ბასკომბის ველის საიდუმლოება
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 16.10, 2022 წელი

- არტურ კონან დოილი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #38-39(1135)
ეს იყო კრამიტის სახურავიანი ფართოდ გაშლილი ორსართულიანი კომფორტული შენობა, რომელსაც კედლებზე ყვითელი ხავსის დიდი ლაქები აჩნდა. დაშვებული ფარდები და უკვამლო ბუხრისთავები სახლს პირქუშ შესახედაობას მატებდა, თითქოს ის საშინელი დანაშაული მძიმე ლოდივით დასწოლიაო. კარზე დავაკაკუნეთ და ჰოლმსმა მოსამსახურე გოგოს სახლის პატრონის ის ფეხსაცმელი მოსთხოვა, რომელიც სიკვდილის დროს ეცვა. მერე ჯეიმს მაკართის ის ფეხსაცმელიც მოითხოვა, ტბორისაკენ მიმავალს რომ ჩაეცვა. ჰოლმსმა ფეხსაცმელები რვა თუ ცხრა ადგილას გაზომა და მერე ბასკომბის ველისაკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა.
კვალში ჩამდგარი შერლოკ ჰოლმსი ერთიანად გარდაიქმნა. სახეზე ხან ცეცხლი წამოენთებოდა, ხან სიშავე გადაჰკრავდა. თვალებში ფოლადის სიმტკიცე ჩასდგომოდა. თავი დახრილი ჰქონდა, მხრებში მოხრილიყო, ტუჩები მოეკუმა და ძარღვები დაჰბეროდა. ცხვირის ნესტოები ნადირის სუნნაცემი ძაღლივით უთრთოდა. სწრაფად და მდუმარედ მისდევდა იმ ბილიკს, რომელიც ტბორსა და ტყეს შორის იპოვა. მისი ყოველი ნაბიჯი საქმის ნათელ დაბოლოებას აჩქარებდა.
ბასკომბის ტბორი სიგანით ორმოცდაათი იარდი იქნებოდა, ნაპირები დაჭაობებული ჰქონდა და ჰეთერლეის ფერმასა და მდიდარ მიწათმფლობელ მისტერ ტერნერის პარკს შუა მდებარეობდა. ხშირფოთლოვანი ტყის სიმწვანიდან მისტერ ტერნერის წაწვეტებულკოშკებიანი სახლი მოჩანდა.
ჰოლმსი გეშაღებული მეძებარი ძაღლივით მირბოდ-მორბოდა, ბოლოს ლესტრეიდს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– რა სამძებრო სამუშაო ჩაატარეთ ტბორთან?
– დაკბილული ლარტყით მთელი ტბორი გადავჩხრიკეთ., მაგრამ...
– ოჰ, კმარა, კმარა! დრო აღარ ითმენს! თქვენ მარცხენა ფეხს რაღაცნაირად ატრიალებთ და მის კვალს ყველგან ტოვებთ. ოჰ, რა უბრალოდ ვიპოვიდით ყველაფერს, იმ კამეჩებისათვის აქ მოსვლა რომ დამესწრო. აი, აქ მეველის საყარაულოდან მოსულნი მდგარან და გვამიდან შვიდი ფუტის მანძილზე ირგვლივ ყველაფერი გადაუთქერავთ. – მან ლინზა ამოიღო, წყალგაუმტარ წამოსასხამზე დაწვა, რომ უფრო ახლოს ენახა ნაკვალევები და ისე განაგრძო საუბარი, თუმცა თავის თავს უფრო ელაპარაკებოდა, ვიდრე ლესტრეიდს. – აი, ახალგაზრდა მაკართის ნაფეხურები ორჯერ გავლილი ჩანს... ერთხელ ისე ჩქარა გაურბენია, რომ ტერფის წინა ნაწილის კვალი მიწას კარგად დამჩნევია. ქუსლების კვალი კი სულ არ იძებნება. ეს მის მონათხრობს ადასტურებს. ის გაქცეულა, როცა მიწაზე გაშხლართული მშობელი უხილავს. აქვეა გარდაცვლილის ნაფეხურები, მას ამ ადგილზე წინ და უკან უვლია. ეს კი თოფის კონდახის კვალია. ჰო, ჯეიმს მაკართი აქ მდგარა, როცა მამის საყვედურებს ისმენდა. ჰა, ჰა! ეს რაღა აღმოვაჩინე? ფეხის წვერების კვალი! რა უცნაური ოთხკუთხა ფეხსაცმელი სცმია! მოსულა, წასულა, ისევ დაბრუნებულა, ჰო, ალბათ წამოსასხამისათვის დაბრუნდა. მაგრამ საიდან მოვიდა?
ჰოლმსმა ისევ წინ და უკან სირბილი დაიწყო. ხან, თითქოს კარგავდა კვალს, ხან ისევ პოულობდა, და მანამდე ირბინა, ვიდრე ტყის პირას მდგარი ბებერი წიფლის ხის ქვეშ არ აღმოჩნდა. ჰოლმსმა აქაც იპოვა მის მიერ მკვლელობაში ეჭვმიტანილის კვალი, ისევ პირქვე დაწვა და ყურადღებით ჩააშტერდა. დიდხანს დახოხავდა მუცელზე დაწოლილი, მერე შეჩერდა, იქვე, ხავსზე ერთი უსწორმასწორო, დაკბილული ქვა ეგდო. ჰოლმსმა აიღო და კარგად გასინჯა. მერე ტყეში მიმავალ ბილიკს მიჰყვა და გზამდე გავიდა. იქ კი კვალი იკარგებოდა.
– ეს ძალიან საყურადღებო ქვაა, – თქვა მან სერიოზული ტონით. – ჩემი აზრით, მარჯვნივ მეველის სახლი უნდა იდგეს. მე მორანს მოვინახულებ, პატარა ბარათს დავწერ და წამოგეწევით.
ათი წუთის შემდეგ ეტლს უკვე როსისაკენ მივყავდით. ჰოლმსს ისევ ის ქვა ეჭირა ხელში, რომელიც წიფლის ქვეშ იპოვა.
– ამ ქვამ თქვენში გარკვეული ინტერესი უნდა აღძრას. ლესტრეიდ, მკვლელობა სწორედ ამ იარაღითაა ჩადენილი, – უთხრა ჰოლმსმა.
– მაგრამ ქვას არანაირი ნიშანი არ ამჩნევია. როგორ შეატყვეთ, რომ მკვლელობა ამ ქვით მოხდა?
– ქვის ქვეშ ბალახი ისევე თავისუფლად იყო ნაზარდი, როგორც თვითონ მის შემოგარენში. ვერც ის ადგილი ვიპოვე, საიდანაც ქვა აიღეს. ვინაიდან მკვლელობის სხვა იარაღი არაა აღმოჩენილი, ამ ქვას ბოროტმოქმედებასთან პირდაპირი კავშირი აქვს.
– მკვლელი ვინღაა?
– იგი მაღალია, ცაცია, მარჯვენა ფეხით კოჭლობს, მონადირის ჩექმებს ატარებს, რუხი წამოსასხამი ახურავს, მუნდშტუკით ეწევა ინდურ სიგარებს და ჯიბეში ბლაგვი დანა უდევს. კიდევ სხვა ნიშნებზეც შემიძლია მივუთითო, მაგრამ მის საპოვნელად ესეც კმარა.
ლესტრეიდმა ჩაიცინა.
– ძალიან კარგი თეორიაა, მაგრამ გავიწყდებათ, რომ ჩვენ საქმე უნიჭო ინგლისელ ნაფიც მსაჯულებთან გვექნება.
– ვნახოთ, – მშვიდად უპასუხა ჰოლმსმა. – თქვენ მუშაობის თქვენი მეთოდი გაქვთ, მე კიდევ – ჩემი. მგონია, საღამოს მატარებლით დღეს ლონდონში დავბრუნდები.
– და საქმეს შუა გზაზე მიატოვებთ?
– არა, დავამთავრებ. საიდუმლოება ამოხსნილია.
– მკვლელი ვინაა?
– ის ჯენტლმენი, რომელიც მე აგიწერეთ. იგი არც ისე ძნელი საპოვნელია. აქ ახლომახლო ბევრი ხალხი არ ცხოვრობს.
ლესტრეიდმა მხრები აიჩეჩა.
– არ შემიძლია, ძებნა დავუწყო კაცს, რომლის შესახებაც მხოლოდ ის ვიცი, რომ ცაციაა და მარჯვენა ფეხით კოჭლობს. მაშინ ხომ მთელი სკოტლენდიარდის სასაცილო შევიქნები.
– მე მკვლელობის საიდუმლოების გასაღები ხელთ მოგეცით, თუ საქმეში ჩახედვა არ გინდათ, ძალას ვერ დაგატანთ. აი, თქვენი სადგომიც და კარგად ბრძანდებოდეთ. წასვლის წინ წერილს მოგწერთ.
***
ჰოლმსი წყნარად ილუკმებოდა და ფიქრებში იყო წასული., ისე ჩამოსტიროდა ცხვირ-პირი, ეტყობოდა, რაღაც მძიმე და მტანჯველი აზრი აეკვიატა. როცა მაგიდა აალაგეს, მეგობარს უთხრა:
– ძვირფასო უოტსონ, რჩევა მინდა, გკითხოთ. როცა ამ საქმის განსჯას შევუდექით, ჩვენ მაკართის ჩვენებაში ორ პუნქტზე დავიწყეთ ჭოჭმანი. მე, როგორც გახსოვთ, ის ორი პუნქტი მკვლელობაში ეჭვმიტანილის სასარგებლოდ მივიჩნიე. ერთი ის, რომ მამამ „გოიი“, შვილის დანახვამდე დაიძახა, ხოლო მეორე ის, რომ მომაკვდავის უკანასკნელი სიტყვებიდან ჯეიმს მაკართიმ „თაგვი“ გაიგონა. ჩვენი კვლევა-ძიებაც ამ ორი პუნქტიდან უნდა დაიწყოს. „გოიის“ ძახილი იმ ადამიანისადმი იყო მიმართული, ვისთანაც მაკართის შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. „გოიი“ ავსტრალიურია და „მოდი, გელის“ ნიშნავს. ასე რომ, ამ შემთხვევაში მაკართის ძახილი ისე უნდა გავიგოთ, რომ იგი ავსტრალიელ ან ავსტრალიაში ნამყოფ და ნაცხოვრებ ადამიანს ელოდა.
შერლოკ ჰოლმსმა ჯიბიდან დაკეცილი ქაღალდი ამოიღო და მაგიდაზე გაშალა.
– ეს კოლონია ვიქტორიას რუკაა. მე ის ბრისტოლიდან გამოვითხოვე. – მან რუკის ერთ ნაწილს ხელი დააფარა, მერე უოტსონს მიუბრუნდა და ჰკითხა – აბა, რა წაიკითხეთ? დიახ, ესაა ის სიტყვა, რაც მკვლელს ჰქვია და რომლის მხოლოდ ბოლო ნაწილი გაიგონა ჯეიმს მაკართიმ. მომაკვდავს უნდოდა შვილისათვის ეთქვა თავისი მკვლელის სახელი. ეს სავსებით ნათელი ამბავია. ახლა თქვენ ხედავთ, რომ ბოროტმოქმედების არე თანდათან ვიწროვდება. მით უფრო, რომ არსებობს მესამე პუნქტიც – რუხი წამოსასხამი. ახლა ჩვენ მკვლელის შესახებ სამი მონაცემი გაგვაჩნია.
დღევანდელი ჩვენი ექსპედიციაც ერთ რამედ ღირდა. მიწაზე კვალის აღმოჩენითა და სხვა დაკვირვებით, მე შევძელი მკვლელის ვინაობის დადგენა, რაც გამოთაყვანებულ ლესტრეიდს განვუცხადე კიდეც.
– ცაციააო, საიდან მოიტანეთ?
– ქირურგის ჩვენებაში დაზიანების აღწერამ თქვენ თვითონ გაგაოცათ. უეცარი დარტყმა მოკლულს უკანა მხრიდან ჰქონდა მიყენებული და ისიც მარცხენა მხარეს. მამა-შვილის წალაპარაკების დროს იგი ხის ქვეშ მდგარა და სიგარაც კი გაუბოლებია. ადგილზე სიგარის ფერფლი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ მკვლელი ინდურ სიგარას ეწეოდა. მე გეტყვით მკვლელის გვარსა და სახელს...
– მისტერ ჯონ ტერნერი, – მოგვახსენა ოტელის მსახურმა და ოთახში ჯონ ტერნერს შემოუძღვა ოთახში შემოსულს უცნაური და დიდი შთაბეჭდილების მომხდენი შესახედაობა ჰქონდა. ფეხით სახიჩრობა და დაბლა ჩამოყრილი მხრები მნახველის თვალში ჯონ ტერნერს მოხუცებულ კაცად აქცევდა, ხოლო უზარმაზარი სხეული და უხეშად გამოკვეთილი სახის ნაკვთები მის ძლიერ ხასიათსა და დიდ ფიზიკურ ძალაზე მეტყველებდა. გაწეწილი წვერი, ჭაღარა თმა და დაფანჩული წარბები ამაყი და ძალაუფლებისმოყვარე კაცის შეხედულებას აძლევდნენ. სახეზე მოთეთრო ნაცრისფერი გადაჰკრავდა და ცხვირის ნესტოების ბოლოებსა და ტუჩებზე სილურჯე მორეოდა. როგორც კი შევხედე, მყისვე შევატყვე, მისთვის რაღაც უკურნებელ სენს დაერია ხელი.
– სავარძელში დაბრძანდით, – უთხრა ზრდილობიანად ჰოლმსმა. – ალბათ, ჩემი წერილი მიიღეთ?
– დიახ, მეველემ მომიტანა. მწერდით, რომ თქვენთან მოვსულიყავი, რათა თავიდან ამეცილებინა შერცხვენა და აურზაური. რაში დაგჭირდით? – ტერნერმა ისეთი სასოწარკვეთილი თვალებით გახედა ჰოლმსს, თითქოს დასმულ კითხვაზე პასუხი უკვე მიეღოს.
– მაკართის მკვლელობის ამბავი წვრილად ვიცი.
დასასრული შემდეგ ნომერში
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან