ბასკომბის ველის საიდუმლოება
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 02.10, 2022 წელი

- არტურ კონან დოილი
(იბეჭდება შემოკლებით)
მატარებელში ჩავსხედით თუ არა, ჰოლმსმა თან წამოღებულ გაზეთებს დაუწყო კირკიტი, ეტყობოდა, რაღაცას დაეძებდა. ხანდახან კითხვას წყვეტდა, ბლოკნოტში რაღაცას ინიშნავდა და მერე ფიქრს ეძლეოდა. უცებ ყველა გაზეთი ერთად დაახვია და ნივთების დასაწყობ ბადეზე დააგდო.
– მკვლელობა, რომლის გამოსაკვლევადაც ჩვენ მივემგზავრებით, უოტსონ, ძალიან აწეწილ-დაწეწილი საქმეა – შვილს მამის მკვლელობას აბრალებენ. ბასკომბის ველი ჰერდფორშირში სოფლის დასახლებაა და როსიდან ოდნავაა დაშორებული. ქვეყნის ამ ნაწილში ყველაზე დიდი მემამულე მისტერ ჯონ ტერნერია. მან ფული ავსტრალიაში იშოვა და სულ ცოტა ხანია, რაც ინგლისში დაბრუნდა. თავისი ფერმა მან არენდით მისცა ავსტრალიიდანვე ჩამოსულ მისტერ ჩარლზ მაკართის. მათ ერთმანეთი კოლონიაში გაიცნეს და სავსებით ბუნებრივი გახლავთ, რომ სამშობლოში დაბრუნებისთანავე მეზობლად დასახლდნენ. მართალია, ტერნერი გამდიდრდა და მაკართი მისი არენდატორი გახდა, მაგრამ ამ ურთიერთობას მათ მეგობრობაზე გავლენა არ მოუხდენია. მაკართის თვრამეტი წლის ვაჟიშვილი ჰყავდა, ხოლო ტერნერს ამავე ასაკის მხოლოდშობილი ქალიშვილი, ცოლები კი ორივეს დაეხოცათ. თითქოს ინგლისელთა ოჯახებთან ურთიერთობას გაურბიანო, მაკართებს მისვლა-მოსვლა არავისთან ჰქონდათ, თუმცა სპორტი ორთავე მამა-შვილს უყვარდა და დოღზე სისტემატურად დადიოდნენ. მათ ოჯახში ორი მსახური ტრიალებდა – ერთი კაცი და ერთიც ქალი. ტერნერს ექვსიოდე მსახური ჰყავს. აი, ყველა ის ცნობა, რისი შევსებაც ამ საქმის გარშემო შევძელი.
ივნისის სამ რიცხვში, გასულ ორშაბათს, მაკართი, დაახლოებით, სამ საათზე სახლიდან ბასკომბის ტბორის მიმართულებით წასულა. სახლიდან გასვლის წინ მსახურისთვის უთქვამს, ძალიან უნდა ვიჩქარო, რადგან სამ საათზე საქმიანი შეხვედრა მაქვს დანიშნული და მანამდე უნდა მოვასწრო როსში ჩასვლა და მობრუნებაო. ამ შეხვედრის შემდეგ კი ცოცხალი აღარ უნახავთ.
ჰათერლეის ფერმიდან ბასკომბის ტბორამდე მილის მეოთხედი მანძილია და ვიდრე ამ გზას გაივლიდა, იგი ორმა ადამიანმა ნახა: ერთმა მოხუცმა ქალმა, რომლის სახელი გაზეთებში გამოქვეყნებულ ცნობებში მოხსენიებული არაა, და მისტერ ტერნერის მეტყევემ, უილიამ კრაუდერმა. ორივე მოწმემ ძიებას ჩვენება მისცა, მისტერ მაკართი გზაზე მარტო მიდიოდაო. მეტყევემ ისიც განაცხადა, რომ მაკართისთან შეხვედრის შემდეგ ცოტა ხანში გზაზე მის ვაჟს, ჯეიმს მაკართის გადაჰყრია, რომელიც, მისი აზრით, ალბათ, მამას მიჰყვებოდა. ჯეიმს მაკართის მხარზე თოფი ჰქონია ჩამოკიდებული. ამ შეხვედრაზე აღარც მიფიქრია. მაგრამ საღამოს რომ მომხდარი ტრაგედიის ამბავი გავიგე, მაშინ გამახსენდაო, უთქვამს მეტყევეს.
მამა-შვილი მას მერეც უნახავთ ერთად, რაც ისინი უილიამ კრაუდერმა მხედველობიდან დაკარგა. ბასკომბის ტბორის გარშემო ხშირი, დაბურული ტყეა, ხოლო ტბორის ნაპირი ლერწმითაა დაფარული. მეველის ქალიშვილს, თორმეტი წლის პეიშენზ მორანს, რომელიც იმ დროს ტყეში ყვავილების საკრეფად ყოფილა, თავისი თვალით უნახავს ტბორის ნაპირზე მყოფი მამა-შვილი. მან ძიებას უჩვენა, ისინი საშინლად ჩხუბობდნენო. გოგონას თავისი ყურით გაუგონია, რა უშვერი სიტყვებით ლანძღავდა თურმე უფროსი მაკართი საკუთარ ვაჟს და დაუნახავს, როგორ აღმართა შვილმა ხელი მშობელზე. ისე შეშინებია, რომ შინ გაქცეულა და მათი ჩხუბის ამბავი დედისთვის უამბია. პეიშენზ მორანს დასრულებული არ ჰქონია სათქმელი, რომ მეველეს სახლში ახლა ჯეიმს მაკართი შევარდნილა და უთქვამს, მამაჩემი ტყეში ვიღაცას მოუკლავსო.
ძალიან აღელვებული ყოფილა, უთოფოდ და უქუდოდ შეჭრილა მეველის ქოხში, ხელზე კი შეუმშრალი სისხლის ლაქები ჰქონია. მეველე გაჰყოლია და უფროსი მაკართის გვამი ტბორის ნაპირას გაშხლართული უნახავს. მოკლულს თავის ქალა რაღაც ბლგვი და მძიმე იარაღით ჰქონია ჩაჩეჩქვილი. ასეთი რამ შეიძლებოდა მის შვილს თოფის კონდახის ჩარტყმით ჩაედინა. თვითონ თოფი იქვე, გვამიდან რამდენიმე იარდის დაშორებით გდებულა. ამ მამხილებელი ფაქტების ერთობლიობას ძიება იმ აზრზე დაუყენებია, რომ მომხდარი იყო განზრახ მკვლელობა, რაშიც ბრალდებულად ჯეიმს მაკართი უცნიათ.
ამჟამად ყველა და ყველაფერი თითქოს ჯეიმს მაკართის წინააღმდეგ მეტყველებს და არც ისაა გამორიცხული, რომ მკვლელი სწორედ ის აღმოჩნდეს, მაგრამ ისეთი ადამიანებიც არიან, და მათ შორის მემამულე ტერნერის ქალიშვილი – მის ტერნერი, რომელთაც სჯერათ ამ საქმეში ჯეიმს მაკართის უცოდველობის.
ამ საქმეში ერთი-ორი ისეთი ოდნავ საჭოჭმანო საკითხია, რომლებიც მხოლოდ დაკითხვების დროს გახდა ცნობილი. ჩემი აზრით, ღირს მათზე ყურადღების გამახვილება.
მაგალითად, მაკართის განუცხადებია, თავს დამნაშავედ არ ვცნობო. ეს ერთადერთი სხივია, რომელიც ჩამუქებულ ღრუბლებში მოჩანს. როგორი უცოდველიც უნდა იყოს, მან ხომ იცის, როგორმა დამამძიმებელმა ფაქტებმაც მოიყარა თავი მის გარშემო. ამ სიტუაციაში მისი გულწრფელობა, ან იმის საბუთია, რომ იგი უცოდველია, ანდა მისი სულიერი სიმტკიცისა და განსაცდელის ჟამს მხნეობისა და თავდაჭერის გამომხატველი. ამბობს, რომ იმ დღეს მამა არ უნახავს. თოფი კი იხვებზე სანადიროდ სჭირდებოდა. როცა ტბორამდე ასიოდე ნაბიჯიღა დამრჩა, უეცრად გავიგონე: „გოიი!“ ეს იყო მამასა და ჩემ შორის დათქმული ნიშანი და ასე ვეძახდით ხოლმე ერთმანეთს. წინ გავქანდი და დავინახე, რომ ტბორის წინ იდგა. შევატყვე, ჩემმა გამოჩენამ გააკვირვა და მკვახედ მკითხა, აქ რას აკეთებო. წავლაპარაკდით და კინაღამ ხელითაც შევეხეთ ერთმანეთს. მამა ძალიან ფიცხი კაცი იყო და როცა შევატყვე, მისი განრისხება ასე ადვილად არ დაცხრებოდა, გაცლა ვამჯობინე და ჰათერლეის ფერმის მიმართულებით გავწიეო. ალბათ, ას ორმოცდაათი იარდიც არ მექნებოდა გავლილი, რომ საზარელმა ყვირილმა მაიძულა, უკან დავბრუნებულიყავი. ადგილზე მისულმა, მშობელი თავგაჩეჩქვილი და მიწაზე გაშხლართული ვიხილე. ჯერ ისევ ცოცხალი იყო, თავი ავუწიე თუ არა, ხელებში ჩამაკვდა. როცა მამასთან მივირბინე, იქ არავინ დამხვედრია და არც ვიცი, ვის უნდა მოეკლა. იგი ხალხში გამოსული კაცი არ იყო და თავისებურ, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. რამდენადაც ვიცი, აშკარა მტრები არც ჰყავდა. ამის მეტს ამ საქმეზე ვერაფერს ვიტყვიო.
ჰოლმსმა გაზეთი აიღო და სტრიქონებს თითი გააყოლა:
გამომძიებელი: თქვა რამე მამათქვენმა სიკვდილის წინ?
მოწმე: რაღაც წაიბუტბუტა, მაგრამ მხოლოდ ერთი გავარჩიე, მგონი, თაგვიო, მითხრა.
გამომძიებელი: რას უნდა ნიშნავდეს მერე ეგ თაგვი?
მოწმე: ჩემთვის – არაფერს. მე მგონი, უკვე აბოდებდა.
გამომძიებელი: რა იყო თქვენ შორის ტბორთან მომხდარი ჩხუბის მიზეზი?
მოწმე: ამაზე მირჩევნია, არ გიპასუხოთ. ისე კი, გარწმუნებთ, ჩვენს შელაპარაკებას იმ სამწუხარო ამბავთან, რაც მოხდა, არანაირი კავშირი არა აქვს.
გამომძიებელი: ამას სასამართლო გადაწყვეტს. მგონი, ზედმეტია იმისი ახსნა, რომ ამ კითხვაზე თქვენი სიჩუმე ზიანს თქვენვე მოგიტანთ.
მოწმე: მიუხედავად ამისა, დუმილს ვარჩევ.
გამომძიებელი: მე მგონი, სიტყვა „გოიის“ ერთმანეთის დასაძახებლად ხმარობდით, არა?
მოწმე: დიახ.
გამომძიებელი: მაშ, როგორ მოხდა, რომ მამათქვენს არ დაუნახავხართ და დათქმული ნიშნით კი გეძახდათ, ან უარესი – იცოდა, რომ ბრისტოლში იყავით და გეძახდათ?
მოწმე: (შეშფოთებული) არ ვიცი.
ნაფიცი მსაჯული: როცა მამა თავგაჩეხილი დაინახეთ, არაფერი გინახავთ ისეთი, რომ ეჭვი აღგძროდათ?
მოწმე: განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია.
გამომძიებელი: რას გულისხმობთ განსაკუთრებულში, მაინც რა ნახეთ?
მოწმე: როცა ტყიდან გამოვვარდი, ისეთი აღელვებული ვიყავი, მამის გარდა არაფერზე მიფიქრია. მართალია, ყოველივე ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მამასთან რომ მივირბინე, ჩემგან მარცხნივ მიწაზე რაღაც ეგდო. მაშინ ისე მომეჩვენა, რომ რუხი წამოსასხამი, პლედი თუ რაღაც ამდაგვარი იყო. როცა ფეხზე წამოვდექი, მინდოდა მენახა, რა ეგდო, მაგრამ ადგილზე უკვე აღარ დამიხვდა.
– თქვენი აზრით, იგი მანამდე გაქრა, ვიდრე მშველელის მოსახმობად წახვედით?
– დიახ, მანამდე.
– გვამიდან რა მანძილით იქნებოდა დაცილებული?
– მე მგონი, თორმეტი იარდით, ცოტა მეტი ან ნაკლები.
– მაშასადამე, როცა ის ნივთი თუ რაღაც საგანი გაქრა, თქვენგან თორმეტი იარდით იყო დაცილებული, არა?
– სწორედ ასეა, მაგრამ მე მისკენ ზურგშექცეული გახლდით.
ჰოლმსმა გაზეთი გადადო.
– ამით მთავრდება მოწმის დაკითხვა. დარწმუნებული ვარ, გამომძიებელი ასეთი პასუხების შემდეგ მაკართის ძალიან მკაცრად მოექცეოდა.
– სერ, მე მტკიცედ დავადგები იმ აზრს, რომ ახალგაზრდა ჯეიმს მაკართი სრულ სიმართლეს ამბობს და ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს ჰიპოთეზა. ვიდრე ადგილზე არ მივალთ, ამ საქმეზე კრინტს ნუღარ დავძრავთ. ჩემი აზრით, ოც წუთში იქ გავჩნდებით.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან