რომანი და დეტექტივი

ბერძენი ეძებს ბერძენს

№15

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 27.04

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ფრიდრიხ დიურენმატი

გაგრძელებაა. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹10-15 (1268)

– ბოდიშს ვიხდი, – წაილუღლუღა შეთქმულმა.

– აი, თურმე, სადა ყოფილხართ, ჩემო ძვირფასო, პატივცემულო ბატონო არქილოქოს! – წამოიძახა პრეზიდენტმა და დაბნეულ ბერძენს ხელი ჩამოართვა, – მთელი საღამო გული მიგრძნობდა, რომ მოხვიდოდით. წეღან შემთხვევით გამოვიხედე ფანჯარაში და დაგინახეთ, როგორ გადმოძვერით კედელზე. შესანიშნავი აზრია. მცველები ყველა წვრილმანსაც კი ეჭვის თვალით უყურებენ. ჩემი ბიჭები არაფრის გულისთვის არ შემოგიშვებდნენ. ახლა კი, მადლობა ღმერთს, უკვე აქა ხართ. ძლიერ მახარებს თქვენი ნახვა. არა, მაინც როგორ მოახერხეთ სასახლეში შემოპარვა! სწორედ ახლა უნდა ჩამომეგზავნა კამერდინერი ქვევით. ერთი კვირა იქნება, რაც მეხუთე სართულზე დავსახლდი, აქ გაცილებით მეტი სიმყუდროვეა, ვიდრე ქვევით. რა თქმა უნდა, თავისებური ნაკლი ზემოთ ცხოვრებასაც აქვს, თუნდაც ის, რომ ლიფტი ყოველთვის არ მუშაობს.

– გვერდითი კარი ღია დამხვდა და იქიდან შემოვედი, – წაილუღლუღა არქილოქოსმა. მიხვდა, რომ ხელიდან გაუშვა ხელსაყრელი შემთხვევა. ახლა პრეზიდენტი უკვე ძალიან ახლოს იდგა მასთან.

– ყველაფერი მშვენივრად აეწყო, – გაიხარა პრეზიდენტმა, – ჩემმა კამერდინერმა, მოხუცმა ლუდვიგმა, სხვათა შორის მე მას ლუდოვიკს ვეძახი, ისეთი გარეგნობის პატრონია, მას უფრო მოუხდებოდა პრეზიდენტობა, ვიდრე მე, სახელდახელოდ ვახშამი გაამზადა.

– რას ბრძანებთ, – თქვა არქილოქოსმა და ყურებამდე გაწითლდა, – ხელს არ შეგიშლით.

– სრულებითაც არ შემიშლით ხელს, – მეგობრულად უთხრა პრეზიდენტმა, – ჩემს ასაკში ადამიანს ცოტა სძინავს. ფეხები დღენიადაგ გაყინული მაქვს. რევმატიზმი სიცოცხლეს მიმწარებს, არ მასვენებს ზრუნვა პირადულსა თუ სახელმწიფოებრივ საქმეებზე. განსაკუთრებით შეწუხებული ვარ დღევანდელი მდგომარეობით: ხან სად ხდება სახელმწიფო გადატრიალება და ხან სად. ჩემს უკაცრიელ სასახლეში უსაშველოდ გრძელი ღამეები იცის, და აი, მეც ცოტათი შევნაყრდები ხოლმე ამ უდროო დროს. კიდევ კარგი, შარშან შენობაში ცენტრალური გათბობა გაიყვანეს.

– მართლაც ყველგან სასიამოვნოდ თბილა, – დაეთანხმა არქილოქოსი.

– ღმერთო ჩემო, ეგ რა მოგსვლიათ. – გაუკვირდა პრეზიდენტს, – მთლად მტვერში ხართ ამოგანგლული. ლუდოვიკ, გაუწმინდე ტანსაცმელი, როგორც წესი და რიგია.

– პატივი დამდეთ, – მიმართა არქილოქოსს კამერდინერმა და ჯაგრისით დაუწყო მტვრისა და ჩიტის სკინტლის მოცილება. არქილოქოსმა უარის თქმა ვეღარ გაბედა. თან სული კბილით ეჭირა, ჯაგრისის ჩამოსმის დროს პალტოს ჯიბეში ყუმბარა არ ამიფეთქდესო, მაგრამ კამერდინერმა პალტო გახადა და არქილოქოსმა შვებით ამოისუნთქა.

– ძალიან გამსგავსებთ ჩემს კამერდინერს. იგი სენ-პერის ქუჩაზე მემსახურება, – წამოსცდა არქილოქოსს.

– ჩემი ღვიძლი ძმა გახლავთ, – მიუგო მოხუცმა, – ოცი წლით უმცროსია ჩემზე.

– მე მგონი, სალაპარაკო არ შემოგველევა, – უთხრა პრეზიდენტმა თავის მკვლელს და განათებულ დერეფანში გაუძღვა. პატარა ოთახის ფანჯრები სანაპიროს გადასცქეროდა. ერკერში ქათქათა სუფრაგადაფარებული მაგიდა იდგა. ზედ ძვირფასი ფაიფურის ჭურჭელი და მოელვარე ბროლის ჭიქები ეწყო. ოთახში სანთლები ენთო. „ახლა ერთადერთი გამოსავალიღა დამრჩენია, უნდა მოვახრჩო!“ – მტკიცედ გადაწყვიტა არქილოქოსმა.

– ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო, დაბრძანდით, – ნაზად შეეხო მის მკლავს სტუმართმოყვარე მოხუცი პრეზიდენტი, – თუკი მოვისურვებთ, შეგვიძლია, პარკშიც გადავიხედოთ. იქ თეთრპლუმაჟიანი ლეიბგვარდიელები დადიან. პირი ღია დარჩებათ, როცა გაიგებენ, რომ თვალსა და ხელს შუა ვიღაც შემოეპარათ ჩემთან. კიბის მოდგმა კი მშვენივრად მოგიფიქრებიათ. იცით, რატომ გამახარა ასე ძალიან თქვენმა მოხერხებულობამ? იმიტომ, რომ ხანდახან შუაღამისას მეც მომიწევს ხოლმე კედელზე გადაძრომა ამ გზით. ოღონდ ეს ჩვენ შორის დარჩეს. დიახ, მოხუც პრეზიდენტსაც დაუდგება ხოლმე ხანდახან ასეთი წუთები. უკიბოდ ამის გაკეთება კი შეუძლებელია. რას იზამ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. პატიოსანი კაცი ხართ და შემიძლია, გაგანდოთ ეს ამბავი. პრესის წარმომადგენლებისთვის კი ასეთი რაიმეს ცოდნა საჭირო არაა. ლუდოვიკ, ერთი შამპანური დაგვისხი!

არქილოქოსმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა, თავისთვის კი გაიფიქრა, ახლა კი ნამდვილად მოვკლავო.

– დღეს ვახშმად შემწვარი ვარია მაქვს, – აცნობა ბერძენს გახარებულმა მოხუცმა, – მე და ლუდოვიკს ვარია და შამპანური ყოველთვის გვაქვს გადანახული. ზუსტად ღამის სამ საათზე გამეხსნება ხოლმე მადა. აი, ამას ჰქვია სწორი კვება. კედლებზე ცოცვაში თქვენც კარგა გვარიანად მოგშივდებოდათ.

– დიახ, საკმაოდ მომშივდა, – გულწრფელად აღიარა არქილოქოსმა. უცბად თვალწინ დაუდგა, რა ვაივაგლახით გადაძვრა წეღან კედელზე.

კამერდინერი ხელების კანკალით, მაგრამ ღირსეულად ასრულებდა თავის მოვალეობას.

– ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რომ ლუდოვიკს ხელები უკანკალებს. მე მისთვის რიგით მეექვსე პრეზიდენტი ვარ. ის ჩემს წინამორბედებსაც ასევე ერთგულად ემსახურებოდა. არნოლფმა ხელსახოცით გაიწმინდა სათვალე. სჯობს ისევ ყუმბარა ვესროლო და ისე მოვკლა, ასე უფრო ადვილი იქნებაო, გაიფიქრა საბრალომ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, რა უნდა მოემოქმედა. „ხომ ვერ ავდგები და ვერ ვეტყვი ბებერს: მაპატიე, უნდა მოგკლა–მეთქი, და ყელში ხომ ვერ ვწვდები? – თავისთვის ფიქრობდა საგონებელში ჩავარდნილი. – არა, ჯერ კამერდინერს მოვკლავ, თორემ ის მცველებს იხმობს და ხელი შემეშლება!“ – დაასკვნა ბოლოს.

არქილოქოსი ჭამა–სმას შეუდგა, რომ დრო მოეგო და ყველაფერი კარგად აეწონ–დაეწონა. საჭმელი ძალიან ეგემრიელა და პირი აღარ გაუჩერებია. კეთილმა მოხუცმა პრეზიდენტმაც თითქმის მთლიანად მოიგო მისი გული. ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მშობელ მამას ესაუბრებოდა, ვისაც შეიძლება, ყველაფერი გაანდოს კაცმა.

– ძალიან გემრიელი ვარიკაა, – ვერ მალავდა აღფრთოვანებას პრეზიდენტი.

– მართალს ბრძანებთ, – დაეთანხმა არქილოქოსი, – არც შამპანურია ურიგო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამქვეყნად ასეთი გემრიელი საჭმელ–სასმელი არსებობდა, – გულწრფელად აღიარა არქილოქოსმა.

– მოდი, გულახდილად ვისაუბროთ. თქვენს მშვენიერ ქლოეზე ვილაპარაკოთ. თქვენ ხომ მის გამო შეგხვდათ ამდენი უსიამოვნება, – შესთავაზა არნოლფს მოხუცმა.

– დღეს წმიდა ელოიზის ეკლესიაში დიდი დავიდარაბა გადამხდა თავს, – დაიწყო არქილოქოსმა, – სულ რაღაც ერთ წამში ამეხილა თვალები.

– დიახ, მეც სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, – დაეთანხმა პრეზიდენტი.

– როდესაც ეკლესიაში ორდენებით დამშვენებული დაგინახეთ, – განაგრძო არქილოქოსმა, – თავში უეცრად გამიელვა აზრმა: ჯვრისწერაზე მხოლოდ იმიტომ მობრძანდა, რომ ქლოე... ადამიანები დღენიადაგ თვალთმაქცობენ. თქვენ ხომ მშვენივრად მოგეხსენებათ, ვინც არის ქლოე.

– სრული ჭეშმარიტებაა. – დაიწყო პრეზიდენტმა და თეფშზე გამოხრული ძვალი დადო, თან შანდალი გვერდზე გასწია, რომ არქილოქოსი უკეთ დაენახა, – ჭეშმარიტება კი, მოგეხსენებათ, თუ მას დღის სინათლეზე გამოვიტანთ, ცოტა არ იყოს, საჩოთირო ხდება. ეს მარტო ჩვენ, ადამიანებს არ გვეხება და სახელმწიფოზედაც ვრცელდება. ხანდახან მეც საშინლად მომინდება ხოლმე სასახლიდან გაქცევა. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი რეზიდენცია ხუროთმოძღვრულ სიმახინჯედ მიმაჩნია და ეს საშინლად მაღიზიანებს. მინდა ხოლმე, გაქცევით ვუშველო თავს, ისე როგორც თქვენ გაიქეცით დღეს წმიდა ელოიზის ეკლესიიდან. მაგრამ ამდენი გამბედაობა არ მოუცია ღმერთს ჩემთვის. ერთადერთი, რის უფლებასაც ვაძლევ ხოლმე ჩემს თავს, ისაა, რომ ჩუმად გადავცოცდები კედელზე და ქუჩაში ვიპარები. რა თქმა უნდა, მე არავის დაცვას არ ვაპირებ, – განაგრძო პრეზიდენტმა, – ყველაზე ნაკლებად კი საკუთარი თავის დაცვაზე ვფიქრობ. საერთოდ, ეს ისეთ საკითხია, რაზედაც ხმამაღლა არ მსჯელობენ და თუ ხანდახან მაინც ლაპარაკობენ, მხოლოდ და მხოლოდ ღამით და ისიც მოწმეების გარეშე. ამ თემაზე საუბრისას ადამიანი თავს ვერ აღწევს ხოლმე გაცვეთილ სიტყვებს, თავისდა უნებურად იწყებს ზნეობის ქადაგებას, ეს კი არავის სჭირდება. სათნოება, ვნებები და ბიწიერებანი ისე მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ ხშირად იქ, სადაც პატივისცემისა და სიყვარულის გამოვლინებას მოველით, ზიზღსა და სიძულვილს ვაწყდებით ხოლმე. ამიტომ, ჩემო კარგო, ჩემო ძვირფასო, მინდა, მხოლოდ ერთი რამ მოგახსენოთ: თქვენა ხართ ერთადერთი ადამიანი, ვისიც მშურს და ამავე დროს ვისი ბედიც გულწრფელად მაფიქრებს. მართალია, ქლოეს ბევრ მის თაყვანისმცემელთან ერთად ვინაწილებდი, – საოცრად ნაზი ხმით წარმოთქვა პრეზიდენტმა, მერე წამით დადუმდა და ბიდერმაიერის სტილის სავარძელში გადაწვა, – ეს ქალი ბნელ, პირველყოფილ ვნებათა სამეფოს მბრძანებელი გახლავთ. ქლოე ყველაზე ცნობილი კურტიზანია ჩვენს ქალაქში და არაფრის შელამაზებას არ ვაპირებ, ამის ნებას არც ასაკი მაძლევს. უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ უსაზღვროდ მადლობელი ვარ ამ ქალისა. სწორედ მან განმაცდევინა სიყვარულით ტკბობის დაუვიწყარი წუთები და ამიტომ არავის მიმართ არ განვიცდი ესოდენ დიდი მადლიერების გრძნობას, როგორც ამ ქალის მიმართ. მაგრამ აი, მოულოდნელად მან ყველას ზურგი შეგვაქცია და თქვენთან გამოიქცა და რაკიღა თქვენი ბედნიერების ჟამმა დაჰკრა, ისღა დაგვრჩენოდა, მადლიერების გრძნობით გამოვთხოვებოდით ამ საოცარ ქალს. მოხუცი პრეზიდენტი გაჩუმდა, მოვლილ წვერზე ხელი ჩამოისვა და მეოცნებე თვალებით გახედა სივრცეს. კამერდინერმა ჭიქები შამპანურით შეავსო. პარკიდან შიგადაშიგ ისმოდა მცველების ხმა და ჩექმების ბრაგაბრუგი.

არქილოქოსი სავარძლის ზურგს მიეყრდნო. უეცრად ფანჯარაში ეკონომიკის სამინისტროს წინ ფარკსის მანქანა შეამჩნია და მხოლოდ მაშინღა გაახსენდა პალტოს ჯიბეში დამალული, ჯერ ისევ გამოუყენებელი ყუმბარა.

– რაც შეგეხებათ თქვენ, ჩემო კარგო და ძვირფასო, – ჩუმად განაგრძო პრეზიდენტმა მცირე ხნის დუმილის შემდეგ და სიგარეტს მოუკიდა, კამერდინერმა რომ მიაწოდა – ძალიან კარგად მესმის, რამ გამოიწვია თქვენში გრძნობების ასეთი ქარტეხილი. აბა, რომელი მამაკაცი არ იგრძნობდა თქვენს ადგილზე თავს შეურაცხყოფილად. მაგრამ, როგორც იტყვიან, სწორედ ასეთ მძიმე წუთებში უნდა მოერიოს კაცი თავის თავს და ჩაიკლას გულში ეს ბუნებრივი გრძნობები. კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორედ ეს გრძნობები გახლავთ დედა ყოველგვარი ბოროტებისა. მერწმუნეთ, ამ დროს ვერავინ გაგიწევთ დახმარებას. მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არსებობს: თვალი უნდა დახუჭოთ არასასიამოვნო ამბებზე. რასაკვირველია, მათი უგულებელყოფა არამც და არამც არ შეიძლება, მაგრამ ისინი წვრილმანად და არაარსებითად მოგეჩვენებათ, თუკი თავს ძალას დაატანთ და ქლოეს სიყვარულს ირწმუნებთ. მსგავსი სასწაული, როგორიც თქვენა გხვდათ წილად, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის წყალობით თუ ხდება ხოლმე. სიყვარულის გარეშე კი იგივე სასწაული უბრალო ფარსი იქნებოდა მხოლოდ. როდესაც გულზე სიმძიმილი შემოგაწვებათ, უნდა წარმოიდგინოთ, რომ ხახადაღებულ უფსკრულში გაკიდულ ბეწვის ხიდზე გადიხართ. კიდევ გადაიღეთ ხორცი! – შესთავაზა პრეზიდენტმა თავის გაბითურებულ მკვლელს, – ვარიკა ძალზე გემრიელია, გემრიელი საჭმელი კი ყოველთვის მალამოსავით ედება დაბოღმილი კაცის გულს.

არქილოქოსს პირისახეზე სანთლების სასიამოვნო შუქი და ოთახში დატრიალებული სითბო ელამუნებოდა. ენით აუწერელმა სიმშვიდემ მოიცვა ანაზდად. გრძნობდა, როგორ უბრუნდებოდა სულიერი წონასწორობა, იცოდა, რომ ეს სრულიადაც არ იყო გამოწვეული პრეზიდენტის სიტყვებით, რადგან აბა; რას მიქვია ლიტონი სიტყვა! ეს ყველაფერი მამაშვილური მოპყრობის, მშობლიური რჩევა-დარიგების, კეთილი გულისა და თავაზიანი მოქცევის დამსახურება იყო.

– ღმერთმა მოწყალე თვალით გადმოგხედათ, – უთხრა პრეზიდენტმა არქილოქოსს, – ხოლო თქვენ რით ახსნით ამ წყალობას, ეს უკვე თქვენი ნებაა. და აი, წინ ორი გზა გიდევთ: ერთი სიყვარულისკენ მიდის. ვინც ამ გზით დადის, მან სიყვარულის სიდიადე უნდა იწამოს; მეორე გზა კი ბოროტებისკენ სავალი გზაა. ამ გზით მხოლოდ ისინი დადიან, ვინც სიყვარულს განერიდა და ზურგი შეაქცია. ჩემი აზრით, სიყვარული ერთადერთი სასწაულია ამქვეყნად, რისი არსებობაც ნამდვილად შეიძლება იწამოს კაცმა.

პრეზიდენტი გაჩუმდა და არქილოქოსმა იგრძნო, რომ ქლოეზე სიძულვილითა და შეძრწუნებით აღარ ფიქრობდა.

ოდნავღა ბჟუტავდა გალეული სანთლები. პრეზიდენტმა არქილოქოსს პალტო ჩააცვა. ბერძენმა ჯიბეში კვლავ მოსინჯა საბედისწერო ყუმბარა. ლიფტი არ მუშაობდა და პრეზიდენტმა სტუმარი თვითონ ჩააცილა ფეხით მთავარ შემოსასვლელამდე.

არქილოქოსი დამშვიდდა, ბედს შეურიგდა და გულმა ისევ ქლოესაკენ გაუწია. პრეზიდენტი კი გამოცდილი მეგზურივით მიუძღოდა წინ: ხან ერთ დარბაზში ანთებდა სინათლეს და ხან მეორეში და სტუმარს შესაფერის ახსნა-განმარტებებს აძლევდა.

– აქ სხდომებს ვთავმჯდომარეობ ხოლმე, – პრეზიდენტმა არქილოქოსი უზარმაზარ მდიდრულ დარბაზში შეიყვანა, – აქ თვეში სულ ცოტა ორჯერ მაინც პრემიერ–მინისტრებს ვითხოვ თანამდებობიდან. ამ შინაურულ სალონში კი ინგლისის დედოფალთან და მის უდიდებულესობასთან, – დედოფლის მეუღლესთან ერთად ჩაი დამილევია...

პრეზიდენტი ბერძენს ძველი მეგობარივით დაემშვიდობა. ორივე კმაყოფილი იყო გულითადი საუბრით. მთავარ შესასვლელთან მოხუცმა ერთხელ კიდევ დაუქნია არნოლფს ხელი და კეთილად გაუღიმა. ცოტა ხნის შემდეგ არქილოქოსმა უკან მოიხედა. სუსხიანი ღამის სიბნელეში აღმართული სასახლე ზიზილპიპილო ჩუქურთმებით აჭრელებულ უზარმაზარ სკივრს წააგავდა. მთვარე ღრუბლებს მიეფარა. მცველებმა არნოლფს სამხედრო სალამი მისცეს. ბერძენი ბაღიდან გამოვიდა და დე ლ’ეტას სანაპიროსაკენ დაეშვა. უცბად დაინახა, რომ ეკონომიკის სამინისტროს შენობის მხრიდან მისკენ ფარკსის მანქანა გამოემართა. არქილოქოსმა სასწრაფოდ შეუხვია პაპის ნუნციუსის სასახლისა და შვეიცარიის საელჩოსკენ, ეტერის შესახვევში. შტაბის ქუჩაზე პფიფერის ბართან ტაქსი დაიჭირა, ფარკსთან შეხვედრა აღარ უნდოდა. აქოშინებული შევარდა ქლოეს ჭიშკარში, თვალის დახამხამებაში გაირბინა პარკი, ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაიკრავდა გულში სატრფოს. როკოკოს სტილის შენობა გაჩახჩახებული იყო. შიგნიდან მთვრალების ღრიანცელი გამოდიოდა. მთელ სახლს მისი ძმა ბიბი და მისი ნაშიერები დაპატრონებოდნენ. ყველგან, სავარძლებზე, მაგიდების ქვეშ ისხდნენ ან ეყარნენ ბიბის ძმაკაცები – ქალაქის ცნობილი ნაძირალები. ფანჯრებიდან ფარდები ჩამოეგლიჯათ და შიგ გახვეულიყვნენ. საწოლებზე ნახევრად შიშველი ქალები ეყარნენ და, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, გაჰკიოდნენ. სამზარეულოში ქურდებს მოეკალათებინათ. იქიდან განუწყვეტლივ ისმოდა პირის წკლაპუნი და ბოყინი. ნთქავდნენ ყველაფერს, რაც კი ხელთ მოხვდებოდათ. საკუჭნაოები და ღვინის სარდაფი თითქმის უკვე გამოეცარიელებინათ. .. უსიამოვნო წინათგრძნობით შეპყრობილი არქილოქოსი მეორე სართულზე ავარდა; ბუდუარში არავინ იყო. სააბაზანოდან მამაკაცის სიმღერის ხმა, წყლის დგაფუნი და მაგდა–მარიას გამკივანი კივილი ისმოდა. არქილოქოსი ქლოეს საძინებელ ოთახში შევარდა. საწოლზე ბიბი მოკალათებულიყო ვიღაც დედიშობილა კახპასთან ერთად. არნოლფმა მთელი ოთახი გადაატრიალა, მაგრამ ქლოე არსად ჩანდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა