ჭკუის სასწავლებელი
ავტორი: ნია დვალი 20:00 19.09

დილა თითქოს ჩვეულებრივად დაიწყო, უფრო ზუსტად, არაჩვეულებრივი განწყობით გამომეღვიძა: დღეს ხომ ლადოს იუბილე იყო?! ამიტომ შვიდ საათზე თვალები თავისით გამეხილა და გონებაში მაშინვე ჩამოვარაკრაკე დღის გეგმა:
– ათ საათზე სალონში ვიყავი ჩაწერილი, რათა თმის უზადო ვარცხნილობა მქონოდა; პირველზე – შილაქზე უნდა გადავმჯდარიყავი; სამზე – ტორტის წამოსაღებად უნდა გამევლო და რესტორანში მიმეტანა, თან, უნდა შემემოწმებინა, ყველაფერი მზად ჰქონდათ თუ არა და ამასობაში პირველი სტუმრებიც წამომეწეოდნენ.
ლადოს ჯერ კიდევ ეძინა. დიაგონალურად იწვა ჩვენს დიდ ლოგინზე. გამეცინა: 45 წლის ხდება და მოზარდივით სძინავს. ყავის აპარატი ჩავრთე, ყავა მოვიმზადე და გავიზმორე. მოულოდნელად ჩემმა ტელეფონმაც დარეკა. გამიკვირდა, ვინ უნდა ყოფილიყო ასე ადრე?! აპარატს დავხედე: ჩემი დედამთილი რეკავდა.
ქალბატონი ელიკო საკმაოდ კარგად აღზრდილი ქალი იყო და მისგან დილაადრიანად დარეკვა გამიკვირდა.
– ლიკა, დილა მშვიდობის, – საეჭვოდ დამტკბარი ხმა ჰქონდა, – ხომ არ გაგაღვიძე?!
– არა, არა, უკვე ავდექი. ვემზადები დღესასწაულისთვის.
– სწორედ ამის შესახებ მინდოდა საუბარი. თუ შეიძლება, ასე ითქვას, დელიკატური თხოვნა მაქვს შენთან.
დავიძაბე, როდესაც დედამთილი ასეთ სიტყვებს გეუბნება, ეს კარგს არაფერს უნდა მოასწავებდეს. ლადოსთან 15-წლიანი ქორწინების განმავლობაში ეს ჭეშმარიტება კარგად დავისწავლე.
– გისმენთ.
– დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ლადოსთვის, ერთგვარად მრგვალი თარიღია, სტუმრები მოვლენ და მთელი ყურადღება მისკენ უნდა იყოს მიმართული…
ელიკო გაჩუმდა, მეც ხმა არ ამომიღია.
– ვიფიქრე… ხომ არ შეგეძლო დღეს, ნუ, როგორ ვთქვა… განსაკუთრებულად არ გაბრწყინებულიყავი? მიგეცა ჩემი შვილისთვის საშუალება, ყოფილიყო დღის მთავარი გმირი?
ნერწყვი გადამცდა და ხველება ამიტყდა. სული რომ მოვითქვი, დავაზუსტე:
– რას ნიშნავს, „არ გაბრწყინებულიყავი“?!
– ნუ, როგორ აგიხსნა... არ მიიპყრო ზედმეტი ყურადღება. შენ ხომ ასეთი ეფექტური და აქტიური ხარ, ყველა მაშინვე გაქცევს ყურადღებას. დღეს კი ნება მიეცი, რომ ყველა მხოლოდ იუბილარის გარშემო ტრიალებდეს.
„რას მთავაზობს, რომ არ მივიდე?“ – გავიფიქრე და გავცეცხლდი, მაგრამ ხმა არ ამომიღია, დედამთილმა, როგორც ჩანს, ჩემი დუმილი თანხმობად მიიღო და უკვე მხიარულად განაგრძო:
– მიხარია, რომ გესმის ჩემი! შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ და იცი, რა მნიშვნელოვანია კაცისთვის, რომ თავი სამყაროს ცენტრად იგრძნოს.
– იქნებ მაინც ამიხსნათ, როგორ არ უნდა გავიბრწყინო?!
– არაფერს განსაკუთრებულს. უბრალოდ, დღეს უფრო მოკრძალებული იყავი. ნუ გამოიჩენ ინიციატივას. სხვებს მიეცი ამის საშუალება.
ბრაზი გადავყლაპე და ამოვთქვი:
– გასაგებია, შევთანხმდით.
– მშვენიერია! საღამომდე, ძვირფასო!
ელიკომ ტელეფონი გათიშა, მე კი ისევ ტელეფონით ხელში ვიდექი და ერთ წერტილს მივშტერებოდი. ბრაზმა ისევ წამომიარა: გამახსენდა, როგორ დავიწყე ამ იუბილესთვის მზადება ერთი თვის წინ. დავრეკე ყველა მეგობართან და ნათესავთან, ვირჩევდი რესტორანს, ვათანხმებდი მენიუს, ვეძებდი ტორტს – ზუსტად ისეთს, როგორიც ლადოს უყვარს, ვარჩევდი მუსიკოსებს, ვადგენდი პროგრამას. ისიც გამახსენდა, გასულ წელს, ელიკოს დაბადების დღეზე როგორ ვშლიდი სუფრას, ვხვდებოდი სტუმრებს, ვადევნებდი თვალყურს, რომ არაფერი მოჰკლებოდათ. ელიკო კი სუფრის თავში იჯდა, თავის ახალ, ბრჭყვიალა კაბაში და მილოცვებს იღებდა, ხოლო, როდესაც მისმა დეიდაშვილმა უთხრა, რა შესანიშნავი სუფრა გაქვსო, ჩემმა დედამთილმა გაიღიმა და უპასუხა: ვცდილობ ძვირფასი სტუმრებისთვისო. ისე მიიწერა ჩემი ნამუშევარი, წარბიც არ შეტოკებია, დღეს კი მირჩია, რომ მე არ უნდა გავიბრწყინო, მისი შვილი რომ არ დაიჩრდილოს. არადა, მისი შვილი ჩემი ქმარია. ფიქრები მიტევდნენ და უფრო და უფრო მაცეცხლებდნენ. არც კი ვიცი, რა დრო გავიდა, იმიტომ რომ თავზე ნამძინარევი ლადო წამომადგა:
– ვის ელაპარაკებოდი ამ დილაადრიან? – ჩაიბუტბუტა.
– დედაშენს.
– რა უნდოდა? – მკითხა, მაგრამ მე უცებ თავში გამიელვა, რომ ამ კაცის გამო 15 წელია, ვიტან დედამისის უადგილო და უსამართლო შენიშვნებს, მას კი ერთხელაც არ უთხოვია დედამისისთვის, თავი დაენებებინა ჩემთვის, მხოლოდ მე მეუბნებოდა: ხომ იცი, რა ტიპია, არ მიაქციო ყურადღება. არადა, ტიპი კი არა, გაფხორილი, უმადური ინდაურია.
– მთხოვა, დღეს არ გაბრწყინდეო. – ვუპასუხე ნაწყენი ხმით.
ლადომ გადაიხარხარა:
– ეს როგორ?!
– აი, ასე. არ უნდა მივიქციო ყურადღება... რომ შენ მოგცე საშუალება, იყო მთავარი გმირი.
– ნუ მიაქცევ ყურადღებას, ასეთი ხასიათი აქვს, ხომ იცი?! – ლადომ თავზე მაკოცა და ყავა დაისხა. სახეზე ეტყობოდა, რომ დედამისის თხოვნამ ძალიან გაამხიარულა.
– ხომ არ იცი, რას გულისხმობდა? – ვკითხე მოულოდნელად.
ჩემმა ქმარმა მხრები აიჩეჩა, ვიგრძენი, რომ ეს თემა აღარ აინტერესებდა, მაგრამ მაინც მიპასუხა:
– ალბათ, იმას, რომ, როგორც ყოველთვის, ყველასთვის არ მიგეთითებინა, რა როგორ უნდა გააკეთონ.
ისევ გავბრაზდი, მაგრამ არ შევიმჩნიე:
– გასაგებია, – ჩავილაპარაკე და სამზარეულოდან გავედი.
საძინებელში შევედი, ტანსაცმლის კარადა გამოვაღე და თვალი შევავლე ჩემს სალათისფერ კაბას, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შევიძინე. ეს ფერი ხაზს უსვამდა ჩემი თვალების ფერს და კიდევ უფრო გამოკვეთდა მუქი თმის ფონზე. ბრაზისგან სხეული მითუხთუხებდა და უცებ გონება გამინათდა.
– ესე იგი, გინდა, რომ არ გავიბრწყინო?! კაი, ბატონო, – ჩავიცინე კმაყოფილებით და კარადა მივხურე. შემდეგ სალონში დავრეკე, გავაუქმე თმის სტილისტიც და შილაქიც. ტორტზე დავრეკე და ვუთხარი, რომ თავად მიეტანათ რესტორანში: „აი, დარდი, თუ გზაში ფორმას დაკარგავს, – გავიფიქრე“.
ორი საათისთვის ლადო უკვე მზად იყო: ახალი კოსტიუმი და პერანგი ეცვა, სუნამოც გვარიანად ეპკურებინა, სუფთად გაპარსული სახე უბრწყინავდა. მე რომ ისევ პირვანდელ მდგომარეობაში დამინახა, შეცბა:
– ჯერ არ ჩაგიცვამს?!
– არა, – ვუპასუხე გულგრილად. მეტსაც გეტყვი, გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა. შენ წადი რესტორანში, ყველაფერი შეამოწმე, შენს გემოზე მოაწყვე და მე ჩემით მოვალ...
ლადომ დაბნეულმა შემომხედა:
– დღეს ჩემი დაბადების დღეა. საქმე ვერ მოიცდის?
– ვერ მოიცდის, თან, შენ უნდა იყო ყურადღების ცენტრში. მიდი, არ დაგაგვიანდეს. ტორტსაც უნდა დახვდე. აბა, შენ იცი, შენი იმედი მაქვს! მეც მალე მოვალ, ასე ხუთისკენ, – ლადო თითქმის ძალით გავაგდე სახლიდან და მეტად კმაყოფილმა გადავკეტე კარი. გამარჯვებული სახით შევბრუნდი საძინებელში. თმა გავიშალე და შეძლებისდაგვარად ავიჩეჩე, დაუვარცხნელის იერი რომ ჰქონოდა. კარადიდან სტაფილოსფერი ხალათი გამოვიღე, რომელიც შარშან ლადომ დაბადების დღეზე მაჩუქა, სახლში კომფორტულად ივლიო და ზედა თაროზე ჩემი დისშვილის მიერ ნაჩუქარი პომპონებიანი ჩუსტები გადმოვიღე – პირველად რომ დავინახე, კინაღამ გული შემიწუხდა, მაგრამ დისშვილს არაფერი ვაგრძნობინე და აი, გამომადგა კიდეც.
გამოვეწყვე სტაფილოსფერ ხალათსა და პომპონებიან წითელ ჩუსტებში და გავუყევი გზას...
***
როდესაც რესტორანში შევედი, პირდაპირ ჩვენი მაგიდისკენ გავემართე ამაყად და თავდაჯერებულად. სტუმრები ჯერ არ მოსულიყვნენ, ამიტომ მხოლოდ ოფიციანტები მათვალიერებდნენ მალულად, როგორც ჩანს, ამოწმებდნენ, მართლა ხდებოდა, რასაც ხედავდნენ, თუ ეზმანებოდათ. შესვლაზე უარი ვერ მითხრეს, იმიტომ რომ სახეზე მცნობდნენ. ლადომ რომ დამინახა, ფერმა გადაჰკრა, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო: პირველი სტუმრებიც გამოჩნდნენ, ეს მე ზურგის ტვინით ვიგრძენი და მაშინვე მივტრიალდი: ნოდარი და ეთუნა იყვნენ, ჩვენი მეგობრები. მე ორივე ხელი გავშალე და ღიმილით შევეგებე: მობრძანდით, საყვარლებო. ეთუნას თვალი გაუშტერდა, ნოდარი კი, უბრალოდ, თვალს ვერ მისწორებდა.
– ლიკა, შენ ხარ? – ამოღერღა ბოლოს ეთუნამ.
მე დავტრიალდი: მე ვარ. აბა, მითხარი, მოგწონს ჩემი ახლებური ჩაცმულობა?!
– კარგად ხარ? – თავისას არ იშლიდა ეთუნა.
– მშვენივრად. უბრალოდ, გადავწყვიტე, რომ დღეს არ მებრწყინა.
მათ ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ აღარაფერი უთქვამთ. მალე ჩვენი სხვა მეგობრები და ლადოს თანამშრომლები მოვიდნენ. მისი უფროსიც, ცოლთან ერთად. ყველას რეაქცია, დაახლოებით, ერთნაირი იყო: ჯერ გაოცება გამოესახებოდათ სახეზე, შემდეგ დაბნეულობა და ბოლოს, ცდილობდნენ, გაეგოთ, ეს ხუმრობა იყო, თუ რამე სერიოზული დაგვემართა.
მე კარგად მეჭირა თავი. ვიღიმოდი, ვესალმებოდი, სტუმრებს მაგიდასთან ვეპატიჟებოდი.
ამასობაში ქალბატონი ელიკოც გამოჩნდა მთელი თავისი ბრწყინვალებით. ჩვეულებისამებრ, იგვიანებდა ხოლმე, რომ ყველას დაენახა და ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო. ახალი კაბა ეცვა, სამკაულებიც ბლომად აესხა, ვარცხნილობაც საგულდაგულოდ შეერჩია. ერთი სიტყვით, ანათებდა. დარბაზში შემოვიდა და გარემო შეათვალიერა. უცებ ვერ მიცნო, მაგრამ ჩვენს მაგიდას რომ მოუახლოვდა, სახეზე აალდა და საშინელი გრიმასაც გამოესახა. ეტყობოდა, რომ ბრაზისგან გაწითლდა. სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა.
– ეს როგორ უნდა გავიგოთ? – როდესაც მაკრიტიკებდა, ყოველთვის მრავლობითში მოიხსენიებდა საკუთარ თავს.
– სახელდობრ, რა? – გულუბრყვილოდ ვუთხარი და თვალი თვალში გავუყარე.
– რა გაცვია?
– ხალათი და ჩუსტები. ხალათი იუბილარმა მაჩუქა შარშან, როდესაც მე ვიყავი იუბილარი. ხომ მიხდება? – ქალბატონი ელიკოს წინაც კეკლუცად დავტრიალდი ფეხის წვერებზე.
– ეს ხომ ჩემი შვილის იუბილეა?! რას იფიქრებს ხალხი?!
– და რას იფიქრებენ? – მისივე სიტყვებით დავუბრუნე პასუხი.
– რომ მისი ცოლი... – ჩემს დედამთილს ენა დაება.
– დიახ, მისი ცოლი ასრულებს დედამისის თხოვნებს მორჩილად.
– რა თხოვნებს?! – როგორც იქნა ამოთქვა ჩემმა დედამთილმა.
– ასე მალე დაგავიწყდათ?! დღეს, დილის შვიდ საათზე დამირეკეთ და მითხარით, რომ დღეს მე კი არ უნდა მებრწყინა, არამედ თქვენს ვაჟს. ეს არ გინდოდათ? – დედამთილი გაფითრდა, მე კი გულში ვზეიმობდი.
– მაგრამ მე ეს არ მიგულისხმია...
– აბა, რა იგულისხმეთ? – ისევ გულუბრყვილოდ ვკითხე. მართალია, ჩუმად ვლაპარაკობდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ჩემი ხმა ყველას ესმოდა, იმიტომ რომ მთელ დარბაზში სიჩუმემ დაისადგურა.
– ნუ, მე... მე ვიგულისხმე, რომ... არ ყოფილიყავი მთავარი ამ დღეს...
– აჰა, არ შემესრულებინა ამ დღის დიასახლისის როლი, ხომ?!
ყველა დაიძაბა, მაგრამ მე ვიღიმებოდი და განვაგრძობდი: ამიტომ თქვენ უნდა აიღოთ თქვენს თავზე დიასახლისის როლი. სტუმრები უკვე დასხდნენ, კერძები შეკვეთილია, გაახსენეთ პერსონალს, რა რის შემდეგ უნდა შემოიტანონ, რა მუსიკა უნდა დაუკრან და როდის...
ქალბატონი ელიკო აშკარად დაიბნა.
– მე… როგორ?! მე საიდან უნდა ვიცოდე ეს?
– მე ხომ ამიკრძალეთ?! ესე იგი, იცით.
ლადო მოგვიახლოვდა:
– დედა, ლიკა, გთხოვთ, სტუმრები გვიყურებენ.
გვიყურონ და დარწმუნდნენ, როგორი დამჯერე რძალი ვარ. მე ვასრულებ ჩემი დედამთილის თხოვნას. რა არის არასწორი?!
ლადომ შემომხედა, შემდეგ ჩემს პომპონებიან ჩუსტებს დახედა და გაეცინა:
– როგორ მიყვარხარ! რა გიჟი ხარ! – და მაკოცა.
სტუმრებმა ამოისუნთქეს და ყველას გაეცინა. სუფრა გამხიარულდა. მხოლოდ ქალბატონი ელიკო იდგა დაბნეული.
– დედა, ნახე, როგორი რძალი გყავს?! სთხოვე და შეგისრულა თხოვნა.
– როგორ, შენ ამის მხარეს ხარ? – ვერ მოთოკა თავი ჩემმა დედამთილმა.
– რა გინდა, მშვენიერია, დღეს ლიკა ნამდვილად არ დამჩრდილავს თავისი გარეგნობით. მე ვარ ყველაზე ლამაზი, – ლადო ახარხარდა და მას პირველი მისი უფროსი აჰყვა. სულ ცოტა ხანში მთელი დარბაზი გულიანად ხარხარებდა.
ჩემს ქმარს ვაკოცე და ჯიბიდან მისი საჩუქარიც ამოვიღე:
– დაბადების დღეს გილოცავ. მანქანაში მაქვს სათადარიგო სამოსი, – ჩავუჩურჩულე ყურში.
– კიდევ ერთი ხალათი? – გაიცინა ლადომ.
– სურპრიზია, – გავუღიმე ეშმაკურად: მე შენი დღესასწაულის დიასახლისი ვარ და ყველაფერი უნდა გამეთვალისწინებინა. გასასვლელისკენ გავემართე და ქალბატონი ელიკოს ხმაც მომესმა:
– ეს სპეციალურად გააკეთა! – ეუბნებოდა შვილს.
– რა თქმა უნდა, სპეციალურად გააკეთა, დედა. შენ რას ელოდი?! – მხიარულად მიუგო შვილმა, – დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა, შენ ჩემი საყვარელი დედა ხარ, ლიკა კიდევ ჩემი საყვარელი ქალია.
როდესაც ჩემი სალათისფერი კაბითა და ახალი ფეხსაცმელებით, ნაჩქარევად დაყენებული ვარცხნილობითა და სახელდახელო მაკიაჟით დავბრუნდი, დღესასწაული გახურებულიყო. მუსიკოსები უკრავდნენ, სტუმრები ჟრიამულობდნენ, აი, ქალბატონი ელიკო იჯდა მხოლოდ ჩუმად და ჩემკენ არც კი იყურებოდა, არათუ შენიშვნებს მაძლევდა.
მოულოდნელად ლადოს უფროსის ცოლი მომიახლოვდა:
– მე ასე ვერ შევძლებდი, ყოჩაღ. – და შეთქმულივით გამიღიმა. მეც გავუღიმე და დედაჩემი გამახსენდა, რომელიც ბავშვობიდან მასწავლიდა: ყოველთვის პირდაპირ შეასრულე ორჭოფულად ნათქვამი, არ გაუცრუო იმედი აბეზარ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის გაკრიტიკებენ. ის დღე იყო და ის დღე, ქალბატონ ელიკოს არანაირი მითითებებითა და დელიკატური თხოვნებით აღარ შევუწუხებივარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან