ბედისწერამ დატოვა სცენა
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 12.11

- ფრიდრიხ დიურენმატი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #43 (1191)
– რას ნიშნავს „ჰეფესტონი“, რომლის ერთადერთი წარმომადგენლობა ჩვენს პატივცემულ ბატონ ტრაპსს უკისრია, მისთვის ეს იდუმალებითაა მოცული.
– „ჰეფესტონი“, ხელოვნური ქსოვილების მეფე, გამძლე, გამჭვირვალე, ამასთანავე, რევმატიკებისათვის სულზე მისწრება, შეუცვლელია ინდუსტრიაში, მოდაში. გამოდგება როგორც ომისთვის, ისევე მშვიდობისთვის. საუკეთესო ქსოვილია პარაშუტებისთვის და, ამასთანავე, პიკანტური ქსოვილია ულამაზესი ქალების ღამის ხალათებისათვის.
– მხოლოდ ერთი უმნიშვნელო პუნქტია გაურკვეველი: როგორ მიაღწიეთ თქვენ პროფესიულად ამგვარ შემოსავლიან ადგილს? მხოლოდ და მხოლოდ სიბეჯითითა და რკინისებური ენერგიით?
– იყავით ფრთხილად, – წასჩურჩულა ვექილმა, – ახლა საშიში ამბები იწყება.
– ეს არც ისე ადვილი იყო, – უპასუხა ტრაპსმა და ხარბად შეხედა, თუ როგორ დაიწყო მოსამართლემ შემწვარი ხორცის დაჭრა, – ჯერ გიგაქსი უნდა მომეცილებინა თავიდან და ეს იყო სწორედ ძალიან ძნელი.
– ოჰო, ეს გიგაქსი ვინღაა?
– ჩემი ყოფილი შეფი.
– საჭირო იყო მისი თავიდან მოცილებაო, გინდოდათ გეთქვათ?
– საჭირო იყო მისი გზიდან ჩამოცილება, ჩემი პროფესიის ტლანქი ენით რომ ვთქვათ, – უპასუხა ტრაპსმა და საწებელი მიიჩოჩა, – ჩემო ბატონებო, გულახდილად გეტყვით, მძიმეა საქმოსანთა ცხოვრება. ფულს ჩეჩქივით ვშოულობ, მაგრამ სამაგიეროდ, წელებზე ფეხს ვიდგამ. არც თუ მთლად პატიოსნად მოვიქეცი, როცა მოხუც გიგაქსს დანა ყელთან მივუტანე, მაგრამ ხომ საჭირო იყო, დავწინაურებულიყავი. მაგრამ თქვენ, რასაკვირველია, გადატანითი აზრით უნდა გაიგოთ.
– ბატონი გიგაქსი კარგად გრძნობს თავს, პატივცემულო?
– შარშან გარდაიცვალა.
– „სულელი ხართ, – ჩაუსისინა გაბრაზებულმა ვექილმა, თქვენ სულ მთლად გასულელდით!
– შარშან, – სიბრალულით თქვა პროკურორმა, – ძალიან საწყენია. რამდენი წლის იყო? ორმოცდათორმეტის?. გაფურჩქვნის ხანაა. რით გარდაიცვალა?
– რაღაც ავადმყოფობით.
– კეთილი, ჯერჯერობით მეტი შეკითხვები აღარა მაქვს, – უთხრა პროკურორმა, – მკვდარი ამოტივტივდა და ბოლოს და ბოლოს, ეს არის მთავარი.
ყველას გაეცინა. პროკურორმა მხიარულად ასწია ჭიქა.
– ჩემო ბატონებო, – განაცხადა მან, – ამ აღმოჩენის აღსანიშნავად ჩვენ უნდა გავსინჯოთ 1933 წლის „პიშონლონგვილი“, შესანიშნავი ბორდოს ღვინო, ძალიან მოუხდა ამ შესანიშნავ თამაშს!
კვლავ ჭიქები მიაჭახუნეს და ერთმანეთის სადღეგრძელო დალიეს.
– ჯერ არასოდეს შემხვედრია ბრალდებული, რომელსაც ასეთი უდიდესი სულიერი სიმშვიდითა და გაუფრთხილებლად ელაპარაკოს.
ტრაპსმა გაიცინა:
– როცა დაკითხვა დაიწყება, მაშინ არ დავიბნევი.
– თქვენ უბედური ადამიანი ხართ! – ამოიხვნეშა ვექილმა, – უკვე დაიწყო.
მოხუცებმა ჩაიცინეს.
– ძვირფასო ბატონო ტრაპს, – განუმარტა მოსამართლემ, – თქვენი შეშფოთებული სახე ფასდაუდებელია ჩვენთვის. მე ვამჩნევ, რომ ჩვეულებრივად სასამართლოს წარმოება თქვენ უჩვეულოდ და მეტისმეტად ქარაფშუტული გეგონებათ. მაგრამ, ღრმად პატივცემულო ტრაპს, ჩვენ ოთხივე, ამ მაგიდასთან მსხდომნი, პენსიონერები ვართ და გავთავისუფლდით ზედმეტი ფორმულების გროვისგან, ოქმებისგან, წერისგან, კანონებისგან და მთელი იმ ნაგვისაგან, რითაც ამოვსებულია ჩვენი სასამართლოს დარბაზები. ჩვენ ვასამართლებთ ისე, რომ არ ვიხედებით უბადრუკ კოდექსებში და პარაგრაფებში.
ვექილი ცერემონიულად წამოდგა. ჰაერის ჩასაყლაპად მივდივარო, აუწყა მან. ერთი სიგარეტიც, სწორედ რომ, დროული იქნებაო. ბატონ ტრაპს თავისთან იწვევდა, ჩემთან წამოდიო. ვერანდით ისინი ძირს ჩავიდნენ, სიბნელეში.
– ღმერთო ჩემო, სული მოითქვა ტრაპსმა, – რა კარგი ხუმრობა იყო იქ, – და მიუთითა განათებულ ფანჯარაზე, რომელშიც სწორედ ამ დროს სახლის ეკონომი ქალის ვეებერთელა სილუეტი გამოჩნდა.
– ძვირფასო მეგობარო, – უთხრა ვექილმა, – თან ბარბაცებდა და ტრაპსს ეყრდნობოდა, – ვიდრე ჩვენ უკან დავბრუნდებით, ნება მომეცით, რამდენიმე სიტყვა გითხრათ, სერიოზული სიტყვა, რომელიც თქვენ გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ. მე თქვენ მომწონხართ, ახალგაზრდავ, მსურს მამასავით გელაპარაკოთ: ჩვენ უკანმოუხედავად მივაბიჯებთ იქითკენ, რომ პროცესი სავსებით წავაგოთ.
ქვის სკამი შენიშნეს, ჩამოსხდნენ.
– საჭიროა, ძალა მოვიკრიბოთ, – შეახსენა ვექილმა, – მკვდარი გიგაქსი, რომელიც თქვენი თავშეუკავებელი ლაყბობის შედეგად სრულიად ზედმეტად ამოტივტივდა, ძლიერ გვემუქრება. ყველაფერი ეს ცუდია. თქვენი მხრივ უდიდესი სიფრთხილის გამოჩენითა და დისციპლინით ჯერ კიდევ შემიძლია საქმის მნიშვნელოვანწილად გამოსწორება.
ტრაპსმა გაიცინა. ეს ძალიან სასაცილო თამაშია, უთხრა მან მტკიცედ, „შლარაფიას“ მომდევნო ყრილობაზე ეს თამაში აუცილებლად უნდა შემოვიღოთ.
– მე უცოლო ვარ, მრავალი წლის განმავლობაში მაღალი წრის საზოგადოების ვექილი ვიყავი, მოზრდილი თანხა გადავდე. ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ეს თამაში გახდა ჩვენი ჯანმრთელობის წყარო. ჩვენ ვთამაშობთ მოსამართლის სტუმრებთან, მოსამართლე ჩვენ ბრალდებულებით გვამარაგებს. ხან ადგილობრივ მკვიდრებს ვასამართლებთ, ხან კიდევ ტურისტებს, ხოლო ორი თვის წინ ჩვენ საშუალება გვქონდა, ერთი გერმანელი გენერლისათვის ოცი წლის ციხე მიგვესაჯა. ის აქ გავლით იყო თავის მეუღლითურთ, მხოლოდ ჩემმა ხელოვნებამ იხსნა სახრჩობელისაგან.
– სახრჩობელა მეტისმეტია, თქვენ, ალბათ, აჭარბებთ, პატივცემულო ბატონო ვექილო, სიკვდილით დასჯა ხომ გაუქმებულია?
– ეს – სახელმწიფო სასამართლოში, – დააზუსტა ვექილმა, – მაგრამ ჩვენ აქ საქმე გვაქვს კერძო სასამართლოსთან და კვლავ შემოვიღეთ. სწორედ სიკვდილით დასჯის შესაძლებლობა ხდის ჩვენს თამაშს დაძაბულს და თავისებურს.
– და თქვენ... ჯალათიც გეყოლებათ? – გაიცინა ტრაპსმა.
– რასაკვირველია, – დაუმოწმა ვექილმა ამაყად, – გვყავს, პილე. ის ყოველთვის მიკიტანი იყო, – ჩაიცინა ვექილმა გულკეთილად, – სახელმწიფო საქმიანობას მხოლოდ შეთავსებით ეწეოდა. უკვე ოცი წელია, რაც პენსიაზეა, მაგრამ თავის საქმეში ჯერ კიდევ არავის ჩამოუვარდება.
ქუჩაზე მანქანამ გაიარა და ფარების სინათლემ სიგარეტის კვამლი გაანათა.
„პილე?!“– ტრაპსი კანკალებდა. შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა.
ვექილი გაოცდა:
– რა მოგივიდათ, ჩემო კარგო ტრაპს? ვგრძნობ, რომ კანკალებთ. ცუდად ხომ არ ხართ?
– არ ვიცი.
ტრაპს თვალწინ წარმოუდგა მელოტი, რომელიც ჩვეულებრივ საკმაოდ სულელურად სადილობდა მასთან ერთად. უსამართლობა იყო ასეთ ადამიანთან საჭმელი გეჭამა. მაგრამ რა უნდა ქნას საწყალმა ყმაწვილმა, როცა სხვა გზა არა აქვს. დიახ, რასაკვირველია, ტრაპს ერჩივნა, ეს საღამო უჯალათოდ ყოფილიყო, რატომღაც ეგონა, საღამო უფრო მხიარული და სასეირო იქნებოდა.
სახლისაკენ მძიმე-მძიმედ გასწიეს.
– როგორ მოკალით გიგაქსი?
– მე მოვკალი?
– ჰო, თუკი იგი მოკვდა.
– მაგრამ მე რომ არ მომიკლავს?!
ვექილი შეჩერდა.
– დანაშაულთაგან ყველაზე არასასიამოვნოა მკვლელობის აღიარება. ბრალდებულს რცხვენია, ივიწყებს, გონებიდან დევნის ყველაფერს, საერთოდ, წარსულისადმი სრული ეჭვითაა შეპყრობილი, ძვირფასო ტრაპს! მაშინ ვგრძნობ თავს კარგად, როცა ნამდვილი ამოცანის წინაშე ვდგავარ, თქვენი უნდობლობა დიდი შეცდომაა. აღიარეთ ყველაფერი. ყმაწვილო, იქნებ გსურთ, სულ უცოდველის როლი ითამაშოთ? კიდევ არ დაგიყრიათ ფარ-ხმალი? უნდა აღიარო, იმისდა მიუხედავად, გსურთ თუ არ გსურთ, ხოლო ასაღიარებელი ყოველთვისაა. თქვენ საოცრად ნელა გინათდებათ გონება, კეთილო, ძვირფასო მეგობარო, რა საჭიროა პრანჭიაობა, გადმოალაგე თავიდან ბოლომდე ყველაფერი: როგორ მოკალით გიგაქსი?
ტრაპსმა თავი გააქნია.
– ჩემო ძვირფასო ბატონო ვექილო, – უთხრა მან, – თამაში საშიში ხდება, ის, მგონი, სინამდვილედ გადაქცევას ლამობს. შენ თავს ეკითხები, მართლა ხომ არა ხარ დამნაშავე, მართლა ხომ არ მოგიკლავს მოხუცი გიგაქსი? თქვენი ლაპარაკის დროს ლამის გული არ ამერია... და ამიტომაც, ნდობა ნდობის წილ: მე ნამდვილად არ მიმიძღვის დანაშაული მოხუცი გიგაქსის სიკვდილში.
ისინი სასადილო ოთახში შევიდნენ. პროცესი გაგრძელდა. პროკურორი ტრაპსის გამოტეხვას ცდილობდა.
– გიგაქსი მოწამლეთ?
– არა, – გაიცინა ტრაპსმა, – არაფერი მაგდაგვარი.
– ავტომობილის კატასტროფა მოაწყვეთ საიდუმლოდ?
ყველას გაეცინა, ხოლო ვექილმა კიდევ ერთხელ წასჩურჩულა:
– ფრთხილად, მახეს გიგებენ.
– სისულელეა, ბატონო პროკურორო, აშკარა სისულელე! – მგზნებარედ წამოიყვირა ტრაპსმა, – გიგაქსი გარდაიცვალა გულის ინფარქტით. პირველი შეტევა რამდენიმე წლით ადრე დაემართა, ყურადღება უნდა მიექცია. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელ კაცად მოჰქონდა თავი, ყოველი აღელვების უნდა შინებოდა, რომ შეტევა არ განმეორებულიყო. მე ეს კარგად ვიცოდი.
– ოჰო, ვისგან?
– მისი ცოლისაგან, ბატონო პროკურორო.
– მისი ცოლისაგან?
– გაფრთხილდით, ზეცის მადლმა, – წასჩურჩულა ვექილმა.
გიგაქსის ცოლთან მას მართლაც ჰქონდა ურთიერთობა.
– აბა, რა იქნებოდა, მოხუცი განგსტერი ხშირად მოგზაურობდა და კარგი აგებულებისა და მადის აღმძვრელ ცოლს ყოვლად უდიერად ეკიდებოდა. ჰოდა, საჭირო იყო დროგამოშვებით ნუგეშისცემა, ჯერ დივანზე – გიგაქსის ბინაში, ხოლო მოგვიანებით – ცოლ-ქმრის საწოლში, ასეთი რამ ცხოვრებაში ხშირად ხდება.
ტრაპსის ამ სიტყვებზე მოხუცი ბატონები გაშტერდნენ, მაგრამ შემდეგ, სიამოვნებისაგან ხმამაღლა აჭყვიტინდნენ. ამ დრომდე, მუდამ მდუმარე მელოტიც კი აყვირდა, თან, თეთრი მიხაკი ჰაერში შეისროლა:
– გამოტყდა, გამოტყდა!
მხოლოდ სასოწარკვეთილი ვექილი იცემდა მუშტებს საფეთქელში.
– გაგონილა ასეთი უგუნურება?! – დაიყვირა ვექილმა, – ჩემი კლიენტი გაგიჟდა, შეუძლებელია, მას ერწმუნოთ.
ამის შემდეგ ვექილსა და პროკურორს შორის დაიწყო ხანგრძლივი მოლაპარაკება, შეუპოვარი, ნახევრად სასაცილო, ნახევრად სერიოზული დისკუსია, რომლის შინაარსს ტრაპსი ვერ მიხვდა. დისკუსია სულ უფრო და უფრო ცხარე ხდებოდა. კამათში მოსამართლე ჩაერია, ისიც გაცხარდა. ტრაპსი ცდილობდა, გონებით მიხვედრილიყო კამათის შინაარსს, მაგრამ შვებით ამოისუნთქა, როდესაც ეკონომმა ქალმა მაგიდაზე სხვადასხვა სახის ყველი ჩამოდგა. ის იყო საჭმელს დააცხრა, რომ მოულოდნელად კვლავ პროკურორი მიუბრუნდა:
– ბატონო ტრაპს, თქვენ კვლავ მეგობრობთ ქალბატონ გიგაქსთან?
ყველა ტრაპსს მიაშტერდა, რომელსაც თეთრი პურითა და კამამბრით გამოეტენა პირი და უდარდელად ღეჭავდა. შემდეგ ერთი ყლუპი „შატო პავი“ მოსვა.
– გიგაქსის სიკვდილის შემდეგ, – განმარტა ტრაპსმა, – ქალბატონს აღარ ვსტუმრებივარ. არ მსურდა პატიოსანი ქვრივისთვის სახელი გამეტეხა.
ყველა მოსამართლეს მიაშტერდა, რომელმაც ფრთხილად და დიდი ცერემონიით ამოაძრო დაძველებული ბოთლიდან (1914 წლის) საცობი, ისე რომ ბოთლი წნულიდან არ ამოუღია. საცობი ხომ ერთადერთი დამადასტურებელი იყო იმისა, რომ ბოთლი ნამდვილად 1914 წელს ეკუთვნოდა, თორემ ეტიკეტი ოთხი ათეული წლის განმავლობაში სრულიად წაშლილიყო. საცობი სულ მთლიანად არ ამოვარდა. ნარჩენი დიდი სიფრთხილით ამოაძვრეს, თუმცა, წელიწადის წაკითხვა მაინც შეიძლებოდა. საცობი ხელიდან ხელში გადადიოდა და, ბოლოს, შესანიშნავი საზეიმო საღამოს სამახსოვროდ, როგორც ეს მოსამართლემ თქვა, მთავარ წარმომადგენელს გადასცეს. მან ღვინოს ჭაშნიკი გაუსინჯა, ენა გააწკლაპუნა, დანარჩენებსაც დაუსხა, რის შემდეგაც სხვებმაც დაიწყეს ყნოსვა და მოსმა. ყველი ჩამოატარეს და მოსამართლემ პროკურორს მოუწოდა, თავისი საბრალდებლო სიტყვა წარმოეთქვა.
ყველა დაძაბული იყო, მთავარ წარმომადგენელს, ბრალდებულს კი, ხუმრობა-ხუმრობაში საქმე საგანგაშოდ ეჩვენა. მას აკანკალებდა, მაგრამ ამავე დროს თავის თავგადასავალში რაღაც მიმზიდველს ხედავდა და არავითარ შემთხვევაში მასზე უარს არ იტყოდა, მისი ვექილი კი, ეტყობოდა, არ იყო მთლად დამშვიდებული.
– რა ჩაიდინეთ ეს. თუკი ადრე საქმე ცუდად იყო, ახლა კატასტროფულადაა. მაგრამ თამამად იყავი, მე თქვენ გამოგაძვრენთ ძნელი მდგომარეობიდან, ოღონდ არ დაიბნეთ. თქვენ ნერვების ფასად დაგიჯდებათ, რათა ამ საქმიდან საღ-სალამათი გამოხვიდეთ.
პროკურორმა ღიმილსა და ქირქილში დაიწყო თავისი სიტყვა.
– ყველაზე სასიამოვნო, – თქვა მან, – ისაა, რომ შევძელით მკვლელობის კვალისთვის მიგვეგნო, რომელიც იმდენად მოხერხებულადაა ჩადენილი, რომ ჩვენს სახელმწიფო მართლმსაჯულებას, ბუნებრივია, მკვლელი ბრწყინვალედ დაუძვრა ხელიდან.
ტრაპსი გაოცდა, უცებ გაბრაზდა.
– მე ჩავიდინე მკვლელობა? ბატონებო, თქვენ ძალიან შორს შეტოპეთ. ვექილმა ერთხელ უკვე მითხრა ეს მოჩმახული ამბავი, ძლივს დავწყნარდი და ისევ იწყებთ? განსაცვიფრებელი ხუმრობაა! ახლა ვხვდები, თუ რა დანაშაული გსურთ მომაწეროთ! სასაცილოა, უბრალოდ, სასაცილოა და მეტი არაფერი!
პროკურორმა ღირსეულად გადახედა ტრაპსს, მონოკლი გაწმინდა და კვლავ გაიკეთა.
– ბრალდებულს ეჭვი ეპარება თავის დანაშაულში, – თქვა მან, – გასაგებიცაა. რომელი ჩვენგანი იცნობს საკუთარ თავს, რომელმა ჩვენთაგანმა იცის საკუთარი დანაშაულებანი და იდუმალი ავკაცობანი? იმ შემთხვევაში, თუ ტრაპსი მკვლელია, როგორც ამას მე ვამტკიცებ და რაშიც მე შინაგანად დარწმუნებული ვარ, ჩვენ განსაკუთრებულად საზეიმო საათის წინაშე ვდგავართ. სამართლიანადაც. მკვლელობის აღმოჩენა, ეს მართლაც სასიხარულო შემთხვევაა. ნება მომეცით, მივულოცო ძვირფას სავარაუდებელ დამნაშავეს, რადგანაც დამნაშავის გარეშე შეუძლებელია მკვლელობა აღმოაჩინო და სამართლიანობა დაამყარო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
თარგმნა ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან