ბავშვი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 10.06, 2023 წელი
![ბავშვი ბავშვი](/files/2023/06/02/7776/bavshvi_w_h.jpeg)
თემურმა შვილის ცხედართან დაიჩოქა. მიცვალებულს სახე დაუკოცნა და ჩასჩურჩულა:
– მაპატიე, მამიკო, რომ იმ წყეულ დღეს შენ გვერდით არ ვიყავი. შენს სულს ვფიცავ, მკვლელს ვიპოვი და მის სისხლს დავლევ.
მწუხარებისგან განადგურებული მამა ფეხზე წამოდგა. შეტრიალდა და საკმაოდ შორს მდგომი საბადრაგო მანქანისკენ უკანმოუხედავად გაემართა. გისოსებიან კაბინაში ჩაჯდა და თქვა:
– წავედით!
– თემო, ძმაო, შეგიძლია, ქელეხშიც დარჩე. ყველაფერს რომ დაასრულებ, უკან მაშინ დავბრუნდეთ. ჩვენ არც კი გამოვჩნდებით და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს დაგელოდებით, – უთხრა თემურს საბადრაგო ჯგუფის უფროსმა.
– არა. გმადლობთ. წავედით! – მიუგო თემურმა.
***
39 წლის თემურ ჯანელიძემ 20 წლის ერთადერთი ვაჟის მკვლელობის ამბავი ციხეში შეიტყო. ექვსწლიან პატიმრობას ის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით იხდიდა და გათავისუფლებამდე 18 თვე ჰქონდა დარჩენილი. ყველაფერი კი რესტორანში მომხდარ ჩხუბს მოჰყვა. თემური ძმაკაცებთან ერთად ქეიფობდა. მეზობელ სუფრასთან კი სხვა ჯგუფი ვახშმობდა. მათი ერთ-ერთი შეზარხოშებული წევრი თემურის ძმაკაცს გამოეცნაურა. გვერდზე გაიყვანა და რამდენიმე წლის წინ მომხდარი კონფლიქტი გაუხსენა. მათ შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. თემური ჯერ გამშველებლის როლში იყო, მაგრამ ჩხუბის ამტეხმა თემურის ერთ-ერთი მეგობარი დანით დაჭრა. მეორეს კი დანა ისე მოუქნია, რომ არა თემური, პირდაპირ გულში ჩასცემდა, თუმცა ვერ მოასწრო, რადგან თემურმა ძლიერი დარტყმით ძირს დასცა. თემურის მეორე ძმაკაცი კი ძირს დაცემულ, დანამომარჯვებულს ზემოდან დაახტა და შემთხვევით მისივე დანა ყელში ჩაასო. დანაჩასობილთან პირველი თემური მიიჭრა და მისი დახმარება სცადა, თუმცა მას საძილე არტერია ჰქონდა გადაჭრილი და ექიმების მოსვლამდე გარდაიცვალა. თემური, ფაქტობრივად, უდანაშაულო იყო, მაგრამ სასჯელს მაინც ვერ ასცდა და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაშინ თემურის ერთადერთი ვაჟი, თორნიკე, 15 წლის იყო. 10 წლიდან მოყოლებული, თემური ერთადერთ ვაჟიშვილს მარტო ზრდიდა და მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა. თემურის მეუღლე ავტოავარიაში დაიღუპა. იმ ავბედით დღეს თემური და მისი ცოლ-შვილი ბათუმიდან თბილისში მანქანით ბრუნდებოდნენ. ზესტაფონს რომ გამოსცდნენ, ბავშვმა დედას უთხრა:
– მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, ტუალეტი მინდა და სადმე გამიჩერეთო.
თემურმა მანქანა გზის პირას, ფიჭვნართან შეაჩერა. თორნიკე გადავიდა და ტყისკენ გაიქცა. დედამისი აპირებდა, რომ ბავშვს გაჰყოლოდა, მაგრამ ის თემურმა შეაჩერა:
– თუ შენც არ გინდა ტუალეტი, მაშინ აქ დარჩი. მე გადავალ. თოკა უკვე დიდი ბიჭია და სირცხვილია, რომ ტუალეტში დედა გაჰყვეს. თანაც, მეც დავიცლი შარდის ბუშტს.
ქალი მანქანაში დარჩა. თემური შვილს გაჰყვა და უკან ბრუნდებოდნენ, როდესაც საშინელი ხმა გაისმა და მამა-შვილმა დაინახა, თუ როგორ გაფრინდა კლდეებზე მათი მანქანა, უკან კი მას დამჯახებელიც მიჰყვა. თემურის მეუღლეც ადგილზევე დაიღუპა და ავარიაში დამნაშავე მძღოლიც, რომელიც ისეთი მთვრალი იყო, რომ დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა.
***
ამ საშინელმა ტრაგედიამ თემური შოკში ჩააგდო და ვინ იცის, რა დაემართებოდა, რომ არა პატარა თოკა. დაქვრივებულ კაცს სწორედ ბავშვზე ზრუნვამ გადაატანინა ეს უბედურება. მთელი არსით მის აღზრდაზე გადაერთო და არაფერს აკლებდა. ხოლო ციხეში რომ მოხვდა, თოკას აღზრდა ეკა ძიძიგურმა ითავა. ეკა თემურის კარის მეზობელი და თანაკლასელი იყო, რომელსაც თემური პირველი კლასიდან უყვარდა. ბიჭმა ეს იცოდა, მაგრამ ყოველთვის ისე ექცეოდა, როგორც უახლოეს მეზობელსა და მეგობარს. ეკა კი ცალმხრივად იტანჯებოდა, თუმცა, როდესაც თემურმა ცოლი მოიყვანა, გოგონამ გულწრფელად მიულოცა მას გაბედნიერება და თემურის მეუღლე მისი უახლოესი მეგობარი გახდა. ხოლო როდესაც თოკა დაიღუპა, ეკა ძაძებით შეიმოსა და ბიჭის ტრაგიკულ გარდაცვალებას დედასავით განიცდიდა.
თორნიკე ჯანელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც ის გამოძიებით დაუდგენელმა პირმა სიცოცხლეს გამოასალმა. იმ დღეს თოკას კურსს ბოლო გამოცდა ჰქონდა. ეკამ ის ასაუზმა და სახლიდან გაისტუმრა. ბიჭს რომ შეაგვიანდა, ეკამ დაურეკა, თუმცა არავინ პასუხობდა. ბოლოს კი ტელეფონი გათიშული იყო და ქალმა მისი ძებნა დაიწყო. ეკამ ყველა და ყველაფერი ააწიოკა და ბოლოს მის ცხედარს პროზექტურაში მიაგნო. ბიჭს ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული გულში, დანა მას ზურგიდან ჰქონდა დარტყმული.
პოლიციამ თოკას ცხედარი მზიურში, მდინარე ვერეს პირას აღმოაჩინა. გამოძიება მაშინვე დაიწყეს, მაგრამ ვერც რაიმე ხელჩასაჭიდი აღმოაჩინეს და არც თორნიკე ჯანელიძის ნაცნობ-მეგობრებმა იცოდნენ რაიმე. ყოველ შემთხვევაში მათმა დაკითხვებმა გამოძიება მკვლელის კვალზე ვერ დააყენა და საქმე ერთწლიანი ძიების შემდეგ თაროზე შემოდეს. ექვსი თვის შემდეგ კი თემურ ჯანელიძეს პატიმრობის ვადა ამოეწურა და ციხიდან გათავისუფლდა.
***
სასჯელმოხდილი თემური გლდანის ციხიდან კუკიის სასაფლაომდე ფეხით მივიდა, შვილის საფლავი მოძებნა და იქ საღამომდე დარჩა.
თემური სოლოლაკში ცხოვრობდა, მაჩაბლის ქუჩაზე და სანამ სახლში მივიდა, უკვე შუაღამეს იყო გადაცილებული. მშობლიურ ქუჩას რომ მიადგა, ნაბიჯი შეანელა. იქაურობა შეათვალიერა, შემდეგ ქვევით დაეშვა და პატარა ჩიხში შეუხვია. იტალიურ ეზოს უკნიდან შემოუარა და ვიწრო სადარბაზოდან მეორე სართულზე ავიდა. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ეზოს წინ მისი უბნელები იდგნენ და მათ მოერიდა. თემურს არავის ნახვა არ უნდოდა და თავისი ბინისკენ უხმაუროდ გაემართა. სახლის გასაღები კვლავ ჩვეულ ადგილზე, კარის გვერდით მიმაგრებულ კარადაში იდო. მან ფრთხილად გააღო კარი და ბინაში შევიდა. სინათლე არ აუნთია, რადგან ეკა აუცილებლად დაინახავდა და მასთან მივიდოდა. თემურს იმ წუთას ეკასთანაც არ უნდოდა შეხვედრა. ამიტომ პირდაპირ საძინებლისკენ გაემართა, შევიდა, კარი მიხურა და რადგან ოთახი უფანჯრო იყო, შუქი ჩართო. თუმცა, ადგილზევე გაქვავდა, რადგან მის საწოლში ეკას ეძინა. ქალი სინათლემ გააღვიძა. საწოლზე წამოჯდა და თემურის დანახვაზე შეცბა.
– ეკა, შენ?! – თქვა თემურმა და მეზობელს ნაღვლიანად გაუღიმა.
– თემო, ჩემო ძვირფასო, მოხვედი? მე მეგონა, ხვალ გამოგიშვებდნენ. სახლი დავალაგე და აქვე დავრჩი. ძალიან დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა. ახლავე ავდგები, – თქვა ეკამ, რომელიც საწოლში შავ სამოსში გამოწყობილი იწვა.
თემო ქალს მიუახლოვდა, შუბლსა და ლოყებზე აკოცა, თავხე ხელები გადაუსვა და უთხრა:
– იწექი. როგორ ხარ?
ეკას ქვითინი აუტყდა და გამწარებული ამბობდა:
– მაპატიე, თემო, რომ შენს შვილს ვერ მოვუარე და ცოცხალი ვერ დაგახვედრე. მაპატიე, ძვირფასო... ნეტავ მე მოვეკალი და თოკა ცოცხალი დარჩენილიყო.
თემური საწოლზე ჩამოჯდა და უხმოდ უსმენდა ქალის ქვითინს. ბოლოს კი უთხრა:
– კარგი, გეყოფა, დამშვიდდი, თოკას სიკვდილი რა შენი ბრალია? ასეთი ბედისწერა მქონია: ჯერ ნატა, შემდეგ – თოკა. შენ რა შუაში ხარ. კარგი, კარგი...
ქვითინი რომ დაასრულა, ეკა საწოლიდან წამოდგა. ტანსაცმელი გაისწორა და თემურს უთხრა:
– საჭმელს გაგიმზადებ, მოშიებული იქნები.
– სასმელი ხომ არ გაქვს, შემთხვევით? – იკითხა თემურმა.
– კი. ღვინოც მაქვს და არაყიც. რომელს დალევ? – ჰკითა ეკამ.
– ორივე გამოიტანე. მაგრამ ფრთხილად, ვინმე არ გააღვიძო, თორემ, თუ გაიგეს, რომ გამოვედი, ყველა აქ შემოვა. მე კი ახლა არავის ნახვა არ მინდა, – თქვა თემურმა.
– გარეთ გასვლა არაა საჭირო. ყველაფერი აქ მაქვს, ხუთ წუთში სუფრა მზად იქნება. შენ კი მანამდე ხელები დაიბანე და სამზარეულოში შემოდი, – უთხრა ეკამ თემურს.
– ცხელი წყალი გაქვს? – იკითხა თემურმა.
– კი, როგორ არა? – მიუგო ქალმა.
– მაშინ, ვიბანავებ. ცოტა სულს მოვითქვამ, თორემ აღარ შემიძლია.
– ახლავე, თემო, – თქვა ეკამ და კარადიდან პირსახოცი და საშინაო სამოსი გამოუღო, თემურს მიაწოდა და დაამატა, – ეგ ტანსაცმელი სააბაზანოში დაყარე და გავრეცხავ.
სანამ თემური ციხეში იჯდა, ეკა ოჯახის დიასახლისივით უვლიდა მის ბინას. სანამ თოკა ცოცხალი იყო, ქალი, ფაქტობრივად, ჯანელიძეების ბინაში დასახლდა და ბიჭს მშობელი დედასავით პატრონობდა. ხოლო, როცა თოკა უკვე აღარ იყო, ეკა არც მაშინ მოშორებია იქაურობას და უფრო ხშირად იქ იძინებდა, ვიდრე საკუთარ სახლში. ეკა ძიძიგურის დედ-მამა კინოხელოვანები იყვნენ. „ჰოლივუდში“ მუშაობდნენ და შეერთებულ შტატებში ცხოვრობდნენ. ისინი თავიანთ ერთადერთ ქალიშვილს სკაიპით თითქმის ყოველდღე ეკონტაქტებოდნენ და ამერიკაში ჩასვლასა და იქ ცხოვრებას სთხოვდნენ, მაგრამ ქალი სასტიკ უარზე იყო. მას თემურის სიახლოვეს უნდოდა ყოფნა და ვერანაირი ძალა ვერ აიძულებდა, რომ მშობლების ნებას დაჰყოლოდა.
– დედიკო, – უმეორებდა ქალიშვილს დედა, – ასაკში ხარ, უკვე დიდი ხნის გათხოვილი უნდა იყო და თუ დროზე არ დაოჯახდი, მერე გვიან იქნება. დაანებე თემურს თავი, არ უნდიხარ ამ კაცს და ძალაა? ხომ გინდა, რომ შვილებს მოესწრო და გაზარდო? ჩამოდი აქ. შენი ხასიათისა და გარეგნობის გოგოს სანთლით ეძებენ. გათხოვდი, შვილები გააჩინე და სიბერე დაგვიტკბე.
– კარგი, დედა, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. შენ ის მითხარი, როგორ ხართ, როგორ მიდის თქვენი საქმეები. ჰოლივუდის ვარსკვლავები მომიკითხე, – პასუხობდა დედას ეკა და საუბრის თემა სხვა თემაზე გადაჰქონდა.
ეკას სიყვარულის ამბავი არა მარტო დედ-მამამ, არამედ მთელმა სოლოლაკმა იცოდა. უბნელები აფასებდნენ გოგონას და უბატონოდ ხმას ვინ გასცემდა. არადა, პირმშვენიერი და კეთილშობილი ქალი ბევრს ჩავარდნოდა გულში.
თემური რომ სააბაზანოდან გამოვიდა, ღამის 2 საათიც შესრულდა. ეკას სუფრა უკვე გაწყობილი ჰქონდა და ნაირ-ნაირ კერძებთან ერთად ერთი ბოთლი წითელი ღვინო და ჭაჭით სავსე ნახევარლიტრიანი ვიწროყელიანი გრაფინი იდგა.
– მიირთვი, თემო, – უთხრა ქალმა. წითელი ღვინო ჭიქებში ჩამოასხა და დაამატა, – პირველს მე ვიტყვი.
– თქვი, – თავი დაუქნია თემურმა.
– ციხიდან შენს გათავისუფლებასა და შენ გაგიმარჯოს! – თქვა ეკამ და ღვინით სავსე ჭიქა გამოსცალა.
თემურმა ჭიქა ასწია და მიუგო:
– შენ გაგიმარჯოს, ჩემო ეკა! იდეალური გოგო ხარ, ერთგული, პატიოსანი და მოსიყვარულე. იდღეგრძელე და გაიხარე!
– მადლობა, თემო. მიირთვი, – გაიღიმა ეკამ და თემურს სიყვარულით სავსე მზერა მიაპყრო.
თემურმა ორიოდე ლუკმა შეჭამა, შემდეგ გრაფინს თავსახური მოხადა და სანამ 70-გრადუსიან ჭაჭას ვიწრო ყელიდან სულმოუთქმელად ყელში ჩაცლიდა, თქვა:
– ჩემი თოკას სული აცხონოს უფალმა ღმერთმა, განათლებული იყოს ზეცის სასუფეველში! მის მკვლელს კი მოვძებნი და მაგის სისხლს დავლევ.
ეკა უხმოდ ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ გამოცალა თემომ ნახევარლიტრიანი ჭაჭით სავსე გრაფინი. ცოტა ხანში თემურს სასმელი მოეკიდა. დაღლილობამ, ნერვიულობამ და მაგარმა სასმელმა მას კისერი მოსწყვიტა და თავი ჩაქინდრა. ეკამ ის სკამიდან წამოაყენა და საწოლთან მიიყვანა. ტანზე გახადა, დააწვინა. საბანი დააფარა, სასთუმალთან ჩამოუჯდა და დილამდე თვალი არ მოუხუჭავს. გოგონა მონატრებული იყო თემოს და მთელი ღამე მის ცქერაში გაატარა.
***
თემურს თითქმის შუადღეზე გაეღვიძა, საწოლზე წამოჯდა, მიმოიხედა და გაიფიქრა, – ეკა, ალბათ, თავის ბინაში გავიდა და სძინავსო, მაგრამ ამ დროს ოთახში ეკა შემოვიდა და მას უთხრა:
– გაიღვიძე, თემო? დილა მშვიდობისა!
– დილა მშვიდობისა, ეკა!
– საუზმე მზადაა და წამოდი.
თემური ჯერ სააბაზანოში შევიდა და ხელ-პირი დაიბანა. შემდეგ სამზარეულოში გადაინაცვლა და ეკას ნაღვლიანი მზერა მიაპყრო. ერთხანს უხმოდ მისჩერებოდა და ბოლოს უთხრა:
– ეკა, საყვარელო, ცოლად გამომყვები?
ქალს სახე გაუცისკროვნდა, თემურს უზომო სიყვარულით სავსე მზერა მიაპყრო და უპასუხა:
– სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ამას. არადა, ყოველღამე მესიზმრები.
– მერე?
– რა მერე, თემო, ცოლად კი არა და ცხრა მთას იქით გამოგყვები.
– ცხრა მთა იქით იყოს. ცოლად თუ გამომყვები.
– გამოგყვები. მე შენ უზომოდ მიყვარხარ! – თქვა ეკამ. თემურს მხრებზე შემოაჭდო ხელები, თავი მის მკერდში ჩარგო და სიხარულისგან ატირდა.
ეკამ და თემურმა მეორე დღესვე მამა დავითის ტაძარში დაიწერეს ჯვარი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან