რომანი და დეტექტივი

ბოჰემიაში მომხდარი აურზაური

№1

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 16.01, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

(იბეჭდება შემოკლებით)

აშკარად შევნიშნე, რომ ჰოლმსი ჩემმა დანახვამ გაახარა. კეთილი მზერით უსიტყვოდ მანიშნა, სავარძელში მოიკალათეო, სიგარების ყუთი ჩემს სიახლოვეს მოაჩოჩა და ღვინო შემომთავაზა. მერე ცეცხლის წინ დადგა და თავისი მახვილი მზერა მომაპყრო.

– ძვირფასო უოტსონ. ვფიქრობ, თქვენთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ეს წერილი, – თქვა და ვარდისფერი, სქელი ბარათი გადმომიგდო, – ახლახან მივიღე.

წერილი უთარიღო, უადრესატო და ხელმოუწერელი იყო. „დღეს საღამოს, რვა საათსა და თხუთმეტ წუთზე, – იუწყებოდა ბარათი, – თქვენთან ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე საკონსულტაციოდ მოვა ერთი ჯენტლმენი. დანიშნული დროისათვის შინ დახვდით და ცუდს ნურაფერს გაიფიქრებთ, თუ თქვენი სტუმარი ნიღაბაფარებული გამოგეცხადებათ“.

– ეს მართლაც საიდუმლოებით მოცული ამბავი უნდა იყოს, – ვთქვი მე, – თქვენ რას ფიქრობთ, ჰოლმს?

– ბარათის დამწერი გერმანელი უნდა იყოს. აბა, ყურადღება მიაქციეთ ფრაზას: „სადაც კი გავიკითხ-გამოვიკითხე, ყველამ დადებითად დაგახასიათათ“. მხოლოდ გერმანელს შეეძლო ასეთი ფრაზის დაწერა. გამოსარკვევი ისაა, რა უნდა სურდეს ჩვენგან იმ გერმანელს, რომელიც ბოჰემიურ ქაღალდზე წერს და ნიღაბაფარებული დადის. მგონი, ერთხელ ქუჩაში თვალი რომ მოვკარი, ის უნდა იყოს და ალბათ, ყველაფერს დაწვრილებით გავიგებთ.

ოთახში ჰერკულესის აღნაგობის მამაკაცი შემოვიდა. ტანზე ძალიან მდიდრულად ეცვა. პალტოზე, სახელოებსა და საყელოზე ძვირფასი კრაველი ჰქონდა მოვლებული. მოკლეყელიანი, ძვირფასი ბეწვმოვლებული ჩექმები კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი გახლდათ იმისა, რომ მთლიანად მის მორთულობასა და გარეგნულ ბრწყინვალებას ბარბაროსული იერი ერთვოდა. თვალებზე შავი ნიღაბი ეფარა. ძლიერი ხასიათის ადამიანი უნდა ყოფილიყო: სქელი, წინ წამობურცული ტუჩები და გრძელი, სწორი ნიკაპი პატრონის მტკიცე, ურყევ და ჯიუტ ხასიათზე მეტყველებდა.

– დაბრძანდით, გეთაყვა, – შესთავაზა სავარძელი ჰოლმსმა, – ეს ჩემი მეგობარი და კოლეგა, დოქტორი უოტსონია. ხშირად მეხმარება ხოლმე ძიებაში. თქვენ ვინ ბრძანდებით?

– შეგიძლიათ, გრაფი ფონ კრამი მიწოდოთ. ამბავი, რომელსაც ახლა გაგანდობთ, ორი წელი მაინც უნდა შეინახოთ საიდუმლოდ. ამ ხნის მერე მის გამჟღავნებას აღარავითარი აზრი აღარ ექნება. მდგომარეობა ძალზე რთულია და ყოველმხრივ სიფრთხილე გვმართებს, რომ ამ ამბის გარშემო აურზაური არ ატყდეს და ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამეფო დინასტიას სახელი არ გაუტყდეს. ერთი სიტყვით, საქმე ეხება ბოჰემიის სამეფო კარის მემკვიდრეების – ორმშტაინთა გვარეულობას.

– თუ თქვენი უდიდებულესობა იმდენ პატივს დამდებს, რომ თავის საიდუმლოს გამანდობს, რჩევას უფრო ადვილად მივცემ, – წარმოთქვა ჰოლმსმა.

ჩვენი სტუმარი ადგილიდან წამოიჭრა და აღელვებული, ბოლთის ცემას მოჰყვა. მერე ხელი ჩაიქნია, მოსახდენი უნდა მოხდესო, თქვა, თვალებზე აფარებული ნიღაბი ჩამოიგლიჯა და იატაკზე დააგდო.

– თქვენ მართალი ხართ, – ხმამაღლა წარმოთქვა მან, – მე მეფე ვარ და არაფერი მაქვს საკუკუმალო! პრაღიდან ინკოგნიტოდ ჩამოვედი, რათა თქვენთვის პირადად მომემართა.

– მზად ვარ, მოგისმინოთ, – წარმოთქვა ჰოლმსმა და თვალები კვლავ მილულა.

– ფაქტები ამდაგვარია: ამ ხუთიოდე წლის წინ კარგა ხანს ვიმყოფებოდი ვარშავაში, სადაც ცნობილი ავანტიურისტი ქალი აირენ ადლერი გავიცანი. ეს სახელი თქვენთვის, ალბათ, კარგადაა ცნობილია.

– დაბადებულია ნიუ-ჯერსიში, 1858 წელს. კონტრალტო – ჰმ! „ლა სკალა“, ჰმ! ვარშავის საიმპერიო ოპერის პრიმადონა, ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. სწორედ, ასეა! თქვენო უმაღლესობავ, როგორც ეტყობა, ამ ქალის ბადეში მოხვდით. ალბათ, ბარათები მისწერეთ, რომელთაც შეუძლიათ, სახელი გაგიტეხონ და გინდათ, მამხილებელი საბუთები უკანვე დაიბრუნოთ.

– ნამდვილად ასეა, მაგრამ როგორ დავიბრუნო, საქმეც ეს არის.

– აირენ ადლერზე საიდუმლოდ ხომ არ დაგიწერიათ ჯვარი?

– არა.

– ამის თაობაზე ხომ არ გააჩნია მას რაიმე საბუთი?

– არა.

– მაშ, რა გაწუხებთ, თქვენო უმაღლესობავ! თუ ახალგაზრდა ქალი გამოძალვის მიზნით შეეცდება თქვენი ბარათების გამოყენებას, რით დაგიმტკიცებთ, რომ ნამდვილად თქვენ მისწერეთ?

– მაგრამ ჩემი ხელწერა?

– მიმსგავსებული და ნაყალბევიაო, ვიტყვით.

– ჩემი პირადი საფოსტო ქაღალდი?

– მოპარულიაო, განვაცხადებთ.

– პირადი ბეჭედი?

– ყალბისმქმნელთაგან დამზადებულიაო, ვიტყვით.

– ფოტოსურათი?

– შესყიდულიაო, განვაცხადებთ.

– მაგრამ ფოტოსურათზე რომ ორივენი ვართ გამოსახული?

– აი, ეს კი ძალიან ცუდი ამბავია! თქვენო უმაღლესობავ, ნამდვილად დაუდევარი საქციელი ჩაგიდენიათ.

– მაშინ ახალგაზრდა უფლისწული ვიყავი, მხოლოდ ახლახან შემისრულდა ოცდაათი წელი.

– ფოტოსურათი უნდა დავიბრუნოთ.

– ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. ორჯერ დავიქირავე მძარცველები. მთელი სახლი გადააქოთეს, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ, მოგზაურობის დროს, ბარგიც გავუჩხრიკეთ, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ორჯერ მახეშიც შევიტყუეთ, მაგრამ საწადელი მაინც ვერ შევისრულეთ.

ჰოლმსმა ჩაიცინა.

– ეს საქმე ძალიან პატარა და სასიამოვნო სამუშაო იქნება.

– მაგრამ ჩემთვის იგი ძალიან სერიოზული ამბავია, – შეესიტყვა მეფე, – ალბათ, ჩემს დაქცევას ლამობს. მე ხომ სკანდინავიის მეფის მეორე ქალიშვილზე, კლოტილდა ლოთმენ ფონ საქს-მენინგენზე ჯვარი უნდა დავიწერო. კლოტილდა ციდან მოვლენილი ანგელოზივით უცოდველია. ოდნავ ეჭვიც რომ აიღონ ჩემს წარსულ ცხოვრებაზე, საქმე დამთავრებულია. აირენი იქადნება, ფოტოსურათს კლოტილდას მშობლებს გავუგზავნიო. და ვიცი, ნამდვილად რომ გაუგზავნის! ფოლადისგანაა ჩამოსხმული. მის ლამაზ და ნაზ, დილის ცისკარივით ნათელ გარეგნობაში ვაჟკაცური სიმტკიცე და მრისხანე სული იმალება. იგი არაფერს მოერიდება, ოღონდ მე სხვაზე არ ვიქორწინო. განაცხადა, რომ ფოტოსურათს სწორედ მაშინ გაუგზავნის, როცა ჩემი ნიშნობა ოფიციალურად გამოცხადდება. ეს კი მომავალ ორშაბათს უნდა მოხდეს.

– აბა, ჩვენ ჯერ კიდევ დაგვრჩენია სამი დღე, – წარმოთქვა ჰოლმსმა.

– მინდა, გითხრათ, ჩემი სამეფოს რომელ პროვინციასაც გინდათ, გავიღებ ჯილდოდ, ოღონდაც ის ფოტოსურათი ჩამაგდებინა ხელში, – მეფემ ტყავის მძიმე ქისა ამოიღო და მაგიდაზე დააგდო.

– აქ სამასი პაუნდია ოქროთი და შვიდასი – ბანკნოტებით, – თქვა მან.

– მადმუაზელის მისამართს გვეტყვით? – იკითხა ჩემმა მეგობარმა.

– ბრაიონი-ლოჯი, სერპენტაინ-ავენიუ. სენტ-ჯონზ-უედი.

– ახლა კი დაგემშვიდობებით, თქვენო უმაღლესობავ, გისურვებთ მშვიდობის ღამეს და მალე კარგი ამბების შეტყობას.

***

ოთხი საათი იქნებოდა, როცა კარი გაიღო და ოთახში შეზარხოშებული, გაჩეჩილთმიანი, სახეზე ალმოდებული, ქილვაშებიანი და უხეიროდ ჩაცმული მეჯინიბე შემოვიდა. მაგრად ჩავაშტერდი, რომ ამომეცნო და მეთქვა, ნამდვილად ჰოლმსია-მეთქი. თავი ოდნავ დამიკრა თუ არა, თავის საწოლ ოთახში გაუჩინარდა და იქიდან ხუთი წუთის შემდეგ ჩვეულებრივად მორთულ-მოკაზმული გამოვიდა.

– ნამდვილად სასაცილო ამბავია. თუ თვითონ არ გითხარით, ალბათ, ვერასოდეს მიხვდებით, როგორ გავატარე დღევანდელი დილა და რა მოვიმოქმედე.

თავიდან მოგიყვებით.

ამ დილით, ცხრა საათი იქნებოდა, სახლიდან უმუშევარი მეჯინიბის სამოსით რომ გავედი. იმ ქალის ქუჩას დავუყევი და სადაც მოველოდი, სწორედ იქ, ბაღის გვერდზე მიშენებული საჯინიბო შევნიშნე. მეჯინიბეებს ცხენების წმენდაში წავეხმარე, რისთვისაც გასამრჯელოდ ორი პენსი, ჭიქა არაყი და თამბაქო მივიღე. აირენ ადლერსა და მის მეზობლებზე კი რამდენიც მინდოდა, იმდენი ცნობა შევკრიბე.

ქალაქის ამ ნაწილის მცხოვრები მამაკაცები მთლად გადარეულნი არიან. ისეთი ლამაზია, რომ მთელ ცისქვეშეთში ბადალი არა ჰყავსო, ამბობდნენ სერპანტაინელი მეჯინიბეები. წყნარ ცხოვრებას ეწევა. კონცერტებზე მღერის. ყოველდღიურად ხუთ საათზე სეირნობს და შვიდზე სადილისათვის უკანვე ბრუნდება. დღისით, სხვა საათებში, სახლიდან იშვიათად გამოდის. შავგვრემანია, ლამაზი და ამავე დროს, გაბედულიც.

ამ საქმის წამომწყები იურისტი გოდფრი ნორტონი უნდა იყოს, ხოლო ის ამბავი, რომ იგი იურისტია, მეტად სახიფათოა და ჩვენს კლიენტს კარგს არაფერს უქადის. თუ ნორტონი ადლერის რწმუნებულია, მაშინ ფოტოსურათი მასთან უნდა ვეძიოთ. ხოლო, თუ საყვარელია, მაშინ ფოტოსურათს ქალი მას არ გადასცემდა.

ამ ფიქრებში ვიყავი, რომ სახლთან მდიდრული ეტლი მოგრიალდა. სად იყო და სად არა, ეტლთან იმწუთასვე აირენი გაჩნდა და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, რომ უკვე ეტლში ჩაჯდა. მართალია, ქალის სახეს თვალი უცებ მოვკარი, მაგრამ გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ულამაზესი ქალია და კაცს მისთვის სიკვდილიც არ დაენანება.

ფიქრი არ დამემთავრებინა, რომ ვიღაცამ ჩემ წინ ეტლი მოაგრიალა. მეეტლემ ერთი-ორჯერ ეჭვის თვალით ამხედ-დამხედა, მაგრამ უარის თქმა არ ვაცალე და ელვის უსწრაფესად ეტლში მოვკალათდი.

– წმიდა მონიკას ეკლესიისკენ, – ვუთხარი მე, – და გაძლევთ ნახევარ გინეას, თუ ოც წუთში იქ გაჩნდებით. არა მგონია, ოდესმე ისე ჩქარა მევლოს. მაგრამ, როცა ადგილზე მივედი, ორივე ეტლი გაოფლიანებული ცხენებით ეკლესიის შესასვლელში იდგა. შიგნით, მღვდლისა და იმათ გარდა, ვისაც მივდევდი, ძეხორციელი არავინ ჩანდა. ისინი კი საკურთხეველთან იდგნენ და მღვდელი რატომღაც საყვედურით ელაპარაკებოდა. მე ეკლესიაში შემთხვევით შესული ადამიანივით დავიწყე კედელ-კედელ ხეტიალი. უცებ, ჩემდა გასაოცრად, სამივენი ჩემკენ შემობრუნდნენ და ნორტონი იმწამსვე ჩემ წინ გაჩნდა.

– მადლობა ღმერთს! – წამოიყვირა მან, – სწორედ თქვენ გვჭირდებოდით. აბა, წამოდით, წამოდით!

– რა მოხდა? – ვიკითხე მე.

– მოდით. ძალიან გთხოვთ, მოწმედ დაგვესწარით, თორემ ჯვარს არ გვწერენ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი