რომანი და დეტექტივი

დაფარული სიმართლე

№39

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.10

რომანი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #38 (1238)

სახლში რომ მივედი, პავლე ნოსოვს მივწერე, რომ გენერალ კაპიტონ ხალაძეზე გამოეგზავნა ინფორმაცია. მან კი მოკლედ მომწერა: „ხვალ შუადღეზე ოპერის ბაღში ახალგაზრდა ქალი მოვა ჩემი სახელით და იმას დაელაპარაკე. მას ტატიანა კრავჩენკო ჰქვია.“

ნოსოვის პასუხმა დამაინტრიგა. მეორე დღეს ოპერის ბაღში ვიჯექი და კრავჩენკოს ველოდებოდი. უცებ გვერდიდან ქალის ხმა მომესმა:

– სიგარეტს ხომ არ მომიკიდებთ, მეგობარო?

მივბრუნდი და ქალს შევხედე. სიგარეტზე მოვუკიდე და შევბრუნდი, მაგრამ ქალმა მითხრა:

– გამარჯობა, ზურაბ! მე ტატიანა კრავჩენკო ვარ.

ქალი შევათვალიერე და ვუთხარი:

– თქვენ?

– დიახ მე. ალბათ, ჩემმა ქართულმა შეგიყვანათ შეცდომაში. არც გარეგნობით ვგავარ სლავს, ხომ?

– პრინციპში მასეა.

ქალს გაეღიმა და მითხრა:

– მე აქ კარგა ხანია, ვმუშაობ. ჩვენმა უწყებამ ერთი საქმის გამო გამომგზავნა რუსეთიდან. როგორც ცენტრიდან შემატყობინეს, თქვენი და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა და სწორედ ამიტომ ვარ მე ახლა აქ და გელაპარაკებით.

– კონკრეტულად?

– კონკრეტულად გენერალ ხალაძეს ვგულისხმობ, თქვენი მოკლული უმცროსი ძმის უშუალო უფროსს.

– მოკლულის? ზალიკო მოკლულია?

– თქვენ, რა, ასე არ ფიქრობთ?

– დიახ.

– ჰოდა, გიდასტურებთ, რომ ეს ასეა. მეტსაც გეტყვით, ეს ყოველივე სწორედ კაპიტანმა ხალაძემ მოაწყო.

– ხალაძემ?

– სწორედ მან.

– რაში სჭირდებოდა მას ეს... ან თქვენ საიდან იცით?

– გენერალი ერთ საქმეში ამოტივტივდა, რომელსაც ჩვენ ვიძიებდით. მივყევით, მივყევით და ამ დასკვნამდე მივედით.

– იქნებ დააკონკრეტოთ?

– ხალაძე ჩეჩენი ნარკომოვაჭრეების „კრიშაა“, რომლებიც საქართველოს ტერიტორის ტრანზიტთან ერთად, ბაზრადაც იყენებენ. უსმან კუმაროვია ის კაცი, ვინც ხალაძეს ფულს უხდის. ამ კაცს საინვესტიციო კომპანია აქვს თბილისში და მათი ოფისიც აქ მდებარეობს. გენერალს ეჭვი შეეპარა კუმაროვში. იფიქრა, უფრო მეტი შემოსავალი აქვს და მეოთხედ წილს ნაკლები თანხიდან მიხდის, ანუ ფულს მიტეხავსო. ამიტომ ამის შესამოწმებლად კუმაროვს თქვენი ძმა მიუგზავნა. ზაალს უთხრა, რომ კუმაროვის კომპანიის საბუღალტრო მონაცემები მიეტანა, ვითომდა გადასახადების დაფარვის აღმოჩენის მიზნით. სინამდვილეში კი გენერალს კუმაროვის ნამდვილი შემოსავალი აინტერესებდა, რომ შემდგომ მისთვის პასუხი მოეთხოვა. ზაალმა წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას. კუმაროვის ოფისში შევიდა. კუმაროვი და მისი მოადგილე ზაროვი გაკოჭა და კომპიუტერიდან მონაცემები ამოაღებინა, შემდგომ კი გენერალს მიუტანა და ორი კვირის მერე თქვენი ძმა მკვდარი აღმოაჩინეს მისსავე ბინაში, რომელიც საიდუმლოდ ჰქონდა შეძენილი და ქეთი მესხთან ერთად აპირებდა იქ ცხოვრებას.

– ასე დაწვრილებით ეს ყველაფერი საიდან იცით?

– ზაროვისგან. ის ჩვენიანია. სამი წლის წინ ჩავუნერგეთ კუმაროვს. ჯერ კიდევ ჩეჩნეთში. მაგრამ შემდგომ კუმაროვმა საქართველოში გადმოინაცვლა და ზაროვიც მას წამოჰყვა.

– თუ საიდუმლო არაა, თქვენს უწყებას ასეთი ცხოველი ინტერესი რატომ გაუჩნდა ნარკომოვაჭრის მიმართ. ამით ხომ სხვა სამსახურებია დაკავებული?

კრავჩენკოს გაეღიმა და მითხრა:

– აი, აქ კი უკვე ის ზოლი იწყება, რომლის გადალახვის უფლებაც მე არ მაქვს. მე მთხოვეს, რომ მხოლოდ თქვენი ძმის მკვლელის ვინაობა შემეტყობინებინა თქვენთვის და სულ ესაა.

– მე რომ შურისძიება მოვინდომო და გენერალი მოვკლა, ამით თქვენს ოპერაციას ხელს არ შევუშლით?

– ვფიქრობ, რომ არა. ახლა კი უნდა დაგტოვოთ. მშვიდობით! – მითხრა ტატიანა კრავჩენკომ და ისევე მოულოდნელად წავიდა, როგორც გამოჩნდა.

თბილისში სულ რაღაც სამი დღის ჩამოსული ვიყავი და თითქმის ყველაფერი შევიტყვე, რაც მაინტერესებდა. მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, რომ ჩემი ძმის მკვლელზე შური მეძია და შემდეგ მოსკოვში დავბრუნებულიყავი. ჩემთვის ერთადერთი გამოცანა ის იყო, რა როლს ასრულებდა „ეფესბე“ მთელ ამ სქემაში და ასე იოლად რატომ გამიხსნეს მათ კარტები. უფრო სწორად, ის კარტები, რომელიც მანახვეს და ამის უკან რა იმალებოდა, ვერ ამომეცნო. ვიცოდი, რომ „ეფესბე“ ჯაშუშებზე სპეციალიზდებოდა, მაგრამ რა კავშირი იყო ნარკომოვაჭრესა და ჯაშუშებს ორის, თანაც საქართველოს ტერიტორიაზე, ვერ ვხდებოდი.

მეორე დღეს, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, ქეთევან მესხს შევხვდი და ვკითხე:

– რაიმე სიახლე ხომ არაა?

– დიახ. მთავარი სიახლეა. ზალიკო პირადად კაპიტონ ხალაძემ მოკლა.

– კი მაგრამ, საიდან გაიგეთ ეს?

– თავად გენერლისგან.

– როგორ?

– მას სახლში ვეახელი და შემდგომ რაც მოხდა, არაა საინტერესო. მთავარია, რომ ზალიკოს მკვლელობისთვის შური ვიძიე და დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს.

– კი, მაგრამ როგორ გახვედი გენერალზე, ვინ გითხრა?

– საკუთარმა თავმა. დიდი ხანია, ეჭვი მქონდა და გამართლდა კიდეც.

ეს ერთი შეხედვით ნაზი გოგონა ისე მშვიდად ყვებოდა ამ საშინელებას, რომ ლამის თვალები გადმომცვივდა ბუდეებიდან. ქეთიმ მომიყვა, თუ როგორი სისასტიკით გამოასალმა გენერალი სიცოცხლეს.

– რადგან ასეა, ალბათ, უნდა გაიქცე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გენერლის მკვლელობისთვის დაგაპატიმრებენ და უმკაცრესად დაგსჯიან, შეიძლება, მოგკლან კიდეც და გამოაცხადონ, გაქცევის მცდელობისას განვახორციელეთ ლიკვიდაციაო.

– გასაქცევი არსად მაქვს. თან, ექვს თვეში სამშობიარო ვარ.

– ფეხმძიმედ ხარ?

– დიახ. ზალიკოსგან.

ეს იმდენად მოულოდნელი და სასიხარულო ინფორმაცია იყო, რომ ცოტა არ იყოს, დავიბენი, მაგრამ მალევე მოვედი გონს და ქეთის ვუთხარი:

– დღესვე მოსკოვში წაგიყვან და იქ მოგხედავ. გამშობიარებ და ჩემი ძმისშვილის აღზრდას საკუთარ თავზე ავიღებ. ნურაფრის გეშინია.

– არ მეშინია. თუ გინდათ, ახლავე წავიდეთ.

– წავიდეთ! – ვთქვი მე ამ დროს ტელეფონმა დარეკა და ვუპასუხე:

– გისმენთ.

– ზურაბ, ტატიანა ვარ. მაქსიმუმ, ხუთ წუთში მანდ ვიქნები. სათადარიგო შესასვლელთან ჩამოდით შენ და ქეთი და წავედით! მიდი, შეასრულე, ჩქარა!

მე და ქეთი სწრაფად ჩავედით ქვევით და ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც ტატიანამ გვითხრა. ხუთიოდე წუთის შემდეგ შავი ფერის „ჯიპი“ ცხინვალისკენ მიგვაქროლებდა და როდესაც საკონტროლო-გამშვებ პუნქტს მივაღწიეთ, დაუბრკოლებლად გაგვატარეს. აშკარა იყო, რომ გველოდებოდნენ და ის ღამე ცხინვალში გავათენეთ. მეორე დილით კი უკვე მოსკოვში ვიყავით და ქეთი მესხი ჩემს სახლში დავაბინავე.

თბილისიდან ასეთი სწრაფი გაქცევის ერთი მიზეზი გენერლის მკვლელობა იყო. ტატიანას კი არაფერი უთქვამს. მთელი გზა დუმდა და ერთმანეთს ცხინვალში დავშორდით. არც ჩვენ გვიკითხავს მისთვის რაიმე. ამიტომ, ამ მხრივ, სრულ გაურკვევლობაში ვიმყოფებოდით, თუმცა, აშკარად ვგრძნობდი, რომ რაღაც სერიოზული კომბინაციის ნაწილი ვიყავით, მაგრამ რომლის, წარმოდგენაც კი არ მქონდა.

მოსკოვში არავინ შემხმიანებია. რამდენიმეჯერ პავლე ნოსოვთან ვცადე დაკავშირება, მაგრამ ის არც „ფეისბუქზე“ იმყოფებოდა და ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. მთელი ამ დროის განმავლობაში განუწყვეტლივ ვფიქრობდი, თუ რა მოხდა, მაგრამ აზრზე ვერ მოვდიოდი. თავსა და ბოლოს ერთმანეთს ვერ ვაბამდი. მხოლოდ თბილისში მოვახერხე დარეკვა. ჩემები მოვიკითხე და მხოლოდ იმის თქმა მოვახერხე, რომ სასწრაფოდ გამგზავრება მომიწია და როცა მოვიცლი, ჩამოვალ და გინახულებთ-მეთქი...

ამასობაში ექვსი თვეც გავიდა და ქეთიმ იმშობიარა, მშვენიერი ვაჟი გააჩინა და მას, რა თქმა უნდა, ჩემი გარდაცვლილი ძმის, ანუ მამამისის პატივსაცემად ზაალი დავარქვით. სამი დღის შემდეგ დედა-შვილი სამშობიაროდან გამოგვყავდა, რომ ჩვენთვის მოულოდნელად, ტატიანა კრავჩენკო მოვიდა მანქანით. ვაჟის დაბადება მოგვილოცა და გვითხრა:

– მოსკოვის მახლობლად აგარაკი მაქვს, დედა-შვილს ძალიან მოუხდება ტყის ჰაერი და იქ გეპატიჟებით. ვფიქრობ, ორიოდე კვირა რომ იქ გაატაროთ, ურიგო არ იქნება.

ქალი ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რომ მე და ქეთი ავტომატურად დავეთანხმეთ მას და რობოტებივით უკან გავყევით. საათ-ნახევრიანი მგზავრობის შემდეგ შესანიშნავ, ტყიან ზოლში შევსრიალდით და ერთ-ერთ მწვანეში ჩაფლულ აგარაკის ეზოში შევედით, შენობა მწვანე ფერებში იყო შეღებილი და იქაურობას ისე იყო შერწყმული, რომ ვერავინ შეამჩნევდა. ირგვლივ კი, ასევე, მწვანე ფერის მაღალი ღობე ერტყა. მანქანიდან რომ გადმოვედით, ტატიანამ ქეთის ბავშვი გამოართვა და უთხრა:

– ახალი გარემოა, შენც სუსტად ხარ და ბავშვი არ გაგივარდეს ხელიდან. ამიტომ ჯობია, რომ მე შევიყვანო. შემდგომ კი კვლავ დაგიბრუნებ.

ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერდა კრავჩენკოს სიტყვები, მაგრამ არაფერი გვითქვამს და სახლში შევყევით. იქაურობა გაჩახჩახებული იყო. უზარმაზარ სავარძელში ვიღაც ზურგით იჯდა. ტატიანამ მას მარჯვნიდან შემოუარა, ბავშვი დაანახვა და უთხრა:

– მოვიყვანე, შეტრიალდი და შეეგებე მათ.

სავარძელში მჯდომი რომ შემოტრიალდა და გაგვიცინა, მე და ქეთიმ თვალებს არ დავუჯერეთ, ჩვენ წინ მკვდრეთით აღმდგარი ჩემი უმცროსი ძმა, ზალიკო იდგა.

პირველმა შოკმა და მოულოდნელმა სიხარულმა რომ გაიარა, ტატიანამ გვითხრა:

– ზალიკო ჩვენზე მუშაობდა და ამერიკის მავნებლური საქმიანობის გამოვლენაში გვეხმარებოდა. ისე მოვაწყვეთ ყველაფერი, რომ ყველას ეგონა, ის გენერალმა მოკლა. სხვათა შორის, თავად გენერალსაც ასე მიაჩნდა. თუმცა ის ცოცხალია. ჩვენთანაა და იმედია, კიდევ დიდხანს იცოცხლებს.

– აბა, ხალაძე? – იკითხა ქეთიმ.

ტატიანამ კი მიუგო:

– ის მოსაკლავი იყო და თავისი მიიღო. ამიტომ არაფერზე იდარდო.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა