი, მაგრამ იმ ქალისკენ აღარ გაუხედავს, – მაგრამ ლიკას არაფერი გაუგონია. ისევ ბოლთას სცემდა ოთახში. რაღაც დროის გასვლის შემდეგ დაწყნარდა.
– მაჩვენე, – უთხრა მერის და მერიმაც მკვირცხლად მიუტანა თავისი მობილური ტელეფონი.
ლიკამ ამჯერად დინჯად დაათვალიერა ფოტოები, როგორ სთხოვდა მისი შვილი ხელს მაკოს. შემდეგ ტელეფონი მერის დაუბრუნა და ჩაფიქრდა:
– ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, – მერის ეშმაკურად გადახედა და გაუღიმა, შენ აქ დამელოდე, – მერიმ გაკვირვებული მზერა გააყოლა.
ლიკა ათიოდ წუთში გამოწყობილი დაბრუნდა და მაკიაჟის განახლებას შეუდგა.
– სადმე მიდიხარ? – ჰკითხა გაკვირვებულმა მერიმ.
– ერთად მივდივართ, – ისევ ეშმაკურად გაუღიმა ლიკამ.
ცოტა ხანში ორივენი ლიკას მანქანისკენ გაემართნენ.
– სად მივდივართ? – ისევ გაუმეორა შეკითხვა მერიმ. ლიკამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად შეხედა. გზაში ლიკამ ყვავილები იყიდა და მერი მხოლოდ მაშინ მიხვდა, რისთვის, როდესაც ლიკას დედის სახლთან მივიდნენ.
– დედამ შვილს გაბედნიერება უნდა მიულოცოს, – ლიკამ მერის გადახედა, – ავედით.
მერი აღტაცებული შესცქეროდა ლიკას და ფინია ძაღლივით დაედევნა კუდში.
– სად არიან ახალშეუღლებულები? – ხმამაღლა შესძახა ლიკამ, როგორც კი სახლში შეაბიჯა. ლიანა მაშინვე გამოეგება შვილს:
– შენ საიდან გაიგე? მეც არ ვიცოდი არაფერი, ახლა იკუნას მეგობარმა დამირეკა და მითხრა, ძალიან ვნერვიულობდი, იკა არ მოსულა სამსახურიდან, მაკო ელოდებოდა, მერე მაკოს დაურეკა, სადღაც ვარ და მოდიო და მერე ორივე დაიკარგა და არც ერთი არ იღებდა ტელეფონს. ისე ვინერვიულე, კინაღამ გული გამისკდა, თურმე, სიურპრიზი მოუწყო, – ლიანას გახარებული ხმა ჰქონდა, – დამშვიდდება ჩვენი ბიჭი.
– მალე მოვლენ, თუ იცი? – ჰკითხა ლიკამ დედამისს.
– არ ვიცი, ალბათ. ხვალ შაბათია, სამსახურში არ მიდიან, ამიტომ შეიძლება, დააგვიანონ. შენ დარჩი ცოტა ხანს, – შესთავაზა ლიანამ, – მაშინდელივით უცებ არ გავარდე. უი, მერიკო ახლა დაგინახე, ისეთი დაბნეული ვარ.
– არა უშავს, ლიანა დეიდა, გილოცავთ! – მერიმ ლიანას ხელი ჩამოართვა.
– ყავას მოგიდუღებთ, გოგოებო, – ლიანა დაფაცურდა.
– მე ყვავილებს მოვუვლი, – თქვა ლიკამ და თაიგულს დასწვდა.
– ძალიან გამიხარდა, რომ მოხვედი და გაგიხარდა, რომ ხელი სთხოვა. შენ არ იცი, რა კარგადაა მაკოსთან, თითქოს გამოცვალესო. თან, ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ, – ლიანამ დაიჯერა, რომ შვილმა აზრი შეიცვალა, – გოგოები რატომ არ წამოიყვანე?
– ბებიამისთან არიან, ზურა ხომ იცი, მივლინებაშია, ხვალ ჩამოვა. მე ამაღამ აქ დავრჩები, – მოულოდნელად გამოაცხადა ლიკამ.
– სად დაგაწვინო? ჩემს საძინებელში? – შესთავაზა ლიანამ და თუმცა ლიკას გულზე მოხვდა, რომ მის საკუთარ სახლში მისთვის დასაწოლ ადგილს ეძებდნენ, არ შეიმჩნია:
– სადმე დავწვები.
– ჰო, შენს ოთახში ახლა ბავშვები არიან, დიდ ოთახში არ ივარგებს, მიმსვლელ-მომსვლელი იქნება. ლოჯიაში გაგიშლი, ბავშვობაში გიყვარდა იქ დაძინება, – გაუღიმა ლიანამ.
– მშვენიერია, – დაეთანხმა ლიკა, – და მაკოს მშობლებმა იციან?
– არ ვიცი, ალბათ, არა, ისევე, როგორც ჩვენ არ ვიცოდით, – უთხრა ლიანამ და შეამჩნია, რომ შვილმა მოიწყინა, – რამეს მიმალავ?
ლიკამ თითქოს ანიშნა მერიზე, მასთან ერთად არ მინდა ამაზე ლაპარაკიო და ლიანაც გაჩუმდა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
– ტაქსის გამოგიძახებ, – ლიკამ მერის გადახედა. მერიც მონდომებული რიგითივით წამოხტა და გაიჯგიმა.
– რა ყველგან დაატარებ თან, ძალიან უშნოა, – უთხრა ლიანამ შვილს, მერი რომ წავიდა.
– მერე კარგია, უშნო რომაა, სამაგიეროდ, ერთგულია, – არ დაეთანხმა ლიკა დედამისს.
– რის თქმა გინდოდა, – გაახსენდა ლიანას არდაწყებული საუბარი.
– ოჰ, არ ვიცი, ასეთ დღეს არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, მოდი, სხვა დროს გეტყვი, – ლიკამ თითქოს უხალისოდ ჩაილაპარაკა, მაგრამ ზუსტად იცოდა დედამისის ხასიათი, ლიანა ცნობისმოყვარეობისგან მოკვდებოდა, მაშინვე რომ არ გაეგო, რის თქმას აპირებდა ლიკა.
– თუ დაიწყე, დაამთავრე, ასე როგორ შეიძლება? ნუ მანერვიულებ, – უთხრა შვილს და სკამზე მიესვენასავით.
– ოღონდ დამპირდი, რომ არ ინერვიულებ, – გამომცდელად შეხედა ლიკამ.
– რამე ცუდი უნდა მითხრა?
– აი, ამიტომ არ მიყვარს შენთვის არაფრის თქმა. მაშინვე ცუდად იხდი თავს.
– გპირდები, მითხარი, მშვიდად მოგისმენ, – ლიანა სკამზე გასწორდა.
– ზურასთან ცხოვრება აღარ შეიძლება, დედა...
– ამის გაგონებაზე ლიანას ელდა ეცა.
– ზურა ყოველთვის კარგი ქმარი და მამა იყო. რამე მოხდა? არ მჯერა, რომ ზურა ცუდად გექცევა.
– და საკმარისია, კარგი მამა და ქმარი იყოს? არ მიყვარს, დედა, აღარ შემიძლია, – ამოიოხრა ლიკამ და თავი ჩაქინდრა.
ლიანას სახე დაეძაბა.
– რა ცუდი ამბავი მითხარი, მე მეგონა, კარგად იყავით და მშვიდად მქონდა გული. ბავშვებმა იციან?
– არა, არავინ იცის, შენ გითხარი პირველს, – სევდიანად უთხრა ლიკამ.
– არც ზურამ იცის? – დააზუსტა ლიანამ.
– არა, რას ამბობ? სანამ შენ არ შეგითანხმებდი, ზურას როგორ ვეტყოდი?! – ისე გაიკვირვა ლიკამ, თითქოს დედამისთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯს არ დგამდა.
– და სად უნდა იცხოვროთ? – ჰკითხა ლიანამ შვილს.
ლიკა ასეთ შეკითხვას არ ელოდა.
– ვიცხოვროთ?! სად?! – კითხვა დაუბრუნა.
– ჰო, შენ და ბავშვებმა სად უნდა იცხოვროთ?
ლიანა ვერც კი მიხვდა, რომ მისი შეკითხვა ლიკას გულში მახვილივით მოხვდა.
– ნინიცას წამოვიყვან, სოფიო კი მამამისთან დარჩება და ბებიამისთან, – ლიკა ცდილობდა, ხმაში გაღიზიანება არ შემჩნეოდა.
ლიანას აშკარად არ ესიამოვნა ეს პერსპექტივა, იმიტომ რომ ამ ექვსი თვის განმავლობაში შეეჩვია იკასთან და მაკოსთან მშვიდ ცხოვრებას. მათთვის სიამოვნების მინიჭება თავადაც სიამოვნებდა და თავსაც არ გრძნობდა მარტო, პირიქით, მეტად საჭირო და შეუცვლელ პიროვნებად აღიქვამდა, რაც იკას პატარაობის შემდეგ არასდროს უგრძნია.
– ეს შენი სახლია და როცა გინდა, მოხვალ, მაგრამ მგონია, რომ ზურას უნდა დაელაპარაკო, – მაინც უთხრა შვილს და სადღაც გულის კუნჭულში ეჭვმა გაკენწლა, რომ ლიკას გადაწყვეტილება იმას უკავშირდებოდა, რომ იკამ მაკოს ხელი სთხოვა.
– ზურა არ გამომიშვებს და ერთ ამბავს ატეხს, ისედაც სულ ეჭვიანობს. ამიტომ მინდოდა შენი თანხმობა, რომ გვერდში დამიდგე, – ლიკამ იცოდა, როგორ მოეგო დედამისის გული. ლიანა მთებს გადადგამდა, ოღონდ კი მისთვის დახმარება ეთხოვათ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან