რომანი და დეტექტივი

დაგვიანებული ბედნიერება

№18

ავტორი: ნია დვალი 20:00 16.05

რომანი 1
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #17 (1270)

ვერიკომ გაიკვირვა:

– მეგობარი მამაკაცი ჰყავს?

– ეყოლება, აბა, რატომ გაეყრებოდა ჩემს შვილს, – ისევ იცინოდა ოლიკო, – მოკლედ, კორპორაციულზე ხომ მოდიხარ? იქ ვიჭორაოთ მე და შენ და მომიყვები ყველაფერს.

– არც კი ვიცი.

– როგორ თუ არ იცი? – აღშფოთდა ქალბატონი ვერიკო, – აბა, ვინ იცის?

– ანდროს არ უნდა ჩემი წამოყვანა.

– ანდროს არ უნდა წამოყვანა, – ქალბატონმა ოლიკომ ეს წინადადება ვერიკოს ინტონაციით გამოთქვა, – მერე ნურაფერს ეტყვი. ვინ ეკითხება ანდროს?! მე გპატიჟებ და, საერთოდაც, ეგ რომ მანდ კაცობს, სულ შენი დამსახურებაა. ჭკვიანად მოიქცეს, თორემ მე მაგას ვასწავლი ჭკუას.

ვერიკო ამის წარმოდგენამ გაამხიარულა.

– მოკლედ, კორპორაციულის დაწყებამდე ორი საათით ადრე იწყება შეხვედრა შინაურებისთვის, იმავე ადგილას, ოღონდ გვერდითა VIP დარბაზში და იქ ვიჭორაოთ.

ვერიკო დაეთანხმა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავისი თავი სარკეში და ტელეფონს დასწვდა. კორპირაციულისთვის ფრჩხილებისა და თმის მოწესრიგება გადაწყვიტა.

შემდეგ სახლსაც შეავლო ხელი და ვერანდაზე დაჯდა, ჩამავალი მზის სხივებით რომ დამტკბარიყო.

***

კორპორაციული წვეულების დღეს ანდროს არაფერი აგრძნობინა:

– რადგან არ გინდა, რომ წამოვიდე, არ წამოვალ. ყველაფერი მოგიმზადე, მე კი დედაჩემთან წავალ, რადგან ხელს გიშლი ასეთ ღონისძიებაზე.

ვერიკოს იმედი ჰქონდა, რომ ანდრო მოუბოდიშებდა და წაიყვანდა, ჩვენ, ხომ, გვიჭირს, დავიჯეროთ, რომ ჩვენ მივაწერეთ ადამიანს თვისებები, რომლებიც არ აქვთ და ამიტომ სულ ველით, რომ ის მათ გამოამჟღავნებს.

– ძალიან კარგი, რომ ჭკუაზე მოხვედი. შენს ასაკში ქალი სახლში უნდა იჯდეს და ქმარს ელოდებოდეს. ხომ ხედავ, მაშინაც არ მიგიღეს კომპანიაში სამუშაოდ, ქაღალდების შემოტანა რომ დაგავალეს.

ვერიკოს გულში გაეცინა, მაგრამ არაფერი უთქვამს. კარი გაიხურა, ანდროს არც შეუთავაზებია გაცილება ან ტაქსის გამოძახება. საერთოდ, არ დაინტერესებულა, რით წავიდოდა ვერიკო.

როგორც კი ცოლმა კარი გაიხურა, ანდრომ მაშინვე ტელეფონი ამოიღო და თავის თანაშემწეს დაურეკა:

– ნათი, მე მარტო ვიქნები დღეს კორპორაცულზე. ასე რომ, ეს ღამეც ჩვენია.

ნათია მეცხრე ცაზე იყო ბედნიერებით და თუმცა ანდრო ხვდებოდა, ქალს იმედი ჰქონდა, რომ ანდრო, ადრე თუ გვიან, მასზე დაქორწინდებოდა, თავი ისე ეჭირა, რომ ვითომ თავადაც ამას ელოდა. ნათია მუდმივად ეწუწუნებოდა, რომ მარტო ცხოვრება უჭირდა ორ ბავშვთან ერთად.

– ვიცი, ვიცი, მე ყველაფრით დაგეხმარები, – ხომ იცი, რომ ყოველთვის შენ გვერდით ვარ?! უბრალოდ, ცოტა დრო მომეცი.

– როგორ ხარ ჩემ გვერდით, როდესაც ვერ გელაპარაკები, როცა შენთან ლაპარაკი მინდა?! – ვითომ ბრაზობდა ნათია, – ვერც მაშინ გნახულობ, როდესაც მომენატრები.

– სულ ცოტა უნდა მადროვო და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა, – ეუბნებოდა საყვარელს ანდრო და ამ სიტყვებით იმედს აძლევდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ლამის ტყავიდან გამომძვრალიყო, რომ ანდროს ეს გადაწყვეტილება მიეღო. არადა ანდრო არ აპირებდა ნათიას ცოლად მოყვანას, მით უმეტეს, არ აპირებდა ვერიკოსთან გაყრას.

ანდროსთვის ასეთი ვითარება ხელსაყრელი იყო, ვინაიდან დაიმედებული ნათია ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ მისთვის ესიამოვნებინა.

***

ვერიკო იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც კორპირაციული წვეულება უნდა გამართულიყო და როგორც ქალბატონმა ოლიკომ უთხრა, გვერდითა შესასვლელიდან შევიდა. ვერიკოს მიშა გამოეგება:

– რაც დრო გადის, უფრო და უფრო მშვენიერდები, – მიშამ გალანტურად დაუკრა თავი ვერიკოს და ხელზე აკოცა, ასევე, გალანტურად და წესების დაცვით, – თავად დაიხარა ქალის ხელისკენ და ისე მიადო ტუჩები.

– შენ არ იცვლები, – გაიღიმა ვერიკომ და, როდესაც რიტუალური ხელზე კოცნა დასრულდა, მიშას ლოყაზე აკოცა.

– შენ რომ გხედავ, ჩემში მიძინებული რაინდი იღვიძებს.

– მეარშიყები? – ვითომ ნაწყენი ხმით უთხრა ვერიკომ.

– რატომაც არა?! – არ იუარა მიშამ. ვერიკომ ის დაუფარავად შეათვალიერა, – მიშა ძველებურად კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ბაკებთან თმა შევერცხლოდა, მაგრამ ეს შტრიხი უფრო ასიმპათიურებდა და მეტ სოლიდურობასა და დახვეწილობას სძენდა.

ვერიკომ შეამჩნია, რომ მიშა ძველებურად უყურებდა: მის თვალებში ისევ კრთებოდნენ უცნაური ნაპერწკლები, რომელთა ყურება ვერიკოს ძალიან უყვარდა, თუმცა, დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ. ვერიკომ უცებ ამოიოხრა, ვინაიდან გაახსენდა, რომ, მართალია, მაშინ არ შეიმჩნია, მაგრამ მართლაც ეგონა, რომ მიშასთან ერთად მთელ ცხოვრებას გაატარებდა, მაგრამ ანდროს ცოლი აღმოჩნდა, რომელიც უკვე არაფრად აგდებდა.

მიშამ ვერც კი მოასწრო, რამე ეთქვა ვერიკოსთვის, რომ მათ ქალბატონი ოლიკო მიუახლოვდა:

– ცოტა ხანს დაგვაცადე, საჭორაო გვაქვს. ვერიკო უნდა გავიტაცო, – მიმართა შვილს.

– ოღონდ ძალიან ცოტა ხნით, – თავი დაუკრა ქალებს მიშამ და გაეცალა.

– მგონი, ისევ მოსწონხარ და არა მხოლოდ მოსწონხარ, – თვალი გააყოლა ქალატონმა ოლიკომ ვაჟს და ვერიკო უნებლიეთ გაწითლდა.

– ძალიან მომწონს ეს შენი პირველყოფილი გულუბრყვილობა და სიწრფელე, – როგორ მინდოდა, რომ დაქორწინებულიყავით, – დანანებით წარმოთქვა ქალბატონმა ოლიკომ, – მაგრამ არც ახლაა გვიან, პირიქით, ახლაა სწორედ დრო... – ვერიკოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ქალბატონმა ოლიკომ არ დააცადა, – როდესაც გამოცდი და გაიგებ, ვისთან არ შეგიძლია ცხოვრება, უკვე ზუსტად იცი, ვისთან შეგიძლია და გამოცდილებაც გაქვს. მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბროთ. – ქალბატონმა ოლიკომ ვერიკო მოლაპარაკებებისთვის გამოყოფილ ოთახში შეიყვანა და თავის პირდაპირ დაისვა:

– რა გადაწყვიტე ანდროზე? – ჰკითხა პირდაპირ.

– აღარ შემიძლია მასთან ცხოვრება, სურვილით კი ძალიან დიდი ხანია, აღარც მინდა. ისევ იმ თავის ნათიას ურეკავს და დარწმუნებული ვარ, იმიტომ არ წამომიყვანა, რომ თავისუფლად ყოფილიყო მასთან ერთად და ღამეც სახლში არ დაბრუნებულიყო. ბავშვები უკვე გაიზარდნენ და მგონი, დროა, გავუშვა ანდრო, მე მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ ეტყობა, ეს სიყვარული კი არა, რაღაც სხვა იყო, – ვერიკომ თვალები დახარა, თითქოს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა და ორჭოფობდა.

– მითხარი, ჩემო გოგო, რის თქმა გინდა, ჩემი არ უნდა მოგერიდოს.

– დიდწილად იმიტომ გავყევი ცოლად ანდროს, რომ თქვენ მინდოდა, დაგხმარებოდით, თქვენ კი არ გაბრალებთ, მე მივიღე ის გადაწყვეტილება, მაგრამ ასე, რაღაცნაირად, მადლიერებას გამოვხატავდი თქვენდამი, იმდენი რამ გაგვიკეთეთ მე და დედაჩემს, – ვერიკოს თვალები აუწყლიანდა.

– ხომ იცი, რომ ცრემლებსა და სენტიმენტებს ვერ ვიტან?! დედაშენი ჩემთვის ღვიძლ დაზე ახლობელია, შენ კი თავად ხარ ნიჭიერი და კეთილშობილი ადამიანი და მთელი შენი ნიჭი იმ ბედოვლათ ანდროს შეალიე, თუმცა იმას არა, ჩვენს კომპანიას და ეს ჩვენ, სამივემ ვიცით. თუ აპირებ, რომ აღარ გინდა ანდროსთან ერთად ცხოვრება, ვეტყვი მამამისს, რომ შენ მის შვილს ვეღარ დაეხმარები, პრობლემა არაა.

***

როდესაც მიშა უცხოეთიდან დაბრუნდა და სწავლა დაასრულა, ოლიკომ და ნუგზარმა დიდი წვეულება გადაიხადეს, როდესაც სტუმრები წავიდნენ, ნუგზარმა ოლიკო სასაუბროდ გაიხმო კაბინეტში.

– დღეს მართლაც უბედნიერესი დღე გვაქვს, ჩვენი შვილი ახალ ცხოვრებას იწყებს, მაგრამ ეს ამბავი გულზე ხინჯად მაქვს და მინდა, იცოდე, კარგა ხნის წინათ ვაპირებდი თქმას, მაგრამ ვერ მოვაბი თავი, გადადება აღარ შეიძლება.

ოლიკო სმენად იქცა, გული ცუდს არაფერს უგრძნობდა, მაგრამ ასეთი შესავლის შემდეგ მაინც დაიძაბა:

– გისმენ, შენ ხომ იცი, რომ მე ყოველთვის შენ გვერდით ვარ, – უთხრა ქმარს მტკიცე ხმით.

– ძალიან დიდი ხნის წინ, შენ არ გიცნობდი, ერთ ქალთან მქონდა ურთიერთობა, არაფერი სერიოზული, ბოჰემური ცხოვრება უყვარდა. მოკლედ, ერთ დღესაც გამომიცხადა, რომ ბავშვს ელოდებოდა და ელოდებოდა ჩემგან, მე არ დავიჯერე, მაგრამ, საბოლოოდ, ასეც აღმოჩნდა. მის ცოლად მოყვანაზე არც მიფიქრია, არც მიყვარდა, ვერც ხასიათით ვეწყობოდით, არც მას უნდოდა, ამიტომ ვუყიდე ბინა, ყოველთვიურად ფულს ვუგზავნიდი, მაგრამ მაინც დანაშაულის გრძნობა მაქვს. მას თვითონ არ უნდოდა, რომ ბავშვს სცოდნოდა, ვინ არის მამამისი, მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ მეც არ მხიბლავდა იმ ქალისგან საერთო შვილი.

– ნუგო! – მკაცრად შეხედა ქალბატონმა ოლიკომ ქმარს.

– ვიცი, ცუდი მოსასმენია, მაგრამ ეს სიმართლეა. – ამოიოხრა ნუგზარმა.

– რაღაც უნდა მოვიფიქროთ, – დაფიქრდა პრაგმატული ქალბატონი ოლიკო, – ვფიქრობ, სამსახურში უნდა მიიღო შენთან, არ ვუთხრათ, რომ მამამისი ხარ, მაგრამ მისგან კარგი პროფესიონალი გამოვზარდოთ ისე, რომ ვერც კი მიხვდეს.

ნუგზარმა მადლიერებით შეხედა ცოლს...

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ქალბატონმა ოლიკომ დაგეგმა და როდესაც გაირკვა, რომ ანდრომ ვერიკოსთან დაიწყო შეხვედრა, ქალბატონმა ოლიკომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი იმაზე უკეთ ვითარდებოდა, ვიდრე წარმოედგინა. ხოლო, როდესაც ვერიკო და ანდრო დაქორწინდნენ, ვერიკოს გული გადაუშალა და სთხოვა, თვალყური ედევნებინა ანდროსთვის, იმიტომ რომ საქმეში ძალიან უყურადღებო იყო.

ქალბატონი ოლიკო იმედოვნებდა, რომ ვერიკო ცოტა ხანს დაეხმარებოდა ანდროს, შემდეგ კი ის დამოუკიდებლად განაგრძობდა მუშაობას. გაერკვეოდა საქმეში, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ანდრო ვერც ვერაფერს ხვდებოდა და ვერც ვერაფერს სწავლობდა. სამაგიეროდ, ქალბატონი ოლიკო და ვერიკო ძალას არ იშურებდნენ, რომ ანდროსგან პროფესიონალი გამოეყვანათ, რაც უშედეგო აღმოჩნდა. ახლა კი ვერიკო აპირებდა, გაყროდა ანდროს და ქალბატონი ოლიკოც მიხვდა, რომ მისი ქმრის ვაჟისგან პროფესიონალი არასდროს დადგებოდა. ასე რომ, გაუხარდა კიდეც, რომ თავის დროზე არც უთხრეს ანდროს, ნუგზარის შვილი რომ იყო. ახლა არაფრის ახსნა არ მოუწევდათ, როდესაც სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, იმიტომ რომ ვერიკოს გარეშე ანდრო ვერაფერს გააკეთებდა და პირველივე შეკვეთას ჩააფლავებდა. საბოლოოდ კი, ანდრო აუცილებლად მიიღებდა თავის წილ მემკვიდრეობას, როდესაც ამისი დრო მოვიდოდა და აი, მაშინ გაიგებდა ყველაფერს.

– საბოლოოდ გადაწყვიტე? – კიდევ ერთხელ ჰკითხა ქალბატონმა ოლიკომ ვერიკოს.

ვერიკომ თავი დაუქნია:

– დიდხანს ვფიქრობდი, წლებია... დღეს მივხვდი, რომ აღარაფერი მაქვს მასთან საერთო და სამწუხაროდ, არც მქონდა. მაგრამ თქვენ რას იზამთ?

– შენ როგორც გადაწყვეტ, ისე მოიქეცი, მე კი იმ საქმეს თავად მივხედავ. ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელია, მეხმარებოდი და მეხმარებოდი საუცხოოდ. ახლა კი შენს თავს ვუბრუნებ მიშას. ისევ ძველებურად გიყურებს. იქნებ რამე გამოგივიდეთ კიდეც. მე მხოლოდ გამიხარდება. ოღონდ ახლა არ გაწითლდე, არ გადამრიო – ქალბატონმა ოლიკომ წამოწითლებულ ლოყაზე უჩქმიტა ვერიკოს.

***

ანდრომ, დარბაზში შევიდა თუ არა, ნათია დაინახა: გამომწვევად იყო ჩაცმული და საგულდაგულო მაკიაჟიც ესვა. მაშინვე მიეგება ანდროს და მიეტმასნა:

– შეგვიძლია, დავლიოთ ცოტა, სანამ შეფობა იქით თათბირობს, შეიკრიბნენ და რაღაცას არჩევენ, – ნათიამ თვალებით მიანიშნა დიდ ვიტრაჟზე, რომლის უკანაც ისხდნენ ქალბატონი ოლიკო, მისი ვაჟი და ქმარი და... ანდროს თვალები გაუფართოვდა – ვერიკო.

– ჩემი ცოლი რას აკეთებს მათთან ერთად? – ვერიკოს ის ღია ცისფერი საქმიანი და ელეგანტური კოსტიუმი ეცვა, ქმარს რომ აჩვენა ერთი კვირის წინ. იმ დღეს ანდროს ეს სამოსი არ მოეწონა, არც ვერიკო მოეწონა, მაგრამ ახლა, შორიდან რომ შეხედა, მიხვდა, რომ მისი ცოლი უზადოდ გამოიყურებოდა და რაც ყველაზე გასაკვირი იყო, ძალიან შინაურულად ელაპარაკებოდა მის ბოსს – ბატონ მიხეილს.

ისიც დაინახა, რომ მიშა საკმაოდ ნაზად უღიმოდა ვერიკოს და მისი ხელიც ხელში ეჭირა. ანდრო წამოწითლდა. იცოდა, მისი ბოსის დედა რომ მისივე სიდედრის ახლობელი იყო, იცოდა, მაგრამ, ვერიკო და მიშა თუ ასე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ამას ვერ წარმოიდგენდა.

– არ ვიცი, იქნებ სამსახურს სთხოვს? შენ ხომ უთხარი, რომ შორდები და ჩემთან გადმოდიხარ?! – ეჭიკჭიკებოდა ნათია ანდროს. ანდრომ უხეშად მოიშორა ნათია და იმ დარბაზში შესვლა დააპირა, სადაც მისი ცოლი იყო, მაგრამ დაცვამ დროულად გადაუღობა გზა:

– თქვენ იქ ვერ შეხვალთ, დაიხიეთ უკან. – უთხრა დაცვის უფროსმა ანდროს. ჩოჩქოლზე მიშამ გამოიხედა და კართან მივიდა:

– როგორ იქცევით, ანდრო? აქ ვერ შემოხვალთ, – მშვიდად უთხრა თანამშრომელს.

– მე თუ ვერ შემოვალ, ჩემი ცოლი რას აკეთებს აქ?

– ჩვენ, უბრალოდ, ვიწრო ოჯახურ წრეში ვსაუბრობთ, სანამ კორპორაციული წვეულება დაიწყება. – მიშას ძალიან უხაროდა, რომ ვერიკო ანდროს ეყრებოდა და არ აპირებდა, ანდროს მისთვის ეს დღე ჩაემწარებინა.

– ესე იგი, ჩემი ცოლი უკვე თქვენი ოჯახის წევრია?! დიდი ხანია? და მე რას მიპირებთ? – გაეჭიმა ანდრო მიშას.

– თქვენ გელოდებიან, აი, იქ, – მიშამ ხელი გაიშვირა ნათიასკენ, რომელიც ნერვულად ცქმუტავდა.

***

გაყრის პროცესმა ძალიან მშვიდად ჩაიარა. ანდრო არც ელოდა, რომ სრულად მიიღებდა ყველაფერს, რასაც მოითხოვდა. ფიქრობდა, რომ ვერიკო ცარიელ-ტარიელი დატოვა, სინამდვილეში კი, ნუგზარმა ვერიკოს ყველა ხარჯი და ზარალი აუნაზღაურა. ანდრო ძალიან გაბრაზდა, სამსახურში შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, თან იმდენად დაიბოღმა თავის ცოლზე, რომ ნათია მართლაც მოიყვანა ცოლად, რაც ძალიან ინანა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ბატონი ნუგზარი გარდაიცვალა, ანდრომ მამამისის დატოვებული მემკვიდრეობა მიიღო და ყველამ ყველაფერი გაიგო, ნათია მაშინვე გაეყარა მას, ქონების უმეტესობა წაართვა და ახალი, უზრუნველი ცხოვრება დაიწყო.

ვერიკოს არც უფიქრია, ცოლად გაჰყოლოდა მიშას, მაგრამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი – როგორც იქნა, მიხვდა, რომ ადამიანი ბედნიერი შეიძლება, ნებისმიერ ასაკში იყოს.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა