რომანი და დეტექტივი

ბავშვი

№23

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 17.06, 2023 წელი

ბავშვი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #22 (1170)

უზომო ბედნიერებამ ეკას ენერგიულობა და სიხალისე გააორმაგა და ამას ისიც დაერთო, რომ თემურმა მას შავი სამოსი გაახდევინა.

ძაძების მოშორებამ ერთიორად გააკოხტავა, ისედაც პირმშვენიერი და მოხდენილი გოგონა. ბედნიერი იყო თემურიც, თუმცა თოკას იდუმალებით მოცული მკვლელობა მოსვენებას არ აძლევდა და მკვლელის მოძებნისა და დასჯის დაუოკებელი სურვილი კლავდა. ყველანაირად ცდილობდა, რომ მკვლელის კვალზე გასულიყო. რაიმე საგულისხმო ვერც თაროზე შემოდებული საქმის მასალების გაცნობამ მისცა და გამომძიებელმა მას უთხრა:

– მერწმუნეთ, ბატონო თემურ, რომ ამ საქმის გასახსნელად ძალისხმევა არ დაგვიკლია, მაგრამ ხელჩასაჭიდს ვერაფერს მივაგენით. მთელი მისი საახალობლო წრე დავკითხეთ. არ დაგიმალავთ და ზოგჯერ წესების დარღვვითაც კი.

– წესების დარღვევით როგორ? – იკითხა თემურმა.

– სხვადასხვა გზით. კითხვების დაჟინებული დასმითა და შეშინებით, შანტაჟითაც კი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა, – მიუგო გამომძიებელმა.

– თქვენ რას ფიქრობთ ამ საქმეზე. როგორია თქვენი ვერსია.

გამომძიებელმა მხრები აიჩეჩა და თქვა:

– ჩემი აზრით, დანაშაულის ზოგადი სურათი ასეთია, – თქვენი ვაჟი ან გაჰყვა, ან შეხვდა მკვლელს მზიურში და იმანაც ვერაგულად ზურგში ორჯერ ჩაარტყა დანა და მიიმალა. ვფიქრობ, რომ თქვენს ვაჟს მკვლელთან დაპირისპირება ჰქონდა. დიდი ალბათობით, შესაძლოა, ეს ქალის თემაც კი ყოფილიყო.

– ქალში რას გულისხმობთ?

– სასიყვარულო სამკუთხედს ვგულისხმობ. ორ ბიჭს ერთი გოგო უყვართ და ამის გამო ერთი კლავს მეორეს. თუმცა, დაკითხვებმა ეს ვერ დაადასტურა. როგორ არ მივუდექი დასაკითხებს, მაგრამ ყველა ხაზგასმით ამბობდა – თორნიკეს შეყვარებული არ ჰყავდაო.

– როგორც საქმის მასალებიდან შევიტყვე, ჩემი შვილი ღამის 10 საათზე გავიდა თავისი ჯგუფელის, ტატა ბუკიას ბინიდან, სადაც ჯგუფელები მესამე კურსის დახურვას ზეიმობდნენ. ექსპერტიზის დასკვნით, მკვლელობა მზიურში ღამის 11-12 საათებში მოხდა. ხოლო მოქეიფეები კი ღამის 3 საათზე დაიშალნენ. გამოდის, რომ თოკა ადრე წამოვიდა და სავარაუდოდ, ის, ანუ თოკა ვიღაცამ გამოიხმო. შემდეგ კი მოკლეს. გამოხმობა კი შეიძლება, როგორც ქეიფზე მისვლითა და გამოყვანით, ასევე ქეიფიდან ერთად წამოსვლით, ანუ მკვლელიც ქეიფზე იყო და ორივე წამოვიდნენ. კიდევ მობილურზე ან სახლის ტელეფონზე დარეკვითა და გარეთ გამოხმობის გზით.

– ზუსტად მასე ვფიქრობდით ჩვენც და ყველა ვერსია გადავამოწმეთ, მაგრამ არცერთმა არ გაამხილა. წვეულებიდან მხოლოდ თქვენი ვაჟი წავიდა. არც არავინ მოსულა წვეულებაზე და წაუყვანია, არც არავის დაურეკავს თორნიკესთვის და არც თორნიკეს დაურეკავს ვინმესთვის. მობილური კომპანიიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია და ზედმიწევნით შევამოწმეთ. თქვენს ვაჟს მოგვიანებით, სავარაუდოდ, მაშინ, როცა თორნიკე უკვე მოკლული იყო, თქვენი ამჟამინდელი მეუღლე, ქალბატონი ეკა ურეკავდა. თავიდან თორნიკეს ტელეფონი ჩართული იყო, შემდეგ კი დაუჯდა, – თქვა გამომძიებელმა.

თემურს კიდევ რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა. დეტექტივს დაემშვიდობა და წამოვიდა. თემურს კი გამომძიებელთან საუბრის დროს თავში გაეულვა: „იქნებ, მკვლელმა წვეულების სხვა მონაწილეს დაურეკა ტელეფონზე და თოკა მისი ტელეფონით გამოიტყუა და მოკლა? როგორც საქმის მასალებიდან და გამომძიებლის სიტყვებიდან ჩანდა, გამოძიებას მსგავსი ვერსია არ გასჩენია. არადა, ეს ძალიან რეალური რამ იყო. ამიტომ საჭირო იყო ამის გადამოწმებაც. მაგრამ, თემურმა იმიტომ არ უთხრა ამის შემსახებ გამომძიებელს, რომ ჯერ თავის ერთ უახლოეს, უფროს მეგობართან უნდოდა კონსულტაციის გავლა და მისგან რჩევის მიღება. ეს კაცი ზურაბ დოლიძე იყო, უშიშროების ყოფილი მაიორი და კერძო დეტექტიურ კომპანიაში მუშაობდა. თემურმა მას დაურეკა, შეხვედრაზე შეუთანხმდა და რომ მივიდა, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. ზურაბ დოლიძემ კი მას უთხრა:

– სავსებით რეალური ვერსიაა და უნდა გადამოწმდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ხელჩასაჭიდს სწორედ იქ მივაგნოთ.

– დამეხმარები? – ჰკითხა თემურმა.

– ამას კითხვა უნდა, ჩემო თემურ? – თქვა ზურაბმა და დააყოლა, – უკვე ძირითადი სქემა მიტრიალებს თავში და მომისმინე.

– გისმენ.

– ბუკიების ბინაში წვეულება ექვსზე დაიწყო და ღამის სამზე დაიშალნენ, ხოლო თოკა ათისთვის წავიდა, ასეა, ხომ? – თქვა დოლიძემ და პაუზა გააკეთა.

– კი, მასეა.

– წვეულებას, თოკას ჩათვლით, სულ 15 ადამიანი ესწრებოდა, სტუდენტები, ყველა თოკას კურსელი. ხომ ასე მითხარი.

– კი.

– უნდა გადამოწმდეს დანარჩენი თოთხმეტის მობილურ ტელეფონებზე საღამოს 6-დან 3 საათამდე როგორც შესული, ასევე იქიდან განხორციელებული ზარები. დადგინდეს შემოსული ზარების აბსოლუტურად ზუსტი თუ არა, მიახლოებითი ლოკაცია და განმხორციელებლის ვინაობა. მთელი ეს სქემა რომ ხელში გვექნება, შემდგომ უკვე ამ ხალხის გადამოწმება უნდა დავიწყოთ, რაც ახლა გითხარი, ძალიან შრომატევადი საქმიანობაა, მაგრამ სხვა გზა არაა.

– ამ საქმეს, ალბათ, ბევრი ხალხი და ფული დასჭირდება, მაგრამ რაც საჭირო იქნება, ვიშოვი ოღონდ, ჩემი თოკას მკვლელს მივაგნოთ.

– დიდი არაფერი დაჯდება და არც ბევრი ხალხის ჩარევაა საჭირო და სასურველი. მობილურ კომპანიებში ნაცნობი მყავს და ამონაწერებს მე მოვიპოვებ. სასაზღვრო დეპარტამენტსა და რეესტრშიც მაქვს კავშირები და იქიდანაც ამოვიღებ საჭირო ინფორმაციებს. გაშიფვრაში კი ერთ საიმედო თანამშრომელს დავიხმარებ. მერე კი ვნახოთ. იმედია, ფორტუნაც დაგვეხმარება.

თემურს ცრემლები მოადგა თვალზე და ზურაბ დოლიძეს უთხრა:

– ვალში არ დაგრჩები, ზურიკო. ეს საქმე გამოვიდეს და მე ვიცი...

– რის ვალი, არ გრცხვენია, თემო? – თავი გააქნია დოლიძემ და დაამატა, ხვალიდანვე შევუდგები ამ საქმეს.

***

მთელი იმ ინფორმაციის მოპოვებას, რაზედაც უშიშროების ყოფილი მაიორი ლაპარაკობდა, ორი კვირა დასჭირდა. ყველაფერი რომ ხელთ ჰქონდათ, დოლიძე, თემო და ზურაბის ახალგაზრდა თანამშრომელი ნუგზარ ხვიჩია იმ ავბედით საღამოს განხორციელებული მობილური ზარების გაშიფვრა-დალაგებას შეუდგნენ. გაირკვა, რომ მაინცდამაინც ბევრი ზარი არ იყო განხორციელებული, სულ რაღაც 160. როდესაც დრო, ნომრები და ლოკაციები დაალაგეს, ყურადღება ერთმა ნომერმა მიიპყრო, რომელმაც სამჯერ სხვადასხვა ლოკაციიდან დაურეკა ერთ-ერთ წვეულებაზე მყოფ გოგონას, ვინმე გურანდა ჯაშს. პირველი ზარი წვეულების დაწყებისთანავე, 18 საათსა და 15 წუთზე იყო განხორციელებული გლდანის მასივიდან. მეორე ზარი 19 საათსა და 50 წუთზე განხორციელდა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან. ხოლო მესამე ზარი კი – 21 საათსა და 55 წუთზე, მზიურის მიმდებარე ტერიტორიიდან. ნომერი, საიდანაც დარეკეს, სულხან ჭელიძეს ეკუთვნოდა.

ყველაფერი რომ დაალაგეს, ხვიჩიამ დოლიძეს უთხრა:

– ბატონო ზურაბ, ჩემი ვარაუდით, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიებიდან დამრეკავი მესამედ თორნიკე ჯანელიძეს ელაპარაკა და შეხვედრაზე გაიყვანა, ხოლო პირველი და მეორე დარეკვისას კი – გურანდას. პირველი და მეორე ზარების შემდეგ საუბრები 6 და 9 წუთი გრძელდებოდა. მესამე საუბარი კი – 35 წამი.

– მივხვდი, რასაც გულისხმობ, – თქვა დოლიძემ და დააყოლა, – დამრეკი იმ გოგონას, სავარაუდოდ, დაძაბული ესაუბრებოდა, თოკას კი მოკლედ უთხრა, შემხვდიო და თოკაც წავიდა.

– ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ საქმე ქალს ეხებოდა და მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა? – იკითხა თემურმა.

– კი. დაახლოებით, ასე ვფიქრობთ, – მიუგო ზურაბმა თემურს და დაამატა, – ეს ქალ-ვაჟი უნდა გადავამოწმოთ. ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

რეესტრიდან და სასაზღვრო დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციების ანალიზმა აჩვენა, რომ თორნიკეს მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ სულხან ჭელიძე საბერძნეთში გაემგზავრა და საქართველოში ორი თვის წინ დაბრუნდა. ყველაზე საგულისხმო კი ის იყო, რომ საბერძნეთში სამი თვის შემდეგ გურანდა ჯაშიც გაემგზავრა, თუმცა მისი უკან დაბრუნების მონაცემები არ იყო დაფიქსირებული. კიდევ ერთხელ რომ გაიაზრეს ყველაფერი, დოლიძემ ხვიჩიას უთხრა:

– ნუგზარ, შენ მაგ გურანდა ჯაშის ასავალ-დასავალი უნდა დაადგინო და მის ოჯახში მოგიწევს მისვლა. მე კი ჭელიძეს მივხედავ.

– მე რა გავაკეთო? – იკითხა თემურმა.

– უნდა დაგველოდო, თემო. ვნახოთ, რას გავარკვევთ მე და ნუგზარი და შემდეგ გადავწყვიტოთ, თუ რა ვქნათ.

ხვიჩია კვალს მიჰყვა და გლდანში, გურანდა ჯაშის ბინაში მივიდა, სადაც მხოლოდ მისი მოხუცებული ბებია დახვდა. ლოგინში მწოლიარე ქალმა ნუგზარს უთხრა:

– მთელი ცხოვრება შევალიე ჩემი შვილიშვილის აღზრდას. ობოლია, მარტო ვზრდიდი და ასე გადამიხადა. საზღვარგარეთ მივდივარო, მითხრა და წელიწადზე მეტია, არ გამოჩენილა. სადაა და რას აკეთებს, არ ვიცი. ეჰ, შვილო, არავის არ უნდა გადაჰყვე...

როგორც ზურაბ დოლიძემ გაარკვია, სულხან ჭელიძეც გლდანელი იყო და გურანდას კორპუსიდან ერთი კვარტალის მოშორებით ცხოვრობდა, სულხანი უდედმამო ბავშვთა სახლში ყოფილა გაზრდილი. მამამისს ცოლი მიუტოვებია. ქალი მალევე გარდაცვლილა და მამიდას ის ბავშვთა სახლში ჩაუბარებია. ხოლო, როცა მამიდამისიც გარდაიცვალა, გლდანის სამოთახიანი ბინა ბიჭს დარჩენია. ერთ-ერთმა მეზობელმა ზურაბს უთხრა:

– ძალიან უცნაური, კარჩაკეტილი ვინმეა. გამარჯობის თქმა კი იცოდა, მაგრამ სამეზობლოში არავისთან ახლობლობდა.

– იცოდაში რას გულისხმობთ?

– აქ აღარ ცხოვრობს. ორი თვეა, რაც ბინა გაყიდა და სად გადასახლდა, არ ვიცი. მანამდე კი მე მგონი, უცხოეთში იყო წასული, მაგრამ სად, არ ვიცი.

– ცოლ-შვილი ჰყავს?

– არა, – თავი გააქნია მეზობელმა და დაამატა, – თუმცა, ვინ იცის. ხომ გითხარით, ისეთი ვინმეა, რომ მის გზა-კვალს ვერ გაიგებ.

დოლიძე წყნეთის ბავშვთა სახლსაც ეწვია, სადაც ჭელიძე გაიზარდა და იქაც თითქმის ისევე დაუხასიათეს სულხანი, როგორც მეზობელმა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა კი მას უთხრა:

– ერთ-ერთი ბავშვი, ვისთანაც მეგობრობდა, ლუიზა კოპაძე იყო. საწყალ გოგონას ცალი თვალი გაფუჭებული ჰქონდა და ვფიქრობ, რომ ეცოდებოდა. ეჰ, გარდაცვლილია ის უბედური. თურმე, საბერძნეთში რაღაც ინფექცია დამართნია და რომ ჩამოვიდა, ერთი თვის მერე დალია სული. გვიან გავიგე, დასაფლავებასაც კი ვერ დავესწარი.

საბერძნეთის ხსენებამ დოლიძე დააფიქრა. სასაზღვრო დეპარტამენტში გადაამოწმა და გაიგო, რომ ჭელიძეს და ლუიზა კოპაძეს ერთი და იმავე დღეს გადმოუკვეთავთ საზღვარი და საქართველოში შემოსულან. რეესტრში კი დოლიძემ დაადგინა, რომ სულხან ჭელიძეზე სოფელ გლდანულაში, ახლად ნაყიდი კერძო სახლი იყო რეგისტრირებული.

როდესაც მაძებართა სამეული კვლავ შეიკრიბა და ყველაფერი გააანალიზა, თემურმა თქვა:

– დროა, რომ ეს სულხან ჭელიძე გავიცნო.

– თემო, – თქვა დოლიძემ და დაამატა, – ჯერ ადრეა და ნუ ვიჩქარებთ. გასარკვევია, სადაა ახლა გურანდა ჯაში. თუ ისევ საბერძნეთშია და სხვაგან არ გადასულა, იმედია, აუცილებლად მივაგნებთ და მისგან გავიგებთ ყველაფერს, ანუ, რა მოხდა იმ ავბედით ღამეს.

თემურ ჯანელიძე დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილის მკვლელი სულხან ჭელიძე იყო. თვალები მძვინვარე ვეფხვივით ანთებოდა და ერთი სული ჰქონდა, ის ბიჭი ენახა და მისი პირიდან გაეგო, რა მოხდა. დოლიძე მშვენივრად ხედავდა, თუ რა დღეში იყო თემური და გაუმეორა:

– თემო, სიჩქარე საქმეს წაახდენს. შეიძლება, არასწორ დასკვნებს ვაკეთებთ და სანამ გურანდა ჯაშს არ ვნახავთ, არაფერი უნდა მოვიმოქმედოთ.

– კი. მართალი ხარ, – მიუგო თემურმა დოლიძეს.

***

თემურ ჯანელიძემ მანქანა ჩაბნელებულ ფარდულთან გააჩერა და ფეხით განაგრძო გზა. სულხან ჭელიძის კარ-მიდამო სოფლის ბოლოში, ფაქტობრივად, უკაცრიელ ადგილზე მდებარეობდა. შვილმკვდარი მამა ორი დღის განმავლობაში სწავლობდა სოფლის მოსახლეობის სახლებისა და ეზოების განლაგებას და გეგმაც შეიმუშავა. შუაღამე სრულდებოდა, როდესაც უძაღლო ეზოში უკანა ღობიდან გადაძვრა და უკუნეთ ღამეში ფრთხილად მიიწევდა წინ. თემური დარწმუნებული იყო, რომ ჭელიძე სახლში მარტო იმყოფებოდა. ამიტომ, ჩუმად შეპარვას, მის მოხელთებასა და გამოტეხვას გეგმავდა, რაც საშინელი შურისძიებით უნდა დასრულებულიყო. სახლის მარჯვენა კუთხეს რომ მიაღწია, კარი გაიღო და მან ჭელიძე დაინახა, რომელიც იქვე, კიბეზე ჩამოჯდა და სიგარეტი გააბოლა. თამურმა „მაკაროვი“ ამოაცურა. ჭელიძე თავში ტარის ჩარტკმით გათიშა და სახლში შეათრია. შემდეგ სასტუმრო ოთახში, უზარმაზარ სავარძელში ჩასვა, წინ დაუდგა და დაელოდა, სანამ ის თვალს გაახელდა. ჭელიძე რომ გამოფხიზლდა და თემური დაინახა, ირონიულად გაეცინა და უთხრა:

– შენ, ალბათ, თორნიკე ჯანელიძის მამა ხარ. ხომ არ მეშლება?

– ამ სიტყვებით საბოლოოდ გაყიდე საკუთარი თავი და თუკი ოდნავი ეჭვი მაინც მეპარებოდა, ახლა დავრწმუნდი, რომ ჩემი თოკა შენ მოკალი.

– კი. მე მოვკალი.

– რატომ, შე დამპალო, რა დაგიშავა?

– პრინციპში, არც არაფერი და ახლა მივხვდი ამას. მაშინ კი სხვაგვარად ვფიქრობდი. მეგონა, გურანდას წამართმევდა. ის კი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მიყვარდა. ახლა კი გურანდა აღარ მყავს და მიდი, დროზე ქენი შენი საქმე და წადი, თორემ ჩემი მეგობრები უნდა მოვიდნენ, საყაჩაღოდ მივდივართ და ვერ გაასწრებ.

თემური არ მოელოდა ასეთ პასუხს და ინსტინქტურად ჰკითხა:

– რა დაემართა გურანდას?

– საბერძნეთში მოკვდა ვირუსით და იქვე დავმარხეთ. მისი ცხედარი არ გამომატანეს. მიდი, რაღას ელოდები. მიმაღებინე ჩემი კუთვნილი. ფეხებზე მკიდია სიცოცხლე. ამქვეყნად მეტი არავინ მყავს და ღირსი ვარ. მომივიდა ხმები, ციხეში გითქვამს: მკვლელს ვიპოვი და დედაბუდიანად გავწყვეტო, მაგრამ იმედები გაგიცრუვდა, არავინ მყავს და გააკეთე შენი საქმე, მიდი, ჩამაძაღლე!

– მასეც ვიზამ, მაგრამ ჯერ ის მითხარი, რატომ მოკალი, – ხმას აუწია თემურმა.

– ჩუმად, ნუ ყვირი და გეტყვი. შეიძლება, ვინმემ გაიგონოს შენი ხმა და დაიწვები, თითქმის ჩურჩულით თქვა ჭელიძემ და დაამატა, – შენთვის ვამბობ ამას, თორემ მე სიცოცხლე აღარ მინდა.

– თქვი, გისმენ!

– გურანდას არ მოსწონდა, რომ მე კრიმინალებთან ვიყავი. მან იცოდა, რომ ღამღამობით ადამიანებს ვძარცვავდი და ამით გამქონდა თავი. ყოველთვის შენს შვილს მიყენებდა მაგალითად და გაიძახოდა, თოკა ასეთი კარგია და თოკა სამაგალითოაო. იმ დღეს ვთხოვე, რომ წვეულებაზე არ წასულიყო, რადგან ვიცოდი, თოკაც იქ იქნებოდა და ძალიან ვეჭვიანობდი, მან კი მითხრა, მოდი და თოკას გაგაცნობო. ამან კი უკიდურესად გამამწარა. ერთხელ დავურეკე და ვთხოვე, წამოდი-მეთქი, მაგრამ ფეხებზე დამიკიდა. მეორედაც იგივე მითხრა. მესამედ კი დავურეკე და ვუთხარი, თოკას მიაწოდე ტელეფონი-მეთქი და თოკა რომ დამელაპარაკა, მზიურთან ჩამოსვლა ვთხოვე, უნდა გაგიცნო-მეთქი და რომ ჩამოვიდა, მოვკალი. მანამდე კი ერთი ბოთლი არაყი გამოვცალე.

– მარტო იყავი იქ, თუ ვინმე გეხმარებოდა?

– მარტო ვიყავი.

– შემთხვევით, ცალთვალა ლუიზაც ხომ არ გახლდა, შენი მეგობარი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა?

ლუიზა კოპაძის ხსენებაზე ჭელიძე შეცბა. პაუზა გააკეთა და ჩაფიქრდა. შემდეგ მოულოდნელად სავარძლიდან წამოხტა და თემურისკენ გაექანა, მაგრამ „მაკაროვის“ ტყვიამ მას გული გაუგლიჯა და ადგილზევე დალია სული.

თემური მკვეთრად შეტრიალდა და სახლიდან გასვლა დააპირა, მაგრამ მეზობელი ოთახიდან ჩვილის ტირილი გაიგონა და შეცბა. ჯერ მოკლულს დახედა, შემდეგ ოთახში შევიდა და საბავშვო ეტლში მწოლიარე, ატირებული ჩვილი დაინახა.

– ღმერთო ჩემო, შვილი ჰყოლია. აი, რატომ ჩურჩულებდა. ბავშვი გასროლის ხმამ გააღვიძა, – აღმოხდა თემურ ჯანელიძეს და მტირალ ჩვილს დააცქერდა.

პატარა ბავშვი სულხან ჭელიძისა და გურანდა ჯაშის შვილი იყო. გოგონამ საბერძნეთში იმშობიარა და მშობიარობას გადაჰყვა. ჭელიძეს მისი ცხედარი პანდემიის გამო საქართველოში არ გამოატანეს. ბავშვი კი ლუიზა კოპაძემ ჩამოიყვანა და მას მალულად უვლიდნენ, რადგან ჭელიძეს შურისძიების ეშინოდა და გრძნობდა, რომ ადრე თუ გვიან თოკას მკვლელობისთვის პასუხს მოსთხოვდნენ და ბავშვს ამიტომ მალავდა.

***

ოთხი საათი სრულდებოდა, თემური რომ სახლში დაბრუნდა. მანქანა ჩიხში დააყენა და მეორე სართულზე ფეხაკრეფით ავიდა. მთელ ეზოს ეძინა, მხოლოდ ეკა ფხიზლობდა და მას ელოდებოდა. სახლში რომ შევიდა, ეკამ გაოცებით ჰკითხა:

– ეგ რა არის, თემო, ხელში რა გიჭირავს?

– ჩვენი შვილია. ჩაიბარე....

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა