რომანი და დეტექტივი

ბედნიერების მომტანი შეცდომა

№36

ავტორი: ნია დვალი 20:00 13.09

რომანი 2
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #33-35 (1235)

***

სერგიმ დიკა და ბავშვები თავის სახლში მიიყვანა. გააცნო თავისი გოგონა, დედამისი და ძიძა და მაშინვე სამსახურში დაბრუნდა.

– უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მოვიდეს სასწრაფოდ, – უთხრა მდივანს.

ერთხანს მასთან ერთად ითათბირა, შემდეგ კი შეხვედრების ოთახში ცალ-ცალკე დაიწყეს თანამშრომლების გამოძახება. დაცვას კამერების ჩანაწერების ხელახლა დათვალიერება მოსთხოვეს და მაქსიმესა და ლიას კომპიუტერებიც ამოიღეს შესამოწმებლად.

მალევე გაარკვიეს, რას გულისხმობდა მაქსიმე: დაკარგული იყო ორი საქაღალდე, რომლებშიც ახალი დეტალების უნიკალური გათვლები იყო გაკეთებული. როგორც ჩანს, კონკურენტებისთვის სწორედ ამის მიყიდვა უნდოდა მაქსიმეს და ზოგიერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ მაქსიმე ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა. ლიამაც გამორჩეულად მაქსიმეს დაადგა თვალი, თუმცა, მაქსიმე ყველაზე სიმპათიური ან ყველაზე წარმატებული თანამშრომელი არ ყოფილა მათ ოფისში. უკვე გასაგები გახდა, რომ ლია შემოგზავნილი იყო, რომ მაქსიმესთვის ინფორმაცია დაეცინცლა და გადაებირებინა. მან თავისი დავალება შესანიშნავად შეასრულა.

სერგიმ გაარკვია, სად უნდა შეხვედროდა მისი უკვე ყოფილი თანამშრომლები მის კონკურენტებს და ადგილზე პოლიციასთან ერთად გამოცხადდა.

***

– ნახვა მინდა, მაინტერესებს, რატომ მოიქცა ასე, აუცილებლად უნდა ვნახო... კარგი, მოვალ, როცა მეტყვი, – სერგიმ ტელეფონი გათიშა.

ადამიანების ამოცნობა არ უჭირდა და უფრო თავის თავზე იყო გაბრაზებული, როგორ გამოეპარა თანამშრომლის უმსგავსოება. არადა ცოტა ხნის წინ, დიკაზე ფიქრისას, თითქოს განსჯიდა კიდეც მას, რომ ვერ ამოიცნო ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა და ასე მოტყუვდა.

– შეუძლებელია, ადამიანი ასეთი ნაძირალა იყოს, – ფიქრობდა სერგი და თავს იწყნარებდა, რადგან უდიდესი სურვილი ჰქონდა, მაქსიმესთვის ცხვირ-პირი დაელეწა.

ასეთი განწყობით შევიდა გამომძიებლის ოთახში, მაგრამ, როდესაც დაინახა, როგორ უკანკალებდა ხელები მაქსიმეს, გაეცინა. ძველი მაქსიმესგან არაფერი იყო დარჩენილი, შუბლზე ოფლის წვეთები ასხამდა და სახე უპრიალებდა, თავს მაღლა ვერ სწევდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. სერგი თვალს არ აშორებდა და ცდილობდა, მისი მზერა დაეჭირა. მაქსიმემ ვერ მოითმინა და ლაპარაკი პირველმა დაიწყო:

– რატომ მოხვედი?! რომ დამცინო?! შეგიძლია, იზეიმო გამარჯვება.

– არა, მინდოდა, მეკითხა, რატომ გააკეთე ეს? კინაღამ გამაკოტრე. მალე დაგავიწყდა ყველაფერი. კაცად ჩემთან იქეცი, პრემიებს გიწერდი, გახალისებდი ყველანაირად. ეს კიდევ შეიძლება, გავიგო, ბევრი ფული მოგინდა, მაგრამ შენმა ცოლმა რა დაგიშავა?! მით უმეტეს, ბავშვებმა?!

მაქსიმე იატაკს ჩასჩერებოდა და ხმას არ იღებდა:

– არ ვიცი, რა დამემართა, ლიკა შემიყვარდა, ის კი, თურმე, ჩვენს კონკურენტებზე მუშაობდა და დამპირდა, რომ, თუ ამას გავაკეთებდი, მათ ფირმაში მაღალ თანამდებობაზე დამნიშნავდნენ. ისეთი ხელფასი მითხრეს, რომ... დიკა კი რაღაცნაირი მოსაწყენი გახდა, მოიმატა წონაში, აღარ მომწონდა, ტყუპების გასაზრდელად მზად არ ვარ.

– დავუშვათ, სხვა შეგიყვარდა, მაგრამ ქალი, ორი ჩვილით, უფულოდ როგორ დატოვე?! არც კაცი ხარ, არც ადამიანი.

– ბატონო სერგი, გთხოვთ, გამოიტანეთ განცხადება. ხომ ყველაფერი კარგად დამთავრდა თქვენთვის?! მე კი მსგავსს არასდროს გავიმეორებ. მაპატიეთ. გინდათ, ისევ ცოლთან დავბრუნდები?!

– აი, შენი ცოლთან დაბრუნება ნამდვილად არ მინდა. უკეთეს კაცს იმსახურებს. ციხეში თუ არ გინდა, კი ბატონო, მე გამოვიტან განცხადებას, ოღონდ შენ უარი უნდა თქვა შენს შვილებზე ოფიციალურად. გაეყრები დიკას და წაეთრევი, რომ ვერავინ ვერასდროს გნახოს. თუ გატეხავ პირობას, ამ მასალებს შევინახავ, ეს იცოდე! – სერგიმ უფრო გამოსაცდელად უთხრა ეს მაქსიმეს, მისი პასუხი აინტერესებდა.

მაქსიმეს თვალები გაუბრწყინდა:

– დიდი მადლობა, ბატონო სერგი. რა თქმა უნდა, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მეტყვით. როგორც კი გამოვალ, ქვეყნიდან წავალ. მაგრამ დიკა მარტო როგორ იქნება? ან ბინას რა ეშველება?

– ოჰო, გაახსენდა ცოლი. დიკა გაღელვებს თუ შენი ბინა?! არ სჭირდება შენი ბინა. ისევ შენი იქნება. არ დაგინახო მის სიახლოვეს, თორემ შენგან სველ ადგილსაც არ დავტოვებ.

მაქსიმე მხოლოდ თავს აქნევდა თანხმობის ნიშნად.

სერგი პირდაპირ სახლში წავიდა და კარი გააღო თუ არა, ხარჩოს სურნელი იგრძნო. შეზავებული ღვეზელის არომატთან. სერგის გაეღიმა. მსგავსი კარგა ხანია, არ უგრძნია თავის სახლში.

მისი გოგონა დიკასთან ერთად სამზარეულოში ღვეზელებს აცხობდა და ერთიანად ფქვილში იყო ამოსვრილი, მაგრამ თვალები უბრწყინავდა. მამის დანახვისთანავე, მისკენ გაიქცა და ყელზე ჩამოეკიდა:

– მე შემიძლია, ჩემით გავფცქვნა კარტოფილი. წარმოგიდგენია? უკვე ცომის მოზელვაც ვიცი. ხარჩოც გავაკეთე და გადავწყვიტე, რომ გავიზრდები, გავხდები მზარეული!

– აუცილებლად გახდები. აბა, როგორ ხართ? პატარები ტიროდნენ?

– არა, – გააქნია თავი ლიზიმ, – მხოლოდ მაშინ, როდესაც მოშივდებოდათ. სანამ ერთი ჭამს, მე მეორეს ვართობ. მე მიჯერებენ ყველაფერს! დიკა მაძლევს ნებას, მოვუარო ბავშვებს და, იცი, რა კარგად ვუვლი?!

დიკას გაეღიმა.

– რა თქმა უნდა, კარგად უვლის, იმიტომ რომ საოცარი პატარა პრინცესაა. მე და ლიზა ახლავე გავაწყობთ სუფრას და ვივახშმოთ.

მაგრამ, როდესაც სერგის სახეზე შეხედა, დიკა მიხვდა, რომ რაღაც მოხდა:

– მოხდა რამე?

– მოხდა, მაგრამ ჯერ ვივახშმოთ. მერე მოგიყვები, – უთხრა სერგიმ.

ისე მადიანად მიირთმევდა, იფიქრებდი, რომ არასდროს ენახა საჭმელი. დიკას ეღიმებოდა და ცდილობდა, არ შეემჩნია.

– ამდენი არასდროს მიჭამია. უკვე რესტორნებშიც კარგ საჭმელებს აკეთებენ, მაგრამ მე სახლის მირჩევნია, – უხერხულად გაიღიმა სერგიმ, როდესაც მიხვდა, რომ დიკას ეღიმებოდა.

მერე კი შვილს გადახედა:

– სახატავები მოგიტანე, დაათვალიერე და რამე დაგვიხატე, კარგი?

ბავშვმა თავი დაუქნია დიდი ქალივით და სასადილო ოთახიდან გავიდა. სერგიმ მობილური ტელეფონი ამოიღო და მაგიდაზე დადო.

– დღეს მაქსიმე ვნახე და გარიგება შევთავაზე. მინდა, რომ შენი ყურით მოისმინო ყველაფერი. მოუსმინე. დაფიქრდი და მითხარი, სწორად მოვიქეცი თუ არა. თუ ჩემი გადაწყვეტილება არ მოგეწონება და შენ მასთან დაბრუნება გინდა, წინააღმდეგი არ ვიქნები.

სერგი მაინც ორჭოფობდა, იმიტომ რომ დიკას აზრის გაუთვალისწინებლად მიიღო გადაწყვეტილება მაქსიმესა და დიკას ოჯახის შესახებ. შეიძლება, დიკას ისევ უყვარს?! ან, პირიქით, უნდა, რომ ბავშვებს მაინც ჰქონდეთ ურთიერთობა მამასთან? ესმოდა, რომ ის, რასაც დიკა ახლა გაიგონებდა, მას ტკივილს მიაყენებდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო – დიკას ეს უნდა გაევლო და თავად მიეღო გადაწყვეტილება.

ბავშვების ეტლს ხელი მოჰკიდა და გაიყვანა, რომ დიკა მარტო დარჩენილიყო. ნახევარ საათზე მეტი გავიდა, მაგრამ დიკა არ გამოდიოდა. სერგი ანერვიულდა. ბავშვებმაც გაიღვიძეს. ლიზა მათ ეთამაშებოდა. ბოლოს, სერგიმ ვერ მოითმინა და სასადილოში შეიხედა – დიკა სკამზე უძრავად იჯდა.

სერგიმ მხარზე დაადო ხელი.

– როგორ ხარ? ვიცი, რომ ცუდად და არ ვიცი, რით დაგეხმარო, რა გითხრა, მაგრამ იცოდე, მე შენ არ მიგატოვებ, ყოველთვის დაგეხმარები, მაგრამ გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო.

დიკამ სერგის თვალებში შეხედა:

– ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ყველაფერი სწორად გააკეთე. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. სიმართლე გითხრა, მიუხედავად მომხდარისა, გულის სიღრმეში იმედი მქონდა, რომ მაქსოს ვუყვარდი, უბრალოდ, თავგზა აერია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოვისმინე, მე ვეღარ შევძლებ მასთან ერთად ცხოვრებას, – დიკა უსიცოცხლოდ ლაპარაკობდა, უცხოდ, თითქოს ვიღაცის მოყირჭებულ ამბავს ყვებაო, – რომ იცოდე, როგორ მიყვარდა?! და როგორ მტკივა გული იმის გამო, როგორც მომექცა. რატომ ვერ შევამჩნიე აქამდე?! ერთ დღეში ხომ არ გამხდარა ასეთი?! ყოველთვის ასეთი იყო, უბრალოდ, მე ვიყავი ბრმა. მის გამო ყველაფერზე ვთქვი უარი. სახლში დავჯექი, ბავშვები გავაჩინე, მან კი... კი არ ვნანობ, ასე როგორ შევცდი, იმას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს.

– არ იდარდო, ყველაფერი კარგად იქნება. დრო გაიტანს, როგორც უსარგებლო ნაგავს. კარგია, რომ ახლა მოხდა, მთელი ცხოვრება წინ გაქვს. ვინ იცის, რამდენი სიხარული და ბედნიერება გელოდება. ბავშვები ჭიჭყინებენ. წადი მათთან, შიათ.

– რა ბედნიერებაა, რომ ნომერი შემეშალა იმ დღეს. არავის გაუკეთებია ჩემთვის ამდენი, მამაჩემის გარდა, – ისევ გაიმეორა დიკამ, – შეიძლება, იმიტომაც მომექცა ასე, რომ არავინ მყავს...

– ამდენს ნუ მაქებ, თორემ დავიჯერებ, რომ განსაკუთრებული ვარ და ყველას ზემოდან გადმოგხედავთ, – სერგიმ ხელი შეაშველა დიკას, რომ წამომდგარიყო, – და, ბოლოს და ბოლოს, ორი რაინდი გყავს.

***

იმ დღიდან დიკას ცხოვრება შეიცვალა. მას აღარ უწევდა ვინმესთვის ხასიათის შეწყობა, არავინ არაფერს ავალებდა, რასაც აკეთებდა, თავისი ნებითა და სიამოვნებით. იმდენად მშვიდად გრძნობდა თავს, რომ ორი ჩვილის მოვლაც კი არ ღლიდა, არც კერძების მომზადება. ძიძა ისევ დადიოდა ლიზისთან და სერგის დედაც, რომელიც ზედმეტად ტაქტიანი ქალი აღმოჩნდა და დიკასთვის არც არაფერი უკითხავს. დიკამ არ იცოდა, თორემ არც სერგისთვის უკითხავს რამე. როგორც იქნა, თავისი შვილი გაღიმებული დაინახა, ასე რომ, დედა ბედნიერი იყო ამითიც და არც კი ინტერესდებოდა, ვისი შვილები მოიყვანა სერგიმ თავის სახლში. ლიზაც მიეწება დიკას და არ შორდებოდა, ძიძას არც ეკარებოდა.

დიკა მიხვდა, რომ მარტო არ იყო ამ დედამიწაზე და ეს ახარებდა. სერგის მამაც ხშირად მოდიოდა სტუმრად.

– ღვიძლ მამას ისინი არც უნახავს, არც ბებია-ბაბუას, უცხო ადამიანებმა კი როგორ მიიღეს სხვისი ბავშვები?! როგორ ხდება ეს? – ფიქრობდა თავისთვის დიკა: როგორი განსხვავებულები არიან ადამიანები.

ჩვილები უკვე სერგისაც ცნობდნენ და როდესაც დაინახავდნენ, უცინოდნენ; დიკა და სერგი მეგობრობდნენ. ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, როგორც ახლო ნათესავები, არც ერთი არ ცდილობდა, მეორეში საპირისპირო სქესი დაენახა და რამეზე ეფიქრა, გარდა მეგობრობისა.

სერგის დიკა მოსწონდა, მაგრამ არაფერს ამჟღავნებდა, იმიტომ რომ არ უნდოდა დაძალება, მისთვის საკმარისი იყო, რომ დახმარების საშუალება ჰქონდა. ესმოდა, რომ დიკასთვისაც არ იქნებოდა ადვილი ახალი ურთიერთობის დაწყება, როდესაც სულ ახლახან მის ცხოვრებაში გამაოგნებელი ამბავი მოხდა.

ამასობაში დრო თავის კალაპოტში მიედინებოდა ბავშვები იზრდებოდნენ, დიკა და სერგი კი ისევ მეგობრობდნენ, თუმცა ერთ სახლში ცხოვრობდნენ. როგორც კი ტყუპები სამი წლის გახდნენ, დიკამ საბავშვო ბაღში მიიყვანა და საკუთარ თავზეც დაიწყო ზრუნვა. ისევ ჩაუჯდა წიგნებს და ენის ცოდნა აღიდგინა. მოსწავლეებიც მალე გამოუჩნდნენ.

მაქსიმესგან განსხვავებით, სერგი არ უშლიდა დიკას მოსწავლეების სახლში მიღებას, არც სინქრონული თარგმანის კურსებზე სიარულს. რაც მთავარია, ლიზი იყო ძალიან მოგებული: თავის კლასში ყველაზე უკეთ იცოდა ინგლისური და უკვე ცოტა ფრანგულიც, რითიც ძალიან ამაყობდა. გოგონას დიკა ძალიან შეუყვარდა, ტყუპებს ძამიკოებს ეძახდა და დიდი ქალივით უვლიდა ხოლმე, შენიშვნებს აძლევდა და მწყემსავდა. დიკას ეგონა, რომ ზღაპარში ცხოვრობდა და სადღაც, გულის კუნჭულში შიშობდა, არ დამთავრებულიყო ეს არაჩვეულებრივი ზღაპარი.

***

– რატომ მოხვედი? – ლიამ გაბრაზებულმა შეხედა მაქსოს.

– გამომიშვეს, არ გაგიხარდა? – გაუკვირდა მაქსოს.

– რატომ უნდა გამხარებოდა? საიდან მოიტანე? საქმეც ჩააფლავე, მეც ჩამაფლავე და შენც ჩაფლავდი. შენი დანახვა არ მინდა. არ დაგინახო აქ მოთრეული! – ლიამ კარი მიუჯახუნა მაქსოს.

კაცი დაიბნა, ასეთ დახვედრას არ ელოდა და ამიტომ კიდევ დარეკა ზარი. ლია კარს არ უღებდა. მაქსო უკვე აბრახუნებდა. მზად იყო, ლია შუაზე გაეგლიჯა, თან, ყვიროდა:

– შენ გამო ყველაფერი დავკარგე. კარი გააღე... – და უშვერი სიტყვებით აგინებდა.

ლიამ კარი გააღო და მშვიდად უთხრა:

– თუ აქედან არ წაეთრევი, პოლიციაში დავრეკავ და ისევ შეგაბრუნებენ იქ, საიდანაც გამოხვედი.

მაქსო წამოვიდა და სახლში მივიდა, იმ იმედით, რომ დედამისს მაინც გაუხარდებოდა მისი დანახვა, მაგრამ დედამისიც პირგამეხებული დახვდა:

– როგორ დაკარგე სამსახური?! ან რა კაცი ხარ, ისე ვერ გაიჩინე საყვარელი, რომ ყველას არ გაეგო?!

ასეთ ჩხუბებში გადიოდა დრო და მაქსიმეს უკვე აწუხებდა იმაზე ფიქრი, რომ მისი შვილები სხვა კაცს ეძახდნენ მამას და მას არც კი იცნობდნენ. მაქსო ნანობდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ დროს უკან ვერ მოატრიალებდა...

***

სერგის სახლში დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. ლიზის დაბადების დღე ახლოვდებოდა და გოგონა დიდი ხანია, ითხოვდა ველოსიპედს. დიკამ მას საღამოების წაყვანაც ასწავლა და ლიზიმაც მშვენივრად გაართვა თავი ამ საქმეს: საოცნებო საჩუქარიც მიიღო და თავისი დაბადების დღის წვეულებასაც თავად გაუძღვა, ყველას აცინებდა და მართლაც შესანიშნავი დაბადების დღე გამოვიდა.

მეორე დღესვე ველოსიპედით გასეირნება მოითხოვა, თუმცა ცუდად იცოდა ველოსიპედის ტარება.

– არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ჯერ ეზოში ივარჯიშე, დავამთავრებ ჩემს საქმეებს, ბიჭებსაც ჩავაცვამ და ერთად გავისეირნოთ პარკში, ჩვენ ფეხით, შენ – ველოსიპედით. კარგი? – უთხრა დიკამ.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა