რომანი და დეტექტივი

ბოჰემიაში მომხდარი აურზაური

№2

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 23.01, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #1(1097)

თითქმის ძალით მიმათრიეს საკურთხეველთან. იმაშიც ვერ გავრკვეულიყავი, რა ხდებოდა ან სად ვიყავი, რომ შევნიშნე, ჩემდა უნებურად ვიმეორებდი იმას, რასაც ყურში ჩამჩურჩულებდნენ. ასე დავესწარი ქალწულ აირენ ადლერისა და უცოლო გოდფრი ნორტონის ჯვრისწერას. ყოველივე ეს თვალის დახამხამებაში მოხდა. ერთი მხრივ, ჯენტლმენი მიხდიდა მადლობას, მეორე მხრივ, პირმშვენიერი ქალბატონი, ხოლო მესამე მხრივ, მადლობის ნიშნად მღვდელი მიღიმოდა. ასეთ სულელურ ყოფაში ჩემს სიცოცხლეში არ ვყოფილვარ. ქალმა სუვენირი მაჩუქა, რომელიც ამ ამბის სამახსოვროდ, საათის ძეწკვზე უნდა შევიბა.

– საქმე სულ სხვაგვარად დატრიალებულა და მერე რა მოხდება, ღმერთმა უწყის, – ვთქვი მე.

– ჩემი ადრინდელი გეგმები, – განაგრძო ჰოლმსმა, – სულ ერთიანად დაიმსხვრა. გარეთ რომ გამოვიდნენ, ერთხელ კიდევ ამირიეს გზა-კვალი. კაცი ტემპლისკენ გაემგზავრა, ხოლო ქალმა თავის სახლში მოიწადინა წასვლა. პარკში სასეირნოდ; ჩვეულებრივ, ხუთ საათზე გამოვალო – ქალისაგან წარმოთქმულ ამ სიტყვებს გარკვევით მოვკარი ყური.

– რა უნდა ვქნათ?

– ეს მე მომანდეთ. ყველაფერი მოვამზადე. ალბათ, რაიმე უსიამოვნება მოხდება. თქვენ არ უნდა ჩაერიოთ. ყოველივე იმით დამთავრდება, რომ მე სახლში შემიყვანენ. ოთხ-ხუთ წუთში, ალბათ, სასტუმრო ოთახის ფანჯრებს გამოაღებენ და თქვენ ამ ღია ფანჯრის ქვეშ უნდა დადგეთ. უნდა მადევნოთ თვალი, რადგან ფანჯრიდან ოთახში ყველაფერი კარგად მოჩანს. როგორც კი ხელს, აი, ასე ავწევ, რასაც ახლა მე გადმოგცემთ, ოთახში შემოაგდებთ და დაიყვირებთ: ხანძარია, ხანძარი!

– ყოველივეს თქვენი დარიგების მიხედვით შევასრულებ.

– საშიში არაფერია, – თქვა ჰოლმსმა და ჯიბიდან სიგარის მოყვანილობის ასაბოლებელი რაკეტა ამოიღო, რომელსაც, ჩვეულებრივ, ორივე ბოლოში ასაფეთქებელი კაფსულა აქვს, – თქვენი დავალება ამით ამოიწურება, როგორც კი დაიყვირებთ, ცეცხლიო, იმწამსვე ჩემ მიერ დაქირავებული რამდენიმე კაციც აგყვებათ. მერე ქუჩის ბოლოსაკენ დაიძარით და რამდენიმე წუთში მეც თქვენთან გავჩნდები. მე მგონია, ყოველივე ნათელი და გასაგებია.

– იქონიეთ ჩემი იმედი.

– ძალიან კარგი. ახლა კი დროა, მოვემზადო იმ როლისთვის, რომლის გათამაშებაც საღამოს მომიწევს.

იგი საწოლ ოთახში შევიდა და ცოტა ხნის შემდეგ მღვდლის ანაფორაში გამოწყობილი დაბრუნდა. ფართოფარფლებიან ქუდს, ტომრისებურ შარვალს, თეთრ ჰალსტუხსა და სასიამოვნო ღიმილს, რომელიც სახეზე გადაჰფენოდა, ისე გამოეცვალა ჰოლმსი, რომ მღვდლის ასეთი სახის შექმნას, ალბათ, სახელმოხვეჭილი მსახიობი ჯონ ჰაერი თუ შეძლებდა.

სახლიდან შვიდის თხუთმეტ წუთზე გამოვედით და როცა სერპენტაინს მივაღწიეთ, ათი წუთი კიდევ იყო ჩვენს განკარგულებაში. უკვე ბინდდებოდა და აქა-იქ შუქიც აანთეს. ბოლთის ცემას მოვყევით და გაფაციცებულნი ველოდით ბრაიონი-ლოჯის მკვიდრთა გამოჩენას. ქალაქის განაპირა ქუჩა მყუდრო და წყნარი კი არა, ხალხმრავალი გამოდგა და გამვლელთაგან ტევა აღარ იყო. ქუჩის ერთ კუთხეში ვიღაც ნაძირლები უდარდელად აბოლებდნენ და იცინოდნენ, იქვე, შორიახლო, რამდენიმე კარგად ჩაცმული, სიგარაგაჩრილი ახალგაზრდა ყმაწვილი მიმოდიოდა.

– იცით, – წამოიწყო საუბარი ჰოლმსმა, – ეს ქორწინება უფრო ამარტივებს ჩვენს საქმეს. ის ფოტოსურათი ახლა აღარაა ქალისათვის გამოსადეგი. არც აირენ ადლერისათვის იქნებოდა სასიამოვნო, რომ იგი მისტერ ნორტონმა იხილოს. ნორტონისთვის ფოტოსურათის ჩვენებას ადლერი ისევე უნდა უფრთხოდეს, როგორც ჩვენი კლიენტი უფრთხის, რომ იგი მისმა პრინცესამ არ იხილოს. ახლა საკითხავი ისაა, სად ვეძებოთ ფოტოსურათი? ჩვენი კლიენტის აღწერით, ისეთი ზომისაა, რომ ქალი უბეში ვერ დამალავს. ამავე დროს, ქალმა შესანიშნავად იცის, რომ შეიძლება მეფემ იგი სადმე შეიტყუოს და გააჩხრეკინოს. სრული საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ფოტოსურათი ქალს თან არა აქვს.

– აბა, სად უნდა ინახავდეს?

– ქალებს ბუნებით უყვართ იდუმალებით მოცული ამბები, მაგრამ საკუთარ ხვაშიადს არავის ანდობენ. რატომ უნდა გაენდო ვინმესთვის თავისი საიდუმლოება აირენს? ამ შემთხვევაში ქალს შეუძლია, მხოლოდ საკუთარ თავს ენდოს. აირენი ხომ დაემუქრა მეფეს, შენს საცოლეს სურათს, სწორედ, ნიშნობის დღეს გავუგზავნიო. ესე იგი, ფოტოსურათი მას ხელთა აქვს და საკუთარ სახლში ინახავს.

– თქვენ როგორღა იპოვით?

– მე საგულდაგულოდ ძებნას არც დავუწყებ.

– აბა, რას იზამთ?

– საქმეს ისე მოვაწყობ, რომ აირენი სურათს თვითონვე მიჩვენებს. სხვა გამოსავალი არ ექნება. თუმცა ახლა მუსაიფის დრო აღარაა, გახსოვდეთ, უოტსონ, ჩემი მითითებანი და ყოველივე ზუსტად შეასრულეთ.

ამ დროს მოსახვევში, ლანდოს გვერდით, შუქს მოვკარი თვალი და თვალის დახამხამებაში წყვილცხენიანი მშვენიერი ეტლი ბრაიონი-ლოჯის წინ დადგა. როგორც კი ეტლი შეჩერდა, ვიღაც ქუჩის ნაძირალა ეტლის კარს მივარდა, რომ გამოეღო და ამ გზით ყელის ჩასასველებელი უზალთუნი ეშოვა, მაგრამ მეორემ არ აცალა და ისიც, იმავე მიზნით, ლანდოს კარს დაეჯაჯგურა. ატყდა მათ შორის ხელჩართული ჩხუბი და ჭიდილი, რომელიც გვარდიელებისა და დანების მლესავის ჩარევით კიდევ უფრო გაძლიერდა. ლანდოდან გადმოსული ლედი ერთხანს მუშტითა და ჯოხებით დაუზოგავად მოჩხუბართა შუაგულში მოექცა. ჰოლმსი მოჩხუბართა წრეში შეიჭრა, რომ ლედისთვის ეშველა, მაგრამ ქალთან მივიდა თუ არა, უცნაურად შეჰყვირა და სახეგასისხლიანებული მიწაზე გაიშხლართა. გვარდიელებმა იმწამსვე მოკურცხლეს. ქუჩის მაწანწალებმა რომ შენიშნეს, საქმე ცუდადააო, იმათაც მოუსვეს. ვიღაც წესიერად ჩაცმულმა გამვლელებმა ახლა კი მოხედეს ლედისა და მიწაზე გაშხლართულ დაზარალებულს. აირენ ადლერმა უცებ აირბინა კიბის საფეხურები, მაგრამ კიბის თავზე შეყოვნდა და ქუჩას გახედა. მისი კენარი ტანი ჰოლიდან გამომავალ შუქზე რაღაც ზღაპრულად ირხეოდა და იკვალთებოდა.

– საწყალი ჯენტლმენი, მძიმედ დაიჭრა? – იკითხა მან.

– მოკლეს, – უპასუხა რამდენიმე ხმამ.

– არა, ცოცხალია! – დაიყვირა ვიღაცამ. – მაგრამ სანამ საავადმყოფოში მიიყვანენ, მოკვდება.

– აი, გაბედული კაცი, – თქვა ვიღაც ქალმა, – ეგ რომ არა, ლედის საფულესა და საათს წაჰგლეჯდნენ. ეგენი მაწანწალები კი არა, ნამდვილი მძარცველები იყვნენ. აჰ, მგონი, მობრუნდა და სუნთქვა დაიწყო.

– დაჭრილს ქუჩაში ხომ არ დავტოვებთ, თუ ნებას დაგვრთავთ, თქვენს სახლში შემოვიყვანთ, ქალბატონო.

– რაღა თქმა უნდა. აი, სასტუმრო ოთახში, სავარძელზე დააწვინეთ.

ნელა, როგორღაც ზარ-ზეიმით შეიყვანეს ჰოლმსი ბრაიონი-ლოჯში და დივანზე დააწვინეს. სახლში შუქი აანთეს, მაგრამ დარაბები არ მოუხურავთ. ჩემი სათვალთვალო ადგილიდან ყოველივეს კარგად ვხედავდი. იმაზე უხერხულად ჩემს ცხოვრებაში არ მიგრძნია თავი, როცა შევხედე, ის ულამაზესი და უტურფესი ქალი, რომლის წინააღმდეგ შეთქმულებაშიც მე ჩამაბეს, რა გულმოდგინებითა და მზრუნველობით დაჰკანკალებდა თავს ჩემს მეგობარს. მაგრამ თუ ჰოლმსის მითითებებს ზუსტად არ შევასრულებდი, ესეც მეგობრის ღალატი იქნებოდა.

ჰოლმსი დივანზე წამოჯდა და ისე დაიკლაკნა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნისო. მოსამსახურე ფანჯარას მივარდა და გამოაღო. იმავე წამს შევნიშნე, რომ ჰოლმსმა დათქმისამებრ ხელი ასწია. რაკეტა ოთახში შევაგდე და რაც ძალა და ღონე მქონდა, ვიყვირე, ხანძარია, ხანძარი-მეთქი. სიტყვა დამთავრებულიც არ მქონდა, რომ მთელი ბრბო ამყვა. ოთახში ავარდნილი რაკეტის ბოლი ჯერ ადგილზე დატრიალდა, მერე კი ღია ფანჯრიდან გარეთ გამოიჭრა. დავინახე, როგორ დარბოდნენ ოთახებში შეძრწუნებული ადამიანები. ათ წუთში ჩემი მეგობარიც წამომეწია, ხელკავი გამიკეთა და შფოთისა და აურზაურის ადგილს სწრაფად გავშორდით.

– თქვენ დავალება პირნათლად შეასრულეთ, უოტსონ, – მითხრა ჰოლმსმა.

– ფოტოსურათი თქვენს ხელთაა?

– არა, მაგრამ ვიცი სადაცაა. აირენმა თვითონვე მიჩვენა. ხომ გითხარით, თვითონვე მიჩვენებს-მეთქი. ყოველივე ძალიან უბრალოდ მოხდა. თქვენ, ალბათ, მიხვდით, რომ ქუჩაში მყოფები მე დავიქირავე და ისინი ჩემს მითითებებს ასრულებდნენ. მოჩხუბრებში რომ შევიჭერი, ხელში თხევადი, წითელი საღებავი მეჭირა, ძირს დავეცი, ხელი სახეზე მოვისვი და თავგატეხილისა და მძიმედ დაჭრილის სცენა გავითამაშე – ეს ხომ ძველისძველი ხრიკია. მერე სახლში შემიყვანეს. აირენ ადლერი იძულებული იყო, სასტუმრო ოთახში დავეწვინე. ეს სწორედ ის ოთახი გახლდათ, რომელზეც ეჭვი მქონდა. მაგრამ შეიძლებოდა ფოტოსურათი საწოლ ოთახში ჰქონოდა დამალული. საქმე ისე წარმოვადგინე, თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა. მოსამსახურე გოგომ ფანჯარა გამოაღო და თამაშში თქვენც ჩაებით.

– რით დაგეხმარათ საბოლებელი რაკეტა?

– გადამწყვეტი როლი სწორედ რაკეტამ ითამაშა. როცა ქალი ფიქრობს, რომ მისი სახლი ცეცხლის ალშია გახვეული, იგი იმის გადარჩენას ცდილობს, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია, ეს ყველაზე მძლავრი იმპულსია და მისი გამოყენებით მრავალი წარმატებაც მომიპოვებია. გათხოვილი ქალი ბავშვს გადაარჩენს, ხოლო გაუთხოვარი – ძვირფასეულობას. ახლა ჩემთვის ნათელია, რომ ამ ფოტოსურათზე უძვირფასესი განძი აირენ ადლერისათვის არაფერი მოიძებნება. განსაცდელის ჟამს იგი სწორედ ფოტოსურათის გადარჩენას ცდილობდა. იგი თვალის დახამხამებაში გაჩნდა სამალავთან. ცდილობდა, გადაერჩინა ფოტოსურათი, მაგრამ სწორედ იმ დროს მე დავიყვირე, არავითარი ხანძარი არ მომხდარა და ტყუილად გაჰკივიან-მეთქი. აირენმა ფოტოსურათი ისევ თავის ადგილას დატოვა, რაკეტას გადახედა, ოთახიდან გავარდა და მერე თვალითაც აღარ მინახავს. წამოვდექი, ბოდიში მოვიხადე და ოთახიდან გამოვედი. ერთხანს შევყოყმანდი, ვიფიქრე, სამალავიდან ფოტოსურათს დღესვე წავიღებ-მეთქი, მაგრამ ოთახში მეეტლე შემოვიდა და ავი თვალით დამიწყო ცქერა.

დასასრული შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი