დაფარული სიმართლე
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 28.09
ზალიკოს გარდაცვალების შესახებ მოსკოვში შევიტყვე. ის უკვე ორი კვირის დაკრძალული იყო და ბაჰამის კუნძულებიდან დაბრუნებულს ეს საშინელი ამბავი დამახვედრეს. ბაჰამებზე მეუღლესთან ერთად ვისვენებდი. თან არც ტელეფონი მქონდა და არც ჩვენი ადგილსამყოფლის შესახებ იცოდა ვინმემ. მე და ჩემი ოლია ყოველწლიურად სამი კვირით მივემგზავრებით დასასვენებლად. არც მისამართს ვტოვებთ, არც კომუნიკაციის საშუალებებს, რომ არავინ შეგვაწუხოს. ასეთ დროს ყველა საქმეს ჩემს თანაშემწეს, ოთარს გადავაბარებ ხოლმე. ჩემს ასავალ-დასავალს არც მას ვეუბნები და ოლიასთან ერთად ვუჩინარდები. სამაგიეროდ ეს სამი კვირა მთელ წელიწადს მყოფნის და ენერგიით აღსავსე ვუბრუნდები ჩემს საქმიანობას. მოსკოვში ვცხოვრობ და რუსეთში საკმაოდ სარფიანი ბიზნესი მაქვს – ფართო პროფილიან დაცვის სამსახურს ვფლობ. ხუთი ათასზე მეტი ადამიანი მყავს დასაქმებული და მეც კმაყოფილი ვარ, თანამშრომლებიც და ჩვენი კლიენტებიც. ეს ბიზნესი მე და ჩემმა სიმამრმა, ოლიას მამამ, შევქმენით. ის საჰაერო-სადესანტო ძალების გენერალი იყო. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ვმსახურობდი ავღანეთში. ხოლო იქიდან რომ მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დავბრუნდით, ოლიაც მაშინ გავიცანი. მალევე დავქორწინდით და გენერლის სიძე გავხდი. ხოლო საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და ქვეყანა აირია, მე და ჩემმა სიმამრმა ჯერ მცირერიცხოვანი დაცვის სამსახური შევქმენით. დროთა განმავლობაში კი ეს საქმე ისე გავაფართოვეთ, რომ ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე პოზიცია დავიკავეთ. რა თქმა უნდა, ამ საქმის აწყობაში დიდი როლი ითამაშა ჩემი სიმამრის გენერლობამ და კავშირებმა. მისი გარდაცვალების შემდეგ უკვე საკმაოდ მყარად ვიდექით ფეხზე. მე კი ეს კავშირები უფრო მეტად გავზარდე და გავაფართოვე.
თბილისში ვარ დაბადებული და გაზრდილი. მე რომ გავჩნდი, ჩემი მშობლები 19-19 წლისანი იყვნენ. სკოლა რომ დავამთავრე, თბილისის საარტილერიო სასწავლებელში მოვეწყვე. მაგრამ ერთი წლის შემდეგ ქალაქ რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელში განვაგრძე სწავლა და მეორე კურსზე შევიტყვე ზალიკოს დაბადების ამბავი. ჩემი უმცროსი ძმა ჩემზე 20 წლით უმცროსი იყო და ასაკით მამად ვეკუთვნოდი. თუმცა ჩემი სამხედრო კარიერის გამო მას სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი – წელიწადში ერთხელ, მაქსიმუმ, ორჯერ თუ ვნახავდი, ისიც ერთი ორი დღით, მართალი რომ ვთქვა, ხეირიანად არც კი ვიცოდი, რით იყო დაკავებული და რას საქმიანობდა. თუმცა, ოჯახში ყოველ მესამე დღეს ვრეკავდი და ველაპარაკებოდი. ძალიან მინდოდა, ჩემი პატარა ძმა გვერდით მყოლოდა, ამიტომ სკოლა რომ დაამთავრა, ზალიკოს მოსკოვში გადაბარგება და სწავლის იქ გაგრძელება შევთავაზე, მაგრამ კატეგორიულად იუარა, როგორ არ ვეხვეწე, მაგრამ მაინც თავისაზე იდგა, შემდგომ კვლავ მოსკოვში ვეპატიჟებოდი – ბიზნესში ჩაგრთავ-მეთქი, მაგრამ, კვლავ უარზე იდგა. მოსკოვში ერთხელ ძლივს ჩამოვიყვანე. ფულს რომ ვუგზავნიდი, არც იმას ჰკიდებდა ხელს, ამბობდა, ჩემი ხელფასიც მყოფნისო. დედაჩემმა სინანულით მითხრა, ძალიან დამოუკიდებელი იყო და ყველაფრის მიღწევა სხვის დაუხმარებლად უნდოდაო...
თბილისში აეროპორტიდანვე გავემგზავრე. ბაჰამიდან რომ დავბრუნდი, აეროპორტში ოთარი დამხვდა. შევატყვე, რომ რაღაც მოხდა და ვკითხე, თქმა არ უნდოდა და მხოლოდ ჩემმა დაჟინებამ გატეხა და მითხრა: თქვენი უმცროსი ძმა გარდაიცვალაო. სამი საათიც არ იყო გასული ამ სიტყვებიდან, რომ უკვე თბილისში ვიყავი. ოლია მოსკოვში დავტოვე, არ მინდოდა, რომ ჩემს მეუღლეს ჩემი ცრემლები ენახა და საერთოდ, მარტო მინდოდა ყოფნა. ისეთი გამწარებული ვიყავი, რომ ბოღმა მახრჩობდა და სიცოცხლე აღარ მინდოდა. თბილისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ ტაქსით გავემგზავრე. რუსთაველის გამზირს წრე დავარტყი. მანქანა ყოფილ ლაღიძის წყლებთან გავაჩერებინე. ფული გადავუხადე, გადმოვედი, შევჩერდი და იქაურობა ყურადღებით შევათვალიერე. ყველაფერი რადიკალურად იყო შეცვლილი და მხოლოდ კონსერვატორიის ფასადი მიცქერდა ძველებურად. ამოვიოხრე და თვალცრემლიანმა ნელი ნაბიჯით ავუყევი ჩემი ბავშვობისა და სიჭაბუკის ქუჩებს. სულხან-საბას ბაღთან მარცხნივ გავუხვიე და ნაბიჯი შევანელე. კიდევ ორმოცდაათიოდე მეტრი გავიარე და ჩემი მშობლიური ეზოს ალაყაფის კართან შევჩერდი. გული ამიჩქარდა. ღრმად ჩავისუნთქე და ეზოში შევედი. დედაჩემი აივანზე იჯდა. ძაძებით იყო შემოსილი და თვალებდასიებული გაჰყურებდა ზეცას. ლოცულობდა. დავდექი და თვალცრემლიანი ვუმზერდი მის ოდესღაც ულამაზეს სახეს, რომელიც დარდსა და ვარამს ერთბაშად გაენადგურებინა, რომ დამინახა, წამოდგა. მივედი, ჩავეხუტე და ორივე მწარედ ავქვითინდით. ხმაურზე მამაც გამოვიდა და შემოგვიერთდა... სული რომ მოვითქვით, სახლში შევედით და დედ-მამას ვუთხარი:
– მე და ოლია დასასვენებლად ვიყავით, ტელეფონი არ წაგვიღია და ზალიკოს ამბავი ამიტომ ვერ გამაგებინეთ. რა მოხდა, როგორ გარდაიცვალა?
– მე ამის თავი არ მაქვს. მამაშენმა მოგიყვეს. მე კი ყავას მოგიმზადებ, – მითხრა დედამ და სამზარეულოში გავიდა. მამამ კი გააბოლა და თქვა:
– სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ ნარკოტიკის „პერედოზირებისგან“ გარდაიცვალაო...
– რაო, რა „პერედოზირებისგან“. ზალიკო ხომ სიგარეტსაც არ ეწეოდა. ვარჯიშობდა და ნარკოტიკებს როგორ მიიღებდა, – სიტყვა გავაწყვეტინე მამას.
– აი, წაიკითხე, – მითხრო მამამ და წინ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დამიდო, რომელშიც შავით თეთრზე ეწერა ყველაფერი ის, რაც მამამ მითხრა.
– როგორ მოხდა ეს? – ვთქვი მე.
– ოროთახიანი ბინა ჰქონია ნაყიდი და იქ აღმოაჩინეს მეზობლებმა ორი კვირის შემდეგ.
მივხვდი, რომ ზალიკოს მეზობლები ცხედრის ხრწნის სუნმა შეაწუხა და ის მხოლოდ ამის შედეგად აღმოაჩინეს. თუმცა ჩემებისთვის გული ზედმეტად რომ არ დამეშანთა, ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია და ვთქვი:
– ესე იგი, იმ ბინის არსებობის შესახებ არაფერი იცოდით.
– არა, – თავი გააქნია მამამ.
– სად მუშაობდა? – ვიკითხე მე.
– რომელიღაც სარეკლამო კომპანიაში, – მითხრა ოთახში შემოსულმა დედამ და მაგიდაზე ყავიანი ფინჯანი დამიდო.
– ორი კვირა რომ არ გამოჩნდა, არ მოგიკითხავთ?
– არა, – თავი გააქნია მამამ და დაამატა, – ასე გვითხრა საზღვარგარეთ სამი კვირით მივლინებაში მივემგზავრებიო.
– პოლიცია რას იძახის?
– ერთი ის ვიცი, რომ ზალიკოს სახლი გაუჩხრეკავთ, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოუჩენიათ და ჩხრეკის ოქმის ასლი მოგვიტანა გამომძიებელმა.
– იმ ბინის გასაღები გაქვთ?
– გამომძიებელმა გვითხრა, სანეპიდსადგურშია და იქ მოიკითხეთო. ეპიდემიოლოგებს დეზინფექცია ჩაუტარებიათ ბინაში და გასაღებიც მათ წაუღიათ, – მითხრა მამამ.
ამ სიტყვების გაგონებაზე დედამ ქვითინი მორთო და იმეორებდა: ჩემო უბედურო შვილო, ვინ დაგწყევლა და დასალპობად ვინ გაგიმეტაო.
ყოველივე ეს უკიდურესად აუტანელი იყო ჩემთვის. მამას ვკითხე, თუ როგორ უნდა მიმეგნო ზალიკოს საფლავისთვის. მან ამიხსნა და ტაქსით მარტოდმარტო გავემგზავრე ოქროყანის სასაფლაოზე. გზაში ყვავილების თაიგული, სანთლები და წითელი ღვინო შევიძინე. სასაფლაოზე რომ მივედი, ყვავილები საფლავის ქვაზე დავდე. ბოთლი მოვიყუდე და ღვინო ნახევრამდე დავცალე. იქვე სანთელიც დავანთე და ქვაზევე ჩამოვჯექი. ამ დროს დაჟინებული მზერა ვიგრძენი და რომ გავიხედე, ოც მეტრში მდგომი, ოცდახუთიოდე წლის გოგონა დავინახე. მან თვალი ამარიდა. საფლავებს შორის გაიარა და წავიდა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ზალიკოს საფლავზე იყო მისული, მაგრამ ჩემ გამო უკან გაბრუნდა. სასაფლაოდან სანეპიდსადგურში გავემართე და ბინის გასაღები გამოვართვი. თუმცა უკვე გვიანი იყო და იქ ვიზიტი მეორე დღისთვის გადავდე. მეორე დღე რომ გათენდა, იმ სარეკლამო სააგენტოს ვეწვიე, სადაც ჩემი ძმა მუშაობდა. მათი ოფისი ქალაქის ძველი უბნის ძველ, დახურულ შენობაში მდებარეობდა. ის უფრო ყაზარმას ჰგავდა, ვიდრე სარეკლამო დაწესებულებას. შესასვლელში კი დაცვის ჯიხური იდგა და იქ თავისუფლად ვერ შეხვიდოდი. მორიგემ, რომელიც გაურკვეველ უნიფორმაში იყო გამოწყობილი, დაწვრილებით გამომკითხა, თუ ვისთან და რისთვის მივედი.
– ჩემი ძმა მუშაობდა აქ. ის ერთი თვის წინ დაიღუპა და მისი უფროსის ნახვა მინდა, – ავუხსენი მორიგეს.
– რა გვარი ბრძანდებით? – მკითხა მორიგემ.
– მე ზურაბ ქორიძე ვარ, ჩემს ძმას კი ზაალი ერქვა, ზაალ ქორიძე იყო.
მორიგემ ვიღაცას გადაურეკა და ელეპარაკა. რომ დაასრულა, მითხრა:
– ახლა ოფისში არავინაა და ზეგ მობრძანდით.
აღარაფერი მითქვამს. თუმცა მივხვდი, რომ აქ ყველაფერი სუფთად არ იყო და წამოვედი. ოციოდე მეტრი რომ გავიარე, შავი ფერის „ბეემვემ“ ჩამოიარა, რომელშიც ის გოგონა იჯდა, ვინც მე სასაფლაოზე ვნახე. ხეები მეფარებოდა და გოგონამ ვერ დამინახა. შევჩერდი. თვალი მივადევნე და მანქანის ნომერი დავიმახსოვრე. მანქანა კი დახურულ ეზოში გაუჩინარდა. ზალიკოს ბინაში აღარ წავსულვარ. ალექსანდრეს ქვემო ბაღში, სკამზე ჩამოვჯექი. ტელეფონი მოვიმარჯვე, „ფეისბუქში“ შევედი და ჩემს მეგობარს „ეფესბეს“ პოლკოვნიკს, პავლე ნოსოვს მივწერე: „პავლიკ, იქნებ დამიდგინო, რა უწყებაა სარეკლამო სააგენტო „აბც+“ და იქნებ, ისიც დამიდგინო, თუ ვის ეკუთვნის „ბეემვე“ ამ ნომრით“ (ნოსოვს იმ გოგონას მანქანის ნომერი გავუგზავნე).
თხუთმეტ წუთში ნოსოვმა მომწერა: „ზურაბ, „აბც პლუსი“ საქართველოს უშიშროების სამსახურის სპეცოპერაციების განყოფილების ოფისია. ამ ნომრიანი მანქანა კი ქეთევან მესხს ეკუთვნის და ის ამ უწყების ლეიტენანტია. რა ხდება, ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება“.
„ჯერჯერობით არა. თუმცა; არ გამოვრიცხავ, რომ დამჭირდეს“, – მივწერე პავლე ნოსოვს და „ფეისბუქიდან“ გამოვედი.
ნოსოვმა გამომიგზავნა ქეთევან მესხის სრული მონაცემები, მათ შორის, ბინის მისამართიც და გადავწყვიტე, შევხვედროდი მას. ქეთევან მესხი გლდანში, ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობდა და ჯერ დაზვერვაზე მივედი, თუმცა სახლში არავინ დამხვდა. მეზობელმა კი მითხრა, გვიან ბრუნდება და მარტო ცხოვრობსო. წავედი, ღამის 10 საათისთვის კი უკან დავბრუნდი და ცოტა ხანში გოგონაც გამოჩნდა. სანამ მან მანქანა ავტოფარეხში დააყენა, მე მის სადარბაზოში შევედი და მის ამოსვლას ერთი სართულით ზევით დაველოდე. ამოვიდა და კარს რომ აღებდა, უკნიდან მივადექი და ვუთხარი:
– საღამო მშვიდობისა, ქალბატონო ქეთევან.
გოგონა არც კი შემდრკალა. შემობრუნდა და მითხრა:
– უფრო სწორად, ღამე მშვიდობისა!
– შეიძლება, გესტუმროთ?
– მობრძანდით, – მითხრა ქეთევან მესხმა და ბინაში შემიპატიჟა. თვითონაც შემომყვა, კარი მოიხურა და სავარძელში რომ მოვკალათდი, დაამატა, – თქვენ, ალბათ, ზალიკოს უფროსი ძმა ხართ, ზურაბი.
– დიახ.
– ზალიკო თქვენზე ბევრს მიყვებოდა. ბიზნესმენიაო. ძალიან უყვარდით. ალბათ, ჩემზეც გიყვებოდათ.
– არა, – თავი გავაქნიე.
გოგონა შეცბა და მითხრა:
– აბა, საიდან მომაგენით. ვინ გითხრათ ჩემი მისამართი.
– ამას მნიშვნელობა არ აქვს. თქვენთან შეკითხვები მაქვს.
– რა შეკითხვები?
– პირველ რიგში, ის მაინტერესებს, თუ რა დაემართა ჩემს ძმას. მე არ მჯერა, რომ ის ნარკომანი იყო. მით უმეტეს, ასეთი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი.
– ამის არც მე მჯერა, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ. მაგრამ სასამართლო–სამედიცინო დასკვნაში ასეა ჩაწერილი.
– ზალიკოსთან მეგობრობა გაკავშირებდათ?
– ოფიციალურად მეწყვილეები ვიყავით. ერთად არაერთი საქმე გაგვიკეთებია. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, შეყვარებულები ვიყავით.
– სულ ესაა?
– რა, ცოტაა?
– მე მაინტერესებს, თუ რა შეემთხვა ჩემს ძმას სინამდვილეში. როდესაც ის აღმოაჩინეს, ორი კვირის მკვდარი იყო და თუ შეყვარებულები იყავით, მაშინ რატომ არ დაინტერესდით, სად იყო ის?
– მე თვითონ სამი კვირით სამსახურებრივ მოვლინებაში ვიმყოფებოდი ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში და რომ ჩამოვედი, ასეთი უბედურება დამხვდა. მის დასაფლავებასაც კი ვერ დავესწარი.
– ვერც მე დავესწარი. მეც წასული ვიყავი, – ვთქვი და დავამატე, – თანაც წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ჩემი უმცროსი ძმა უშიშროების თანამშრომელი იყო.
– ამის გამხელა სასტიკად გვეკრძალება და ამიტომ, – მითხრა ქეთიმ და პაუზის მერე დაამატა, – თქვენ ეს საიდან იცით, თუკი ზალიკო არაფერს გიყვებოდათ?
პასუხს თავი ავარიდე და ვუთხარი:
– ქეთევან, თუკი თქვენ ზალიკო მართლა გიყვარდათ, მაშინ სიმართლის გარკვევაში დაინტერესებული უნდა იყოთ და იქნებ დამეხმაროთ?
– რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვარ. გენერალსაც კი ვკითხე ამის შესახებ, მაგრამ მან მითხრა, – სამწუხაროდ, ნარკომანი აღმოჩნდა შენი მეწყვილე და ამან შეიწირაო.
– გენერალმა იცოდა თქვენი და ზალიკოს ურთიერთობის შესახებ?
– ასი პროცენტით ვიცი, რომ არაფერი იცის. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ პასუხს არ გამცემდა და სხვა რამეს მოიფიქრებდა.
– ესე იგი, ქეთი, არც თქვენ გჯერათ გამოძიების ვერსიის, ხომ?
– რა თქმა უნდა, არ მჯერა. მე და ზალიკო ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით და ნარკოტიკებისადმი არანაირი ლტოლვა არ ჰქონია. ისედაც შევამჩნევდი.
– გენერალს რა ჰქვია?
– კაპიტონ ხალაძე.
– თქვენი უშუალო უფროსია?
– დიახ. ის ჩანერგვის სამსახურს ხელმძღვანელობს. ყველა დავალებას ის გვაძლევდა.
– როგორი ადამიანია?
– ერთი შეხედვით, კარგი. თუმცა, ინტუიციით ვგრძნობ, რომ რაღაცას მალავს.
– მაინც, რას?
– ეგ არ ვიცი.
– ზალიკოსთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა.
– მშვენიერი. ისევე, როგორც სხვებს აქვთ მასთან.
– ქეთი, მე რადაც არ უნდა დამიჯდეს, სრული სიმართლე უნდა გავარკვიო და დამეხმარები?
– რა თქმა უნდა, – მითხრა გოგონამ და დააყოლა, – მე და ზალიკოს გადაწყვეტილი გვქონდა, შევუღლებულიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა.
– კარგი, მოდი, ასე შევთანხმდეთ: ორიოდე დღის შემდეგ ისევ შევხვდეთ ერთმანეთს და მოქმედების გეგმა შევადგინოთ. მე რაღაც-რაღაცებს გავარკვევ.
– მეც შევეცდები რამეს.
– მხოლოდ ძალიან ფრთხილად, ქეთევან, დიდი ვერაგობისა და დანაშაულის სუნი მცემს და წინდახედულად უნდა ვიმოქმედოთ. ახლა კი წავალ და ზეგ ამავე დროს გამოგივლით.
– ნახვამდის, – მითხრა ქეთევან მესხმა და კარამდე მიმაცილა.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან