ბეწვის ხიდზე
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.01
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #53 (1253)
ამასობაში ოთხი თვე გავიდა და შემოდგომის ერთ თბილ დღეს ვილიმ დამირეკა და ქაშუეთის ქვემოთ, ალექსანდრეს ბაღში დამიბარა შეხვედრაზე. რომ მივედი, გვერდით მივუჯექი და მივესალმე.
– როგორ ხართ, კოტე?
– თქვენ?
– გმადლობთ. კარგად. მაგრამ იმედია, რომ უფრო კარგად გავხდები მას მერე, რაც თქვენს მისიას შეასრულებთ.
– გისმენთ.
– რა სიმშვიდე და სისუფთავეა? – მითხრა ვილიმ და თვალებით წინ მანიშნა.
– სად?
– რუსთაველის გამზირზე და ზოგადად ქვეყანაში.
– დიახ.
– მაგრამ, ეს ყოველივე დიდხანს არ გაგრძელდება და სულ მალე ყველაფერი აირევა.
– აირევა?
– დიახ.
– რატომ, რა ხდება?
– ხალხს ყელში ამოუვიდა ეს ანტიდემოკრატიული მთავრობა და სულ მალე ფართომასშტაბიან გამოსვლებს დაიწყებენ.
– სამწუხაროა. კარგა ხანია, არეულობა არ ყოფილა.
– იქნება. აუცილებლად იქნება და აქ იმიტომ დაგიბარეთ, რომ თქვენს თანამოქალაქეებს ქვეყნის დალაგებაში დაეხმაროთ.
– ქვეყნის დალაგებაში?
– დიახ.
– კი, მაგრამ, როგორ?
– მარტივად. თქვენი ქმედებით მათი მხარე უნდა დაიჭიროთ.
– იმათ მხარეზე გადავიდე?
– დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ. ახლა კი სულ ეს იყო... მაგრამ გახსოვდეთ, რომ სიტყვა არავისთან დაგცდეთ. მოქმედების სიგნალს კი პირადად გადმოგცემთ. გასაგებია?
– გასაგებია. მაგრამ, ერთი კითხვა მაქვს.
– ბრძანეთ.
– შეიძლება, ისე მოხდეს, რომ სამსახურში მომიტინგეების წინააღმდეგ მომიწიოს მოქმედება. ზოგ შემთხვევაში საკმაოდ უხეში ფორმითაც და ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვქნა?
– შეასრულეთ ყველა ბრძანება და შეგიძლიათ, საკმაოდ უხეშადაც.
– კარგი. ახლა ყველაფერი გასაგებია. შემიძლია, წავიდე?
– წაბრძანდით. აბა, შეხვედრამდე!
სახლში ამაღლებულ განწყობაზე დავბრუნდი. თუკი მხოლოდ ოპოზიციის მხარეზე გადასვლა იხსნიდა ნოდიკოს სიკვდილისგან, ამას ვინაღვლებდი? ქეთინოს ვანიშნე, – სალაპარაკო მაქვს-მეთქი. სამოსი გამოვიცვალეთ და სალაპარაკოდ უსაფრთხო ადგილზე წავედით. როცა დავრწმუნდით, არავინ გვისმენდა, ჩემს მეუღლეს ვუთხარი:
– უნდა, რომ ოპოზიციის მხარეზე გადავიდე.
– ოპოზიციის მხარეზე?
– ჰო. იმ ნაძირალამ მითხრა, – მალე ფართომასშტაბიანი გამოსვლები დაიწყებაო.
– თვითონ აწყობენ, ესე იგი.
– რა თქმა უნდა, თვითონ აწყობენ. როგორც ეტყობა, ხელისუფლების დამხობა სურთ.
– როგორც ეტყობა.
– ჭკვიანური მოფიქრებაა. მთავრობის ერთ-ერთი საყრდენი ძალოვანი სტრუქტურის მეთაურის ღალატი დიდი დარტყმაა მთავრობისთვის, ოპოზიციისთვის კი – დიდი სტიმული.
– ნუთუ, ასე მარტივადაა საქმე?
– რაღა მარტივად? ამხელა ნდობით აღჭურვილი პირი ღალატზე მივდივარ.
– ვითომ მხოლოდ ესაა?
– ჯერჯერობით ესაა და მერე ვნახოთ.
მე და ქეთინო სახლში დავბრუნდით და ჩვეულებრივი ცხოვრება განვაგრძეთ. ორი დღის შემდეგ მინისტრმა მიხმო და მითხრა:
– კოტე, როგორ მიდის საქმეები?
– ნორმალურად, ბატონო მინისტრო.
– ბიჭების საბრძოლო მომზადების საქმე?
– როგორც ყოველთვის, შესანიშნავად.
– კოტე, გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლეს დღეებში ოპოზიციური პარტიები ფართომასშტაბიან გამოსვლებს გეგმავენ და პროვოკაციების მოწყობა უნდათ. ამიტომ შენ და შენი ბიჭები სრულ მზადყოფნაში უნდა იყოთ.
– სრულ მზადყოფნაში ვართ.
– ძალიან კარგი: სწორედ ეს მაინტერესებდა. ახლა კი წადი და სრულ ნდობას გიცხადებ, როგორც ჩემს უახლოეს, ერთგულ თანამშრომელს.
მინისტრის სიტყვები გულზე მომხვდა. თავი უკანასკნელ ნაძირალად ვიგრძენი. მხოლოდ ის მანუგეშებდა, რომ მოღალატეობაზე იმიტომ მივდიოდი, ჩემი ერთადერთი ვაჟის სიცოცხლე შემენარჩუნებინა.
ორი დღის შემდეგ თბილისში ფართომასშტაბიანი გამოსვლები დაიწყო. ვითომ მშვიდობიანმა მომიტინგეებმა ქალაქის ცენტრი ფრონტის წინა ხაზს დაამსგავსეს. ამტვრევდნენ და ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას. წვავდნენ სკამებსა და სანაგვეებს. ისროდნენ ქვებს, სხვა მძიმე საგნებსა და მოლოტოვის კოქტეილებს. პოლიციას ორი საპატრულო მანქანა დაუწვეს. დაზარალდა ათეულობით პოლიციელი და რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ერთი სიტყვით, სიტუაცია აბსოლუტური ქაოსისკენ მიდიოდა.
მინისტრმა ისევ დამიძახა და მითხრა:
– თითქმის უკონტროლო სიტუაციაა და სანამ მთელი ქალაქი არ გადაუბუგავთ, შენ და შენი ბიჭები უნდა ჩაერთოთ.
– მზად ვართ, ბატონო მინისტრო და მხოლოდ თქვენს ბრძანებას ველოდებით.
– ჩათვალე, რომ ბრძანება გაცემულია. წადით და იმოქმედეთ. მაგრამ ძალიან პროფესიონალურად. იცოდე, რომ, ორი „ტრუპი“ არაფერში გვჭირდება. ხვდები, ხომ, რას ვგულისხმობ?
– დიახ, ბატონო მინისტრო. ყველაფერი რიგზე იქნება. სრული სიფრთხილითა და პროფესიონალიზმით ვიმოქმედებთ. ნება მიბოძეთ, წავიდე და ვიმოქმედო.
– წადი და იმოქმედე! – მითხრა მინისტრმა და გამომისტუმრა.
მე და ჩემმა რაზმმა, საკმაოდ მალე ჩავაწყნარეთ ზღვარგადასული განუკითხაობა. მიჩმორებულმა პოლიციამ კი ძალები მოიკრიბა. გონს მოეგო და რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. მიტინგების მუხტი დაეცა და ყველაფერი სტაბილიზაციისკენ მიდიოდა. მომიტინგეები, ფაქტობრივად, დაშლილები იყვნენ და იმდენი ადამიანიც აღარ იკრიბებოდა, რომ გამზირი გადაეკეტათ. მინისტრი გახარებული იყო. თავისთან მიხმო და მითხრა:
– ყოჩაღ, კოტე! ძალიან სუფთად იმუშავეთ და ბიჭებს გადაეცი, რომ პრემიებს მიიღებენ. შენ კი ორდენზე წარგადგენ.
– გმადლობთ, ბატონო მინისტრო. ვემსახურები საქართველოს!
– დიდი მადლობა პატიოსანი და პროფესიული სამსახურისთვის, პოლკოვნიკო. სამშობლო ამ სიკეთეს არ დაგივიწყებს.
– გმადლობთ, ბატონო მინისტრო. ნება მიბოძეთ, წავიდე.
– ნახვამდის, კოტე, – მითხრა მინისტრმა და კაბინეტიდან გამომისტუმრა.
უფრო მეტად დაბინძურებული გულით გამოვედი მინისტრის კაბინეტიდან. ვიცოდი, რომ მიტინგების ტალღა აუცილებლად აიწევდა და ჩემი ვარაუდით, უკვე მომთხოვდნენ ოპოზიციის მხარეზე გადასვლას. ფსიქოლოგიურად ასეთი რამ ძალიან მძიმე გადასატანია. როცა იცი, რომ უსაზღვროდ გენდობიან და შენი იმედი აქვთ, მაგრამ ისიც იცი, რომ სულ მალე მოღალატე უნდა გახდე და ყოველგვარ ღირსებას გადააბიჯო, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, მხოლოდ და მხოლოდ ის მანუგეშებდა, რომ ამ ნაძირლობას ჩემი ერთადერთი ვაჟის სიცოცხლის გამო ჩავდიოდი.
მომდევნო ორ დღეში მიტინგების მუხტი საგრძნობლად აიწია. როგორც გაირკვა, საზღვარგარეთიდან დიდი დაფინანსება წამოვიდა არეულობის მოსაწყობად. საკმაოდ გავლენიანი უცხოური სტრუქტურები ათასკაციან ჯგუფს ყოველდღიურად მილიონ ლარს, ანუ ათას-ათას ლარს უხდიდა თითოეულ წევრს, არეულობისა და პროვოკაციების მოსაწყობად. ამიტომ, ეგრეთ წოდებული, ლიბელარ-დემოკრატები, სინამდვილეში კი პროვოკატორ-რადიკალები, ყველა სიბინძურეზე მიდიოდნენ. ერთ-ერთი მიტინგის დროს ოციოდე წლის გოგონა ჩვენი კორდონისკენ გამოქანდა და როგორც დანა ქარქაშში, ისე შემოსრიალდა. შემდეგ, სხეულზე ჩამოკიდებულ ცელოფანს ხელი ჩამოკრა, ასფალტზე დაეცა და სხეულზე ბენზინი გადაესხა, რომელიც ცელოფანში ჰქონდა. ბოლოს, სანთებელა მოიმარჯვა, რომ თითი ჩამოეკრა. იქვე ვიდექი, არ დამიყოვნებია, ვეფხვივით გადავხტი და სანთებელა წავართვი, რომ ნაპერწყალს ბენზინი არ აეფეთქებინა. რომ მოესწრო, ჩემს ხუთ მებრძოლს, როგორც მინიმუმ, 70 პროცენტით დაუწვავდა სხეულს. გოგონა 18-19 წლის თუ იქნებოდა, ძალიან ლამაზი და ტანწერწეტა. ეტყობოდა მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მარიხუანა მხოლოდ გვირგვინი იყო ამ ტვინგამორეცხვისა, რაც მას და მის თანატოლებს დამართეს. ამ ახალგაზრდების ქმედებებს მყარი, მაგრამ ცრუ იდეოლოგიური საძირკველი ჰქონდა, რომელსაც მსუყე დაფინანსება ამყარებდა და „გმირობისკენ“ კი მათ უბიძგებდა მძლავრი ფსიქოლოგიური დამუშავება და სხვადასხვა მიმართულების ნარკოტიკული ნივთიერებები, რომლებიც სპეცსამსახურების ლაბორატორიებში იყო მიღებული და საიმედოდ გამოცდილი ცოცხალ ადამიანებზე, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში... ეს ლამაზი, გონებადაბინდული გოგონა კიდევ კარგა ხანს იმყოფებოდა ეიფორიაში, ზომბირებულ მდგომარეობაში და ტვინში მყარად ჩაბეჭდილ „დემოკრატიულ“ ლოზუნგებს იმეორებდა. აგრეთვე იმანჭებოდა, იგრიხებოდა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებით უკიდურესად უხამს ჟესტებს გვიჩვენებდა. ამ შემთხვევამ ძალიან შემაშინა, რადგან მივხვდი, რომ ვილისა და მის პატრონებს რაღაც საშინელება ჰქონდათ ჩაფიქრებული და ჩემი უბრალო ღალატით არ დაკმაყოფილდებოდნენ. ეს ლამაზი, საბრალო გოგონა ექიმებთან მივიყვანეთ, მათ გასინჯეს და წინასწარი დიაგნოზი დაუსვეს – მოკლევადიანი ფსიქიკური აშლილობა.
– ეს ეიფორია, მაქსიმუმ, 2 საათში გაუვლის ამ საბრალოს, – მითხრა ხანში შესულმა ექიმმა, რომელმაც გოგონა გასინჯა.
გოგონა საკაცეზე გვყავდა მიბმული, რადგან ცდილობდა, გაქცეულიყო და მისი პირიდან ყოვლად ბინძური სიტყვები ამოდიოდა ჩვენი და მთავრობის მისამართით. მის შემხედვარე ექიმს ვუთხარი:
– ასე უნდა გყავდეთ დაბმული, სანამ არ გაჩერდება?
– დამამშვიდებელს გავუკეთებ და დაეძინება. შემდეგ კი ნევროლოგიურ განყოფილებაში გადავიყვან. რომ გაიღვიძებს, გამოიკვლევენ და თუ რაიმე გართულება არ ექნა, რაც არ მგონია, სახლში გაუშვებენ.
– ან ციხეში, – დაამატა ექიმის სიტყვებს საპატრულო პოლიციის ოფიცერმა.
– დიახ, ექიმო, სწორედაც რომ, ციხეში. ამ მოქალაქემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, თავს დაესხა სამართალდამცავებს, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და რომ არა ბატონი პოლკოვნიკის (ოფიცერმა ჩემზე მიანიშნა ექიმს) პროფესიონალიზმი, დიდი უბედურება მოხდებოდა. ყველაფერი თავიდან ბოლომდე ვიდეოკამერაზეა დაფიქსირებული და მყარი მტკიცებულებები გვაქვს.
– „დურა ლექს, სედ ლექს“ (კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია), – თქვა ექიმმა ლათინურად და გოგონას შეხედა. პოლიციის ოფიცერმა კი თავი დააქნია და დაამატა:
– დურაა და სულელი ეს საცოდავი, აბა, რა? ასეთი ლამაზი გოგონა ბევრ შვილს უნდა აჩენდეს და ნორმალურად ზრდიდეს, მიტინგებზე კი არ უნდა დარბოდეს, კაიფში იყოს და ტერორს ახორციელებდეს.
პოლიციის ოფიცრის მიერ ლათინური ფრაზის არასწორ ინტერპრეტაციაზე გუნებაში გამეცინა. შევატყვე, რომ ექიმიც ჩემს დღეში იყო.
საკაცეზე მიბმულმა ლამაზმა გოგონამ კი უცებ კონვულსიები შეწყვიტა და პოლიციის ოფიცერს დასჭყივლა.:
– დებილო, კრეტინო, მართლა დურაკო და უწიგნურო სულელო! ექიმმა ლათინური ფრაზა თქვა კანონის სიმკაცრეზე და არა დურაო – ჩემზე.
მე და ექიმმა ერთმანეთს ღიმილით შევხედეთ და ექიმმა მითხრა:.
– როგორც ეტყობა, გონზე მოდის.
– როგორც ეტყობა, – დავუდასტურე ექიმს.
პოლიციის ოფიცერმა კი ამრეზით შეხედა ლამაზ გოგონას და უთხრა:
– ვირის აბანოში რომ გამოგამწყვდევენ, მერე გვიძახე დებილები და კრეტინები, შე ტერორისტო. ყველაფერი ფირზე გვაქვს გადაღებული და სასამართლოში ამტკიცე, უდანაშაულო ვარო.
ლამაზმა გოგონამ პოლიციის ოფიცრის სიტყვებზე მხოლოდ სახე დაჯღანა და მისთვის პასუხი არ გაუცია. ექიმს შეხედა და უთხრა:
– ამხსენით, ექიმო.
ექიმმა უხმოდ დაიწყო ლამაზი გოგონას თხოვნის შესრულება და პოლიციის ოფიცრის პროტესტის მიუხედავად, რომელმაც წამოიძახა, – არავითარ შემთხვევაშიო, – ლამაზ გოგონას საკაცის სალტეები შეხსნა. გოგონა საკაცეზე ჩამოჯდა. ხელები მოიფშვნიტა, ყველანი შეგვათვალიერა, მზერა ჩემზე შეაჩერა და მითხრა:
– მშია. იქნებ მაჭამოთ რამე?
– ციხეში გაჭმევენ ბალანდას, – უთხრა გოგონას პოლიციის ოფიცერმა. მე კი მას ვანიშნე, გაჩერებულიყო და გოგონას ვკითხე:
– სენდვიჩს მიირთმევთ?
– დიახ, თუ არ შეწუხდებით.
– ახლავე მოგართმევთ, – ვუთხარი გოგონას და სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადავედი. პოლიციის ოფიცერი გავიხმე და ვკითხე:
– რას აპირებთ ამ გოგონასთან დაკავშირებით?
– წესისამებრ ვიმოქმედებთ, ბატონო პოლკოვნიკო: დავაკავებთ და ყველა მტკიცებულებას, პოლიციაში აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, სასამართლოს გადავცემთ, – თანამიმდევრულად მიპასუხა ოფიცერმა.
– ჯერჯერობით თავი უნდა შევიკავოთ ამ ამბის გახმაურებისგან. მინისტრი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მთელი ვიდეომასალა გადმომცეთ. იმავდროულად, არავის არაფერი მოუყვეთ და არც ჟურნალისტებთან გააკეთოთ კომენტარი, – ვუთხარი პოლიციის ოფიცერს. შემდეგ მას ვიდეომტკიცებულებები გამოვართვი და გავისტუმრე. შემდეგ ჩვენი უწყების მანქანიდან ოთხი ცალი სენდვიჩი ავიღე. გოგონას მივუტანე და ვუთხარი:
– მიირთვით.
გოგონამ ორი სენდვიჩი გემრიელად შეჭამა. ამასობაში მიტინგის მუხტი თითქმის ნულამდე დავიდა და პროტესტანტებმა დაშლა დაიწყეს. გოგონამ კი მადლობა გადამიხადა, სიგარეტი გააბოლა და მოწევა რომ დაასრულა, ნამწვავი ჯიბეში ჩაიდო და მითხრა:
– კაპეზეში თქვენ წამიყვანთ?
– დიახ. მე წაგიყვანთ, ოღონდ სახლში. სად ცხოვრობთ?
– აქვე, მთაწმინდაზე, ორასიოდე მეტრში.
ჩემი ხელქვეითები ჯერ კიდევ გამზირზე იყვნენ განლაგებული. ჩემს მოადგილეს ვუთხარი, რომ უჩემოდ ბაზაზე დაბრუნებულიყვნენ. შემდეგ მანქანა გამოვიყვანე. ლამაზი გოგონა ჩავისვი და დავიძარით.
– ბატონო კოტე, ფეხით უფრო მალე მივიდოდით.
– მიცნობთ? – გამეცინა.
– თქვენ ვინ არ გიცნობთ?!
– მანქანით უფრო საიმედოა. არ გაგიგონიათ: შორი გზიდან მოუარე და შინ მშვიდობით მიდიო?
– გეშინიათ ფეხით სიარულის?
– შეშინებულს ვგავარ?
– „კაპეზეში“ რატომ არ წამიყვანეთ?
– თქვენი სახელი?
– მაკა.
– ჩემო მაკა, ჩემო ძვირფასო, „კაპეზეთი“ ყოველთვის ვერ გადაჭრი პრობლემას. მოდი, ჯერ სხვა მეთოდი ვცადოთ და იქნებ გაამართლოს?
– რომ არ გაამართლოს?
– მაშინ – „კაპეზე“, თუმცა ეს პრობლემას არ გადაწყვეტს, ტერორსა და თავდასხმებს უკურეაქცია მოჰყვება და სწორედ ეს სურთ ჩვენი ქვეყნის მტრებს.
– თუკი სხვა გზას არ გვიტოვებენ?
– მაკა, ძვირფასო, დღეს ყველას ძალიან გაგვიმართლა. თქვენ, მე და რაც მთავარია, ქვეყანას. რომ არ მომესწრო სანთებელის წართმევა, თქვენ ხომ დაიწვებოდით და სული არ შეგრჩებოდათ, მინიმუმ, ხუთ ადამიანსაც გაგვიყოლებდით და ქვეყანა საშინელებას არ ასცდებოდა. მეთანხმებით?
– გეთანხმებით, – დამიდასტურა მაკამ.
ამასობაში მაკას სახლთან მივედით. გოგონა მანქანიდან გადავიდა. მადლობა გადამიხადა და სადარბაზოში შევიდა. ავტომობილი დავძარი და სამინისტროსკენ ავიღე გეზი. ხუთასიოდე მეტრი რომ გავიარე. ვილიმ დამირეკა და დიღმის მასივში, ბაზასთან მდებარე სკვერში მისვლა მთხოვა.
– ათ წუთში მოვალ, – ვთქვი და სისწრაფეს მოვუმატე.
ვილი სკამზე იჯდა. გვერდით მივუჯექი და მითხრა:
– მიიყვანეთ მაკა სახლში?
– დიახ, – დავუდასტურე ვილის.
– ძალიან სამწუხაროა, – თავი გააქნია ვილიმ.
– რას გულისხმობთ, რა არის სამწუხარო? – ვკითხე ვილის
– ის, რომ მაკამ სამშობლოსთვის თავგანწირვა ვერ მოასწრო. ამაში თქვენ შეუშალეთ ხელი.
ვილის სიტყვების გამო მზად ვიყავი, მისთვის კისერი მომეტეხა, მაგრამ გავუღიმე და ვუთხარი.
– სამწუხაროა.
– ეგ არაფერი. თქვენივე შეცდომას თქვენვე გამოასწორებთ. სამ დღეში პროტესტის მუხტი პიკს მიაღწევს. ღამის 2-3 საათისთვის ათამდე ახალგაზრდა „მოლოტოვის კოქტეილებს“ მოუღერებს თქვენს ხელქვეითებს. თქვენ კი მათ ავტომატური ცეცხლი უნდა გაუხსნათ.
– რა ბრძანეთ?
– თქვენ მათ ავტომატური ცეცხლი უნდა გაუხსნათ. დახოცვა აუცილებელი არაა. საკმარისია, ფეხები მოუცელოთ. იარაღს შესრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღებთ.
– მაინცდამაინც ასე მოქმედებაა საჭირო?
– დიახ. და, ამას წყალი არ გაუვა. გახსოვდეთ, რომ თქვენი ვაჟის ბედი თქვენს ხელთაა და სხვა შანსი აღარ გექნებათ. გასაგებია?
– გასაგებია, – ვუთხარი ვილის და წამოვედი.
დიღმიდან სახლამდე ძალიან სწრაფად მივედი და მანქანა ავტოფარეხში დავაყენე. შემდეგ ტანისამოსი გამოვიცვალე და პირდაპირ მინისტრთან მივედი. წერილით უსაფრთხო ადგილზე გამოვიხმე და როდესაც ის გოგირდის აბანოს რიგით ნომერში მოვიდა, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
– ცოტა არ იყოს, ეს ყველაფერი ფანტასტიკას ჰგავს, – მითხრა მინისტრმა.
– თქვენი მეუღლის ძმისშვილის მოულოდნელი ავადობა და სასწაულებრივი გამოჯანმრთელება გაიხსენეთ. ხომ გითხარით, რომ ეს ამბავი ჩემს დასარწმუნებლად მოაწყვეს, – ვუთხარი მინისტრს.
– კრიტიკული სიტუაციაა. რა თქმა უნდა, ჩვენ დემონსტრანტების დაცხრილვას ვერ დავუშვებთ, ამიტომ, თქვენი ვაჟის გამოსაჯანმრთელებელი წამალი უნდა ვიშოვოთ, თანაც, მაქსიმუმ, უახლოეს 48 საათში.
– დიახ, სწორედ მასეა, – ვუთხარი მინისტრს და დავაყოლე, – წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ერთადერთი ვაჟი პერმანენტულ კომაში იქნება.
– ნუ გეშინია, გადავარჩენთ. არის ერთი საშუალება და ვფიქრობ, გაამართლებს.
– რა საშუალება, ბატონო მინისტრო?
– რუსები, ჩემო კოტე, რუსები. ისინი თუ გვიშველიან. დღესვე დავუკავშირდები მათ და დახმარებას ვთხოვთ, უფრო სწორად, შენ სთხოვ. მოემზადე, მოსკოვში უნდა გადაფრინდე და საჭირო ადამიანებს შეხვდე.
– მზად ვარ, ბატონო მინისტრო.
ჭრელი აბანოდან „სუფთა“ მანქანით ცხინვალში გავქანდი. „კაპეპეზე“ დაუბრკოლებლად გამატარეს. რუსულ სამხედრო ბაზაზე კი უკვე მელოდნენ და იქიდან სამხედრო თვითმფრინავით მოსკოვში გადამაფრინეს. წინასწარ გამზადებული ავტომობილით კი „ეფესბეს“ შტაბ-ბინაში, ლუბიანკაზე მიმიყვანეს და მესამე სართულზე, გენერლის კაბინეტამდე მიმაცილეს. შუახნის გენერალს, ვიქტორ პეტროვიჩი ერქვა. მან სავარძელი შემომთავაზა, დაბრძანდიო. თავადაც მოკალათდა და მითხრა:
– გისმენთ, პოლკოვნიკო. ბრძანეთ, რა გნებავთ.
ვიქტორ პეტროვიჩს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ბოლოს ვუთხარით:
– ჩემმა მინისტრმა მითხრა, რომ დიდი ალბათობით, თქვენ შეგიძლიათ ჩემი დახმარება.
– დიდი ალბათობით კი არა და ასი პროცენტით შეგვიძლია თქვენი დახმარება. ამიტომ, ნუ დარდობთ. ყველაფერი რიგზე იქნება. თქვენთან კი მხოლოდ ერთი თხოვნა გვექნება და თუ შეგვისრულებთ, ძალიან დაგვავალებთ. თუ უარს იტყვით, თქვენს ვაჟს მაინც ვუშველით და თქვენი უარი ამაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
– ბრძანეთ, ბატონო გენერალო, რა უნდა მთხოვოთ.
– ჩემი თხოვნაა, რომ პირველი ინტერვიუ რუს ჟურნალისტს მისცეთ და ყველაფერს დაწვრილებით მოუყვეთ. ხოლო რომ გკითხავთ, თქვენი ვაჟის ფეხზე დასაყენებელი საშუალება ვინ მოგცათო, უთხრათ, მეგობრებმაო და რუსეთი არ ახსენოთ.
– ვერ დაგეთანხმებით, ვიქტორ პეტროვიჩ. მე მგონი, სწორედ რომ, უნდა ვახსენო და არა ერთხელ.
– ესე იგი, თანახმა ხართ, რომ ექსკლუზივი მოგვცეთ?
– რა თქმა უნდა.
– ძალიან კარგი და რუსეთიც არ ახსენოთ.
– თუ ასე დაჟინებით მთხოვთ, არ ვახსენებ.
– კარგი, შევთანხმდით. დანარჩენს თქვენი მინისტრი გეტყვით და როგორც კი არნოლდ მენის გეგმა ჩაიფუშება, თქვენი ვაჟი ფეხზე დადგება, სრულიად ჯანმრთელი. ეს რომ დროზე ადრე გავაკეთოთ, გავიშიფრებით.
– არნოლდ მენი ვინაა, ბატონო გენერალო?
– არნოლდი? ანუ ვილი, ის, ვინც თქვენს ქვეყანაში მთავრობის დამხობას გეგმავს.
თბილისში რომ დავბრუნდი, მინისტრს უსაფრთხო ადგილზე შევხვდი. მან რამდენიმე ძალიან სანდო ადამიანთან ერთად თათბირი ჩაატარა, ბოლოს კი მითხრა:
– ვინც ავტომატს გადმოგცემს, სწორედ ისაა ვილის დიდი ნდობით აღჭურვილი პირი და მას ადგილზევე აიყვანენ ჩვენი სპეცები.
ვილის სიტყვები გამართლდა და მიტინგების პიკმა კულმინაციას მიაღწია. ღამის 2 საათი იყო. გამზირზე ახალგაზრდების ჯგუფი გამოჩნდა, რომლებსაც მოლოტოვის კოქტეილების ბუტაფორია უნდა ამოეღოთ და მე კი ისინი დამეცხრილა.
– ბატონო პოლკოვნიკო, ერთი წუთით! – მითხრა ჩემმა მოადგილემ და გვერდზე გამიხმო.
– ჰო, გისმენ, – ვუთხარი მე და შეფუთულ საგანს დავხედე, რომელიც მას ეჭირა
– აი, გამომართვით, – ავტომატია, – მითხრა ჩემმა მოადგილემ.
ჩემს მოადგილეს ხვეული გამოვართვი და გავხსენი. ავტომატი შევათვალიერე და უცბად ჩემს მოადგილეს კონდახი ყბაში ვთხლიშე. ის ძირს დავარდა, მე კი ზურგსუკან ხელბორკილებიც დავადე და ოპერატიულმა ჯგუფმა ის დახურულ მანქანაში შეაგდო. იმავდროულად, მეორე ოპერატიულმა ჯგუფმა არნოლდ მენი, იგივე ვილი, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში დააპატიმრა და დახურული მანქანით სამინისტროში წაიყვანეს. გამზირზე კი ჩემმა ხელქვეითებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. იქაურობა მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს და სახლში რომ მივედი, ჩემი ნოდიკო საღსალამათი დამხვდა.
არნოლდ მენი უცხოეთის მოქალაქე იყო, დიპლომატიურ მისიაში მუშაობდა და ყოველგვარი აფიშირებისა და სკანდალის გარეშე გააძევეს ქვეყნიდან. ჩემი მოადგილე კი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ძალის გადამეტების მუხლით, პასუხისგებაში მისცეს. მალე საპროტესტო ტალღა ნულამდე დაეცა და სანამ სიტუაცია განეიტრალდა, ყველამ ბეწვის ხიდზე გავიარეთ.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან