ბიზნესი ოჯახურად
ავტორი: ნია დვალი 20:00
– ქეთი, ირამ დარეკა. დალაპარაკება უნდა შენთან.
ქეთის საქმე არ შეუწყვეტია. ის თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა, რომელიც უფრო ორბიტული სადგურის მართვის პულტს წააგავდა: სტერილიზატორები და ფრჩხილების ლაქის ათეულობით ფლაკონი ყველა ელფერით. ქეთი ამუშავებდა ხელსაწყოებს და თოვლივით თეთრ ხელსახოცზე აწყობდა. მისთვის ეს პროცესი რიტუალს ჰგავდა, რომელსაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა. ქეთი წელავდა საქმეს, ვინაიდან ქმრის ტონით მიხვდა, რომ ირა, მული, ისეთი რამის თხოვნას აპირებდა, რაც ქეთის არ ესიამოვნებოდა.
– რა უნდა, შენ არ გითხრა? – როგორც იქნა, ჰკითხა ქმარს.
– ხომ გახსოვს, ირა ერთ კვირაში ახალ სალონს ხსნის, რემონტი თითქმის დასრულდა, – დაიწყო ბექამ თავისი მონოლოგი.
ქეთიმ შეაწყვეტინა:
– მახსოვს და მე რა შუაში ვარ?
– მოკლედ, მხარდაჭერა სჭირდება. რომ მაშინვე წამოვიდეს კლიენტების ნაკადი და ის გთავაზობს, მასთან იმუშაო.
– სამუშაოს მთავაზობს? – მიუბრუნდა ქეთი ქმარს, – უკვე აქვს ჩემთვის ადგილი საჭირო აღჭურვილობით? რა პირობებია? რა პროცენტია?
ბექა დაიძაბა. ის ამ შეკითხვებს არ ელოდა. მისი ენთუზიაზმი მყისიერად გაქრა.
– რა თქმა უნდა, საუკეთესო ადგილი გექნება, ფანჯარასთან! ხომ გესმის, რომ ახლა იწყებს და ფულს ზოგავს. ირამ გთხოვა, რომ რამდენიმე თვე დაეხმარო.
– უფასოდ ვიმუშაო? – დააზუსტა ქეთიმ.
– რატომ უფასოდ?! უბრალოდ, რომ დაეხმარო. შენ იქ შენს კლიენტებს მიიყვან. ისინი ნახავენ ირას სალონის კლასიკურ ინტერიერს. მოუყვებიან დაქალებს, ცოცხალ რეკლამას გაუკეთებენ.
– მე მივიყვან ჩემს კლიენტებს და ირას სალონი შემდეგ ჩემ გარეშე განაგრძობს მუშაობას?! მეხუმრები?!
– რა ხუმრობა?! ის ჩემი დაა და დახმარება სჭირდება! – ამჯერად მტკიცედ თქვა ბექამ.
ქეთი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. დაღამებულიყო. ქეთის გაახსენდა, რამდენი დრო და ენერგია დახარჯა ამ ხელობის დასაუფლებლად და კლიენტთა ბაზის შესაქმნელად. ამიტომ ეწერებოდნენ მასთან რამდენიმე კვირით ადრე. მას ენდობოდნენ და ეს არათუ არ ემეტებოდა სხვისთვის, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ვინმე მსგავს რამეს მოითხოვდა მისგან.
– ბექა, მომისმინე, – მიმართა ქმარს, – რასაც შენი და მთავაზობს, ეს არის დაგოიმება და უპატივცემულობა. ის მოითხოვს, რომ ჩემი ექვსწლიანი შრომა უფასოდ გადავცე მას მხოლოდ იმიტომ, რომ შენი დაა. საწყის ეტაპზე მეც მჭირდებოდა ფული, რომ შემეძინა ინსტრუმენტები, მესწავლა, ფართი დამექირავებინა. ვერ ვიხსენებ, რომ ვინმეს დახმარება შემოეთავაზებინოს. არც კი მიფიქრია, რომ რომელიმე ვალდებული იყო, დამხმარებოდა. ამიტომ, გადაეცი შენს დას, რომ მასთან არ ვიმუშავებ არათუ უფასოდ, მოგებიდან პროცენტზეც კი. ჩემი კლიენტები ჩემთან დარჩებიან. ამ თემაზე აღარაფერი მითხრა.
ბექა აშკარად არ ელოდა ასეთ მტკიცე უარს. იმედოვნებდა, რომ ქეთი გაბრაზდებოდა, აიშლიდა ნერვებს, იყვირებდა, იტირებდა, შემდეგ კი დაეთანხმებოდა, მაგრამ მოულოდნელად, ამის ნაცვლად, შუბლით შეეჯახა ცივი ლოგიკის კედელს, რომელმაც მისი მანიპულაცია მტვრად აქცია. ბექა წამოწითლდა. მისი სახიდან ღიმილი ჩამოირეცხა. მისი თვალები უკვე ცეცხლს აფრქვევდნენ. ის ცოლს მიუახლოვდა.
– ისე ჩვეულებრივად ლაპარაკობ, თითქოს პურის ყიდვაზე ვსაუბრობდეთ. ის ჩემი დაა! შენ კი ისე რეაგირებ, თითქოს საზოგადოებრივ ტუალეტში იატაკის ხეხვას გაიძულებდნენ.
– საკმაოდ ზუსტი შედარებაა, – ქეთიმ ისევ მშვიდად უპასუხა, – ორივე შემთხვევაში ეს უფასო შრომაა, რაზეც მე არ დავთანხმდები.
ბექა მძიმედ სუნთქავდა და ქეთის უყურებდა, როგორც მტერს, როგორც უცხო ქალს, ვინც მისი ცოლის ადგილი დაიკავა.
– შენ, უბრალოდ, არ გინდა, რომ დაეხმარო. ფული შენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანები. მე ეს ყოველთვის ვიცოდი! ზიხარ და ანგარიშობ, სხვა არაფერი გაინტერესებს.
ქეთიმ ისე შეხედა ბექას, რომ მან უნებლიეთ უკან დაიხია:
– რატომ გადაწყვიტე, რომ მე უფასოდ უნდა ვიმუშაო შენი დის სალონში, მას ჩემი კლიენტები უნდა გადავცე და მე ცარიელ–ტარიელი დავრჩე?! მხოლოდ იმიტომ, რომ ის შენი დაა?! თავად მიაღწიოს აღიარებას ისე, როგორც ოდესღაც მე ვაკეთებდი!
– გესმის, რას ამბობ?! ის ხომ ჩემი დაა?! ცოლი მხარს უნდა უჭერდეს ქმრის ოჯახს!
– მას მხარდაჭერა სჭირდება არა, როგორც შენს დას, არამედ, როგორც ბიზნესმენს. შენთვის ის ახლობელი ადამიანია, ჩემთვის კი – თავხედი, ბიზნესგეგმით სხვის ხარჯზე.
– სიტყვებს დაუკვირდი, როდესაც ჩემს დაზე ლაპარაკობ! – დაუყვირა ცოლს ბექამ.
– ვუკვირდები და ისე ვამბობ. სად იყო შენი და, როდესაც მე ორ სამსახურში ვმუშაობდი და ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა?! როდესაც იპოთეკის გადასახდელად ფულს ვზოგავდით, ის კი მალდივებზე დადიოდა დასასვენებლად?! შენ იმ დროს უმუშევარი იყავი, თუ გახსოვს. ერთხელ მაინც დაგვირეკა და შემოგვთავაზა დახმარება?!
ქეთის თითოეული სიტყვა მიზანში ხვდებოდა და ბექას მამაკაცურ თავმოყვარეობას ულახავდა. უნდოდა, შეპასუხებოდა, მაგრამ სათქმელი არაფერი იყო – მისი ცოლი სიმართლეს ამბობდა.
ქეთი კი განაგრძობდა:
– სად იყო ეს შენი ოჯახი, როგორც შენ უწოდებ, როდესაც მე თვალის ოპერაცია დამჭირდა და შემდეგ – ძვირად ღირებული წამლები, სწორედ იმიტომ, რომ ასეთი დატვირთით ვმუშაობდი?!
ბექა დაბნეული იდგა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და ჩაილაპარაკა: აზვიადებ.
– არაფერსაც არ ვაზვიადებ! უბრალოდ, თვლა ვიცი, შენგან და შენი დისგან განსხვავებით. მან გადაწყვიტა, რომ ჩემი ექვსწლიანი 24-საათიანი მუშაობა არაფრად ღირს. ჩემი სამასკაციანი კლიენტების ბაზა არაფერს ნიშნავს მხოლოდ იმიტომ, რომ მის ძმაზე გავთხოვდი. ჰოდა, გადაეცი მას: შეცდა თავის გათვლებში. ჩემი შრომა ძვირად ფასობს. მისთვის კი საერთოდაც ფასდაუდებელია, რადგან ვერასდროს ისარგებლებს.
ბექა არ ნებდებოდა და თავდასხმა არჩია:
– შენ ყველაფერი წვრილმანებამდე გახსოვს! თითოეულ კაპიკს ითვლი! გულის ნაცვლად კალკულატორი გაქვს ჩადგმული! შენთვის არც გულწრფელი დახმარება არსებობს და არც თანაგრძნობა, მხოლოდ გარიგებები: შენ – მე, მე – შენ.
– დიახ, შესანიშნავი მეხსიერება მაქვს, ჩემს პროფესიას სჭირდება. მახსოვს წითელი ლაქის ელფერი ჩემი ორასივე კლიენტისთვის. ვის როგორი ფორმის ფრჩხილი აქვს და რომელი ტიპის ბაზა სჭირდება, ვის როგორი კანის სტრუქტურა აქვს.
– რობოტი ხარ! ანგარიშიანი მანქანა! ჩემმა დამ, უბრალოდ, დახმარებისთვის მოგმართა, შენ კი ბრალდებების კორიანტელი დააყენე...
ბექამ ვერ მოასწრო ბრალდებების დასრულება, მისმა ტელეფონმა დარეკა. ეკრანს დახედა და ჩაეღიმა. შემდეგ ქეთისკენ მიატრიალა ტელეფონის ეკრანი, რომელზეც მკაფიოდ ჩანდა წარწერა: ირა.
– აი, ისიც! – ნიშნისმოგებით უთხრა ცოლს, – ახლა ყველაფერს გავარკვევთ, ერთად, ოჯახურად.
ბექამ ზარს უპასუხა და მაშინვე ხმამაღლა მოლაპარაკეზე გადართო. მისი ეს ჟესტი იმ მოთამაშის სვლას ჰგავდა, რომელიც დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში. მობილური ტელეფონი ჟურნალის მაგიდაზე დადო და ოთახი მისი დის ოდნავ წიკვინა ხმამ აავსო, რომელშიც პრეტენზია და საკუთარ თავში დარწმუნებულობა მკაფიოდ ისმოდა:
– ბექა, რა ხდება? ელაპარაკე? განრიგი უნდა შევადგინო, ადმინისტრატორები დეტალებს მეკითხებიან, – ირას ხმა ისე დამაჯერებულად ჟღერდა, თითქოს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ დეტალებიღა დარჩენილოყო გასარკვევი.
ბექამ გამარჯვებულის გამომეტყველებით შეხედა ცოლს.
– ირ, ცოტა დაგვაცადე. ქეთი ჯერ არ არის დარწმუნებული, რომ... – ბექა ისეთი ტონით ლაპარაკობდა, თითქოს კონფლიქტის მოგვარებას ცდილობდა დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
– არ არის დარწმუნებული?! – ირას ხმას აშკარა გაღიზიანება დაეტყო, – ესმის ჩემი ხმა?! ქეთი რას იფასებ თავს?! დიდი ამბავი, რომ დამეხმარო. სულ რაღაც 3-4 თვე, ახლობლები წლობით ეხმარებიან ერთმანეთს.
ქეთი ხმას არ ირებდა, ბექა კი ცოლს ყურადღებით აკვირდებოდა. სახეზე ეტყობოდა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, ბექას სჯეროდა, რომ მისი ცოლი უკვე გატყდა. – „ახლა დაიწყებს რაღაცის ბლუყუნს, – გაიფიქრა და გადაწყვიტა, – სწორედ ამ დროს შევთავაზებ კომპრომისს“.
მაგრამ ქეთი ხმას არ იღებდა. ის თავის მობილურ ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა და თითქოს არც კი ესმოდა, რას ელაპარაკებოდა მული.
– ბექა, ხმას რატომ არ იღებს?! – ირა გაღიზიანებული იყო, – ბოლოს და ბოლოს, აუხსენი, რომ ეს მისთვის შანსია და მისივე რეკლამა იქნება! ახალ, ლამაზ ადგილას იმუშავებს და არა იმ სოროში, რომელშიც დღეს მუშაობს. სიკეთეს ვუკეთებ, შანსს ვაძლევ...
ბექა დის მიერ ნათქვამი თითოეული წინადადების შემდეგ თავს აქნევდა თანხმობის ნიშნად, მაგრამ ცალი თვალი ცოლის მობილური ტელეფონისკენ ეჭირა. ქეთის პასიურობა ოდნავ ძაბავდა. ეტყობოდა, რომ ის არც კი აპირებდა თავის მართლებას.
ბექამ დაინახა, რომ ქეთიმ გვერდი გახსნა, რომელსაც ეწერა: „ქეთის შილაქი“. იქ 200–ზე მეტი ქალი იყო თავმოყრილი. ისინი მას არა მხოლოდ ფრჩხილების გამო სწერდნენ, არამედ თავიანთ პრობლემებსაც უზიარებდნენ, საიდუმლოებებს ანდობდნენ. ერთგვარი ქალთა კლუბი იყო – ქეთის ერთგული მოკავშირეების არმია.
– რას აკეთებ? – ჰკითხა ბექამ ცოლს და მიუახლოვდა, რომ უფრო კარგად დაენახა ტელეფონის ეკრანი. მაგრამ ქეთის ტელეფონი ისეთი კუთხით ეჭირა, რომ ვერაფრის დანახვა ვერ მოახერხა.
– მანდ დაყრუვდით, თუ რა დაგემართათ?! ქეთი! შენ გელაპარაკები! პასუხი ახლავე მჭირდება! არ მაქვს შენი ისტერიკების დრო! – ირა ყვიროდა, მაგრამ მას არავინ პასუხობდა.
ქეთის თითები სწრაფად დასრიალდებდნენ ტელეფონის ეკრანზე. ბექა მონუსხულივით უყურებდა, მის წინ ისეთი მოვლენა ვითარდებოდა, რასაც არ მოელოდა. მისი ცოლის სახეზე ახალი გამომეტყველება ამოიკითხა: უცნაური კმაყოფილება უპირატესობის შეგრძნებით. ბექა მიხვდა, რომ ქეთი შეტყობინებას წერდა.
– ქეთი, რას აკეთებ?! – ვერ მოითმინა და ცოლს დაუყვირა.
ქეთიმ ყურადღებაც არ მიაქცია, ამიტომ ბექა ახლოს მივიდა და სცადა, მისთვის მობილური ტელეფონი გამოეგლიჯა ხელიდან. ოღონდ ვერ მოახერხა. ქეთიმ გვერდზე გაწევა მოასწრო. ბექამ წაიფორთხილა და კინაღამ წაიქცა. ქეთის გაეღიმა, მაგრამ ტექსტის აკრეფა არ შეუწყვიტავს. შემდეგ ღილაკს დააჭირა თითი და ქმრისკენ მიტრიალდა.
ქეთის თვალები თითქოს ყინულის გახდა. ის აღარ ჰგავდა კუთხეში მიმწყვდეულ მსხვერპლს. უფრო მონადირეს დამსგავსებოდა, რომელიც დიდხანს იკატუნებდა თავს, რომ მხეცი ალყაში შეეტყუებინა.
– რას უნდა ვაკეთებდე?! ჩემი კლიენტების ბაზას ვათვალიერებ.
ქეთის დამცინავი ხმა ჰქონდა. ბექას თვალებში უყურებდა და ბექა მიხვდა, რომ ქეთიმ გამოუსწორებელი რამ ჩაიდინა. ამიტომ ადგილზე გაქვავდა. ცდილობდა მომხდარის გააზრებას, მაგრამ ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ამის გამოსწორება. თავის წინ კვლავ ხედავდა თავის ცოლს – გარეგნულად იმავე ქალს, ვისაც თავის მორჩილად და დამყოლად მიიჩნევდა, მაგრამ შინაგანად სხვას – ქეთი თითქოს გამოცვალესო, მისგან თავდაჯერებულობა და ძალა მოდიოდა.
– ბექა, სად ხარ?! მეთამაშებით?! რა არასერიოზული ხალხი ხართ?! მე არ მცალია სისულელეებისთვის! – ხმაზე ეტყობოდა, რომ ირა წონასწორობას კარგავდა. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ახლახან საკუთარი ქცევით თავს კატასტროფის ჯაჭვური რეაქცია დაიტეხა.
ქეთიმ ტელეფონის ეკრანი თავისი ქმრისკენ მიატრიალა. ბექას მაშინვე არ შეუხედავს ეკრანისთვის, მაგრამ თვალები თავისით გაექცა. კაშკაშა დისპლეიზე გვერდის სათაურის ქვეშ ახალი სტატუსი იწონებდა თავს:
„გოგონებო! ყურადღება! ჩვენს ქალაქში იხსნება ჩემი მულის სალონი. გაფრთხილდით. იქ ნათესაური კავშირები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოსტატების პროფესიონალიზმი. შედეგიც შესაბამისი იქნება. თუ მე არ დამიჯერებთ, ერთხელ სცადეთ, მაგრამ შემდეგ დიდი დრო დაგვჭირდება თქვენი ფრჩხილების ისევ ფორმაში მოსაყვანად.“
ბექას სუნთქვა შეეკრა. აშკარად იგრძნო, როგორი მძიმე იყო ეს რამდენიმე წინადადება. მისი დის სალონს განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა, თან გახსნამდე და პირველი კლიენტის მიღებამდე.
ბექა თითქოს ხედავდა, როგორ კითხულობდა 237 ქალი ამ შეტყობინებას, უგზავნიდნენ დაქალებს, განიხილავდნენ თავიანთ ჩატებში და ირას სახელი ასოცირდებოდა არა სილამაზესა და ხარისხთან, არამედ არაპროფესიონალიზმთან.
ამასობაში მობილური ტელეფონის ეკრანი გამოცოცხლდა – ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო შეტყობინებების ცვენა:
– ქეთი, რა კარგია, რომ გაგვაფრთხილე:
– მადლობა, საყვარელო. გადამარჩინე.
– რა საშინელებაა. გულიც გამისკდებოდა, რომ მივსულიყავი.
– შენ რომ არ იყო, რა გვეშველებოდა?!
– დაქალმა მითხრა და სახლთან ძალიან ახლოსაა და ჩაწერას ვაპირებდი. გაიხარე, რომ გვითხარი.
შეტყობინებებს უხვად მოჰყვებოდა გულები და კოცნის სიცილაკები.
– ეს როგორ იკადრე?! – ამოიხრიალა ბექამ ძლივს გასაგონად და ცოლს შეხედა. ქეთი ისევ მშვიდად იდგა. სინდისის ქენჯნის ან სინანულის არაფერი ეტყობოდა. ბექამ მხოლოდ იმ წამს გაიაზრა, რომ თავის ცოლს თავად გაახსენა ის იარაღი, რომლის გამოყენებაც ქეთის არც არასდროს უფიქრია. მეტიც, არც კი იცოდა, თუ ეს იარაღი იყო. ქმრის დაჟინებამ, მიეცა მისი დისთვის კლიენტების ბაზა და ირასთვის უფასოდ ემუშავა, ქეთის გაააზრებინა, რომ მისი საქმე რაღაცად ღირდა.
– ვინმე ამიხსნის, რა ხდება? რატომ არავინ მცემს ხმას?! – ირა ახლა უკვე ისტერიკიანივით კიოდა.
ქეთიმ ნელა დაუშვა ტელეფონი და ქმარს თვალებში შეხედა. არც ბრაზი ეტყობოდა და არც უპირატესობის შეგრძნება. ქეთი შეცვლილიყო, ბექას წინ თავდაჯერებული ქალი იდგა, რომელმაც იცოდა, რომ შეეძლო მოვლენებისა და ადამიანების მართვა.
– რატომ გააკეთე ეს? – ჰკითხა ბექამ.
– არ გადამიხადო მადლობა, იმიტომ რომ შენს დას სრულიად უანგაროდ დავეხმარე, გამხდარიყო ცნობილი სალონის გახსნამდეც კი, – ქეთიმ ტელეფონი შარვლის ჯიბეში ჩაიდო. შეტრიალდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, ჟურნალის მაგიდასთან დადებულ ტელეფონთან მივიდა და ჩასძახა:
– ირა, შენი უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ჩემი თავი და ადგილი მაპოვნინე! – და ოთახიდან გავიდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





