რომანი და დეტექტივი

და

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 06.05, 2023 წელი

და
დაკოპირებულია

ლევანმა თვალი გაახილა და გარემო ეუცხოვა. ნელ-ნელა, დიდი გაჭირვებით მიმოიხედა და გვერდით საწოლზე მთვლემარე, თეთრხალათიან გოგონას მოჰკრა თვალი. ლევანმა საწოლიდან წამოდგომა სცადა და წამოიწია. გოგონას გაეღვიძა. სწრაფად ადგა. ლევანთან მიიჭრა. წამოდგომა არ დაანება და ნაზად უთხრა:

– იწექით, ლევან. თქვენთვის ჯერ არ შეიძლება განძრევა.

– სად ვარ? – იკითხა მწოლიარემ.

– საავადმყოფოში. იწექით და ეცადეთ, არ დაიძაბოთ. სიმშვიდე გჭირდებათ, – თქვა გოგონამ და კედელზე მიმაგრებული სპიკერის ღილაკს თითი დააჭირა.

– ბატონო ზურაბ, გაიღვიძა.

– მოვდივარ! – გაისმა პასუხი და რამდენიმე წამში პალატაში თეთრხალათიანი, შუა ხნის, სიმპათიური მამაკაცი შევიდა. კარი ნელა მიხურა, მწოლიარე პაციენტს ყურადღებით შეავლო თვალი და გოგონას უთხრა:

– ნუთუ აზრზე მოვიდა?

– მე მგონი, კი, ბატონო ზურაბ. იკითხა, სად ვარო.

– დაილაპარაკა კიდეც? – თვალები გაუფართოვდა ექიმს.

გოგონას პასუხის გაცემა უნდოდა, მაგრამ მას პაციენტმა დაასწრო და თქვა:

– მუნჯი კი არ ვარ, ბატონო ზურაბ.

– მუნჯი... ბატონო ზურაბო? – სიხარულით გაიმეორა ლევანის სიტყვები ექიმმა და გოგონას უთხრა:

– ხედავ, ელენიკო, რა ხდება? რა და სასწაული!

– რა სასწაული, ბატონო ზურაბ? – იკითხა პაციენტმა.

ექიმს სახე უფრო გაებადრა და პაციენტს უთხრა:

– ის სასწაული, ჩემო ლევან, რომ ქუდბედით ყოფილხარ დაბადებული. შენი ტრავმით ასეთ მოკლე დროში რომ ასე ხარ, ნამდვილი სასწაულია. რადგან ენაც ამოიდგი და გააზრების უნარიც დაგიბრუნდა, ასე შევთანხმდეთ – რასაც გეტყვით მე და ელენე, ისე მოიქეცი და პირობას გაძლევ, რომ მაქსიმუმ, სამ თვეში აქედან საღ-სალამათს გაგიშვებ. შევთანხმდით?

– დიახ. შევთანხმდით, – მიუგო ლევანმა და იკითხა.

– მაინც რა შემემთხვა?

– აბა, ჩემო კარგო, შენ თვითონ ეცადე გაიხსენო, თუ რა შეგემთხვა. ოდნავ დაძაბე გონება, მაგრამ თუ თავი აგტკივდება, ფიქრი შეწყვიტე, – მიუგო ზურაბმა ლევანს და გამომცდელი მზერა მიაპყრო.

ექიმი პაციენტს ერთგვარ ტესტირებას უტარებდა იმის დასადგენად, თუ რა ხარისხით გაუუმჯობესდა პაციენტს მეხსიერება უმძიმესი ტრავმის შემდეგ.

ლევანმა თვალები დახუჭა და მცირე პაუზის შემდეგ თქვა:

– ლიანდაგი თუ ლიანდაგის მაგვარი რაღაც მახსოვს. თითქოს სადღაც გავფრინდი. მერე თავის საშინელი ტკივილი ვიგრძენი.

– კარგი, ჩემო კარგო. ყველაფერი გასაგებია. აღარ დაძაბო გონება. დიდი პროგრესის გზაზე დგახარ, – თქვა ექიმმა.

– ბატონო ზურაბ, იქნებ თქვენ მითხრათ, რა შემემთხვა? – ჰკითხა ლევანმა.

– ლევან, ჩემო კარგო, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ყველაფერს დაგვიჯერებ? ამიტომ გეუბნები, რომ დროებით შეწყვიტე ამაზე ფიქრი და ნუღა დაძაბავ გონებას. თავი ხომ არ გტკივა?

– არა, ბატონო ზურაბ, არ მტკივა, – მიუგო პაციენტმა ექიმს.

– კარგი, ჩემო კარგო. ახლა ელენეს საპროცედურო პრეპარატებს გამოვიტან და შემდეგ დაიძინე, – უთხრა ზურაბმა ლევანს, თან ელენეს ანიშნა – წამომყევიო.

გარეთ რომ გავიდნენ, ექიმმა გოგონას უთხრა:

– ნელ-ნელა უნდა აღიდგინოს ყველაფერი, თორემ სისწრაფემ და დაძაბვამ შეიძლება, უკურეაქცია გამოიწვიოს მასში და მდგომარეობა გაუუარესდეს. ასეთი მომენტისთვის კი ასი პროცენტით უნდა ვიყოთ მზად. მასაჟს რომ ჩაუტარებ, დასაძინებელი მიეცი. ძილი და დასვენება მისთვის ახლა ყველაზე უებარი წამალია. მართლაც რომ, რკინის ჯანმრთელობა ჰქონია ამ ბიჭს, ძალიან მალე მოვიდა აზრზე. თუმცა, კრიზისს ჯერ არ გაუვლია და წეღან რომ გითხარი, გართულებაა მოსალოდნელი და ყურადღებით უნდა ვიყოთ.

27 წლის ზურაბ გოკიელი სპეცდანიშნულების რაზმის კონტრაქტორი იყო. ხუთწლიანი სამსახურის შემდეგ გარკვეული თანხა დააგროვა. კონტრაქტი აღარ განუახლებია და უმცროს დასთან ერთად პატარა სასურსათო მაღაზია გახსნა. იმ საბედისწერო დღეს ლევანი და მისი სამი მეგობარი რაიონში მიემგზავრებოდნენ მისიიდან დაბრუნებული ძმაკაცის მოსანახულებლად. ერთ-ერთ სარკინიგზო გადასარბენზე მძღოლმა ყოველგვარი წესების დარღვევით სცადა მატარებლისთვის გადაესწრო. ბიჭმა მანქანა მთელი სისწრაფით გააქანა, მაგრამ მოულოდნელად ძრავა გაითიშა და ავტომობილი შუა რელსებზე გაიჩხირა. დიდი სისწრაფით მქროლავი მატარებელი მანქანას დაეჯახა. ლევანი წინ იჯდა და დაჯახებამ ის სალონიდან გამოაფრინა. დანარჩენი სამი კი ადგილზევე დაიღუპა. ლევანმა ათიოდე მეტრი იფრინა. ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ მომაკვდავ ლევანს ადგილობრივმა ექიმებმა ხელი არ მოჰკიდეს და მის უმცროს დას – ნუნუკას ერთხმად განუცხადეს, ტრეპანაციას აზრი არ აქვს და საოპერაციო მაგიდაზე მოკვდებაო.

22 წლის ნუნუკა გოკიელი, უზადო გარეგნობის გოგონა, საკმაოდ მტკიცე ხასიათის ადამიანი იყო. სხვა მის ადგილზე წივილ-კივილსა და მოთქმას მოჰყვებოდა. გოგონამ კი ერთ-ერთი ნეიროქირურგი გვერდზე გაიხმო და უთხრა:

– გასაგებია, რომ აქ ჩემი ძმის გადარჩენის საშუალება არაა, მაგრამ იქნებ ის მაინც მითხრათ, სად შეიძლება, რომ მას უშველონ?

– შვილო, სასწაული უნდა მოხდეს, რომ შენს ძმას ეშველოს. პირველ რიგში, მან ეს პოსტტრავმული შოკი უნდა გადაიტანოს, რომელშიც ახლაა და თუკი უახლოეს 3-4 დღეში არ გარდაიცვლება, მხოლოდ ამის მერე შეიძლება, სასწრაფო ოპერაციაზე ლაპარაკი, მაგრამ აქ – არა.

– აბა, სად, ექიმო?

– გერმანიაში თუ მოჰკიდებენ შენს ძმას ხელს. ხოლო თუკი სასწაული მოხდა და გადარჩა, ის სამუდამო ინვალიდად დარჩება. საწოლზე იქნება მიჯაჭვული. თანაც ისიც გაითვალისწინე, რომ მისი ტრანსპორტირება არ შეიძლება. მცირე რყევა და – გარდაიცვლება. ერთი სიტყვით, შანსი არ აქვს.

– მე მაინც უნდა ვცადო, ექიმო. მითხარით, სად უნდა წავიყვანო, გერმანიის რომელ კლინიკაში?

გამოცდილი ექიმი უაღრესად გაოცებული იყო ამ პატარა გოგონას სიმტკიცით. ნუნუკა თავის კაბინეტში შეიპატიჟა და „გუგლის“ მეშვეობით ანახვა ერთ-ერთი ცნობილი ნეიროქირურგიის კლინიკის ვებგვერდი. ოპერაციის საფასური 100 ათასი ევრო იყო.

– კარგი. გასაგებია. მე ახლა წავალ ფულისთვის. თუ კრიზისს გადაიტანს, მაშინ, გთხოვთ, რომ გერმანიაში გადასაყვანად საჭირო ყველა საბუთი გაამზადოთ.

– კარგი, შვილო. მასე იყოს, – თქვა ექიმმა.

უიმედობით შეპყრობილი ექიმი ზურაბ ჭანტურია იყო. სწორედ ის ზურაბი, რომელიც შემდგომ ლევანს ადგა თავზე და პაციენტს ელენესთან ერთად მკურნალობდა.

ნუნუკა გოკიელის ძალისხმევა წარმატებით დასრულდა და პირველ რიგში, ბედისწერამ გაამართლა. ლევან გოკიელმა ოთხი დღის კრიზისი დაძლია და ექიმები გაოცებული იყვნენ ამით. ზურაბმა მაშინვე ახარა:

– პირველი ნაბიჯი წარმატებით გადაიდგა, შვილო. არავის გვეგონა, მაგრამ შენმა ძმამ შოკი დაძლია.

– ფულიც არის, ექიმო! – თქვა ნუნუკამ.

– ჰოდა, საბუთებიც უკვე წესრიგშია, შვილო და მშვიდობიან გზას გისურვებთ, – თქვა ექიმმა და რამდენიმე საათში ლევან გოკიელი სწრაფმავალ კერძო თვითმფრინავში საიმედოდ იყო მოთავსებული და კიდევ 5 საათის შემდეგ ის უკვე საოპერაციო მაგიდაზე იწვა და მსოფლიო ნეიროქირურგიის კორიფე მას ტრეპანაციას უკეთებდა.

***

ლევანი და ნუნუ გოკიელები უმამოდ იზრდებოდნენ. დედა საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ. მაშინ ლევანი 15 წლის, ნუნუკა კი 10 წლის იყო. ნუნუკაზე ლევანმა ითავა ზრუნვა და თავის ტანწერწეტა, პირმშვენიერ დას მამასავით პატრონობდა. გოგონა კი უზრუნველად იზრდებოდა, დღითი დღე მშვენდებოდა და მასზე უამრავ ბიჭს ეჭირა თვალი. თუმცა, ლევანის შიშით გოგონასთან მიახლოებას ვერავინ ბედავდა და მას შორიდან ეტრფოდნენ. ერთადერთი გერმანე იყო, ვინც გაბედა და 14 წლის ნუნუკას „ბოიფრენდობა“ შესთავაზა. 18 წლის გერმანე გერმაზაშვილი პარლამენტარის დედისერთა ვაჟი იყო და ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა – ქალამნად. ის ერთ დღეს ნუნუკას სახლის სადარბაზოსთან დახვდა და უთხრა:

– ნუნუკა, შენ გენაცვალე, რა ლამაზი ხარ, გოგო...

ამ ამბის შესახებ ნუნუკას არაფერი უთქვამს ძმისთვის, რადგან გერმაზაშვილი სრულ არარაობად მიაჩნდა და უფროსი ძმის ჩარევა ამ ამბავში სასაცილოდ მიაჩნდა. თუმცა, გერმანე მოსვენებას არ აძლევდა გოგოს და ხან სად ჩაუსაფრდებოდა, ხან სად და გასეირნებას სთხოვდა.

ლევანმა გერმაზაშვილი ერთ დღეს მისსავე სახლთან მოიხელთა. ყელში ხელი წაუჭირა და კბილებში გამოსცრა:

– ბიჭო! ჩემს დას რომ სათოფეზე გაეკარო, მაგ დამპალ ყვერებს მოგაგლეჯ, შეგაჭმევ და ვერც შენი პარლამენტარი მამა გიშველის და ვერც ნაოხრალი მაყუთი.

ის დღე იყო და გერმაზაშვილი საერთოდ არ გამოჩენილა ჰორიზონტზე.

ამასობაში რამდენიმე წელიწადი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნუნუკაც მუშაობდა და ლევანიც, და-ძმას შემოსავალი არ ჰყოფნიდათ, ამიტომ ლევანმა სამხედრო კონტრაქტს მოაწერა ხელი და პირველ ცხრათვიან მისიაში გაემგზავრა.

ლევანმა რამდენიმე მისია მოიარა და ბოლო მისიის წინ დას უთხრა:

– უკვე კონტრაქტი მიმთავრდება. რომ ჩამოვალ, აღარ გავაგრძელებ ცოტა ფული დავაგროვე და ჩვენი პატარა ბიზნესი დავიწყოთო.

როდესაც ლევანის დაბრუნებამდე ოთხი თვე იყო დარჩენილი, ნუნუკამ ერთ-ერთ ფირმაში პიარ-მენეჯერად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე დღის შემდეგ კორპორატიული ფართი გაიმართა და იქ ნუნუკაც იმყოფებოდა. ივენთი ფირმის უზარმაზარი ოფისის დარბაზში მიმდინარეობდა. შუაღამე სრულდებოდა. გოგონა უკვე სახლში დასაბრუნებლად ემზადებოდა, როდესაც განყოფილების უფროსმა მას უთხრა:

– ნუნუკა, უფროსი გიბარებს, შენი გაცნობა უნდა.

– ვინ უფროსი? – იკითხა გოგონამ.

– არ ვიცი, ჩემო კარგო. მეც ერთხელ მყავს ნანახი. მეორე სართულზე რომ ახვალ, ხელმარცხნივ, მესამე კარია.

ნუნუკა მითითებული ადგილისკენ გაემართა და კარზე რომ დააკაკუნა, მოესმა:

– ღიაა, შემოდი!

გოგონამ კარი გააღო. ზღურბლს გადააბიჯა და გაჩერდა. უზარმაზარი კაბინეტის უზარმაზარ მაგიდასთან გერმანე გერმაზაშვილი იჯდა.

– შემოდი! რას უდგახარ – თქვა გერმანემ.

– რა გნებავთ?

– მე ამ ორგანიზაციის მსხვილი მეწილე ვარ და თანამშრომლებს ვეცნობი. შემოდი! დაჯექი, დავილაპარაკოთ.

– ყველაფერი ნათელია, რაზე უნდა გელაპარაკო.

– თუნდაც ხელფასზე. რაც გაქვს, იმაზე სამჯერ მეტს გადაგიხდი, – უთხრა გერმანემ.

– ფული კიკუს შესთავაზე, აქ საკმაოდ არიან მასეთები!

ნუნუკა გოკიელი ღირსეული ნაბიჯებით გავიდა კაბინეტიდან და ოფისში აღარ გამოჩენილა. მეორე დღეს კი ერთ-ერთ სუპერმარკეტში კონსულტანტად მოეწყო და მიზერული ხელფასისთვის წელში წყდებოდა. მართალია, ძალიან იღლებოდა, მაგრამ იქ მიღებული გამოცდილება და კავშირები შემდგომში გამოადგა. როდესაც ლევანი დაბრუნდა და და-ძმამ თავისი პატარა ბიზნესი წამოიწყეს. და-ძმამ ძალიან მოკლე დროში მიაღწიეს ისეთ წარმატებას, რასაც სხვები წლებს ანდომებდნენ. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ცხოვრებაში, წარმატებას წარუმატებლობაც მოსდევს. ლევანის უბედურებამ ერთბაშად დაანგრია და რომ არა ნუნუკას სიმტკიცე ყველაფერს წყალი წაიღებდა.

***

გერმანიაში გაკეთებულმა ოპერაციამ და რეაბილიტაციის პირველმა ორთვიანმა პროცესმა დადებითი დინამიკით ჩაიარა. მართალია, ლევანი ჯერ კიდევ მძიმედ იყო, მაგრამ გერმანელმა ექიმებმა მას თბილისში გადაყვანის ნებართვა მისცეს და მკურნალობის მეორე ეტაპი იქ გაგრძელდა. სანამ ლევანი გერმანიის კლინიკაში იწვა, ნუნუკაც ძმის გვერდით იმყოფებოდა. თბილისში რომ დაბრუნდნენ, გოგონამ ძმის მომვლელად ელენე დაიქირავა, თანაც ფული წინასწარ გადაუხადა. ძმის ანგარიშზე საკმარისი თანხა დადო გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, თავად კი მოულოდნელად გაუჩინარდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი