რომანი და დეტექტივი

ბერძენი ეძებს ბერძენს

№12

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 06.04

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ფრიდრიხ დიურენმატი

გაგრძელებაა. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #10-11 (1264)

არქილოქოსი გარეთ გამოვიდა. ბიბი კვლავ ეპისკოპოსის ფანჯრებქვეშ ატუზულიყო და მოთმინებით კითხულობდა გაზეთს. არქილოქოსმა უხმოდ ჩაუთვალა ძმას საჭირო თანხა და თავიდან მოიშორა. გიიომის მოედანზე იეზუიტების ტაძრის საათმა ექვსჯერ დაჰკრა და რადგან საცოლესთან რვა საათისთვის უნდა მისულიყო, გადაწყვიტა, მოეცადა მანამდე. არქილოქოსმა გადაწყვიტა, ქლოესთან ერთად დღესვე გადასულიყო სასტუმრო „რიცში“ და ყველაფრის თადარიგი წინასწარ დაიჭირა. შეუკვეთა ოთახები, ერთი – მეორე სართულზე, ერთიც – მეექვსეზე. არქილოქოსი შიშობდა, ერთი მხრივ, ქალს არ მოსცხებოდა ჩირქი, ხოლო მეორე მხრივ, საკუთარ სახელსაც უფრთხილდებოდა. ეს საქმე რომ მოაგვარა, ვექილ დიუტურს დაუწყო ძებნა, მაგრამ ამაოდ. უთხრეს, ვექილი საქმეზეა წასული, რომელიღაც სახლი მის ახალ მფლობელზე უნდა გადააფორმოსო. არქილოქოსის განკარგულებაში კიდევ საათ-ნახევარზე მეტი რჩებოდა. ქლოეს ყვავილები უყიდა და მაშინვე ვახშმის თადარიგს შეუდგა. რესტორანში უნდოდა ქლოეს წაყვანა. დიდი ფიქრის შემდეგ არჩევანი ისევ „რიცზე“ შეაჩერა. მაგიდა წინასწარ შეუკვეთა, და, რადგან ყური მოჰკრა, აქვე ახლოს, ჩალიჩას მხატვრულ სალონში პასაპის გამოფენა გაიხსნაო, იქით მიაშურა. აქ მხატვრის უკანასკნელი ნამუშევრები გამოეფინათ.. არქილოქოსს ხელში თეთრი ვარდების თაიგული ჩაებღუჯა და ნათელ დარბაზში ჯიქურ მიარღვევდა ამერიკელი ტურისტების, ჟურნალისტებისა და მხატვრების ტალღას, თან აღტაცებით ათვალიერებდა ყველა სურათს. და აი, ერთ-ერთის წინ იგი მონუსხულივით შედგა, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ტილოზე განსაკუთრებული არაფერი იყო. გაარჩევდით ცისფერი კობალტითა და ჟანგმიწის საღებავით შესრულებულ ორ ელიფსსა და ერთ პარაბოლას. აჭარხალებულმა არქილოქოსმა ყვავილები ნერვულად ჩაბღუჯა და დაჟინებით მიაშტერდა სურათს. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჭირის ოფლში გახვითქული და სიცივისაგან აკანკალებული არნოლფი ტყვიანაკრავივით გავარდა დარბაზიდან. მხატვრის მისამართი იქვე სალაროსთან მდგარ, შავ სმოკინგში გამოწკეპილ ჩალიჩას ჰკითხა, ღიმილითა და ხელების ფშვნეტით რომ ეგებებოდა მნახველებს. არქილოქოსი პირველსავე შემხვედრ ტაქსიში შევარდა. სალონის მეპატრონე ერთხანს წყნარად ადევნებდა თვალყურს მის ფაციფუცს, მაგრამ, როცა დაინახა, რომ არქილოქოსი მანქანაში ჩაჯდა, ისევე უპალტოოდ გამოვარდა გარეთ, ტაქსი დაიჭირა და დაედევნა. სალონის მეპატრონეს თავისი დარდი აწუხებდა. ეშინოდა, არქილოქოსს პასაპისგან ჩუმად არ შეეძინა სურათი და თვითონ საშუამავლო გასამრჯელო არ დაეკარგა.

მანქანა ¹43 სახლთან გაჩერდა. აქ ცხოვრობდა პასაპი. არქილოქოსი ტაქსიდან თაიგულით გადმოვიდა და მძღოლს სთხოვა, დალოდებოდა. დამპალ და მონჯღრეულ კიბეზე ასვლა არცთუ ისე ადვილი საქმე აღმოჩნდა. საბრალო არქილოქოსს რამდენჯერმე ჩაუტყდა საფეხური და მოაჯირს ჩაბღაუჭებული ჰაერში გამოეკიდა; უკუნეთ სიბნელეში გუმანითღა მიიკვლევდა გზას სართულიდან სართულისაკენ და გაუჩორკნავ მოაჯირზე ხელისგულები სულ გადაეტყავა. რომელიღაც სართულზე ქალის წივილ–კივილი და მამაკაცის ღრიალი აქცევდა ყველაფერს, საშინელი სიბინძურისა და უზნეობის სუნი ტრიალებდა ირგვლივ. კოპწია ბეწვის ქურქი და კოსტიუმი მტვერში ამოეგანგლა, შარვალი გაეხა. კიდევ კარგი, ყვავილები მაინც უვნებლად გადაურჩა ამ ორომტრიალში, და აი, როგორც იქნა, სხვენისაკენ მიმავალ ვიწრო, მოღრეცილი კიბეების ბოლოს ჩამოძარცული კარი დაინახა. ზედ ცარცით დიდი ასოებით ირიბად ეწერა მხატვრის გვარი. გენერალურმა დირექტორმა სახელური ჩამოსწია. კარები გაიღო. უზარმაზარ სხვენს ერთმანეთზე მიჯრილი ხის კოჭებიანი ჭერი და ოღროჩოღრო იატაკი ჰქონდა. ძირს ეყარა სახატავად გამზადებული ტილოები, ცარიელი ჩარჩოები, ქანდაკებად წოდებული, უცნაურად დახლართული მავთული. გავარვარებულ რკინის ღუმელს ზემოდან დაგრეხილი მილი ედგა, იქვე ეყარა ღვინისა და ვისკის ცარიელი ბოთლები, ზეთის საღებავების გამხმარი ტუბები, მოთხუპნული შუშები და ფუნჯები. პასაპი შუაგულ ოთახში იდგა მოლბერტთან. მისი ოდესღაც თეთრი სამუშაო ხალათი ახლა ფერადი ლაქებით იყო აჭრელებული. მხატვარი რაღაც პარაბოლებსა და ელიფსებს ჩაჰკირკიტებდა. ღუმელთან არქილოქოსმა ფაშფაშა ქალი შენიშნა. ქალს გრძელი, ქერა თმა გაეშალა, ხელები კეფაზე შემოეწყო და დედიშობილა იჯდა დანჯღრეულ სკამზე.

– ვინ ბრძანდებით? – ჰკითხა პასაპმა. არქილოქოსმა მხატვარს თავისი ვინაობა მოახსენა.

– რაზე გარჯილხართ?

– თქვენ შიშველი დაგიხატავთ ჩემი საცოლე ქლოე, – ძლივს ამოღერღა ბერძენმა.

პასაპს პირში ჩიბუხი გაერჭო და არქილოქოსს ყურადღებით ათვალიერებდა.

– მერე რა გნებავთ? – ჰკითხა ბოლოს.

– ბატონო ჩემო, – ომახიანად დაიწყო არქილოქოსმა, – მე თქვენი ხელოვნების ტრფიალი გახლავართ, აღტაცებით ვადევნებ თვალყურს თქვენს წარმატებას, მაგრამ იძულებული ვარ, ახსნა-განმარტება მოგთხოვოთ. ალბათ, დამეთანხმებით, არც ისე ხშირად ხდება, რომ კაცმა თავისი საცოლე ვენერას სახით დახატული, შიშველი იხილოს. მაშინაც კი, როცა საქმე აბსტრაქტულ მხატვრობას ეხება, დაკვირვებულ ადამიანს შეუძლია ამოიცნოს ესა თუ ის პიროვნება.

– მართალსა ბრძანებთ, – დაეთანხმა პასაპი, – სამწუხაროდ, ჩემი კრიტიკოსები ჯერ კიდევ არ ამაღლებულან აქამდე, – მან კვლავ დაკვირვებით აათვალიერ–ჩაათვალიერა არქილოქოსი, მერე მიუახლოვდა, კუნთებზე ხელი ისე აუსვ-დაუსვა, როგორც ჯიშიან ცხენს სინჯავენ ხოლმე.

– ტანთ გაიხადეთ, – უბრძანა გენერალურ დირექტორს, თან ვისკი დაისხა, დალია და კვლავ დატენა ჩიბუხი, – არავითარი მაგრამ, არესის მოდელად მინდა გამოგიყენოთ. ძველი ბერძნების ომის ღმერთი გახლავთ. წლების განმავლობაში ვეძებდი შესაფერის მამაკაცს, ჩემი ვენერას ღირსეულ ანტიპოდს და აი, როგორც იქნა, ვიპოვე. წარმოდგენილი მაქვს, როგორ აენთებით, როგორ ათრთოლდებით სიამოვნებისაგან ომის საშინელებებისა და სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის დანახვაზე. ბერძენი ბრძანდებით?

– რასაკვირველია, მაგრამ...

– სად მსახურობთ?

– გენერალური დირექტორი გახლავართ ატომური ზარბაზნებისა და... – აი, ხომ ხედავთ. მივხვდი, – გააწყვეტინა პასაპმა, – ნამდვილი ომის ღმერთი ბრძანებულხართ. ამიტომ, არ შეიძლება, მტარვალი არ იყოთ. ჯერჯერობით უბრალოდ ხელ–ფეხი გაქვთ შეკრული, არ მოგცემიათ შემთხვევა, გამოგემჟღავნებინათ თქვენი ნამდვილი ბუნება. სინამდვილეში კი ლოთობა და გარყვნილება სისხლში გაქვთ გამოყოლილი. ამაზე უკეთეს არესს სად ვიშოვიდი? თქვენ ჯერ კიდევ არ გაგიხდიათ შარვალი? – მიუბრუნდა არქილოქოსს განრისხებული მხატვარი.

– ამ წუთში, – მიუგო გენერალურმა დირექტორმა და შარვალი ჩაიხადა. – პერანგიც უნდა გავიხადო?

– ყველაფერი.

საეკლესიო საბჭოს წევრმა საგულდაგულოდ გაიბერტყა მტვერსა და ნაგავში ამოგანგლული ტანსაცმელი და სკამის ზურგზე ფრთხილად გადაკიდა. დედიშობილად დარჩენილი ძაგძაგმა აიტანა.

– სკამი ღუმელისაკენ მოსწიეთ. ღმერთმანი, სხვაგვარი ომის ღმერთი ვერც კი წარმომიდგენია. დანჯღრეულ სკამზე აფოფხებული არქილოქოსი გადმოვარდნაზე იყო.

– ბატონო ჩემო, ველი თქვენს ახსნა–განმარტებას... – ისევ წამოიწყო მან.

– ენა გააჩუმეთ, – დაიგრგვინა პასაპმა, – რა არის იმაში არაბუნებრივი, რომ თქვენი საცოლე შიშველი დავხატე. ბრწყინვალე ქალია. ალბათ, იცით, რა გულმკერდის პატრონია, არა? მარტო მისი თეძოები რადა ღირს! ანდა ჭიპი! საოცარი ამბავია, თქვენი საცოლე გახდილი არ გინახავთ და ჯვარს კი იწერთ? თქვენი საცოლე უნაკლო ვინმეა. მისი ბრწყინვალე სხეულისა და კანის შემხედვარე, ისე ავცუნდრუკდი, რომ კინაღამ უხამს ნატურალისტად არ გადავიქეცი. არასოდეს დამიხატავს ქლოესთანა ღვთაებრივი ქალი. ზღაპრული ზურგი, ნაქანდაკარი მხრები, ყველაფერ ამას ორი პატარა ბორცვი აგვირგვინებს უკან, ჩვენი დედამიწის ნახევარსფეროებს რომ მოაგონებს კაცს. ასეთი რამის დანახვაზე ძალაუნებურად ცელქი აზრები მოგდის თავში. კარგა ხანია, ხატვას ასეთი დიდი სიამოვნება აღარ მოუნიჭებია ჩემთვის. ქლოე, ამ მხრივ, ბედნიერი გამონაკლისია. მასში ყველაფერი უზადოდაა შერწყმული. ფეხები გინდა, მკლავები, თუ გედივით მოღერებული ყელი. ახლა კი დაიჩოქეთ, – უთხრა მხატვარმა არნოლფს, – აი, ასეთი უნდა იყოს არესი ბრძოლის შემდეგ! სხეული წინ გადმოხარეთ! ახლავე უნდა მოვათავო ყველაფერი, ბოლოს და ბოლოს სახლიკაცად ხომ ვერ ჩამოგისვამთ აქ? მე ერთი ახსნა-განმარტება გამაჩნია მხოლოდ, ეს არის ჩემი ხელოვნება, – უთხრა პასაპმა და ხატვა განაგრძო. თან, დროდადრო ვისკის წრუპავდა. – გაკმაყოფილებთ თუ არა ეს ახსნა–განმარტება, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. თქვენი საცოლის შიშველი სხეულიდან მე შედევრი შევქმენი. თქვენ ხელში ჩავარდნილ ქლოეს კი სულ სხვა ბედი მოელის. თუმცა, ჯერ კიდევ საკითხავია, აღეძვრება კი საერთოდ ამ მშვენიერ ქალს თქვენ წინაშე გაშიშვლების სურვილი?! და თუ ქლოე მაინც გახდა თქვენი ცოლი, ერთი რამ ნაღდად არ ასცდება: აუცილებლად იქცევა წვრილშვილიან დედიკოდ. იქნება ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ბუნების ხელით შექმნილ ამ შედევრს თქვენგან მოსპობა-განადგურება უწერია.

მხატვრის სიტყვებმა არქილოქოსს ოდნავ შვება მოჰგვარა.

– უკვე ცხრის თხუთმეტი წუთია! – შესძახა უცბად შეშფოთებულმა. – რვა საათზე ქლოესთან უნდა ვყოფილიყავი, სენ-პერის ბულვარზე მელოდება, – მოწიწებით წარმოთქვა არქილოქოსმა და სკამიდან ჩამოსვლა დააპირა.

– ნუ გეშინიათ, მოიცდის, წყნარად იდექით! – დაუყვირა მას პასაპმა, – ხელოვნება თქვენს სასიყვარულო საქმეებზე ცოტა უფრო ძვირად მიღირს. – პასაპი აუჩქარებლად განაგრძობდა ხატვას. რამდენიმე სამოცგრადუსიანი კუთხე, პარაბოლა და ელიფსი მოხაზა, მთებად დაახვავა კობალტი და ჟანგმიწა და ნახევარი საათის შემდეგ გენერალურ დირექტორს უფლება მისცა, ტანთ ჩაეცვა. – ეს თქვენთვის მიჩუქებია, შეგიძლიათ წაიღოთ, – მხატვარმა არქილოქოსს ხელში მავთულის ქანდაკება მიაჩეჩა, – საწოლთან დაიდგით. გქონდეთ ჩემგან საქორწინო საჩუქრად. დროდადრო მაინც გაიხსენებთ ხოლმე თქვენი მეუღლის სილამაზეს, როცა დაბერდება და ჩამოჭკნება. თქვენი ბედი, რომ ზედგამოჭრილი ომის ღმერთი ხართ, ამან გიშველათ, თორემ, მერწმუნეთ, დედიშობილას დიდი ხანია პანღურის კვრით გისროდით გარეთ, ყინვაში!..

არქილოქოსი მხატვრისგან წამოვიდა. ერთ ხელში თეთრი ვარდების თაიგული ეპყრა, მეორეში კი მავთულისგან გამოქანდაკებული საკუთარი საცოლის შიშველი სხეული.

მანქანაში ციოდა. გათბობა გამიფუჭდაო, – თქვა გათოშილმა მძღოლმა.

– სენ-პერის ბულვარზე თორმეტ ნომერში მიმიყვანეთ, – უთხრა მძღოლს არქილოქოსმა. გუნებაში უხაროდა, რომ მალე სატრფოს ნახავდა. თუმცა, უცებ გაახსენდა, გზად იმ სახლში უნდა შეევლო, სადაც შეხვედრა ვექილმა დაუნიშნა.

***

ოთახში ტახტი, პატარა მაგიდა, კლავესინი და ლამაზი სავარძლები იდგა მხოლოდ. არქილოქოსმა ჩაახველა. ეტყობოდა, ოთახში არავინ იყო. უცბად კარებს უკან ნაბიჯების ხმა გაისმა. ალბათ, მისტერ უიმენიაო, გაიფიქრა არქილოქოსმა, კართან მივიდა და დააკაკუნა.

– მობრძანდით! – მოისმა შიგნიდან. არნოლფი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, მის წინ ვექილი დიუტური იდგა. დაბალ-დაბალი, სხარტი მამაკაცი იყო. პირისახეს შავი ულვაშები უმშვენებდა, ჭაღარა თმა თეთრ ფაფარს მიუგავდა. ახლა იგი მოოქროვილჩარჩოებიანი სარკეებით მორთულ ოთახში იდგა დიდ, ლამაზ მაგიდასთან. ჭერზე საშობაო ნაძვის ხესავით განათებული მრავალსანთლიანი ჭაღი ეკიდა.

– ვიცოდი, რომ მოხვიდოდით, ბატონო არქილოქოს. გთხოვთ, დაბრძანდეთ, – ვექილმა მისალმების ნიშნად არნოლფს თავი დაუკრა და ხელით სავარძელზე ანიშნა, თვითონ კი მის პირდაპირ ჩამოჯდა. მაგიდაზე საბუთები იყო გაშლილი. არქილოქოსი გამოუტყდა, არაფერი მესმის, რა ხდებაო.

– ჩემო ძვირფასო გენერალურო დირექტორო, – გაუღიმა ვექილმა არქილოქოსს, – მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა ბედნიერება, პირადად გადმომეცა თქვენთვის ეს სახლი. მოგახსენებთ, შენობა მშვენივრად გამოიყურება და არც დაგირავებულია. დასავლეთის ფრთაზე სახურავია მხოლოდ შესაკეთებელი. არქილოქოსმა ამაზე მიუგო:

– მართალია, ამ ბოლო ხანში ბედი ძალიან მანებივრებს და ამას როგორღაც შევეჩვიე კიდეც, მაგრამ ამ ამბავმა მაინც ძალიან გამაოცა, – იქნება თქვენ მაინც ამიხსნათ... – შეევედრა ვექილს.

– სახლის ყოფილმა პატრონმა არ მოისურვა ვინაობის გამჟღავნება.

– მშვენივრად ვიცი, სახლი ცნობილ არქეოლოგებს ბატონ და ქალბატონ უიმენებს ეკუთვნითო და დასძინა, – ეს ის უიმენები გახლავან, საბერძნეთში გათხრების დროს ოქროს სვეტებით და ძვირფასი ქანდაკებებით შემკული ხავსმოკიდებული უძველესი ტაძარი რომ იპოვესო, – განაცხადა არნოლფმა.

ვექილი ცოტა არ იყოს, შემცბარი ჩანდა, ერთხანს გაოგნებული შესცქეროდა არქილოქოსს და თავს აკანტურებდა. ბოლოს განუცხადა, საიდუმლოს გამჟღავნების უფლება არა მაქვს, ყოფილი მეპატრონის სურვილია, სახლი ვინმე ბერძენს ეკუთვნოდეს და ძალზე ბედნიერად თვლის თავს, რომ ეს ადამიანი თქვენ ბრძანდებითო.

– ამ საყოველთაო კორუფციისა და უზნეობის ხანაში, – განაგრძო შემდეგ ვექილმა, – როცა ყველაზე შემაძრწუნებელი ბოროტმოქმედებაც კი ბუნებრივად მიიჩნევა, როცა ყოველივე მოწინავე დასაღუპავადაა განწირული და კაცობრიობა ძალმომრეობას უბრუნდება, ჩვენ, იურისტები, სასოწარკვეთილებაში უნდა ჩავვარდნილიყავით და სამართლიანობის ყოველგვარი რწმენა დაგვეკარგა.

მაგრამ, საბედნიეროდ, დროდადრო ჯერ კიდევ ვხვდებით ხოლმე მოწმე ჭეშმარიტი კაცთმოყვარეობის გამოვლენისა, – აქ ვექილმა არქილოქოსს ამ დიდებული სახლით დასაჩუქრების მაგალითი მოუყვანა, – ყველა საბუთი მზადაა, მხოლოდ თქვენი თვალის გადავლება და ხელისმოწერაა საჭირო. სახლის სხვა მფლობელის ხელში გადასვლასთან დაკავშირებული გადასახადები, – მოგეხსენებათ, სახელმწიფო გაუმაძღარი მოლოქია, – უკვე გადახდილია, – დაასრულა ვექილმა.

– დიდ მადლობას მოგახსენებთ, – უთხრა არქილოქოსმა. დიუტურმა ხმამაღლა წაიკითხა საბუთები, საეკლესიო საბჭოს მრჩეველმა კი ყველა მათგანს ხელი მოაწერა.

– ამიერიდან სახლი თქვენი საკუთრებაა, – ვექილი ადგა. არქილოქოსიც წამოდგა.

– ბატონო ჩემო, – ზარ–ზეიმით დაიწყო მან, – ნება მიბოძეთ გამოვხატო ის სიხარული, რაც თქვენმა გაცნობამ მომანიჭა.

– როგორ გეკადრებათ, – მიუგო დიუტურმა, – მე მხოლოდ ჩემი ვალი მოვიხადე.

– პატივცემულო დიუტურ, ძალიან გთხოვთ ჩემი ქორწინებისათვის საბუთები თქვენ მოამზადოთ.

– ყველაფერი უკვე მზად გახლავთ, – მიუგო ვექილმა. – თქვენმა მომხიბლავმა საცოლემ უკვე იზრუნა ამაზე.

– რასა ბრძანებთ, – წამოიძახა გახარებულმა არნოლფმა, – კი მაგრამ, განა თქვენ იცნობთ ჩემს საცოლეს?

– მაქვს პატივი.

– მე მგონია, დამეთანხმებით, რომ ფრიად მომხიბვლელი არსებაა, არა? ასე მგონია, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დადის-მეთქი დედამიწის ზურგზე.

– მეჯვარეებად ვინ გინდათ წაიყვანოთ?

არნოლფი გამოუტყდა, ამის თაობაზე არც კი მიფიქრიაო. მაშინ დიუტურმა ურჩია, კარგი იქნებოდა, ამერიკის ელჩი და უნივერსიტეტის რექტორი წაგეყვანათო მეჯვარეებად.

არნოლფი შეყოყმანდა.

– ორივე მოწმე უკვე თანახმაა, – აუწყა ვექილმა, – თქვენ არანაირი თადარიგის დაჭერა არ მოგიხდებათ. ამ ქორწინებამ ფართო საზოგადოებრიობაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ყველგან მხოლოდ თქვენ წარმატებებზე ლაპარაკობენ, ჩემო ძვირფასო არქილოქოს!

– კი მაგრამ, ეს ბატონები ხომ არ იცნობენ ჩემს საცოლეს? – ტანმორჩილმა ვექილმა თავის აქნევით უკან გადაიყარა მშვენიერი თეთრი თმა, ულვაშებზე ხელი გადაისვა და ცოტა არ იყოს მზაკვრული მზერა ესროლა არქილოქოსს.

– მე კი მგონია, იცნობენ.

– გასაგებია, – გაუხარდა არნოლფს, – ისინი, ალბათ, ჯილბერტ და ელიზაბეთ უიმენების ხშირი სტუმრები იყვნენ.

ახლა დიუტურის გაოცების ჯერი დადგა.

– დაე, ასე იყოს, – ამოღერღა მან ბოლოს, – ნება მიბოძეთ, დაგემშვიდობოთ, – ვექილმა პორტფელი დაკეტა, – სამოქალაქო ქორწინება ზუსტად ორ საათზე შედგება, ქალაქის რატუშაში.

არნოლფი გასაცილებლად წამოდგა. მალე დიუტურის აჩქარებული ნაბიჯების ხმა ღამის სიბნელემ შთანთქა, არქილოქოსმა კი გაიფიქრა, როგორც ეტყობა, ვექილი უიმენების ხშირი სტუმარი უნდა ყოფილიყოო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა