ბედისწერამ დატოვა სცენა
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 05.11

- ფრიდრიხ დიურენმატი
მოხდა უბედური შემთხვევა, მართალია უვნებელი, მაგრამ მაინც ავარია: ალფრედო ტრაპსი თავისი „სტუდაბეიკერით“ პატარა ქალაქის ერთ დიდ ქუჩაზე მიქროდა; საფეიქრო ფირმის კომივოიაჟორი იყო, ორმოცდახუთი წლის. ალფრედოს ეჭვიც არ ეპარებოდა, ერთ საათში ჩემს დიდ ქალაქს მივაღწევო. მაგრამ სწორედ ამ დროს მანქანამ უღალატა, ადგილიდან არ იძვროდა. უმწეოდ იდგა პატარა ბორცვის ძირას, რომლის გასწვრივაც ქუჩა გადაჭიმულიყო. ტრაპსმა ერთი სიგარეტი მოსწია და შემდეგ სცადა, მანქანა აემუშავებინა. გარაჟის მეპატრონემ, რომელმაც ბოლოს და ბოლოს „სტუდაბეიკერი“ თავის სახელოსნოში მიათრია, განაცხადა: შეკეთება ხვალ დილამდე არ მოხერხდება, ბენზინის მიმწოდებელია გაფუჭებულიო. თითქოს უფრო მოხერხებული იყო, ნახევარი საათის სავალზე უახლოეს სადგურზე დაბრუნებულიყო და მოკლე გზით შინ მისულიყო, თავის ცოლთან და ოთხ ბავშვთან (ბიჭები ჰყავდა), მაგრამ ტრაპსმა გადაწყვიტა, ღამე აქ გაეთია. საღამოს ექვსი საათი იყო, ცხელოდა, ყველაზე გრძელი დღეები იდგა. სოფელი, რომლის განაპირასაც გარაჟი იდგა, მიმზიდველად გამოიყურებოდა და მიმოფანტული იყო ტყიან ბორცვებზე. მოსჩანდა პატარა ფაბრიკა, რამდენიმე ლუდხანა და სასტუმრო, რომლის ქებაც ტრაპსს ერთხელ უკვე მოსმენილი ჰქონდა, მაგრამ სასტუმროში ყველა ოთახი მესაქონლეების ყრილობის მონაწილეებს დაეკავებინათ. კომივოიაჟორს ერთ ვილაზე მიუთითეს, სადაც როგორც შეიტყო, ხანდახან ადამიანებს თავშესაფარს აძლევდნენ. ხომ შეიძლებოდა, სოფელში ყოფილიყვნენ გოგონები, როგორც ეს ამას წინათ გროსბისტრიგენში მოხდა. ადვილი შესაძლებელი იყო, კომივოიაჟორი აქაც სათანადოდ დაეფასებინათ. ამ ფიქრებში გამხიარულებულმა ტრაპსმა ვილისაკენ გასწია. სახლი სანახევროდ წიფლითა და ნაძვებით იყო დაფარული. ქუჩის მხრიდან ბუჩქები ერტყა, მეტწილად ვარდების. მათ შორის ტყავის ქურთუკიანი ხანდაზმული მამაკაცი მოჩანდა, შესაძლებელია, ეს სახლის პატრონი იყო, რომელიც ბაღის მსუბუქი სამუშაოთი ირთობდა თავს. ტრაპსი მოხუცს გაეცნო და ღამის გასათევი სთხოვა.
– თქვენი პროფესია? – ჰკითხა მოხუცმა და ღობეს მოადგა, თან სიგარას ეწეოდა და ბაღის კარებს ძლივს სწვდებოდა.
– საფეიქრო საქმიანობას ვეწევი.
მოხუცმა თავისი ჩვეულების მიხედვით ყურადღებით აათვალ-ჩაათვალიერა ტრაპსი.
– რასაკვირველია, შეგიძლიათ აქ ღამის გათევა.
– ტრაპსმა ფასი ჰკითხა. ამისთვის, ჩვეულებრივ, არავის არაფერს ვახდევინებ, – განუცხადა მოხუცმა, – მარტოდმარტო ვარ, ჩემი ვაჟი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მხოლოდ ერთი მოსამსახურე მივლის – მადმუაზელი სიმონე.
კომივოიაჟორმა მადლობა გადაუხადა. ასეთმა სტუმართმოყვარეობამ გულიც კი აუჩუყა და გაიფიქრა, სოფელში ძველი ადათ-წესები ჯერ კიდევ ცოცხლობენო.
ბაღის კარი გაიღო. ტრაპსმა ირგვლივ მიმოიხედა – მოხრეშილი ბილიკები, გაზონები, ფანჩატურების რიგი. მზით გასხივოსნებული ადგილები.
– დღეს საღამოს რამდენიმე ბატონს ველოდებიო, უთხრა მოხუცმა. მეზობლად მცხოვრები მეგობრები მეწვევიან. ზოგი მათგანი სოფელში, ზოგი კი გორის გადაღმა ცხოვრობს, ჩემსავით პენსიონერები არიან. ამიტომ, კმაყოფილი ვიქნები, თუკი ბატონი ტრაპსი ამ საღამოთიც და შემდეგაც ჩვენს საზოგადოებას ესტუმრები და ივახშმებ.
კომივოიაჟორი შეყოყმანდა. მას ჩვეულებრივ სურდა სოფელში ევახშმა, საყოველთაოდ ცნობილ სასტუმროში, მაგრამ შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი ვერ უთხრა. იგი თავის თავს დავალებულად თვლიდა, მან ხომ მიპატიჟება მიიღო, ღამე უფასოდ გაეთია. არ სურდა უკულტურო ქალაქელ კაცად მიეღოთ. ისე მოიქცა, თითქოს, გაუხარდა კიდეც. მასპინძელმა სახლში შეიყვანა და ერთი სასიამოვნო ოთახი მიუჩინა: აქ იყო პირსაბანი, ფართო საწოლი, მაგიდა, მოხერხებული სავარძელი. კომივოიაჟორმა პატარა ჩემოდანი გახსნა, პირი დაიბანა, გაიპარსა, ოდეკოლონი ისხურა, ფანჯარასთან მივიდა და სიგარეტს მოუკიდა. მოვალეობა მოითხოვდა ცოლისთვის ტელეფონით დაერეკა და ეცნობებინა, მოულოდნელი საქმის გამო შევფერხდებიო. მაგრამ ეს მოსაზრება უარყო, როგორც ხშირად სჩადიოდა ამას. ცოლი ასეთებს მიჩვეული იყო და ამას გარდა, მაინც არ დაუჯერებდა. ტრაპსმა დაამთქნარა, ერთი სიგარეტიც გააბოლა. მოსაწყენი საღამოს მოლოდინი ჰქონდა. მისი მასპინძელი იურისტი იყო, შესაძლოა, ყოფილი ვექილი. უხალისოდ ჩავიდა ქვევით. ამ დროს ეკონომი ქალი, ზორბა დედაკაცი სასადილო ოთახში სუფრას შლიდა. მასპინძელი ფრანტს ჰგავდა, შეთხელებული თმა გულდასმით დაევარცხნა, ძალიან ფართო სერთუკი ეცვა. კომივოიაჟორმა განცვიფრება დაფარა, ჩაიბუტბუტა, ძალიან მოხარული ვარო და ცივად, თავდაჭერილად მიესალმა ყველას. თან ნაღვლიანად გაიფიქრა, ამ სოფელში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავრჩი, იქნებ ვინმე გოგონასთან დრო გამეტარებინა, მაგრამ როგორც ვხედავ, ეს ოცნება განუხორციელებელი დამრჩებაო. მოხუცები უზარმაზარი ყვავილებივით ჩამომსხდარიყვნენ ზაფხულის მზით განათებულ, დაწნული ავეჯით და მსუბუქი ფარდებით მორთულ აივანზე. გამონაკლისი იყო ერთი მელოტი კაცი (პილე იყო მისი სახელი, სამოცდაჩვიდმეტი წლისააო, აუწყა მათ სახლის პატრონმა გაცნობისას), ზომაზე მეტად წელში გამართული იჯდა, საღილეში თეთრი მიხაკი გაერჭო და გამუდმებით შავად შეღებილ ბუჩქის მსგავს ულვაშებზე ისვამდა ხელს. უფრო მოტეხილი ჩანდა დანარჩენი ორი კაცი. ერთი მათგანი – ბატონი კუმერი, ოთხმოცდაორი წლისა, პილეზე უფრო სრული იყო, უზომოდ ჩასუქებული. ლოთის ცხვირი ჰქონდა, ძალზე წითელი და უზარმაზარი. ჯიბეები გაზეთებითა და ქაღალდებით ჰქონდა გამოტენილი. მეორე – ბატონი ცორნი, ოთხმოცდაექვსი წლისა, მაღალსა და გამხდარს, მარცხენა თვალზე მონოკლი ეკეთა, სახეზე ნაიარევი ემჩნეოდა. და კეხიანი ცხვირი ჰქონდა.
– ბატონი ტრაპსი, ალბათ, მონაწილეობას მიიღებს ჩვენს თამაშში?
– რა საკვირველია.
მოხუც ბატონებს ეღიმებათ, თავს აქიცინებენ.
– ჩვენი თამაში, შესაძლებელია, რამდენადმე არაჩვეულებრივი მოგეჩვენოთ, – ფრთხილად ჩაუკრა მასპინძელმა, – თამაშის აზრი ის არის, რომ საღამოობით ძველ პროფესიას ვიხსენებთ. მე ოდესღაც მოსამართლე ვიყავი, ბატონი ცორნი – პროკურორი, ხოლო ბატონი კუმერი – ვექილი. ასე და ამგვარად ჩვენ ვთამაშობთ სასამართლოს პროცესს.
„აი, თურმე, რა ყოფილა“, – მიხვდა ტრაპსი და ეს აზრი მისაღებად მოეჩვენა, იმედი მიეცა, შეიძლება საღამო ჯერ არაა დაკარგულიო.
– ჩვენ წარმოვადგენთ ცნობილ ისტორიულ პროცესებს, სოკრატეს პროცესს, ქრისტეს პროცესს, ჟანა დ’არკის პროცესს, დრეიფუსის პროცესს, უახლოესი დროის - რაიხსტაგის დამწველთა პროცესს, ხოლო ერთხელ ფრიდრიჰ დიდს მეფობაც კი ჩამოვართვით.
ტრაპსი გაოცდა:
– ასე თამაშობთ თქვენ ყოველ საღამოს?
მოსამართლემ თავი დაუქნია:
– გუშინწინ პარლამენტის ერთ წევრს, რომელმაც სოფელში საარჩევნო სიტყვა წარმოთქვა და ამის გამო უკანასკნელ მატარებელზე დააგვიანდა, შანტაჟისა და ქრთამისათვის თოთხმეტი წლის ციხე მივუსაჯეთ
– მკაცრი სასამართლოა, – შენიშნა გამხიარულებულმა ტრაპსმა.
– სინდისის საქმეა, – სახე გაუბრწყინდათ მოხუცებს.
– რა როლის შესრულება შემიძლია?
– მხოლოდ ბრალდებულის ადგილია თავისუფალი, მაგრამ ბატონ ტრაპსს არავითარ შემთხვევაში არ ვაიძულებთ მონაწილეობა მიიღოს ჩვენს თამაშში.
კომივოიაჟორი მოხუცი ბატონის წინადადებამ გაახარა. საღამო გადარჩენილი იყო. ადგილი არ ექნება ჭკუის სწავლებას, არც მოწყენას. ეტყობოდა, მხიარული საღამო იქნებოდა.
– მონაწილეობას მივიღებ თამაშში, – განაცხადა ტრაპსმა, – ჩემთვის ბედნიერებაა, ბრალდებულის დაობლებული ადგილი დავიკავო. რა დანაშაული გსურთ მომაწეროთ.
– დანაშაული ყოველთვის გამოიძებნება.
ყველამ გაიცინა. ბატონი კუმერი წამოდგა.
– წამობრძანდით, ბატონო ტრაპს, – უთხრა მან თითქმის მამობრივად, – ჯერ ჩვენი მასპინძლის პორტვეინი დავაჭაშნიკოთ. პორტვეინი ძალიან ძველია, აუცილებლად უნდა გასინჯოთ.
დიდი მრგვალი მაგიდა უკვე საზეიმოდ იყო გაწყობილი. ირგვლივ მაღალზურგიანი ძველი სკამები იდგა. ვექილმა ოდნავ აკანკალებული ხელით დიდი მზრუნველობით დაასხა ორ ჭიქაში ძველი ბოთლიდან პორტვეინი, პირთამდე გაავსო, კომივოიაჟორის ჭიქას მიუჭახუნა, ჯანმრთელობა უსურვა და ძვირფასი სითხით სავსე ჭიქა ფრთხილად მიაწოდა.
– მე თქვენი ვექილი ვარ, ბატონო ტრაპს, – უთხრა ბატონმა კუმერმა, – ყველაზე კარგი იქნება, თუკი ბატონი ტრაპსი ახლავე იტყვის სიმართლეს თავის დანაშაულებათა შესახებ. მაშინ მას შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ გასამართლების დროს თავს დააღწევს გაჭირვებულ მდგომარეობას. უნდა გვეშინოდეს მაღალი, გამხდარი პროკურორისა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩა სულიერი ძალა. მოსამართლე-მასპინძელიც, სამწუხაროდ, უფრო სიმკაცრისკენაც იხრება.
– მე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, – გაიცინა კომივოიაჟორმა.
– გამოტყდით, – გაამხნევა ვექილმა, – ჩემი არ უნდა შეგრცხვეთ. მე ვიცნობ ცხოვრებას, ვერაფრით გამაკვირვებთ. იმდენი ამბები მომხდარა ჩემ თვალწინ, ბატონო ტრაპს, უფსკრულებს ეხდებოდა ფარდა, თქვენ ამაში უნდა მერწმუნოთ
– ნამდვილად, ისეთი ბრალდებული ვარ, რომელიც უდანაშაულოდ დგას თქვენს წინაშე. დანარჩენი კი პროკურორის საქმეა, აღმოაჩინოს დანაშაული. ეს თვითონ პროკურორმა თქვა, საჭიროა ადამიანი სიტყვაზე გამოიჭიროო. თამაში თამაშია. ძალიან მაინტერესებს, რა გამოვა აქედან.
ვექილის სახეზე ეჭვი გამოისახა.
– ბატონო ტრაპს, თქვენ უდანაშაულოდ გრძნობთ თავს?
ტრაპს გაეცინა:
– სრულებით უდანაშაულოდ, ამაზე ლაპარაკი სასაცილოდაც მიმაჩნია.
ვექილმა პენსნე გაწმინდა.
– კარგად დაიმახსოვრეთ, ჩემო კეთილო მეგობარო, ხართ თუ არა უდანაშაულო, იქ გამოჩნდება! ყველაზე ჭკვიანური იქნება, ახლავე რაიმე დანაშაული აღიაროთ, მაგალითად, საქმოსანი ადამიანებისათვის დამახასიათებელი სასარგებლო ტყუილის თქმა. შემდეგ, დაკითხვისას დადგინდება, რომ ბრალდებული აჭარბებს, რომ ეს ტყუილი კი არა, სარეკლამო საქმის ნიადაგზე წარმოშობილი უწყინარი ფაქტია, რაც ვაჭრობაში ძალიან ხშირად ჩვეულებრივი მოვლენაა. თქვენ აგებთ იქ, სადაც მოგება შეგეძლოთ, ამასთანავე თქვენ შეგეძლოთ დანაშაული თვითონ ამოგერჩიათ. ახლა კი, რაც მათ სურთ, იმას მოგახვევენ თავს.
ტრაპსმა მხიარულად აიჩეჩა მხრები.
– ძალიან მწყინს, ვერაფრით შემიძლია, გემსახუროთ, რადგან კანონის საწინააღმდეგო არაფერი ჩამიდენია.
– მოიფიქრეთ, ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ, თორემ, ნახავთ, რომ ხანგრძლივი დროით ციხეს მიგისჯიან, ისე რომ, შველა შეუძლებელი იქნება.
ამ დროს სხვებიც მოვიდნენ. მრგვალ მაგიდას ირგვლივ შემოუსხდნენ. გულითადი კამპანია და ხუმრობანი განახლდა.
– აბა, ბრალდებულო, რა შეგიძლიათ გვითხრათ, ვიმედოვნებ მნიშვნელოვანი მკვლელობა გექნებათ ჩადენილი, წამოიჩხავლა პროკურორმა.
ვექილმა პროტესტი განაცხადა:
– ჩემი კლიენტი უდანაშაულო ბრალდებულია, ასე ვთქვათ, იურისპრუნდეციისთვის იშვიათი შემთხვევაა. ამტკიცებს, უდანაშაულო ვარო.
– უდანაშაულო? – გაიკვირვა პროკურორმა. კომივოიაჟორი საყვედურით შეათვალიერა, – რა გაეწყობა, თქვა პროკურორმა, თან კალმახს ფხას აცლიდა, – ახლავე ვნახავთ. ცოლიანი ხართ?
– უკვე თერთმეტი წელიწადია.
– ბავშვები გყავთ?
– ოთხი.
– პროფესია?
– საფეიქრო დარგის სპეციალისტი. უფრო სწორედ, კომივოიაჟორი.
– კეთილი. ავარია ხომ არ შეგმთხვევიათ?
– სრულიად შემთხვევით. მაშინ ჯერ ისევ ძველი მანქანით დავდიოდი, 1939 წელს „სიტროენი“ მყავდა, ახლა კი – წითლად შეღებილი, ექსტრამოდელის სტუდაბეიკერი.
– საინტერესოა და ისიც ასეთი მოკლე დროში შეიძინეთ?
კომივოიაჟორი უდარდელად შეექცეოდა ბიფშტექსს, ტარტარის საწებელი დაისხა, ზედ ლიმონი დააწურა (ეს საკუთარი რეცეპტი იყო), ცოტა კონიაკი, პილპილი და მარილი დაუმატა. ასეთი სასიამოვნო საჭმელი არასოდეს მიჭამია, ამბობდა სიხარულისგან სახეგაბრწყინებული ტრაპსი. დღემდე მეგონა, ყველაზე საუკეთესო საღამოს მხოლოდ „შლარაფიაში“ ვატარებდი. მაგრამ თქვენთან დროს ტარებამ უდიდესი სიამოვნება მომგვარა.
– ააა, – ჩაურთო პროკურორმა, – თქვენ „შლარაფიაში“ დაბრძანდებით? რომელია იქაური თქვენი მეტსახელი – „მარკიზი დე კაზანოვა“?
– ფრთხილად იყავით, – უჩურჩულა ვექილმა.
– ძვირფასო ბატონო პროკურორო. უპასუხა ტრაპსმა, – თუკი მე სხვაგან ქალებთან რაიმე მიხდება, მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითია და ამით ჩემი თავმოყვარეობა არ ილახება. ვეწევი ჩვეულებრივ ცხოვრებას, ჩემო ბატონებო, ისეთ ცხოვრებას, როგორსაც ყველა თქვენგანი.
– დავლიოთ!
– დავლიოთ! – მთავარმა წარმომადგენელმა ჭიქა ასწია, დაჟინებით მიაჩერდა ოთხი მოხუცის ფრინველისმაგვარი თვალების ჩაციებულ მზერას.
– ახალგაზრდობა გაჭირვებაში გავატარე, მამაჩემი ფაბრიკაში მუშაობდა მუშად, პროლეტარი იყო, მარქსისა და ენგელსის მოძღვრებით გატაცებული, გამწარებული, გაუხარელი კაცი, რომელიც თავის ერთადერთ ბავშვზე არასოდეს ზრუნავდა, დედა მრეცხავი იყო, ნაადრევად მოტეხილი. მხოლოდ დაწყებით სკოლაში დავდიოდი. ჯერ კიდევ ათი წლის წინ მე მხოლოდ დამტარებელი ვიყავი, ჩემოდნით ხელში კარდაკარ დავდიოდი. ძნელი სამუშაოა, მოგზაურობა, ღამის თევა თივის ზვინში ანდა საეჭვო ღამის სათევებში. სულ დაბლიდან დავიწყე ჩემი სპეციალობით, სულ დაბლიდან. ახლა კი, ჩემო ბატონებო, ნეტავ ჩემი პირადი ანგარიშის წიგნაკი განახათ! სულაც არ მინდა დავიტრაბახო, მაგრამ რომელიმე თქვენგანს აქვს სტუდაბეიკერი?
– ფრთხილად, – ისევ წასჩურჩულა ვექილმა მზრუნველობით.
– მაინც როგორ მიაღწიეთ ამას? – ცნობისმოყვარეობით ჰკითხა პროკურორმა.
– ყურადღებით უნდა იყოთ და არც ბევრი ილაპარაკოთ, – გააფრთხილა ტრაპსი ვექილმა.
– მე მარტოდმარტომ ავიღე ჩემს თავზე მთელს კონტინენტზე ფირმა „ჰეფესტონის“ წარმომადგენლობა, – მოახსენა ტრაპსმა და აღფრთოვანებულმა მიიხედ-მოიხედა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან