რომანი და დეტექტივი

არაფერს ვამბობ, მხოლოდ გიყურებ...

№49

ავტორი: ნინო წულუკიძე 20:00 19.12

არაფერს ვამბობ
დაკოპირებულია

თბილისში ზამთარი ყოველთვის უცნაურად რუხია და მოსაწყენი, მაგრამ იმ საღამოს ქალაქში ისეთი სიჩუმე იყო, თითქოს ჰაერსაც კი ფეხაკრეფით სიარული გადაეწყვეტა. ეს სიჩუმე რომ არ დაერღვია. თამარი კესოს სახლთან იდგა – უკვე მეოთხე საათი იყო, რაც იცდიდა. სიცივისგან თუ სისუსტისგან მუხლები უკანკალებდა, მაგრამ მაინც უძრავად იდგა და არ მიდიოდა, არც კარზე აკაკუნებდა, არც არავის ეძახდა. უბრალოდ, ელოდებოდა…

და სწორედ იქ დაიწყო ყველაფერი, იქ, სადაც უკვე დასრულებული ეგონა. თავში ერთი აზრი უტრიალებდა და საკუთარ თავს არწმუნებდა, თუ კარი გაიღება, ყველაფერი შეიცვლებაო.

სახლიდან სიცილი ისმოდა. ქალისა და მამაკაცის ხმა. მამაკაცი თამარს არ აინტერესებდა – არც კი უნდოდა გაეგო, ვინ იყო. მისთვის მთავარი სხვა რამე იყო: რატომ იყო იქ კესო, მისი ბავშვობის მეგობარი? მისი ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მისი ყველაფერი იცოდა – ყველაზე უთქმელი ამბებიც კი.

და აი, კესოს ხმა ისევ გაისმა. იგივე სიცილი, რომელიც წლების განმავლობაში თამარს გულს უთბობდა. ახლა კი გულს სტკენდა და მწარედ ჩხველტდა.

თამარმა გვერდიდან ჰაერის უცნაური მობერვა იგრძნო. სახლიდან რაღაც ხმა გაისმა, თითქოს ძირს რაღაც დავარდა. ისევ ფხაკუნი და შემდეგ კარი გაიღო. კესო იყო. თმა უჩვეულოდ ჰქონდა აწეწილი. თვალები გაოცებით გაფართოვებოდა. მაგრამ შეშინებულს არ ჰგავდა.

– თამარ?.. – მის ხმაში იყო რაღაც, რაც თამარმა მყისვე ამოიცნო. დანაშაულის გრძნობაში შერეული აღშფოთება.

აშკარა იყო ეწყინა, თამარის მოულოდნელი ვიზიტი.

– შემომიშვებ? – თამარი მშვიდად ლაპარაკობდა, მაგრამ სუნთქვა უჭირდა. თითქოს ენაზე ლითონი ედო.

კესო არც იღიმებოდა, არც იწვევდა, მაგრამ არც კარს კეტავდა.

– მომისმინე… არ ვარ ახლა მარტო.

– ვიცი, – მშვიდად უპასუხა თამარმა, – ვიცი, კესო.

შენ იცი, რომ ყველაფერი ვიცი.

კესოს თვალებში სხვებისთვის შეუმჩნეველი სიავის ნაპერწკალი გაკრთა. ამის დანახვა მხოლოდ ბავშვობის მეგობარს შეეძლო.

– შეიძლება, შენ არ უნდა გეთქვა ყველაფერი ჩემთვის… – თქვა კესომ, თითქოს თავს იმართლებდა.

თამარმა ოდნავ გაიღიმა – ისეთი ღიმილი იყო, ტკივილიანი და ნაძალადევი.

– მეც ხომ ვიცოდი, რომ შენ სწორედ ამ „ყველაფერს” გამოიყენებდი?

კესოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ შემკრთალმა უკან მიიხედა და კარი ოდნავ მიხურა.

– ახლა არ შემიძლია. ხვალ ვილაპარაკოთ.

„ახლა” – შეაჟრჟოლა თამარს, თითქოს სიტყვა ბასრი დანა იყო.

„ახლა” მის გარშემო ყველაფერი ინგრეოდა. თავს მაინც მოერია.

– კარგი, – ნაძალადევი სიმშვიდით თქვა თამარმა, – იყოს ხვალ.

***

ღამე ვერ დაიძინა. ქალაქი ძლიერმა წვიმამ „დაალბო“. შუქნიშნების შუშებზე წვეთები ბზინავდნენ. თამარს მთელი სხეული სტკიოდა და ეწვოდა. „ის“ მამაკაცი არ ადარდებდა,

მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყო. მისი არსებობა, უბრალოდ, სიმპტომი იყო იმ დაავადებისა, რომელსაც სახელად „ნდობის დამსხვრევა“ ერქვა.

მათი მეგობრობა ბავშვობაში დაიწყო – ერთი საავადმყოფოს კორიდორში, სადაც კესო თავისი დედის მოსანახულებლად იყო, თამარი – ბებიის. ორივე 9 წლის. ორივე დამფრთხალი. ორივე შეშინებული და მაინც ბავშვურად მხიარული. ცნობისმოყვარე გამოხედვითა და მშრალი, მაგრამ შეწითლებული თვალებით.

მეგობრობას ასე იწყებენ ადამიანები, რომლებიც ტკივილში გაიცნობენ ერთმანეთს, ისე ახლოს, რომ ერთმანეთის სუნთქვის შუალედებშიც კი დებენ აზრს.

და ახლა? სწორედ ახლა ამ ნდობას სხეულზე სისხლიანი ჭრილობებივით გრძნობდა.

„ხვალ ვილაპარაკოთ” – თქვა კესომ. შეიძლება, ვერც გააცნობიერა, რას ნიშნავდა მისი სიტყვები. „ხვალ“... ჰქონდა კი მნიშვნელობა, რას ეტყოდა კესო ხვალ.

მაგრამ დილას კესომ მესენჯერში უბრალოდ მოსწერა:

„არ მახსოვს, ზუსტად რა გაიგე. იქნებ სჯობდეს, ცოტა დრო გავიდეს? შენც ემოციებში ხარ, მეც…”

ხელები გაეყინა თამარს. თითქოს თითებიც კი მოეკრუნჩხა.. რამდენჯერმე წაიკითხა მოწერილი.

„დრო უნდა…“ თავადაც რამდენჯერ უთქვამს მსგავსად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მართლა დამნაშავეები იყვნენ.

***

ორი დღეც გავიდა და კესომ სხვა გზა არ დაუტოვა.

თამარი თვითონ მივიდა მასთან. კესოს სახე ამჯერად უემოციო, არაფრისმთქმელი და უტყვი იყო.

– შეიძლება, ყველაფერი არასწორად გაიგე, თამარ…

– მე არაფერი გამიგია არასწორად.

– კარგი, თუ ყველაფერი იცი, მაშინ რატომ მოხვედი. სალაპარაკოც აღარაფერია?

თამარმა ღრმად ჩაისუნთქა. მიხვდა, რომ ყველაზე უსუსური მაშინ ხარ, როცა ადამიანი, რომელიც შენთვის ყველაფერი ნიშნავს, ისე გიღიმის, თითქოს შენ ხარ დამნაშავე მისი ღალატის გამო.

– იმიტომ მოვედი, – თქვა თამარმა, – რომ მინდა, მომისმინო. ერთხელ მაინც... ისე, როგორც ადრე.

კესომ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.

– მიდი, დაიწყე?

– მე შენთვის მთელი ცხოვრება მეგობარი ვიყავი. შეიძლება, ზედმეტადაც ახლობელი. ძალიან ბევრი რამ ვიცოდი შენი, ძალიან ბევრი რამ ისეთი, რაც გაუზიარებლად მძიმე ტვირთი იქნებოდა შენთვის. მაგრამ მე არასდროს მომიპარავს შენი ცხოვრება.

და შენ? შენ ამას აკეთებ. შენ მართმევ იმას, რაც ჩემთვის ძვირფასია.

კესო თითქოს გაბრაზდა:

– რა წაგართვი? რა?!

თამარმა ჩუმად თქვა:

– ჩემი სიმართლე, ნდობა.

სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი მძიმე იყო ეს სიჩუმე, მხრებზე ლოდივით დააწვა.

– შენ გინდოდა, გაგეზიარებინა ყველაფერი, – უთხრა ბოლოს კესომ, – შენ მიძვრებოდი სულში და გაინტერესებდა ჩემი ცხოვრება... გეტკინა?

მეც მტკიოდა.

თამარმა თვალები დახუჭა. უკვე აღარ იცოდა, ამის მოსმენა უნდოდა თუ არა.

***

რამდენიმე კვირა ისე გავიდა, რომ ერთმანეთისთვის აღარ დაურეკავთ. ამ ხნის განმავლობაში თამარი ცდილობდა, გაეგო, ეს ღალატი იყო თუ, უბრალოდ, დრო მოვიდა, ორივეს საკუთარ ცხოვრებაზე ეზრუნა? ან არის კი ამ ორს შორის სხვაობა? თუკი არის, კონკრეტულად სად და რაში.

ერთად შეხვდნენ. ერთად გაიცნეს. ერთად ცდილობდნენ მასთან დამეგობრებას. მოეწონა? შეუყვარდა? მაშინ რატომ არ თქვა. არცერთმა არ თქვა. კესომაც გაჩუმება ამჯობინა და თურმე, რატომ? „მიზანმიმართული გაჩუმება“. სიჩუმე, რომელიც ყველაფერს ცვლის, სულ ყველაფერს. მამაკაცი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა? კესოსთვის თუ მისთვისაც. ვითომ მისთვისაც?

ქალაქი იცვლებოდა, წვიმა თოვლმა შეცვალა. თამარი აღარც ბრაზობდა კესოზე. აღარც განიკითხავდა, უბრალოდ, დინებას მიჰყვებოდა. ერთ დღეს კი თავად კესომ დარეკა.

– შეხვედრა მინდა.

– მეც, – მაშინვე მიუგო თამარმა და იგრძნო, რომ ძალიან გაუხარდა.

ერთმანეთს ძველ კაფეში შეხვდნენ – იქ, სადაც ბავშვობაში ცხელი შოკოლადი ყველაზე დიდ ბედნიერებად ეჩვენებოდათ.

კესო შეცვლილი იყო – თითქოს რაღაცას დაემძიმებინა.

– შენ მართალი იყავი, – თქვა ჩუმად, – მე შენგან ბევრს ველოდი. მეტისმეტად ბევრს. და როცა შენს ცხოვრებაში ისეთი რაღაცები დაიწყო, კარიერული წინსვლა, თანამშრომლები, ახალი ნაცნობები და მეგობრებიც, რასაც მე ვერ ვაკონტროლებდი, იქ ჩემი ადგილი აღარ დარჩა.

თამარმა კიდევ ერთხელ გაიგონა მისი ხმა ისეთი, როგორიც ერთხელ, შორეულ წარსულში – გაბზარული, მაგრამ ნამდვილი. .

– და ის კაცი? – ბოლოს ჰკითხა თამარმა.

კესომ თავი დახარა.

– ის არაფერია. არც არასდროს ყოფილა.

უბრალოდ, მჭირდებოდა ვინმე, ვინც შენგან შელახულ თავმოყვარეობას აღმიდგენდა, საკუთარ თავზე აზრს შემაცვლევინებდა, ჩემთვის შენ ის აღარ იყავი, ვინც ადრე, თითქოს მარტო დავრჩი. შენ საკუთარი ცხოვრება დაიწყე. ყოველთვის ჩემზე ძლიერი იყავი და მე... მე კი ჩამოგრჩი. ეს აშკარად ვერ ავიტანე. ეს არ ყოფილა შენთან დაშორების საბაბი, ეს სიმართლე იყო, მტკივნეული სიმართლე, თუმცა მე განაჩენი არ გამომიტანია. და შენ... შენ ეგრევე ღალატად ჩამითვალე..

თამარმა ამოიოხრა.

– ვერ გავიგე. მე შენ ისევ გჭირდები?

კესომ მხოლოდ თავი დახარა.

***

მათ შორის ყველაფერი არ დალაგებულა. მაგრამ რაღაც მაინც შეიცვალა – თითქოს ორივემ ისწავლა მოსმენა. ისიც, რომ დათმობა ყოველთვის არ ნიშნავს მარცხს. სიცივე იმ ზამთარივით იდგა მათ შორის, თბილისი რომ ჩაიკრა გულში და ხელს აღარ უშვებდა. ერთმანეთს მაინც ხვდებოდნენ. თითქოს რაღაცის სურვილით. გაურკვეველი მოლოდინებით.

ერთ საღამოს ისევ შეხვდნენ და კესომ უთხრა:

– ჩვენ არ ვართ ვალდებული, ერთმანეთს ყველაფერი ვუთხრათ ან დავუმალოთ. მაგრამ არც იმის უფლება გვაქვს, რომ სისულელეების გამო ერთმანეთი დავკარგოთ.

თამარმა თითქოს მორცხვად გაიღიმა.

– შეიძლება, ვერც დავბრუნდეთ იქ, სადაც ვიყავით.

– მთავარია, გადავლახოთ ის ხაზი, რომელიც ერთმანეთის გულებისკენ მისასვლელ გზებს გვიხერგავს.

თამარმა თავი დაუქნია.

– ჰო, ჩვენ მაინც…

– მაინც რა? – ჩაეკითხა კესო.

– მაინც იმაზე უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ჩვენ შორის არსებული ყველა მამაკაცი და ამ მამაკაცის გამო ნათქვამი ტყუილი.

კესომ თამარს შეხედა. მისი მეგობრისთვის მამაკაცი, ალბათ, არც არსებობდა. ახლა უნდა ეთქვა, რომ ის, რაც კესოს ცხოვრებაში მოხდა, უბრალოდ, შემთხვევითი ეპიზოდი იყო და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ სიყვარულზე რთული და ძლიერი მეგობრობა იქნებოდა და, რომ თამარი ბარიერი აღმოჩნდებოდა ბადნიერებისკენ მიმავალ მის გზაზე. თამარი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გახარებოდა ეს ბედნიერება.

უცბად მკერდის ქვემოთ სუსტი ტკივილი იგრძნო და უცნაური შეფრთხიალება, პატარა ბარტყი რომ შეიფრთხიალებს, სწორედ ისეთი. ხელი მუცელზე დაიდო და გაიღიმა. ის უკვე მარტო არ იყო, თუმცა თამარი მაინც სჭირდებოდა.

***

ზამთარი რომ დასრულდა, თბილისში უცნაური და უჩვეულო ამინდები გამოვიდა. თითქოს ქალაქს რაღაც უჭირდა და სათქმელს ქარებით ამბობდა. თამარიც ზუსტად ასე გრძნობდა თავს, გარედან მშვიდი იყო, შიგნით, თითქოს, რაღაც „ანგრევდა“ და სტანჯავდა. სტკიოდა იქ, სადღაც გულის სიღრმეში. სინამდვილე, რომელიც კესოსთან იყო დაკავშირებული იყო, აღარ ჰგავდა იმას, რაც წლების განმავლობაში მათ შორის იყო. რაღაც მძიმე, დაუსრულებელი, განუსაზღვრელი შემოიჭრა იქ, სადაც გულწრფელი მეგობრობა უნდა ყოფილიყო. ყველაზე მეტად იმის გაცნობიერება ადარდებდა, რომ ეს ყველაფერი დასრულებული კიდევ არ იყო და იმასაც ხვდებოდა, დასრულებამდე კიდევ ბევრ ტკივილს მოუტანდა.

კესოსთან რომ მიდიოდა, ისეთი დათრგუნული და გატეხილი იყო, ყველაფერს აპატიებდა, ოღონდ კი მისი ბედნიერი, ღიმილიანი სახე დაენახა. მაგრამ დაინახა, თუ არა მაშინვე იგრძნო – კესოში რაღაც დიდი და ახალი მომხდარიყო. ეს ის დღე აღმოჩნდა, რომელმაც ორი ადამიანის ცხოვრება ორად გაყო.

კესოს ხელები მუცელზე ედო. თამარს გადახედა – მის თვალებში არაფერი იყო: არც სითბო, არც სიძულვილი… ორსულად ვარ, თქვა ბოლოს და თამარმა შეამჩნია, რომ მისმა ხმამ უჩვეულოდ თბილი და მიწიერი ტონი შეიძინა.

თამარს არაფერი უთქვამს. გაუკვირდა, რომ დიდად არ გაუოცებია კესოს სიტყვებს. კესო კი განაგრძობდა:

– და წინასწარვე გეტყვი, ბავშვი მისია…

თამარმა ტუჩები მაგრად მოკუმა. „მისი“, რომლის სახელის თქმაც ბოლო თვეებში ორივეს ერიდებოდა, რადგან ეს სახელი უკვე აღარ იყო უბრალოდ „ვინმე“, ეს იყო ძარღვებში ხმაურით დაძრული სისხლი, შეუხორცებელი ჭრილობა, სისხლიანი და მტკივნეული, რომელთან შეხებისაც ეშინოდათ.

თამარმა თავი ოდნავ გადააქნია – გრძნობდა, რომ წამით გულიც კი აუჩქარდა, მაგრამ რატომღაც უფრო მეტი ტკივილი იგრძნო, ვიდრე შოკი.

– კესო…

– ჯერ მოისმინე, – თქვა მკაცრად, – შენ და ის… თქვენ ორნი თითქოს ერთმანეთისკენ კი იყურებოდით, მაგრამ შენ მას, უბრალოდ, არ აღიარებდი. მე ვიცოდი, რომ არ გიყვარდა, არ გჭირდებოდა...

თამარს სუნთქვა შეეკრა…

კესოს თვალებში უჩვეულო ცეცხლი აკიაფდა.

– მე ის ავარჩიე... იმიტომ არა, რომ მიყვარდა, არამედ იმიტომ, რომ…

– იმიტომ, რომ მე მტკენოდა? – თამარმა ჩურჩულით ჰკითხა.

კესომ ხმა ვერ ამოიღო. მისი სიჩუმე ხმამაღლა ნათქვამზე მეტად ხმაურიანი იყო და ყველაფერს ამტკიცებდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი