დედა-დედინაცვალი
ავტორი: ნია დვალი 20:00 10.11

– დედა, რატომ არ იღებ ტელეფონს? – ლიკას გაღიზიანებული ხმა ჰქონდა.
– ვერ გავიგე ზარის ხმა, სადილს ვამზადებდი, – არანაკლებ გაღიზიანებული ხმით უპასუხა ლიანამ.
– ვის უმზადებ? ჩამოგისახლდათ ის გოგო? – მიახალა ლიკამ.
– რა ჩამოგვისახლდა, ვეხვეწები, არ წავიდეს, იკა ადამიანს დაემსგავსა. სამსახურიდან ერთად მოდიან, სულ სახლშია საღამოობით, არც სვამს, არც მისი ნარკომანი და უსაქმური ძმაკაცები მოდიან და აღარ ბუღავენ აქაურობას. ისე, კარგად ვართ. შენ რა გინდა? როდის კითხულობდი ჩვენს ამბავს? კვირები ისე ჩაივლის, არც კი რეკავ, შვილი ბოლოს როდის მოიკითხე? – არ შეეპუა ლიანა შვილს, მაგრამ თემა შეცვალა:
– შენთან რა ხდება? გოგი, ბავშვები როგორ არიან?
– კარგად არიან. მომისმინე. გამოსვლა მინდა, ოღონდ სახლში რომ მარტო იქნები.
– კვირის დღეებში, სანამ სამსახურიდან მოვლენ, სახლში სულ მარტო ვარ. ხომ მშვიდობაა? – ლიანას ხმაში შეშფოთება შეეტყო.
– დაურეკე, ვითომ მოსაკითხად და დააზუსტე, როდის მოვლენ. ახლავე გამოვალ, – უთხრა შვილმა.
– შენ არ ხარ სამსახურში?! – გაიკვირვა ლიანამ.
– დაურეკე და 5 წუთში დაგირეკავ, – ლიკამ დედამისს ტელეფონი გაუთიშა.
ლიანამ მხრები აიჩეჩა და იკას ნომერს დააჭირა თითი:
– იკუნა, როდის მოხვალთ შენ და მაკო? ვახშამს გიმზადებთ და მაინტერესებს, თუ მოვასწრებ... კარგი, გელოდებით, – ლიანამ შვილიშვილს ტელეფონი გაუთიშა და შვილს დაურეკა:
– რვისთვის იქნებიან.
– მოვდივარ, – უთხრა შვილმა და მობილური მაშინვე გაუთიშა.
ლიანამ თავი გადააქნია და სადილის მომზადება განაგრძო. ათიოდ წუთში სამზარეულოში ლიკა შემოიჭრა.
– მოფრინდი? – გაიცინა ლიანამ. საერთოდ უაზრო სიცილი ახასიათებდა, უსიამოვნო და უადგილო.
ლიკამ არაფერი უპასუხა.
– გშია? – შეეკითხა ლიანა.
– არა, – ლიკამ სიგარეტი ამოიღო, – ყავას დავლევ.
– მოგიდუღო თუ მოიდუღებ? – დააზუსტა ლიანამ.
– მოვიდუღებ, – ლიკა წამოდგა და ყავადანი აიღო.
– რა ფეთიანივით შემოვვარდი, რა მოხდა? – ჰკითხა ლიანამ.
– დედა, უნდა მომეხმარო, ის გოგო უნდა მოვაშოროთ, – ლიკას დაძაბული ხმა ჰქონდა.
– რას გადაეკიდე მაკოს, რა დაგიშავა? მშვენივრად არიან, იყვნენ, შენ რას გიშლიან?! შენ შენს ქმართან და შვილებთან ცხოვრობ. გააკეთოს იკამ, რაც უნდა, – ლიანა აშკარად არ ეთანხმებოდა შვილს.
– შენ გააფუჭე ეს ბიჭი, – ლიკამ ღრმა ნაფაზი დაარტყა და ხველა აუტყდა.
ლიანამ ზურგზე დაარტყა ხელი.
– მე რა გავაფუჭე?! დედა მაგას არ ჰყოლია და მამა.
ლიკას ამის მოსმენა არ ესიამოვნა.
– ნუ დაიწყებ ახლა.
– არაფერს არ ვიწყებ. 14 წლის იყავი, შენგან რა დედა უნდა გამოსულიყო?! – გაიკვირვა ლიანამ, ის შენი ქმარი კიდევ – თვრამეტის.
– მორჩი, რა, დედა, – ლიკას ეტყობოდა, რომ ვერა და ვერ წყნარდებოდა.
***
ალბათ, გაგიკვირდათ, რომ ლიკა 14 წლის ასაკში უკვე დედა გახდა, ხოლო მისი ქმარი – 18 წლის მამა იყო. პირობითად ვამბობ, ქმარი-მეთქი, იმიტომ რომ 14 წლის ასაკში არავის აქორწინებდნენ, ყოველ შემთხვევაში, იმ ქვეყანაში, სადაც ეს ამბავი მოხდა. გაგიკვირდათ თუ არა, ფაქტი ფაქტად რჩებოდა. რადგან ორივენი არასრულწლოვნები იყვნენ, ლიკას მამა კი ფულიანი გახლდათ, საქმე ჩუმად მოგვარდა, მით უმეტეს, რომ არც ერთ მხარეს არ გამოუთქვამს პრეტენზია.
მოკლედ, იკა დაიბადა, ლიკას დაუსწრებლად დაამთავრებინეს სკოლა, იმის მიუხედავადაც, რომ ქმრის ოჯახში ცხოვრობდა. შემდეგ მამამისმა რომელიღაც კიბის ქვეშ გახსნილი უმაღლესი სასწავლებელიც დაამთავრებინა და ყველას დაავიწყდა ფაქტი, რომ ლიკა 13 წლის ასაკში დაქალდა. რატომ დაავიწყდათ? შეიძლება, იმიტომ რომ ოჯახი დაუდგა გვერდით; შეიძლება, იმიტომაც, რომ ქმრის ოჯახში გადავიდა საცხოვრებლად და რაც მთავარია, შეიძლება, იმიტომ რომ დედობის ფაქტი ძალიან ბევრ რამეს გადაწონის ხოლმე.
მართალია, იკას მამას ლიკა კარგა ხნის წინ გაეყარა, ისე რომ ბავშვები აღარ გაუჩენია. შემდეგ უყვარდა ხოლმე და არც თუ იშვიათად. მერე მეორედაც გათხოვდა და კიდევ ორი შვილიც გააჩინა. იკასთან ურთიერთობა ვერ აეწყო, სამაგიეროდ, ლიანა იყო გადაფოფრილი შვილიშვილზე და, სიმართლეს თუ ვიტყვით, იკას თავის საკუთარ შვილად უფრო აღიქვამდა, ვიდრე შვილიშვილად. მით უმეტეს, რომ ლიკას დედობრივი გრძნობები ზოგადადაც არ აწუხებდა და განსაკუთრებით, იკასადმი. შეიძლება, ერთგვარად ეჭვიანობდა კიდეც, როგორც, მაგალითად, უმცროს ძმაზე, რომელიც მასზე მეტად უყვართ მშობლებს და უფრო მისთვის ემეტებათ ყველაფერი.
***
– დღეს ველაპარაკე გოგოებს და... ეგ მაკო არის ერთი ავანტიურისტი ბოზი, – ლიკა ადგილზე ცმუკავდა.
– და იკას რა უნდა წაართვას? – ლიანამ გაიკვირვა. დედამისის სიმშვიდე ლიკას კიდევ უფრო აღიზიანებდა და ისიც, რომ ლიანამ „ბოზი“ არ შეიმჩნია.
– ვერ ხვდები? ეს ბინა, აგარაკი!
– და როგორ უნდა წაართვას? – გაიკვირვა ლიანამ: როდესაც იკას სახელზე კი არ არის, არამედ ჩემს სახელზეა ერთიც და მეორეც?!
ლიკას არაფერი უთქვამს, ვინაიდან საქმეც ის იყო, რომ სწორედ დედამისის იმედი არ ჰქონდა და შიშობდა, რომ ლიანა ყველაფერს იკას გაუფორმებდა თუ არა, ანდერძით მაინც დაუტოვებდა.
– და ჯერ ცოცხალი ვარ, – საყვედურივით უთხრა ლიანამ შვილს, მაგრამ ლიკამ თითქოს ვერ გაიგო.
– მე ვიცი, როგორ გიყვარს იკა და რამდენი ამაგი გაქვს, – შვილმა დედას დაუყვავა, იცოდა ლიანას ხასიათი, შექება ძალიან უყვარდა, მით უმეტეს, რომ სრულ სიმართლეს ამბობდა, იკა ლიანას გაზრდილი იყო და შეიძლება, ლიანას გაზრდილი რომ იყო, იმიტომაც იყო ისეთი, როგორიც იყო.
– იკა მიყვარს და შენც მიყვარხარ, – ლიანამ შვილს შეხედა, – მაინც ვერ გავიგე, მაკოს რას ერჩი.
– რა რას ვერჩი, დედა, ჯერ ერთი, უკვე იყო გათხოვილი და მეორეც, გოგოებმა მითხრეს, ვისი საყვარელი აღარ იყოო.
– გოგოებმა რა იციან. იქ იყვნენ?! – ლიანა შვილს არ უთმობდა, იქნებ იმიტომაც, რომ შინაგანად იცოდა, ზნეობით ვერც მისი შვილი დაიკვეხნიდა.
– მე გაგაფრთხილე, დედა, ამას ასე არ დავტოვებ. გამორიცხულია!
– იკასთან კიდევ უფრო გაიფუჭებ ურთიერთობას. დამიჯერე, დაანებე თავი. ცოლად ხომ არ მოუყვანია?! – ლიანა შვილის დამშვიდებას ცდილობდა.
– ცოლად მოყვანა არაა ეს?! – ლიკამ თვალი მოავლო ლიანას სამზარეულოს.
– არა, ეს ისაა, რომ ჩემს შვილშვილს ვუმზადებ ვახშამს. – არ დაუთმო ლიანამ და ლიკა მიხვდა, რომ დედამისთან ვერაფერს გააწყობდა, ყოველ შემთხვევაში, ახლა. ამიტომ გაჩუმება არჩია.
– წავალ, არ მინდა, მომისწრონ, – ლიკა წამოდგა.
– დარჩი ცოტა ხანს, ვილაპარაკოთ, – შესთავაზა ლიანამ.
– სამსახურში მეჩქარება, გავიქეცი, არ გამაცილო, – ლიკამ დედამისს აკოცა და წავიდა.
ლიანამ თვალი გააყოლა, ერთ ხანს ერთ ადგილას იდგა, თითქოს რაღაცას იხსენებდაო, მერე მკვეთრად მიბრუნდა და ამოიოხრა:
– მაპატიე, მურთაზ, რომ დავხიე შენი ანდერძი. იკას ვერ გადავუფორმებდი ყველაფერს, გამორიცხულია. ყველაფერს წააგებდა...
***
ლიკა მანქანაში ჩაჯდა, დაძრა და ტელეფონი მოიმარჯვა:
– გამიგე, რაც გთხოვე? კარგი და როდის წავიდეთ? როგორ? დღეს საღამოს არ გამოვა? დედაჩემი დაბმული ჰყავს საკაიფოდ. გიჟდება ორივეზე... მიდი, სთხოვე რა, ძალიან მეჩქარება. გელოდები. – ლიკამ მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და მის კართან პატრულის თანამშრომელიც გაჩნდა.
– ქალბატონო, ღვედი არ გიკეთიათ და ტელეფონზე ლაპარაკობდით, – უთხრა თავაზიანად და ლიკას გაუღიმა.
ლიკას ხმაც არ გაუცია, ჩანთაში რაღაცის ძებნა დაიწყო. ცოტა ხანში „ქსივა“ ამოიღო. პატრულის თანამშრომელი მაშინვე გაიჯგიმა, ღიმილი სახიდან ჩამოირეცხა, კეთილი მგზავრობაო და გაუჩინარდა.
– სად ნახულობენ ამდენ კრეტინს, – ხამამაღლა თქვა ლიკამ და „ქსივა“ შეინახა. მანქანა არ დაუძრავს. პასუხს ელოდებოდა. ცოტა ხანში მისმა ტელეფონმაც დარეკა, ლიკამ მაშინვე უპასუხა:
– რაო?! აუ, რა გოგო ხარ?! მოვფრინავ. გაემზადე? – კმაყოფილი სახით დაქოქა მანქანა და დაიძრა.
***
მერი ცოტა შეუხედავი ახალგაზრდა ქალი იყო, ამიტომ ლიკა მასთან თამამად მეგობრობდა, ვინაიდან იცოდა, რომ, მერის თუმცა მისი შურდა, ლიკასთან მეგობრობა ქულებს სძენდა და ამიტომ არაფერზე გაცვლიდა. ლიკაც სარგებლობდა ამით და, ფაქტობრივად, ხელის გოგოსავით ჰყავდა. რაც მთავარია, ყველაფერს ეუბნებოდა და იცოდა, რომ მერი არავითარ შემთხვევაში არ გასცემდა, ამიტომ ლიკა თავს უფლებას აძლევდა, ელაყბა ყველაფერი, რაც ენაზე მოადგებოდა და თავში აზრად მოუვიდოდა. ლიკას კი, უნდა გამოვტყდეთ, რომ კარგი არც არაფერი ადგებოდა ენაზე და არც თავში მოსდიოდა მაინცდამაინც საზრიანი იდეები, თუმცა საკმაოდ გაქნილი არსება იყო, რასაც საერთოდ არ სჭირდება გენიალური ტვინი, ზნეობისგან დაცლილი მიზნებიც სავსებით საკმარისია.
მერი ისეთი ნასიამოვნები სახითა და ამაყი გამომეტყველებით ჩაჯდა ლიკას არც თუ იაფფასიან მანქანაში, თითქოს ინგლისის დედოფლის მარჯვენა და შეუცვლელი ხელი ყოფილიყოს:
– ჩაგიგდე ლოკაცია. გველოდება, – უთხრა ლიკას დარდიმანდული ხმით, მაგრამ მის თვალებში მაწანწალა ძაღლის მოლოდინი გამოკრთოდა, რომ პატრონი თავზე ხელს გადაუსვამდა და ძვალს გადაუგდებდა გამოსახრავად, მაგრამ ლიკას ახლა ამისთვის არ ეცალა.
ბუნებრივია, უცნაური იყო, რატომ უნდა გაემწარებინა ლიკა თავისი შვილის მეგობარი გოგონას არსებობის ფაქტს და ეს კითხვა ნებისმიერს გაუჩნდებოდა, მაგრამ მხოლოდ იმ ნებისმიერს, ვინც ლიკას არ იცნობდა.
ლიკა ბუნებით მტაცებელი იყო და საფრთხეს მაშინვე გრძნობდა ხოლმე. ბუნებრივია, ყველა იმ საფრთხეს გრძნობს, რისი შექმნაც თავად შეუძლია სხვებისთვის. შესაბამისად, ლიკა დარწმუნებული იყო, რომ მაკომ თვალი დაადგა დედამისის სახლსა და აგარაკს, დედამისს კი ძალიან უყვარდა იკა, ხოლო ლიკას დედამისთან და თავის უფროს შვილთან ყოფნა არ უყვარდა, ამიტომ, თუ ლიანას მაკო შეუყვარდებოდა, სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ ლიკა ხახამშრალი დარჩენილიყო, ანუ სახლისა და აგარაკის გარეშე.
ბუნებრივია, აქვე დაიბადება მეორე კითხვა: რატომ უნდა დარჩენილიყო ლიკა სახლისა და აგარაკის გარეშე? ბოლოს და ბოლოს, ლიანა, უდიდესი ალბათობით, ორივეს, იკასა და ლიკას, არგუნებდა თავის წილს. ლიკას დანარჩენ შვილებს – ნაკლებად, იმიტომ რომ მათ მამაც ჰყავდათ და ბებია-ბაბუაც, მაგრამ ლიკა, ფაქტია, ცარიელ-ტარიელი არ რჩებოდა, მაგრამ ლიკას ყველაფერი თავისთვის უნდოდა. ამ თავის სიხარბეს ბოლომდე ვერც იაზრებდა, მაგრამ ელდასავით დაუარა, როდესაც თანამშრომელმა უთხრა, რომ მაკო იკას ხვდებოდა და შემდეგ ის მაკო საერთოდაც საცხოვრებლად გადავიდა იკასთან და ლიანასთან. ეს ნამდვილი შოკი აღმოჩნდა ლიკასთვის, იმიტომ რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ლიანა იკას სახლში ვინმეს მიაყვანინებდა საცხოვრებლად. სწორედ ამ ნიუანსმა ჩაურთო განგაშის სიგნალი ტვინში, რომელიც ლიკას ძალიანაც დიდი და საღად მოაზროვნე არ ჰქონდა, მაგრამ საკმარისად დაგეშილი, რომ მატერიალური საფრთხე ეგრძნო.
თან, ვინ უქმნიდა ამ საფრთხეს?! ვიღაც გომბიო მაკო! ვინც გომბიოობის გარდა ლიკას იმითაც აღიზიანებდა, რომ ლიკას უწყებაში მუშაობდა და მაშინვე შენიშნა, რომ მაკოს იმ დეპარტამენტის დირექტორმა დაადგა თვალი, ვისზეც თვალი თავად ლიკას ჰქონდა დადგმული.
რა თქმა უნდა, ლიკას ქმარი ჰყავდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, სისხლსავსე ინტიმური ცხოვრებით ეცხოვრა და, თუმცა დეპარტამენტის დირექტორზე უფრო მაღალ სკამზე მჯდომარესთან ჰქონდა გაჩაღებული მხურვალე სამსახურეობრივი რომანი, მაკოს გამოჩენამ სვლები აურია.
ერთი სიტყვით, მაკომ ყველგან წინ გადაურბინა და ლიკაც მის დაუძინებელ მტრად იქცა.
– აი, აქ უნდა იყოს, – ლიკა მერის ხმამ გამოაფხიზლა, ძალიან დაძაბული ხარ, მოდუნდი ცოტა.
ლიკას უნდოდა, შეეკურთხებინა მერისთვის, მაგრამ გაახსენდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და თავი შეიკავა:
– არ გამომდის.
– ცოტა უხეში კაცია და არ შეიმჩნიო, – გააფრთხილა მერიმ.
– კარგად მოვიქცევი, – დაჰპირდა ლიკა და ორივენი მანქანიდან გადავიდნენ.
– გინდა, მე მანქანაში დავრჩები და მარტო შედი? – შესთავაზა მერიმ და ლიკა ერთ ხანს შეყოყმანდა, თუმცა მერე გადაიფიქრა:
– შენც შემოდი, შენთან ერთად არ მეშინია, – და მერის გაუღიმა, თავისთვის კი გაიფიქრა, – ღმერთო, რა უშნოა?!
მერის სახე გაებადრა, იმიტომ რომ ლიკას ეს შეთავაზება თავის აღიარებად მიიღო, სინამდვილეში კი, ადამიანს უკეთურობის ჩადენა მეწყვილესთან ერთად უფრო უადვილდება ხოლმე, იმიტომ რომ პასუხისმგებლობას ანაწილებს და, ბოლოს და ბოლოს, სწორედ მერიმ შესთავაზა ამ კაცთან წამოსვლა და მაკოს ამ გზით ჩამოშორება. თან, მერი ლიკას თვალი და ყური იყო: ჭორებს აგროვებდა და უკაკლავდა, ასევე, ლიკასთვის საჭირო ჭორებს ავრცელებდა და შემდეგ რეაქციებს აკვირდებოდა, რომ ლიკასთვის მოეხსენებინა.
მერის წარმოდგენით, ლიკა ნამდვილი დედოფალი იყო, ხოლო, თუ ლიკა დედოფალი იყო, მერი კი მასთან დაახლოებული ნომერ პირველი პირი, მერი დედოფლის შემდეგ პირველი გამოდიოდა, ოღონდ ეს მერის გარდა არავინ იცოდა და პირადად მე ისეთი ეჭვი მაქვს, რომ ვერც ვერავინ გაიგებდა.
***
– მე ამ გოგოს ვერ ვამჩნევ ცუდ განზრახვებს, – კაცმა ლიკას შეხედა: და არც კი ვიცი, რით უნდა დაგეხმარო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან