ბერძენი ეძებს ბერძენს
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 30.03

- ფრიდრიხ დიურენმატი
გაგრძელებაა. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #10 (1263)
სახლის შესასვლელთან არქილოქოსს ბიბი ელოდებოდა ძმურად გამოწვდილი ხელისგულით.
– თეოფილმა სახელმწიფო ბანკის გაქურდვა მოინდომა, მაგრამ „ფარაონებმა იყნოსეს“, – ქურდულ ჟარგონზე ამცნო ბიბიმ ძმას ახალი ამბავი.
– მერე ჩემგან რას მოითხოვ?
– ბიჭმა სასწრაფოდ სამხრეთში უნდა მოუსვას, თორემ ამ საქმეს მაინცდამაინც კარგი სუნი არ უდის. ახლა კი ფული დაყაჭე, საშობაოდ დაგიბრუნებ.
არქილოქოსმა ფული ჩაუთვალა.
– მეტს ვერ მოგცემ, ბიბი, – მოუბოდიშა დარცხვენილმა არქილოქოსმა და თავისდა გასაკვირად, ცოტა არ იყოს, გაბრაზებულმა დასძინა. – ნამდვილად არ შემიძლია მეტის მოცემა. ერთი ქალიშვილი დავპატიჟე უბრალო სადილზე და ერთ ბოთლ ყურძნის წვენზე რესტორანში, ოჯახის შექმნა გადავწყვიტე.
ბიბის ელდა ეცა.
– ნეტა, რა თავში იხლი ოჯახს, – წამოიძახა აღშფოთებულმა, – მე ხომ მაქვს ოჯახი, განა ის არა კმარა?! ეგებ ფულიანი ვინმეა?! თავს რითი ირჩენს?
– შინამოსამსახურეობით. სენ–პერის ბულვარზე, 12 ნომერში.
ბიბიმ გაოცებისაგან დაუსტვინა..
არქილოქოსი რის ვაი–ვაგლახით ავიდა მეექვსე სართულზე და თავის სოროში შეძვრა. მაშინვე ტანთ გაიხადა და ლოგინზე მიწვა. ოთახში შმორის სუნი ტრიალებდა. უნდოდა, ფანჯარა გამოეღო, მაგრამ გადაიფიქრა. ლოგინში ჩაწოლამდე თავს ბედნიერად გრძნობდა, ახლა კი ათასი დარდი შემოაწვა გულზე: ამ სოროში წარმოუდგენელია ქლოეს შემოყვანა, ოჯახის შექმნა, სამი ან ოთხი ბავშვის გაზრდა. შეუძლებელია ყოველივე იმის განხორციელება, რაზედაც გზაში ამდენი იოცნება. ახალ ბინას ფული სჭირდება, ფულის შოვნის იმედი კი არსაიდან არა აქვს. უკანასკნელ კაპიკებს უთვლიდა ბიბის, და აი, თავად ხელცარიელი დარჩა. ეს დანჯღრეული საწოლი, ეს ფეხმორყეული მაგიდა და მოფამფალებული სკამიც კი არაა მისი, არქილოქოსს მხოლოდ ნაქირავები აქვს ეს სორო ავეჯიანად. არქილოქოსი შეაძრწუნა საკუთარმა სიღატაკემ. მშვენივრად ესმოდა, ქლოეს სილამაზესა და სინატიფეს მასავით ლამაზი და ნატიფი ნივთები სჭირდებოდა. უმალ იგრძნო საკუთარი უილაჯობა. მდგომარეობიდან ვერანაირ გამოსავალს ვერ ხედავდა. გრძნობდა, რომ უზარმაზარი, ულმობელი ეშმაკის მანქანის ერთი ბეწო ჭანჭიკად ქცეულიყო. ესმოდა, რომ დღეს თუ ხვალ ხელიდან გამოეცლებოდა ეს ბედნიერი შემთხვევა, განგებამ ასე მეხივით რომ დაატეხა თავს.
მაგიდაზე მის გარდა კიდევ ბუღალტრის სამი თანაშემწე მუშაობდა. არქილოქოსის სამუშაო ხალათზე „ბ 122 სმ 31““ ნომერი მიეკერებინათ. მან საბეჭდ მანქანას შალითა გადააძრო და ჯერ ისევ გათოშილი თითებით ბეჭდვას შეუდგა. მოულოდნელად რეპროდუქტორში გამოაცხადეს, არქილოქოსს ქვეგანყოფილების ბუღალტერი ნომერი 121 სმ იძახებსო. ერთი წუთით ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ყველამ ერთდროულად შეწყვიტაო სუნთქვა. ბუღალტერი ბ 121 სმ არქილოქოსს თავის ბიუროში აღტაცებული შეეგება. აკანკალებულმა არქილოქოსმა ზღურბლს გადააბიჯა და სუნთქვა შეეკრა. მაგრამ უმალ გაახსენდა, რამდენი რამ სმენოდა ბუღალტრის ფიცხ ხასიათზე და ყველაფრისათვის შეემზადა.
– ბატონო არქილოქოს, – წამოიძახა ბ 121 სმ–მ, თან ბუღალტრის თანაშემწისკენ გაემართა და ხელიც კი ჩამოართვა, – უნდა მოგახსენოთ, დიდი ხანია შევნიშნე თქვენი არაჩვეულებრივი ნიჭი. თქვენი საანგარიშო მოხსენება აპენცელ-ნეროდენის კანტონში სამეანო მაშების დანერგვისა და გამოყენების თაობაზე სწორედ რომ სანიმუშოა, – ბუღალტერი გამწარებით ისრესდა ხელებს. – გადავწყვიტე გარკვეული ზომები მიმეღო. თქვენთვის ვიცე-ბუღალტრის ადგილს ვუმიზნებ. ეს-ესაა გადავუგზავნე განცხადება კადრების უფროსს, ვისაც ექვემდებარება ჩვენი ქვეგანყოფილება. უფროს ბუღალტერს კი დღეს დილითვე სურს ბატონი არქილოქოსის მიღება. არ ინერვიულოთ. აბა, თქვენ იცით, ყოჩაღად იყავით, მდგომარეობა შეიფერეთ!
– რასაკვირველია, შევეცდები, – მიუგო არქილოქოსმა.
– ბატონო არქილოქოს, ჩემო მეგობარო, – ხომ დამრთავთ ნებას, გულითადი საუბრის დროს ასე მოგმართოთ, – მინდა, დაიმახსოვროთ, გვარად რუმელი გახლავართ, ემილ რუმელი. დღეს რომ ამბავი მოხდა, მსგავს რამეს ჯერ არ შევსწრებივარ. ისტორიას არ ახსოვს, რომ ასე ყველასაგან მოულოდნელად უფროს ბუღალტერს თავისთან დაებარებინოს ბუღალტრის თანაშემწე. არც ის გამიკვირდება, თუ ვიცე-ობერ-ბუღალტერი გახდებით. სხვათა შორის, ჩემს მეუღლეს ძალზე გაუხარდებოდა, თუკი ოჯახში გვეწვეოდით. ქალიშვილსაც ესიამოვნებოდა. საკმაოდ ლამაზი და მომხიბლავი გოგონაა, თან ხმას ამუშავებს. თქვენი სტუმრობით დიდ პატივს დაგვდებდით.
***
ობერ-ბუღალტერი ხელქვეითს ღირსეულად დახვდა.
– ჩემო ძვირფასო ბატონო არქილოქოს, – დაიწყო მან, – თქვენმა საანგარიშო მოხსენებებმა კარგა ხანია, მიიპყრო ჩვენი, ობერ-ბუღალტრების ყურადღება და გულწრფელი აღფრთოვანებაც გამოიწვია. დირექციაც კი განაცვიფრა. იძულებული გავხდი, პირადად ჩავრეულიყავი თქვენს საქმეში. დავურეკე კადრების განყოფილების უფროსს – მინდა, ვიცე-დირექტორის თანამდებობაზე წარგადგინოთ.
არქილოქოსს თავი სიზმარში ეგონა.
– შეუძლებელია! – წამოიძახა მან. – დირექტორად მე მნიშნავენ?
– უეჭველად. ეს ამბავი უკვე აცნობეს კადრების უფროსს, ფოიზს.
– მე არ გამაჩნია დირექტორობისთვის საჭირო ნიჭი, – ამხედრდა მოულოდნელად ბუღალტრის თანაშემწე.
– ძვირფასო მეგობარო, თვითონ უნდა ხვდებოდეთ, რა მიზეზით გნიშნავენ დირექტორად. მაგრამ თუკი არ იცით, ნურც გამოიძიებთ. დამიჯერეთ, ასე აჯობებს. მინდა, გულწრფელად მოგახსენოთ, – ბედნიერი ვართ, რომ ასეთი დირექტორი გვეყოლება! როგორც თქვენს საუკეთესო მეგობარს, რასაკვირველია ეს ამბავი ყველაზე მეტად მე მახარებს. თავი ამაყად ასწიეთ მაღლა, დატკბით საკუთარი ბედნიერებით, თქვენ ხომ ყველაზე ღირსეული და ნიჭიერი ხართ ჩვენ შორის! პატივცემულო, ძვირფასო დირექტორო, ნება მიბოძეთ, ახლავე, ამ წუთიდანვე ასე მოგმართოთ. გთხოვთ... მოდი, გაბედულად შევაბიჯოთ სადირექტორო ლიფტში.
არქილოქოსს ქლოე და ის უჩვეულო სასწაულებრივი კვირა დღე გაახსენა. გუშინდელ დღეს მისთვის ჯერაც არ დაეკარგა თავისი თილისმა.
***
სულ ცოტა ხნის წინ ბ 122 სმ 31 ნომრად ცნობილი, ამჟამად კი გენერალურ დირექტორად აღზევებული არქილოქოსი, როგორც იქნა, გამოვიდა ადმინისტრაციული შენობიდან. ზარზეიმით მოუწყვეს შეხვედრა: გენერალური დირექტორები მხურვალედ იკრავდნენ გულში, დირექტორები მის დანახვაზე წელში ორად იხრებოდნენ, მდივანი ქალები მომხიბვლელი ღიმილით ესროდნენ მლიქვნელურ სიტყვებს... არქილოქოსის ფიქრები კი ახლა მხოლოდ თავის სახელზე გამოწერილ ჩეკს დასტრიალებდა. მისი მორთმევაც აღარ დაუხანებიათ. მთელ ამ ამბავში მხოლოდ ეს არის ერთადერთი ხელშესახები საგანიო, გაიფიქრა ისევ და ისევ ეჭვებით შეპყრობილმა. დაღლილი, მშიერი, უეცარი განდიდებით დაბნეული, თავის სიცოცხლეში პირველად ჩაჯდა ტაქსიში და ქალბატონ ბილერისკენ გაემართა. მოკრიალებული ცა გადაფარებოდა სიცივისაგან გათოშილ ქალაქს. არქილოქოსი კაფეში შევიდა. კარზე მიმაგრებული ზარი ჩვეულებისამებრ აწკარუნდა. არნოლფმა გაცრეცილი პალტო გაიხადა. ქალბატონი ბილერი ბოთლებითა და ორთომელებით სავსე დახლის უკან იდგა.
– ღმერთო ჩემო?! – შესძახა გაოცებულმა ქალმა და კამპარი დაისხა. – ბატონო არნოლფ! რა დაგემართათ? ძალზე დაღლილი, გაფითრებული და უძილო ჩანხართ. შეგემთხვათ რამე? ვინმე ქალთან ხომ არ იყავით ან ცოტა გადაკრულში ხომ არა ხართ? იქნებ, სამსახურიდან დაგითხოვეს?
– არა, პირიქით, – თქვა არქილოქოსმა და კუთხეში მიჯდა. – გენერალურ დირექტორად დამნიშნეს.
– მშვენიერი დასაწყისია. როგორ გაატარეთ დრო თქვენს ბერძენ ლამაზმანთან?
– უკვე დავნიშნე, – მორცხვად თქვა არქილოქოსმა და გაწითლდა.
– ძალიან ჭკვიანურად მოქცეულხართ, – შეუქო ვაჟკაცობა მადამ ბილერმა. – რა ხელობის ქალია?
– შინამოსამსახურე.
– ალბათ, მალე შეირთავთ ქლოეს, არა? – კვლავ მიუბრუნდა ჟორჟეტა არქილოქოსს, თან კამპარი გადაჰკრა.
– ვფიქრობ, რაც შეიძლება, დავაჩქარო ეს საქმე. ალბათ, პირველ ხანებში პანსიონში მოგვიხდება ცხოვრება.
– აბა, ეს როგორ გეკადრებათ, ბატონო არქილოქოს? – გაიცინა ჟორჟეტამ, – იქირავეთ ნომერი „რიცში“, ზუსტად თქვენთვისაა ზედგამოჭრილი და ისიც იცოდეთ, დღეიდან ჩემთანაც ორმაგ ფასს გადაიხდით. გენერალურ დირექტორებს ტყავი უნდა გააძროს კაცმა, აბა, სხვა რის მაქნისი არიან, მაგათი ძვალი არ იჭმევა და რბილი.
***
არქილოქოსი ტურისტული სააგენტოს ერთ-ერთ თანამშრომელთან მივიდა და საბერძნეთში წასვლის სურვილი გამოთქვა. მარშრუტიც ამცნო. კორფუს, პელოპონესის და ათენის დათვალიერება მსურსო. ბიუროს თანამშრომელმა უპასუხა: სამწუხაროდ, ჩვენი ფირმა სატვირთო გემებით ექსკურსიებს არ აწყობსო. ამაზე არქილოქოსმა საკმაოდ მკვახედ მიუგო, რომ გაემგზავრება „იულიათი“ და ახლავე დაუკვეთავს კაიუტალუქსს თავისთვის და მეუღლისათვის. თანამშრომელმა განრიგი გადაშალა. შემდეგ არქილოქოსს მიუბრუნდა და აცნობა, „იულიაზე“ თავისუფალი ადგილები აღარ გვაქვსო. არქილოქოსი ტურისტული ბიუროდან გამოვიდა. იქვე ტაქსი უცდიდა.
– ვინ არის ყველაზე საუკეთესო მკერავი მთელ ქალაქში? – ჰკითხა მძღოლს მცირე ხნის ფიქრის შემდეგ.
– ო’ნეილ–პაპერერი ბიკინის პროსპექტზე და ფატი სენტონორეს ქუჩაზე, – მიუგო გაოცებულმა მძღოლმა.
– საუკეთესო პარიკმახერი ვიღაა?
– ჟოზე, ოფენბახის სანაპიროზე.
– რომელი ქუდების მაღაზია ითვლება საუკეთესოდ?
– გოშენბაუერისა.
– სად შეიძლება კაცმა საუკეთესო ხელთათმანები შეიძინოს?
– დე შტუტც-კალბერმატენთან.
– კეთილი და პატიოსანი, – თქვა არქილოქოსმა, – დამატარეთ ეს მაღაზიები.
… ვის ხელში აღარ გაიარა არქილოქოსმა! საბრალოს წმენდნენ და ხეხავდნენ, ბანდნენ და ასუფთავებდნენ, ზომავდნენ და ახლებით მოსავდნენ. ტაქსიში ყოველ ჩაჯდომაზე გენერალური დირექტორი სულ უფრო და უფრო მოხდენილი და სურნელოვანი ხდებოდა. საღამოს არქილოქოსი კვლავ გამოცხადდა დე ლ’ეტას სანაპიროზე ტურისტულ ბიუროში. დაუდევრად მიაგდო ფანჯრის რაფაზე მოვერცხლისფერო ქუდი და აუღელვებლად შეუკვეთა „იულიაზე“ ორსაწოლიანი კაიუტალუქსი იმავე თანამშრომელს, რომელმაც სულ რამდენიმე საათის წინ უარით გაისტუმრა... თანამშრომელი ბლანკის შევსებას შეუდგა.
– „იულია“ ზღვაში მომავალ პარასკევს გადის მარშრუტით: კორფუ-პელოპონესი-ათენი-როდოსი-სამოსი, – აცნობა მან არქილოქოსს და გვარი ჰკითხა. არნოლფმა ორი ბილეთის ფული გადაიხადა და წავიდა.
არქილოქოსი ახალ ხიდზე გადავიდა და კიუნეკეს ბულვარისკენ გაემართა. აქ ძველი და ახალი პრესვიტერიანული ეკლესიის ეპისკოპოსი ცხოვრობდა. უეცრად ვიქტორიანული სტილით ნაგები შენობის წინ, ტროტუარის კიდეზე ჩამომჯდარი ბიბი შენიშნა. დაჭმუჭნილი ქუდი ეხურა, ტანსაცმელი მთლად შემოგლეჯოდა და არყის სუნით ყარდა.
– ეს როგორ გამოპრანჭულხარ, ჩემო ძმაო? – ჰკითხა ბიბიმ ძმას, გაკვირვებისაგან დაუსტვინა, ენა გააწკლაპუნა, თითები გაატკაცუნა და საგულდაგულოდ დაკეცა გაზეთი.
– გენერალურ დირექტორად დამნიშნეს, – უთხრა არნოლფმა. ბუღალტრად აგიყვან, თუ პირობას მომცემ, რომ წესიერად მოიქცევი. ხომ იცი, რომ მე, უპირველეს ყოვლისა, წესრიგის კაცი ვარ.
– ჩემო არნოლფ, შენც ხომ იცი, რომ მე კანცელარიის კაცი არა ვარ, მოდი, მაგას შევეშვათ. ახლა კი შენს გაზრდას, ეგებ... ცოტა ფული გამიხერხო. გოტლიბი კედლიდან გადმოვარდა. ხელი მოიტეხა. ჩილეს ელჩის გაქურდვა უნდოდა. კარგი სარფიანი საქმე კი იყო, მაგრამ სახლის ნომერი შეეშალა. ხომ იცი, როგორი გამოუცდელი და უმწიკვლოა ჯერ საბრალო ბავშვი. მაშ, იძლევი?
– არა, – უთხრა არქილოქოსმა, – ასეთ ხულიგნობას ხელს ვერ დავაფარებ, ახლა კი უნდა წავიდე, ეპისკოპოსთან აუდიენციაზე მაგვიანდება.
– მე აქ მოგიცდი, ძმაო არნოლფ! – წყნარად უთხრა ბიბიმ.
***
– ბატონო ეპისკოპოსო, – წამოიწყო მსოფლიო სევდით შეპყრობილმა არქილოქოსმა, სავარძელში გასწორდა და ფეხიც კი შემოიდო ფეხზე, – მაპატიეთ, თუ სისულელეებს ვროშავ. არ დაგიმალავთ, ჯერ კიდევ დღეს დილით ერთი ღარიბ-ღატაკი ვინმე ვიყავი. კვირას, თქვენთან შეხვედრისას, კონფირმაციის დღისთვის შეკერილი კოსტუმი მეცვა. ახლა კი უცბად ო’ნეილპაპერერისა და ფატის ტანსაცმელში დავიჯგიმები. ძალიან მრცხვენია თქვენი, ბატონო ეპისკოპოსო. ალბათ გგონიათ, რომ ვერ გავუძელ ტკბილი ცხოვრების ცდუნებას.
– პირიქით, – გაეღიმა ეკლესიის მსახურს, – სასიამოვნო გარეგნობა, ლამაზი ტანსაცმელი ყოველთვის იმსახურებს შექებას, განსაკუთრებით ჩვენს დროში. კოპწია ჩაცმულობა და ქრისტიანული რწმენა, ჩემო კარგო, არასდროს არ გამორიცხავდა ერთმანეთს.
– ბატონო ეპისკოპოსო! – არქილოქოსს ხმაზე გამბედაობა დაეტყო, – ბუნებრივია, ჭეშმარიტ ქრისტიანს შეშფოთება და მწუხარება დაეუფლება, უბედურება უბედურებაზე რომ დაატყდეს თავს. მაგრამ თუკი პირიქით მოხდა? თუკი ერთ ბედნიერებას მეორე მოსდევს? აი, სად არის, ჩემის აზრით, დამალული ადამიანის ჭეშმარიტი შიშისა და შეშფოთების სათავე, რადგან ბედნიერების ჯაჭვის მიზეზთა ახსნა მის გონებას აღარ ძალუძს. ასეთ შემთხვევაში ჩვენს თავს ძალაუნებურად ვუსვამთ შეკითხვას: არსებობს კი ადამიანი, ვინც მხოლოდ ბედნიერებას იმსახურებს?
– ჩემო ძვირფასო ბატონო არქილოქოს, – გაუღიმა ბერძენს ეპისკოპოსმა მოზერმა, – სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ასეთი სასწაულები თითქმის არ ხდება. მოციქულ პავლეს უბრძანებია: „ადამიანი არის არსება, დღენიადაგ რომ მოთქვამსო“. თქვენ მეკითხებით, რა უნდა ქნას კაცმა, როცა ერთ ბედნიერებას მეორე მოსდევს და ბედნიერებათა მთელ ჯაჭვს ქმნისო. ჰოდა, დამიჯერეთ, ასეთი ამბები ცხოვრებაში არ ხდება.
– ბატონო ეპისკოპოსო, ვფიცავ, თავად მე შემემთხვა ასეთი რამ, – წამოიძახა არქილოქოსმა. – დიახ, ღმერთმა თითქოს ჩემთვის მოიცალაო. ყოველ ნაბიჯზე ბედნიერება მისაფრდება, – ჩუმად განაგრძობდა ბუღალტრის ყოფილი თანაშემწე. მის უზადოდ შეკერილ კოსტუმს საღილეში გარჭობილი ქრიზანთემა ამშვენებდა. მოვერცხლილი ქუდი, გაქათქათებული თეთრი ხელთათმანები და მოხდენილი ბეწვის ქურქი შემოსასვლელში დაეტოვებინა. – წარმოიდგინეთ, ბატონო ეპისკოპოსო, „ლე სუარში“ გამოვაქვეყნე საქორწინო განცხადება. სულ მოკლე ხანში გამომეცხადა მომხიბლავი ქალიშვილი. ქალიშვილს ერთის ნახვით შევუყვარდი. რასაკვირველია, მეც მომედო ტრფობის ალი... ქალიშვილთან ერთად სასეირნოდ მივდივარ და წარმოიდგინეთ, მოულოდნელად მთელი ქალაქის ყურადღებას ვიპყრობ. მესალმებით თქვენ, ბატონო ეპისკოპოსო, მესალმება ბევრი სხვა ცნობილი პიროვნება და თვით პრეზიდენტიც კი. დღეს კი თავბრუდამხვევ წარმატებას მივაღწიე სამსახურშიაც და სასულიერო სარბიელზეც. სულ ცოტა ხნის წინ სრული არარაობა ვიყავი. და აი, გუშინდელი უმცროსი ბუღალტერი, დღეს გენერალური დირექტორი და საერთაშორისო საეკლესიო საბჭოს წევრი ვხდები. ყოველივე ამის ახსნა არაფრით არ შეიძლება, სწორედ ამიტომ ვარ ასე შეშფოთებული.
ეპისკოპოსი სდუმდა. ახლა ის მთლად დაუძლურებული, მიხრწნილი ბებრის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
– ბატონო არქილოქოს, – როგორც იქნა, დაარღვია სიჩუმე ეპისკოპოსმა. – ყველაფერი, რაც თქვენ ახლა გამანდეთ, მართლაც საოცარი და უჩვეულოა. მიმაჩნია, რომ არ ღირს ამაზე ტვინის ჭყლეტა, უცნობ მიზეზებს არ უნდა მისცეთ ხოლმე მნიშვნელობა, რადგან ისინი ადამიანის შესაძლებლობების სფეროს განეკუთვნება. არსი სულ სხვა რამეშია: უფალმა მოწყალე თვალით გადმოგხედათ და ყოველ წუთში გრძნობთ ამ წყალობის მადლს. ახლა უმცროსი ბუღალტერი კი არა, გენერალური დირექტორი და საერთაშორისო საეკლესიო საბჭოს წევრი ბრძანდებით. ამიერიდან თქვენზეა დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა, დაამტკიცოთ, რომ ყველა ამ წყალობას სამართლიანად იმსახურებთ. გარდა ამისა, მოვალე ხართ, ისევე მორჩილად იგუოთ თქვენი ახლანდელი ხვედრი, როგორც ადრე თავზე დამტყდარ ყველა უბედურებას იტანდით. უზენაესი იშვიათად იმეტებს ადამიანებისათვის ამ წყალობას, რადგან უბედურების გზა ჩვეული გზაა და უფრო იოლი სავალია, ვიდრე ბედნიერებისა. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ. – ეპისკოპოსი წამოდგა, – ხვალ ისევ შევხვდებით ერთმანეთს წმიდა ელოიზის ეკლესიაში. როცა თქვენს რჩეულზე ჯვარს დაგწერთ. მომზადებას ხომ მოასწრებთ? მანამდე კი, იმედია, ბევრ რამეზე აგეხილებათ თვალი, როგორი გზითაც არ უნდა წარიმართოს შემდგომში თქვენი ცხოვრება. მე კი ისღა დამრჩენია, თქვენი თავი უფალს შევავედრო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
თარგმნა ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან