რომანი და დეტექტივი

ბერძენი ეძებს ბერძენს

№16

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 04.05

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ფრიდრიხ დიურენმატი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #10-15 (1268)

– სად არის ქლოე?

– რაშია საქმე, ჩემო ძმაო? – ვეღარ დაფარა უკმაყოფილება ბიბიმ და სიგარა გააბოლა, – ერთი მითხარი, რა წესია საძინებელ ოთახში დაუკაკუნებლად შემოსვლა. მაგრამ ბიბის სიტყვები პირზე შეაცივდა. ამაღლებული, ნაზი გრძნობებით შეპყრობილი არქილოქოსი მთელი სულითა და გულით მოიჩქაროდა შინისკენ. ქლოესადმი უსაზღვრო ტრფობით ავსებოდა გული, ერთი სული ჰქონდა ენახა იგი. და აი, მოულოდნელად ამ შემზარავი სურათების მოწმე გახდა. თავადაც რომ არ მოელოდა, უეცრად ისეთმა რისხვამ შეიპყრო... ღმერთო, რა სისულელეს სჩადიოდა, წლების განმავლობაში რომ არჩენდა ამ მუქთახორების ოჯახს! ღვიძლმა ძმამ არ დაინდო და ასე უსინდისოდ გაუპარტახა სახლ-კარი. უფრო კი ის აწვალებდა, რომ ქლოე საკუთარი სისულელის წყალობით დაკარგა და მის გულში შურისძიების მძვინვარე გრძნობამ იფეთქა. და აი, ახდა პასაპის წინასწარმეტყველება: არქილოქოსი ბერძნული ომის ღმერთად, არესად იქცა. ნირწამხდარი ბიბი შეშინებული შესცქეროდა ძმის სასწაულებრივ ფერიცვალებას. გაცოფებულმა არქილოქოსმა თვალისდახამხამებაში აიტაცა მავთულის ქანდაკება და პირდაპირ პირისახეში სთხლიშა ძმას, მის საქორწინო სარეცელზე ნებიერად რომ მოკალათებულიყო შიშველ კახპასთან ერთად. ბიბი ღრიალით წამოხტა, მაგრამ დარტყმამ ყბაში უწია და უკანვე გადავარდა. გონს მოეგო თუ არა, კარისკენ გალასლასდა. არქილოქოსის მორიგი დარტყმით დარეტიანებული იქვე, კარებთან ჩაიკეცა. ახლა კი ბიბის საყვარლის ჯერი დადგა. არნოლფი მას თმაში სწვდა, დერეფანში გამოათრია და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მეზღვაურ ბიძიკოს მიახეთქა, ბიბის ყვირილზე საშველად რომ მორბოდა. ორივე ბრაგაბრუგით ჩაგორდა კიბეზე. ხმაურზე ყველა კუთხე-კუნჭულიდან გამოცვივდნენ ჯიბგირები, ქურდები და ავაზაკები. თავისი ძმისშვილები, თეოფილი და გოტლიბი არნოლფმა ხვეული კიბიდან მოისროლა, მერე ერთი კარგა მაგრად მიბეჟა სებასტიანი და მათიასი, ტიტლიკანა მაგდა-მარია კი თავის ჩინელ თაყვანისმცემელთან ერთად ფანჯრიდან ბაღში გადაუშვა. არც დანარჩენებისათვის დაუყრია ხეირი. ჰაერში ზუზუნით დაქროდნენ პროთეზები და სკამის ფეხები; ირგვლივ სისხლის შადრევანი ასხამდა. არქილოქისი, ვინც კი ხელთ მოხვდებოდა, ყველას მუშტებით უმასპინძლდებოდა, ახრჩობდა, ფხაჭნიდა, სილას აწნავდა, პანღურს კრავდა, იატაკზე ანარცხებდა და თავის ქალას უფშვნიდა. არქილოქოსი ეცემოდა და კვლავ დგებოდა. ყოჩაღად იგერიებდა ყველა შეტევას. პირიდან დუჟი გადმოსდიოდა. მთელ ტანზე მინის ნაფშვენები მიჰყროდა. მრგვალ მაგიდას ფარად ხმარობდა. ლარნაკებს, სურათებს და, ასე განსაჯეთ, ჟან-კრისტოფსა და ჟანდანიელსაც კი ყუმბარებივით ისროდა აქეთ–იქით. გააფთრებული ყრიდა ავაზაკებს თავისი გაპარტახებული სახლიდან, ჯიქურ მიიწევდა წინ, ბდღვირს ადენდა ყველაფერს, რაც კი გზაზე ხვდებოდა, თან სართულებიანი გინებით უმასპინძლდებოდა ნაძირლებს. და აი, როგორც იქნა, მარტოდმარტო დარჩა სახლში. იავარქმნილ კედლებზე ჩამოფხრეწილი შპალერი დროშასავით ფრიალებდა, ყინულივით ცივი ქარი სისინებდა და თამბაქოს ბოლს ფანტავდა. არქილოქოსმა ნაძირლების ბრბოს ფარკსის ყუმბარა დაადევნა და აფეთქებამ გაანათა მტრედისფერი ცა. დიდხანს იდგა არქილოქოსი თავისი გაპარტახებული სასახლის შესასვლელთან. დაბინდული თვალები სივრცისთვის მიეპყრო. პირისახე სულ დალილავებული ჰქონდა. საქორწინო ფრაკი ძონძებადღა ეკიდა. სათვალე სადღაც დაკარგოდა.

არქილოქოსმა ქლოეს დაუწყო ძებნა.

– ღმერთო ჩემო, ბატონო არნოლფ, რა დაგემართათ? – მიეჭრა დახლის წინ ატუზულ არქილოქოსს შეშფოთებული ჟორჟეტა.

– ქლოე ვერ მიპოვია ვერსად, – მიუგო არქილოქოსმა და პერნო შეუკვეთა. კაფე ხალხით იყო გაჭედილი. სტუმრებს ოგიუსტი ემსახურებოდა. არქილოქოსმა ჭიქა გამოსცალა და მაშინვე მეორე მოითხოვა. – კი მაგრამ, ყველგან ეძებეთ, სადაც საჭიროა? – ჰკითხა ქალბატონმა ბილერმა. – ყველგან, პასაპთან, ეპისკოპოსთან...

– დამშვიდდით, არსად დაგეკარგებათ ის თქვენი ქლოე, – ანუგეშა ბერძენი ჟორჟეტამ, – ქალები აგრე ადვილად რომ იკარგებოდნენ... ძალიან ხშირად სწორედ იქ აღმოჩნდებიან ხოლმე, სადაც ყველაზე ნაკლებად მოელის კაცი, – ქალბატონმა ბილერმა არქილოქოსს მესამედ შეუვსო ჭიქა პერნოთი.

არქილოქოსს ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ძებნა. შემოირბინა მონასტრები, პანსიონები, კერძო ბინები, მაგრამ ქლოე, თითქოს ცამ ჩაყლაპაო, მის ასავალ-დასავალს ვერსად მიაგნო. არქილოქოსი საათობით დაბორიალობდა თავის სასახლეში, დიდხანს იდგა ხოლმე პარკში შიშველ ხეებქვეშ. რტოები ირხეოდნენ. ცაზე ლეგა ღრუბლები მიიზლაზნებოდა. და აი, ერთ დღეს არქილოქოსი საშინელმა სევდამ შეიპყრო. უცბად საოცრად მოუნდა საბერძნეთში წასვლა, მისი ჟანგისფერი კლდეების, ჩამუქებული მწვანე ჭალებისა და ოცნებადქცეული პელოპონესის ხილვა. ორი საათის შემდეგ უკვე გემზე იყო. მიდამო „იულიას“ საყვირის გაბმულმა ღრიალმა შესძრა. ნისლში ატორტმანებული გემი საკვამურიდან ამოვარდნილი ბოლის ღრუბლებში გაეხვია. სწორედ ამ დროს ნავსადგურში ფარკსის დამქაშებით სავსე ავტომანქანა შემოიჭრა. ჰაერში ტყვიებმა გაიზუზუნა. აშკარად არქილოქოსს უმიზნებდნენ, მაგრამ გემის ანძაზე აფრიალებული მომწვანო-მოოქროსფერო სახელმწიფო დროშა დაცხრილეს მხოლოდ. ბატონი და ქალბატონი იუმენებიც „იულიაზე“ აღმოჩნდნენ. არქილოქოსის დანახავზე ცოლ-ქმარს აშკარა შიში დაეტყო. შეზლონგებით მოფენილი გემბანი ხმელთაშუა ზღვის მადლიან მზეს გაეკაშკაშებინა.

– მქონდა პატივი, რამდენჯერმე მესაუბრა თქვენთან, – მოახსენა ცოლ–ქმარს არქილოქოსმა, – იცით, მაშინ დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, – თქვა არნოლფმა და პატიება ითხოვა. ბერძენმა არქეოლოგებს თავისი სურვილი გაანდო და მოახსენა, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ჩემი სამშობლოს არქეოლოგიურ გათხრებშიო.

– Well, – დაეთანხმა ბერძენს ბატონი უიმენი და არქეოლოგიის ჟურნალი დახურა. მერე მოკლე ჩიბუხი დატენა და კიდევ ერთხელ მოიშველია ის აკვიატებული Yes.

ასე და ამრიგად, არქილოქოსმა საბერძნეთში ამოყო თავი და ანტიკურ სიძველეებს პელოპონესის მიდამოებში დაუწყო ძებნა. სამწუხაროდ, მისი ოცნება ამ მხარეზე არაფრით არ ჰგავდა სინამდვილეს. არქილოქოსი თაკარა მზის ქვეშ თხრიდა ქვაღორღიან მიწას. განუწყვეტლივ ისმოდა ქვეწარმავლების სისინი. სადღაც შორს, თვალსაწიერთან თითო–ოროლა მოღრეცილ ზეთისხილის ხეს თუ მოჰკრავდა თვალს კაცი. ირგვლივ მხოლოდ დაბალი, შიშველი გორაკები და დამშრალი წყაროები გაბნეულიყო. საბრალოს ფრჩხილები მიწით ჰქონდა ამოვსებული,

ერთ დღეს მუშაობისგან სიქაგამოცლილმა ქვიშით დაფარული კედლის ნანგრევები შენიშნა. დედამიწას სიცხისგან ალმური ასდიოდა. მისტერ უიმენის აზრით, ეს ზევსის ტაძარი უნდა ყოფილიყო, მისის უიმენი კი ამტკიცებდა, აფროდიტეს ტაძარიაო. ცოლ-ქმრის ყვირილი კარგა მანძილზე ისმოდა.

კარვის გარშემო ღამურები დაფრინავდნენ შლიგინით. სადღაც ახლოს, რომელიღაც მტაცებელი ნადირის, ალბათ, მგლის, ყმუილი ისმოდა. მალე ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა. არქილოქოსს ჩაეძინა. დილაუთენია ძილში ვიღაცის ჩუმი ნაბიჯის ხმა ჩაესმა, მაგრამ ბურანიდან ვერ გამოერკვა და ისევ ღრმა ძილს მისცა თავი. არქილოქოსი მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა ნარინჯისფერი მზე ხრიოკი გორაკებიდან ამოგორდა და კარავს მიადგა.

– ქლოე, – ამოღერღა ბოლოს, – ქლოე, აქ საიდან გაჩნდი?

– ძალიან უბრალოდ, კვალდაკვალ დაგედევნე. ჩვენ ხომ გემზე ორი ბილეთი გვქონდა, – მიუგო ქალმა. მერე ისინი ტაძრის ნანგრევებზე ისხდნენ და მშობლიურ სივრცეს გასცქეროდნენ.

– კი მაგრამ, მაინც სად იყავი? – ჰკითხა არქილოქოსმა, – მთელი ქვეყანა შევაწრიალე.

– ჟორჟეტასთან ვიმალებოდი ზევით. ახლა უკვე იცი, ვინცა ვარ. ჩვენ შორის აღარაფერია დამალული. ყელში ამომივიდა ჩემი ხელობა. ალბათ, მოგეხსენება, რომ ყოველგვარი საქმიანობა თავისებურად ძნელია და ადამიანისაგან კეთილსინდისიერებას მოითხოვს. არც ჩემი საქმე იყო იოლი. გამუდმებით ვოცნებობდი სიყვარულზე. ჩემი ერთადერთი სურვილი იყო, გვერდით ისეთი ადამიანი მყოლოდა, ჩემს ჭირსა და ლხინს რომ გაიზიარებდა. და აი, ზამთრის ერთ ცივ, მოქუფრულ დღეს სახლში ვიჯექი. ჩემი სასახლე სქელ ნისლში იყო გახვეული. „ლე სუარი“ გადავშალე და თვალში მეცა განცხადება: „ბერძენი ეძებს ბერძენს“. მაშინვე ვუთხარი საკუთარ თავს, რომ ამიერიდან მხოლოდ და მხოლოდ ეს ბერძენი მეყვარებოდა და სხვა არავინ. გახსოვს ის კვირა დილა, ზუსტად ათ საათზე კაფეში რომ გამოვცხადდი წითელი ვარდით. ერთი წუთითაც არ მიფიქრია მაშინ ჩემი წარსულის დამალვა. პირიქით, მინდოდა, ყველაფერი გცოდნოდა. ამიტომ ჩავიცვი, რაც კი რამ საუკეთესო მებადა. მინდოდა, ისეთი მყვარებოდი, როგორიც იყავი, სამაგიეროდ, მეც ისეთად უნდა მიგეღე, რაც სინამდვილეში ვიყავი. დარცხვენილი უმწეოდ იჯექი მაგიდასთან და სათვალეს წმენდდი. ფინჯანში რძეს ოხშივარი ასდიოდა. და აი, მოხდა სასწაული: დაგინახე თუ არა, შემიყვარდი. შენ პატიოსან ქალიშვილად ჩამთვალე, რადგან ძალზე გამოუცდელი იყავი და წარმოდგენა არა გქონდა, რა რთულია ცხოვრება. ჟორჟეტა და მისი ქმარი ერთი წუთითაც არ მოტყუებულან, მაშინვე მიხვდნენ ყველაფერს, შენ კი აზრადაც არ მოგსვლია, რომ მე სხვანაირი ქალი ვიყავი. მე კი ვეღარ გავბედე შენი ოცნებების დამსხვრევა. შემეშინდა, აღსარებას საქმე არ გაეფუჭებინა და სამუდამოდ არ დამეკარგე. შენი ტრფობა ჩემდამი თანდათან სასაცილო ხდებოდა და როცა წმიდა ელოიზის ეკლესიაში ბოლოს და ბოლოს თვალი აგეხილა, ეს სიყვარული საპნის ბუშტივით გაქრა. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ყველაფერი ასე მოხდა. ძალიან გაგიძნელდებოდა ჩემი სიყვარული, თუ არ გეცოდინებოდა სიმართლე. თუმცა, კინაღამ შევეწირეთ ამ სიმართლეს, მაგრამ მოგეხსენება, სიყვარული უძლეველია და ყველაფერს ამარცხებს, თვით სიმართლესაც.

არქილოქოსი და ქლოე საბერძნეთიდან კარგა ხნის შემდეგ დაბრუნდნენ. ქვეყანაში გადატრიალება მომხდარიყო და ხელისუფლებას სათავეში ორდენებით დახუნძლული, ღაბაბიანი ფარკსი ჩასდგომოდა. პრეზიდენტის სასახლეში მოკალათდა. აქ მას დღე და ღამე დარაჯობდნენ ოქროსჩაჩიანი და თეთრპლუმაჟიანი ლეიბგვარდიელები, ასევე ერთგულად რომ იცავდნენ მის წინამორბედ პრეზიდენტებსაც. ახლა ფარკსი გულდაგულ ივარცხნიდა ცეცხლისფერ თმას და მოკლედ იჭრიდა ულვაშებს. სახელმწიფოში კვლავ ბურჟუაზიული წეს-წყობილება დამყარდა და რეჟიმიც საგრძნობლად შერბილდა. ფარკსმა ზომიერი პოლიტიკის გატარებას მიჰყო ხელი და ერთხელ, აღდგომა დღეს წმიდა ლუკას ტაძარსაც კი ეწვია.

ქლოე და არქილოქოსი დიდხანს ვერ შეჰგუებოდნენ ახალ ცხოვრებას. ბოლოს თავიანთ სასახლეში კერძო პანსიონი გახსნეს. მათთან პირველმა შერისხულმა პასაპმა დაიდო ბინა. აქვე ნახავდით თავის საქმეში ხელმოცარულ ვექილ დიუტურს, თანამდებობიდან გადაყენებულ ერკიულ ვაგნერს და ჩამოგდებულ პრეზიდენტს, ჩვეული თავაზიანობა რომ არ დაეკარგა და სამყაროს კვლავ ფილოსოფიური სიმშვიდით ჭვრეტდა. მდგმურები წყნარად და უზრუნველად ცხოვრობდნენ. ზაფხულის თბილ დღეებში პარკში დასეირნობდნენ. ჩვეულებრივ რძეს სვამდნენ, კვირაობით კი პერიეს გეახლებოდნენ და მხოლოდ წმინდა ყოფითი, ცხოვრებისეული საკითხები აწუხებდათ. არქილოქოსს კი ვერა და ვერ ეპოვა სულიერი სიმშვიდე. ყველაფერი აღიზიანებდა.

– დღეს რაღაც ფერმკრთალი მეჩვენებით, ბატონო არნოლფ, – უთხრა ერთ დღეს ჟორჟეტამ კაფეში დახლთან ატუზულ არქილოქოსს ..

– რას იზამ, ასე ყოფილა საჭირო, – ამოღერღა არქილოქოსმა.

ერთ დილას არქილოქოსი და ქლოე მეწამულისფერი ფარდებით მორთულ საწოლში ნებივრობდნენ.

– ჩვენ მუდამ უნდა ვეძებდეთ სიყვარულის ქალღმერთს, – წაიჩურჩულა ქლოემ, – თორემ ის ბედის ანაბარა მიგვატოვებს.

უხმოდ ადგნენ და ჩაცმა დაიწყეს.

მეორე დილით, დილის თერთმეტი საათისათვის, სოფიმ საძინებელი ოთახის კარზე მიაკაკუნა, მაგრამ არავინ გამოხმაურებია. როცა შეშინებული გოგო მდგმურებთან ერთად ოთახში შევარდა, იქ არავინ იყო. ორი დღის შემდეგ მდინარემ ორი გვამი გამორიყა. დიდხანს და საგულდაგულოდ ეძებდნენ მათ მკვლელს. მერე კი საქმე დაიხურა.

დასასრული

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა