არაფერს ვამბობ, მხოლოდ გიყურებ...
ავტორი: ნია დვალი 22:00 26.12
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #49 (1302)
***
და სწორედ იმ ღამით მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო.
კესო უკან, სახლში ბრუნდებოდა. ქუჩას ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა და ფიქრობდა.
გარშემო არაფერს აქცევდა ყურადღებას. ქალაქი თეთრად იწყებდა ქათქათს, ზემოდან ჩუმად ცვიოდა თოვლის ფანტელები.
თამარი უბრალოდ იდგა. იქვე, არც ძალიან შორს და არც ახლოს… და მერე… მოულოდნელი ხმაური, მუხრუჭის გამაყრუებელი ღრჭიალი და შემდეგ – დარტყმის ხმა.
თამარმა მხოლოდ მაშინ გაიგო ყვირილი, როცა უკვე სირბილით მივარდა.
კესო მანქანის წინ იწვა ფერმკრთალი, ჩამქრალი თვალებით, რომლებშიც უკვე აღარ იყო გამარჯვების სიხარული… მხოლოდ შიში, დანაშაული და რაღაც, რამაც თამარი შეაშინა.
– ბავშვი… – ძლივს ამოიხრიალა კესომ, – არ უთხრა არავის… არაა მისი ბრალი…
თამარმა ხელი მაგრად ჩასჭიდა. ტიროდა, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა. თითქოს ყელში უზარმაზარი ბურთი ჰქონდა გაჩხერილი.
„სასწრაფოს“ ხმები შორიდან სუსტად ისმოდა, მერე ნელ-ნელა გაძლიერდა. აივნებიდან შეშფოთებული ადამიანების შეძახილები ისმოდა... და სწორედ იმ წამს თამარმა გაიაზრა:
მეგობრობა ყოველთვის არ მთავრდება ჩხუბით. ის ზოგჯერ ყველაზე მტკივნეულად – დუმილით მთავრდება.
სამი დღე ისე გავიდა, რომ კესო მხოლოდ რამდენიმე წუთით მოვიდა გონზე. ბავშვი გადარჩა. კესო – ვერა. და როცა თამარი პალატაში შეიყვანეს ახალი სიცოცხლის სანახავად, მას ხელები უკანკალებდა.
– წერილი დატოვა თქვენთვის, – უთხრა ექიმმა.
თამარმა კონვერტი გახსნა. იქ მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა – მოკლე, მაგრამ ეს წინადადება ყველაფერს ცვლიდა:
„ის ბავშვი მისია, მაგრამ ცხოვრება – შენი. მიხედე მას, როგორც შენ შეგიძლია. მე ეს ვერ შევძელი.“
თამარმა იგრძნო, რომ ლამის გული გაუჩერდა. კედელს ზურგით მიეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო და ატირდა. მაინც ყველაზე ძვირფასი იყო მისთვის, რადგან ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილი დაუტოვა. დაუტოვა იმ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად უყვარდა და ყველაზე მეტად ატკინა.
და უცნაური იყო, რომ სწორედ ამ ტკივილში იგრძნო პირველად რაღაც მკაფიო – მეგობრობა მაშინაც გრძელდება, როცა მეგობარი უკვე აღარ არის.
ქალაქში იმ დღეს ისე სწრაფად დაბნელდა, თითქოს ზამთრის საღამოებსაც კი ეშინოდათ სინათლის. თამარი საავადმყოფოს ეზოში შევიდა – იმ გამჭვირვალე, ყინულივით მკაცრ შენობაში, სადაც ცხოვრება და სიკვდილი თითქოს ერთმანეთის გვერდიგვერდ არიან. მხოლოდ სამი კვირა იყო გასული იმ დღის შემდეგ, როცა კაფეში ერთმანეთის წინ ისხდნენ. ახლა კი ყველაფერს აზრი ჰქონდა დაკარგული. თითქოს ორივემ რაღაც თქვა, მაგრამ არცერთმა ბოლომდე არა თქვა სათქმელი. მერე – დუმილი. მერე – ავარია. მერე – კესოს უსულო სხეული, რომელიც ისევე სწრაფად გაიყინა, როგორც ზამთრის სუსხში ქუჩაზე დასხმული წყლის წვეთი.
თამარს არ ახსოვდა, როგორ შევიდა კარს იქით. არც ის ახსოვდა როგორ მოხვდა გამაღიზიანებლად თეთრად განათებულ დერეფანში, სადაც ექიმების ჩქარი ნაბიჯების ხმა ესმოდა… მერე ექიმის მობოდიშებასავით ნათქვამი:
– ბავშვი გადავარჩინეთ.
და ამ სიტყვებმა სხვა ყველაფერი გააქრო.
„ბავშვი გადავარჩინეთ, ბავშვი გადავარჩინეთ“… კესო აღარ იყო. მაგრამ მისი ბავშვი იყო.
დიახ. ბავშვი იყო და ბავშვი მშვიდად სუნთქავდა.
თამარი მისი საწოლის წინ ჩამოჯდა და დააშტერდა. თითქოს ამ პატარა სიცოცხლეზე იყო ჩამოკიდებული მთელი მისი დარჩენილი სამყარო.
– დედაშენი… – ჩუმად უთხრა, – იყო ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად ვენდობოდი… და რომელმაც ყველაზე მწარედ მატკინა.
საკუთარმა უსუსურობამ ლამის გააგიჟა. როცა ბავშვმა პირველად გაახილა თვალები, ოთახში თითქოს დრო შეჩერდა.
თვალები ჰქონდა ზუსტად ისეთი, როგორც კესოს ბავშვობაში – ღრმა, ყავისფერი, უცნაური სინათლით. და ამ თვალებში იყო კიდევ რაღაც, რომელმაც სული აუფორიაქა. ერთბაშად მიხვდა. ეს თვალები მისი ბავშვობის მეგობრის კი არ იყო, არამედ იმ მამაკაცის, რომელიც ორივეს ცხოვრებაში გაჩნდა და ორივეს აჩრდილივით აედევნა.
იმ მამაკაცის, რომელმაც უთქმელობით და გაურკვევლობით უფრო მეტი დაუშავა, ვიდრე სიტყვებით ოდესმე შეძლებდა ამის გაკეთებას.
იმ წამს თამარი ყველაფერს მიხვდა. ავარია არ იყო შემთხვევითი. კესომ ყველაფერი გააზრებულად გააკეთა. ამიტომაც იყო ეს ყველაფერი ასეთი მძიმე. ის ჩუმად უხმობდა. უხმობდა, რომ საკუთარი სისუსტეებით მისი ძლიერი მხრისთვის შეეფარებინა თავი. მისი შვილი ის ადამიანი იყო, რომლის არსებობასაც ორივე ერიდებოდა. თამარმა ნელა დაადო ხელი ჩვილის საწოლს. არ იცოდა, კესოს ეს არჩევანი საჩუქარი იყო თუ სასჯელი, მაგრამ გრძნობდა, უკან ვერ დაიხევდა. ეს ბრძოლა იყო და ამ ბრძოლაში მარტო იყო დარჩენილი, როგორც ყოველთვის.
***
სამ დღეში ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვს ოფიციალური მეურვე უნდა ჰყოლოდა. კესოს და დიდი ხნის წასული იყო საქართველოდან – არც კი იცოდა ამ ავარიისა და მისი სიკვდილის შესახებ.
მამაკაცი, რომელიც ამ ყველაფერს შორის იდგა, საერთოდ გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპა. და ამ ემოციურ სიცარიელეში, მხოლოდ თოვლი იყო გულუხვი. არ ჩერდებოდა და ქალაქის ყველაზე ჭუჭყიანი უბნებიც კი თავისი სიქათქათით გაასპეტაკა. თამარმა ძალა იგრძნო და გადაწყვეტილებაც თავისით მოვიდა.
– მას მე მივხედავ, – თქვა მტკიცედ და ისევ პატარას დახედა, – ერთი ციცქნა, ვარდისფერლოყება არსებას, რომელსაც ჯერ ვერც ჰქონდა წარმოდგენა, რომ დედა აღარ ჰყავდა. თამარი გახდა მისთვის ერთადერთი, ვინც მისი არსებობისთვის ბრძოლას დათანხმდა. ჯერ შეუცნობლად, მერე სრულიად გაცნობიერებულად.
– ჩვენ ერთად ვიქნებით… – უჩურჩულა ბავშვს.
პატარა ძილში შეიშმუშნა და გაიღიმა, თითქოს ყველაფერი გაიგოო. მერე ისევ განაგრძო მშვიდად და წყნარად სუნთქვა.
თამარმა თვალები დახუჭა და გაიფიქრა: „როგორ უცნაურად ყოფილა სამყარო მოწყობილი. ზოგი ურთიერთობა სიკვდილით მთავრდება, ზოგი სიკვდილის შემდეგ იბადება. ზოგი კი სისხლიან კვალს ტოვვებს, მაგრამ მაინც სიცოცხლეს შობს.“
***
თამარმა ფარდა ოდნავ გადასწია. ზამთარგადატანილი თბილისი მშვიდად იღვიძებდა. კესო აღარ იყო. მამაკაცი გაუჩინარდა. გაუჩინარებამდე კი მათი მეგობრობა გაანადგურა...
მაგრამ ბავშვი… ჰო, ბავშვმა მისი ცხოვრების ახალი თავი დაიწყო, მძიმე, სიახლეებით სავსე. უსამართლოდ დაწყებული და მაინც ერთადერთი გზა ბედნიერებისკენ, რომლისთვისაც თამარი უკვე მზად იყო. ბავშვთან დაიხარა და მის შუბლს ტუჩებით შეეხო.
– მე ამ გზას ბოლომდე გავყვები… შენთვისაც, ჩემთვისაც, მისთვისაც... და იმისთვისაც კი, ვინც გაქრა, მაგრამ შენი თავი დაგვიტოვა. ეს ამბავი ცოტა კი მაშინებს, მაგრამ უკვე მზად ვარ. დედაშენი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. და, ალბათ, ესეც მისი არჩევანი იყო – ყველაზე რთული, ყველაზე უსამართლო, მაგრამ მაინც მისი... – თამარი მშვიდად ეჩურჩულეოდა პატარას.
უცებ ბავშვმა თვალები გაახილა და შეხედა. თამარმა კესოს მზერა ამოიცნო. თითქოს რაღაც იდუმალი ჩანაფიქრი და განზრახვა ჰქონდა ბავშვობაში, თანაც მუდმივად.
თამარს გაეღიმა. შეიძლებოდა, ეს ბავშვი მისიც ყოფილიყო. თეორიულად ამის მაღალი ალბათობა ნამდვილად არსებობდა. ბოლოს და ბოლოს „ის“ სწორედ თამარის დამსახურებით გამოჩნდა მათ ცხოვრებაში.
***
„ის“ კაცი თამარის ცხოვრებაში მოულოდნელად გაჩნდა – თითქმის უხმოდ. პირველად სამუშაო შეხვედრაზე ის იშვიათი ტიპაჟი აღმოჩნდა, რომელსაც ერთდროულად შეეძლო ადამიანის დამშვიდებაც და ჭკუიდან შეშლაც.
თამარი თავიდან ვერ მიხვდა, რატომ აფორიაქებდა ასე მისი მშვიდი მზერა და რატომ იწვევდა მასში უჩვეულო რყევებს. თითქოს რაღაც ადრე დაწყებული ამბის გაგრძელება იყო, რომელიც ორივეს გამოეპარა.
მათი დიალოგებიც ბუნებრივი იყო, მიუკერძოებელი – არც სიყვარული, არც ვნება, არც რაღაცის დამტკიცების საჭიროება.
უბრალოდ, ურთიერთობა, სუფთა და მშვიდი, იმგვარი, როგორსაც ადამიანები იშვიათად ხვდებიან. თუმცა, სწორედ ასეთი ურთიერთობები ხდება ყველაზე სახიფათო. ასეც მოხდა: „იმ“ კაცმა ყველაზე საშიში თამაში წამოიწყო.
ცოტა ხანში თამარმა შენიშნა, რომ კესოსთვის მოყოლილ ამბებში ის კაცი სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა. თამარი ცდილობდა, ეს არაფრად მიეჩნია. საკუთარ თავს საყვედურობდა: „რა სისულელეებზე გეფიქრება, კესო შენი მეგობარია, შენი მეორე მე. რა შუაშია კაცი?“
და მაინც რაღაც უცნაური მაინც ხდებოდა:
კესო ზედმეტად ყურადღებით უსმენდა, ზედმეტად მშვიდად იღიმოდა, ზედმეტად ბევრ კითხვას სვამდა…
ერთ საღამოს, როდესაც თამარი და „ის“ კაცი ერთად იყვნენ და გვიანობამდე პროექტზე მუშაობდნენ, კესომ დაურეკა.
– სახლში ჩემს ჩანთას ვერ ვპოულობ, შემთხვევით, შენ ხომ არ აგიღია?
თამარს მაშინ არ მიუქცევია ყურადღება კესოს გარიზიანებული ტონისთვის. მერე კი მიხვდა – სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ყველაფერი. მამაკაცი თითქოს ორად გაიყო: თამართან იყო მშვიდი, სანდო, ცოტა დაღლილი, მაგრამ მაინც გულწრფელი.
კესოსთან – სხვანაირი, თითქოს უფრო თამამი, უფრო უშიშარი, უფრო ცეცხლოვანი. თამარი ამას ვერ ამჩნევდა, კესო კი – ძალიან კარგად.
მაგრამ ჯერ უბრალოდ აკვირდებოდა და უსმენდა. მათი პირველი რეალური შეხვედრა თითქოს შემთხვევით მოხდა.
თუმცა ორივემ იცოდა, შემთხვევითობები ყველაზე დიდი ტყუილია.
კესომ იცოდა, სად უნდა ყოფილიყო. მან გაბედა. მიჰყვა და გაება. იმ მდინარეში შევიდა, რომელსაც თამარი დიდი სიფრთხილით აკვირდებოდა და გადაწყვეტილებას ვერ იღებდა.
„ის“ კაცი არაფერს ამბობდა. არც უთქვამს, რომ უნდოდა, არც უთქვამს, რომ არ უნდოდა. უბრალოდ დარჩა.. და ამ დარჩენაში იყო ყველაზე მძიმე ღალატი. თამართან არაფერი თქვა... არც იმ დღეს, როცა კესო საწოლამდე მიიყვანა, არც იმ ღამეს, როცა პირველად მიხვდა, რომ კესო ბავშვივით ებღაუჭებოდა და ჭირვეულად მოითხოვდა მისგან საბოლოო არჩევნის გაკეთებას.
თამარი ამას იგებდა არა ფაქტებით, არამედ სიჩუმით. სამეულში ბზარი ნელა ღრმავდებოდა, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ კაცი თავს იტყუებდა, რომ არცერთს ატკენდა. ბოლო სწორედ ამიტომ აღმოჩნდა მტკივნეული.
ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა კესომ, მორიგი ისტერიკის გამართვისას უთხრა:
– შენ თვითონ არ იცი, ვისთან გინდა იყო.
და კაცმა გაჩუმება არჩია. არ თქვა: „თამართან“, არ თქვა: „შენთან“.
უბრალოდ, გაჩუმდა..
ეს იყო ყველაზე მძიმე პასუხი ორივესთვის. ამის მერე იქცა „ის “ ორ ქალს შორის მეტასტაზად. და, როცა კესო იმქვეყნად წავიდა, თამარმა მაშინ პირველად იგრძნო, რომ დანგრეული მეგობრობის უკან უფრო დიდი ჭრილობა იდგა, ისეთი, რომლისთვისაც არც ერთი მათგანი მზად არ იყო.
და ახლა, როცა ბავშვი თავის პატარა საწოლში მშვიდად სუნთქავდა, თამარმა ზუსტად იცოდა, ამ სამყაროში ორ ქალს შორის „ჩადგმული“ მამაკაცი ყოველთვის ქრება. ღალატიანი მეგობრობა კი, თუ მართლა ცოცხალია და მგრძნობიარე, აშკარად ტოვებს ჭრილობას, ზოგჯერ – სისხლიანს, ზოგჯერ – შეუხორცებელს, ზოგჯერ – ორივეს ერთად...
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





