რომანი და დეტექტივი

ბერძენი ეძებს ბერძენს

№14

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 20.04

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ფრიდრიხ დიურენმატი

გაგრძელებაა. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #10-13 (1266)

– მაშ, მეძავი შემირთავს ცოლად, – დაჭრილი ნადირივით დაიღრიალა შეძრწუნებულმა. ქალს ხელი გამოჰგლიჯა და გასასვლელისაკენ შეშლილივით გავარდა. შეშინებული ქლოე თავსაბურის ფრიალით გაეკიდა ქმარს. არქილოქოსი დამდუღრულივით მიჰქროდა ქუჩაში. ხალხში ხორხოცი ატყდა. გაქუცულ კვიპაროსებთან არქილოქოსმა ნაბიჯი შეანელა. მხოლოდ ახლაღა მიხვდა, როგორ გამასხარავდა ამდენი ხალხის თვალში. ელვის სისწრაფით აუარა გვერდი პრეზიდენტის ეტლს, „როლსროისებისა“ და „ბიუიკების“ გრძელ რიგს და ემილ კაპელერის ქუჩაზე გავარდა.

– გაუმარჯოს ჩვენი ქალაქის დამსახურებულ რქოსანს! – წაეთრიე აქედან! – გააძვრეთ ტანისამოსი! – გაისმოდა ირგვლივ. არქილოქოსს ესმოდა ყურისწამღები სტვენა, ლანძღვა-გინება. აქეთ-იქიდან ქვებიც დაუშინეს. ქუჩის ბიჭები ყიჟინით მისდევდნენ და სარმას უდებდნენ. არქილოქოსი ეცემოდა და, ვინ მოთვლის, მერამდენედ კვლავ დგებოდა. ბოლოს რომელიღაც ღარიბული სახლის სადარბაზოში შევარდა და კიბის ქვეშ შეძვრა. კუთხეში მიიკუნჭა და თავი ხელებში ჩარგო. ეგონა, სადაცაა გააფთრებული ხალხის ტალღა გადამივლის და წამლეკავსო. არქილოქოსი რამდენიმე საათს იჯდა კიბის ქვეშ, საშინლად გაიყინა. ჩუმად ზლუქუნებდა, მერე ცივ სადარბაზოში სრულმა სიბნელემ დაისადგურა.

– თურმე, ყველას საყვარელი ყოფილა, ყველასი – პრეზიდენტის, პასაპის, ვექილ დიუტურის, – მოსთქვამდა საბრალო არნოლფი. ერთი დარტყმით ჩამოემხო ზედ წლების განმავლობაში შეკოწიწებული ზნეობრივი მსოფლწყობის შენობა და პატრონი თავისსავე ნანგრევებში ჩამარხა. ლასლასით მიაბიჯებდა ჩაბჟუტულ ქუჩებსა და ჭუჭყიან შესახვევებში. ხიდქვეშ ძონძებში გახვეულ მათხოვრებს ეძინათ. თავზე გაზეთები წაეფარებინათ. მათი ოხვრა და კვნესა არღვევდა ღამის სიჩუმეს.

ნაპირზე გადმოსულმა წყალმა არქილოქოსს ფეხები დაუსველა. სადღაც შორს გემის საყვირის გაბმული ხმა გაისმა.

– ამ კვირაში ეს უკვე მესამეა, – ჩახლეჩილი ხმით თქვა ვიღაც მაწანწალამ, – მიდი, მიდი, ძმაო, ისკუპე!

– ყულფში გაუყარე თავი, ყულფში, – ერთად აწკმუტუნდნენ მაწანწალები, – მაგაზე კარგ საქმეს ვერაფერს იზამ!

არქილოქოსი მდინარეს მოსცილდა და ძველ ქალაქში უაზროდ იწყო ხეტიალი. მხოლოდ შუაღამისას მიაღწია არქილოქოსმა თავის სადგომს. სინათლე არ აუნთია, კარი მიკეტა და ზურგით მიეყრდნო. მთელი სხეული უკანკალებდა, ტალახში ამოთხვრილიყო, ო’ნეილ-პაპერერთან შეკერილი ფრაკი ნაფლეთ-ნაფლეთ ეკიდა ტანზე, გოშენბაუერის ცილინდრი კი კარგა ხანია, დაეკარგა.

არნოლფმა ფანჯარა გამოაღო. მყრალი ჰაერი ახლა პირდაპირ ცხვირში ეცა, არქილოქოსმა ერთიმეორის მიყოლებით ჩამოგლიჯა კედლიდან სურათები. ფანჯრიდან ეზოში მოისროლა პრეზიდენტის, ეპისკოპოსისა და ამერიკის ელჩის პორტრეტები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბიბლიაც თან მიაყოლა. კედელზე მხოლოდ თავისი ძმის, ბიბის და მისი შვილების სურათი დატოვა. მერე სხვენზე ავიდა. იქ გრძელ თოკებზე გასაშრობად სარეცხი გაეფინათ. არქილოქოსმა ერთ-ერთი თოკი მოხსნა. ძირს ჩამოყრილი თეთრეულისათვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე შებრუნდა თავის ოთახში. მაგიდა შუა ოთახში დადგა, ზედ აბობღდა და თოკი კაუჭს გამოსდო, რაზედაც ნათურა ეკიდა. ხელით მოსინჯა კაუჭი, მაგრად თუ არის დამაგრებულიო და ყულფიც გამოსკვნა. ფანჯარა გაიღო და ყინულივით ცივმა ჰაერმა შუბლი აუწვა. აი, მან კისერი გაუყარა ყულფში და ის-ის იყო მაგიდისთვის ფეხი უნდა ეკრა, რომ მოულოდნელად ოთახის კარი გაიღო და ამომრთველმა გაიწკაპუნა. ბერძენის წინ ჯერ კიდევ ფრაკში გამოწყობილი ფარკსი იდგა. მხრებზე ბეწვგამოკრული თბილი პალტო მოესხა, განიერ პირისახეზე გულგრილობა აღბეჭდოდა, მკერდზე ორდენი ეკიდა. ხანძარივით ანთებული თმა მთლად ყალყზე ედგა. ფარკსს თან ორი კაცი ახლდა. ერთ-ერთი მათგანი პტი-პეიზანის რეფერენტი გახლდათ. მან კარის საკეტი გადაატრიალა და იქვე აიტუზა. ფარკსის მეორე მხლებელი ზორბა კაცი იყო, ტაქსის მძღოლის ფორმა ეცვა და განუწყვეტლივ აღლაჭუნებდა საღეჭ რეზინს. მან ფანჯარა მიხურა და კარს სკამი მიადგა. ჯერ ისევ ყულფში კისერგაყრილი არქილოქოსი ფეხებმოყანყალებულ მაგიდაზე ტორტმანობდა. სინათლის შუქზე საიქიოდან მოვლენილ მოჩვენებას დამსგავსებოდა. ფარკსი სკამზე დაჯდა და გულხელი დაიკრიფა. რეფერენტი საწოლზე ჩამოჯდა. სამივე დუმდა.

– აბა რას გვიბრძანებთ, ბატონო არქილოქოს, – თქვა მან ბოლოს, – კაცმა, რომ თქვას, ჩემი სტუმრობა მოულოდნელი არ უნდა იყოს თქვენთვის.

– ვიცი, რომ ქლოე თქვენი საყვარელიც იყო, – შეუღრინა არქილოქოსმა ფარკსს.

– რასაკვირველია, – დაემოწმა ფარკსი, – ბოლოს და ბოლოს ამ თვალწარმტაცი ქალის ხელობა ხომ ეს იყო!

– მიბრძანდით აქედან!

ანარქისტი არ განძრეულა.

– ქლოეს ყველა საყვარლისაგან თქვენ რაღაც საქორწინო საჩუქარი გერგოთ, – თქვა მან ბოლოს, – ახლა ჩემი ჯერია. ლუგინბიულ, მიართვი ძღვენი ჩემგან. ზორბა ყმაწვილი ყბების ღლაჭუნით მიუახლოვდა მაგიდას და არნოლფს ფეხებთან კვერცხისმაგვარი ლითონის საგანი დაუდო.

– ეს ხომ ყუმბარაა?! – არქილოქოსმა ყულფიდან თავი გამოყო და ფრთხილად ჩამოვიდა მაგიდიდან. მცირე ხნის ყოყმანის შემდეგ ყუმბარა ფრთხილად აიღო ხელში, – ცივი იყო და სინათლეზე ბრწყინავდა. – რას მიბრძანებთ, რა ვქნა ამით?

ძველი ანარქისტი პასუხს აგვიანებდა. დაღვრემილ პირისახეზე არც ერთი ნაკვთი არ ერხეოდა. უზარმაზარი ხელები მუხლებზე დაეწყო.

– ვხედავ, თავის მოკვლა განგიზრახავთ, – მიმართა შემდეგ არქილოქოსს, – კი მაგრამ, რატომ? ამქვეყნად ადამიანს ორი არჩევანი აქვს, – სიტყვების დამარცვლით თქვა ფარკსმა, – ან უნდა სული განუტევოს ან არა და ეს ქვეყანა უნდა გარდაქმნას.

– გაჩუმდით! – დაუყვირა არქილოქოსმა.

– როგორც გენებოთ, კი ბატონო, მიბრძანდით და ჩამოიხრჩეთ თავი.

– როგორ მოვიქცე? – შესძახა არქილოქოსმა.

– მოიქცევით ისე, როგორც მე გიბრძანებთ, იმისათვის, რომ დავამხოთ ის საზოგადოებრივი წყობა, ასე რომ გაგამასხარავათ.

– ეს ხომ შეუძლებელია!

– პირიქით, ამაზე ადვილი არაფერია, – მიუგო ფარკსმა. – თქვენ მხოლოდ პრეზიდენტის მოკვლა გევალებათ. დანარჩენი ჩემზე იყოს! – ანარქისტმა თავის ორდენზე აათამაშა თითები. არქილოქოსი შებარბაცდა. – ფრთხილად, ყუმბარა არ დაგივარდეთ, – გააფრთხილა იგი ძველმა ტერორისტმა, – ხომ იცით, მყისვე აფეთქდება.

– როგორ, თქვენ გინდათ, მკვლელი გავხდე?

– შუბერტ, აჩვენეთ შენობის გეგმა. პტი-პეიზანის რეფერენტი მაგიდასთან მივიდა და ქაღალდის ფურცელი გაშალა.

– თქვენ პტი–პეიზანთან ხართ შეკრული! – იყვირა შეძრწუნებულმა არქილოქოსმა.

– სისულელეებს ნუ როშავთ! – გააფრთხილა ბერძენი ფარკსმა, – მისი რეფერენტი მოვისყიდე მხოლოდ. სულ რამდენიმე გროშად შეიძლება ასეთი ბიჭების შოვნა. აი, პრეზიდენტის სასახლის გეგმა, ეს კედელი სამი მხრიდან აკრავს სასახლეს, მხოლოდ ფასადის მხარეს აქვს ოთხი მეტრი სიმაღლის რკინის მესერი. მარცხნივ ეკონომიკის სამინისტროა, მარჯვნივ – პაპის ნუნციუსის სასახლე. ეკონომიკის სამინისტროს ეზოს კუთხეში კედელთან კიბე დგას. სანაპირომდე მანქანით მიგიყვანთ, აცოცდებით კედელზე, აიტანთ კიბეს და ბაღში გადახვალთ. იქვე მაღალი ნაძვი დგას. ამ ნაძვის უკან დაიმალებით, ვიდრე მცველები არ გაივლიან. სასახლეს გარშემო შემოუვლით და დაინახავთ პატარა კარს, სადაც კიბის რამდენიმე საფეხური ადის. კარი დაკეტილი იქნება. აი, გასაღები. პრეზიდენტის საწოლი ოთახი მეორე სართულზეა. მთავარ კიბეებს რომ აათავებთ, დერეფნის ბოლოს გახვალთ. ყუმბარა პირდაპირ საწოლისკენ ისროლეთ! რეფერენტი გაჩუმდა.

– ყუმბარას რომ ვისვრი, მერე რა უნდა ვქნა?

– იმავე გზით დაბრუნდებით უკან, – მიუგო რეფერენტმა, – მცველები სასახლეში მთავარი შესასვლელიდან შეცვივდებიან. თქვენ საკმაო დრო დაგრჩებათ იმისათვის, რომ ეკონომიკის სამინისტროს ეზო გადაჭრათ და გამოიქცეთ. სამინისტროსთან მანქანა დაგელოდებათ.

– არ მინდა! – დაიყვირა გაფითრებულმა და შიშისაგან აკანკალებულმა არქილოქოსმა. – არა და არა. ძველ მეამბოხეს ოღროჩოღრო იატაკზე სიგარეტი დაუვარდა. სიგარეტმა ხრჩოლვა დაიწყო.

– თავდაპირველად ყველა ასე გაჰკივის, – თქვა ფარკსმა. – ჰგონიათ, რომ სამყაროს გარდაქმნა სისხლის დაუღვრელადაც შეიძლება.

– თანახმა ვარ! – თქვა ბოლოს არქილოქოსმა.

მიიღო, თუ არა გადაწყვეტილება ამ ქვეყნისთვის სამაგიერო მიეზღო, ფარკსმა და მისმა ბიჭებმა იგი მყისვე ტასინის სანაპიროსკენ გააქანეს. აქედან კი დე ლატას სანაპირომდე სულ რაღაც ათიოდე წუთიღა თუ იქნებოდა ფეხით სავალი. სწორედ იქ იდგა პრეზიდენტის სასახლე. ღამის სამის თხუთმეტი წუთი იყო. ქუჩაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. არქილოქოსი სასახლეებისა და სასტუმროების ჩრდილში მიაბიჯებდა. „რიცის“ შესასვლელთან გათოშილი კარისკაცი სცემდა ბოლთას. გზად არავინ შეხვედრია. მხოლოდ ფარკსის მანქანამ, ვითომცდა შემთხვევით, რამდენჯერმე ჩაუქროლა გვერდით. ტერორისტი ამოწმებდა, ასრულებდა თუ არა არქილოქოსი მის დავალებას. მერე მანქანა ეკონომიკის სამინისტროს შენობასთან გაჩერდა. როგორც ეტყობა, მძღოლმა პოლიციელს ყასიდად რაღაც ჰკითხა. ამასობაში არქილოქოსს ეზოში შეპარვა უნდა მოესწრო. კედელზე კიბე დახვდა მიყუდებული. არნოლფმა თავისი ძველისძველი პალტოს ჯიბეში სახლიდან წამოღებული ყუმბარა მოსინჯა და კიბეზე აბობღდა. მერე კი ვიწრო კედელზე ჩამუხლულმა კიბეც აათრია, გალავანზე გადააგდო და თვითონაც პარკში გადაძვრა. ახლა იგი დიდი ნაძვის ქვეშ, გაყინულ ბალახზე იდგა. ყველაფერი ისე აეწყო, როგორც რეფერენტმა უწინასწარმეტყველა. სანაპირო ლამპიონებით იყო გაჩახჩახებული. სიჩუმეში რამდენჯერმე გაისმა მანქანის საყვირის ხმა, ალბათ, ფარკსი თუ დაჰქროდა ახლომახლო თავისი მანქანით. მთვარე ახლა პრეზიდენტის სასახლეს დასდგომოდა ჯიღასავით თავზე. მოასფალტებულ გზაზე ნაბიჯები გაისმა. არქილოქოსი ნაძვის ხეს აეკრა და მიწამდე დაშვებულ ტოტებში შერგო თავი, ცხვირში წიწვის მძაფრი სუნი ეცა, ნემსებმა დაუკაწრა პირისახე. მწყობრი ნაბიჯით მისკენ ორი ლეიბგვარდიელი მოემართებოდა. არქილოქოსმა სიბნელეში თავდაპირველად მხოლოდ მცველების სილუეტები გაარჩია, მერე კი მთვარის შუქზე მხარზე გადადებული ხიშტიანი თოფები და გაფრიალებული თეთრი პლუმაჟებიც დაინახა. ცოტა ხნის შემდეგ ისინი მთვარის შუქით გაკაშკაშებულ ეზოში შეჩერდნენ. ელვარება გაჰქონდათ მათ ოქროსფერ მუზარადებსა და აბჯრებს. იქ დიდხანს არ შეყოვნებულან. მალე სასახლის მეორე მხარეს გაუხვიეს. არქილოქოსი ნაძვს მოსცილდა და ელვის სისწრაფით გავარდა შენობის უკანა კედლისკენ. აქაც ყველაფერი მთვარის შუქით იყო განათებული. არნოლფმა მკაფიოდ დაინახა შიშველი მტირალა ტირიფები, ტანწერწეტა ნაძვები, გაყინული გუბე და პაპის ნუნციუსის სასახლე. არქილოქოსმა მაშინვე იპოვა კარი, გასაღები მოარგო და გადაატრიალა. მაგრამ კარი არ გაიღო. როგორც ეტყობა, შიგნიდან გადაერაზათ. ბერძენი დაიბნა. ყარაული ყოველ წუთს შეიძლებოდა თავზე წამოსდგომოდა. მერე ისევ ეზოში ჩაბრუნდა და სასახლის კედელი შეათვალიერა. გვერდითი შესასვლელის ორივე მხარეს მარმარილოს შიშველი გოლიათები აღმართულიყვნენ: მხრებით ეპყრათ მუცელგამობერილი აივანი. არქილოქოსის ვარაუდით, სწორედ ამ აივანზე გამოდიოდა პრეზიდენტის საწოლი ოთახი. ბერძენმა მტკიცედ გადაწყვიტა აივანზე აცოცებულიყო. ისე ძალიან უნდოდა ესროლა ყუმბარა პრეზიდენტისათვის, რომ უეცრად გული მიეცა. გოლიათს ჯერ ფეხზე ააცოცდა, მერე მუცელზე და მკერდზე. ჩაებღაუჭა მარმარილოს წვერსა და ყურებს, ბოლოს უზარმაზარ თავზე ააფოფხდა და წელში გაიმართა. აქედან პირდაპირ აივანზე გადაძვრა, მაგრამ ამაოდ გაისარჯა. კარი აქაც დაკეტილი დახვდა, ფანჯრის ჩამტვრევა კი ვერ გაბედა, რადგან სიბნელეში კვლავ გაისმა ყარაულის ნაბიჯების ხმა. არქილოქოსი აივნის ცივ ფილებზე განერთხო. ლეიბგვარდიელებმა მწყობრი ნაბიჯით ჩაიარეს. აივანს გარშემო შემორტყმოდნენ შიშველი ქალებისა და მამაკაცების გოლიათური სხეულები. აქა-იქ ცხენის თავიც მოჩანდა. ყველა მათგანი უცნაურ მდგომარეობაში გაეშეშებინა მოქანდაკეს: ისინი გააფთრებით იბრძოდნენ, ლამის ნაკუწნაკუწად დაეგლიჯათ ერთმანეთი. ჯერ ისევ აივანზე გაწოლილმა არქილოქოსმა გაიფიქრა, ალბათ, ამორძალებთან ბრძოლა არის გამოხატულიო. და აი, სწორედ იმ ადგილას, სადაც უამრავი სხეული იყო ერთად გამოქანდაკებული, არნოლფმა პატარა მრგვალი სარკმელი შეამჩნია. სარკმელი ღია იყო და უცბად ისევ მარმარილოს სამეფოში ამოყო თავი. უზარმაზარ ტორსებს შორის მოქცეულ არქილოქოსს ტვინს უბურღავდა აზრი, ვაითუ ყუმბარა ამიფეთქდესო. შეშინებული მიცოცავდა გოლიათების მუცლებსა და არაბუნებრივად მოხრილ ზურგებზე, ერთხელ კინაღამ მიწაზე არ მოადინა ზღართანი, ბედზე მოასწრო და რომელიღაცა მეომრის ამოღებულ მახვილს ჩასჭიდა ხელი; დაფეთებული ბერძენი მერე ნაზად მოღიმარ, მომაკვდავ ამორძალს ჩაუვარდა ხელებში. მცველებმა მესამედ შემოუარეს სასახლეს და აივნის ქვეშ შეჩერდნენ. არქილოქოსმა დაინახა, როგორ შედგნენ ლეიბგვარდიელები მთვარის შუქით გაკაშკაშებულ პარკში და სასახლის კედელს დაუწყეს თვალიერება.

– მგონი, ვიღაც აძვრა ზევით, – თქვა ერთმა მცველმა კარგა ხნის თვალიერების შემდეგ.

– კი, მაგრამ სად არის? – იკითხა მეორემ. – სისულელეა. ეგ ღმერთების ქანდაკებათა ჩრდილებია მხოლოდ.

– ეს ღმერთები კი არა, ამორძალები არიან.

– ამორძალი რაღაა?

– ასე ეძახდნენ ცალმკერდიან ქალებს. მე მაინც ეჭვი მაქვს, რომ იქ ვიღაცა იმალება. დამაცადე, ახლავე ბეღურასავით ჩამოვაგდებ ძირს. – მცველმა მხრიდან თოფი ჩამოიხსნა და არქილოქოსი მიზანში ამოიღო. ბერძენი არ განძრეულა.

– შენ რა, გინდა ისროლო და მთელი სასახლე ააწრიალო? – არ დაანება სროლა მეორემ.

– კი, მაგრამ იქ ხომ აშკარად ვიღაცა ზის.

– არავინაც არ არის. ძეხორციელი ვერ ავიდოდა იქ.

– ისე, კაცმა რომ თქვას, მართალი ხარ.

– აი, ხომ ხედავ, წამო, წამო, წავიდეთ აქედან. მცველებმა თოფები მხარზე გადაიგდეს და მწყობრი ნაბიჯით დატოვეს იქაურობა. არქილოქოსი კი ისევ შეუდგა გოლგოთის გზას. როგორც იქნა, ღია სარკმლამდე მიაღწია და სასახლეში გადაძვრა. და აი, მოულოდნელად თავი მესამე სართულის მაღალჭერიან/ ცარიელ საპირფარეშოში ამოყო. საშინელი დაღლილობა იგრძნო. კედლებზე ხოხიალისგან მტვერსა და სკინტლში ამოთხვრილიყო. ისე მოულოდნელად ამოყო თავი ღმერთების სამეფოდან პირდაპირ საპირფარეშოში, რომ მყისვე გამოფხიზლდა. ხვნეშით გამოაღო კარი და ფართო დერეფანში გავიდა.

დერეფნის ორსავე მხარეს მთვარის შუქით განათებული დარბაზები მოჩანდა. არქილოქოსმა სვეტებს შორის თეთრი ქანდაკებები შენიშნა, ფრთხილად ჩავიდა მეორე სართულზე და ის დერეფანი მოძებნა, პტი-პეიზანის რეფერენტმა რომ მიანიშნა. მაღალი ფანჯრებიდან სანაპირო მოჩანდა. არქილოქოსი წუთით დააბრმავა გაჩახჩახებული ქალაქის ჩირაღდნებმა. ეზოში ყარაულის შეცვლის საზეიმო ცერემონიალი მიმდინარეობდა. არნოლფმა დაინახა, როგორ მისცეს ერთმანეთს სამხედრო სალამი ჯარისკაცებმა, გაიჯგიმნენ, დეზები ააწკარუნეს და თავიანთი ადგილებისაკენ მწყობრი ნაბიჯებით გაეშურნენ. არქილოქოსი ფანჯარას მოსცილდა და ფეხაკრეფით გაემართა პრეზიდენტის საწოლი ოთახისაკენ. ჩუმად შეაღო კარი. მარჯვენა ხელში ყუმბარა ჩაებღუჯა. აივნის მაღალი კარიდან ოთახში მთვარის შუქი იჭრებოდა. ეს ის კარი იყო, წეღან გარედან რომ ვერ გააღო. ოთახში შევიდა და იქაურობა მიათვალიერ-მოათვალიერა. უნდოდა ყუმბარა პირდაპირ საწოლისკენ ესროლა, მაგრამ ოთახში მისი მომავალი მსხვერპლის ხსენებაც კი არ იყო. შუაში ჭურჭლით სავსე კალათა იდგა მხოლოდ. არაფერი არ დაემთხვა ტერორისტების ნათქვამს. ეტყობა, მეამბოხეებსაც არ ჰქონდათ ყოველთვის სარწმუნო ცნობები. დაბნეული არქილოქოსი ოთახიდან ისევ დერეფანში გამოვიდა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ეპოვა თავისი მსხვერპლი. ყუმბარა მოიმარჯვა და მესამე სართულზე ავიდა, იქიდან კი – მეოთხეზე, შემოიარა სამეჯლისო დარბაზები და მდიდრულად მოწყობილი სასტუმრო ოთახები. დაათვალიერა სხდომათა დარბაზი და პატარა სალონები. მდივნების ბიუროშიც შეიხედა, სადაც შალითაგადაფარებული საბეჭდი მანქანები იდგა. სურათების გალერეიდან საჭურველთსაცავში მოხვდა, აქ გრძელლულიანი ზარბაზნები იდგა და კედელზე დროშები ეკიდა. არქილოქოსი შუბს დაეჯახა და სახელო გაიხია. ბოლოს მეხუთე სართულზე ავიდა და ქურდულად გაუყვა თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ დერეფანს. უეცრად რაღაც სინათლე შეამჩნია. ეტყობა, ვიღაცამ ის-ის იყო აანთო შუქი. არქილოქოსმა მხნეობა მოიკრიბა და გზა განაგრძო. ყუმბარა ძალას მატებდა. აი, მან პატარა დერეფანში გაუხვია, დერეფნის ბოლოში ნახევრად ღია კარი მოჩანდა. ოთახში სინათლე ენთო. არქილოქსმა სწრაფად გაირბინა ფაფუკი ხალიჩებით მოფენილი დერეფანი. დაღლილობის გრძნობა თვალის დახამხამებაში გაუქრა. ოთახს რომ გაუსწორდა, ყუმბარა მოიმარჯვა და კარი შეაღო... მის წინ ხალათში გამოწყობილი პრეზიდენტი იდგა. ეს ყველაფერი სრულიად მოულოდნელად მოხდა. არნოლფმა ისღა მოახერხა, რომ ყუმბარა სწრაფად დამალა პალტოს ჯიბეში.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინოწულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა