ბერძენი ეძებს ბერძენს
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 13.04

- ფრიდრიხ დიურენმატი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #10-12 (1265)
არქილოქოსი ცნობისმოყვარეობით შეუდგა როკოკოს სტილის პატარა სასახლის დათვალიერებას. ერთ–ერთი ოთახიდან თითქოს ფრთხილი ნაბიჯები შემოესმა, მაგრამ იქ არავინ აღმოჩნდა. მთელი შენობა წერწეტა სანთლებითა და პატარა ნათურებით იყო გაჩირაღდნებული. არქილოქოსი დააბიჯებდა ოთახებსა და დარბაზებში, ფეხი ეფლობოდა ფაფუკ ხალიჩებში და თვალს ვერ აშორებდა გემოვნებით შერჩეულ ავეჯს. კედლებზე გაკრული ოქროსფერშროშანებიანი ძვირფასი შპალერი სიძველისაგან ალაგ-ალაგ გაცრეცილიყო. ოთახში ლამაზი სურათები ეკიდა, მაგრამ არნოლფი დარცხვენილი არიდებდა მათ მზერას: მშვენიერ შიშველ ქალებს დედიშობილა მამაკაცები იწვევდნენ სასიყვარულო პაემანზე. სრულიად მოულოდნელად ვიწრო ხვეული კიბე შენიშნა, საიდუმლო კართან რომ იწყებოდა. აქ, კიბის საფეხურებზეც ვარსკვლავები და კომეტები დაეყარათ! რაც უფრო ზევით მიიწევდა, მით უფრო კარგავდა მხნეობას, სულ უფრო და უფრო ეძალებოდა კარგად ნაცნობი შიშის გრძნობა. ხვეული კიბე დამთავრდა და არქილოქოსმა თავი პატარა, მრგვალ და მაღალფანჯრებიან ოთახში ამოჰყო. აქ დიდი საწერი მაგიდა, გლობუსი, მასიური სავარძელი, შანდალი და ერთი სკივრი იდგა. ავეჯი შუასაუკუნეების დროინდელი იყო. სავარძელზე გაყვითლებული პერგამენტის ფურცელი ეგდო, ზედ პომადით ეწერა: „არნოლფის კაბინეტი“. არქილოქოსმა საწერ მაგიდაზე ტელეფონს მოჰკრა თვალი. საძინებელ ოთახში უზარმაზარი, ძველებური ბალდახინიანი საწოლი იდგა. რენესანსის სტილის პატარა მაგიდაზე აქაც პერგამენტის ნაგლეჯი ეგდო წარწერით: „არნოლფის საძინებელი ოთახი“. ვარსკვლავებით მოჭედილ გზას კი თავი და ბოლო არ უჩანდა. არქილოქოსი ახლა როკოკოს სტილის მშვენიერ ბუდუარს ათვალიერებდა. წითელი აბაჟურების წყალობით ოთახში საოცრად ნაზი, სასიამოვნო სინათლე იღვრებოდა. ოთახი გემოვნებით შერჩეული ავეჯითა და სხვადასხვა სამშვენისებით იყო მორთული. პატარა სავარძელზე დაგდებულ პერგამენტის ფურცელზე წაეწერათ: „ქლოეს ბუდუარი“. უწესრიგოდ გაბნეული თოვლივით ქათქათა თეთრეულის, ლიფისა და კორსეტის დანახვამ არქილოქოსი ძალზე დააბნია. გამოღებული კარიდან არქილოქოსმა სააბაზანოში შეიხედა. ზურმუხტისფერი, სურნელოვანი წყლით სავსე აუზს ოხშივარი ასდიოდა. კომეტებითა და ვარსკვლავებით მოფენილ გზაზე არქილოქოსმა კიდევ ერთი კარი აღმოაჩინა და მკერდზე ფარივით თაიგულაფარებულმა რიხით შეაღო. ოთახის შუაგულში ბალდახინიანი განიერი საწოლი იდგა. ციურ მნათობთა გზა აქ წყდებოდა, თუმცა რამდენიმე მზე და მთვარე საწოლის თავსაც ამშვენებდა. ოთახში არავინ ჩანდა. საწოლზე ფარდები იყო ჩამოფარებული. ბუხარში შეშა ტკაცუნობდა და ცეცხლის ალზე არნოლფის უზარმაზარი ჩრდილი ოქრომკედით ნაქარგ მეწამულისფერ ფარდაზე ეცემოდა. არქილოქოსი ფეხაკრეფით მიუახლოვდა საწოლს, ფარდა ოდნავ გადასწია და შეიჭვრიტა. თავდაპირველად გამჭვირვალე თეთრი მაქმანების ნისლი გაარჩია მხოლოდ, მერე გარკვევით ჩაესმა ვიღაცის სუნთქვა. შეშინებულმა ბერძენმა სატრფოს სახელი წაიჩურჩულა, მაგრამ არავინ გამოპასუხებია. გრძნობდა, რომ რაღაც უნდა ეღონა. სადღაც, გულის კუნჭულს ერთი სურვილი უბურღავდა: დაეკრა ფეხი და აქედან გავარდნილიყო, დაბრუნებულიყო თავის უბადრუკ სადგომში. საკუთარ თავთან მცირე ხნის ჭიდილის შემდეგ ფარდა კვლავ გადასწია და დაინახა, რომ ის, ვისაც ეძებდა, იქვე, ლოგინში იწვა და, კუნაპეტივით შავი თმის ზღვაში ჩაძირულს, ეძინა. არქილოქოსი შეკრთა, უღონოდ დაეშვა საწოლის კიდეზე და ქლოეს მორცხვად დაუწყო თვალიერება. მეწყერივით მოვარდნილი ბედნიერება ერთი წუთით არ აძლევდა გონზე მოსვლის საშუალებას. და აი, მეწამულისფერ, სიფრიფანა ფარდაზე გამოკვეთილი ჩრდილი ნელ–ნელა დაიხარა მძინარე ქლოესკენ. არქილოქოსმა მოულოდნელად შეამჩნია, რომ ქალმა თვალები ოდნავ გაახილა. ეტყობა, კარგა ხანია უთვალთვალებდა მას თავისი ხშირი წამწამებიდან.
– ოჰ, არნოლფ, – შესძახა ქალმა ისეთი ხმით, თითქოს ესესაა გაიღვიძაო. – ადვილად მომნახე? ხომ არ დაიბენი ოთახებში?
– ქლოე, კი მაგრამ, ქალბატონ უიმენის საწოლში რატომ ჩაწოლილხარ? – ცოტა არ იყოს შეკრთა არნოლფი.
– განა ეს საწოლი ახლა შენ არ გეკუთვნის? – გაიცინა ქლოემ და გაიზმორა.
– ჩვენმა ძვირფასმა ბატონმა და ქალბატონმა უიმენებმა უკვე იციან ყველაფერი? იციან, რომ ერთმანეთი გვიყვარს?
. – რასაკვირველია, ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტეს ამ სახლის ჩუქება. – მათ რამდენიმე სახლი აქვთ ინგლისში.
– ვერაფრით შევგუებივარ ყოველივე ამას. არ მეგონა, თუ ინგლისელები ისე პროგრესულად მოაზროვნენი იყვნენ, რომ შეეძლოთ, შინამოსამსახურისათვის სასახლე ეჩუქებინათ.
– როგორც ჩანს, ზოგიერთ ოჯახში ასეთი ადათ-წესი ჰქონიათ, – აუხსნა ქლოემ. არქილოქოსმა თავი გააქნია და საცოლეს აუწყა, ყველაფერთან ერთად ატომური ზარბაზნებისა და სამეანო მაშების განყოფილების გენერალურ დირექტორადაც დამნიშნესო. – ამიერიდან ღმერთივით ხელფასი მექნება.
– მით უკეთესი ჩვენთვის.
– საერთაშორისო საეკლესიო საბჭოს წევრადაც ამირჩიეს. მაისში სიდნეიში მომიხდება წასვლა.
– ეს ჩვენი საქორწინო მოგზაურობა იქნება.
– არა, საქორწინო მოგზაურობაში ჩვენ სხვაგან წავალთ, – არქილოქოსმა ჯიბიდან ბილეთები ამოიღო, – პარასკევს საბერძნეთში მივდივართ „იულიათი“. – და უცბად, თითქოს მეხი გავარდაო მოკრიალებულ ცაზე, სახეშეშლილი არქილოქოსი ქალს მიუბრუნდა, – კი მაგრამ, საიდან იცი ჩემი სამსახურის ამბები?
ქლოე საწოლზე წამოჯდა. ისეთი მშვენიერი იყო, რომ არქილოქოსმა თვალები დახარა. ქალმა თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. ღრმა ფიქრებში წასული კარგა ხანს შეჰყურებდა არნოლფს, მერე ამოიოხრა და კვლავ უსიტყვოდ მიესვენა ბალიშებზე.
– განა არ იცი, მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობს, – უთხრა ბოლოს ქალმა უცნაური ხმით.
– გიხარია, რომ ხვალ უნდა დავქორწინდეთ? – ენის ბორძიკით ჰკითხა არქილოქოსმა.
დირექტორი ახლა მხოლოდ ერთზეღა ოცნებობდა – შემძვრალიყო ლოგინში, ჩახუტებოდა ქლოეს და დაეძინა.
– ქლოე, – წაიჩურჩულა მან, – ყველაფერი, რაც თავს გადაგვხდა, იმდენად უჩვეულოა, რომ ხანდახან გონება მერევა და ვფიქრობ: იქნებ მე სრულიადაც არა ვარ მე, იქნება სინამდვილეში ჩემი ადგილი სახურავქვეშ, ჭუჭყიან სხვენზეა და იქნებ შენც შორეული ზმანება ხარ მხოლოდ.
– ნუ ფიქრობ ამაზე, ძვირფასო, – ნაზად უთხრა ქლოემ, – მთელი დღე გელოდი, და, აი, შენც აქა ხარ... ო, რომ იცოდე რა ლამაზი ხარ. გაიხადე პალტო. ო’ნეილ–პაპერერთან შეიძინე? - არქილოქოსმა პალტოს გახდა დააპირა და მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, რომ ყვავილები კვლავ ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული. – აი, როგორი თეთრი ვარდები მოგიტანე, – არნოლფი თაიგულის მისაწოდებლად ლოგინზე გადაიხარა. ქალმა თავისი ნაზი მკლავები მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
დაახლოებით, დილის რვა საათი იქნებოდა, როცა არქილოქოსი თეთრწინსაფრიანმა მოსამსახურე გოგომ გააღვიძა.
– ბატონო ჩემო, სასწრაფოდ ჩაიცვით პალტო და მიბრძანდით. გვერდით ოთახში სახლის პატრონს სძინავს, – უთხრა გოგომ გენერალურ დირექტორს და საიდუმლო კარი გააღო, რის არსებობაზე არქილოქოსს წარმოდგენაც არ ჰქონდა. კარი რომელიღაც ფართო დერეფანში გადიოდა.
– სისულელეს ნუ ლაპარაკობთ, სახლის პატრონი მე თვითონა ვარ.
– ო, მაპატიეთ, – გოგომ არნოლფს თავი დაუკრა.
– რა გქვია? – ჰკითხა არქილოქოსმა.
– სოფი. – რამდენი წლის ხარ?
– თექვსმეტის, ბატონო.
– დიდი ხანია აქ მსახურობ?
– ნახევარი წელია.
– ქალბატონმა უიმენმა აგიყვანა?
– არა, ბატონო, მადმუაზელ ქლოემ.
არქილოქოსმა გაიფიქრა, რაღაც გაუგებრობას აქვსო ადგილი, მაგრამ მოერიდა და გოგოსთვის აღარაფერი უკითხავს.
– ყავას ხომ არ ინებებთ, ბატონო ჩემო?
– მადმუაზელ ქლოე უკვე ადგა?
– მას ცხრა საათამდე სძინავს ხოლმე. – მაშინ მეც ცხრა საათზე ვისაუზმებ, – განაცხადა არქილოქოსმა.
– ბატონო, – თავი გააქნია სოფიმ, – ცხრა საათზე ქალბატონმა აბაზანა უნდა მიიღოს.
– ათის ნახევარზე?
– მასაჟს უკეთებენ.
– ათ საათზე?
– მესიე შპაცი მოდის ხოლმე მასთან.
– ბატონი შპაცი ვიღაა? – გაიკვირვა არქილოქოსმა.
– მკერავი.
– მაშ როდისღა მეღირსება ჩემი საცოლის ნახვა?! – არქილოქოსი სასოწარკვეთილებამ მოიცვა.
– ხომ იცით, საქორწინო სამზადისია და მადმუაზელ ქლოეს ძალიან ბევრი საქმე აქვს.
– კარგი. ცოტას წავიხემსებ, ასეა თუ ისე, მშიერი ხომ არ ვიქნები, – დამორჩილდა ბედს გენერალური დირექტორი.
საუზმე იმ ოთახში გაეწყოთ, სადაც ვექილმა დიუტურმა სახლი არქილოქოსის სახელზე გადააფორმა. არნოლფს მაგიდასთან ჭაღარა კამერდინერი ემსახურებოდა, საკმაოდ მედიდურად რომ ეჭირა თავი.
მოულოდნელად სახლი კამერდინერებითა და მოსამსახურეებით აივსო.
არქილოქოსს მოართვეს კვერცხი, ლორი, რისთვისაც პირი არ დაუკარებია, თურქული ყავა, ფორთოხლის წვენი, ყურძენი, კარაქწასმული და კონფიტურიანი სურნელოვანი ფუნთუშები. დილიდანვე იხუვლა საჩუქრების ნიაღვარმა. მოჰქონდათ ყვავილები, ბარათები, დეპეშები, ათასნაირი ფუთები. ჭიშკართან ხმამაღლა აჭყვიტინებდნენ საყვირს ავტოფურგონები. ჰოლი და მისაღები ოთახი საჩუქრებით იყო სავსე. რენესანსის სტილის ოთახში საწოლზე რომ აღარ დატეულიყო, პირდაპირ იატაკზე დაეყარათ. ერთსაათიანი საუზმის შემდეგ არქილოქოსმა ხელსახოცით გულდასმით მოიწმინდა პირი. საბრალო ძალიან მოშიებულიყო და კარგა გვარიანადაც შენაყრდა. გუშინ ჟორჟეტას კაფეში რომ წაიხემსა, მას შემდეგ მთელი დღე ხომ არაფერი ჩასვლია პირში! კარადაზე აპერიტივისა და ლიქიორის ბოთლები იყო ჩამწკრივებული, ყუთებით ელაგა სურნელოვანი სიგარები. აქ ნახავდით „პარტაგასს“, „დანემანს“, „კოსტა–პენს“ და სხვა ძვირფას სიგარებს. არქილოქოსს თავის სიცოცხლეში პირველად აღეძრა სურვილი, ეგემა ეს აკრძალული ხილი, მაგრამ შეშინებულმა უმალ ხელი აიღო განზრახვაზე. გენერალურ დირექტორს საოცარ სიამოვნებას ჰგვრიდა ეს ადრიანი დილა, საამოდ უღიტინებდა კერძო მესაკუთრის უჩვეულო გრძნობა.
კამერდინერმა მოკრძალებით დახარა თავი. არნოლფმა მას სახელი ჰკითხა.
– თომას მეძახიან.
– რამდენი წლისა ხართ?
– სამოცდათხუთმეტის გახლავარ, ბატონო ჩემო.
– დიდი ხანია ამ ოჯახში მსახურობთ? – ათი წელია. – ქალბატონმა უიმენმა აგიყვანათ?
– არა, მადმუაზელ ქლოემ.
არქილოქოსმა გაიფიქრა, კვლავ რაღაც გაუგებრობას აქვსო ადგილი, მაგრამ ამჯერადაც არაფერი უკითხავს, რადგან ცოტა არ იყოს მოერიდა ამ ჭაღარა მოხუცისა.
– ცხრა საათზე ო’ნეილ–პაპერერი მოვა. საქორწინო ფრაკი უნდა შეგიკეროთ.
– კეთილი.
– ათ საათზე კი რატუშიდან გვეწვევა წარმომადგენელი, რაღაც საქმეებია მოსაგვარებელი.
– კეთილი და პატიოსანი.
– თერთმეტის ნახევარზე ბატონი ვაგნერი უნდა მიიღოთ. იგი ოფიციალურად მოგილოცავთ მედიცინის მეცნიერებათა საპატიო დოქტორის წოდებას. ეს წოდება თქვენ იმ დამსახურებისთვის მოგენიჭათ, რაც მიგიძღვით სამეანო მაშების პრაქტიკულად დანერგვის საქმეში.
– დაველოდები ბატონ ვაგნერს.
– თერთმეტ საათზე ამერიკის ელჩი მობრძანდება და შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისალმებას გადმოგცემთ. პირველ საათზე მოეწყობა პატარა საუზმე მეჯვარეებისთვის, ხოლო ორს რომ ოცი წუთი დააკლდება, რატუშაში წახვალთ, სადაც შედგება სამოქალაქო ქორწინება. წმიდა ელოიზის ეკლესიაში ჯვრისწერის შემდეგ კი „რიცში“ დიდი წვეულება გაიმართება.
– კი მაგრამ, ვინ ითავა ყველაფერი ეს? – გაიკვირვა არქილოქოსმა.
– მადმუაზელ ქლოემ. მადმუაზელ ქლოემ ვიწრო წრეში მოინდომა ქორწილის გადახდა და ამიტომ მარტო უახლოესი მეგობრები მოიწვია.
– მეც ამ აზრისა ვარ.
– სუფრა მხოლოდ ორას კაცზე იქნება გაშლილი.
არქილოქოსი ისევ დაიბნა.
– კარგი, – თქვა ბოლოს, – ამას ყველაფერს დავაზუსტებ. თორმეტის ნახევრისთვის ტაქსი გამომიძახეთ.
– როგორ, განა არ გინდათ, რობერტმა წაგიყვანოთ?
– რობერტი ვიღაა? – კითხვითვე უპასუხა არქილოქოსმა.
– თქვენი მძღოლი, – მიუგო კამერდინერმა, – ბატონი არქილოქოსი ხომ საუკეთესო წითელი „ლიმუზინის“ მფლობელია მთელ ქალაქში.
„რა საოცარია ყოველივე ეს“, – გაიფიქრა არქილოქოსმა. ო’ნეილ–პაპერერის გასტუმრების შემდეგ თორმეტის ნახევარზე არქილოქოსი „რიცში“ გაემგზავრა უიმენების მოსანახულებლად. ცოლ-ქმარი მდიდრული სასტუმროს ჰოლში ისხდნენ და ჟურნალებს ათვალიერებდნენ. ქმარი „არქეოლოგიურ მიმოხილვას“ ფურცლავდა, ცოლი კი ანტიკური სიძველეების ალმანახით იყო გართული. ირგვლივ ნაირ-ნაირი ფორმის სავარძლები იდგა, კედლებზე კი ჟამთა სიძველისგან გაშავებული ნატურმორტები ეკიდა.
– ბატონო და ქალბატონო უიმენ! – მიმართა ცოლ–ქმარს საშინლად აღელვებულმა არქილოქოსმა, თან გაოცებულ ქალბატონ უიმენს ორი ჯადვარი მიართვა, – მთელი დედამიწის ზურგზე არ დაიარებიან თქვენისთანა შესანიშნავი ადამიანები.
– Well, – თქვა მისტერ უიმენმა, ჩიბუხი გააბოლა და „არქეოლოგიური მიმოხილვა“ განზე გადადო.
– ისიც მინდა, გითხრათ, რომ კეთილი გულით მიძღვნილი საჩუქარი ყოველთვის გულწრფელი მადლობის გრძნობას იწვევს.
მისტერ უიმენმა გაკვირვებისაგან ენაჩავარდნილმა, მეუღლეს მიაპყრო მზერა.
„რა შესანიშნავი ხალხია ეს ინგლისელები. ერთი ნაკლი კი აქვთ, ზომაზე მეტად თავდაჭერილები არიან“, – გაიფიქრა არქილოქოსმა და წითელ „ლიმუზინში“ გამოიჭიმა.
ჯვრისწერის დაწყებას წმიდა ელოიზის ეკლესიასთან ამჯერად მარტო ძველი და ახალი პრესვიტერიანელი ბებრუხუნა ქალების ჯგუფი არ უცდიდა; ემილ კაპელერის ქუჩაზე აუარებელ ხალხს მოეყარა თავი. მალე რატუშის მხრიდან მერკლინგის ბულვარზე მანქანების წყება გამოჩნდა. თავში მოქცეული წითელი ლიმუზინი გაჩერდა და ქლოე და არქილოქოსი გადმოვიდნენ. ხალხის ბრბო შეშლილივით ღრიალებდა: „გაუმარჯოს არქილოქოსს“ „ევივა, ქლოე!“ ქალბატონ ბილერსა და ოგიუსტს გულიც კი აუჩუყდათ და აცრემლდნენ. ცოტა მოგვიანებით თეთრცხენებშებმული საზეიმოდ მორთული ეტლით პრეზიდენტიც მობრძანდა. ეტლს აქეთ-იქიდან შავ ცხენებზე ამხედრებული ლეიბგვარდიელები მოჰყვებოდნენ. თავზე თეთრ პლუმაჟიანი ოქროსფერი მუზარადები ეხურათ. ხალხმა წმიდა ელოიზის ეკლესიისაკენ იხუვლა. ეს ნაგებობა დიდი სილამაზით ვერ დაიკვეხნიდა. სამრეკლო არა ჰქონდა და ფაბრიკას უფრო წააგავდა, ვიდრე ღვთის ტაძარს. მაგრამ მალე ეს უბადრუკი, აშმორებული ეკლესია, სადაც იაფფასიანი ოდეკოლონის და ბებრუცუნა ქალების მომჟავო სუნი ტრიალებდა, მექორწილეებით აივსო, უეცრად მთლად გამოიცვალა და გალამაზდა: კიაფობდა ოქროს სამკაულები და ძვირფასი თვლები, ელავდა მარგალიტის მძივები, თეთრად ქათქათებდა გაშიშვლებული მხრები და გულმკერდი, ძვირფასი სუნამოს სურნელი ჭერში გადებულ ნახევრად დანახშირებულ ხის კოჭებს სწვდებოდა.
ეპისკოპოსმა ალაგ-ალაგ გაბზარულ კათედრაზე ოქროს ვარაყშემოვლებული ბიბლია ჩამოსდო, ხელები სალოცავად აღაპყრო და ხალხს გადახედა. ქლოეს ბედნიერებისაგან უბრწყინავდა მიამიტი, დიდი შავი თვალები. საქორწინო თავსაბურში მზის სხივები უკიაფებდა. გვერდით დარცხვენილი არქილოქოსი გარინდულიყო. ო’ნეილ-პაპერერის ფრაკში გამოწყობილს, ძნელადღა იცნობდა კაცი. ძველ არქილოქოსს მხოლოდ ცხვირზე ცერად დაკოსებული მტვრიანი უჩარჩოო სათვალე თუ გაგახსენებდათ. მუხლებზე გოშენბაუერთან შეძენილი ცილინდრი და შტუტც-კალბერმატენთან ნაყიდი თეთრი ხელთათმანები ეწყო. ნეფე-დედოფლის უკან, ყველასაგან განმარტოებით, პრეზიდენტი იჯდა. კავალერიის გენერლის ოქრომკედით ნაქარგი მუნდირი საოცრად ეხამებოდა მის ნაოჭებით დაღარულ პირისახეს, წვეტიან მოკლე წვერს და თოვლივით თეთრ თმას. უნივერსიტეტის რექტორსაც გამოეფინა თავისი ჩინ-მედლები. დანარჩენი სტუმრები ცოტა უფრო მოშორებით ისხდნენ ხის მერხებზე. აქ გახლდნენ პტი-პეიზანიცა და ვექილი დიუტურიც თავისი ბუმბერაზი მეუღლითურთ. პასაპიც მობრძანებულიყო. ფრაკი კი ჩაეცვა, მაგრამ ხელები, ჩვეულებისამებრ, ცისფერი კობალტით ჰქონდა დათხუპნილი. ეკლესიაში ქალაქის რჩეულ საზოგადოებას მოეყარა თავი. უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცები გაცილებით სჭარბობდნენ ქალებს.
...კურთხეულ იყოს ყოვლისშემძლე ღმერთი, ღმერთი ისრაელთა, რამეთუ მას ერთადერთს ძალუძს სასწაულის მოხდენა. ახლა წმიდა ქორწინების ძაფებით უნდა შევაკავშირო ორი არსება, – წარმოთქვა ეპისკოპოსმა. – ისინი საყვარელნი და ძვირფასნი არიან არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასათვის, ვინც ამჟამად წმიდა ელოიზის ეკლესიაში იმყოფება. თავდაპირველად საპატარძლოზე მოგახსენებთ (აქ ეპისკოპოს მოზერს ოდნავ ენა დაება). უნაზესი სიყვარულით გვიყვარს იგი ყველა აქ დამსწრეს. განა ეს ნაზი არსება არ გვაზიარებდა ყველა ჩვენგანს ენით აუწერელ ბედნიერებას? – ეპისკოპოსი მოულოდნელად მჭევრმეტყველებამ გაიტაცა, – განა მისი წყალობით არ განვიცადეთ დაუვიწყარი წუთები? სწორედ ამიტომ მუდამ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, – ეპისკოპოსმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, – ახლა კი ნეფეზე მინდა მოგახსენოთ, – განაგრძო წმინდა მამამ და შვებით ამოისუნთქა, – დიახ. მხოლოდ მას, ამ ღირსეულსა და კეთილშობილ ადამიანს არგუნა განგებამ წილად თავისი საცოლეს უმანკო და სპეტაკი სიყვარული. მან, ჩვენი ქალაქის მოქალაქემ, სულ მოკლე დროში მიიპყრო მთელი ქვეყნის ყურადღება. მიუხედავად მდაბიო წარმოშობისა, ამ ადამიანმა დიდების მწვერვალს მიაღწია: გახდა გენერალური დირექტორი, საერთაშორისო საეკლესიო საბჭოს წევრი, მედიცინის მეცნიერებათა საპატიო დოქტორი და ამერიკის შეერთებული შტატების საპატიო კონსული. ჩვენი სასიძოს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში ღვთის უდიდეს წყალობასთან გვაქვს საქმე... დიახ, არქილოქოსის აღზევება ღვთიური გულმოწყალეობის შედეგია, და არა ადამიანისა. მართალია, ღმერთი თავის ნებას ადამიანის ხელით ახორციელებს და თავისი მაღალი მიზან–მისწრაფებების შესასრულებლად ადამიანურ სისუსტესა და მანკიერებებსაც მოიშველიებს ხოლმე, მაგრამ იგივ ღმერთია ისევ და ისევ ყველაფრის თავი და თავი... – აი, ასე ქადაგებდა ეპისკოპოსი მოზერი, და კერძო ამბიდან რაც უფრო ზოგადზე გადადიოდა, რაც უფრო შორდებოდა თავისი ქადაგების ამოსავალ წერტილს, – ნეფე–დედოფლის დახასიათებას, მით უფრო ომახიანად გაისმოდა მისი ხმა. მან განაცხადა, უზენაესის წყალობით ეს ქვეყანა უაღრესად სრულყოფილად და ბრძნულადაა მოწყობილი, რამეთუ ღვთის ნება ბოლოს და ბოლოს ყოველთვის სიკეთედ შემოგვიტრიალდება ხოლმეო. ქადაგება რომ დაამთავრა, ეპისკოპოსი კათედრიდან ჩამოვიდა და ჯვარი დასწერა ქლოესა და არქილოქოსს. ნეფე-დედოფალმა თანხმობის ნიშნად „დიახო“ წაიჩურჩულა, და აი, არქილოქოსი უკვე ხელკავით იდგა თავისი მშვენიერი მეულლის გვერდით. ქალს უზარმაზარი შავი თვალები ბედნიერებისგან უციმციმებდა. მაგრამ სწორედ ამ დროს არქილოქოსს თითქოს თვალებიდან ლიბრი გადაეცალაო. ნელ–ნელა მოავლო თვალი საზეიმო თავყრილობას, რომლის წინაც ახლა უნდა ჩაევლო, თვალში ეცა მედიდური პრეზიდენტის მზერა. სწრაფად აათვალიერ–ჩაათვალიერა ბრილიანტებითა და ორდენებით მორთული ძლიერნი ამა ქვეყნისა. ფარკსის აჩეჩილი, ცეცხლისფერი ქოჩორიც დაინახა, არც მისი ბოროტი ღიმილი გამოჰპარვია... მენდელსონის საქორწინო მარშს უკრავდნენ. არქილოქოსმა იგრძნო, როგორი შურის თვალით შესცქეროდა მის ბედნიერებას მთელი ეს ბრბო. დიახ, არქილოქოსს უეცრად თითქოს თვალი აეხილაო, ყველაფერს მიხვდა. საბრალო გაფითრდა, შეტორტმანდა, პირისახეზე ცივმა ოფლმა დაასხა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
თარგმნა ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან