რომანი და დეტექტივი

ბედნიერების მომტანი შეცდომა

№35

ავტორი: ნია დვალი 20:00 06.09

რომანი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #33-34 (1234)

არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ხვდებოდა, რომ დიკას მომკითხველიც კი არ ჰყავდა და რატომღაც სინდისი ქენჯნიდა. მაინც ვერ მოითმინა და შუადღეს სამშობიაროში მივიდა. სადაზღვევო კომპანიაშიც დარეკა და გვიმრაძის საოჯახო პაკეტი მოიკითხა. დიკასთან რომ შევიდა, ახალგაზრდა ქალი შეიშმუშნა:

– როგორ მერიდება თქვენი, ძალიან. მაქსოც სადღაც დაიკარგა. ვერ ვურეკავ. სულ გამორთულია ტელეფონი, არც დედამისს მინდა, დავურეკო, ინერვიულებს. ნამდვილად რაღაც დაემართა – დიკას ხმა უკანკალებდა.

– უნდა დაწყნარდეთ, ბავშვებზე იფიქრეთ. თქვენი ქმარი კი აუცილებლად გამოჩნდება. მივლინებაში გავუშვი. არ ვიცოდი, თუ ასე ახლოს იყო მშობიარობა, თორემ არ გავუშვებდი. ალბათ, ტელეფონი გაუფუჭდა, – ეს ტყუილი სერგიმ უცებ მოიფიქრა.

დიკას სახე გაუცისკროვნდა.

– რა კარგია, რომ არაფერი მოსვლია!

სერგი თავს უქნევდა ქალს.

– რადგან ჩემი ბრალია, რომ ახლა აქ არ არის, ამიტომ მე ყოველდღე მოვალ და რაც საჭიროა, გავაკეთებ, რომ დანაშაული გამოვისყიდო.

დიკამ იუარა:

– არა, რას ბრძანებთ, ისედაც შეგაწუხეთ.

– არ ვწუხდები. ჩვენი მოვალეობაა, ვიზრუნოთ თანამშრომლების ოჯახებზე,

დიკამ მადლიერებით გაუღიმა.

მართლაც, სერგი ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე მიდიოდა სამშობიაროში, ნახულობდა დიკას და იგებდა ბავშვების მდგომარეობას.

დიკა ძალიან მიეჯაჭვა სერგის, იმიტომ რომ მის გარდა იმ მომენტში არც არავინ იყო მის გვერდით:

„როგორი კარგი ადამიანია, კეთილი, მაქსო კი არც მირეკავს, არც აინტერესებს ბავშვების ამბავი. ვითომ იქ არავის აქვს ტელეფონი, რომ დამირეკოს?“ – დიკას გული ეკუმშებოდა, ამას რომ ფიქრობდა. მაგრამ ბავშვების დანახვა ძალიან ახალისებდა და სიცოცხლის სურვილს უღვიძებდა. ეფერებოდა ორივეს და მათი ყურებით ვერ ძღებოდა. დიკას გამოწერის დღეც დადგა, მაგრამ მაქსო ისევ არა და არ ჩანდა.

სამაგიეროდ, სერგი მივიდა, გამოიყვანა დედა და შვილები და სახლში მიიყვანა. დიკა სახლში რომ შევიდა, დაცარიელებული ეჩვენა: ქმრის ტანსაცმელი არ ჩანდა, არც ფეხსაცმელები. უცნაური იყო, მაგრამ ტელევიზორიც გამქრალიყო. დიკა მექანიკურად შევიდა საძინებელში და უჯრა გამოაღო, სადაც მაქსო ფულს ინახავდა: უჯრა ცარიელი იყო.

დიკას გულში ჭვალმა გაუარა. ვერაფერს ხვდებოდა. ბოლოს, სამზარეულოში შევიდა და მაგიდაზე წერილი დაინახა:

„მივდივარ, უნდა გავეყაროთ. ბოდიში, მაგრამ ასეა საჭირო“. მეტი არაფერი ეწერა. დიკას ტირილი აუვარდა, ისე ხმამაღლა ტიროდა, რომ ბავშვებიც აჰყვნენ, მაგრამ დიკას მათი ხმა არ ესმოდა, ხმამაღლა მოთქვამდა:

– რატომ დამემართა ეს? რა გავაკეთე არასწორად?! რატომ გადავუყვარდი მაქსოს?! ხომ მთხოვდა მემკვიდრეს?! ხომ გავუჩინე, თან – ორი?! ახლა რა გავაკეთო, როგორ უნდა ვიცხოვრო ან ბავშვებს რა ვუყო?! რით ვარჩინო?! მძულს, ნაძირალა!.. – დიკა ყვიროდა. ბავშვებიც ტიროდნენ და სერგიმ არ იცოდა, რა გაეკეთებინა. აწურული იდგა შუა ოთახში. ხან ერთი ჩვილი აჰყავდა ხელში, ხან მეორე. შემდეგ ორივენი საძინებელში შეიყვანა და საწოლზე დააწვინა. უცებ ტყუპები გაჩუმდნენ. სერგი ისევ სამზარეულოში გავიდა, ჭიქაში წყალი ჩაასხა და დიკას მიაწოდა:

– დიკა, დალიეთ და ნუ აშინებთ ბავშვებს. გეყოფათ ისტერიკა. ყლუპ-ყლუპებად დალიეთ, – უთხრა მკაცრი ხმით.

დიკა თითქოს გამოაფხიზლა სერგის ხმამ. უცებ დამშვიდდა, წყალი დალია და ფეთიანივით წამოხტა: ბავშვები გაახსენდა. სერგი მიხვდა და მიაძახა:

– საძინებელში არიან.

დიკა საძინებელში შევიდა და ორივეს აჭამა. ტყუპები აკრუტუნდნენ და დაეძინათ. დიკა სამზარეულოში დარცხვენილი გავიდა:

– ძალიან მრცხვენია თქვენი, ეს რა ხათაბალაში გაგხვიეთ და ჩემი ისტერიკაც თქვენ წინ მოვაწყვე. თქვენს ამაგს ვერ გადავიხდი და ვერც ამ სირცხვილს ჩამოვირეცხავ, – დიკა მართლაც ყურებამდე გაწითლდა და თავი ჩაქინდრა.

– რა პრობლემაა, სულ ახლახან იმშობიარეთ და ასეთი ელდა. ყველას გაუჭირდებოდა ამის გადატანა. თქვენ კიდევ ვაჟკაცურად გაუძელით. საბოდიშო არაფერია და რაღაც უნდა გითხრათ, – სერგიმ დიკა სკამზე დასვა:

– ოღონდ უნდა დამპირდეთ, რომ არ ინერვიულებთ:

– სერგი რომ წავიდა, ეს თქვენი ბრალი არ არის. კაცი ვარ და ვიცი. ჩვენს სტაჟიორთან ვხედავდი ხშირად. ასე რომ, თავი არ დაიტანჯოთ. უბრალოდ, ნაძირალაა.

– ვერ ვიჯერებ. ასეთი ნაძირალა ვერ იქნება... ან აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე... რომ ყოფილიყო, შევამჩნევდი, არა, ეს ასე არ იქნება, – დიკამ სახეზე აიფარა ხელები.

– თავი არ მოიტყუოთ. ზუსტად ისეა, როგორც გეუბნებით.

– კი მაგრამ, რატომ?! როგორ მიყვარდა?! როგორ ვცდილობდი, მისთვის მესიამოვნებინა?! რატომ გამყიდა ასე სასტიკად?! ხომ შეიძლებოდა, ახლა არ მივეტოვებინე?! ბავშვებს რა ვუყო?! როგორ მოვუარო?! მაპატიეთ, თქვენ არაფერ შუაში ხართ. თქვენი საქმეები გაქვთ, ოჯახი. მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ, – დიკა ცდილობდა, არ ეტირა და ჩურჩულებდა, – რომ არა ბავშვები, მადლი იქნებოდა ჩემი სიკვდილი, – დიკა თავს ვერ მოერია და ისევ ატირდა.

სერგი მივიდა და მხარზე დაადო ხელი. მას ძალიან ეცოდებოდა დიკა და არ იცოდა, რა ეთქვა:

– დამშვიდდით, ბავშვების გამო, მხოლოდ ბავშვების გამო. ისინი ყველაფერს გრძნობენ და შეიძლება, ისევ იტირონ. ნუ გეშინიათ, მე დაგეხმარებით ყველანაირად.

დიკამ უცებ თავი ასწია:

– თქვენ დამიმალეთ სიმართლე სამშობიაროში, იცოდით, რომ მაქსო იმ ქალთან იყო.

– არა, არ ვიცოდი, სად იყო, მაგრამ სამსახურშიც მოიტყუა, ნათესავი გარდამეცვალა რაიონში, გზაში ავარიაში მოვხვდი და საავადმყოფოში ვწევარო. მივხვდი, რომ ეს ტყუილი იყო, მაგრამ სად იყო და ვისთან, არ ვიცოდი, ახლა, ამ წერილის შემდეგ, გასაგები გახდა.

დიკა ისევ სლუკუნებდა: მადლობა, რომ სამშობიაროში სიმართლე არ მითხარით, არ ვიცი, როგორ გადავიხდი თქვენს ამაგს.

– არაფერია გადასახდელი. თან, შეხედეთ ამ ამბავს მეორე მხრიდან: ორი პატარა გყავთ, ესაა ნამდვილი ოჯახი. გაიზრდებიან და მხარში დაგიდგებიან, ეს მან უნდა იდარდოს, რომ ასეთი ბედნიერება დაკარგა. მე მახსოვს თქვენი კორპორაციული საღამოები. პატარები ცოტა მომაგრდნენ და მე დაგეხმარებით, რომ ისევ მოაწყოთ წვეულებები. ტკივილი გავა, არ დაგავიწყდება, მაგრამ გავა. დამიჯერეთ. მე ვიცი, რასაც ვამბობ. ამაზე უარესი ტკივილიც გადის, იმიტომ რომ ცხოვრებაა ასეთი: გითრევს თავის ორომტრიალში და გავიწყებს, გიყუჩებს. სამი წლის წინათ ჩემი ცოლი გარდაიცვალა. პატარა გოგონა მყავს. მისთვის ვცოცხლობ და ეს არაჩვეულებრივია. ყველაფერი დალაგდება და იმაზე უკეთესადაც კი, ვიდრე აქამდე იყო.

დიკამ გაუღიმა.

– ძალიან დიდი მადლობა, ბატონო სერგი. რა კარგია, რომ შემეშალა და თქვენ გამოგიგზავნეთ შეტყობინება, თორემ სულ უპატრონოდ დავრჩებოდით მე და ჩემი ბიჭები. თქვენი წასვლის დროა, ალბათ, მთელი დღეა, ჩემს პრობლემებს აგვარებთ. ბავშვი თქვენც გელოდებათ. მოდით ხოლმე ჩვენთან სტუმრად თქვენს გოგონასთან ერთად. ძალიან გამიხარდება.

სერგიმ თავი დაუქნია.

– აუცილებლად მოვალთ. ანგარიში გაქვთ? – ჰკითხა მოულოდნელად.

დიკამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

– ძალიან კარგი, პირადი ნომერი მიკარნახეთ. თანხას გადმოგირიცხავთ, პირველ ხანებში გეყოფათ.

– როგორ გეკადრებათ. ფულს არ ავიღებ, ისედაც იმდენი რამ გააკეთეთ ჩვენთვის, – დიკა ფეხზე წამოდგა, მაგრამ სერგიმ შვიდად უპასუხა:

– გასესხებთ და ჩამასესხეთ. უბრალოდ, გასესხებთ. – დიკა ამ პასუხმა დაამშვიდა.

– სესხება შეიძლება. აუცილებლად დაგიბრუნებთ. მოსწავლეებსაც ავიყვან და ყველაფერს დაგიბრუნებთ. მე არასდროს მინახავს თქვენნაირი ადამიანი. მხოლოდ მამაჩემს ვიცნობდი ასეთს, – დიკას ისევ მოერია ცრემლი, ოღონდ ამჯერად იმიტომ, რომ თავისი მშობლები მოენატრნენ...

სერგი ისევ უხერხულად იდგა და დიკა მალევე გამოერკვა.

– აღარ დაგაყოვნებთ. დიდი მადლობა და გელოდებით გოგნასთან ერთად.

სერგი დიასახლისს დაემშვიდობა და კარი გაიკეტა. დიკა ბავშვებთან შევიდა და გვერდით მიუწვა.

***

დიკა ისე გაერთო ბავშვების მოვლით და მათი გაცნობით, რომ დანარჩენი ყველანაირი ემოცია გაუქრა. თან, ჩვილებიც ხელს უწყობდნენ – არ ტიროდნენ, თავისთვის იწვნენ და ელოდებოდნენ დედას. დიკა მათ ესიყვარულებოდა და ფიქრობდა:

– აბსოლუტურად სწორად მითხრა იმ ადამიანმა, რატომ უნდა ვიდარდო მაქსოზე, როდესაც ღმერთმა ასეთი საჩუქრები გამომიგზავნა? ან რატომ დავიჯერე, რომ ჩემით არაფერი უნდა ვაკეთო და სხვის ხელებში შემყურე უნდა ვიყო?! არ უნდა დამენებებინა თავი არც წვეულებების მოწყობაზე და სინქრონული თარგმანის კურსებიც უნდა გამევლო, უფრო მეტი შემოსავალია. არა, რა, ჩემი ბრალია, მეგობრები როგორ ჩამოვიშორე ამ უვარგისი კაცის გამო?! – დიკა ახლანდელი მდგომარეობიდან ვერაფრით ხვდებოდა, რა აიძულებდა, დათანხმებოდა მაქსოს დირექტივებს და მწარდებოდა.

– რატომ წარმოვიდგინე, რომ სამყარო მაქსიმეს გარშემო ტრიალებდა?! – დიკამ თავისდა უნებურად გაიხსენა მაქსოს შეუმოკლებელი სახელი: უნდა დავივიწყო. ფულს ვიშოვი, პრობლემა არაა.

მთელი ღამე არ ეძინა, ფანჯარასთან იდგა და ცას უყურებდა. განსაკუთრებით ამშვიდებდა სხვა სახლების ფანჯრებიდან გამომავალი შუქი: რაღაცნაირ სიმშვიდეს გრძნობდა. თუმცა გულის სწყდებოდა, რომ არავინ მიულოცავდა, ასეთი არავინ ჰყავდა, მაგრამ იცოდა, რომ ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო: ყველასთან გაწყვიტა ურთიერთობა, ოღონდ კი მის ქმარს ეგრძნო თავი კომფორტულად.

მეორე დღეს, როდესაც ბავშვებმა დაიძინეს, დიკა სამზარეულოში ტრიალებდა: გამოასუფთავა მტვრისგან ყველაფერი და ათვალიერებდა, რა პროდუქტები ჰქონდა შესაძენი, რომ გამოეძახა, იმიტომ რომ ორი ჩვილით თავად ვერსად გავიდოდა. მოულოდნელად მისმა ტელეფონმა დარეკა და, როდესაც ეკრანს დახედა, შეხტა – მაქსო რეკავდა.

„ნუთუ ნანობს?! იქნებ შევრიგდეთ?“ – გაიფიქრა გულის ფანცქალით და სულ დაავიწყდა წუხანდელი ნაფიქრი, მაგრამ დიკა ამჯერადაც შეცდა.

მაქსიმე მთვრალი იყო და, ეტყობოდა, რომ მხიარულ კომპანიაში იმყოფებოდა – ქალის კისკისისა და მუსიკის ხმა ისმოდა. დიკა ძალიან გაბრაზდა და ხმის ტონი შეეცვალა:

– რატომ მირეკავ? ხომ წახვედი? რა გინდა ამჯერად? იცი მაინც, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში შენი დირექტორი მეხმარებოდა?! ნაძირალა ხარ. არ გრცხვენია? ბავშვებიც არ გაინტერესებს, არა?!

მაქსიმე მაშინვე გაბრაზდა, როგორც კი დირექტორის ამბავი გაიგო და ყვირილი დაიწყო:

– ძუკნა! თან, თავი რომ მსხვერპლად მოაქვს. ჩემს დირექტორს ეკეკლუცება და აქეთ მანამუსებს. დროზე წავედი შენგან. მალე შენს საყვარელსაც გაკოტრება ელის. მის ყველა ნოვატორულ გამოგონებას მის კონკურენტებს მივყიდი. მე ახლა მათზე ვმუშაობ და ორივენი მშრალზე დარჩებით. მათხოვრებო. ეგ ბინა ჩემია და ერთ თვეს გაძლევ, რომ შენი ნასახი არ იყოს მანდ და არც შენი ნაბიჭვრების, რომლებიც ვისგან გყავს, არავინ იცის.

დიკას ხმა ჩაუვარდა. თავი არც კი უმართლებია:

– როგორი ნაძირალა ხარ! აღარასდროს დამირეკო! – ტელეფონი გათიშა და ტირილი აუვარდა. გული ძალიან სტკიოდა. მისი ოჯახი ხუხულასავით ჩამოენგრა თავზე. მაქსიმე კი ისე სულმდაბლად მოიქცა, მსგავსი არსად რომ არც კი წაეკითხა, არათუ გაეგონა. იმდენი ვაჟკაცობაც არ ეყო, პირდაპირ ეთქვა, რომ სხვა შეუყვარდა. აქეთ დასდო ბრალი. აღშფოთებამ რომ გაუარა, გაახსენდა, რაც სამსახურის შესახებ უთხრა უკვე ყოფილმა ქმარმა და მაშინვე სერგის დაურეკა:

– ბატონო სერგი, გამარჯობა,. ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ? სასწრაფო საქმე მაქვს, – უთხრა აღელვებულმა.

– ბავშვები ხომ კარგად არიან? – დაიძაბა სერგიც.

– დიახ, დიახ და დიდი მადლობა, თქვენი თანხა უკვე ჩამერიცხა. ჩვენი მფარველი ანგელოზი ხართ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათ. მაქსომ, მაქსიმემ დამირეკა, ძალიან მთვრალი იყო და თქვა, რომ თქვენს ინოვაციურ გამოგონებებს კონკურენტებს მიჰყიდის, დიდი ხანია, მათზე ვმუშაობო. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა. თქვენ გეცოდინებათ. შეიძლება, მთვრალმა რაღაც წამოროშა, მაგრამ მაინც შეამოწმეთ და კიდევ, ბრძანა, რომ ერთ თვეში ბინა დავცალოთ. ჩემი მშობლების ბინაში გადავალ, ძალიან ძველი და სარემონტოა, მაგრამ ქუჩაში ყოფნას ჯობია, იქნებ ერთი-ორი თვით რამე ვიქირავო, რომ ის ბინა ცოტათი გავარემონტო, ბავშვებს ელემენტარული პირობები რომ ჰქონდეთ, – დიკა ვერ მოერია თავს და სერგის თავისი გასაჭირიც უამბო.

– შევამოწმებ თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ნუ ღელავთ. თქვენ კი ჩაიცვით და ბავშვებიც გაამზადეთ, მალე გამოგივლით.

დიკას გაუკვირდა, მაგრამ ისე მოიქცა, როგორც სერგიმ უთხრა, რომელიც საკმაოდ სწრაფად მოვიდა. მძღოლიც ამოიყვანა. ჩანთები გაატანა. შემდეგ ერთი ბავშვი აიყვანა და დიკას უთხრა:

– ჯობია, აქ აღარ დარჩეთ. შეიძლება, ნებისმიერ დროს მოვიდეს მაქსიმე და ქუჩაში გაგყაროთ. ჩემთან წაგიყვანთ. დიდი სახლი მაქვს და ყველას გვეყოფა. ჩემს გოგონას ველაპარაკე და ძალიან გაუხარდა. მე ხშირად არ ვარ სახლში და ძალიან გახალისდება ბავშვებთან, ძიძასთან და ბებიამისთან ძალიან მოწყენილია.

დიკამ უფრო მოიწყინა: მასზე ასე ზრუნავს უცხო ადამიანი, მაშინ, როდესაც იმ ადამიანმა, რომელიც მთელი სულითა და გულით უყვარდა, უბრალოდ, კინწისკვრით მოისროლა ბავშვებიანად.

– ბატონო სერგი, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ თქვენთან ვერ წამოვალთ. ორი ჩვილია, იტირებენ და ხელს შეგიშლიან.

სერგიმ გაუღიმა:

– ნუ მეძახი ამ ბატონს, არც ისე ბებერი ვარ, – დიკასაც გაეცინა.

– მაგიტომ არა...

– ჰოდა, თუ მაგიტომ არა, სერგი დამიძახე და ამ თქვენობასაც გავეშვათ. მოკლედ, მივდივართ. ჩემი გოგონა გველოდება. არავის შეუშლი ხელს. ჯობია, არც შენ დარჩე მარტო.

დიკა წამოდგა და მეორე ბავშვი აიყვანა ხელში. ისე გავიდა ბინიდან, სადაც ეგონა, რომ თავის უბედნიერეს წლებს ატარებდა, გულიც კი არ დასწყვეტია. პირიქით, უნდოდა, რომ ამ ბინის არსებობაც დაევიწყებინა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა