რომანი და დეტექტივი

ბერილის გვირგვინი

№14

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 17.04, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #13(1109)

წარბებშეყრილი შერლოკ ჰოლმსი რამდენიმე წამს ხმაამოუღებლად იჯდა და თვალები ცეცხლისათვის მიეშტერებინა.

– სტუმრები ხშირად გყავთ? – ჰკითხა მან მისტერ ჰოლდერს.

– არა, ხანდახან ჩემი კომპანიონი შემოივლის ხოლმე თავისი ცოლ-შვილით ან ძალიან იშვიათად ართურის მეგობრები თუ მოგვინახულებენ. ამ ბოლო დროს სერ ჯორჯ ბარნველი იყო რამდენჯერმე. მეტი არავინ მაგონდება.

– როგორც თქვენ მოყევით, ძმის შვილმა მერიმ გვირგვინის ამბავი რომ შეიტყო, ელდა ეცა და გონი დაკარგა, არა?

– დიახ, მასზე ამ ამბავმა საშინლად იმოქმედა.

– ნამდვილად იყო თუ არა დამნაშავე თქვენი შვილი ამ ამბავში, ეჭვი არ შეგპარვიათ?

– ეჭვი როგორღა შემეპარებოდა, როცა გვირგვინი მის ხელში საკუთარი თვალით ვიხილე.

– ეს დანაშაულის პირდაპირი დამამტკიცებელი საბუთი არ არის. გარდა მოტეხილი ქონგურისა, გვირგვინზე სხვა რამე დაზიანებაც ხომ არ შეგიმჩნევიათ?

– დიახ, შევნიშნე, რომ გაღუნული იყო.

– ხომ არ გიფიქრიათ, რომ თქვენს შვილს მხოლოდ გაღუნული გვირგვინის გასწორება ეწადა?

– ღმერთმა დაგლოცოთ მაგ კარგი განზრახვისათვის! თუ უცოდველია, რატომ დუმს და არაფერს ამბობს?

– თქვენ ძალიან უბრალოდ ჭრით და კერავთ, ჩემთვის კი ეს საქმე მეტად რთული და დახლართული მოჩანს. აბა, კარგად დაუფიქრდით – თქვენმა შვილმა დიდი რისკი გასწია, საწოლიდან ადგა, თქვენს ოთახში შეიპარა, საწერი მაგიდის უჯრა მორგებული გასაღებით გააღო, გვირგვინი აიღო, ქონგური ძალით ჩამოატეხა, ოცდაცხრამეტიდან სამი ბერილის ქვა ამოაძრო და ნაპარავი ისე მოხერხებულად დამალა, რომ მისი პოვნა ვეღარავინ შეძლო, მერე დანარჩენი ოცდათექვსმეტი ბერილი ისევ თქვენს ოთახში დააბრუნა და არც იმის შეშინებია, რომ იქ თავზე წამოადგებოდნენ. განა ყოველივე ეს ლოგიკური აზროვნების შედეგია?

– აბა, რა და როგორ მოხდა? – წამოიყვირა სასოწარკვეთილი ხმით მისტერ ჰოლდერმა.

– თუ შეგიძლიათ, მისტერ ჰოლდერ, სთრითემში ერთად წავიდეთ და რამდენიმე საათი წვრილმანი ამბების შესწავლაზე დავკარგოთ.

ჰოლმსმა სახლის კართან მიგვატოვა და თვითონ სახლის ირგვლივ შემოვლას შეუდგა. მე და მისტერ ჰოლდერი სასტუმრო ოთახში შევედით და ბუხრის წინ დავსხედით. ცეცხლს ვეფიცხებოდით და უხმოდ ვისხედით, როცა კარი გაიღო და ახალგაზრდა ლედი ფეხაკრეფით შემოვიდა. იგი საშუალოზე ოდნავ მაღალი იყო, მშვენიერნაკვთებიანი, შავთვალა და შავთმიანი. თმა და თვალები უფრო შავი, ალბათ, იმიტომ მოუჩანდა, რომ თვითონ ფერმკრთალი იყო. ექიმი კაცი ვარ და არ მახსოვს, ასეთი ფერმიხდილი ქალი სადმე მენახოს. ტუჩებიც გაფითრებული და ფერდაკარგული ჰქონდა, თვალები კი ნამტირალევი და ჩაწითლებული. მის მერი ჰოლდერი ძლიერი ნებისყოფის პატრონი და ღვთისაგან უზომო თავშეკავების ნიჭით დაჯილდოებული ქალი უნდა ყოფილიყო. ისე ამიარა გვერდი, ვითომ იქ არ ვყოფილიყავი, პირდაპირ თავის ბიძას მიეახლა და თავსა და თმაზე ხელი ნამდვილი ქალური ალერსით გადაუსვა.

– ართურის გათავისუფლების ბრძანება უკვე გაეცით, მამა? – ჰკითხა მისტერ ჰოლდერს, – მე დარწმუნებული ვარ, რომ ართური უცოდველია, შენ ხომ იცი, მამა, ქალის გუმანი. დარწმუნებული ვარ, რომ მას ცუდი არაფერი ჩაუდენია და მერე თქვენი საქციელი სანანებლად გაგიხდებათ.

– ძიებას მანამ არ შევაწყვეტინებ, ვიდრე ბერილებსა და ქონგურის ნატეხს არ ვიპოვი. შენ ართურის სიყვარულით ხარ დაბრმავებული და იმას კი ვერ ამჩნევ, ამ ამბავს ჩემთვის რა საშინელი შედეგის მოტანა შეუძლია. ლონდონიდან სპეციალურად ჩამოვიყვანე კაცი, რომ ძიება ბოლომდე მიიყვანოს.

– ეს ჯენტლმენი? – იკითხა მერიმ და ჩემკენ შემობრუნდა.

– არა, მისი მეგობარი. მან გვთხოვა, მარტო დამტოვეთო და დავტოვეთ. თვითონ საჯინიბოსკენ წავიდა.

– საჯინიბოსკენ? – მერიმ წარბები მაღლა ასწია, – ნეტავ, საჯინიბოში რისი პოვნის იმედი აქვს? დარწმუნებული ვარ, სერ, რომ თქვენ ჩემს ბიძაშვილს სიმართლეს არ დაუკარგავთ და მის უდანაშაულობას დაამტკიცებთ. ჩემი ბიძაშვილი ამ საქმეში უცოდველი კრავია.

– მე ვიზიარებ თქვენს რწმენას, – წარმოთქვა ჰოლმსმა და ფეხსაცმლიდან თოვლი დაიბერტყა. – თქვენ კი მის მერი ჰოლდერი უნდა იყოთ. ნება მომეცით, ზოგი რამ გკითხოთ.

– წინა საღამოს კარებისა და ფანჯრების დარაბები თქვენ დახურეთ. როგორ გახსოვთ, ღია ხომ არაფერი დაგიტოვებიათ?

– არა.

– ამ დილით ყველაფერი ჩარაზული დაგხვდათ?

– დიახ.

– თქვენს მოსამსახურე ქალიშვილს ჰყავს სატრფო. ბიძათქვენს უთხარით, რომ მოსამსახურე სატრფოსთან შესახვედრად სახლიდან გავიდა.

– დიახ და უფრო მეტიც. იმ გოგონამ, ჩვენ რომ ყავას ვსვამდით და ბიძაჩემი გვირგვინზე გველაპარაკებოდა, ფეხი აითრია და ჩემი აზრით, შეეძლო, გვირგვინის ამბისთვის ყური მოეკრა. დაბლა ჩამოვედი, მინდოდა, შემემოწმებინა, კარი დაკეტილი იყო თუ არა. სწორედ მაშინ შევნიშნე ლუცი. ჩუმად მოძვრებოდა სამზარეულოსკენ. მასთან ერთად ბნელში კაციც დავინახე.

მემწვანილე ფრენსის პროსპერი იყო. ჩვენთან ხშირად დააქვს ბოსტნეული.

– ფრენსის პროსპერს ხის ფეხი აქვს, არა?

ქალის შავ თვალებში თითქოს შიშმა გაიელვაო, ისე მომეჩვენა.

– თქვენ რა, ჯადოსანი ხართ? – თქვა მან, – საიდან იცით, რომ ფრენსის პროსპერს ხის ფეხი აქვს? – მერე გაეცინა, მაგრამ ჰოლმსის გამხდარ, ენერგიულ სახეზე საპასუხო ღიმილის ნატამალი არ არეკლილა.

– ახლა კი მაღლა სართულზე ავიდეთ, – თქვა მან.

ბანკირის კუთვნილი ოთახი პატარა იყო და ძალიან უბრალოდ მოწყობილი. ჰოლმსი საწერ მაგიდასთან მივიდა და საკეტს დააკვირდა.

– რომელი გასაღებით გააღეს? – იკითხა მან.

– იმით, რომლითაც ჩემი შვილი აღებდა ხოლმე. ჭურჭლის განჯინის გასაღებით, საკუჭნაოში რომ დგას.

შერლოკ ჰოლმსმა გასაღები აიღო და საწერი მაგიდის უჯრა გააღო.

– ძალიან უხმაუროდ იღება, – თქვა მან. – არც მიკვირს, რომ, როცა გააღეს, ვერაფერი გაიგეთ. გვირგვინი ამ ყუთშია, არა? უნდა ვნახოთ, – მან ყუთი გახსნა,

გვირგვინი ამოიღო და მაგიდაზე დადო. გვირგვინი მართლაც ოქრომჭედლური ხელოვნების ნიმუში გახლდათ და იმ ოცდათექვსმეტი ძვირფასი ბერილის ქვის მსგავსი მშვენება არც მინახავს! გვირგვინს ერთი ქონგური ჩამოტეხილი ჰქონდა.

– მისტერ ჰოლდერ, მადლობა ღმერთს, გვირგვინს ქონგურები კიდევ აქვს შერჩენილი, იქნებ რომელიმე მათგანის მოტეხვა შეძლოთ.

შეშინებული ბანკირი უკუიქცა.

– მაშინ, მე უნდა ვცადო. – ჰოლმსმა ღონივრად მოსწია ქონგური თავისკენ, მაგრამ უშედეგოდ, – ვგრძნობ, რომ ჩვეულებრივი კაცი ქონგურს ვერ მოამტვრევს. ვთქვათ და, მოვატეხე, მისტერ ჰოლდერ, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უხმაუროდ მოხდება? ამისი მოტეხის ხმაური ტყვიის გასროლის ხმის მაგვარი იქნება. თქვენ კი გინდათ, დამარწმუნოთ, რომ ეს თქვენი საწოლიდან ორ ნაბიჯზე მოხდა და ვერაფერი გაიგონეთ? ამ საქმის ძიებაში ჭეშმარიტად ღმერთი გვწყალობს და თუ მაინც ვერა გავიგეთ რა და დამნაშავე ვერ გავთოკეთ, ჩვენი საკუთარი უთავობის ბრალი იქნება. მისტერ ჰოლდერ, რაც სანახავი და გამოსაკვლევი იყო, კიდეც ვნახე და კიდეც გამოვიკვლიე. ახლა უმჯობესია, ჩემს სახლში დავბრუნდე და იქიდან გემსახუროთ.

– მაგრამ სად არის ძვირფასი ქვები, მისტერ ჰოლმს, სად?

– ვერ გეტყვით! – მშვიდად უთხრა ჰოლმსმა.

– თქვენ ხომ დამაიმედეთ?

– ჩემი შეხედულება მე არც შემიცვლია. თუ ხვალ დილით, ცხრა საათიდან ათამდე ბეიკერ-სთრითზე მომაკითხავთ, მგონი, თქვენს კითხვაზე უფრო გარკვეული პასუხის მოცემა შემეძლება.

* * *

მისტერ ჰოლდერი უფრო დაღლილი, ძალაგამოცლილი და დაქანცული ჩანდა, ვიდრე წინადილით იყო. იგი მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში, რომელიც ახლოს მივუწიე.

– სიბერეში სასჯელად მარტოდმარტო ცხოვრება მომესაჯა. ერთ უბედურებაზე მეორეც მომემატა. ახლა მერიმ მიმატოვა. წუხელ, დაძინების წინ, განა მრისხანემ, მხოლოდ მწუხარემ ვუთხარი, შენ რომ ართურს ცოლად გაჰყოლოდი, ასეთი რამ არ შეემთხვეოდა-მეთქი. წერილი დამიტოვა: „ჩემო ძვირფასო მშობელო ბიძავ! ვგრძნობ, რომ დიდ სატანჯველში ჩაგაგდე. მე რომ სხვაგვარად მოვქცეულიყავი, ეს საშინელი უბედურება არ მოხდებოდა. რაკი თავში ეს აზრი მიტრიალებს, თქვენს ჭერქვეშ ბედნიერება აღარ მიწერია. ვგრძნობ, რომ უნდა მიგატოვოთ და ისიც, სამუდამოდ. ჩემი მომავალი ნუ შეგაწუხებთ, იგი უზრუნველყოფილია. და რაც მთავარია, ძებნა ამაოდ არ დამიწყოთ, ამით ცუდ საქმეს გადამკიდებთ სიცოცხლეშიც და სიკვდილის მერეც, თქვენი მოსიყვარულე მერი.“ რას უნდა გულისხმობდეს წერილში ჩემი სათნო ძმისწული, მისტერ ჰოლმს? თვითმკვლელობას ხომ არ ჩაიდენს?

– არა, არა, მაგდაგვარს ის არაფერს მოიმოქმედებს, ეს, ალბათ, ამ ამბის უკეთესი და გონივრული დასასრული გახლავთ. მე მჯერა, მისტერ ჰოლდერ, რომ თქვენი ტანჯვის დასასრული მოახლოვდა.

– რაიმე ახალი ამბავი გაიგეთ? სად არის ჩემი ბერილის ქვები?

– თუ თითოეულ მათგანში ათასი ფუნტი არ დაგენანებათ, მალე ბერილის ქვები ხელთ გექნებათ.

გაოცებულმა ბანკირმა ოთხი ათასი ფუნტის ღირებულების ჩეკს ხელი მოაწერა. ჰოლმსი თავის საწერ მაგიდასთან მივიდა, იქიდან გვირგვინიდან ჩამოტეხილი ოქრო და ბერილის სამი ქვა ამოაძვრინა და ბანკირს წინ დაუწყო...

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი