ბედისწერამ დატოვა სცენა
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 26.11, 2023 წელი

- ფრიდრიხ დიურენმატი
საავადმყოფოში მიყვანა მოასწრეს, შემდეგ გული გაუსკდა და გათავდა კიდევაც. ეს, როგორც უკვე ითქვა, უმნიშვნელოა, მაგრამ რაც მთავარია, ყველაფერი ზუსტია, რაც აქ მისმა ჩინებულმა, გულითადმა მეგობარმა პროკურორმა წარმოთქვა. მან ქალბატონ გიგაქსთან მართლაც გამონახა საერთო ენა, რათა ბებერი გაიძვერა მიწასთან გაესწორებინა. დიახ, მას ახლა ნათლად ახსენდება ყველაფერი, როგორ იწვა იგი გიგაქსის საწოლში, გიგაქსის მეუღლის გვერდით, როგორ მიშტერებოდა იგი გიგაქსის ფოტოსურათს, მის უსიამოვნო მსუქან სახეს, რქის სათვალიდან გადმოკარკლული თვალებით რომ იცქირებოდა, როგორ მოუვიდა აზრად და ამავე დროს ველური სიხარული დაეუფლა, როცა მიხვდა, რომ რასაც იგი ახლა ასე ბეჯითად სჩადიოდა, ნამდვილად ეს მოკლავდა თავის შეფს, გულგრილად მოუღებდა მას ბოლოს.
საზოგადოება უკვე რბილ სავარძლებში მოკალათებულიყო. როდესაც ტრაპსი ახსნა-განმარტებას იძლეოდა, პატარა ფინჯნით ცხელი ყავა აიღო, პატარა კოვზით მოურია, თან დიდი, მუცლიანი ჭიქით 1893 წლის „როფინაკის“ კონიაკი დალია.
– ამგვარად, შემიძლია განაჩენი გამოვიტანო, – განაცხადა პროკურორმა, – რომელიც საოცრად დიდ სავარძელში გვერდულად იჯდა, – ჩვენმა მეგობარმა გიგაქსის სიკვდილს შემთხვევით კი არ მიაღწია, არამედ მოქმედებდა ბოროტი განზრახვით, რაზედაც უკვე ფაქტები მიგვითითებენ, რომ მან, ერთი მხრივ, პროვოკაციული სკანდალი მოაწყო, მეორეს მხრივ, ობერგანგსტერის სიკვდილის შემდეგ აღარ სტუმრებია მადისმომგვრელ ქალბატონს. აქედან ეჭვმიუტანლად გამომდინარეობს, რომ ქალბატონი გიგაქსი მხოლოდ იარაღი იყო სისხლიანი გეგმების განსახორციელებლად, ასე ვთქვათ, სასურველი სასიკვდილო იარაღი, ასე რომ, ჩვენს წინაა მკვლელობა, რომელიც ჩადენილი იქნა ფსიქოლოგიური ხერხით. რაც ჩვენმა ძვირფასმა ბრალდებულმა თავისი პირით, მეგობრულად, ყველაფერი აღიარა. მოსამართლეებს ალფრედო ტრაპსისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ვთხოვ. ეს იქნება ჯილდო დანაშაულისთვის, რომელიც იმსახურებს აღფრთოვანებას, განცვიფრებასა და პატივისცემას. უფლება მაქვს, ვთქვა, დაასრულა პროკურორმა, რომ შეიძლება, ეს მკვლელობა საუკუნის დიდად განსაცვიფრებელ მკვლელობად ჩავთვალო.
მოხუცები იცინოდნენ, ტაშს უკრავდნენ. ამ დროს სიმონემ ტორტი შემოიტანა და იმას დააცხრნენ. ტრაპსი თავს დამშვიდებულად გრძნობდა, პილეს გვერდით პლუშგადაკრულ რბილ სავარძელში ჩამჯდარიყო, სიამოვნების მომგვრელია ისეთ საზოგადოემაში ყოფნა, სადაც შენი ესმით, შენი თავი შენ გეკუთვნის, არანაირი საიდუმლოება აღარ გვაქვს, რადგან იგი უკვე აღარაა საჭირო. რა სჯობია, როცა ღირსეულად გაფასებენ და საყვარელი და მიღებული ადამიანი ხარ. ხოლო იმის შეგრძნება, რომ მკვლელობა ჩაიდინა, რაშიც იგი მოხუცმა ბატონებმა უფრო და უფრო დაარწმუნეს, სიმშვიდეს გვრიდა. მის ცხოვრებას ასხვაფერებდა... მან ჩაიფიქრა მკვლელობა და აღასრულა კიდეც, ახლა მას ასე ესახებოდა ეს ამბავი, რათა წინ წაწეულიყო და არა იმიტომ რომ, თითქოს, მხოლოდ თანამდებობა უნდოდა, ანდა გამდიდრების წყურვილი კლავდა, არამედ იმიტომ რომ, ეს მათ სწორად შენიშნეს, უფრო მნიშვნელოვანი, უფრო სოლიდური ადამიანი გამხდარიყო.
იმ დროს, როდესაც იგი ოქროსფერ-მოყავისფრო კონიაკს წრუპავდა, გაიგონა, რომ მსუქანი ვექილი გულმოდგინედ ცდილობდა მისი საქციელი რაღაც ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობად ექცია. თავდაპირველად ღრმად გაუკვირდა, შემდეგ და შემდეგ სიბრაზემ შეიპყრო.
– მოვისმინე პროკურორის გამჭრიახი მოხსენება, – თქვა ბატონმა კუმერმა, თან ჩაწითლებული სახის ხორცის გუნდებიდან პენსნე მოიხსნა, – რასაკვირველია, მოხუცი განგსტერი გიგაქსი მკვდარია. ჩემი კლიენტი გიგაქსთან მძიმე სატანჯველში იყო ჩავარდნილი. ტრაპსში გაიღვიძა ნამდვილმა გულფიცხობამ გიგაქსის წინააღმდეგ. ტრაპსი ცდილობდა მის დამხობას. ვის შეუძლია, სადავო გახადოს ეს, ვის არ მოსვლია ასე, ოღონდ ფანტასტიკური იქნება, რომ ეს სიკვდილი, სიკვდილი გულით ავადმყოფი საქმოსანი კაცისა, მკვლელობად წარმოვიდგინოთ.
– მაგრამ მე ხომ მოვკალი? – გააპროტესტა ტრაპსმა, – მე ხომ დამნაშავე ვარ?
ვექილმა ხელის აქნევით გააპროტესტა და განაგრძო:
– ტრაპსი დამნაშავე არაა, იგი ეპოქის, დასავლეთის ცივილიზაციის მსხვერპლია, ცივილიზაციისა, ქრისტიანობისა, რომელიც საუბედუროდ, თანდათან კარგავს რწმენას, სულ უფრო და უფრო ბურუსით მოცული ხდება. შედეგად მივიღეთ დომხალი, გაველურება, მუშტის კანონი და ნამდვილი ზნეობის უქონლობა. რა მოხდა ახლა? ეს უბრალო, სრულიად მოუმზადებელი ადამიანი, ხელში ჩაუვარდა დახვეწილ პროკურორს. ტრაპსის მბრძანებლური ინსტინქტი, მისი პირადი ცხოვრება, მისი ყოფიერება ყოველგვარი თავგადასავლებით, ყოფიერება, რომელიც საქმიანი მოგზაურობებით, საარსებო პურისათვის ბრძოლითა და ცოტად თუ ბევრად, უწყინარი გართობებისგან შედგებოდა, ახლა თვალწინ გადაგვეშალა, ძირფესვიანად გაირკვა, გაიხსნა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ფაქტები ერთმანეთთან დაკავშირებულნი აღმოჩნდნენ, ლოგიკური გეგმა ყველაფერში უჩუმრად შემოიპარა. ისე, რომ საბოლოოდ საიდანღაც იმგვარად გამოტყვრა მკვლელი, როგორც ჯადოქრის ცილინდრიდან ბაჭია გამოხტება ხოლმე. თუკი, გიგაქსის შემთხვევას საღი ობიექტურობით განვიხილავთ, ისე, რომ არ მოვექცევით პროკურორის მისტიფიკაციის გავლენის ქვეშ. მაშინ მივალთ დასკვნამდე, რომ მოხუცი განგსტერი სიკვდილს მნიშვნელოვანწილად საკუთარ თავს, თავის მოუწესრიგებელ ცხოვრებას უნდა უმადლოდეს. საკმაოდაა ცნობილი, რას ნიშნავს ასეთი ავადმყოფობა. მუდმივი მღელვარება, ხმაური, მოშლილი ცოლქმრული ურთიერთობა და ნერვები... ასე რომ, ჩვენ უეჭველად საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ უბედურ შემთხვევასთან. რასაკვირველია, ჩემი კლიენტი მოქმედებდა უბოდიშოდ, რადგანაც იგიც საქმიანი ცხოვრების კანონებს ექვემდებარება. ამას იგი ყოველ წუთს თვითონვე უსვამდა ხაზს, ცხადია, მას ბევრჯერ მოუვიდოდა აზრად შეფის მოკვლა. რას არ გაიფიქრებს ადამიანი, აზრით რას არ ჩაიდენს, მაგრამ მხოლოდ აზრით, საქმე, რომელიც უნდა მოჰყოლოდა ამ აზრებს, არც ჩადენილა და არც შეიძლება, დადგინდეს. აბსურდია ის, რომ ჩემი კლიენტი წარმოადგინეს ისე, თითქოს, მკვლელობა ჩაედინოს. მან მანქანის ავარიასთან ერთად განიცადა მეორე, სულიერი ავარია, და ამიტომაც მოვითხოვ, ალფრედო ტრაპსს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანოთ!
სულ უფრო და უფრო აბრაზებდა მთავარ წარმომადგენელს ეს კეთილმოსურნე ბურუსი, რომელშიც ეს დანაშაული მახინჯდებოდა, მქრქალდებოდა, გაურკვეველი, ჩრდილოვანი ხდებოდა. ტრაპსი ფიქრობდა, კარგად ვერ შემაფასეს და ვერ გამიგესო, და ამიტომაც, როგორც კი ვექილმა ლაპარაკი დაამთავრა, ისურვა, კვლავ სიტყვით გამოსულიყო. გაბრაზებული წამოდგა, მარჯვენა ხელში თეფში ეჭირა, რომელზეც ახალი ტორტის ნაჭერი იდო, მარცხენაში კი – ჭიქა „როფინაკის“ კონიაკით.
– მე მსურს, ვიდრე განაჩენს გამომიტანთ, მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილად დავამოწმო, რომ მე ვეთანხმები პროკურორის მოხსენებას, – ამ დროს მას თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა, – ეს იყო მკვლელობა, შეგნებული მკვლელობა და ახლა ჩემთვის ნათელია. ვექილის სიტყვამ კი, პირიქით, გული გამიტეხა, აღმაშფოთა კიდევაც, ამიტომაც მოვითხოვ, გამომიტანოთ განაჩენი, უფრო მეტიც, მოვითხოვ, დამსაჯონ არა მლიქვნელურად, არამედ აღფრთოვანებულად, რადგან პირველად ამ ღამით ამეხილა თვალით, რას ნიშნავს იცხოვრო ნამდვილი ცხოვრებით.
ამგვარად, მივიდნენ განაჩენამდე, რომელიც ტანმორჩილმა, ძლიერ მთვრალმა მოსამართლემ სიცილში, შეძახილებში, ზეიმსა და, ასე განსაჯეთ, სიმღერაშიც კი წარმოთქვა. მოსამართლე გაჭირვებით იმიტომ კი არ ლაპარაკობდა, რომ იგი როიალზე იყო ამძვრალი, არამედ იმიტომაც, რომ თვითონ სიტყვა უქმნიდა მას შეუპოვარ სიძნელეებს.
მოსამართლე სვამდა კითხვას, ვინ იყო მართალი, პროკურორი თუ ვექილი? მართლა ჩაიდინა თუ არა ტრაპსმა განსაკუთრებული ეპოქალური დანაშაული, თუ უდანაშაულო იყო? არცერთ ამ თვალსაზრისს მაინცდამაინც არ უჭერდა იგი მხარს. როგორც ვექილი ფიქრობს, პროკურორის დაკითხვა ნამდვილად რომ ტრაპსის ძალას აღემატებოდა და ამის საფუძველზე, ტრაპსი ბევრ რამეში უნებლიედ გამოტყდა, რაც იმ ფორმით არ შეიძლებოდა მომხდარიყო. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ტრაპსმა მაინც ჩაიდინა მკვლელობა, მართალია, არა ვერაგული განზრახვით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ იგი, ასეთი მოუფიქრებელი გახადა იმ ქვეყანამ, რომელშიც ცხოვრობს. მან მოკლა, რადგან მისთვის სრულიად ბუნებრივია ვინმე კედელთან მიჭყლიტოს, უბოდიშოდ წავიდეს წინ, გააკეთოს ის, რაც მოესურვება. ეს შეიძლება, მოხდეს მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელშიც იგი თავის „სტუდაბიკერით“ მიმოქრის.
დანარჩენები მოსამართლის გაუთავებელ ჭიკჭიკზე გაჰყვიროდნენ:
– განაჩენი, განაჩენი!..
ამ ოთხი ადამიანის სახიდან არეკლილი სამართალი არის გროტესკული, უცნაური, პენსიაში გასული სამართალი, მაგრამ მაინც სამართალი. და ამ სამართლის სახელითაც ის ახლა საუკეთესო ძვირფას ალფრედოს სიკვდილს უსჯის...
ტრაპსი აღელვებისგან სლუკუნებდა:
– გმადლობთ, ძვირფასო მოსამართლევ, გმადლობთ!
– თუმცა განაჩენი იურიდიულად დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ბრალდებულმა თვითონვე აღიარა თავისი დანაშაული, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მთავარი და მნიშვნელოვანი სწორედ ესაა, – განაგრძობდა მოსამართლე, რომ გამოიტანა ისეთი განაჩენი, რომელიც ბრალდებულმა მთლიანად მიიღო. ადამიანური ღირსება მოწყალებას არ თხოულობს, და დაე, ჩვენმა პატივცემულმა სტუმარმა ისევე მხიარულად მიიღოს სიკვდილით დასჯის განაჩენი, რომელიც, როგორც მოსამართლე იმედოვნებს, ნაკლებ სასიამოვნო ვითარებაში როდი იქნება მიღწეული, ვიდრე თვით ტრაპსის მიერ ჩადენილი მკვლელობა. დიახ, შეიძლება, მშვიდად წარმოვთქვათ: მხოლოდ განაჩენის გამოცხადების აქტი, როდესაც ბრალდებული უკვე მსჯავრდადებული ხდება, სამართლიანობის რაინდულობის ნიშნითაა აღბეჭდილი. შეუძლებელია არსებობდეს მასზე მაღალი, კეთილშობილი, დიადი, ვიდრე ის, როცა ადამიანს სიკვდილს უსჯიან!
ეს ასეც მოხდა. თუმცა ტრაპსი, ეს მართლაც და, შესაძლებელია, არც თუ მთლად იღბლიანი კაცია, რადგანაც აქ მხოლოდ პირობითი სიკვდილის მისჯაა შესაძლებელი, მაგრამ ამაზე მოსამართლე უარს ამბობს, რათა მის ძვირფას მეგობარში გამოიწვიოს სასოწარკვეთილება, – მოკლედ, ალფრედო ახლა მათი ტოლია და მათი ღირსი, იგი შეიძლება, მიღებულ იქნეს მათ საზოგადოებაში, როგორც ოსტატური მოთამაშე.
გაისმა დანარჩენთა შეძახილი:
– შამპანური შემოიტანეთ!
საღამომ თავის კულმინაციურ წერტილს მიაღწია. შამპანური შუშხუნებდა, შეკრებილთა მხიარულება უღრუბლო იყო, მხიარულება თანდათან მატულობდა, ვექილიც კვლავ საერთო ფერხულში ჩაითრიეს. სანთლები ბოლომდე ჩაიღვენთა, ზოგიერთი უკვე ჩამქრალიყო კიდევაც. ქუჩაში დილის პირველი სუნთქვა იგრძნობოდა, ცაზე ვასკვლავები გაფერმკრთალდნენ, გრილოდა და ცვარი ეპკურა ყველაფერს. ტრაპსი აღფრთოვანებული იყო, ამავე დროს დაღლილი. მოითხოვა, ჩემს ოთახამდე მიმიყვანეთო. ხან ერთ მოხუცს ჩაეხვევოდა, ხან მეორეს. მოხუცები ჯერ კიდევ ჭიკჭიკის გუნებაზე იყვნენ, მთვრალების ძლიერი ხმაური ავსებდა სასტუმროს, გაისმოდა ცალკეული სიტყვები, მონოლოგები... ირგვლივ ღვინისა და ყველის სუნი იდგა. ბედნიერ, დაღლილ მთავარ წარმომადგენელს თმაზე უსვამდნენ ხელს, ეალერსებოდნენ, კოცნიდნენ. ტრაპსი ბავშვივით გამოიყურებოდა ბაბუებისა და ბიძების წრეში. მელოტმა მდუმარედ აიყვანა ტრაპსი ზევით. ისინი ძლივძლივობით ადიოდნენ კიბეებზე, დაოთხილები, შუა კიბეზე გაიხირნენ, წინ წასვლა უკვე აღარ შეეძლოთ, საფეხურზე დაყუნცდნენ. ზევიდან, რომელიღაც ფანჯრიდან იისფერი დილის აისი ეცემოდა. შორეული რკინიგზის სადგურიდან სასტვენის ხმა და მანევრების ხმაური ტრაპსს გაურკვევლად ახსენებდა, რომ გუშინ ხელიდან გაუშვა შინ დაბრუნების საუკეთესო შესაძლებლობა. ტრაპსი ბედნიერი იყო, არაფრის სურვილი არ ჰქონდა, ასეთი რამ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯერ არასოდეს დამართოდა. მეხსიერებაში ამოტივტივდა გაფერმკრთალებული სურათები: ერთი ბიჭის სახე. ეს მისი უმცროსი შვილი იყო, რომელიც მას ყველაზე უფრო უყვარდა, შემდეგ გამოჩნდა ბურუსით მოცული პატარა სოფელი, რომელშიც იგი თავისი ავარიის გამო მოხვდა... მაგრამ აქ მელოტმა წაიჩურჩულა, მეძინება, ძალიან მეძინება, დავიღალეო, და მართლაც დაეძინა. მელოტს ბუნდოვნად ესმოდა, როგორ მიძვრებოდა ტრაპსი ზევით, შემდეგ გაისმა სკამის ხმაური, კიბეზე დაძინებულმა მელოტმა წამით გამოიღვიძა; პილე ჯერ კიდევ ძილ-ბურანში იყო წასული, ჩაძირული იყო შიშსა და ძრწოლვით აღსავსე წუთების განცდაში. შემდეგ მძინარის ირგვლივ გაისმა არეულ-დარეული ნაბიჯების ხმა. ეს პროკურორი, მოსამართლე და ვექილი ამოდიოდნენ კიბეზე. მათ ჭყივილითა და ჩხავილით მაგიდაზე პერგამენტი გაეშალათ და სასიკვდილო განაჩენი დაეჯღაბნათ, რომელიც უჩვეულოდ კარგად იყო შედგენილი, გონებამახვილური, აკადემიური წინადადებებით, აკადემიური ფრაზებით, ლათინურად და ძველ გერმანულად. შემდეგ მოხუცები გაემართნენ ტრაპსთან, რათა თავიანთი ნაწარმოები მძინარე მთავარ წარმომადგენლისათვის საწოლზევე დაედოთ, რათა დილით გაიღვიძებდა თუ არა, ენახა გრანდიოზული ტკბილი ღრეობის მოსაგონარი. გარეთ სინათლემ იმატა. სისხამი დილა დადგა... მოხუცები ზევით ავიდნენ, მელოტს თავზე გადაალაჯეს. ისინი ერთმანეთს ჩაბღაუჭებოდნენ, სამივენი ბორძიკობდნენ, ძლივსძლივობით მიაბიჯებდნენ... ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწიეს სტუმრის ოთახს. მოსამართლემ კარი გააღო, მაგრამ მოზეიმე ჯგუფი ზღურბლზევე გაშეშდა; ფანჯარაში ტრაპსი ეკიდა უმოძრაოდ, მქრქალ, ვერცხლისფერ ცის ფონზე, ირგვლივ ვარდების მძიმე სუნი იდგა. უსიცოცხლო სხეულის შავი სილუეტი ფანჯარაში ისე გულგრილად და ისე დამაჯერებლად ეკიდა, რომ პროკურორმა, რომლის მონოკლში ჯერ ისევ ირეკლებოდა მომძლავრებული აისი, ძლივს მოითქვა სული, ხოლო შემდეგ უიმედოდ და ნაღვლიანად თავის დაკარგულ მეგობარზე, ნამდვილი გულისტკივილით წარმოთქვა: ალფრედო, ჩემო ძვირფასო ალფრედო! ღმერთო ჩემო, რამ გაიძულა ასეთი რამ ჩაგედინა! რად ჩაგვიმწარე ეს შესანიშნავი დროსტარება!..
დასასრული
არგმნა ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან