რომანი და დეტექტივი

ბედნიერების მომტანი შეცდომა

№34

ავტორი: ნია დვალი 20:00 30.08

ბედნიერების მომტანი
შეცდომა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #33 (1233)

– მთელი ღამე არ დამაძინე. ჯერ წრიალებდი, მერე სამზარეულოში თეფშებს არახუნებდი. ჩუმად არ შეგეძლო, მჯდარიყავი?! ეს შენ უნდა იკოტრიალო მთელი დღე სახლში, მე კი უნდა ვიმუშაო.

– ეს დილა მშვიდობისა და მადლობა საუზმისთვის ნაცვლად? – ვერ მოითმინა დიკამ, – ვეცადე, რომ სიურპრიზი მომეწყო შენთვის. ან სად ვიმუშაო ამხელა მუცლით?! მე მინდოდა მუშაობა და კიდეც ვმუშაობდი, მაგრამ შენ ყველაფერი გააკეთე, რომ ჩემი ფული არ მქონოდა და ახლა მამადლი, რომ მარტო შენ მუშაობ. ახლა რომ ასე მექცევი, მერე რაღას იზამ, ბავშვები რომ დაიბადებიან და ღამით იტირებენ?! ხარჯიც მეტი იქნება. ხომ გინდოდა, რომ მემკვიდრე გყოლოდა?! ორი გეყოლება და შენ კიდევ გაუთავებლად მეჩხუბები, – დიკას მტკიცე ხმა ჰქონდა, ქმრის უმადურობამ თითქოს ძალა შეჰმატა.

– დიდი მადლობა საუზმისთვის, – ჩაილაპარაკა მაქსომ, – დღეს გვიან დავბრუნდები, არ დამელოდო.

მაქსომ კარი გაიჯახუნა და ისე მოირგო თეთრი, გაქათქათებული პერანგი და ჩაიცვა გაპრიალებული ფეხსაცმელები, რომ ცოლისთვის მადლობაც კი არ უთქვამს. დიკა მაგიდას ალაგებდა. ცდილობდა, გაეგო, სად გაქრა მათი ურთიერთობიდან ის სითბო, რაც ასე უხვად იყო დასაწყისში?

***

მაქსო სამსახურში მივიდა თუ არა, კაბინეტში განმარტოვდა და ტელეფონი ამოიღო. ნომერს რომ ეძებდა, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა:

– დილა მშვიდობის, ფისუნია, როგორ გეძინა? მოგენატრე? რა თქმა უნდა, სამსახურიდან პირდაპირ შენთან მოვალ. ძალიან მომენატრე. გკოცნი, – მაქსომ ბოლო სიტყვის თქმა ვერც მოასწრო, რომ მის კაბინეტში დირექტორი შევიდა. ამიტომ ღიმილი უცებ ჩამოირეცხა სახიდან და ტელეფონი მკვეთრი მოძრაობით გათიშა. საქმიანი პოზა და გამომეტყველება მიიღო.

– ახლახან მოვიდა სახლიდან და უკვე მოენატრა, რა კარგია, – გაიფიქრა სერგიმ და მაქსოს გაუღიმა. ის ვერ მიხვდა დირექტორის ღიმილის მიზეზს, მაგრამ მაინც უხერხულად გაიღიმა საპასუხოდ.

დღის ბოლოს, სამსახურიდან რომ გადიოდა, სერგი კიბეზე მაქსოსა და მათ სტაჟიორ ლიას შეეჩეხა. ერთად ჩადიოდნენ კიბეებზე და იცინოდნენ.

„ეს აშკარად მისი ცოლი არაა. – გაიფიქრა თავისთვის სერგიმ, – მისმა ცოლმა ორჯერ მოგვიწყო კორპორატიული. ეს აშკარად სხვაა. მისი ცოლი მაღალი, თხელი, წაბლისფერთმიანი გოგოა. ესე იგი, ცოლს ღალატობს? რა ჩემი საქმეა. იქნებ მანამდეც იცნობდა?“

თუმცა მართლაც არ იყო დირექტორის საქმე თანამშრომელთა პირადი ცხოვრება, ამ ინციდენტის შემდეგ, რატომღაც, უფრო აკვირდებოდა მაქსოს ქცევას და მალევე მიხვდა, რომ, როდესაც მაქსოს ცოლი ურეკავდა, მას უხეშად ელაპარაკებოდა და მალევე უმთავრებდა საუბარს, ხანდახან კი სახეგაბადრული ელაპარაკებოდა ვიღაცას შენობის ხან ერთ, ხან მეორე კუთხეში მიყუჟული.

ლია საკმაოდ ვულგარულად იცვამდა და დირექტორმა რამდენჯერმე ადრეც მისცა შენიშვნა, მაგრამ ფაქტია, რომ მაქსოს ლიას ჩაცმულობა, უფრო გახდილობა ძალიან მოსწონდა. სერგის არ სიამოვნებდა სამსახურში თანამშრომლებს შორის ამ ტიპის ურთიერთობა, მაგრამ, რადგან დანამდვილებით არაფერი იცოდა, ჯერჯერობით თავს იკავებდა ჩარევისგან. თან, ორივენი ზრდასრულები იყვნენ და არცა საკუთარ თავს მიიჩნევდა ზნეობის ეტალონად, თუმცა, სერგის ასეთ რეაქცის თავისი მიზეზი ჰქონდა.

***

თავად სერგი ქვრივი იყო. ცოლი სამი წლის წინ გარდაეცვალა და მას შემდეგ არათუ არც უფიქრია სხვა ცოლის მოყვანა, არამედ ერთგვარ განდეგილ ცხოვრებასაც ეწეოდა, თუმცა ამას ვერავინ ხვდებოდა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ დირექტორს ჰყავდა საყვარელი, რომელსაც ისე გულმოდგინედ მალავდა, რომ ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა. რატომ ფიქრობდნენ ასე? იმიტომ რომ შეუძლებელი იყო, სიმპათიური, შეძლებული, ახალგაზრდა მამაკაცი მარტო ყოფილიყო. მართალია, 5 წლის ქალიშვილი ჰყავდა, მაგრამ მას სერგის დედა და ძიძა უვლიდნენ და მამაც ცდილობდა, მონაწილეობა მიეღო შვილის აღზრდაში. ცოლის გარდაცვალების შემდეგ სერგიმ არ ისურვა მშობლებთან გადასვლა: ამიტომ დედამისი ყოველდღე მიდიოდა მასთან და ძიძასთან ერთად ბავშვთან რჩებოდა.

სერგის ცოლი მისი ნამდვილი მონათესავე სული იყო, ადამიანი, ვის გვერდითაც თავს აბსოლუტურად მშვიდად გრძნობდა და საკუთარ ძალებში არწმუნებდა. ის მას მთელ სამყაროს უცვლიდა და ხშირად უფიქრია, რით დაიმსახურა ასეთი ბედნიერება.

არ იფიქროთ, რომ სერგი ყოველთვის განდეგილი იყო. პირიქით, სტდენტობისას საკმაოდ თავქარიან და ხანდახან აღვირასხნილ ცხოვრებასაც კი ეწეოდა, თუმცა ყოველთვის კარგად სწავლობდა და ბევრს კითხულობდა, გოგონებთან ურთიერთობისას წრეგადასულად ფუქსავატურად იქცეოდა. მოახერხა და მამამისს ბინა აყიდინა, რომ სტუდენტობის პერიოდში მარტო ეცხოვრა, ხოლო, რადგან შვილი მაინც ცალკე გადავიდოდა საცხოვრებლად, იმიტომ რომ ბიზნესის წარმოების თანდაყოლილი ალღო ჰქონდა, რისი წყალობითაც, სკოლის ასაკშივე გაიჩინა თავისი შემოსავალი: ინტერნეტმაღაზია გახსნა თანატოლებისთვის და საკმაოდ კარგადაც მისდიოდა საქმე, მამამისი, ვანო, მიხვდა, რომ, თუ ჯერ ვერ იყიდიდა, აუცილებლად იქირავებდა ბინას, მშობლებისადმი კი წყენა გაუჩნდებოდა, რომ არ წაახალისეს. ამიტომ, ვანომ, როგორც ჭკვიანმა კაცმა, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და შვილს ბინა უყიდა. დაასწრო, სანამ შვილი თავად ეტყოდა პირდაპირ, რამდენიმე ირიბი მინიშნების შემდეგ და საზეიმოდ გადასცა გასაღები. ვანომ იცოდა, რომ მადლიერება გაცილებით ეფექტიანი იარაღია, ვიდრე დაძალება და, მართლაც, თუმცა სერგი ისევ განაგრძობდა ფუქსავატურ ცხოვრებას, სახლი ყოველთვის მოწესრიგებული ჰქონდა, არც ღრეობებს აწყობდა და არც მეზობლებს აწუხებდა. მამამისისთვის კი ესეც საკმარისი იყო.

ყველაფერი კი მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ლიზი გაიცნო. უფრო ზუსტად, დაინახა. სერგის უცნაური შეგრძნება დაეუფლა, თითქოს დიდი ხნის ახლობელს შეხვდა, ვისაც ყოველთვის იცნობდა. იმდენად კარგად, რომ მის შესახებ ყველაფერი იცოდა: რა მოსწონდა, რა არ მოსწონდა, რა უყვარდა, რა არ უყვარდა, როგორი ხასიათი ჰქონდა, მეტიც, როგორი სურნელი ასდიოდა. თავდაპირველად, იფიქრა, ხომ არ გავგიჟდიო, ამიტომ გოგონას იმ მანძილზე მიუახლოვდა, რომ მისი სურნელი შეეგრძნო და არც კი გაოცდა, როდესაც ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმოედგინა, უფრო ზუსტად, წინასწარ იცოდა. ლიზიმაც ისე შინაურულად, თბილად გაუღიმა, რომ სერგის ყოველგვარი ეჭვი გაუქრა. დარწმუნებული იყო, რომ ამ ქალს ყოველთვის იცნობდა და მანამდეც კი, სანამ დაიბადებოდა. სერგის ცხოვრება სრულად შეიცვალა, შემდეგ ლიზიკო ეყოლათ – სერგიმ დედამისის სახელი დაარქვა, დაიჟინა, თუმცა ლიზას არ უნდოდა, მაგრამ გოგონა, მართლაც, საოცრად ჰგავდა დედას, მისი ზუსტი ასლი იყო და შემდეგ მოხდა ის, რისი გამოსწორებაც არავის შეეძლო.

ლიზა სერგის თვალწინ დნებოდა და ქრებოდა და მის ხელებშივე დალია სული. ამიტომ ახლა სერგის სამყაროში ქალიშვილის გარდა არავისთვის იყო ადგილი. შეიძლება, ამიტომაც შენიშნა მაქსოს საქციელი, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ჩაერეოდა.

სერგიმ ერთხანს ისიც კი იფიქრა, რომ მაქსოს ცოლისთვის დაერეკა. ეს აზრი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შემთხვევით მოჰკრა ყური მაქსოს ჯიჯღინს, რომელიც სავარაუდოდ, ცოლს ეჩხუბებოდა იმის გამო, რომ ორთოპედიული ბალიშის ყიდვა სთხოვა.

– როგორ შეუძლია, ფეხმძიმე ქალს ასე ელაპარაკოს? – გაიფიქრა თავისთვის, მაგრამ შეეცადა, არაფერი შეემჩნია და ზუსტად იმ დროს თვალწინ დაუდგა მაქსოს ცოლი. აღარც ახსოვდა, როგორი იყო, იმიტომ რომ სერგი ქალებს არც აკვირდებოდა და ვერც ამჩნევდა. ამიტომ თავადაც გაუკვირდა, რომ თვალწინ დაუდგა დიკა, რომელიც იმ საღამოს ქარიშხალივით დაჰქროდა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებიც დაუტოვა მის თანამშრომლებს.

– ცოლი აშკარად ჯობია ამ ჭინკასავით გოგოს, რა დაემართა ამ მაქსოსაც? მაგრამ არ არის ეს ჩემი საქმე, – გადაწყვიტა სერგიმ და მას შემდეგ არც მაქსო, არც მისი ცოლი და არც საყვარელი აღარ გახსენებია.

***

დიკა ისევ მარტო იყო სახლში და ცდილობდა, ერთ ადგილას არ მჯდარიყო, ემოძრავა, ტყუპები უკვე ძალიან აწუხებდნენ, ადგილს ვერ პოულობდა, მთელი სხეული სტკიოდა, ფეხებიც დაუსივდა, არადა მშობიარობამდე ჯერ კიდევ სამი კვირა ჰქონდა დარჩენილი.

– ნეტავ დავიძინო და სამ კვირაში გავიღვიძო, – ნატრობდა დიკა და ოთახიდან ოთახში დაგორავდა.

ამდენ სიარულში შეამჩნია, რომ სამზარეულოს ფანჯრები გვარიანად დაბინდულიყო, იფიქრა, გავწმენდო, მაგრამ სკამზე დადგომა მაშინვე გადაიფიქრა.

– სადამდეც მივწვდები, – უთხრა თავის თავს ხმამაღლა. მოიმარჯვა ტილო, შუშის საწმენდი და ფანჯრის გაპრიალებას შეუდგა. თვითონაც ვერ მიხვდა, როგორ აიწია ფეხის წვერებზე და ასრიალდა. მძიმედ დაეცა და მყისიერად იგრძნო ძლიერი ტკივილი მუცლის ქვემოთ. იმდენად ძლიერი, რომ ცრემლები წამოსცვივდა. ვერ ინძრეოდა, ჩუმად ტიროდა და იგრძნო, რომ დასველდა.

მიხვდა, რომ მშობიარობა დაეწყო. შეეშინდა. ჯიბეში ტელეფონი მოიჩხრიკა და მაქსოს დაურეკა, მაგრამ ქმარი არ პასუხობდა. რამდენჯერმე დარეკა სასოწაკვეთილმა. შემდეგ შეეცადა, შეტყობინება გაეგზავნა, მაგრამ თვალები აუჭრელდა. ტელეფონი ცოტა ხნით დადო. ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა, დამშვიდებულიყო. თან, იატაკზე უკვე ერთიანად სველი იწვა. ძალ-ღონე მოიკრიბა, ტელეფონი ისევ აიღო, სადაზღვევოს ნომრის ძებნა დაიწყო. როგორც იქნა, მიაგნო და დარეკა. თან გაიფიქრა:

„რა კარგია, რომ ეს დღეებია, კარს არ ვკეტავ“.

და მართლაც, ეს კარგი ამბავი იყო, ვინაიდან დიკა კარამდე ვერაფრით მივიდოდა ამ მდგომარეობაში.

ისევ აიღო ტელეფონი და მაქსოს ნომრის ძებნა დაიწყო. როგორც იქნა, იპოვა, ისიც არ გახსენებია, დარეკილებში შესულიყო, იმდენად სტკიოდა მუცელი და შეტყობინება გაუგზავნა:

„გთხოვ, მოდი სამშობიაროში, სადაც თქვენი დაზღვევაა. ძალიან ცუდად ვარ, დავეცი.“

დიკა ხვდებოდა, რომ გონებას კარგავდა და უკვე ბუნდიონად ხედავდა თეთრხალათიან ადამიანებს, რომლებიც მის გარშემო ირეოდნენ.

***

სერგის ტელეფონმა დაიწკრიალა და მესიჯი გაიხსნა: „გთხოვ, მოდი სამშობიაროში, სადაც თქვენი დაზღვევაა. ძალიან ცუდად ვარ. დავეცი.“ ჯერ გაუკვირდა, იმიტომ რომ ვერაფერს მიხვდა. მერე მდივანთან მაქსო მოიკითხა:

– შესვენების შემდეგ წასვლა ითხოვა, გადაუდებელი საქმე მაქვსო, – მოახსენა მდივანმა რამდენიმე წუთში.

– დაურეკე, რომ დამიკავშირდეს, – დავალება მისცა დირექტორმა მდივანს.

– გამორთული აქვს ტელეფონი, – ისევ მოახსენა მდივანმა.

„ეტყობა, ცოლიც ურეკავდა და გამორთული ჰქონდა, მაგრამ ჩემთან რატომ გამოგზავნა შეტყობინება?! მე რა შუაში ვარ“, – მსჯელობდა სერგი.

სინამდვილეში მაქსომ მას შემდეგ გამორთო ტელეფონი, რაც დიკამ რამდენჯერმე დაურეკა და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ცოლს არ შეეწუხებინა.

– თვითონ მოაგვარებენ თავიანთი ოჯახის საქმეს, – გადაწყვიტა სერგიმ და მუშაობა განაგრძო, მაგრამ სინდისი მაინც ქენჯნიდა:

– იქნებ რამე სჭირდება და მარტოა? რომ არ უჭირდეს, მე ხომ არ მომწერდა? ჯობია, წავიდე, თუ მაქსო იქ დამხვდება, წამოვალ. არაფერი დაშავდება, თუ ადამიანს დავეხმარები, – საბოლოოდ გადაწყვიტა სერგიმ და კაბინეტიდან გავიდა.

სამშობიაროს მისაღებში გაახსენდა, რომ დიკას გვარი არ იცოდა და დაიბნა, მაგრამ მექანიკურად მაქსოს გვარი თქვა. ახალგაზრდა გოგონამ მესამე სართულისკენ მიუთითა. სერგი ლიფტთან დადგა და აქეთ–იქით იყურებოდა მაქსოს დანახვის იმედით, მაგრამ მაქსო არსად ჩანდა.

– დავიჯერო, სულ მარტოა? არავინ ჰყავს? – სერგის ძალიან უკვირდა, რაც ხდებოდა. მესამე სართულზე რომ ავიდა, მიხვდა, ზარი უნდა დაერეკა. მართლაც, თეთრხალათიანი ქალი გამოვიდა. სერგიმ დიკას ამბავი მოიკითხა:

– გილოცავთ, ტყუპები შეგეძინათ, ორივე ბიჭია, ერთი 2 კილო და 800 წონით, მეორე ორ–ნახევარი კილოა, ვადაზე ადრე დაიბადნენ, ამიტომ ცოტა ხანს უნდა დავტოვოთ, ისევე, როგორც დედამისი. თქვენ არ ინერვიულოთ, თავს კარგად გრძნობენ, – ღიმილით უთხრა ფაშფაშა ქალმა.

სერგი დაიბნა, ეუხერხულა მილოცვის მიღება და მაინც იმაზე ფიქრობდა, რატომ გაუგზავნა დიკამ შეტყობინება, ამიტომ ქალს სთხოვა:

– ცოტა ხნით შემომიშვებთ? რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ვუთხრა.

– ვერა, ჯერ კიდევ სამშობიარო ბლოკშია, დასვენება სჭირდება. ხვალ მოდით, დილით და შეგიშვებთ.

– ტელეფონი თან აქვს? – იკითხა სერგიმ.

– არა, ტელეფონი არ აქვს, – გაეღიმა ქალს.

– წერილს მაინც გადასცემთ, რომ დავწერო? – სთხოვა სერგიმ.

– წერილს გადავცემთ, – ისევ გაუღიმა ქალმა.

სერგიმ ნაჩქარევად დაწერა ფურცელზე: „დიკა, როგორ ხართ? რატომ მომწერეთ, მოდიო? რამე გიჭირთ, დახმარება გჭირდებათ?“

ექთანმა წერილი წაიღო და კარი ჩაკეტა. სერგი კართან დადგა და ელოდებოდა. მცირე ხნის შემდეგ საპასუხო ბარათიც მოუტანეს:

– „დიდი ბოდიში, ბატონო სერგი, გაუგებრობა მოხდა. პანიკაში ჩავვარდი და ამერია ტელეფონის ნომრები. ძალიან გთხოვთ, მაქსოს უთხარით, რომ სასწრაფოდ მოვიდეს და ძალიან დიდი ბოდიში, რომ შეგაწუხეთ.“

სერგი სამშობიაროდან წავიდა. გზიდან მაქსოს ურეკავდა, მაგრამ შედეგოდ: ტელეფონი გამორთული იყო. სამსახურში რომ მივიდა, ლიაც მოიკითხა. არც ის იყო ადგილზე.

– ალბათ, ერთად არიან, – გაიფიქრა.

მაქსო არც მეორე დღეს გამოჩენილა სამსახურში. სერგიმ მაშინვე მოიკითხა, როგორც კი სამსახურში მივიდა. მდივანმა კი აცნობა:

– გვიმრაძემ დარეკა, ნათესავი გარდამეცვალა, რაიონში წავედი, არავინ ჰყავს ჩემ გარდა, მაგრამ ავარიაში მოვყევი, ფეხი დამიზიანდა, არაფერი სერიოზული, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში არ ვიქნები, საავადმყოფოში ვწევარო.

სერგის არაფერი უთქვამს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ თანამშრომელი იტყუებოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა