დამანჭულტუჩიანი კაცის თავგადასავალი
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 27.03, 2022 წელი

- არტურ კონან დოილი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #10(1106)
... ეტლი უზარმაზარი ვილის წინ შეჩერდა, რომელსაც გარშემო ბაღი ეკრა. სახლს რომ მივუახლოვდით, პატარა ტანის, აბრეშუმის კაბაში გამოკვალთული ქალი შემოგვეგება. ოთახიდან გამომავალი შუქი უფრო საჩინოს ხდიდა მის სხეულს. ხვეწნაჩამდგარი თვალები უთქმელად მეტყველებდა, რომ მისი არსება ერთ კითხვას შთაენთქა: რა ამბავი იყო მის თავს, სად იყო მისი ქმარი?
– მისტერ შერლოკ ჰოლმს, – უცებ ალაპარაკდა ლედი, როგორც კი სასადილო ოთახში შევედით – თქვენი აზრით, იგი ცოცხალთა სიაში აღარ წერია?
– პირდაპირ არ შემიძლია, გიპასუხოთ, ვგონებ, სწორედ ასე უნდა იყოს.
– მაშინ, კეთილი ინებეთ და ამიხსენით, ნევილისგან დღეის რიცხვით გამოგზავნილი წერილი, ხელთ რომ მაქვს, ვისი დაწერილი უნდა იყოს?
მოულოდნელობისაგან გაოცებულმა ჰოლმსმა მისის სენტს წერილი თითქმის გამოსტაცა ხელიდან, ლამპის შუქს მიუახლოვდა და დაკვირვებით დააცქერდა.
– წერილი ჩემი ქმრის ხელითაა დაწერილი, კონვერტზე წარწერა კი სხვას ეკუთვნის, – უპასუხა ქალმა.
– კარგად დაკვირვების შედეგად მივხვდი, რომ ვინც ეს წერილი გამოგზავნა, მან თქვენი მისამართი არ იცოდა. სახელი და გვარი კონვერტზე უფრო შავი მელნით არის დაწერილი, ეს იმიტომ, რომ მელნით ნაწერი საშრობით არ შეუშრიათ, თავისით შემშრალა. დანარჩენი ასოები უფრო მკრთალად მოჩანს, რაც იმას გვანიშნებს, რომ საშრობი უხმარიათ. აქედან დასკვნა: წერილის გამომგზავნმა თქვენი მისამართი არ იცოდა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან წვრილმანი რამ გახლავთ, მაგრამ წვრილმანებისგან შედგება ხოლმე მსხვილმანი ამბავი. აჰა! წერილთან ერთად კონვერტში რაღაც დებულა.
– დიახ, კონვერტში ბეჭედი იდო, ის სამკაულიც არის და ბეჭდის დასასმელიც.
„ძვირფასო, მთავარია არ შეგეშინდეს, ყოველივე კარგად დამთავრდება. სამწუხაროდ, გაუგებრობის გამო უდიდესი შეცდომა მოხდა, რომელიც მოკლე ხანში გამოსწორდება. მოთმინებით მელოდე. შენი ნევილი.“
– მისტერ ჰოლმს. გული მეუბნება, რომ ნევილს ცუდი არაფერი ელის. ჩვენ ისე ერთ სხეულად ვართ გადაქცეული, რომ იმწამსვე ვგრძნობ, როცა მას საფრთხე ემუქრება. ნუთუ მის სიკვდილს ვერ ვიგრძნობდი?
– მართალია, ეს ჩემს მეთოდს ეწინააღმდეგება, მაგრამ უნდა ვაღიარო, ხშირად მინახავს, რომ ქალის მაგდაგვარი ალღო, როგორსაც თქვენ ბრძანებთ, გამართლებულა ხოლმე. ორშაბათს შინიდან გასვლისას არაფერი დაუბარებია?
– არა.
– და თქვენ გაოცდით, როცა იგი ოპიუმის მწეველთა სახლში იხილეთ?
– ყველაფერს ვიფიქრებდი და ნევილის იქ დანახვას – არა. არ მოველოდი.
– გმადლობთ, მისის სენტ კლერ. ჩემთვის ძირითადი საკითხები უკვე გავარკვიე. ახლა კი ვივახშმებთ და დავისვენებთ, თორემ ხვალ ძალიან ძნელი სამუშაო გველოდება.
ჩვენს განკარგულებაში უზარმაზარი ოთახი იყო, რომელშიც ორი საწოლი იდგა.
დასაძინებლად დავწექი, ჰოლმსის უეცარმა წამოძახილმა გამომაღვიძა. ზაფხულის ბდღვრიალა მზე უკვე ამოწვერილიყო და იქაურობა ოქროსფერი სხივებით მოექარგა.
– სწრაფად ჩაიცვით, უოტსონ. ვიცი, მეჯინიბეს სადაც სძინავს და ეტლს თვალის დახამხამებაში გავამზადებინებ, – ლაპარაკისას იღიმებოდა და თვალებიც როგორღაც ეშმაკურად უციმციმებდა.
– მინდა, ჩემი ერთი ვარაუდი შევამოწმო, – წარმოთქვა ჰოლმსმა და თან ჩექმის ყელი მაღლა აქაჩა, – უნდა გითხრათ, უოტსონ, რომ ამჟამად, ჩემი სახით, თქვენ მთელ ევროპაში ყველაზე დიდ სულელს უყურებთ. მაგრამ მგონი, მივაგენი ამ საქმის გასაღებს.
– მერედა, სად არის ის თქვენი გასაღები? – ვკითხე სიცილით.
– სააბაზანოში, უოტსონ, – მიპასუხა ჰოლმსმა, – არ გეგონოთ, რომ ვოხუნჯობ, – განაგრძო მან, როცა ჩემი უნდობელი მზერა შენიშნა. - აბა, წავიდეთ და ვნახოთ, მიუდგება თუ არა ჩემი გასაღები საიდუმლოებით მოცულ ბოქლომს. ვაღიარებ, რომ თხუნელასავით ბრმად მივუდექი ამ საქმეს, მაგრამ ჯობს, ჭკუას გვიან მაინც მოეგო, ვიდრე არასოდეს.
ჩავსხედით თუ არა, ეტლი დაიძრა და ლონდონისკენ გაგვაქროლა. ვატერლოოს ხიდი გადავიარეთ, ველინგტონის ქუჩას გავუყევით, მარჯვნივ შევუხვიეთ და თავი ბოუ-სტრიტზე ამოვყავით. შერლოკ ჰოლმსს პოლიციელები იცნობდნენ. ახლაც, დაინახეს თუ არა, ორი კონსტებლი გამოეჯგიმა. ერთმა ჰოლმსს სადავეები ჩამოართვა, მეორე კი შენობაში შეგვიძღვა.
– მორიგე ვინ არის? – იკითხა ჰოლმსმა.
– ინსპექტორი ბრედ-სტრიტი, სერ.
ბრედ-სტრიტის ოთახი კანცელარიას უფრო მიაგავდა, ვიდრე საგამომძიებლო საკანს. მაგიდაზე უზარმაზარი სარეგისტრაციო წიგნი დაედოთ, კედელზე კი ტელეფონი დაეკიდებინათ. ინსპექტორი მაგიდას მიუჯდა.
– რით შემიძლია გემსახუროთ, მისტერ ჰოლმს? – უთხრა ინსპექტორმა.
– მე ის მათხოვარი ბუნი მაინტერესებს, ნევილ სენტ კლერის გაუჩინარების საქმეზე რომ ჩასვით. ბუნი ამჟამად აქ გყავთ?
– საკანშია. ასეთი ბინძური კაცი ჯერ არ მინახავს.
– ბინძური?
– ხელები, როგორც იქნა, დავაბანინეთ, მაგრამ სახე მკალავივით შავად აქვს მოზუნზლული. როგორც კი ძიებას დავამთავრებთ, ციხის აბანოში შვიდი პირი ტყავი უნდა გავაძროთ. როცა ნახავთ, თქვენც იტყვით, რომ გასახეხიც არის და ტყავგასაძრობიც. წამომყევით და გაჩვენებთ. ჩანთა შეგიძლიათ, აქ დატოვოთ.
– არა, თან მქონდეს.
– როგორც გენებოთ. აი, ამ კიბით დაბლა უნდა ჩავიდეთ. მობრძანდით! – პოლიციის ინსპექტორმა დაკეტილი კარი გააღო. ჩვენ თეთრად შეღებილ დერეფანში აღმოვჩნდით. დერეფანს ორივე მხარეს უამრავი კარი ჰქონდა დატანებული.
– სძინავს, – თქვა ინსპექტორმა, – მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, მშვენივრად დაინახოთ პატიმარი.
ჰოლმსის შემდეგ მეც შევიჭვრიტე საკანში. პატიმარს სახე კარისკენ ჰქონდა მობრუნებული და ღრმა ძილით ეძინა. იგი ნელა და ღრმად სუნთქავდა. საშუალო ტანის მამაკაცი გახლდათ. ჩაცმული ისე იყო, როგორც ნამდვილ მათხოვარს შეეფერებოდა. მართლაც ძალიან ჭუჭყიანი და დასვრილი მეჩვენა, მაგრამ მისი ამაზრზენი სიმახინჯის დამალვა ამ ჭუჭყსაც არ შეეძლო. კარგა ფართო ნაიარევი თვალიდან ეწყებოდა და ნიკაპამდე მოჰყვებოდა. გახეთქილი, ერთ მხარეს გადმობრუნებული ზედა ტუჩი დაკრეჭილ კბილებს ვეღარ უფარავდა და სამი კბილი, ეტყობოდა, ეშვივით მუდმივად წინ ჰქონდა გამოჩრილი. რაღაც უცნაური, წითლად მოელვარე თმა შუბლზე ჩამოშლოდა და თვალებამდე უწევდა.
– სრულყოფილი სილამაზეა, არა? – თქვა ინსპექტორმა.
– მაგას ახლავე კარგი დაბანვა მოუხდება, – შენიშნა ჩემმა მეგობარმა, – მე თან წამოვიღე ამისათვის საჭირო ყველა ხელსაწყო.
ჰოლმსმა ტყავის ჩანთა გახსნა და, ჩემდა გასაოცრად, კარგა მოზრდილი ტანის სახეხი ღრუბელი ამოაძვრინა.
აბანოს ღრუბლის დანახვაზე ინსპექტორმა თავი ვერ შეიკავა და ჩაიხითხითა.
– თუ თქვენ ახლა სიკეთეს გამოიჩენთ და კარს ძალიან ფრთხილად გახსნით, ჩვენ ამ ამაზრზენ, მახინჯ მათხოვარს უფრო ლამაზ მამაკაცად ვაქცევთ.
– რატომაც არა! – თქვა ინსპექტორმა, – ეგ ხომ თავისი სიბინძურით მთელ ჩვენს ციხეს არცხვენს, – მან ნელა შეაცურა გასაღები კარის საკეტში და სამივენი უცებ საკანში აღმოვჩნდით. ჰოლმსმა წყლით სავსე ხელადა აიღო, ღრუბელი კარგად დაასველა და პატიმარს ორჯერ მაგრად გადაუსვა სახეზე.
ასეთი სანახაობა ჩემს სიცოცხლეში არ მენახა. პატიმრის სახე ღრუბელმა კანგაძრობილ ხეს დაამგვანა. უეცრად გაქრა მისი სახიდან სიშავე, ფართო ნაიარევიც უცებ გაუჩინარდა. გახეთქილი ტუჩიც იმწამსვე შეხორცდა. დაკრეჭილი ეშვებივით წინ გამოჩრილი კბილებიც აღარსად ჩანდა. წითლად მოელვარე თმაც უცებ გაქრა და ჩვენ ფერმკრთალი, მწუხარე სახის, ფაქიზი, შავგვრემანი, უხორკლო კანის პატრონი კაცი წარმოგვიდგა.
– ნება მომეცით, – მთელი ხმით შეჰყვირა ჰოლმსმა, – თქვენი თავი ლიელ მისტერ ნევილ სენტ კლერს წარვუდგინო.
იგი ძილიდან ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო. მერე უცებ გონს მოეგო, ერთი მაგრად ამოიგმინა და თავი ბალიშში ჩარგო.
– ღმერთო ძლიერო! – შეჰყვირა ინსპექტორმა. – ეს ხომ სწორედ ის არის, ვისაც ჩვენ დავეძებთ, ფოტოსურათი მაქვს ნანახი და სწორედ ის არის.
ბედისწერას მინდობილ ნევილ სენტ კლერის თვალებში სასოწარკვეთილებამ დაისადგურა.
– რაც არის, არის, – წარმოთქვა მან, – ამ დილეგში რაღასთვის მამყოფებთ?
– მისტერ სენტ კლერის მკვლელობისათვის, თუმცა რას ვამბობ, თქვენ ახლა მკვლელობაში ბრალს ვეღარ დაგდებთ, თვითმკვლელობის მცდელობის ბრალდებასღა თუ წამოგიყენებთ, – ჩაიქირქილა ინსპექტორმა, – ოცდაშვიდი წელიწადია პოლიციაში ვარ და ასეთ ამბავს პირველად გადავეყარე.
– თქვენთვის უმჯობესი იყო, საკუთარი ცოლისთვის გაგენდოთ თქვენი საიდუმლო, – უთხრა ჰოლმსმა.
– საქმე ცოლი კი არა, საკუთარი ბავშვებია, – ისე ამოთქვა მკერდიდან სენტ კლერმა, თითქოს ამ სიტყვებს გული თან ამოაყოლაო, – ღმერთო, შენ მიშველე, არ მინდოდა, რომ ისინი ჩემ გამო გაწითლებულიყვნენ საზოგადოებაში. რა მეშველება? რა უნდა მოვიმოქმედო?
შერლოკ ჰოლმსი სენტ კლერს გვერდით მიუჯდა და მხარზე ხელი გამამხნევებლად მოუთათუნა.
– საქმე თუ სასამართლომდე მივა, რაღა თქმა უნდა, გახმაურდება და ქვეყანა გაიგებს. მაგრამ თუ პოლიციის თანამშრომლები დარწმუნდებიან, რომ თქვენ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაგიდენიათ, მაშინ საქმე პოლიციაშივე მოიხრჩობა და გაზეთებიც ვერ აყაყანდებიან. დარწმუნებული ვარ, ინსპექტორი ბრედ-სტრიტი გულდასმით ჩაიწერს თქვენს ჩვენებას, გადასცემს თავის უფროსებს და საქმეც ამით დასრულდება.
– ღმერთმა გიშველოთ! მზად ვარ, ყოველგვარ სასჯელს გულმშვიდად შევხვდე, თუნდაც სიკვდილით დასჯასაც კი, ოღონდ ჩემს სამარცხვინო თავგადასავალს ჩემი შვილები ნუ შეიტყობენ.
დასასრული შემდეგ ნომერში
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან