რომანი და დეტექტივი

დაზღვეული გაყრა

№24

ავტორი: ნია დვალი 20:00 27.06

რომანი
დაკოპირებულია

– დარწმუნებული ხართ? – ჰკითხა ნოტარიუსმა ნანას და კიდევ ერთხელ ჩახედა დოკუმენტს, – ჩუქება სერიოზული ამბავია, უკან ვეღარ დაიბრუნებთ.

ნანამ თავი დაუქნია.

– დარწმუნებული ვარ. სად უნდა მოვაწერო ხელი?

ნანამ ხელი მოაწერა საბუთს და ნოტარიუსს გაუწოდა. ივნისის დილა მზიანი და თბილი იყო, მზე თავისი სხივებით ავსებდა ნოტარიუსის ოთახს, რომელშიც ყავის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა და კონდიციონერი სასიამოვნოდ აგრილებდა. ეს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, რომელიც თავის პრობლემებს წყვეტდა უჩუმრად და საფუძვლიანად.

– დედაჩემმა იცის, რასაც აკეთებს, – ფიქრობდა ნანა, – თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა, ეს ჩემი უსაფრთხოების ბალიში იქნება.

ეს ამბავი ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა. ნანამ დედამისს აჩუქა ბინა, რომელიც მისმა მშობლებმა მას დაქორწინების შემდეგ უყიდეს. ამდენად, ყველაფერი სამართლიანად მოხდა: ბინა ისევ დედამისს დაუბრუნდა. მისმა ქმარმა არაფერი იცოდა, ვინაიდან დედამისმა სწორედ ასე დაარიგა ნანიკო, ხოლო ეს გადაწყვეტილება კი ქალბატონმა ნაზიმ მას შემდეგ მიიღო, როდესაც ქალიშვილისგან სულ უფრო და უფრო ხშირად ესმოდა საყვედური, რომ ბესო ხშირად იგვიანებდა სახლში მისვლას, მისი ტანსაცმელი უცნობი სუნამოს სურნელით იყო გაჟღენთილი და ტელეფონს ერთი წამითაც არ ტოვებდა უყურადღებოდ, იმას გარდა, რომ პაროლიც დაადო, რაც იმით ახსნა, რომ არ უნდოდა, თანამშრომლები მის ტელეფონში ჩამძვრალიყვნენ. ნანას ეს უცნაურად ეჩვენა, ვინაიდან ბესოს ცალკე კაბინეტი ჰქონდა და ვერანაირი თანამშრომელი ვერ შეძლებდა იქ თვითნებურად შესვლას. ნანა არ იყო გულუბრუყვილო და არც გულსუსტი. მისი მშობლები იურისტები იყვნენ და ბავშვობიდან მიაჩვიეს, წინასწარ გაეთვალა რამდენიმე სვლა. ბინა კი ბებიის მიერ დანატოვარი ბინის გაყიდვიდან ამონაგები ფულით შეუძინეს. დედამისის მაშინაც სთავაზობდა ქალიშვილს, რომ ბინა მის სახელზე გაეფორმებინა, თუმცა ნანა უარობდა.

– მე არ ვამბობ, რომ თქვენ გაეყრებით, მაგრამ თავის დაცვა აუცილებელია, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. შენ გამოცდილება არ გაქვს, მე და მამაშენის ხელში კი ბევრმა საქმემ გაიარა და ვიცი, რამდენად წარმოუდგენელი რამეები შეიძლება, მოხდეს.

– რაც უნდა მოხდეს, დედა, ბესო როგორ წამართმევს ბინას, რომელიც თქვენ მაჩუქეთ?! გამორიცხულია.

ნაზი მიხვდა, რომ დაძალებას აზრი არ ჰქონდა და შვილს თავი დაანება, ვინაიდან, საბოლოოდ, მაინც ჰქონდა მისი გონიერების იმედი. მართლაც, ასე მოხდა – ნანამ თავად შესთავაზა დედამისს გარიგება. იმ დღესაც, როდესაც ნოტარიუსიდან გამოვიდა, შეტყობინება მოუვიდა ქმრისგან: „დღეს დამაგვიანდება, არ დამელოდო, დაიძინე. მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს.“ ნანამ სევდიანად გაიღიმა: „მნიშვნელოვანი შეხვედრა. როგორი მნიშვნელოვანი გახდა ამ ბოლო დროს“.

ერთი წლის შემდეგაც ზუსტად იმავე შინაარსის შეტყობინება მიიღო ქმრისგან: „არ დამელოდო, შეიძლება, ვერც კი მოვახერხო სახლში მოსვლა და სამსახურში დავიძინო. ხელშეკრულებაზე ვმუშაობთ.“

ნანამ პასუხი არ დაუგვიანა: „კარგი. მეც დამაგვიანდება დღეს, თუ არ მოხვალ მაშინ დედაჩემთან დავრჩები,“ – და დედამისს დაურეკა:

– ჩვენს კაფეში დაგელოდები.

კაფეში ბევრი ხალხი არ იყო და მუსიკაც დაბალ ხმაზე უკრავდა, მსუბუქი მელოდია სივრცეს ავსებდა და სიმშვიდეს აფენდა ნახევრად ცარიელ ინტერიერს. ნანა ფანჯარასთან დაჯდა და თავისი საყვარელი ნამცხვარი შეუკვეთა.

– ყველაფერი მოიტანე? – ჰკითხა დედამისმა და მის წინ დაჯდა. ნანამ თავი დაუკრა.

– მოდი, გადავათვალიეროთ, – ნაზიმ ჩანთა გახსნა და სათვალე ამოიღო. ქალბატონი ნაზი 55 წლის იყო, თუმც 40 წელზე მეტს ვერ მისცემდი, კარგად მოვლილი ქალი იყო და უფრო უკეთ შენახული. დროს ვერ მოეხერხებინა მისი გაცვეთა ან მოტეხვა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ახლობელ ადამიანთა შორის დავებს განიხილავდა და აგვარებდა.

– ეს ბანკიდანაა ამონაწერი, წუხელ საერთო ანგარიშიდან მთელი თანხა მოუხსნია.

– ესე იგი, ემზადება, – ჩაილაპარაკა ნაზიმ, – და ამ კონვერტში რა არის? – შვილს დიდ, ყვითელ კონვერტზე მიუთითა.

– ეს დეტექტივმა მომცა. ბოლო სამი თვის ანგარიშებია რესტორნებიდან, სასტუმროებიდან, ძვირფასეულობის მაღაზიებიდან.

– რამე გაჩუქა ამ ბოლო დროს? – ჰკითხა დედამ შვილს. ნანამ თავი გააქნია, – სამაგიეროდ, მისი საყვარელი დაიარება „კარტიეს“ სამაჯურით.

ნაზის ყურადღება არც კი მიუქცევია შვილის ნაღვლიანი მზერისთვის, საქმიანად განაგრძო:

– ესე იგი, ბინა ისედაც ჩემზეა გაფორმებული. საერთო კრედიტები არ გაქვთ. მანქანა დაუტოვე, მაინც თვითონ იხდიდა სესხს. მაგრამ აი, საერთო ანგარიშიდან ფულზე უნდა ვიმუშაოთ.

– არ გვინდა, დედა, – ნანა შეეცადა, გადაეფიქრებინა დედამისისთვის.

– რას ჰქვია არ გვინდა? რატომ არ გვინდა?! საიდან მოიტანე, რომ არ გვინდა?! გეუბნებოდი, რომ საქორწინო კონტრაქტიც გაგეფორმებინა.

– კარგი, რა, დედა, რა საქორწინო კონტრაქტი, რა ჰქონდა, რო, როდესაც ცოლად გავყევი?! – უკმაყოფილოდ გააქნია თავი ნანამ.

– დიახ, ახლაც არ ვიცი, სად გამონახე ასეთი, მაგრამ ამაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს.

– წუხელ აშკარად ადვოკატს ელაპარაკებოდა, მესმოდა, ქონების გაყოფაზე, ბინაზე...

– ელაპარაკოს, მან ხომ არ იცის ჯერ, რომ აზრი არ აქვს ამაზე ლაპარაკს, იმედია, არ იცის, რომ ბინა მე მაჩუქე. თუ იცის?! – ეჭვით შეხედა დედამ შვილს.

– მართლა სულელი გგონივარ?! – იუკადრისა ნანამ, – რა თქმა უნდა, არ იცის.

– დარწმუნებული ხარ, რომ გინდა, გაეყარო? – მაინც დააზუსტა ნაზიმ.

ნანამ ფანჯრიდან ქუჩას მოავლო თვალი. წყვილი შენიშნა, რომლებიც ხელიხელჩაკიდებულები მოდიოდნენ, როგორც ოდესღაც ის და ბესო დადიოდნენ ხოლმე.

– გახსოვს, ტარებას რომ მასწავლიდი, მეუბნებოდი, მხოლოდ წინ არ იყურო, სარკეებშიც გაიხედე, იმიტომ რომ საფრთხე ყველა მხრიდან შეიძლება, დაგემუქროსო.

– მახსოვს, – გაუღიმა ნაზიმ შვილს, – და რას ხედავ ახლა სარკეებში?

– ტყუილს, ღალატს, ანგარებას, – ნანამ ამოიოხრა და ტელეფონი გახსნა, – ნახე, აქ ფოტოებიცაა, სულ ახალთახალი, კინოშიც კი დადიან ერთად. ლაღობენ იცინიან.

– გეყოფა თვითგვემა! – შეაწყვეტინა ნაზიმ, – როდის ეტყვი?

– ხვალ, ალბათ. – ამ დროს ნანას ტელეფონმა დაიწკარუნა. ბესო წერდა: „შეხვედრა გადაიდო, ამიტომ არ დამაგვიანდება დღეს.“

ნანამაც მაშინვე მისწერა პასუხი: „კარგი, მაშინ მეც მოვალ სახლში.“

– დღესვე დაველაპარაკები. ეტყობა, რაღაც შეიცვალა და სახლში მოდის დღეს.

ისევ დაიწკრიალა მისმა ტელეფონმა: „რამე წამოვიღო ვახშმისთვის?

„არ არის საჭირო, ყველაფერი მაქვს.“ – უპასუხა ნანამ.

ნანა დედამისს დაემშვიდობა. სახლში მისვლას არ ჩქარობდა. ფეხით გაისეირნა. გამვლელებს ათვალიერებდა და ცდილობდა, არაფერზე ეფიქრა, იმის გარდა, რომ საუცხოო ამინდი იდგა და მზე ყველასა და ყველაფერს ათბობდა.

სახლში შვიდი საათისთვის დაბრუნდა. ბინა წკრიალებდა: ნანამ ფარდები დარეცხა და ფანჯრები ღია დატოვა, ლარნაკში კი ვარდები ჩააწყო, რომელთა სურნელს ოთახები გაეჟღინთა. ნანა სავარძელში ჩაჯდა და მათი ქორწილის დღე გაახსენდა, როგორი ბედნიერი იყო და, საერთოდაც, 5 წელი დარწმუნებული, რომ ყველაზე ბედნიერი ქალი იყო დედამიწაზე და ძალიან გაუმართლა. მისმა ტელეფონმა ისევ დაიწკრიალა. დეტექტივი სწერდა: „რესტორნიდან გამოდიან. გიგზავნით ფოტოს.“ ნანამ ფოტო გახსნა: ბესო შავთმიან ქალს კოცნიდა და ზუსტად ის პერანგი ეცვა, რომელიც ბოლო დაბადების დღეზე აჩუქა.

„გმადლობთ. თქვენი სამუშაო დასრულებულია“, – მისწერა დეტექტივს.

ცოტა ხანში კარიც გაიღო და ნანამ ნაცნობი ხმა გაიგონა:

– საყვარელო, სახლში ვარ. – ბესო უჩვეულოდ მხიარული ჩანდა. მსუბუქად ასდიოდა ალკოჰოლისა და უცხო სუნამოს სუნი, – სიურპრიზი მაქვს შენთვის, – უთხრა ცოლს და პაკეტიდან „უსახელაურის“ ბოთლი ამოიღო.

– რასთან დაკავშირებით? – ჰკითხა ნანამ.

– დამაწინაურეს, ახლა ვარ განვითარების დირექტორი და ორჯერ მეტი ხელფასი მექნება. ეს უნდა აღვნიშნოთ.

– და ორჯერ მეტი დრო შეხვედრებისთვის, – მშვიდად უთხრა ნანამ, – რესტორანში, სასტუმროში, კინოში. – ნანამ სასტუმროებისა და რესტორნების სახელებიც ჩამოთვალა.

– ბესოს ღიმილი გაუქრა სახიდან. მითვალთვალებდი?

– მე არა. დეტექტივი. გინდა, ფოტოები გაჩვენო? – ნანამ მობილური ტელეფონი მოიმარჯვა.

– მოიცა, მოიცა, შენ რაღაც არასწორად გაიგე, – ბესომ ხელი ასწია.

– რა გავიგე არასწორად, რომ ჩემი ქმარი ვიღაც ქალთან წევს? ჩუქნის ძვირად ღირებულ სამაჯურებს. ხსნის ფულს საერთო ანგარიშიდან?!

– შენ საიდან...

– რა მნიშვნელობა აქვს, საიდან? მთავარია, ვიცი.

– საყვარელო, ეს შეცდომაა, – ბესო ნანასკენ გაემართა. ელენე მხოლოდ და მხოლოდ კოლეგაა.

– ელენე?! ტელეფონში ნათიად რატომ გიწერია?! არაფრის ახსნა არ არის საჭირო. მე ყველაფერი გადავწყვიტე.

– რა გადაწყვიტე?

– გაგეყრები.

– გამეყრები ვიღაცასთან რამდენიმეჯერ შეხვედრის გამო? ხუმრობ?!

– რამდენიმეჯერ?! დებილი გგონივარ?! კარგად დაითვალე, იმიტომ რომ მე უკვე დავითვალე. უფრო ზუსტად, დეტექტივმა დაითვალა. დღე, დრო, ადგილი... ყველაფერი აღნუსხულია.

ბესო დივანზე დაჯდა და ჰაჰსტუხი მოიხსნა:

– და ახლა რა? მაშანტაჟებ?!

– მგონი, შენ სიტყვების მნიშვნელობა არ იცი. უბრალოდ, გაგეყრები. შენც ხომ იმავეს აპირებ?! აბა, ფული რატომ გაიტანე საერთო ანგარიშიდან?! შენი ლაპარაკიც გავიგონე ქონების გაყოფის შესახებ.

– და რა?! ის ფულიც საერთო იყო და ეს ბინაც საერთოა, – ბესოს ხმა გაუბოროტდა.

– არა, ბინა საერთო არ არის. ბინა მე მაჩუქეს მშობლებმა და შენ რა შუაში ხარ?! – ნანას დააინტერესა, რას ეტყოდა ბესო.

– ქორწინების შემდეგაა შეძენილი.

– შეძენილი არ არის. დედაჩემისაა ბინა, – გაუღიმა ნანამ ბესოს.

– დედაშენის როგორაა?! – არ დაიჯერა ბესომ.

– აი, ასე, მე ვაჩუქე დედაჩემს ბინა, რომელიც გვიყიდეს, იმიტომ რომ ჩემი ოჯახის ფულით გვიყიდეს. დედაჩემი იურისტია. ყველაფერი კანონიერადაა და სუფთად.

– ესე იგი, შენ ემზადებოდი ამისთვის? – გამოცრა კბილებში ბესომ.

– არა, თავს ვიზღვევდი და, როგორც ვხედავ, არც თუ უსაფუძვლოდ. დედამ მასწავლა ეს იმ შემთხვევისთვის, როდესც ქმარი სამსახურიდან დაგვიანებით იწყებს მოსვლას. დედაჩემმა დაგრთო ნება, იცხოვრო აქ გაყრამდე. თანხაზე კი ვიდავებთ სასამართლოში. ის ნამდვილად ერთად დავაგროვეთ და მეტი წილი ჩემი შენატანია, ამის დადასტურება იოლია.

– მოიცა, სად მიდიხარ?! დავილაპარაკოთ. ყველაფრის მოგვარებაა შესაძლებელი. გეფიცები, ელენესთან დავასრულე ურთოერთიბა. დღეს იმიტომ მოვედი სახლში ადრე.

– მართლა?! – ნანა ასეთ აშკარა ტყუილს არ ელოდა და ბესოს წინ ტელეფონის ეკრანი ააფარა ფოტოთი, რომელზეც ის შავთმიან ელენეს კოცნიდა, – ეს ფოტო ერთი საათის წინაა გადაღებული. სულ ასეთი მატყუარა იყავი თუ როდის იქეცი ასეთ არარაობად?! – ნანამ გულისრევა იგრძნო.

– მოდი, თავიდან დავიწყოთ ყველაფერი, – ბესოს იმდენად გულწრფელი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ნანას სიცილი აუტყდა.

– იცი, როგორ მიყვარდი და გენდობოდი?! დედაჩემს ვეჩხუბე კიდეც, როდესაც ბინის გადაფორმება შემომთავაზა.

– მე შენ მიყვარხარ, – ბესო უტიფრად უყურებდა ნანას თვალებში.

– არა, ბესო, შენ შენი თავი გიყვარს და, როდესაც მიხვდი, რომ ბინას ვერ მიღებ და ფულის დიდი ნაწილის დაბრუნებაც მოგიწევს, ცდილობ, მომატყუო, რომ მერე შენთვის სარფიანი პირობებით გამეყარო.

– საიდან იგონებ ამ სისულელეებს?! მე შენ მართლა მიყვარხარ!

– და ფული რატომ გამოიტანე მაშინ? ქონების გაყოფაზე კონსულტაციას რატომ გადიოდი?! ვისთვის ეძებდი ბინას?! – მიაყარა ნანამ.

– ბინის ამბავი საიდან იცი? – ვერ მოითმინა ბესომ.

– იმ სააგენტოს მფლობელი ჩემი კლიენტია, ვინც ბინა გაჩვენათ შენ და შენს ელენეს და მაშინვე დამირეკა და მითხრა.

ბესო დუმდა, ბოლოს კი ამოთქვა:

– ჰო, უბრალოდ მინდოდა, გავყრილიყავით სამართლიანად და ყველაფერი გაგვეყო, რაც ჩვენი იყო.

– უცნაური სამართალი გაქვს. გადავიფიქრე, ახლავე წადი დედაჩემის ბინიდან და სასამართლოში შევხვდებით. ფულსაც დააბრუნებ. თეთრს არ შეგარჩენ, – ნანამ ეს ყველაფერი საკმაოდ მშვიდად თქვა.

– მე ახლა წავალ, მაგრამ სასამართლოში დავამტკიცებ, რომ დედაშენს უკანონოდ გადაუფორმე ბინა.

– აბა, შენ იცი! – მიაძახა ნანამ. თითქოს იგრძნოო, ზუსტად ამ დროს დაურეკა დედამისმა:

– როგორ ჩაიარა საუბარმა?!

– ცოტა მძიმედ, მაგრამ იმ ფულსაც გამოვართმევთ, – მტკიცედ უთხრა ნანამ დედამისს.

– ძალიან კარგი. ხომ გახსოვს, რაც არ გკლავს, გაძლიერებს. დარჩები თუ გამოხვალ? – ჰკითხა შვილს.

– გამოვალ, არ მინდა მარტო დარჩენა, – ნანამ ტელეფონი გათიშა და გაეღიმა, – „საწყალი ელენე, ელოდება საჩუქრებს, ბინას, მაგრამ მიიღებს დაუწინაურებელ ბესოს, რომელსაც ისევ თავის ძველ ხელფასზე დააბრუნებენ, – თავისმა ფიქრებმა უცებ დააფრთხო, მაგრამ შემდეგ დამშვიდდა, – მეც თუ ასევე ღორულად მოვექცევი ვინმეს, ღირსიც ვიქნები, თუ ყველაფერს დავკარგავ“, თვალი მოავლო ბინას და ძველი ცხოვრების კარი უხმოდ გამოიკეტა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა