ბერძენი ეძებს ბერძენს
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 23.03

- ფრიდრიხ დიურენმატი
(იბეჭდება შემოკლებით)
დაწყევლილი იანვარი იდგა: წვიმა გადაიღებდა თუ არა, უმალ ნისლის საბურველში ეხვეოდა ყველაფერი. გრიპის ეპიდემიამაც იფეთქა. ჩვენი გმირი გვარად არქილოქოსი გახლდათ. თამბაქოს არ ეწეოდა, უწმაწური სიტყვა ხომ არ წამოსცდებოდა და არა. იაფფასიანი კოსტიუმი კი ეცვა, მაგრამ ყოველთვის პეწიანი იყო. სამყაროზე ერთხელ და სამუდამოდ შემუშავებული აზრი ჰქონდა – ეს იყო მთელი მსოფლწყობა, რასაც საფუძვლად უმაღლესი ზნეობრიობის პრინციპები ედო. ამ მსოფლწყობის გვირგვინი კი ქვეყნის პრეზიდენტი გახლდათ. არქილოქოსი სასოებით შესცქეროდა ედელვაისების ჩარჩოში ჩასმულ პრეზიდენტის სურათს, არყისა და ლიქიორის ბოთლებით სავსე დახლს ზემოთ რომ ეკიდა, და მადამ ბილერს შეაგონებდა: ჩვენი პრეზიდენტისთანა იშვიათი პიროვნება, ალბათ, არ არსებობსო...
ეს ცხრა თვის წინ მოხდა. გარეთ მაისი იდგა. მზის სხივები ირიბად იჭრებოდა პატარა კაფეში,
– ქალბატონო, – მოწიწებით მიმართა არქილოქოსმა ბილერს, – პრეზიდენტის პორტრეტი შევნიშნე და სწორედ ამიტომ მოვაშურე თქვენს კაფეს. მე პატრიოტი გახლავართ და ძალზე მახარებს ეს ამბავი. კარგი იქნება, თუ სადმე კუთხეში მიმიჩენთ მუდმივ ადგილს. მე ერთი მარტოხელა კაცი ვარ, ვმსახურობ ბუღალტრად. ვცდილობ, ყაირათიანად ვიცხოვრო, არ ვეტანები სპირტიან სასმელებს, არ ვეწევი და, თავისთავად ცხადია, უწმაწურ სიტყვებსაც არ ვიყენებ
ფასზე მალე მორიგდნენ.
მალე გაირკვა, რომ არქილოქოსის ზნეობრივ მსოფლწყობაში კიდევ სხვა ნორმებიც არსებობდა. ბუნებით ეს კეთილი და დამთმობი კაცი რელიგიურ საკითხებში შეუწყნარებელი და მკაცრი იყო. არქილოქოსის სორომდე მხოლოდ ზაფხულის პაპანაქება სიცხეში, ისიც შუადღის ჟამს თუ აღწევდა მზის სხივები. სამსახურში არქილოქოსი სხვა ორმოცდაათ ბუღალტერთან ერთად იჯდა მინებით გადატიხრულ უზარმაზარ დარბაზში, ლაბირინთს რომ მოგაგონებდათ. ამ დარბაზში საკმაოდ ძნელი იყო გზის გაგნება და დიდის ვაივაგლახით თუ გაივლიდა კაცი. არქილოქოსს ნაცრისფერი სამუშაო ხალათი ეცვა. ყურს უკან ყოველთვის ფანქარი ჰქონდა გაჩრილი. კაცმა რომ თქვას, არქილოქოსი ბუღალტრადაც კი არ ირიცხებოდა. ამ დაწესებულებაში იგი მხოლოდ ბუღალტრის თანაშემწე იყო, მაგრამ ამ უმნიშვნელო, თითქმის ყველაზე დაბალ თანამდებობაზედაც კი არქილოქოსი იმდენს იღებდა, რომ თავის სოროზე გაცილებით უკეთესი ოთახის დაქირავება შეეძლო. ამ ნახევრად ბნელ, საპირფარეშოებით გარშემორტყმულ ჯურღმულს კი არქილოქოსი ბიბიმ მიაჯაჭვა.
ერთ მშვენიერ კვირა დღეს არნოლფმა ძმა „ოგიუსტთან“ დაპატიჟა სადილად. ბიბი თავისი ორი უკანონო ცოლითა და კანონიერი მეუღლით მობრძანდა. უფროსი ბიჭები თეოფილი და გოტლიბი უკვე ვაჟკაცობაზე სდებდნენ თავს. სადილზე ცამეტი წლის მაგდა–მარიას თავისი თაყვანისმცემელიც წამოეყვანა. თავად ბიბი ერთი ლოთი–შფოთი ვინმე გამოდგა.
– ღმერთო, ეს რა ხალხი ყოფილა! – აღშფოთდა ქალბატონი ბილერი, – ნუთუ ვერა ხედავთ, რომ თქვენ ძმას ავაზაკთა ბრბო შემოუკრებია გარშემო, თქვენ კი ხელს უწყობთ და მთელ ხელფასსაც მაგათ აჭმევთ.
– ასეთ დროს ფესვებს უნდა შეხედოთ, ქალბატონო ბილერ, ფესვებს. ფესვები კი, როგორც ყველა ადამიანს, მათაც ჯანსაღი აქვთ. გარეგნობამ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს კაცი. ჩემი ძმა, მისი მეუღლე და ბავშვები უკეთილშობილესი ქმნილებები არიან. მერწმუნეთ, მაგათი მთელი უბედურება ისაა, რომ ალღო ვერ აუღეს ამ ცოდვილ ქვეყანას.
ერთ კვირა დღეს არქილოქოსი კვლავ გამოცხადდა პატარა კაფეში. საღილეში წითელი ვარდი გაერჭო. ამჯერად მას სულ სხვა მიზნები ამოძრავებდა. ჟორჟეტაც მოუთმენლად ელოდა მის გამოჩენას. არქილოქოსი იძულებული გახდა, ზოგიერთ რამეზე აზრი შეეცვალა. კაფეს დიასახლისი ხშირად ჩამოუგდებდა ხოლმე საუბარს არქილოქოსს მისთვის ფრიად საჩოთირო საკითხზე.
– უნდა დაქორწინდეთ, ბატონო არნოლფ, – ეუბნებოდა ჟორჟეტა, – აბა, იმ სოროში ცხოვრებას განა ცხოვრება ჰქვია? ხომ არ შეიძლება მარტო ველოსპორტის გულშემატკივრების საზოგადოებაში იტრიალოს კაცმა. თქვენთვის აუცილებელია ცოლი, მომვლელი. თუ ცოლს შეირთავთ, ყველაფერი შეიცვლება. მყუდრო ბუდე გექნებათ. აი, ნახავთ, რა კმაყოფილი იქნებით.
ასე და ამრიგად, ქალბატონმა ბილერმა დიდი ვაივაგლახით დასტყუა თანხმობა არქილოქოსს, მოეთავსებინა საქორწინო განცხადება გაზეთ „ლე სუარ-ში“. გახარებულმა ქალმა მაშინვე მოარბენინა ქაღალდი და საწერკალამი.
– ვარ 45 წლის. უცოლო, ძველი და ახალი პრესვიტერიანელი. პროფესიით ბუღალტერი. ბუნებით კეთილი და გულისხმიერი. ვეძებ ქალს, – სხაპასხუპით უკარნახა მადამ ბილერმა.
– არა, ეს მეტისმეტია, – თქვა არქილოქოსმა, – და ქალბატონ ბილერს მოულოდნელად განუცხადა, ჩემი ცოლი აუცილებლად ქალწული უნდა იყოსო.
ახლა კი შეიცხადა ჟორჟეტამ:
– ბატონო არქილოქოს, ეგ აზრი ერთხელ და სამუდამოდ ამოიგდეთ თავიდან. აბა, წარმოიდგინეთ: თქვენს სიცოცხლეში ქალთან არ გიცხოვრიათ. ამ საქმეში არანაირი გამოცდილება არა გაქვთ. ორი ადამიანიდან ერთ-ერთმა ხომ მაინც უნდა იცოდეს, როგორ კეთდება ეს.
ბატონმა არნოლფმა გამბედაობა მოიკრიბა და ჟორჟეტას გაანდო, ამ განცხადების შინაარსი სულ სხვანაირად მქონდაო წარმოდგენილი – „ბ ე რ ძ ე ნ ი
ე ძ ე ბ ს ბ ე რ ძ ე ნ ს!
– დიდება შენდა, უფალო, განა თქვენ ბერძენი ხართ? – ქალბატონი ბილერი გაოცებით მიაჩერდა არქილოქოსს. იგი უფრო ჩრდილოური ყაიდის, ოდნავ ჩასუქებული, მოუხეშავი მამაკაცი იყო.
– ქალბატონო ბილერ, ახლა მართლაცდა ძნელადღა დაიჯერებს კაცი, რომ ბერძენი ვარ, – მორცხვად თქვა არქილოქოსმა, – თქვენს ქვეყანაში ერთი ჩემი წინაპარი დიდი ხნის წინ გადმოსახლდა, არასოდეს ვყოფილვარ იქ, მაგრამ დღენიადაგ პელოპონესზე ვოცნებობ, სულ ვფიქრობ, ნეტავ თუ მეღირსება-მეთქი როდესმე მისი მოწითალო კლდეებისა და ლაჟვარდი ცის ხილვა. აი, რატომ მინდა, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ბერძენი ქალი შევირთო ცოლად, ამ უცხო ქვეყანაში ისიც ხომ, ალბათ, ჩემსავით ეულად გრძნობს თავს!
– ბატონო არქილოქოს, რა საოცრად პოეტური კაცი ბრძანებულხართ, – უთხრა გულაჩუყებულმა ჟორჟეტამ და ცრემლები მოიწმინდა.
და, ჰოი საოცრებავ, მესამე დღეს არქილოქოსს უკვე ხელთ ეპყრა პასუხი, – პელოპონესის ცასავით ცისფრად მოკამკამე, სუნამომოფრქვეული პაწია კონვერტი. ვინმე ქლოე სალონიკი ატყობინებდა, მეც მარტოხელა ვარ და თქვენთან შეხვედრა მწადიაო. ჟორჟეტას რჩევით არქილოქოსმა წერილობითვე უპასუხა ქალს და შესთავაზა, კვირას, ამა და ამ იანვარს, ერთმანეთს „ოგიუსტთან“ შევხვდეთო. ამ დღეს არქილოქოსმა მუქი ლურჯი კოსტიუმი ჩაიცვა, თავის დროზე კონფირმაციის დღისთვის რომ შეეკერა. დაბნეულობისგან პალტო სახლში დარჩა, ღელავდა. ძლივს იცნო კაფეს კართან ატუზული ძმა. თავის სიცოცხლეში პირველად არ ესიამოვნა ძმასთან შეხვედრა.
– აბა, ჩემო ძმაო, დაყაჭე ფულები! – უთხრა ბიბიმ და გაშლილი ხელისგული ძმურად გაუშვირა, – მაგდა-მარიას აუცილებლად სჭირდება ინგლისურში მეცადინეობა.
არქილოქოსი გაოცდა.
– ერთი ახალი, საკმაოდ სახარბიელო თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, მაგრამ ბიჭმა მხოლოდ ინგლისური იცის..
საღილეში წითელვარდგარჭობილმა არქილოქოსმა ბიბის ფული ჩაუთვალა. ქალბატონი ბილერი დახლს უკან ფუსფუსებდა.
– ნეტავი როგორი ქალია, ცნობისმოყვარეობისაგან ლამის არის გავთავდე, – თქვა ჟორჟეტამ, – იმედი ვიქონიოთ, რომ მაინცდამაინც ბებერი არ იქნება. ხედავთ, ასაკზე რომ არაფერს წერს! თუმცა მის ადგილზე ყველა ქალი ასე მოიქცეოდა. გათოშილმა არქილოქოსმა დიასახლისს ცხელი რძე შეუკვეთა. როცა ქლოე სალონიკი კაფეში შემოვიდა, არნოლფი რძის ორთქლით დაბინდულ სათვალეს წმენდდა. თავისი ბეცი თვალებით ჯერ ქალის პირისახე გაარჩია, ბუნდოვნად, მერე სადღაც მის ქვევით ხასხასა წითელ წერტილს მოჰკრა თვალი. მისი ვარაუდით, ეს ვარდი უნდა ყოფილიყო. კაფეში ნამდვილი სასწაული მოხდა. დიახ, ცხოვრობდა ამქვეყნად ერთი მარტოხელა გაფიჟვინებული, უგერგილო კეთილი კაცი. ბედმა სადღაც აყროლებულ სხვენზე შეაგდო. კეთილი კაცი რძისა და მინერალური წყლის მეტს არაფერს გეახლებოდათ. მსახურობდა ბუღალტრის თანაშემწედ. შიშისა და საკუთარი, ურყევი შეხედულებების სიმძიმისგან წელში გაზნექილს, დღენიადაგ სველი, დაგლეჯილი წინდები, დაჭმუჭნული პერანგი, მოკლე კოსტიუმი და ძირგამოვარდნილი ფეხსაცმელი ეცვა... და, აი, ამ კაცს ერთ დღეს სილამაზითა და სინარნარით შემკული გრძნეული არსება – ზღაპრიდან გადმოსული ფერიის სადარი პატარა ქალი გამოეცხადა. აბა, რა გასაკვირია, რომ ჟორჟეტას ენა ჩაუვარდა.
– ბატონი არქილოქოსი ბრძანდებით? – ჩუმად, გაუბედავად იკითხა ქალმა. არქილოქოსი წამოდგა, მაგრამ კოსტიუმის სახელო ფინჯანს გამოსდო და რძე მაგიდაზე დადებულ სათვალეზე გადაესხა. არქილოქოსი დაჯდა, მაგრამ ქალისთვის თვალი ვერ მოეცილებინა. საშინლად დაბნეული ჩანდა. თავი სიზმარში ეგონა. ქალის სილამაზე საოცარი უმწეობის გრძნობას ბადებდა მის არსებაში. დღევანდელი დღე იმისთვის ნამდვილი სასწაული იყო, რის არსსაც ის ვერაფრით ვერ ჩასწვდომოდა და იმის იმედიც კი არ ჰქონდა, რომ ეს ზმანება კიდევ რამდენსამე წუთს მაინც გაგრძელდებოდა.
ქალი არქილოქოსის პირდაპირ, სკამზე ჩამოჯდა და დიდი შავი თვალები შეანათა. – ო, ვერც კი ვიფიქრებდი, ასეთი კარგი თუ იქნებოდი, – უთხრა სიხარულისაგან სახეგაცისკროვნებულმა ქლოემ, – რა ბედნიერებაა, რომ ჩვენ, ბერძნებმა, ერთმანეთი ვიპოვეთ. ახლოს მოიწი, სათვალეზე რძე დაგსხმია, – ქალმა ფრთხილად მოხსნა არნოლფს სათვალე, – მოდი, შენობით ვილაპარაკოთ. ჩვენ ხომ დავქორწინდებით, ბერძენი რაკი ყოფილხარ, აუცილებლად გამოგყვები ცოლად. სულითა და გულით მინდა, რომ შენც ბედნიერი იყო!
არქილოქოსი გაწითლდა.
– ქლოე, ალბათ, არ დამიჯერებთ, მაგრამ ჩემს სიცოცხლეში პირველად ველაპარაკები ქალს. ქალბატონი ბილერი ერთადერთი გამონაკლისია ამ მხრივ.
ქლოე და არქილოქოსი კაფედან რომ გავიდნენ, ქალბატონმა ბილერმა ენა მხოლოდ მაშინღა მოაბრუნა სალაპარაკოდ.
– აი, მესმის ქალი! – წამოიძახა მან, – პირდაპირ დაუჯერებელი ამბავია. შეამჩნიე, როგორი სამაჯური და ძეწკვი ეკეთა! სულ ცოტა ასი ათასი ფრანკი მაინც ეღირება. ეტყობა, თბილ ადგილზეა მოყუჩებული. მერედა რა ქურქი ეცვა! არც კი ვიცი, რა ბეწვია. უკეთეს ცოლს სიზმარშიც ვერ ინატრებს კაცი. ახალგაზრდაა. თან, ეტყობა, თავს უვლის. ალბათ, ყოველდღე მასაჟებს იკეთებს. აუ, რა სუნამო ესხურაო, – ესღა ჩაიდუდუნა ბოლოს.
ქლოე და არქილოქოსი ქუჩაში იდგნენ. გადაუღებლად წვიმდა.
– ხელკავი გამიკეთე, – შესთავაზა ქლოემ. ბუღალტრის თანაშემწემ დაიმორცხვა. არ იცოდა, როგორ გადაედგა ეს უჩვეულო ნაბიჯი. მოუხერხებლად ადგამდა ფეხებს, ის ხომ თავის სიცოცხლეში პირველად მიაბიჯებდა ქალის გვერდით! არქილოქოსი ქალის თბილ ქურქს მიეკრა. საბრალო მთლად გაეოგნებინა უკაცრიელ ქუჩებს, დღევანდელ კვირადღეს და ამინდს, ცდილობდა, როგორმე შეფარებოდა ქალის პატარა, წითელ ქოლგას. ფეხშეწყობილად მიაბიჯებდნენ, რომ შეგეხედათ, იტყოდით, შეყვარებული წყვილიაო. ქლოე თავისი ბავშვობის ამბავს ჰყვებოდა, ისეთივე არაჩვეულებრივი რომ იყო, როგორიც თვითონ. ადრე დაობლებულა. დაბადებულა ბერძნულ ოჯახში. მერე მშობლები კრეტადან გადასახლებულან, რადგან სუსხიან ზამთარში, თურმე, ბარაკში იყინებოდნენ. ქლოე მალე მარტოდმარტო დარჩენილა. მთელი დღეები ქალაქის ჯურღმულებში დაეხეტებოდა, პოლიცია სდევნიდა. სუტენიორები საშველს არ აძლევდნენ. მოხეტიალე მსახიობებთან ერთად ათევდა, თურმე, ღამეს ცარიელ კასრებში, ხიდქვეშ. ერთ საღამოს კი ვიღაც არქეოლოგ ცოლ-ქმარს პირდაპირ ქუჩიდან წაუყვანია შინ. მერე გოგონა სამონასტრო სკოლაში მიუბარებიათ. ხოლო როცა წამოზრდილა, თავის კეთილისმყოფელებს შინამოსამსახურედ დასდგომია. ამიერიდან ბოლო მოეღო მის გაჭირვებას, აღარც შიშველ-ტიტველი დაიარებოდა და აღარც მშიერ–მწყურვალი. ერთი სიტყვით, მთელი ეს ამბავი ფრიად გულისამაჩუყებლად ჟღერდა.
– ვინ არის ეს არქეოლოგი ცოლ–ქმარი? – ცოტა არ იყოს, გაოცებით იკითხა არქილოქოსმა, მსგავსი რამ მას თავის სიცოცხლეში არ სმენოდა.
ქლოე სალონიკიმ აუხსნა, ისინი ცნობილი არქეოლოგები არიან და საბერძნეთში გათხრებს აწარმოებენო. ეს მათ აღმოაჩინეს ხავსით დაფარული, ძვირფასი ქანდაკებებით შემკული ოქროსსვეტებიანი ტაძარიო. ჯილბერტ და ელიზაბეთ უიმენები გსმენია ოდესმე?
– ეს ის ცნობილი უიმენები ხომ არ არიან? – ჰკითხა არქილოქოსმა, – სწორედ სულ ცოტა ხნის წინ „მატჩში“ დაიბეჭდა სტატია უიმენებზე ფერადი ფოტოსურათით. ვიცი, რა თქმა უნდა... არც ჩემი ცხოვრების გზა ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. მე და ჩემი ძმა, ბიბი, ობოლთა თავშესაფარში გავიზარდეთ.
არქილოქოსი და ქლოე სანაპიროზე პრეზიდენტის სასახლესთან იდგნენ. იმდენი პოლიციელი, რეპორტიორი ღა ჟურნალისტი ირეოდა, რომ ტევა აღარ იყო. მალე სასახლის ეზოდან თეთრრაშებშებმული ეტლი გამოგორდა. ეტლში პრეზიდენტი იჯდა. გვერდით ცხენზე ამხედრებული, ოქროს მუზარადიანი და თეთრი პლუმაჟებით დამშვენებული ლეიბგვარდიელები მოჰყვებოდნენ. სწორედ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, საოცარი ამბავი მოხდა. ის-ის იყო პრეზიდენტის ეტლი ქლოეს და არქილოქოსს გაუსწორდა, რომ პრეზიდენტმა ძველი ნაცნობივით დაუქნია ხელი არქილოქოსს. ეს მისალმება აშკარად მისი მისამართით იყო. ორ ულვაშა პოლიციელსაც აღარ დაუყოვნებია და მხედრულად გამოეჯგიმა წინ ბერძენს.
– პრეზიდენტი მე მომესალმა, – წაილუღლუღა გაოგნებულმა არქილოქოსმა. – მე ხომ ერთი რიგითი მოქალაქე ვარ?!
– ის კი პრეზიდენტია, და ამრიგად თითოეული ჩვენგანის მზრუნველი მამა, – აუხსნა ქალმა ამ უჩვეულო ამბის მიზეზი.
დიდ დროს არ გაუვლია და ერთ სასწაულს მეორე დაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კვლავ საიდუმლოების ბურუსით იყო მოცული, არქილოქოსს მაინც უდიდესი სიამაყის გრძნობით აევსო გული. წელში ამაყად გამართული მიდიოდა, ნაბიჯი ქარივით მსუბუქი გახდომოდა, რადგან გრძნობდა, ახლა ის უბრალო უმცროსი ბუღალტერი კი არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიროვნებათაგანი იყო.
– ხელფასი არცთუ ისე დიდი მაქვს. ჩემი შეფი – ვიცე-ბუღალტერი, მკაცრი კაცია. გარდა ამისა, ჩემს ძმას, ბიბის და მის შვილებსაც სჭირდებათ დახმარება. ერთი შეხედვით, კაცმა შეიძლება, მათზე იფიქროს, ველური და თავნება ხალხიაო, მაგრამ გული პატიოსანი აქვთ და ამიტომ ყველა ძალიან მიყვარს. ნელ-ნელა ფულს შევაგროვებთ და ოცი წლის შემდეგ საბერძნეთში წავალთ. ვეწვევით პელოპონესსა და კუნძულებს.
ეს ჩემი სიყრმისდროინდელი ოცნებაა. ახლა კი, როცა წარმოვიდგენ, რომ ეს მოგზაურობა შენთან ერთად მომიხდება, სურვილი მიასკეცდება.
– მართლაც რომ ზღაპრული მოგზაურობა იქნება, – გაუხარდა ქალს. – გემით წავალთ. – „იულიათი“ გავემგზავროთ! – უთხრა ქლოემ, – ეს ყველაზე კეთილმოწყობილი გემია. ქალბატონი და ბატონი იმენები ყოველთვის „იულიათი“ მგზავრობდნენ, – აუხსნა ქლოემ.
– ჩვენს ქალაქში თავს ხშირად, ძველ ბაბილონში გადახვეწილი იუდეველივით, ეულად ვგრძნობ. ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს: მინდა, დიდი ხნის წინათ მიტოვებულ სამშობლოს დავუბრუნდე.
არქილოქოსმა ქლოე ბულვარამდე მიაცილა. აქ ცოლ-ქმარი უიმენები ცხოვრობდნენ. მაშინვე ეცნო მდიდარი არისტოკრატების რაიონი. ქლოე უზარმაზარ ქვის სვეტებიან ალაყაფთან შეჩერდა. თუჯის სხმულ კარებზე ანგელოსები, დელფინები, უცნაური ფორმის ფოთლები და ხვეულები იყო გამოყვანილი.
– მაშ, ხვალ საღამოს შევხვდებით ერთმანეთს?
– როცა მოხვალ, ზარს ხომ დარეკავ? – ჰკითხა ქალმა და ძველებურ, ჩამოსაკრავ ზარზე მიუთითა. მერე, მოულოდნელად ხელები გაშალა, უმცროს ბუღალტერს კისერზე შემოაჭდო და აკოცა ერთხელ, მეორედ, მესამედ. – საბერძნეთში აუცილებლად წავალთ, – ჩასჩურჩულა ყურში, – აუცილებლად ვეწვევით ჩვენს ძველ სამშობლოს და სულ მალე. იცოდე, უთუოდ „იულიათი“ წავალთ. ქლოემ ალაყაფის კარი შეაღო და ხეებს მიღმა ნისლში გაუჩინარდა.
არქილოქოსი სასტუმრო „რიცს“ მიუახლოვდა. დიდებულ შესასვლელთან ორმეტრიანი ახმახი კარისკაცი იდგა. სწორედ ამ დროს სასტუმროდან გამოვიდნენ ჯილბერტ და ელიზაბეთ უიმენები, ცნობილი არქეოლოგები, რომლებსაც არქილოქოსი გაზეთებიდან იცნობდა. მაშინვე იტყოდით, პირწავარდნილი ინგლისელები არიანო, ცოლი მამაკაცური შესახედაობის ქალი გახლდათ და გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ქმარს.
არქილოქოსმა გამბედაობა მოიკრიბა.
– პატივცემულო ბატონო და ქალბატონო, ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ, რომ უღრმესი პატივისცემითა ვარ განმსჭვალული თქვენდამი. მისის ელიზაბეთი გაკვირვებული შეჰყურებდა ცხვირზე პენსნედაკოსებულ არქილოქოსს.
– თქვენ შეიფარეთ ბერძენი ქალი, – განაგრძო არქილოქოსმა.
– Well, – თქვა ბატონმა უიმენმა.
– მეც ბერძენი გახლავართ.
– ო... – თქვა ბატონმა უიმენმა და ჯიბიდან საფულე ამოიღო.
არქილოქოსმა უარის ნიშნად ხელები გაასავსავა.
– არა და არა, ბატონო ჩემო, არავითარ შემთხვევაში, ძვირფასო ქალბატონო, – თქვა მან, – განა თვითონ ვერა ვგრძნობ, რომ ჩემი გარეგნობით მაინცდამაინც დიდ ნდობას ვერ ვიმსახურებ. საერთოდ, ალბათ, ბერძენსაც არ ჩამოვგავარ. მაგრამ ვფიქრობ, პტი–პეიზანის სამანქანათმშენებლო კონცერნში მიღებული ხელფასი საკმარისი იქნება მყუდრო ოჯახის შესაქმნელად. შეგვიძლია, შვილებიც ვიყოლიოთ.
– Well, – თქვა მისტერ უიმენმა და საფულე შეინახა.
– კარგად ბრძანდებოდეთ, – დაემშვიდობა ცოლ–ქმარს არქილოქოსი, – ღმერთი იყოს თქვენი შემწე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
თარგმნა ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან