ბავშვობის ჩრდილი
ავტორი: ნია დვალი 20:00
ანა და ეთუნა სკოლიდან მეგობრობდნენ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სიყვარულიც უპირობოა და ვერც ერთმანეთს აღიქვამდნენ კონკურენტებად, იმიტომ რომ, უბრალოდ, ბავშვები იყვნენ და ბავშვური გულწრფელობით უყურებდნენ სამყაროსაც და ერთმანეთსაც. ანას ეთუნა იმდენად უყვარდა, რომ თავის ულამაზეს თოჯინას, რომელიც ნამდვილ ახალშობილს ჰგავდა, ეთუნა დაარქვა. ასე გაილია სკოლის წლები და თუმცა ეთუნამ და ანამ სხვადასხვა პროფესიები აირჩიეს და, შესაბამისად, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდნენ, ერთმანეთთან კავშირი არ გაუწყვიტიათ. ერთი ის იყო, რომ ანას დედა ყოველთვის მიანიშნებდა, რომ ეთუნასთან მეგობრობა ანას კარგს არაფერს მოუტანდა, მაგრამ ანა ეწინააღმდეგებოდა და კატეგორიულად არ ეთანხმებოდა.
– ვერ ხვდები, რატომ მეგობრობს შენთან? - ეკითხებოდა დედამისი გაღიზიანებული ხმით.
– ვერა, ვერ ვხვდები, – არანაკლებ გაღიზიანებული პასუხობდა ანა.
– იმიტომ რომ გულუბრყვილო ხარ.
– იმიტომ რომ შენ ხარ ეჭვიანი და არ ენდობი ადამიანებს, – იბუტებოდა ანა.
დედა-შვილი ვერაფრით თანხმდებოდა, ამიტომ ამ თემას იშვიათად ეხებოდნენ, მაგრამ ერთ დღესაც ანას დედა აფეთქდა. ეთუნას შეყვარებული ჰყავდა და ანა, ეთუნა და მისი შეყვარებული ხშირად სეირნობდნენ ერთად, რაც, რა თქმა უნდა, ანას დედას არ მოსწონდა:
– ვერ ხვდები, რომ ცდილობს, მასზე დამოკიდებული იყო?! – უჩიჩხინებდა შვილს, მაგრმ ანას არაფრის გაგონება არ უნდოდა.
ერთ საღამოსაც ანამ, ეთუნამ და ეთუნას შეყვარებულმა კუს ტბაზე გაისეირნეს, შემოაღამდათ, დრო, ჩვეულებისამებრ, სწრაფად გადის ხოლმე ასეთ შემთხვევაში. ბუნებრივია, ჯერ ანა მიაცილეს სახლში და ერთადაც ავიდნენ.
ანა დარწმუნებული იყო, რომ მისი ოჯახის წევრებს ეძინათ და ვერაფერს გაიგონებდნენ, მით უმეტეს, რომ საკმაოდ ჩუმადაც შევიდნენ და სამზარეულოში შეიყუჟნენ. ანა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დედამისი უყურადებდა.
როდესაც წაიხემსეს და ეთუნასა და მისი შეყვარებულის წასვლის დრო მოვიდა, გიგიმ უცებ ანას უთხრა, ტაქსის ფული აღარ დამრჩა, ხომ არ შემოგვეშველებიო.
ანამ, როგორც მასპინძელმა, სტუმრების პატივისცემა გადაწყვიტა და დაიჟინა:
– ტაქსის მე გამოგძახებთ.
ეთუნას შეყვარებულმა შორს დაიჭირა:
– უბრალოდ, 5 ლარი დაგვიმატე, – მაგრამ ანა შეუვალი იყო. ტაქსი გამოიძახა და სტუმრები გააცილა.
როგორც კი სტუმრებმა ბინა დატოვეს, ეთუნას დედა მაშინვე გამოვიდა სამალავიდან:
– სულელი ხარ? – თავს დაესხა შვილს.
ანა შეცბა:
– რატომ ვარ სულელი?!
– აბა, ვინ ხარ?! ვის გაუგია, კაცი ქალს ართმევდეს ტაქსის ფულს?!
ანა შეიშმუშნა.
– მერე რა?! უბრალოდ, არ ჰქონდა.
– თუ არ ჰქონდა, ვერ დაეტევა სახლში?!
ანა მიხვდა, რომ დედამისთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მორჩილად მოისმინა ლანძღვა-გინების კორიანტელი და ხასიათწამხდარი გაემართა დასაძინებლად.
***
როდესაც ანამ ვაკა გაიცნო, ეთუნა თბილისში არ იყო და ანას ერთი სული ჰქონდა, ახალი ამბავი ეხარებინა მეგობრისთვის. შეეძლო, ტელეფონითაც ეთქვა, მაგრამ იმდენად იყო სავსე ემოციებით, რომ ერჩივნა, მოეყოლა. ამიტომ ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოვიდოდა მეგობარი.
ეს დღეც დადგა და ერთმანეთს ლაპარაკის დაწყება არც აცალეს, ჩვეულებისამებრ, ეთუნამ აჯობა, იმიტომ რომ მასაც ჰქონდა მოსაყოლი ცხელ-ცხელი ამბები:
– წარმოგიდგენია, გიგის ცოლი ჰყოლია, – და ეთუნას უცებ ცრემლებით აევსო თვალები.
– როგორ?! – გაოცება ვერ დამალა ანამ, – წარმოუდგენელი!.
– და ამდენი ხანია, მატყუებდა! – ეთუნას დაგროვილი ცრემლები ლოყებზე ჩამოეღვენთა.
– და როგორ ვერ მიხვდი ან მე როგორ ვერ მივხვდი?! – ანა დანანებით აქნევდა თავს და გულში ღმერთს მადლობას ეუბნებოდა, რომ პირველმა ვერ მოასწრო საუბრის დაწყება.
– სულელი ვარ და ვერ მივხვდი, – ეთუნას გული ამოუჯდა.
– და ახლა რა უნდა გააკეთო?! ან როგორ გაიგე?!
– თვითონ მითხრა.
– თვითონ? – გაოგნებულმა ანამ პირი დააღო, – თვითონ რატომ გითხრა?!
– არ ვიცი... და შენ რა უნდა მოგეყოლა?
– ისეთი არაფერი. მერე მოგიყვები, – სიტყვა ბანზე აუგდო ანამ.
ეთუნამ უცებ ცრემლები მოიწმინდა და გაიცინა:
– კინაღამ დამავიწყდა, ისეთი კარგი ვინმე გავიცანი და მე სულელს სინდისი მქენჯნიდა, გიგის თვალებში როგორ შევხედო-მეთქი.
ანამ ამჯერადაც დააღო პირი, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა, რომ ეთქვა.
– გიგისგან, უბრალოდ, მეწყინა, ადამიანურად, ხომ გესმის? – უთხრა ეთუნამ მეგობარს.
ანამ თავი დაუქნია, მაგრამ ვერაფერს მიხვდა: ან რატომ ტიროდა ეთუნა, ან ახლა რატომ იღიმებოდა.
– მიდი, მომიყევი შენი ამბავი, - ეშმაკურად გაუღიმა ანას, – ვინმე გაიცანი?
ანა წამოწითლდა და თავი დაუქნია.
– როდის გამაცნობ? – ჰკითხა ეთუნამ.
– თუ გინდა, დღესვე, იმდენი ველაპარაკე შენზე, უკვე გიცნობს, – სიყვარულით შეხედა ანამ მეგობარს.
იმავე საღამოს ანამ და ვაკამ ეთუნას გაუარეს და ანა უბედნიერესი ადამიანი იყო, რადგან მიხვდა, რომ ეთუნას ვაკა მოეწონა. თუმცა, ისე მოხდა, რომ ეთუნამ, რატომღაც, უარი უთხრა მეჯვარეობაზე.
– ჩვენ ხომ სვანაირად შევთანხმდით? – ხელოვნური წყენა გამოისახა სახეზე ეთუნამ, – შენ უნდა იყო ჩემი მეჯვარე და ჩემი ბავშვის ნათლია.
– რა მნიშვნელობა აქვს? – არ ეთანხმებოდა ანა.
– აქვს, თანაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორც გადავწყვიტეთ, ისე უნდა იყოს, – დაიჟინა ეთუნამ.
ანა სახლში ცუდ ხასიათზე დაბრუნდა, რაც დედამისმა მაშინვე შენიშნა და თვალებით ჰკითხა, რა მოხდაო. ანამ თავი გააქნია, მაგრამ, ბოლოს, მაინც უთხრა:
– ეთუნამ უარი მითხრა მეჯვარეობაზე, შენ უნდა იყო ჩემი მეჯვარეო.
ანას დედას თვალებში უცნაურმა სხივმა გაუელვა, მაგრამ შვილისთვის არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა, როდესაც ანა ოთახიდან გავიდა:
– იქნებ უკეთესიცაა, უარი რომ უთხრა.
***
იმ დღის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრი წელიც გავიდა, მაგრამ ანა და ეთუნა ისევ მეგობრობდნენ. ერთი ისაა, რომ ეთუნა ისევ მარტო ცხოვრობდა და ისინი იმ დღესაც თავიანთ საყვარელ კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს. ეთუნამ მეგობარს თვალებში შეხედა და ოდნავ სვედიანი ხმით უთხრა:
– ან, მაპატიე, ამას რომ გეუბნები, მაგრამ სხვა ვინ გეტყვის... ვაკა გღალატობს, – ეთუნას თვალებში ცნობისმოყვარეობა იკითხებოდა, თითქოს ელოდებოდა მეგობრის რეაქციას:
– საიდან იცი? – მშვიდად იკითხა ანამ.
– თვითონ მითხრა.
– შენ გითხრა? რატომ შენ?
– შენი მეგობარი ვარ ბავშვობიდან. ჰოდა, მითხრა. გული გადამიშალა.
ანას არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს.
– არაფერს იკითხავ? - გაიკვირვა ეთუნამ.
– რა უნდა დავაზუსტო? - გაიკვირვა ანამაც.
– რა და რატომ მოიქცა ასე?
– და რატომ მოიქცა ასე? – გაიმეორა ანამ შეკითხვა მეგობრის ინტონაციით.
– მოიწყინა შენთან. შენ შენი გარეგნობაც კი აღარ გაინტერესებს. არ ცდილობ, რამე შეცვალო, უფრო მომხიბვლელი გახდე. იკეკლუცო.
– და მოწყენილი ვაკა სხვა ქალის საწოლში ჩახტა გასამხიარულებლად? - გაეცინა ანას.
– ანა, რა გჭირს?! მე ვცდილობ, შენი ქორწინება გადავარჩუნო, შენ კი დამცინი. მე დავპირდი ვაკას, რომ არაფერს გეტყოდი.
ეთუნა აშკარად დაბნეული ჩანდა, იმიტომ რომ მეგობრის ასეთ რეაქციას არ ელოდა და უცებ მიხვდა:
– იცოდი?!
ანას ისევ გაეღიმა.
– და მე მიმალავდი? – ეთუნას სიბრაზემ წამოუარა.
– და შენთვის რატომ უნდა ჩამებარებინა ანგარიში?! – ანა ჯიქურ მიაჩერდა მეგობარს.
– ანგარიში რა შუაშია, უბრალოდ, ერთად რამეს მოვიფიქრებდით. და რომ გაგეყაროს, რას აპირებ?!
– რა უნდა დავაპირო?! გამეყაროს, რა პრობლემაა?! მამაჩემთან მუშაობს, ბინა ჩემი საკუთრებაა, ბიზნესიც. ჯანდაბამდე გზა ჰქონია.
– თუ არ აპირებ, გაეყარო, მაშინ შეეცადე, ისევ ჰარმონიული ოჯახი დაიბრუნო, ქმრის სიყვარული მოიპოვო.
– რაში მჭირდება სიყვარული, რომელიც მოსაპოვებელია?! თან, არც მოწყენილი კაცები მომწონს. მასხარა ვარ, გავამხიარულო?! ეტყობა, ვერ ხალისდება ახალ საწოლში, თორემ წავიდოდა, მაგრამ ვაკას კარგი ცხოვრება უყვარს და ამიტომ არსადაც არ წავა, სანამ მე არ გავუშვებ. – დარწმუნებით თქვა ანამ.
ეთუნას გაღიზიანება დაეტყო:
– ასე მშვიდად როგორ ლაპარაკობ? ყოველთვის მეგონა, რომ ვაკა გიყვარდა.
– რა თქმა უნდა, მიყვარდა, თან, ძალიანაც და დასაწყისში საკმაოდ კარგი ქმარიც იყო და მამა ახლაც კარგია. უყვარს ბაჩო და კარგ მამობასაც უწევს.
– აი, ხომ ხედავ, – გამოცოცხლდა ეთუნა, – ესე იგი, რაღაც შენც უნდა იღონო.
– რა უნდა ვიღონო?! მაქვს კარგი სამსახური, კარგი შემოსავალი, ბიზნესი, ანუ მკვდარი შემოსავალიც, მყავს არაჩვეულებრივი ვაჟი. შემიძლია, გავაკეთო, რაც გამიხარდება. მეტი რა უნდა გავაკეთო და რისთვის?! – ანა ეთუნას მიაჩერდა, – აბა, გისმენ, მირჩიე რამე.
– მაგრამ ხომ უნდა იყო ბედნიერი, როგორც ქალი?! – არ დაუთმო ეთუნამ.
– არც ისე ასაკოვანი ვარ, ვერ მოვასწრო, ვიყო ბედნიერი, როგორც ქალი და, თან, ძალიანაც ბედნიერი ვარ. აი, შენ თუ ხარ ბედნიერი ქალი? – უცებ შეუტრიალა კითხვა ანამ. ეთუნა შეიშმუშნა. ანამ კი განაგრძო, – არც ქმარი გყავს, არც შვილი, მაგრამ ხომ გაქვს ბედნიერების იმედი? – ეთუნამ უხერხულად დაუქნია თავი. ანა კი ენად გაიკრიფა:
– მეც ამას ვამბობ. მე შვილი მაინც მყავს უკვე, – რატომღაც, არ დაინდო მეგობარი, ასე რომ, შეიძლება, ითქვას, შენზე წინ ვარ. შენ კი მეუბნები, რომ უნდა მოვერგო ვაკას სურვილებს. არ მოვწონვარ და ნუ მოვწონვარ. მე ვიჭერ? წავიდეს, სადაც უნდა და ვისთანაც უნდა.
– მაგრამ როგორ შეგიძლია, იცხოვრო კაცთან, რომელიც იცი, რომ... – ეთუნამ აღარ დაასრულა წინადადება.
– დაამთავრე, თქვი, რის თქმასაც აპირებდი, – შეაგულიანა ანამ.
– მაგრამ… – ეთუნა სიტყვებს ეძებდა, – ნუთუ არ გეზიზღება? – ამოთქვა, როგორც იქნა.
– ჩვენ დიდი ხანია, სხვადასხვა ოთახში გვძინავს, თუ ამას გულისხმობ, – მშვიდად უპასუხა ანამ.
– მაგრამ ეს ხომ არანორმალურია!
– რატომ არის არანორმალური? მე მშვენივრად მძინავს. არავინ მიშლის ხელს. არავინ ხვრინავს ჩემს ყურთან, – გაეღიმა ანას.
– ბოროტობ? – ეთუნამ რაღაცნაირად დაძაბულად გაუღიმა.
– არ ვბოროტობ. მე არავის საკუთრება არ ვარ. თუ ოდესმე მოუნდება ჩემთან მოახლოება, ისევ მოუწევს, თავი მომაწონოს, მაგრამ მე ვიფიქრებ, მინდა თუ არა ეს, – ანამ ყავა მოსვა და ნამცხვარი ჩაკბიჩა, – არაფრისთვის დაგიკარებია პირი. მგონი, შენ უფრო განიცდი ვაკას ღალატს, ვიდრე მე, – გაუცინა მეგობარს.
– მაშინ გაშორდი და ამით დამთავრდება. რატომ იტანჯავ თავს? – ურჩია ეთუნამ.
– შვილს მამა სჭირდება. თან, ბიჭია და მამაკაცის გვერდით უნდა გაიზარდოს. ისინი მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს და უგებენ კიდეც. თუ მე და ვაკა ვერ ვუგებთ ერთმანეთს, ამან არ უნდა იმოქმედოს ჩვენი შვილის ცხოვრებაზე. როდესაც წამოიზრდება, შეიძლება ამაზე ფიქრი, ახლა არა, თუმცა, მე არავის ვაკავებ. თუ უნდა, შეუძლია, გაგვეყაროს. თან, შენ სულ იმას მეუბნები, რომ ვაკას ჩემთან მოეწყინა. არა, საყვარელო, ეს მე მომწყინდა მასთან. ვერ განვითარდა. დარჩა იქ, სადაც იყო, როდესაც გავიცანი. თუ წასვლა უნდა, წავიდეს. მე მას არ დავაკავებ. იყოს ბედნიერი ჩემ გარეშე. ბოლოს და ბოლოს, ეს მისი უფლებაა, მისი ცხოვრებაა. მე ჯერჯერობით ნერვებს არ მიშლის, კარგად იქცევა. მამაჩემსაც ეხმარება, თვალებში შესციცინებს ფინია ძაღლივით, იმ იმედით, რომ რაღაც წილს გამოჰკრავს ხელს ჩვენი საოჯახო ბიზნესიდან. თუ ითამაშებს ჩემს ნერვებზე, მე თვითონ გავეყრები, მაგრამ კარგად იქცევა და ვერ ვპოულობ ვერც მიზეზს და ვერც საბაბს. გასაგებია? – ანა მეგობარს მიაჩერდა.
– გასაგებია, ოღონდ გთხოვ, არაფერი უთხრა ვაკას ჩვენი საუბრის შესახებ, – სთხოვა ეთუნამ და ანას ხელი ხელზე დაადო. ანამ უნებლიეთ ხელი მკვეთრად აიღო, არ ესიამოვნა შეხება.
– არაფერს ვეტყვი, – დაჰპირდა ანა და წამოდგა, – მაგრამ არც შენ გამცე. თქვენ ორიდან ერთ-ერთმა უკვე იცით სიმართლე...
ამის გამგონე ეთუნა გაფითრდა. ანამ გაუღიმა და ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად.
ქუჩას საღამოს მზე ანათებდა, ამიტომ ანამ თამამად გაუსწორა თვალი და გაიფიქრა: მართალს მეუბნებოდა დედაჩემი, არ უნდა შეუშვა შენს ოჯახსა და ცხოვრებაში არავინ...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





