რომანი და დეტექტივი

ბედნიერების მომტანი შეცდომა

№37

ავტორი: ნია დვალი 20:00 20.09

რომანი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #33-36 (1236)

ლიზაც გახარებული გაიქცა ეზოში. დიკა ფანჯრიდან უყურებდა, მაგრამ, როდესაც ტყუპებს ჩააცვა და გავიდა, ლიზა ეზოში აღარ ჩანდა, ალაყაფის კარი კი ღია იყო. დიკა ცოტათი გაბრაზდა. გარეთ გაიქცა და დაინახა, როგორ ეშვებოდა ლიზი ამაღლებული ადგილიდან გზისკენ. თან, მირბოდა და, თან, უყვიროდა:

– ლიზი, რატომ წახვედი უკითხავად? ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ?! შენ სიტყვა მომეცი და მაინც გახვედი გარეთ. ახლავე გააჩერე ველოსიპედი, თორემ გზაზე გადახვალ. ლიზი, გააჩერე, ვერ გეწევი!

ლიზის შეეშინდა და თვალები დახუჭა:

– არ შემიძლია, ვერ ვაჩერებ. მეშინია. არ გამომდის, – ის ფეხით ეძებდა მურხუჭს, ველოსიპედს კი მუხრუჭი საჭეზე ჰქონდა. ველოსიპედი გზაზე გადავიდა.

– ღმერთო, ოღონდ არაფერი მოუვიდეს, ოღონდ არაფერი მოუვიდეს... – იმეორებდა დიკა შეპყრობილივით და მირბოდა. ორივე ბავშვს გაუშვა ხელი და არც გაჩერებულა, ისე დაუძახა:

– გემუდარებით, არ გაინძრეთ, ადგილზე იდექით და დამელოდეთ. არ გამომყვეთ, – დიკა ხედავდა, რომ მანქანა მიდიოდა იმ ადგილისკენ, სადაც ლიზა გადავიდა თავისი ველოსიპედით.

დიკამ მაინც მოასწრო, ხელი ეკრა ლიზისთვის, მაგრამ თავად დაეცა და ძლიერი დარტყმა იგრძნო...

მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა და მანქანიდან გაფითრებული გადმოვიდა, მოძრაობა გაჩერდა. ხალხი უცებ შეგროვდა. ლიზი ტიროდა, მას აჰყვნენ ტყუპებიც და დიკასკენ იწევდნენ. დიკა ვერ დგებოდა. ზურგი აუტანლად სტკიოდა. ერთ-ერთ გამვლელეს სთხოვა, სერგისთვის დაერეკა და ტელეფონი მიაწოდებინა:

– გთხოვ, მოდი სახლში, მანქანა დამეჯახა. ნუ გეშინია, ბავშვები კარგად არიან.

სერგი სახლისკენ გამოიქცა. სახლის წინ რომ ხალხი დაინახა, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანა, ლამის ფეხი აერია. სამივე ბავშვი პოლიციის მანქანაში იჯდა და ხმამაღლა ტიროდა. დიკა კი საკაცეზე იწვა.

– დიკა, მაპატიე, არ მინდოდა, ხომ არ მოკვდები? არ მოკვდე, არ მოკვდე, – ქვითინებდა ლიზი.

სერგიმ მაშინვე თავის მშობლებს დაურეკა და უთხრა მოსულიყვნენ. სასწრაფო დახმარების ექიმებს კი სთხოვა, დალოდებოდნენ 15 წუთს და მერე წაეყვანათ დიკა.

სერგი დიკას გაჰყვა საავადმყოფოში თავისი მანქანით და დიდხანს ელოდა დერეფანში, სანამ გამოკვლევებს უტარებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, დაუძახეს.

– ვერაფრით გაგახარებთ. სამწუხაროდ, ხერხემალი ორ ადგილას აქვს გაბზარული თექვენს მეუღლეს. სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, თორემ შეიძლება, დახეიბრდეს. ცუდად უდედდება სისხლი და აუცილებლად დასჭირდება გადასხმაც, მაგრამ იშვიათი ჯგუფის სისხლი აქვს, მეოთხე უარყოფითი. რთული იქნება დონორის მოძებნა.

სერგიმ თავისდაუნებურად ხმამაღლა თქვა:

– რა უცნაურია, ასეთივე ჯგუფის სისხლი ჰქონდა ჩემს გარდაცვლილ მეუღლესაც. შესაძლებელია ასეთი დამთხვევა?

ექიმი დაფიქრდა.

– თუ საერთო შვილები გყავთ, შეიძლება, შეადაროთ დეენემი და ნახოთ, ნათესავები ხომ არ არიან, მაგრამ ახლა ამ ქალბატონის გადარჩენაა აუცილებელი. თანხის დამატება მოგიწევთ. შეძლებთ?

– რა თქმა უნდა, – არც კი დაფიქრებულა სერგი და სწორედ იმ მომენტში მიხვდა, როგორი ძვირფასი იყო მისთვის დიკა და როგორ ეშინოდა მისი დაკარგვის.

– ყველაფერს გადავიხდი, ოღონდ გადაარჩინეთ, გთხოვთ...

– ნუ ღელავთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდა ქალი არ დახეიბრდეს.

როდესაც დიკა საკაცით გამოიყვანეს, სერგი მასთან მივიდა და მოეხვია:

– ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ჩემთვის ძალაიან ძვირფასი ადამიანი ხარ. ძალიან მიყვარხარ და არ გაბედო ჩვენი მიტოვება!

დიკა ტიროდა, ცრემლები ღვარად მოსდიოდა – ამდენი წელია, ელოდა, რომ სერგი ამ სიტყვებს, ბოლოს და ბოლოს, ეტყოდა.

– მეც ძალიან მიყვარხარ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ. მაპატიე, რომ ლიზის ვერ მივხედე.

– მე ვარ მადლობელი, რომ ლიზი გადაარჩინე...

დიკა გაიყვანეს. სერგი კი მეოთხე ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლის მოძიებას შეუდგა და გაუმართლა. მაგრამ, როგორც კი სისხლი ადგილზე იყო, სერგი ნერვიულობამ აიტანა.

– შეუძლებელია, ორჯერ ერთი და იგივე ტრაგედია მოხდეს. შეუძლებელია, დიკა მოკვდეს. შეულებელია, – იმშვიდებდა თავს და, თან, ბრაზობდა, ამდენი ხანი გავიდა და რატომ აქამდე არ ვუთხარი, როგორი ძვირფასი ადამიანი იყო ჩემთვის?! არც კი ვაგრძნობინე არაფრით...

***

სერგის ოთხი საათი ოთხ საუკუნედ მოეჩვენა. დრო თითქოს გაჩერდა, გაიყინა. სერგის ტელეფონი რეკავდა, მაგრამ არც კი უყურებდა, ვინ ურეკავდა. ბოლოს, როგორც იქნა, ექიმი გამოვიდა:

– დროულად მოვასწარით. ოპერაცია კარგად ჩატარდა. მე კმაყოფილი ვარ. აქ ყოფნას აზრი არ აქვს. რეანიმაციაშია. წადით სახლში, დაისვენეთ და ხვალ, დილით მოდით.

დიკამ ოპერაცია კარგად გადაიტანა და თანდათან გამოჯანმრთელებაც დაიწყო. ბავშვები ახალისებდნენ. სერგიმ ძიძაც აიყვანა და დამხმარე ქალიც, დედამისი კი არათუ ყოველდღე მოდიოდა, ღამითაც რჩებოდა ხოლმე.

როდესაც დიკა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, მისი სისხლი ლიზის სისხლს შეადარეს და გაირკვა, რომ მათ შორის გენეტიკური კავშირი ნამდვილად იყო. ყველა გაოცდა, სერგიც, დიკაც და სერგის მშობლებიც.

დიკა ვერაფერს ხვდებოდა:

– ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე, უბრალოდ, გვიანი შვილი ვიყავი. დედაჩემი გვიან დაფეხმძიმდა. მიყვებოდა, რომ ბოჭორმის წმიდა გიორგის შეევედრა, რომ შვილი ჰყოლოდა და ასე გავჩნდი მე. თან, ძალიან ვგავარ დედაჩემს, – ამის დასტურად დიკას თავისი საოჯახო ალბომი მოჰქონდა და მართლაც, დედა-შვილი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს.

– ნაშვილები ვერ ვიქნები, გამორიცხულია, მაგრამ?! – დიკა პასუხებს ვერ პოულობდა.

სერგიმ გადაწყვიტა, ეს საქმე გამოეძიებინა:

– თუ წინააღმდეგი არ იქნები, ლიზას ბებია-ბაბუასთან მივალ და ყველაფერს გამოვკითხავ.

– ცოდვები არიან, ისედაც შვილი დაკარგეს. იქნებ არ უნდათ ამაზე ლაპარაკი? – არ დაეთანხმა დიკა.

– იქნებ შენც მათი შვილი ხარ? – არ დაეთანხმა სერგი.

– და რატომ გამაშვილებდნენ, თუ კარგი ხალხია, როგორც შენ ამბობ? – და დიკა ახლაღა დაფიქრდა, რომ ლიზის ბებია-ბაბუა დედის მხრიდან არასდროს მოსულა მათთან სტუმრად. არც შვილიშვილი მოუკითხავთ.

სერგი თითქოს მიხვდა, რა გაიფიქრა დიკამ:

– ეს მეც მიკვირდა, მაგრამ ფაქტია, ორივემ ძალიან განიცადა ეს ამბავი. სოფელში გადავიდნენ საცხოვრებლად და აღარც გამოჩენილან მას შემდეგ. მე ვურეკავდი პირველ წლებში, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაცნაირად არ სიამოვნებდათ ჩემი ხმის გაგონება და თავი დავანებე. სხვის ტკივილს ვერ გაუგებ. ყველა თავისებურად გლოვობს.

– აბა, როგორ დავადგინოთ სიმართლე? – იკითხა დიკამ.

– კერძო დეტექტივს დავიქირავებ. შეუძლებელია, ვინმე არ იყოს ცოცხალი მოწმე. დღეს არაფრის გაგება აღარაა სირთულე. მით უმეტეს, რომ ამ ქვეყანაში 90–ანებში ლამის ყველაფერი განადგურდა, მაგრამ არქივები გადარჩა. ყველაფერი აღრიცხულია.

– მაგრამ ვინ დატოვებდა დოკუმენტებს? – შეეჭვდა დიკა.

– გავარკვევ აუცილებლად.

– და ერთმანეთს რომ არ ვგავართ? – გაუბედავად იკითხა დიკამ: თუმცა ასაკი ემთხვევა.

– მაგაზე მეც ვიფიქრე, მაგრამ იქნებ სხვადასხვა კვერცხუჯრედის ტყუპები ხართ, ისინი კი ერთმანეთს არ ჰგვანან. მაგალითად, ჩვენი ბიჭებიც არ ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ტყუპები არიან.

– მართალი ხარ, – დაფიქრდა დიკა.

სერგიმ მართლაც დაიქირავა კერძო დეტექტივი და ისიც შეუდგა თავის საქმეს.

***

– მივაგენით მეანს, რომელმაც ახალგაზრდა, 17 წლის გოგონას მშობიარობა მიიღო. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს ქალი, ვინც ტყუპები გააჩინა.

– და რას ამბობს? – დაინტერესდა სერგი.

– უთქვენოდ არ გავესაუბრე. იქნებ თქვენც გინდათ, რომ დაესაუბროთ? – შესთავაზა დეტექტივმა.

– მგონი, აჯობებს, – დაეთანხმა სერგი, ოღონდ დიკასთვის არაფერი უთქვამს.

– თქვენ დაუსვამთ კითხვებს თუ მე? – დააზუსტა კერძო დეტექტივმა. ვინაიდან სერგის დიდი ხანია, იცნობდა და მისი ხასიათი იცოდა.

– შენ დაიწყე და თუ რამე, მეც ჩაგერევი.

დეტექტივმა თავი დაუქნია და მანქანა ხის ღობესთან გააჩერა:

– აი, ეს სახლია.

– მშვენივრად მოწყობილა. თუმცა, თუ ასე პანტაპუნტით ჰყიდიდა ბავშვებს, რა გასაკვირია, – ჩაილაპარაკა სერგიმ.

– მასპინძელო, – ხმამაღლა დაიძახა დეტექტივმა.

– მობრძანდით, ვინ გნებავთ? – სახლიდან სანდომიანი სახის ასაკოვანი ქალი გამოვიდა.

– ქალბატონ თინათინს ვეძებთ, – დაუძახა სერგიმ.

– მე გახლავართ, რაზე შეწუხებულხართ? – ჰკითხა ქალმა.

– არ შეგვიპატიჟებთ? ასე ქუჩიდან ვილაპარაკოთ? – გაიღიმა სერგიმ, – ყაჩაღები არ ვართ.

– არც მიკადრებია თქვენთვის, მობრძანდით. უბრალოდ, შვილიშვილი მესტუმრა და ისე ვარ გახარებული თავგზა ამებნა. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს ოჯახში!

მამაკაცები ეზოში შევიდნენ, რომელიც საკმაოდ კოხტა და მოწესრიგებული იყო. მარჯვნივ კი ლამაზი ფანჩატური იდგა.

– რა ლამაზი ეზო გაქვთ, სახლიც, – შეაქო სერგიმ დიასახლისი, რომელმაც მაშინვე შეიფერა:

– დიახ, მთელი ჩემი ცხოვრების ნამუშევარია აქ, ამ კედლებში.

– ბებო, ვინ არის? – ფანჯრიდან 12 წლის ბიჭუნამ გამოყო თავი.

– სტუმრები არიან, ბებო, შენ ჭამე, რომ სათამაშოდ წახვიდე, – ბავშვი ისევ ფანჯარაში გაუჩინარდა.

– ეს ფანჩატური ვინ გაგიკეთათ? – დაინტერესდა სერგი, უფრო იმიტომ, რომ მასპინძელი მოშვებულიყო, – რა ლამაზია, მეც მინდა ასეთი ჩემს აგარაკზე. მომცემთ დურგლის ნომერს?

– რა თქმა უნდა, – გახალისდა ქალი და ენთუზიაზმით მოყვა ფანჩატურის ისტორია. როდესაც დაასრულა, საუბარში დეტექტივი ჩაერთო:

– ქალბატონო თინათინ, საქმე გვაქვს, უპატივცემულოდ არ დაგტოვებთ, მაგრამ, თუ გადაწყვეტთ, რომ თავი გაისულელოთ, ჯერ თქვენს შვილიშვილს ვეტყვით, რომ სამშობიაროში ბავშვებს ჰყიდდით, მერე კი ყველას, – ეს თქვა და გაიღიმა.

ქალს სახე შეეცვალა, მაგრამ სერგიმ დაამშვიდა:

– თუ ყველაფერს მოგვიყვებით, თქვენს შვილიშვილს დღეს ძალიან კარგ საჩუქარს გავუკეთებთ და ჩვენც სამუდამოდ დავივიწყებთ თქვენს სახელსა და მისამართს.

ქალმა ჯერ ერთს შეხედა, მერე – მეორეს. ამოიოხრა და მოყოლა დაიწყო:

– მე არასდროს გამიყიდია ჩვილები. 25 წლის წინათ 17 წლის გოგო მოიყვანეს სამშობიაროში, ძალიან მდიდარი ოჯახის შვილი იყო და ვიღაცისგან დაორსულებულა. გვიან გაიგო დედამისმა და ამიტომ აბორტი ვერ მოესწრო. სკოლაში აკადემიური აუღეს და სოფელში გაამწესეს, რომ მისი მუცელი არავის დაენახა. რომ იმშობიარა, დედამისმა, გაფხორილი ქალი იყო, მიბრძანა, მისი შვილისთვის მეთქვა, რომ ორივე ბავშვი დაიღუპა და ორივე ჩუმად გამეშვილებინა. მე უარი ვუთხარი, თუმცა ისეთი თანხა შემომთავაზა, რომ, – ქალმა თავი ჩაქინდრა, მერე ორივეს გაუსწორა თვალი:

– მაინც არ ვნანობ, იმიტომ რომ ისეთ ბებიასთან გაზრდას გაშვილება ჯობდა. ერთი მაშინვე იშვილეს, ასე, 40 წლის ცოლ-ქმარი იყო, ძალიან სანდომიანი, ჩემი დეიდაშვილის მეზობლები იყვნენ და ბავშვი არ ჰყავდათ. მეორეს გაშვილება ცოტა გაჭირდა, ამიტომ სამშობიაროში დავიტოვეთ, არ გვინდოდა, ბავშვთა სახლში წაეყვანათ. ვითომ რაღაც დაავადება სჭირდა და ვმკურნალობდით. წლინახევრის რომ გახდა, მეორე გოგონაც კარგმა ადამიანებმა იშვილეს.

– გვარები გახსოვთ? – დააზუსტა სერგიმ.

– მახსოვს, – და ქალმა დიკასა და სერგოს ცოლის გვარები თქვა. მათი დედის გვარიც მახსოვს, იშვიათი გვარი იყო და დამამახსოვრდა, ბარნაველი...

***

– გინდა შენი ნამდვილი დედის გაცნობა? – ჰკითხა სერგიმ დიკას.

– არა, ჩემი ნამდვილი დედა გარდაიცვალა. – სევდიანად მიუგო დიკამ.

– მისი ბრალი არ არის, მას არ უთხრეს, რომ თქვენ გადარჩით.

– არ ვიცი, მოვიფიქრებ. მაგრამ ჩემი დის საფლავზე წავიდეთ, – სთხოვა სერგის.

როდესაც სასაფლაოდან ბრუნდებოდნენ, დიკამ სერგი გააჩერა, თვალებში ჩახედა და უთხრა:

– იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო, იმ დღეს ტელეფონის ნომრები რომ არ ამრეოდა...

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა