დაგვიანებული ბედნიერება
ავტორი: ნია დვალი 20:00 09.05

ვერიკო მთელი ძალით ცდილობდა, თავისთვის ძალა დაეტანებინა, რომ არ მოშვებულიყო და ფორმაში ყოფილიყო, თუმცა 40–ს გადააბიჯა უკვე რამდენიმე წელია. შვილებიც გაიზარდნენ, თავიანთ სამყაროებში ცხოვრობდნენ და მათი სახლიც თითქოს დაცარიელდა. ამიტომ ვერიკოსა და ანდროს არც თუ კარგი დღეები დაუდგათ. საერთო თითქოს აღარაფერი დარჩათ. მათი ჩვეული ცხოვრებისეული რუტინა შეიცვალა და ორივენი ამოაგდო შეჩვეული კომფორტიდან. შვილებს თავ–თავიანთი მიზნები ჰქონდათ. ორივე უცხოეთში სწავლობდა და საკუთარ გეგმებს მიჰყვებოდნენ. მშობლებს დიდად არც არაფერს ეკითხებოდნენ და მაინცდამაინც არც გულს უშლიდნენ.
ყველა ოჯახს უდგება, ადრე თუ გვიან, მსგავსი პერიოდი, ამიტომ ვერიკო არ იძაბებოდა. პირიქით, ცდილობდა, მეტი სიმშვიდე და კომფორტი შეეტანა სახლში, რომელიც ასე უყვარდა. უყვარდა ის ცხოვრებაც, რომლის ნაწილიც უკან მორჩა, რომელშიც ახლა ცხოვრობდა და რომელიც მომავალში ელოდებოდა.
როდესაც ანდროს მანქანა ეზოში შემოვიდა, ვერიკო გაფაციცდა. დინჯი ნაბიჯით გაემართა შემოსასვლელისკენ, რომ ქმარს გამოცხადებოდა ახალსა და ძალიან ელეგანტურ კოსტიუმსა და ქვედატანში, რომელიც, ვერიკოს აზრით, მას ძალიან უხდებოდა. ვერიკომ ზუსტად იცოდა, რა დროს ანდომებდა მისი ქმარი მანქანის ფარეხში დაყენებასა და სახლში შემოსვლას.
სახლის კარი ზუსტად მაშინ გაუღო, როდესაც ანდროს სახელურისთვის უნდა მოეკიდა ხელი.
– აბა, როგორ მოგწონს? – შესცინა ვერიკომ ქმარს და ახალ სამოსში დაენახვა.
დარწმუნებული იყო, რომ ანდროს ძალიან მოეწონებოდა სამოსიც და ვერიკოც. თავად საკმაოდ კმაყოფილი იყო საკუთარი გარეგნობით; თავის ასაკზე, მინიმუმ, შვიდი წლით უმცროსად გამოიყურებოდა (თავის ამ ფიქრზე თავადვე ეცინებოდა: რატომ შვიდით და არა ხუთით ან ათით?!), თმას თავის ბინებრივ ფერად იღებავდა: წაბლისფრად, ხოლო მისი ნაცრისფერი თვალების ქვეშ ნაოჭებს მხოლოდ ძალიან დაკვირვებული და ავად განწყობილი თვალები თუ შეამჩნევდა.
თვითონ ვერიკო დარწმუნებული იყო, რომ ასაკის სვლა თავისი მუდმივი ფუსფუსით შეანელა. მართლაც არასდროს ისვენებდა: ბევრ ყურადღებას აქცევდა შვილებს, ჩართული იყო მათ სწავლასა და ცხოვრებაში. არც ქმარს აკლებდა ყურადღებას: ანდრო გონიერი კაცი იყო, მაგრამ ფიცხი და სულ სადღაც ეჩქარებოდა, რაც საქმის დეტალების დანახვაში ხელს უშლიდა ხოლმე.
ვერიკო ქმარს ეხმარებოდა ისე, რომ ანდრომ არც კი იცოდა. ცოლი მუდმივად ათვალიერებდა თავისი ქმრის საქაღალდეებს ლეპტოპში და თუ რამე არ მოეწონებოდა, ანდროს არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ ურეკავდა ქალბატონ ოლიკოს: იმ კომპანიის მფლობელს, რომელშიც ანდრო მუშაობდა. ქალბატონი ოლიკო ოფიციალურად აღარ მუშაობდა კომპანიაში, თუმცა კვლავაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა კომპანიის საქმიანობაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ოფიციალურად და პრაქტიკულადაც კომპანიას ქალბატონი ოლიკოს ვაჟი – მიშა ხელძღვანელობდა .
ალბათ, გაგიკვირდებათ, რატომ ურეკავდა ცოლი ქმრის შეცდომების გასაზიარებლად იმ კომპანიის მფლობელს, რომელშიც მისი ქმარი მუშაობდა, მაგრამ ამ ისტორიის ფესვები ძალიან შორიდან მოდიოდა.
ქალბატონმა ოლიკომ დიდი ხნის წინ ვერიკოს თავისი დიდი საიდუმლო გაანდო და ვერიკოს არ შეეძლო, მისთვის ანგარიში არ გაეწია. ამიტომ ვერიკო ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც მაშინ მან და ქალბატონმა ოლიკომ მოილაპარაკეს და ანდროს ერთხელაც კი არ შეუმჩნევია, რომ შეცდომებს უშვებდა და მაინც წინაურდებოდა. ყველა მისი შეცდომა დროულად და მისგან შეუმჩნევლად სწორდებოდა.
ამ მხრივ, ვერიკოს საქმე შესაშურად ჰქონდა აწყობილი, მაგრამ გული მაინც ეთანაღრებოდა, იმიტომ რომ ანდრო სულ უფრო და უფრო ცოტა ყურადღებას უთმობდა ცოლს, თითქოს ვერც ხედავდა, სადღაც სივრცეში იყურებოდა, ხეირიანად არც კი ელაპარაკებოდა. მაგრამ ვერიკო თავს იიმედებდა, რომ ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდებოდა.
ვერიკო ქმრის წინ დატრიალდა:
– ამოიღე ხმა, ხომ ლამაზია? ხომ მიხდება? – თავს აწონებდა ქმარს.
მაგრამ ანდროს უცებ სახე მოეღუშა:
– კარგი, რა?! რა გაცვია?! რომელი საქმიანი ქალი შენ მყავხარ, რომ გამოჯგიმულხარ საქმიან კოსტუმში?! ვერ ხვდები, რომ არ გიხდება?! წავიდა შენი დრო, ასაკი გაქვს უკვე. მე თუ არ გეტყვი, ვინ გეტყვის?! მაინც პროვინციელად დარჩი, არ გეწყინოს.
ვერიკომ წყენა გადაყლაპა, თავს სძლია და ქმარს უთხრა:
– იმ კვირაში ხომ კორპორატიული წვეულება გაქვთ?! მინდა, რომ წამოვიდე და ლამაზად გამოვიყურებოდე. ქალბატონი ოლიკოც იქნება და რამე რომ იყოს, ისიც იმ პროვინციაშია დაბადებული, შენ რომ იწუნებ.
ვერიკომ სრული სიმართლე თქვა: მისი ქმრის ამჟამინდელი ბოსის დედამ ყველაფერი ნულიდან დაიწყო და რაღაცნაირად მოახერხა, რომ იმ დროს, როდესაც კერძო საქმიანობა იკრძალებოდა, თავისი საქმე წამოიწყო. შემდეგ, როგორც ამბობდნენ, მომგებიანადაც გათხოვდა და თავის ნიჭს კიდევ უფრო ფართო გზა მისცა. ოლიკოს ქმარი მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ცოლს ყოველთვის უწყობდა ხელს და აგულიანებდა.
ვერიკოს დედა და ოლიკო ბავშვობის მეგობრები იყვნენ და როგორც კი ოლიკომ თავისი საქმეც ააწყო და პირად ცხოვრებაშიც გაუმართლა, ბავშვობის მეგობარიც თბილისში ჩამოიყვანა და მისი ქალიშვილიც. ოლიკოს დაკვირვებულმა თვალმა მაშინვე შეამჩნია ვერიკოს მიდრეკილება ფინანსებისადმი და უნდა ითქვას, რომ დიდი გავლენაც მოახდინა, რომ გოგონას სწორედ ეკონომიკური განათლება მიეღო.
– ასეთი ალღოს დაკარგვა არ იქნება, – დარწმუნებით ამბობდა ოლიკო, – ამ ნიჭით იბადებიან, ეს არ ისწავლება. თავის თავსაც გამოადგება და სხვებსაც. დამიჯერე, ლილი, – ეუბნებოდა მეგობარს, რომელიც ოლიკოს ისედაც თვალდახუჭული ენდობოდა.
– გიჯერებ, ხომ იცი, რომ გიჯერებ, – ეთანხმებიდა ლილი ღიმილით.
სხვათა შორის, ქალბატონ ოლიკოს იმედი ჰქონდა, რომ მისი ვაჟი ვერიკოზე იქორწინებდა, მით უმეტეს, რომ არც ახალგაზრდები იყვნენ გულგრილები ერთმანეთის მიმართ. მიშა ლამაზად ევლებოდა თავზე ვერიკოს, ვერიკოც იფერებდა და ოლიკო უკვე მომავალ ქორწილსა და შვილიშვილებზე ფიქრობდა.
მაგრამ ცხოვრებას სხვა გეგმები ჰქონდა. მიშა მეგობრებთან ერთად უცხოეთში გაემგზავრა ერთი კვირით დასასვენებლად. იქ გოგონა გაიცნო. მათ შორის საკურორტოს მსგავსი რომანიც გაიბა და ისე მოხდა, რომ გოგონა მყისიერად დაფეხმძიმდა. ქალბატონი ოლიკოს ოცნება ოცნებად დარჩა. სხვა რა გზა იყო, შეეგუა ბედს. არც შვილის ცხოვრებაში ჩაერია და ვერიკოს მხარდაჭერა და მეურვეობაც გააგრძელა და ვერიკოს დედასთან მეგობრობაც.
ვერიკოს გული დასწყდა, მაგრამ არ შეიმჩნია, ვინაიდან თავი დაირწმუნა, რომ ის და მიშა მხოლოდ მეგობრები იყვნენ და მართლაც, მეგობრები იყვნენ. ლამის ერთ სახლში ცხოვრობდნენ და დაბადებიდან იცნობდნენ ერთმანეთს. ასე რომ, ვერიკოს თითქოს გაუხარდა კიდეც, რომ მიშა დაქორწინდა და მალე მამა გახდებოდა.
ეს ამბავი რამდენიმე წლით ადრე მოხდა, ვიდრე ვერიკო და ანდრო ერთმანეთს გაიცნობდნენ. ანდრომ ქალბატონი ოლიკოს კომპანიაში დაიწყო მუშაობა და ერთ დღესაც შემთხვევით გადააწყდნენ ერთმანეთს.
ანდრო ძალიან ცნობისმოყვარე ახალგაზრდა იყო, ამიტომ, არც აცია, არც აცხელა და როგორც კი ვერიკო დაინახა, რომელმაც რაღაც საბუთები მიუტანა, ჰკითხა:
– მართალია, რომ კომპანიის დირექტორი ქმარმა გამოუშვა აქ სამართავად, რომ სახლში მისთვის ტვინი არ შეეჭამა?! – ვერიკოს გაუკვირდა ასეთი შეკითხვა, მაგრამ ანდრომ ვერიკო თანაშემწედ აღიქვა, რაკი ოთახში საბუთები შეუტანა.
ვერიკომ თავი არ გასცა, რომ ქალბატონი ოლიკოს ლამის ოჯახის წევრი იყო, მაგრამ არც ჭორაობის სურვილი ჰქონდა.
– როგორ გეკადრებათ?! ეს ჭორებია, ჩვენი დირექტორის ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მანამდე ერთად მართავდნენ, ახლა მხოლოდ ქალბატონი ოლიკო დადის სამხსახურში. ქალბატონი ოლიკოს დამსახურებაა, რომ კომპანია ფეხზე დგას და ვითარდება, – უპასუხა ცნობისმოყვარე ახალ თანამშრომელს ვერიკომ.
– წარმოუდგენელია, ქალმა შეძლოს ამხელა კომპანიის მართვა. არ არის ეს ქალის საქმე, – დაბეჯითებით წარმოთქვა ანდრომ, – ქალი დაბადებულია ოჯახისთვის.
– შეიძლება, ასეცაა, – არ შეწინააღმდგებია ოლიკო, – დარწმუნებული ვარ, ქალბატონ ოლიკოსაც სახლში ერჩივნა, მაგრამ სხვა გზა, უბრალოდ, არ იყო. თქვენ რატომ ხართ ქალებზე ასე გაბრაზებული?
ვერიკომ შეათვალიერა ანდრო: მაღალი, სიმპათიური, კარგი აღნაგობის და ასეთი ბოღმით სავსე ქალებისადმი, რა უცნაურია, – გაიფიქრა თავისთვის.
– რას ბრძანებთ?! არ ვარ გაბრაზებული, უბრალოდ, ჩემი ცოლი სახლში იჯდება.
„რამხელა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, საწყალი ამის ცოლი“, – გაიფიქრა გაკვირვებულმა ვერიკომ და მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, თავად სწორედ ანდროს ცოლი გახდებოდა და მასთან ერთად 20 წელზე მეტ ხანს იცხოვრებდა, სიცილს დააყრიდა, მაგრამ, მეორე დღეს ანდრომ დაურეკა.
– ვინ მოგცათ ჩემი ნომერი? – გაუკვირდა ვერიკოს.
– არ გეტყვით, მაგრამ აუცილებლად უნდა დამერეკა, იმიტომ რომ გუშინ ვიხუმრე, თქვენ კი შეიძლება, სიმართლე გგონებოდათ და აგეთვალწუნებინეთ, მე კი ამას ვერ გადავიტანდი. გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ და უფლება მომცეთ, გამოვასწორო შეცდომა, ყავაზე დაგპატიჟოთ.
ვერიკომ გაიფიქრა: ეტყობა, არც ისე ცუდი ადამიანია, რომ ბოდიში მოიხადა, ხმამაღლა კი უთხრა:
– ყავის დალევაში ცუდი არაფერია, დავლიოთ.
მათი ურთიერთობა თანდათანობით გაღრმავდა და ვერიკომ ვერც კი შეამჩნია, როგორ შეუყვარდა ანდრო. არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ახერხებენ დაკეტილ კარში შესვლას და რჩებიან შენს გარემოში, არადა ამის ნიშნები მათი ურთიერთობის დასაწყისს არც კი ეტყობოდა.
ანდრო ვერიკოს მამას ჰგავდა: გარეგნულადაც და ქცევითაც. შეიძლება, ამანაც შეასრულა თავისი როლი. სხვათა შორის, ვერიკოს მამა გოგონას არასდროს აქცევდა ყურადღებას. მისი მშობლები ძალიან დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ვერიკოს მამამ ცოლი მოიყვანა და ქალიშვილიც შეეძინა, რომელსაც, ასევე, ვერიკო დაარქვა და მის ცოლსაც ლილი ერქვა, ანუ ვერიკოს დედის სახელი. ვერიკოს დედას არასდროს ულაპარაკია შვილთან ამ თემაზე და ვერც ვერაფრით შეამჩნევდა ადამიანი, რომ ნაღვლობდა, ოჯახი რომ დაენგრა, მაგრამ ვერიკოს მაინც სწყინდა, რომ მამამისს არ აინტერესებდა უფროსი ქალიშვილის ბედი. ვერიკოს იმედი ჰქონდა, რომ მამამისი თავის მეორე ცოლსა და ქალიშვილსაც მიატოვებდა, მაგრამ ეს ადრე იყო, როდესაც ვერიკომ არ იცოდა, რომ შენი ცხოვრებით უნდა იცხოვრო და არ მიჰყვე ძველ წყენებს. უნდა იცხოვრო მათთვის და მათთან, ვისაც შენ უყვარხარ და ვინც შენ გიყვარს.
– მესმის, რომ განიცდი, მაგრამ უნდა გაუშვა ეს წყენა, – ეუბნებოდა დედა ვერიკოს; შეიძლება, თავის მეორე ცოლს არ გაეყაროს, მაგრამ ეს შენ არ უნდა გაღელვებდეს.
– ესე იგი, ყველას ყველაფერი უნდა აპატიო? – არ ეთანხმებოდა ვერიკო.
– შენთვის უნდა აპატიო, თორემ შეიძლება, სხვა არც ფიქრობდეს, რომ შენ მისთვის რამე გაქვს საპატიებელი და გამოდის, რომ შენ იბოღმები, მას კი საერთოდ არ აღელვებს ეს ამბავი, – იცინოდა ვერიკოს დედა.
ვერიკო დედამისს უსმენდა, მაგრამ ვერ ეთანხმებოდა. ვერიკო ელოდებოდა, როდის მიატოვებდა მამამისი მეორე ოჯახსაც, მაგრამ ასე არ მოხდა, მოხდა პირიქით: მამამისი მეორე ცოლმა მიატოვა და სხვას გაჰყვა ცოლად. ქალიშვილი მამამისთან დარჩა, მან გაზარდა და ყველანაირად ეხმარებოდა, ვერიკო კი არც მაშინ და არც მერე არასდროს გახსენებია.
– მართლაც, რა ჩავიხვიე?! – გაუბრაზდა ერთ დღესაც ვერიკო საკუთარ თავს: რას ვიწამლავ თავს?! არ ვუნდივარ და ნუ ვუნდივარ. არც მე მინდა მისი შვილობა და მისი შვილის დობა.
***
– მე არ ვაპირებ შენს წაყვანას კორპორაციულ წვეულებაზე, – ვერიკო მოგონებებიდან ანდრომ გამოაფხიზლა, – სახლს მიხედე. 40–ს გადააბიჯე უკვე და იქ არაფერი გესაქმება.
სანამ ვერიკომ რამის თქმა მოასწრო, ანდრო სახლიდან გავიდა. ვერიკომ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი თავის გამოსახულებას სარკეში და ამოიოხრა.
ერთად თანაცხოვრების განმავლობაში მათი ოჯახი ორჯერ იდგა დაშლის პირას. პირველად შვილები ლამის მუხლებზე დამდგარი ეხვეწებოდნენ დედას, არ გაეგდო მამა სახლიდან. იმიტომ რომ, თუმცა ანდრო უვარგისი ქმარი გამოდგა, ძალიან კარგი მამა იყო.
მეორედ ანდრო თვითონ წავიდა, ბავშვები უკვე მოზრდილები იყვნენ, მაგრამ მაშინ ანდრო მალევე დაბრუნდა და ახლა ის ემუდარებოდა ვერიკოს, შერიგებოდა. მას შემდეგ იმდენად კარგად იქცეოდა ანდრო, ვერიკოს ლამის მეორე ახალგაზრდობა აგრძნობინა. ვერიკომაც აპატია და დაიბრუნა.
– ახლა ისევ თავიდან დაიწყო, – ისევ ამოიოხრა ვერიკომ, – ისევ ზემოდან მიყურებს და ადამიანად არ მაგდებს. არსად აღარ დავყავარ. დასასვენებლადაც კი მარტო წავიდა. – ვერიკოს ლამის ცრემლები მოადგა თვალებზე და ამ დროს მისმა ტელეფონმაც დარეკა.
– ჩემო ლამაზო, როგორ ხარ? – ქალბატონი ოლიკო რეკავდა, – დედაშენი როგორ არის?
– ის და სერგი მთელი დღეები ბაღს უვლიან, – გაეღიმა ვერიკოს. დედამისი მეორედ გათხოვდა და საკმაოდ კარგ ადამიანსაც გაჰყვა ცოლად. ისინი სოფელ დიღომში ცხოვრობდნენ და თავიანთი პატარა მეურნეობაც მოაწყვეს.
– მშვენიერია. შენი ამბავი მომიყევი, – ქალბატონმა ოლიკომ იცოდა, რომ ვერიკოს მთლად იდეალური ურთიერთობაც არ ჰქონდა ქმართან, მაგრამ მაინც დაასწრო:
– მანამდე მე მოგიყვები, წარმოგიდგენია, ჩემი მიშიკოც გაეყარა თავის მტაცებელ ცოლს, უფრო ზუსტად, რძალი წავიდა და ახლა დავობს, ქონებაც უნდა და კომპანიის წილიც. არადა ჩვენ ბავშვს არაფერს მოვაკლებთ, მაგრამ ის და მისი მეგობარი მამაკაცი რატომ უნდა ვარჩინოთ, ვერ ვხვდები, – ქალბატონმა ოლიკომ გაიცინა.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან